Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
2011-2012 წლების თეატრალური სეზონის შეჯამება
2011-2012 წლების თეატრალური სეზონის შეჯამება22-07-2012, 01:07 |
ლაშა ჩხარტიშვილი
გასული თეატრალური სეზონის შეჯამება უპრიანი იქნება დავიწყოთ სამწუხარო ფაქტით, რაც უკავშირდება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას გათავისუფლებას. გასული სეზონი ამ შემაშფოთებელი ფაქტით დაიწყო, რომელიც ნამდვილი შოკი იყო არა მხოლოდ თეატრალური საზოგადოებისთვის, არამედ რიგითი მოქალაქისთვისაც, რომელსაც უბრალოდ თეატრთან აქვს შეხება. რობერტ სტურუა თანამედროვე ქართული თეატრისთვის დიდი დანაკარგია და ერთმა სეზონმა უკვე მის გარეშე ჩაიარა. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ იმას, რომ რობერტ სტურუას სპექტაკლი არ დაუდგამს, არამედ იმასაც, რომ მის რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში მოღვაწეობის შედეგად თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკა იყო კონტროლირებადი, სტურუას სპექტაკლიც რომ არ დაედგა რუსთაველის თეატრში ყველაფერი რაღაც წესს და გარკვეულ ხარისხს ექვემდებარებოდა, თეატრს ეტყობოდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობის შეგრძნება, ვიდრე დღეს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი განწყობა, ეს არის ფაქტი.
რუსთაველის თეატრის განვლილ სეზონს რომ გადავავლოთ თვალი, აშკარად გამოჩნდა, რომ ამ თეატრს არ ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი, ეს დაეტყო რეპერტუარსაც და მხატვრულ ხარისხსაც. სულაც არ მინდა რაიმე მმართველს ზაალ ჩიქობავას გადავაბრალო, რადგან ხმატვრულ მიმართულებაზე პასუხისმგებლობა აღებული აქვს სამხატვრო საბჭოს, რომლის განხილვისა და თანხმობის გარეშეც არ იმართება არც ერთი პრემიერა და თუ არ ერევა ამ პროცესში სამხატვრო საბჭო, მაშინ რატომ არსებობს ის?! ყველამ ძალაინ კარგად იცით, რომ რუსთაველის თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრები რობერტ სტურუას მხარდამჭერები და მეგობარი მსახიობები არიან, რომელთაც საკმაო გავლენები აქვთ თეატრშიც და საზოგადოებაშიც, თუმცა რატომ პასიურობენ ამ მხრივ ვერ ვიგებ. თუ კი სამხატვრო საბჭოს რამდენიმე აქტიურ წევრს გული შესტკივა რუსთაველის თეატრის მხატვრულ მიმართულებაზე ნუ გაუშვებდნენ იმ სპექტაკლებს, რაც დაიდგა.
კარგად მინდა გამიგოთ: არ ვაკრიტიკებ რუსთაველის თეატრის მარკეტინგულ-მენეჯმენტურ კურსს, რა მეთოდით იშოვის თეატრი ფულს, როგორ, რამდენს... ეს ჩვენი საქმე არ არის! ჩვენ მხოლოდ შემოქმედებითი პროცესის წინსვლა უნდა გვაინტერესებდეს, რომ არაფერმა არ შეუშალოს ხელი შემოქმედებით პროცესს. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ რუსთაველის თეატრი, ისე როგორც მარჯანიშვილის თეატრი, სულაც არ არის ვალდებული სახელმწიფოსთან, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, რომ იქცეს კომერციულ ქარხანად და სულ იფიქროს მოგებაზე. რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრების ვალია გადაჭრას მხატვრული პრობლემები, ჩადგეს ერის და საზოგადოების სამსახურში, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ თეატრებს ჩვენი ხელფასიდანაც ვაფინანსებთ და ის პირველ რიგში მაყურებლის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოღვაწეობდეს. გასულ სეზონზე რუსთაველის თეატრში მხოლოდ 6 სპექტაკლი დაიდგა, შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრს სამი სცენა აქვს. დიდ სცენაზე სპექტაკლი არ დადგმულა, თუ არ ჩავთვლით დათო საყვარელიძის პროექტს „ოლივერი“, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და თბილისის ოპერის თეატრის ერთობლივი პროდუქტია რუსთაველის თეატრთან ერთად, შესანიშნავად მოგეხსენაბთ ისიც, რომ „ოლივერი“ არ გახლავთ რუსთაველის თეატრის მიმართულების სპექტაკლი. რაც შეეხება მცირე სცენას- აქ მხოლოდ ერთი სპექტაკლი განხორციელდა გოჩა კაპანაძის „მარიამ სტუარტი“ და მას პრემიერას ვერ დავარქმევთ, ვინაიდან ის აღდგენილია, ეს სპექტაკლი მაშინ საინტერესო და წარმატებულ სპექტაკლად ითვლებოდა და არც დღეს შემცვლია აზრი, პირიქით მე თუ მკითხავთ მარინა კახიანმა, მარინა ჯანაშიამ და ნანუკა ხუსკივაძემ კიდევ უფრო უკეთესი მხატვრული სახეები შექმნეს. ამდენი წლის შემდეგ სპექტაკლში მსახიობებს არ ეტყობათ წლების დაღი, ისინი უფრო ახალგაზრდულად და ხალასად გამოიყურებიან. რაც შეეხება ექსპერიმენტულ სცენას იქ სამი სპექტაკლი განხორციელდა : „ივანე და ძაღლები“, „ყვითელი მთვარე“ და „შემეხე“. სამი პროექტიდან არც ერთი პროექტი არ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად. ამ სპექტაკლებზე აღარ დავკონკრეტდები, იმიტომ რომ მე უკვე დავბეჭდე ჩემი რეცენზიები. უბრალოდ მინდა შევრჩერდე სპექტაკლზე „შემეხე“ და ძალიან მიხარია, რომ ამ სპექტაკლზე საუბარი თეატრალურ საზოგადოებაში მიწევს, რადგან მის კრიტიკაში ყველაზე მეტად თეატრალური საზოგადოების ლიდერები აქტიურობდნენ ისე, რომ არც ერთ მათგანს სპექტაკლი არ ჰქონდა ნანახი, თუმცა ეს მათი მხრიდან არც კრიტიკა იყო, უფრო ლანძღვა, რომელიც არ ეპატიება თეატრის მოღვაწეს, მათი არგუმენტები უფრო მოტივირებული და საფუძვლიანი უნდა იყოს. ვთვლი, რომ ეს სპექტაკლი არ უნდა გამხდარიყო ამდენი ყურადღების ღირსი, თუმცა ე.წ. „შავმა პიარმა“ კიდევ უფრო გააქტიურა მაყურებელი.
