Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
გვერდაუვლელი ძველი სადგურები
გვერდაუვლელი ძველი სადგურები23-11-2012, 00:00 |
სოფო ძიძიგური
11 ნოემბერს გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულმა თეატრმა კიდევ ერთი პრემიერა შესთავაზა საზოგადოებას. პიესის ავტორი, ლეილა არაბული გახლდათ, რომლისთვისაც ეს სადებიუტო ნაწარმოები იყო, ხოლო დამდგმელი რეჟისორი, სოსო ნემსაძე. ვიდრე სპექტაკლის განხილვას დავიწყებდე, მინდა თავად პიესას შევეხო, რომლის სახელიცაა ,,გვერდს ვერ აუვლი, შენ ძველ სადგურებს”, მოკლედ რომ მოგახსენოთ თემატიკა ომს (სავარაუდოდ 2008 წლის, რადგან არაა ზუსტად მითითებული და არც პიესიდან იკვეთება) და მის შედეგებს ეხება, გაუბედურებულ ხალხს, ახალგაზრდებს და ასევე ძველ თაობას, თუმცა ეს პიესაში იმდენად ბუნდოვნად არის გადმოცემული, რომ პირველ რიგში მკითხველი და შემდეგ მაყურებელი, დიდი ეჭვი მაქვს, მიხვდეს და მალევე გაერკვეს ვითარებაში, ვინაიდან ნაწარმოები მსგავსი ტიპის თემაზეა, მე საჭიროდ მიმაჩნია ავტორს მიეთითებინა, თუ რომელ ომზეა საუბარი, I და II მსოფლიო, სამოქალაქო, აფხაზეთის თუ 2008 წლის მოვლენებზე, პიესას არ გააჩნია ის ელემენტარული სტრუქტურა, რაც ყველა ამ ტიპის ნაწარმოებისათვისაა აუცილებელი, ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, კულმინაცია და კვანძის გახსნა. იდეას, არ აქვს განვითარება, ბუნდოვანია. არის გარკვეული თემები, როგორიცაა სიყვარული, ადამიანობა, თავგანწირვა, ერთგულება თუმცა ეს ჩანასახშივე ჩახშობილია. ამ ყველაფრის შემდეგ უფრო მეტად საინტერესო გახდა, თუ როგორ გადაიტანდა რეჟისორი ამ ყველაფერს სცენაზე. სპექტაკლის სცენოგრაფია არ იყო მრავალფეროვანი, რეჟისორი ცდილობს, მხოლოდ საჭირო რეკვიზიტით დატვირთოს ფიცარნაგი, რომლიც მთლიანად თეთრია, მარცხენა მხარეს კასრია განთავსებული, მას საცობად პოლიეთილენის ერთჯერადი პარკი აქვს მიმაგრებული, ირგვლივ ამავე პარკებითაა მოცული გარემო, სცენის შუაში კი დიაგონალზე ლიანდაგები და კიბეა განთავსებული. ამ სივრცის ბოლოს თეთრი კედელია, რომელსაც რეჟისორი ეკრანის ფუნქციას ანიჭებს. მოქმედება იწყება მიმავალი მატარებლის ხმით, რომელსაც გოგონას (გვანცა კანდელაკი) გამოჩენა ახლავს თან, პირველივე შეხედვისას ნათელი ხდება, რომ იგი მსუბუქი ყოფაქცევის ახალგააზრდაა, რომელსაც კიდევ ერთი ნაძირალა ,,უპატივცემულოდ” მოექცა, ,,დამქირავებლისა და დაქირავებულის” უფლებები კიდევ ერთხელ დაირღვა და არამც თუ ფული არ გადაუხადეს არც კი ,,მოიხმარეს” საჭიროებისამებრ. ადელე-ს მუსიკის ფონზე ბიჭიც (ლევან შენგელია) ჩნდება სცენაზე, რომელიც ჯერ გაურკვეველია ვინაა. თუმცა კისერზე ჩამოკიდებული ფოტოკამერა ცხადყოფს, რომ მინიმუმ მოყვარული და მაქსიმუმ ფოტოგრაფია, ის გოგონას ათვალიერებს და ფოტოებს უღებს. ყალბია ინტონაცია რომელშიც, გოგოს გაბრაზება და გაოცება იგრძნობა, თანამედროვედ კი გამოიყურება, მაგრამ, რატომღაც, ცოტა უფრო შორეული წარსულის ენით გვესაუბრება, ეს