Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > მარი ჯანაშია
მარი ჯანაშია

მარი ჯანაშია


18-11-2012, 23:13

გიორგი ყაჯრიშვილი

 

ამბობენ  რომ თეატრისა და კინოს ვარსკვლავებს ბედი სწყალობსო. შესაძლებელია მართლაც  ასეა. განსაკუთრებული წყალობის შესახებ ძნელია ლაპარაკი,  მაგრამ  ბედისწერა უთუოდ თამაშობს როლს ამა თუ იმ მსახიობის არჩევანსა და გადაწყვეტილებაში. თუმცა წარმატება  მაინც  დიდშრომით და ჯაფით მიიღწევა.

თუ არა ბედისწერამ, მაშინ რამ  მიიყვანა ახალგაზრდა 16-17  წლის სკოლაახალდამთავრებული მარინა ჯანაშია  ძველ კინოსტუდიასთან,  სადაც  მას შემთხვევით კინორეჟისორი რევაზ ჩხეიძე შეხვდა და თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტეზე შესვლა ურჩია.  ასევე ბედისწერის  გამოვლინება იყო ის, რომ მიხეილ თუმანიშვილის ექსპერიმენტულ სამსახიობო-სარეჟისორო ფაკულტეტის ჯგუფში მოხვდა,  რამაც განსაზღვრა მისი,  როგორც შემოქმედის ბედი. აქედან  იწყება მისი ნიჭის გამოვლინება,  დაუღალავი შრომა, სწავლა,  პროფესიის ათვისება,  რეპეტიციები,  რეპეტიციები ... მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში.

 

მარი ჯანაშია

 

 

 

ტრადიციულად სამსახიობო ფაკულტეტის მეორე კურსზე უკვე ეტიუდებზე და პიესის ფრაგმენტებზე მუშაობას იწყებენ ხოლმე. მომავალმა მსახიობმა ამ  სასწავლო წელს უნდა აითვისოს სასცენო გარემო, პარტნიორთან ურთიერთობა,  გაიცნოს პიესის ავტორის მიერ შექმნილი ხასიათები, გამოავლინოს  მათი გრძნობათა ბუნების ელემენტები.  სასწავლო პროცესის  პარალელურად და  საკუთარი თანაჯგუფელებისგან განსხვავებით მარინა ჯანაშია  ამ  დროს უკვე რუსთაველის თეატრის სცენაზე იდგა ისეთ ბუმბერაზ მსახიობებთან როგორებიც იყვნენ სერგო ზაქარიაძე და ზინაიდა კვერენჩხილაძე. მისმა პედაგოგმა ჯერ კიდევ დამწყებ  მსახიობს  ჟ.  ანუის  „ანტიგონეში“ პაჟის  როლი ანდო. პიესის მიხედვით მას  ყველაზე  ნაკლები დატვირთვა  აქვს,  უფრო  მეტიც  იგი  უსიტყვო პერსონაჟია (თანაც  ბიჭი). მაგრამ  ის სულაც არა არის  სტატისტი. მიხეილ თუმანიშვილმა ამ პერსონაჟს ისეთი დატვირთვა მისცა,  რაც არასდროს არავის უფიქრია. კრეონტი -