გაოცებული ვიყავი, რომ ამ სპექტაკლის დადგმას უკვაშირებდნენ რობერტ სტურუას გათავისუფლების ფაქტს, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და სტურუას სახელით მანიპულირება ბინძური პოლიტიკის საქმეა და არა თეატრის მოღვაწის. არადა ამ კამერულ პროექტებს რობერტ სტურუას სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიდოში ჩაეყარა საფუძველი, როცა მისი ხელმოწერით დაიდო მემორანდუმი ლონდონის ნაციონალურ თეატრთან. რუსთაველის თეატრში კიდევ ერთი უცნაური ფაქტი მოხდა, ვიცოდი, რომ ლევან ხვიჩიას სპექტაკლი „ჰამლეტი ComX“ უნდა ეჩვენებინათ კიშინოვში იონესკოს საერთაშორისო ბიენალზე, სპექტაკლი ჩასმული იყო მთავარ პროგრამაში, მაგრამ დასი არ გაემგზავრა ფესტივალზე. ამ ფაქტის შესახებ ორი ურთიერთგამომრიცხავი და აბსურდული მიზეზები სახელდებოდა. ერთნი ამბობდნენ, რომ რუსთაველის თეატრმა ვერ იშოვა ბიენალეზე გამგზავრების ხარჯები, რაც ნამდვილად დაუჯერებელად ჯღერს. თანაც ამ სპექტაკლს არც ბევრი დეკორაცია აქვს, მისი ტრანსპორტიება კატასტროფულ თანხებთან არ არის დაკავშირებული. თანაც ამ თეატრში მოვიდა ახალი გუნდი მარკეტოლოგებისა, რომლებმაც ამ ხმრივ იდეალურად ააწყვეს საქმე და შექმნეს არაერთი მარკეტინგული პროდუქტი მაყურებლის და სპონსორების თეატრში მოსაზიდად, სხვა ამბავია, თუ როგორ აღიქვამს ეს გუნდი რუსთაველის თეატრს, როგორც კომერციულ მანქანას... მოერე მიზეზად სახელდებოდა ის, რომ „ოლივერის“ პრემიერის გამო, რომელშიც დაკავებულია ლევან ხვიჩიას სპექტაკლის მსახიობთა დიდი ნაწილი, მსახიობები ვერ გაემგზავრებოდნენ ბიენალზე. აქ უკვე თავი იჩინა მენეჯმენტის პრობლემამ, დაუდევრობამ. მენეჯერს ყოველთვის უნდა ჰქონდეს გათვლილი მსგავსი სარისკო ფაქტორები. უბრალოდ უხერხულია, როცა ამხელა, ავტორიტეტული თეატრი უარს ეუბნები არანაკლებ ავტორიტეტულ საერთაშორისო ფესტივალს მონაწილოების მიღებაზე, რომელსაც ყველაფერი დაგეგმილი აქვს. გული მწყდება, რომ რუსთაველის თეატრის დიდი სცენა არ არის დატვირთული ისე, როგორც უნდა ყოფილიყო დატვირთული. აქ მეორე უკიდურესობასთან გაქვს საქმე. რუსთაველის თეარის დიდ სცენაზე განხორციელდა ყველა დიდი სატელევიზიო პროექტი დაწყებული „ნიჭიერით“ დამთავრებული „ცეკვავენ ვარსკვლავებით“. მაშინ, როცა რეპერტუარში რობერ სტურუას სპექტაკლები ჯერ კიდევ არის. ხშირად ამბობენ, რომ რობერტ სტურუას რამდენიმე სპექტაკლს არ ჰყავს მაყურებელი, ჯერ ერთი, 10 წელზე მეტია არ აკლია მაყურებელი „კაცია ადამინს?!“, „მეთორმეტე ღამეს“, „ჰამლეტს“ და რასაც აკლია და არ მოდის, თეატრმა ხომ უნდა მოინდომოს, რომ მოიყვანოს მაყურებელი, ხომ გვაქს პრეცედენტი იმის, რომ ეკა მაზმიშვილი ყველაზე უხარისხო პროდუქტსაც ყიდის ისე, როგორც ყველაზე ხარისხიანს? კარგად იცის ყველამ მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში ყველა მარალ მხატვრული სპექტაკლი არ არის, მაგრამ მას ჰყავს მაყურებელი. ხომ არის ეს მიღწევადი და შესაძლებელი? თუმცა ფრაზა „უხარისხო“ რა მოსატანია რობერტ სტურუას სპექტკლებთან, მისი ყველაზე სუსტი სპექტაკლი, ბევრი რეჟისორის „კარგ“ სპექტაკლს სჯობს. მე ვგულისხმობ იმას, რომ იმ სპექტაკლებზეც, რომელზედაც ნაკლებია მაყურებელი, თეატრი უნდა ზრუნავდეს მოიზიდოს მაყურებელი მასზე. სამწუხაროდ, რუსთაველის თეატრის გასულმა სეზონმა უღიმღამოდ ჩაიარა, ვერც ერთმა ახალმა სპექტაკლმა ვერ მიიზიდა მაყურებელი, არც ერთი ახალი კლასიკური ნაწარმოები არ განხორციელებულა, რომელიც გარკვეული სათქმელით და კონცეფციით იქნებოდა დატვირთული.