ყოველივე პირდაპირ კავშირშია პიესასთან, რომელშიც უხეშად და უადგილოდ არის გამოყენებული ჟარგონები, რომლის გვერდითაც არქაულიც ,,მშვენივრად” თანაარსებობს. აქედან გამომდინარე, ისიც გაუგებარი ხდება საერთოდ რა დროში ხდება მოქმედება, თუ თანამედროვე ენაზე საუბრობ, მაშინ რა საჭიროა ძველი, როცა არავითარი საფუძველი არ აქვს ამ სიძველეს. გოგოსა და ბიჭის დიალოგი მუდმივი კინკლაობით არის სავსე, ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ახალგაზრდა მამაკაცს გოგო მიჰყავს დანგრეულ შენობასთან, რომელიც პროექტორის მეშვეობით ჩნდება ჩვენს წინაშე, და ამ ნანგრევების მოფერებას თხოვს, ის თითქოს დანგრეული საქართველოს სიმბოლოა, მაგრამ მეძავი იმდენად ქარაფშუტაა, რომ საერთოდ ვერ ხვდება, თუ რაშია საქმე, ახალგაზრდების ,,იდილიას” მოხუცი კაცი (ზურაბ ხინშიკაშვილი) არღვევს, როგორც ირკვევა ყოფილი სამხედრო მოხელეა, შეიძლება თავის დროზე კაპიტანიც კი, ის ამ არეულ ყოფას გაუგიჟებია და ახალგაზრდებს არარსებული ჯარისკაცების მოვლაში თხოვს დახმარებას. წარმოდგენაში სხვადასხვა თემის გამოტანა ხდება, თუმცა კიდევ ვიმეორებ-პიესა იმდენად სუსტია, რომ ვერც ერთი თემის გაშლას და შესაბამისად დასრულებას ვერ ვხედავთ. გოგო, რომელიც მეძავია, სულაც არ იყო ჩემთვის დამაჯერებელი, ჩემს წინ უფრო ნერვიული ქალი იდგა, რომელიც ყველფერზე ყვირის, არც ცდილობს მამაკაცის ,,შეცდენას” სანამ თავად ბიჭი არ დაუსვამს კითხვას ,,საიდან დავიწყოთ”? რომელიც სრულებით არ ეხება სექსუალურ აქტს. მეძავი არც ძალიან უწმაწური სიტყვებით გამოირჩევა, არც სიგარეტს აბოლებს ცხვირში მათ, ის საპნის ოპერის გმირს უფრო გავს (,,Pretty woman”) რომელიც უნდა უყვარდეთ და თანაუგრძნობდნენ, რეჟისორს წამოწეული აქვს წინა პლანაზე გმირი ქალის სულიერი საწყისი, სპექტაკლის ავტორი ხაზს უსვამს და გამოკვეთს იმ თვისებებს, რაც პიესაში შედარებით ბუნდოვანია, რომ მასაც შეუძლია დახმარება და ადამიანებთან მხოლოდ გასამრჯელოს აღების მიზნით არ ურთიერთობს, ამას კი ვხედავთ მაშინ, როცა გოგონა მზადაა შეშლილ მოხუცს შეუმსუბუქოს სატანჯველი და მის ნაბოდვარს დაეთანხმოს, ერთი მომენტი სადაც გოგონა ბიჭს უყვირის, გაუგებარი აღმოჩნდა იმ კუთხით, რომ ეჩხუბება ლევან შენგელიას გმირს და ამ დროს უყურებს მოხუც ჯარისკაცს, ეს ხომ არაა აბსურდის დრამა რომ მსგავსი ქმედება გამართლებული იყოს? ერთი შეხედვით სიუჟეტი ისე ვითარდება თითქოს ამ ორ ახალგაზრდას ერთმანეთი უნდა შეუყავრდეთ, მაგრამ ამ ფაქტის კულმინაცია არ ხდება პიესაში საკმარისი დოზით და შესაბამისად არც სპექტაკლში, ის რაღაც ეტაპამდე მიდის და ჩერდება. დანგრეულ შენობასთან მისულებს გვგონია, სულ სხვა რამ მოხდება, რომელიც რეალობასთან უფრო ახლოსაა, მაგრამ არა, ბიჭი იმდენად ,,ვაჟკაცია”, რომ სურს გოგოში პატრიოტული სულიკვეთება გააღვიძოს და არა ვნება, საერთოდ გაუგებარია რატომ ჩნდება მოხუცი ამ სპექტაკლში, (პიესაში) არავითარი წინაპირობა არ არსებობს მისი გამოჩენის, სრულიად მოულოდნელად ერთი