ტირანია, მისი სიტყვა კანონია,  მაგრამ ასე არ არის  მხოლოდ ანტიგონე -  ზ. კვერენჩხილაძისთვის. მთელი სპექტაკლის განმავლობაში ეს ორი პიროვნება ებრძვის ერთამანეთს. კრეონტი - ს. ზაქარიაძე აწყობს სახელმწიფო სტრუქტურას, დაალაგებს და გაამწკრივებს იმ 12 სკამს, რომელიც  სცენაზე დგას,  გამოჩნდება ანტიგონე და ყველაფერს აურევს, სკამებს აქეთ-იქით მიყრის,  წინ აღუდგება სახელმწიფო მანქანას და კრეონტის კანონებს.  მარინა ჯანაშიას -  პაჟი,  მორჩილი, ჩუმი,  უხმო,  იმ დიქტატურისა და ტირანიის ხატია,  რომელიც უსიტყვოდ,  მონასავით ემორილება კრეონტსა და მთლიანად მის  მიერ აშენებულ სახელმწიფოს.  პაჟის სახეში მარინა ჯანაშიამ ჩააქსოვა  უდრტვინველობაც, მორჩილებაც,  მოწიწებაც  და შიშიც  მბრძანებლის მიმართ! იგი აჩრდილივი დაჰყვებოდა კრეონს,  ყოველთვის გვერდით ედგა,  მისი ძალაუფლების ერთგვარ სახეს  წარმოადგენდა.  კრეონტი - ს. ზაქარიაძე სპექტაკლის მსვლელობისას ცდილობდა ისეთ მორჩილად ექცია   ანტიგონე,  როგორიც მ. ჯანაშიას  პაჟი  იყო.   

მარინა ჯანაშიას  პაჟი -  მისი სადებიუტო ნამუშევარი რუსთაველის თეატრში ფეხბედნიერი აღმოჩნდა მისთვის და თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი დასში ჩარიცხეს. ჯერ  კიდევ  წინაა ვნებათა ღელვა „შვიდკაცას“  დაშლა,  მისი მასწავლებლის მ. თუმანიშვილის თეატრიდან წასვლა. ორივე მხარისთვის სამწუხაროდ ხელახალი შეხვედრა სცენაზე დიდ მაესტროსთან აღარ შემდგარა. თუმცა სულ მალე მ. ჯანაშია შეხვდა რეჟისორს,  მ.  თუმანიშვილის მოწაფე თემურ ჩხეიძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მსახიობის შემოქმედებაში. ამ შეხვედრას ნამდვილად შემთხვევითს ვერ დავარქმევ. თემურ ჩხეიძემ  მარინა ჯანაშიაში  აღმოაჩინა ის თავისებური ნიჭი  და მსახიობური შესაძლებლობები,  რომელიც მის შემოქმედებით გეგმებში იპოვიდა სრულ რეალიზაციას და არც შემცდარა: შალვა დადიანი „გუშინდელნი“, მიხეილ ჯავახიშვილი „ქალის ტვირთი“, უილიამ შექსპირი „ოტელო“, მიხეილ ლერმონტოვი „თავადის ასული მერი“, ბერნარ სლეიდი „წელიწადში ერთხელ“, ტენესი უილიამსი „კატა თუნუქის ცხელ სახურავზე“.  სადაც არ  უნდა დაედგა  სპექტაკლი  თემურ ჩხეიძეს  მარინა ჯანაშია  ყოველთვის  ერთ-ერთ  მთავარ,  წამყვან  როლს თამაშობდა.  დასაწყისისთვის  მაგალითად, სადაც პირველად შედგა ამ  შემოქმედთა  შეხვედრა იყო შალვა დადიანის „გუშინდელნი“. რეჟისორი თემურ ჩხეიძე ერთგვარად  ჩაერია დრამატულ ქსოვილში და პერსონაჟებს დაუმატა  გოგონა,  გარეშე  „მაყურებლის“ ფუნქციით,  რომელიც  სპექტაკლის დასასრულს  გაკვირვებული თვალებით აკვირდებოდა უკვე  „გუშინდელებს“ და  განვითარებული მოვლენების  ფინალს.  მის დაბნეულ  და  გაოცებულ  მზერაში ამოიკითხებოდა ეჟისორის  მთავარი  ჩანაფიქრი -  იყიდებოდა ყველაფერი რაც გოგონას  გარშემო  არსებობა, იყიდებოდა სამშობლო -საქართველო.

შემდგომ  იყო მარტირიო ფ. გ. ლორკას „ბერნარდა ალბას  სახლში“ (რეჟისორი  თ.  ჩხეიძე)  ს. ყანჩელის,  მ. ჩახავას.  ლ. ძიგრაშვილის, ნ. ფაჩუაშვილის  და სხვა ახალგაზრდა მსახიობების  გვერდით. სპექტაკლი გამორჩეული,  განსაკუთრებული,  უმაღლესი  მსახიობური ოსტატობით შესრულებელი  ყველა  ამ მსახიობი  ქალის  მიერ. მ.  ჯანაშიას  მარტირიო - ნერვიული, მეამბოხე,  ცოტა დათრგუნული  მაგრამ  თავისუფალი.