განსხვავებული პროცესები ხდებოდა მარჯანიშვილის თეატრში, ამ თეატრს მოგეხსენებათ ორი სცენა აქვს და ცხრა ახალი სპექტაკლი დაიდგა, მათ შორის, ხუთი დიდ სცენაზე, დატვირთული იყო მცირე სცენაც. ამ სეზონის მოვლენად არა მხოლოდ მარჯანიშვილის თეატრის ცხოვრებაში, არამედ მთლიანად ქართულ თეატრალურ ცხოვრებაში უნდა ჩაითვალოს ლევან წულაძის სპექტაკლი „როგორც გენებოთ“, რომლის მსოფლიო პრემიერა შექსპირის თეატრში „გლობუსში“ შედგა. შესაძლოა შემომეკამათოთ, რომ სპექტალი არ გვინახავს და წარმატებაზე როგორ საუბრობო, მაგრამ დღეს მოგეხსენაბათ გახსნილი სივრცეა და ვერავინ ვერაფერს ვერ მოგვატყუებს, როგორც ადრე, რომ ამა თუ იმ ფესტივალზე თითქოს ცხრა ნომინაციიდან შვიდში ქართულმა თეატრმა გაიმარჯვა, რომ ხუთი ვარსკვლავი აიღო ედინბურგის ფესტივალზე და ასე შემდეგ.
დღეს ინტერნეტის საშუალებით ყველაფრის დადგენა შეიძლება. მარჯანიშვილის თეატრის ამ სპექტაკლის შესახებ და გასტორლებზე ინფორმაცია ინტერნეტიტ მოვიპოვე და მე არ დავეყრდენი ქართლ ტელევიზიებს, ამ შემთხვევაში ჩემი წყარო მხოლოდ უცხოურ პრესაა. 37 სპექტაკლიდან მხოლოდ ორ სპექტაკლს ჰქონდა „გარდიანის“ 5 ვარსკვლავი, საქართველოს და ურუგვაის. მნიშვნელოვანია ის, რომ სპექტაკლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ლონდონში და არაერთი დადებითი სტატია გამოქვეყნდა ქართულ თეატრზე, ამავდროულად ვამოწმებდი ავტორებს, რამდენად მნიშვნელოვანი ავტორები იყვნენ ისინი, აღმოჩნდა რომ სპექტაკლს პროფესიონალები აფასებდნენ. ასე, რომ ძალიან სასიხარულოა, რომ სტურუას შემდეგ ლევან წულაძემაც შეძლო ბრიტანეთში კვლავ აელაპარაკებინათ საზოგადოება ქართულ თეატრზე.
მინდა შევჩერდე დავით საყვარელიძის სპექტაკლზე „ნაფტალინი“, რომელიც ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვითდაიდგა. ეს პიესა ბევრ ქართულ თეატრში არის დაგდმული, მათ შორის, ბათუმის მოზარდ მაყურებლთა თეატრში პირველად, ხოლო შემდეგ ახალციხის თეატრში, პიესა განხორციელდა რუსთავის თეატრშიც. ვასილ მჟავანძის როლს დავით საყვარელიძის სპექტაკლში ასრულებს ოთარ მეღვნეთუხუცესი და კიდევ ერთელ დავრწმუნდი, რომ ის მართლაც დიდი მსახიობია, მან ამ ასაკში მოახერხა გარდასახვა ისე, რომ სცენაზე გამოჩენიდან, მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მიხვდა მაყურებელი, რომ ის ოთარ მეღვინეთუცესი იყო და ეს არ იყო გაკეთებული მხოლოდ გრიმით და გარეგნული ხერხებით, ეს იყო მსახიობის ნამდვილი შინაგანი გარდასხვა. მსახიობი სულ სხვა ჟანრში და ამპლუაში მოვევლინა. კომიკურ-გროტესკულ ამპლუაში ოთარ მეღვინეთუხუცესის ხილვა ნამდვილი სიურპრიზი იყო ჩემთვის.
გასული სეზონის მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებიდან მინდა გამოვყო გიზო ჟორდანიას მიერ განხორციელებული „რევიზორი“, რომელიც კარგი სამასხიობო ანსამბლით გამოირჩევა. ეს არ არის ამ პიესის ახლებური გადაწყვეტა, მაგრამ სპექტაკლში შექმნილია საინტერესო მხატვრული სახეები, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები სახასიათო როლებით კიდევ უფრო გამრავალფეროვნებულები წარსდგნენ ჩვენს წინაშე. რაც შეეხება „კრეპის უკანსკნელ ფირს“, სპექტაკლის რეჟისორმა ნიკა ლუარსაბიშვილმა წელს „დურუჯის“ საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის ტიტული მოიპოვა. მოგეხსენებათ, „დურუჯი“ ერთადერთი პრესტიჟული თეატრალრუ პრემიაა საქათველოში, რომელიც არ გამოირჩევა მხოლოდ მაღალი საპრემიო ფონდით, არამედ ხარისხით. ნუ გეწყინებათ და ეს არის ფაქტი, საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია მეც მაქვს აღებული, თანაც უკვე მესამედ, მაგრამ საპრიზო ფონდს, რომ თავი დავანებოთ, ხარისხი ამ პრემიის და ავტორიტეტი დასაფიქრებელია.
რაც შეეხება კინომსახიობთა თეატრს, აქაც აქტიურად მიდიოდა შემოქმედებითი პროცესი, გასულ სეზონზე აქ შვიდი სპექტაკლი დაიდგა. რიცხობრივი მაჩვენებლით ეს კარგი შედეგია, თუმცა ხარისხის რა მოგეახსენოთ და ეს არ ეხება მხოლოდ კინომსახიობთა თეატრს, ეს ეხება ყველა ქართულ თეატრს. ჩვენს თეატრში წინანდელიდან განსხვავებიტ გაცილებით მეტი პრემიერა იდგმება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ახალ სპექტაკლებს სხვდასხვა ფორმით აფინანსებს სახელმწიფო-გარდა სახელმწიფო სადადგმო ხარჯისა, საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას აქვს სპეციალური პროგრამა, რაც თავისთავად კარგია.