ვითარებიდან გადავდივართ მეორეში, გაუგებარია, რატომაა ის ასეთი მკაცრი გოგონას მიმართ, ან შემდეგ რატომ ხდება ლმობიერი, როცა იგებს რომ ისინი ,,მსახიობები” არიან. გულის გათბობა ლოგიკურად, ალბათ, იმით უფრო შეიძლებოდა, რომ რომელიმე ომთან და ჯარისკაცებთან, ან მათ ოჯახებთან რაიმე კავშირში ყოფილიყვნენ. როდესაც წარსდგებიან არტისტებად, ბიჭი მღერის ინგლისურ სიმღერას, რომლითაც კიდევ უფრო ამყარებს მის ნათქვამს და იწყებენ მოხუცთან საუბარს, საიდანაც ირკვევა, რომ იგი ომმა ჭკუიდან შეარყია და ახლაც იქაა ჩარჩენილი, თუმცა ქალის პატივისცემა არ დაუკარგავს და გოგონას ორივე მამაკაცი მოკრძალებით ექცევა თუ არ ჩავთვლით ბიჭის გამუდმებულ ლაზღანდარობას. გვანცა კანდელაკის გმირი სრულიად ერთფეროვანია, შიგადაშიგ დამაჯერებელია, თითქოს მართლაც მეძავი დგას სცენაზე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ახერხებს დარწმუნებას, რომ მას ტკივა, გაბრაზებულია, რომ სამყარო მას დაუპირისპირდა, არავინაა მისი დამხმარე და რომ იძულებულია აკეთოს ის რასაც აკეთებს. ჩემთვის ძალიან ხელოვნური იყო მისი გამუდმებული ისტერიკა, რომელიც გადაჭარბებული მეჩვენა, ის მეძავია და არა ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, მისთვის მარტივი უნდა იყოს უცხო პიროვნების მიტოვება, მით უმეტეს რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ამ მოკლე პერიოდის მანძილზე, თუმცა ბიჭი მასში რაღაც გრძნობებს აჩენს, რომელიც მუდმივად აკავებს. მოხუცი ჯარისკაცი სცენაზე მიმოფანტულ ერთჯერად პარკებს კრიფავს, თითქოს ცდილობს არეული და დანგრეული შენობის მილაგებას, დროდადრო პროექტორზე მატარებელი ჩნდება, რომელიც ამ სამი ადამიანის ერთიანობას არღვევს, ისინი ბეწვის ხიდზე არიან, ხან ერთი აპირებს თავის მოკვლას, ხანაც მეორე, უფლებას არ აძლევენ ერთმანეთს მსგავსი სისულელე ჩაიდინონ. ბიჭი მეძავი გოგოსთვის თითქოს პირველი კაცია, რომელიც ასე ადამიანურად ეპყრობა, თანაც ძალიან მხიარულია, თან სევდიანი, ამოუცნობი, ჩვენ ვერ ვხდებით, ვინაა ეს ბიჭი, რა უნდა, საიდან მოვიდა. ეს იდუმალება კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება გოგონასთვის, ეს მომენტი რეჟისორს ძალიან ფრთხილად და სადად აქვს გაკეთებული, ამიტომაც ჩვენ სულ მოლოდინში ვართ გავიგოთ ვინაა ეს ყმაწვილი, ეს ყოველივე კი გვაძლევს იმის საშუალებას, თავად განვსაჯოთ და გამოვიტანოთ დასკვნები, რათა მაყურებელმა აღიქვას ისე, როგორც მას სურს. ლევან შენგელიას გმირი ყველაზე უფრო დამაჯერებლი აღმოჩნდა ჩემთვის, ის ერთი მარტოხელა, წესიერი ადამიანია, რომელიც არ სარგებლობს სხვა პიროვნებების სისუსტეებით, პირიქით, მზადაა დაეხმაროს, თუმცა ხანდახან მასხარას პოზიციაში წარმომიდგებოდა, ადამიანი რომელმაც ბევრი რამ იცის, მუდამ სხვებს ამხიარულებს, მაგრამ მხრებით უზარმაზარ სევდას დაატარებს. ჩემთვის საინტერესო იქნებოდა, თუ გაიშლებოდა ეს თემა სპექტაკლში მაგრამ, კიდევ ვიმეორებ პიესა ამის საშუალებას არ იძლეოდა. ზურაბ ხინჩიკაშვილის