დრამატულ  სცენაზე უ. შექსპირის „ოტელო“ იშვიათად  იდგმება. შედარებით  ცნობილი მისი ჯ.  ვერდის საოპერო ვერსია,  რომელიც თითქმის ყველა ცნობილი ტენორის რეპერტუარშია. დიდი წარმატება ჰქონდა ქართულ საბალეტო ვერსიასაც:  ა. მაჭავარიანის „ოტელო“ უდიდესი ბალერონისა და ბალეტმასტერის  ვ. ჭაბუკიანის შესრულებით.

თ.  ჩხეიძის არჩევანმა გაკვირვება გამოიწვია თეატრალურ წრეებში, თუმცა წარმოდგენამ აჩვენა, რომ რეჟისორი არ ღალატობდა ჩვეულ სტილს, ფსიქოლოგიურ, განცდის თეატრს. დადგმის მიზანი იყო მთავარ პერსონაჟთა სულიერი სამყაროს წარმოჩენა, მათ  ურთიერთობათა და გრძნობათა ბუნების „გაშიშვლება“,  მაყურებლისათვის იმის ჩვენება, თუ რას განიცდის ესა თუ  ის გმირი მთელი სპექტაკლის მსვლელობისას. მარინა ჯანაშიას დეზდემონა იყო არა ოტელოს  მეტოქე „არამედ მისი ბადალი მეგობარია, ნებისყოფიანი ადამიანი, რომელსაც ესმის ქმრის სულიერი განცდები და მასთან ერთად იზიარებს ცხოვრებისეულ თუ მეომრულ ჭირ-ვარამს. ამ სპექტაკლის დეზდემონა თითქმის ვერც კი ამჩნევს იაგოს... პიროვნული ღირსებებით,  მომხიბლაობით აღსავსე  ქალი, შეუპოვარი და მახვილივით შემართული. ჯანაშიას თამაშის წყალობით ჩვენ ვხვდებით,  რომ ოტელო არ არის იდეალური პიროვნება -  მან  ვერ დაინახა დეზდემონას სიყვარული ... და არ დაუჯერა დეზდემონას.“  - წერდა ი.  ვიშნევსკაია. 

ჯანაშიას შემოქმედებაში  ხშირად იყო შემთხვევები,  როდესაც  რეჟისორები იწვევდნენ  მას სხვა თეატრებში სხვადასხვა როლების შესასრულებლად.  მიჩნდათ რომ ეს როლი სწორედ  მასზე იყო  „ზედგამოჭრილი“: მაგ.  ევრიდიკეს როლი გ. თოდაძის მიერ  კ. მარჯანიშვილის თეატრში დადგმული ჟ. ანუის ამავე სახელწოდების პიესაში, ისევ  თ. ჩხეიძის მიერ სამეფო  უბნის თეატრში განხორციელებულ სპექტაკლში  ტ. უილიამის  „კატა ცხელ თუნუქის სახურავზე“  და სხვ. ერთხელ რეჟისორმა ანზორ ქუთათელაძემ  მთხოვა წამეკითხა ფრანსუაზა საგანის  პიესა „ხიჭვი“, რომელიც  მაშინ არ იყო თარგმნილი ქართულ  ენაზე, მეთქვა ჩემი აზრი ამ პიესის შესახებ და ისიც,  ვთარგმნიდი თუ არა  მას. საუბარში გაირკვა, რომ მთავარ როლში იგი  სწორედ მარინა ჯანაშიას ხედავდა. სამწუხაროდ  ა. ქუთათელაძე  მალე გარდაიცვალა, მაგრამ ეს სპექტაკლი  მაინც შედგა  რუსთაველის თეატრის  მცირე სცენა ნ. ბაგრატიონის დადგმით   სახელით  „გედის სიმღერა“,   სადაც  მთავარ, ნახევრად შეშლილ  მოხუც მსახიობ ქალს  მარინა ჯანაშია თამაშობდა.

