Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
ქართველი მოხუცი კლოუნების საერთაშორისო აღიარება
ქართველი მოხუცი კლოუნების საერთაშორისო აღიარება7-06-2012, 16:57 |
ლაშა ჩხარტიშვილი კიშინოვიდან
დღეს, როცა ქართული თეატრის კრიზისზე ვსაუბრობთ, ხშირად გვავიწყდება, ან შეგნებულად ვხუჭავთ თვალს იმ საერთაშორისო წარმატებებზე, რაც ბოლო წლებში ქართულმა თეატრმა მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. ამ გამარჯვებების და წარმატებების ფონზე, კიდევ უფრო დასაფასებელია ის ტენდენცია, რომელიც რეგიონში მოღვაწე თეატრებში შეინიშნება, რომელსაც საგრძნობლად აკლია არა მხოლოდ პრესის, არამედ თეატრალური კრიტიკის ყურადღება...
ამ მხრივ ბოლო პერიოდში გამორჩეულია ბათუმის თეატრის წარმატებები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სათეატრო ასპარეზზე. გასულ კვირას ბათუმის თეატრის დასი კიშინოვიდან ეჟენ იონესკოს საერთაშორისო თეატრალური ბიენალედან „ბიენალეს საუკეთესო სპექტაკლის“ პრიზით დაბრუნდა გიორგი თავაძის სპექტაკლისთვის „გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი“. გიორგი თავაძე, რომელიც რობერტ სტურუას ერთადერთი მოწაფეა მოქმედი რეჟისორებიდან, აღნიშნულ საერთაშორისო ფორუმში უკვე მეორედ იღებდა მონაწილეობას. პირველად მონაწილეობა მან ბათუმის თეატრის სპექტაკლით „ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით“ (პიესის ავტორები ირაკლი სამსონაძე და გიორგი თავაძე) მიიღო 2010 წელს. სპექტაკლი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის თემას ეხებოდა და ბათუმის თეატრმა იგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიშინოვში რუსული დრამატული თეატრის სცენაზე წარმოადგინა, სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად, თუმცა საქართველოს საელჩოდან მოლდოვაში ქართულ თეატრთან შესახვედრად არც მაშინ და არც ახლა არავინ გამოჩენილა. ამჟერად, ბათუმის თეატრმა ბიენალზე გიორგი თავაძის სპექტაკლი „გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი“ (თანამედროვე რუმინელი დრამატურგის მატეი ვიშნეკის პიესა) წარმოადგინა. ქართველთა სპექტაკლზე დასასწრებად საფრანგეთიდან სპეციალურად პიესის ავტორი ჩამოვიდა. სპექტაკლი ემინესკუს ეროვნულ თეატრში გაიმართა. მხოლოდ ბიენალეს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ გიორგი თავაძის სპექტაკლი ფესტივალის (მასში მსოფლიოს 23 წვეყანა მონაწილეობდა) „საუკეთსო სპექტაკლის“ პრიზის მფლობელი გახდა. სპექტაკლში სამი მსახიობი რამაზ იოსელიანი, ტიტე კომახიძე და მამუკა მანჯგალაძე მონაწილეობდა. „გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი“ შესაძლოა ყველაზე პრესტიჟული ქართული თეატრალური პრემიის მთავარი პრიზის მფლობელიც გახდეს, ამის თქმის საშუალებას გასულ კვირას გამოქვეყნებული „დურუჯის“ პრეტენდენტთა მოკლე სია გვაძლევს, რადგან ბათუმის თეატრის სპექტაკლი ექვსიდან ოთხ ნომინაციაშია დასახელებული: საუკეთესო რეჟისორისა და მხატვრის ნომინაციაზე გიორგი თავაძე, ხოლო საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაზე ტიტე კომახიძე და მამუკა მანჯგალაძეა წარდგენილი. დანარჩენი ორ (საუკეთესო ქართვული პიესის ავტორი და საუკეთესო მსახიობი ქალი) ნომინაციაში სპექტაკლი ვერ დასახელდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პიესა უცხოელ დრამატურგს ეკუთვნის და მასში არც ერთი ქალი მსახიობი არ მონაწილეობს. ის, რომ დედაქალაქიდან საკმაოდ მოშორებულ თეატრში ასეთი სპექტაკლი იდგმება მიუთითებს იმაზე, რომ ბათუმის თეატრში შემოქმედებითი ცხოვრება აქტიურად ვითარდება. აღიარებს თუ არა ბათუმელ მოხუც კლოუნებს ქართული თეატრალური საზოგადოება მოლდოველების მსგავსად, ეს 16 ივნისს „დურუჯის“ საზეიმო დაჯილდოვების ცერემონიალზე გახდება ცნობილი.
უკან დაბრუნება |