თუმანიშვილის თეატრში გასულ სეზონზე დაიდგა ორი სპექტაკლი, რომელმაც მიიპყრო ფართო მაყურებლის და თეატრალური საოზგადოების ყურადღება. ერთი გახლავთ მიხეილ მარმარინოსოს პირობითად „რომეო და ჯულეიტა“ და მეორე ახალგაზრდა რეჟისორის ნინო ჩაკვეტაძის სპექტაკლი „სუფთა სახლი“, რითაც „თუმანიშვილში“ გაიხსნა ექსპერიმენტული სცენა. ეს ფაქტი, რომ მცირე სცენა გაიხსნა ძალიან სასიხრაულოა და იმედი მაქვს იქ ახალაგზრდები თავის პროექტებს განახორციელებენ. მოგეხსენებათ, ეს თეატრი ჩაკეტილი იყო ყველა დანარჩენისთვის, ვინც არ იყო თუმანიშვილის მოწაფე, ან მისი მოძღვრების ღია მიმდევარი. ის, რომ ზურა გეწაძემ დაიწყო ახალგაზრდა თაობის მსახიობთა შემოდინება თეატრში მისალმების ღირსია და მეტი არაფერი. ეს იყო აუცილებელი პროცესი, რომელიც უნდა დაწყებულიუო. ხომ აჩვენა ქეთი დოლიძის სპექტაკლმა „სამეფო ოჯახი“ უფროსი თაობის გარკვეული მსახიობების უსუსურობა? არ ვგულისხმობ არც ნინელი ჭანკვეტაძეს და არც რამაზ იოსელიანს, სხვა ქალი მსახიობების მეტყველებაც შემაშფოთებელია, აღარ ვსაუბრობ შტამპებისგან თავის დაუღწევლობაზე და გარდასახვის უუნარობაზე. ამ შემთხვევაში ქეთი დოლიძე არაფერ შუაშია, მან მშვენივრად ააწყო სპექტაკლი, მისცა ამოცანები მსახიობებს, მაგრამ ყველამ როდის გაამრთლა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ეხება კინომსახიობთა თეატრის უფროსი თაობის გარკვეულ მსახიობებს.
რაც შეეხება მუსიკისა და დრამის თეატრს: ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრს უკვე რამდენიმე წელია ოფიციალურად შეეცვალა სახელწოდება და მას “მუსიკისა და დრამის თეატრი” ეწოდა. ამის მიუხედავად თეატრში სეზონის განმავლობაში ერთხელ მაინც იდგმებოდა მიუზიკლი ან ერთი მუსიკალური სპექტაკლი. მაგალითად, “გაყრა”, “მერი პოპინსი”, “მუსიკის ჰანგები”, “ვერის უბნის მელოდიები” (სამივე სპექტაკლის რეჟისორია თეატრის ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი), თუმცა გასული თეატრალური სეზონის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, მუსკომედიამ უკვე დაკარგა მისი ტრადიცული სახეც და მიმართულებაც.
2011-2012 წლების სეზონზე ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სცენაზე არც ერთი მუსიკალური სპექტაკლი, ან მიუზიკლი არ განხორციელებულა. მუსიკალური წარმოდგენები დრამატულმა სპექტაკლებმა ჩაანაცვლა. გასულ სეზონზე თეატრის ხელმძღვანელის დავით დოაიშვილის და თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის ნინო ლაპიაშვილის ინიციატივთ განხორციელება დაიწყო პროგრამამ, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორების თავისუფალი თეატრალური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებდა. ამ პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა მაკა ნაცვლიშვილის “ფსიქოზი 4:48” (სარა კეინის მიხედვით), მამუკა ტყემალაძის “წერილები ღმერთს” (ემანუელ შმიტის მიხედვით), გურანდა იაშვილის “პანთეონი” (ლაშა ბუღაძის მიხედვით), დასასრულს უახლოვდება და საპრემიერო წარმოდგენები მომავალი სეზონისთვის გადაიდო პაატა ციკოლიას “ანტიგონე” (სოფოკლეს მიხედვით) და დავით მღებრიშვილის “რომეო და ჯულიეტა”. თეატრის მხრიდან ახალგაზრდებისადმი მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გამოვლენა თავისთავად დადებითი მოვლენაა, მაგრამ თეატრის შემოქმედებითი მიმართულების გზიდან გადახვევა და ამ ჟანრის მოყვარულთა იმედგაცრუება მაყურებლის უფლების შელახვაცაა. თუ თეატრმა თავისი სარეპერტუარო პოლიტიკა არ შეცვალა, მისი რეპერტუარი თანამედროვე უცხოური და ახალი ქართული მიუზიკლებით არ გაამდიდრა, ის რიგით თბილისურ დრამატულ თეატრს დაემსგავსება. პარალელურად აზრი ეკარგება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მუსიკალური თეატრის მსახიობისა და რეჟისორის ჯგუფების მომზადებას, თუკი ასეთი მიმართულების თეატრი საქართველოში აღარ იფუნქციონირებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გასულ სეზონზე მუსიკისა და დრამის თეატრში მოხდა ეს იყო შეხვედრები კრიტიკასთან, თეატრმცოდნეებთან, ჟურნალისტებთან, რომლებიც წერენ თეატრზე. ეს ნიშნას იმას, რომ თეატრს აინტერესებს თეატრმცოდნის აზრი. ამ პროცესში ჩაერთო ახმეტელის თეატრიც, სადაც დაიწყო ახალგაზრდული პროექტების განხორციელება. თანამც გასულ სეზონზე ახმეტელის თეატრში ერთდროულად რამდენიმე ახალი სპექტაკლი განხორციელდა. მომავალი სეზონიდან კი კონკურსის წესით ახმეტელის თეატრში რამდენიმე ახალგაზრდა რეჟისორი აქ თავის პროექტს განახორციელებს და რაც მთავარია, თეატრმა ამ პროცესში ჩართო პროფესიონალები: მანანა გეგჭკორი, ირინა ღოღობერიძე და მათთან კონსულტაციით აარჩია საუკეთესო პროექტები.