წარმატებული იყო  უკანასკნელი ხანის კიდევ რამოდენიმე  როლი, რომელიც  მარინა ჯანაშიამ შეასრულა  რეჟისორ  გოჩა კაპანაძესთან  რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე: რონალდ ჰარვუდის „მოხუცი ჯამბაზები“, ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“ და ფრიდრიხ შილერის „მარიამ სტუარტი“.

ელისაბედი –  მარინა   ჯანაშია  ხანშიშესულ  ასაკს  მიტანებული დედოფალი,  მთელი სპექტაკლის  განმავლობას „მოწმის“  სახით ესწრება  ქმედებას. იგი  მწარედ  განიცდის ჩადენილ  საქციელს და თავისი ცხოვრებისეული  მოგონებებიდან,  ყველაზე ტრაგიკულ, თავის  ყველაზე   დიდ  ცოდვად  გვირგვინოსანის  სივდილით  დასჯას  მიიჩნევს. შთამბეჭდავად  და მაღალი  ოსტატობით  ასრულებს სპექტაკლის  დასაწყისის პირველ,  ძალზე  ემოციურ  სცენას, როცა დედოფალი  საკუთარ ხელებზე  სისხლის  ლაქის ანაბეჭდებს ეძებს, კლავისინზე  გადაფარებულ ინგლისის სახელმწიფო  ფერგაცვეთილ დროშაზე  დაყრდნობილი,  სანთლის შუქზე ათვალიერებს  ხელებს და სიმშვიდეს მხოლოდ  მაშინ მოიპოვებს,  როდესაც  ამ ლაქებს  ვერ აღმოჩენს. 

რაც შეეხება მარინა ჯანაშიას მიერ კინემატოგრაფში შესრულებულ როლებს ეს იქნება

„დინოზავრის  კვერცხი“ (რეჟისორი  ქ. დოლიძე), „ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა“ (რეჟისორი ქ.  დოლიძე), „სიბრძნე სიცრუისა“ (რეჟისორი  ნ.  ხატისკაცი), „მარტოხელა მონადირე (რეჟისორი ქ. დოლიძე), „ცოდვის შვილები (რეჟისორი  გ. ჩოხელი), „მარადისობის კანონი“ (რეჟისორი  ვ. ჭელიძე), „კუკარაჩა“ (რეჟისორი  ქ. დოლიძე),  „გზის დასაწყისი“ (რეჟისორი  ლ. ელიავა), „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (რეჟისორი რ.  ჩხეიძე), „ნუცა“  (რეჟისორი  ა. რეხვიაშვილი)  მსახიობი არ ღალატობს თავის ხელწერას და მის მიერ არჩეული თუ განსახიერებული როლები გამოირჩევა სიმართლით, გულწრფელობით, პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ განცდათა სიღმისეული წვდომით, პარტნიორთან ურთიერთობის უზადო  ტექნიკით, კინოხელოვნებისთვის დამახასიათებელი ახლო ხედებით თამაშის ოსტატობის  ფლობით.

ადამიანები თვითონ ქმნიან საკუთარ  ბედს. მარინა ჯანაშიას გრძელი შემოქმედებითი გზის განხილვისას რწმუნდები, რომ იგი აღმოჩნდა იქ სადაც  უნდა ყოფილიყო: სრულიად ნორჩი კინოსტრუდიის ეზოში, მ. თუმანიშვილის სამსახიობო  ჯგუფში, რუსთაველის სახ.  თეატრში,  თემურ ჩხეიძის  გვერდით მარჯანიშვილის თეატრშიც ...

მან საკუთარი ხელით შექმნა თვისი განუმეორებელი, საინტერესო და ძალიან ფასეული თეატრალური შემოქმედება.

 


უკან დაბრუნება