გმირი ცდილობდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შეძლო ყოფილიყო გაუბედურებული, ჭკუიდან შეშლილი ადამიანი. გადამეტებული იყო პათეთიკა, მეტყველების პრობლემა კი ჩემთვის დისკომფორტს წარმოადგენდა. სპეკქტაკლში შემოდის ზღვის თემაც, რომელიც შავია, თუმცა არა, ლურჯია და მერე გაწითლდება, მოხუციც ამ წითელი წვეთების საძებნელად მიდის, ისმის ვერტმფრენის ხმა და ის მიფრინავს, მეძავისა და ბიჭის დიალოგში რომანტიკული პლასტები იკვეთება, თითქოს გოგონა ცდილობს გული გადაუშალოს მაგრამ ბიჭი არ აძლევს ამის საშუალებას, არ უშვებს მასთან ასე ახლოს. მაგრამ თუ რატომ, ეს წარმოდგენაში არ ჩანს. მხოლოდ ვხედავთ იმას, რომ ეს ადამიანები ერთმანეთისთვის ძვირფასნი გახდნენ, იქნებ იმიტომ, რომ მათ არავინ ჰყავთ ერთმანეთის გარდა? ფინალში, სცენაზე დაბრუნებული მოხუცი და გოგონა დამეგობრდებიან კიდეც. როგორც უკვე აღვნიშნე, მუდმივად კამათობს ახალგაზრდა წყვილი, თუმცა როდესაც ეკრანზე მატარებელი გამოჩნდება და ბიჭი გადაწყვეტს სამუდამოდ შეეშვას ყველას, გოგონა ამის უფლებას არ აძლევს, მაგრამ საბოლოოდ ბიჭი მაინც მიდის, გოგონა მარტო რჩება, ის იშორებს პარიკს, როგორც სიმბოლოს ძველი ცხოვრების, ფეხშიშველი, სუფთა ნაბიჯებით მიემართება ბიჭისკენ ახალი ურთიერთობის დასაწყებად, სცენის უკან ჩნდება ხის სილუეტი და ისინი ამ ხესთან კვლავ გადაკვეთენ ერთმანეთს, მოხუციც თავის ლაბადას იხურავს და ასე მიდის ზეცაში. ვფიქრობ მეტად საინტერესო იქნებოდა, რომ გვენახა ერთი კონკრეტული ადამიანის ისტორია, თუნდაც ამ მეძავი გოგოსი, რომელიც ომმა ამ დღეში ჩააგდო, ან მოხუცის, ან ბიჭის, იმიტომ რომ არც ერთი დაწყებული თემა, არ იყო და დასრულებული. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ პიესა იმდენად უსუსური აღმოჩნდა, რეჟისორს ხელ-ფეხი შეუკრა. მაგრამ მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ შეაჩერა ყურადღება რეჟისორმა ამ პიესაზე? რა იყო მისთვის საინტერესო? დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სპექტაკლის ავტორმა ეს პიესა მხოლო და მხოლოდ იმისთვი აირჩია, რათა ახალგაზრდა და მით უმეტეს დამწებ დრამატურგებს შუწყოს ხელი, რასაც მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, მაგრამ არა მგონია, მსგავსი ტიპის ნაწარმოებებით რამე ღირებული შეიქმნას, როცა პირველწყარო ამის საშუალებას არ გაძლევს. მიუხედავად ამისა, არსებობს მეორე მხარეც-მარკეტინგი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს თეატრებისათვის, ამიტომაც იდგმება კომერციული სპექტაკლები, რაც აუცილებელიცაა ჩემი აზრით, რათა მაყურებელს ქონდეს საშუალება, აირჩიოს მისთვის სასურველი, ნახოს ისეთი რამ, რაც გულს აუჩუყებს, დაანახებს გარყვნილი ადამიანის ნათელ მხარეებს. მაგრამ საინტერესოა, რა უფრო მნიშვნელოვანია მარკეტინგულად-კარგად შეფუთული და მიწოდებული პროდუქტი, თუ ხარისხობრივად? ამ კითხვას კი, ალბათ, მომავალში მაყურებლის აქტიურობა გასცემს პასუხს.
უკან დაბრუნება |