სამწუხაროდ, საქართველოში შემცირდა დამოუკიდებელი თეატრების რიცხვი, ასეთი თეატრების ტიპი მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი გვაქვს: თავისუფალი თეატრი, თეატრი ათონელზე, ახალი თეატრი და სამეფო უბნის თეატრი. სხვათაშორის, ძალიან ნაყოფიერი იყო გასული თეატრალური სეზონი სამეფო უნის თეატრისთავის, მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს სისტემატიური დაფინასება. გასულ წელს აღარ დაფინანსდა არდიფესტი, ფესტივალი რომელიც დასრულებისთანავე ხელის გულზე დებდა თავის მნიშვნელოვან შედეგს. ეს იყო ახალი კონტაქტების და პერსპექტივების საშუალება რეჟისორებისა და მსახიობებისთვის, ეს ფესტივალი მხარს უჭერდა ახალი ქართული დრამატურგიის განვითარებას, ჩნდებოდა ახალი ავტორები, იწერებოდა ახალი პიესები, თეატრალურის სტუდენტები უკავშირდებოდნენ აკადემიის და კონსერვატორიის სტუდენტებს და იქმნებოდა კამერული ჯგუფები, რომელბიც ქმნიდნე ახალ პრდუქციას.
მოგეხსენაბთ სამეფო უბნის თეატრს არ აქვს დაფინასება და ამის მიუხედავად თეატრმა შეძლო სამი ახალი სპექტაკლის დადგმა: ნინო ხარატიშვილის „ლივ შტაინი“, სპექტაკლი, სადაც ბრწყინვალე სამსახიობო ნამუშევარია: ნინო ბურდული, გია ბურჯანაძე, კატო კალატოზიშვილი და იაკო ჭილაია. ნიკა თავაძემ დადგა მროჟეკის „სტრიპტიზი“, ასევე საინტერესო მხატვრული სახეებით: დათა თავაძე და პაატა ინაური. მესამე სპექტაკლია მიშა ჩარკვიანის „კალცმახერი“, რომელიც დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ რეჟისურის და სამსახიობი ანსამბლის თავლსაზრისით. სპექტაკლში მთლიანად ახალგაზრდა მსახობები მონაწილეობენ, ძირითადად გიზო ჟორდანიას აღზრდილები და უნდა ვაღიაროთ, რომ გიზო ჟორდანია არავისზე ნაკლები პედაგოგი არ არის, ეს ბოლო ჯგუფი შეკრულია, მუდამ დაკავებული და რაც მთავარია, მათ გაამართლეს უკვე. ამ თეატრში შეინიშნება კიდევ ერთი კარგი ტენდენცია, საუკეთესო პიესებს არჩევენ და აქცენტი კეთდება თანამედროვე უცხოურ დრამატურგიაზე. ეს თეატრი დღეს არის გარკვეული ლაბორატორია.
თავისუფალ თეატრში რამდენიმე სპექტაკლი დაიდგა. მათ შორის, გამორჩეული ავთო ვარსიმაშვილის „მექანიკური ფორთოხალი“ და ვანო ხუციშვილის სპექტაკლი „საძაღლეა“, სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა რეჟისორი წარმატებით აგრძელებს თავის არჩეულ გზას და აქვს თავისი ჩამოყალიბებული შეხედულებები სამყაროზეც და თეატრზეც. თავისუფალი თეატრი რჩება „პოლიტიკური თეატრის“ ერთგული და ამ ხმრივ აქ საინტერესო სპექტაკლები ხორციელდება. თუნდაც „მექანიკურ ფორთოხალში“ რეჟისორმა მოქმედება გასული სუაკუნის 90-იანი წლების საქართველოში გადმოიტანა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სპექტაკლია აჩვენებს იმას, როგორ მოვიდნენ ერთ დროს მოძალდეები ხელისუფლებაში.
ბევრი პრემიერით არ გამოირჩეოდა გასული სეზონი „თეატრში ათონელზე“, მაგრამ იქ განხორციელებული ქეთი დოლიძის „დილა მშვიდობისა ასდოლარიანო“ საკმაოდ გახმაურდა. სპექტაკლი გასტროლებზე აგხლდათ პარიზში და დიდი წარმატება ხვდა წილად. დღემდე ჩემს ბლოგზე ყველაზე მეტი მკითხველი ამ სპექტაკლზე დაწერილ რეცენზიას ჰყავს. როგორც ჩანს ქართველი ემირანტებისთვის ეს სპექტაკლი ძალიან საინტერესო დარჩა. რაც შეეხება „ახალ თეატრს“ და ნიკა საბაშვილს: მოგეხსენებათ ის შარშანდელი „დურუჯის“ გამარჯვებულია, ამის გამო მას კულტურის სამინისტრომ ახალი სპექტაკლის დასადგმელად ათი ათასი ლარი გადასცა. მე ამ რეჟისორზე ერთხელ უკვე ვწერდი და ამიერიდან ამ პრობლემას მის შემოქმედებაში არ შევეხები, უბრალოდ დავსძენ, რომ ნიკა საბაშვილი არასდროს აკეთებს აქცენტს დრამატურგიაზე, მისი ყველა სპექტაკლის დრამატურგი თავადაა. მისი სპექტაკლებიც მარცხსაც სწორედ ლიტერატურული წყარო განაპირობებს. გასულ სეზონზე, მან მხოლოდ ერთი სპექტაკლი დადგა, მისივე პიესის მიხედვით სახელწოდებით „ნატვრის თვალი“, რომელშიც მთავარ როლს თავად ასრულებს. სპექტაკლმა, სამწუხაროდ, არ დატოვა კარგი შთაბეჭდილება: გაუმართავია დრამატურგია, დაკარგულია მთავარი ამბავი და ყურადღება რეჟისორს ისეთ დეტალებზე გადააქვს, რაც ნაკლებ მნიშვნელოვანია პიესაში, ამის გარდა დიდი დოზით გვხვდება უცენზურო სიტყვები, სამწუაროდ, ეს სპექტაკლის ხერხად კი არ არის ქცეული, არამედ ლოგიკას მოკლებულია და არ არის გამართლებული. მე არ მივეკუთვნები უფროს თაობას, რომ ვგმობდე სცენაზე უწმაწურ ფრაზეოლოგიას, პირიქით, მე მიმაჩნია, რომ რეალობა უნდა აისახოს სცენაზე, მაგრამ უცენზურო ფრაზების გამოყენება თვითმიზანი და იაფფასიანი სკანდალის მიზეზი არ უნდა გახდეს და ვერც გახდა კიდეც სკანდალური ეს სპექტაკლი.
რაც შეეხება სასწავლო თეატრებს. ასეთი თბილისში სულ ორი გვაქვს, ერთი - დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრი - ყველას კარგად მოგეხსენებათ და მეორე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი, რომელიც "ვაკის სარდაფის" მემკვიდრეა. თეატრალურში ამ წელს როგორც ჩანს ბევრი რამ ხდებოდა, მაგრამ ჩვენ ეს არ გაგვიგია, მე არ მახსოვს ერთხელ თუნდაც იქ პრემიერაზე ვინმეს მივეწვიე, არ ვრცელდება ინფორმაცია, თეატრალურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან უამრავი პრესრელიზი მომდის, სიახლეები, მაგრამ არც ერთხელ არ მომსვლია ინფორმაცია პრემიერის შესახებ. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში თეატრალურში თითქმის აკრძალული იყო ღია-საჩვენებელი გამოცდა მეტყველებაში, მხატვრულ კითხვაში, ცეკვაში, საკურსო და სადიპლომო სპექტაკლები. ამას თავად პროფესორები მეუბნებოდნენ, რომ არ ავალდებულებდნენ ღია გამოცდების ჩატარებას, შესაძლოა ეს ინფორმაციული ვაკუუმი ამითაც იყო განპირობებული. თუმცა ერთმა მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ მაინც გამოჟონა: გიორგი შალუტაშვილი გახლდათ ბრიტანეთში მის ჯგუფთან ერთად სპექტაკლით "ჩვენი პატარა ქალაქი", რაც შეეხება ილიაუნის თეატრს: ეს სასწავლო თეატრი თავისი ფუნქციონირებით, მოდელით და სტრუქტურით სასწავლო თეატრის იდეალური მაგალითიაა. ილიას უნივერსიტეტში მომავალი მსახიობები სტაციონალურ თეატრში იზრდებიან, იქვე ეუფლებიან პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომავალი მსახიობი გამოცდილი, პროფესიონალი არტისტის პარტნიორია. სპექტაკლები სასწავლო ხასიათისაა, რომელშიც ვლინდება სტუდენტთა მომზადება ცეკვასა და ვოკალში. (რამდენად ითვისებს სტუდენტი–მსახიობი ეს სხვა საკითხია) ილიაუნის თეატრის სპექტაკლების ნახვა უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტების გარდა რიგით მაყურებელსაც შეუძლია და სასწავლო პროცესით გათვალისწინებული სპექტაკლები რეპერტუარში მანამ რჩება, სანამ მას მაყურებელი ეყოლება. მაყურებელი კი ამ თეატრს საკმაოდ ბევრი ჰყავს (დარბაზი 100–ზე მეტ მაყურებელს იტევს). რეგულარული წარმოდგენები სტუდენტი-მსახიობების დაოსტატებასაც უწყობს ხელს, ეჩვევა მაყურებელთან ურთიერთობას. პროფესიის დაუფლებისთვის ილიაუნის თეატრში პირობებია შექმნილი და ეს მოდელი ბრიტანული უნივერსიტეტების ანალოგი გახლავთ. ეს თეატრიც გახლდათ გასტროლებზე საზღვარგარეთ: დასმა სპექტაკლით "არიქა და ვარიქა" საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე მოლდოვაში მიიღო მონაწილეობა. როცა კიშინოვში ჩავედი, კოლეგებმა შეხვედრისას მითხრეს, რომ საქართველოდან არაჩვეულებრივი ახალგაზრდა მსახიობები იყვნენო, რაც სასიამოვნო მოსასმენი იყო. სპექტაკლი ქართული სიმღერების კოლაჟს წარმოადგენს და ბუნებრივია ქართული მრავალხმიანი სიმღერა ეფექტს მოახდენდა მაყურებელზე.
თანამედროვე ქართულ თეატრში გამოიკვეთა ერთი ტენდენციაც, ძირითადად თეატრები კამერული, ერთ-ორკაციანი სპექტაკლებით გადიან ფონს, რაც ხალტურად მიმაჩნია. ამასთანავე როგორც ჩანს ერთგვარი მაფიური დაჯგუფებაა შექმნილი ქართულ თეატრში რეჟისორების მიწვევის. ჩემთვის აუხსენელი რჩება რატომ იწვევს თეატრის მმართველი იმ რეჟისორს მეორედ, რომლის პირველი სპექტაკლი წარუმატებელი აღმოჩნდა? მოგეხსენებათ, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უკვე რამდენიმე წელია აქვს პროგრამა რეგიონების თეატრების დაფინანსების, ყოველწლიურად თეატრი წერს პროექტს და მას კონკურსს გარეშე ურიცხავენ ერთი სპექტაკლის სადადგმო ხარჯს შვიდი ათასი ლარის ოდენობით. ეს სპექტაკლი 7 000 რომც არ ჯდებოდეს, თეატრი მაინც პროექტს 7 000 ლარზე წერს. ამ მხრივ, დებულება ვფიქრობ, გადასახედია, იქნებ ამ თანხაში თეატრმა ორი სპექტაკლის განხორციელებაც მოახერხოს. სამწუხაროდ, არ კონტროლდება სამინსიტორს მიერ ბიუჯეტის გადანაწილება პროექტში, არსად არ არსებობს, რომ ბიუჯეტის 70% ჰონორარებში და ხელფასებში მიდიოდეს, ნებისმიერ საგრანტო კონკურსში სახელფასო საჰონორარო შკალა მთელი ბიუჯეტის 35% არ აღემატება. ჩვენი თეატრები კი ამ გრანტიდან 60% რეჟისორს უხდიან და 40% სხვა ხარჯებს ახმარენ. ამის გამო სპექტაკლები უხარსხო გამოდის, ვინღა დაეძებს რეჟისურას, დეკორაციაც კი არ ქმნის თეატრალურ ატმოსფეროს ამ სპექტაკლებში. ეს ტენდენცია შეინიშნება გარკვეულ თეატრებში, საბედნიეროდ ყველაში არა და ეს ფორმა იქცა რეჟისორთა შემოსავლის მშვენიერ წყაროდ. მიმაჩნია, რომ ურთიერთობსი ეს ფორმა ზოგიერთი რეჟისორის მხრიდან თეატრის მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ავლენს, მით უმეტეს, იმის ფონზე, როცა იცი, რომ რეგიონის თეატრებს საკმაოდ უჭირს. რეჟისორს არ უნდა ჰქონდეს მორალური უფლება მთელი ბიუჯეტის 70% მან მიიღოს ჰონოარად ისეთ სპექტაკლში, რომელსაც კაცმა არ იცის მერამდენედ დადგა (იმიტომ, რომ სხვა თეატრში უკვე დადგმული აქვს) და თანაც ერთ კვირაში, საპრემიერო წარმოდგენების შემდეგ კი მას მაყურებელი აღარ ჰყავს. ეს ხომ გადაყრილი ფულია ვითომ ქართული რეგიონალური თეატრის დახმარების, განვითარების და მხარდაჭერის საბაბით.
გასულ წელს იუბილე ჰქონდა ხულოს თეატრს და ეს იუბილე 27 მარტს აღნიშნა მთელმა თეატრალურმა საზოგადოებამ, თბილისიდან მივლინებული იყო ჯგუფები და თეატრალური დასები, იუბილე ჰქონდა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრსაც, გასულ სეზონზე დაიწყო ამ თეატრის რეაბილიტაცია და თოჯინების თეატრი დროებით ბათუმის დრამატულმა თეატრმა შეიფარა. „მდგმურობის“ პერიოდში და საგანგებო სიტუაციასა და რეჟიმში ამ თეატრში ოთხი ახალი სპექტაკლი დაიდგა. ჭიათურის თეატრმა გასულ წელს ერთი პრემიერა შესთავაზა მხოლოდ მაყურებელს ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“, რომელიც ნუგზარ გაჩავამ დადგა. სპექტაკლზე აღარ შევჩერდები, ვინაიდან ჩემი რეცენზია დაიბეჭდა პრესაში. ფოთის თეატრში ოთხი ახალი სპექტაკლი დაიდგა, მოგეხსენებათ ამ თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელი არ ჰყავს და მმართველს რეჟისორების მოწვევა უწევს, მისი არჩევანი ამ მხრივ ხან წარმატებით სრულდება, ხანაც წარუმატებლად.
გაიზარდა პრემიერების რიცხვი ბათუმის დრამატულ თეატრში, თანაც სპექტაკლები ახალგაზრდა რეჟისორებმა გაგა გოშაძემ და მიშა ჩარკვიანმა დადგეს. როგორც იქნა, ბათუმის თეატრში გაჩნდა მოქმედი რეპერტუარი და წარმოდგენების რიცხვის ზრდა შეინიშნება. კვლავ გადაუჭრელია რუსთავის, თელავის და ზესტაფონის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების ბედი, სრული ქაოსი და განუკითხაობა იყო ამ თეატრებში. ზესტაფონის თეატრიდან ჩემთვის აუხსნელი მიხეხით გაათავისუფლეს სამხატვრო ხელმძღვანელი, სულ ახლახანს რუსთავის თეატრის მმართველად კალათბურთელი დანიშნეს, სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა ნოზაძე კი დასის მიერ საბჭოური მეთოდებით ბრძოლის შედეგად დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, სეზონი ჩაუვარდა თელავის თეატრს. სამწუხაროდ, დუტა სხრიტლაძემ ვერ მიხედა მშობლიურ თელავის თეატრს. როდის გადაწყდება, ან საერთოდ გადაწყდება თუ არა ამ თეატრების პრობლემები არავინ იცის. ამ ფორმით, რა ფორმითაც ზოგიერთი რეგიონის თეატრი არსებობს, მათ არსებობას აზრი არ აქვს, რადგან ისინი რეგიონში ვერ ასრულებენ იმ ფუნქციებს, რაც მათ კანონით აქვთ დაკისრებული, მათთვის გაჩნდა მხოლოდ გეგმა და მისი შესრულება, სპექტაკლები ძირითადად ცარიელ დარბაზებში იმართება, ან საერთოდ არ იმართება. რეგიონის თეატრებში არ ხდება ახალი თაობის შედინება, იმიტომ რომ ახალგაზრდას იქ არც პერსპექტივა აქვს და არც იმის საშუალება რომ განათლების შემდეგ დაბრუნდეს მისი რეგიონის თეატრში, რადგან საშტატო ერთეული პენსიონერ მსახიობს უჭირავს, რომელიც „მკვდარი სულია“ თეატრში. მესმის მათი დამსახურების, იმისაც, რომ მათ მოიტანეს თეატრი აქამდე, მაგრამ როდემდე უნდა იყოს რეგიონის თეატრი მათი თავშესაფარი, შეიძლება არსებობდეს თეატრი, სადაც ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი 45 წლისაა?! ამიტომ მოსაძებნია რაღაც ფორმა, რომლითაც დარეგულირდება თაობათა მონაცვლეობა თეატრში, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალგაზრდები ტოვებენ თეატრებს და გამორბიან თბილისში, აქ კი იმდენი მსახიობია, რომ მათი ადგილები აღარ რჩება. ასე იკარგება მთელი თაობა და ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ამ ხალხზე ეს არის მთავარი.
რეგიონის თეატრებში დგას მენეჯმენტის პრობლემა, თუმცა რა მენეჯმენტზეა საუბარი, როცა თეატრის მმართველებსი ნაწილი უბრალო კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს ვერ ფლობენ, როცა მეილის გახსნა და წაკითხვა არ შეუძლიათ, დასახური არ არის ისეთი თეატრი, სადაც სპექტაკლის დროს კაპელდინერი მაყურებელზე ჭადის ფქვილსა და ლობიოს ყიდის? როგორ უნდა იყოს ასეთი თეატრი კულტურის კერა რეგიონში, როცა ის ყოველივე უკულტურობას უკეთებს ტირაჟირებას. იცით, რომ ერთ -ერთ თეატრში, როცა რეგულარულად დაიწყო მმართველმა სპექტაკლების დანიშვნა, მსახიობებმა რა თქვეს? : - რა იყო, რა სამსახურივით გადაგვიქციეთ თეატრიო! - ხედავთ?! სპექტაკლების თამაშიც ეზარებათ ზოგიერთ თეატრში, რამდენი თეატრია, როცა წარმოდგენა სეზონის ბოლომდეც ვეღარ გადის? დაუჩემებიათ არ მოდის მაყურებელიო, ვინ ზრუნავს ან როგორ მაყურებლის მოყვანაზე? აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ამ თვალსაზრისით მესხეთის თეატრი გამორჩეულია. ეს თეატრი ახერხებს მაყურებლის მოზიდვას, თუმცა იქ სხვა ტიპის პრობლემები დგას. საგანგაშოა, ის რომ ამ უპერსპექტივობის გამო რეგიონის თეატრებს ტოვებს ახალგაზრდა თაობა, რომლებიც პერსპექტიულები არიან, მე ძალიან მაღელვებს მათი ბედი. ვერაფრით დავადგინე რეგიონის თეატრებში მმართველების მიერ რეჟისორების მოწვევის კრიტერიუმები. სად პოულობენ, ვინ ურჩევს მათ, ან თუ პოულობენ, ამ კონკრეტულ რეჟისორებს ერთნახვარი სპექტაკლია ქვთ დაგდმული 45 წლის ასაკში.
რაც შეეხება ქართულ თეატრს საზღვარგარეთ: გასულ სეზონზე ბევრმა თეატრმა მოახერხა გასვლა საზღვარგარეთ, ვიდრე წინა წლებში. რუსთაველის თეატრი იყო ერევანში შექსპირის ფესტივალზე, მარჯანიშვილის თეატრი ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას ესტუმრა და საერთაშორისო ფესტივალებში მიიღო მონაწილეობა, აქტიურად იღებს მონაწილეობას ფესტივალებში მუსიკისა და დრამის თეატრი. ფაქტია, ის რომ რეგიონის თეატრები ამ მხრივ ძალიან ჩამორჩებიან დედაქალქის თეატრებს, უფრო მეტიც, მათ არც სურვილი აქვთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის, იქნებ შემომეკამათოთ, რომ მცირე ბიუჯეტი აქვთ და ვერ ახერხებენო, მაგრამ ეს სიმართლე არ არის და დამაჯერებელი არგუმენტი. პრობლემა სხვა რამეშია, რეგიონის თეატრების უმრავლესობა უინიციატივოა, მოტივაცია დაკარგულია, მისთვის მთავარია წელიწადში დადგას სამი ან ოთხი სპექტაკლი და გამართოს 30-მდე წარმოდგენა. სხვა ამბიცია და პრეტენზია მათ არ აქვთ, როცა გონიერი მენეჯერი ერთი სპექტაკლის (შესაძლოა არც კი, ან გააჩნია სპექტაკლს) სადადგმო ხარჯით შეძლებს ნებისმიერ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მიღებას. ორად ორი რეგიონის თეატრი იყო საზღვარგარეთ გასტროლებზე და ორივე ბათუმიდან. ბათუმის დრამატული თეატრი იონესკოს ბიენალზე გიორგი თავაძის სპექტაკლით „გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი“ და ბათუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ირაკლი გოგიას სპექტაკლით „ფერფლის პლანეტა“ ბელორუსიაში საუნივერსიტეტო თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე. ბათუმის დრამატული თეატრის სპექტაკლზე დრამატურგი მატეი ვიშნეკი პარიზიდან მოლდოვაში სპეციალურად სპექტაკლის სანახავად ჩაფრინდა ცნობილ კრიტიკოსთან დიტერ ტოპთან ერთად. ამაზე ვრცელ სტატიას ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება" წაიკითხავთ.
სხვათაშორის მე თან ვახლდი ერევანში „ახალ თეატრს“ ცნობილ „High Fest“-ზე, სადაც ნიკა საბაშვილის „ქაღალდის წვიმა“ წარმოადგინეს, თოჯინების თეატრების პირველ საერთაშორისო ფესტივალზე ბაქოში გახლდათ მულტი-პულტისა (გოჩა ხვიჩიას „წიქარა“) და ჩრდილების თეატრი („რა საოცარი დღეა“), სამეფო უბნის თეატრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო თეატრალურ ფორუმში მოლდოვაში, სადაც წარმოადგინეს დათა თავაძის „მახინჯი“, მინდა გითხრათ, რომ ამ თეატრებს მე ყველას ვახლდი საზღვარგარეთ და გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ყველა სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად. ზოგჯერ ხდება, რომ აქ ჩვენ, ხშირად ვაკრიტიკებთ სხვადასხვა სპექტაკლს, მაგრამ უცხოეთში მას სულ სხვაგვარად იღებს მაყურებელი, მოგეხსენებათ ფესტივალზე მომხმარებლის უმრავლესობა ძირითადად თეატრის პროფესიონალები არიან.
ძალიან მოკლედ მოგახსენეთ ფაქტები და ჩემი კომენტარები გასულ თეატრალურ სეზონზე, იმედია მომავალი სეზონი გაცილებით საინტერესო და წარმატებული იქნება. ახალი თეატრალური სეზონი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალით იწყება, რაც ყველაზე დიდი თეატრალური მოვლენაა ხოლმე წლის განმავლობაში. მიხარია, რომ არა ერთ დისკუსიას და მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს ეს ფესტივალი მსოფლიოს საუკეთესო სპექტაკლებთან ერთად. უკან დაბრუნება |