Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > “იქნებ, იქნებ..”
“იქნებ, იქნებ..”

“იქნებ, იქნებ..”


25-11-2012, 20:20

 

მაკო გოჩაშვილი    

 

რა რთულია იყო მარტო, სრულიად მარტო.. განსაკუთრებით მაშინ, როცა ფუშფუშა საპატარძლო კაბა გაცვია, მორთულ-მოკაზმული და მაკიაჟით დამშვენებული ზიხარ შენს მარტოობით გაჟღენთილ ოთახში, მადააღძრული, მაგრამ სრულიად მარტო მიირთმევ საქორწილო წვეულებისთვის მომზადებულ, სიძისა და პატარძლის ბუტაფორიით დამშვენებულ ტორტს, მაგიდის ქვეშ ღვინოსა და ორ ჭიქას მალავ მხოლოდ თქვენ ორნისთვის, გადიხარ რეპეტიციას თუ როგორი უნდა იყოს დღე, როდესაც შენს მეორე ნახევარს იპოვნი. სინამდვილეში კი სულ მარტო ხარ და ამ ყველაფერს მთელი არსებით გრძნობ. სამყარო, რასაც ტორტი, ღვინო, საპატარძლო სამოსი და შენი ფანტაზია ქმნის, სულაც არ არსებობს. ის არც სიზმარია და არც რეალობა. უბრალოდ სრული აბსურდია, დასაწყისისა და ბოლოს გარეშე.

 

“იქნებ, იქნებ..”

 

 

2012 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, სექტემბრის ერთ-ერთ თბილ საღამოს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენისკენ ავიღე გეზი. ვიცოდი, რომ მექსიკელი რეჟისორისა და მსახიობის, გაბრიელა მუნოზის, მონოსპექტაკლი “იქნებ, ოქნებ..” უნდა მენახა, თუმცა წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ წინ იმპროვიზაციით გაჯერებული, უზომოდ სახალისო და ამავე დროს სევდიანი ჯამბაზის შოუ მელოდა.

თეატრის ისედაც პატარა სხვენში საკმაოდ ცოტა მაყურებელმა მოიყარა თავი. დარბაზის ჩაბნელებისა და სცენის განათებისთანავე ჩვენ წინ დროისა და ალბათ ხმარებისგანაც დაძველებულ და ფერდაკარგულ საპატარძლო კაბაში გამოწყობილი, უზომოდ სახასიათო გარეგნობის მქონე მსახიობი გამოჩნდა. მაყურებლის ყურადღებას უამრავი დეტალი იქცევს: ფრიალა კაბა, პატარა ფატით დამშვენებული ხუჭუჭა თმები, ქაღალდის თაიგული, გრიმი სახეზე, და ყევლაზე მნიშვნელოვანი - ეშმაკური მზერა. მზერა, რომლითაც მსახიობი კონტაქტს ამყარებს მაყურებელთან. და მზერა, რომელშიც ჩვენდაგასაკვირად ერთმანეთს ერწყმის უიმედობა და იმედი, მოწყენილობა და ხალისი, მარტოობა და ამავე დროს ყოფნა ისეთ სიტუაციაში, სადაც მარტო არ ხარ.

 

რთული მისახვედი არაა, რომ საპატარძლო სიძის მოლოდინშია. თითქმის ყველაფერი მზადაა: პატარძალი, მღვდლისა და მეჯვარეების კოსტიუმი, რომელიც ფურცლებისა და ტუალეტის ქაღალდისგანაა დამზადებული, ჯვრისწერის აღსანიშნავი წვეულებისთვის გამზადებული ტორტი, ღვინო და ჯვრისწერის ღამისთვის ფუმფულა ტახტი, რომელზეც მომავალი მეუღლე რეპეტიციასაც კი გადის ბალიშით გაბერილ მამაკაცის კოსტიუმთან ერთად. რეპეტიციის დასრულებისთანავე კი ნამდვილი შოუ იწყება.

 

მაგრამ სასიძო? მსახიობი ბევრი ფიქრის გარეშე იწყებს მის ძებნას პარტერში. დარბაზი საკმაოდ პატარაა, ასე რომ, არც ისე ძნელი უნდა იყოს ყველაზე სიმპათიური მამაკაცის ამორჩევა. თუმცა აშკარაა, რომ პატარძალი ალტერნატივის წინაშე დგება. რომელი აირჩიოს? პირველ რიგში მჯდომი ცნობილი ქართველი მსახიობი? თუ ამავე რიგში მჯდომი ქართველი რეჟისორი? არა, იქნებ მეოთხე რიგში მჯდომი სიმპათიური ჭაბუკი სჯობს? მაგრამ მასთან მისასველი გზა რომ რთულია? ის კი სულაც არ აპირებს სცენაზე გასვლას. პატარძალი სიძემდე მიმავალ გზას ტუალეტის ქაღალდით იკვლევს. ტუალეტის ქაღალდი, ყოველდღიური მოხმარების საგანი, რომელზეც არავინ არასოდეს ზრუნავს. მისი მოხმარება და ცვალებადობა იმდენად ბუნებრივი რამაა, რომ მასზე ფიქრიც კი უდიდესი სისულელეა. ტუალეტის ქაღალდი არამგონია წარმოდგენაში შემთხვევით შემოტანილი რეკვიზიტი იყოს. საპატარძლოს მიერ ამორჩეული სასიძოებიც სპექტაკლის ყოველი ჩვენებისას ხომ ისევე იცვლებიან, როგორც ტუალეტის ქაღალდი ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

 

მომავალი ქმრის სცენაზე ჩაყვანა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მსახიობს თვითონ მოუწია პარტერში გასვლა. სულ რამდენიმე წამში პადრეც შეირჩა და ხელისმომკიდეებიც. თუმცა ერთი, არც თუ ისე პატარა ცვლილება მოხდა. პადრემ და საქმრომ როლები გაცვალეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პადრე უფრო დაბალი და შესაბამისად ადვილად საკოცნელი აღმოჩნდა. 

 

ყველაფერი მზადაა! სიძე, პატარძალი, კოსტიუმები, ხელისმომკიდეები, თაიგული, ტუალეტის ქაღალდისგან გაკეთებული გზა საკურთხევლამდე, პადრე და რაღათქმა უნდა იმედი იმისა, რომ მარტოობას ბოლო უნდა მოეღოს. მაყურებელი სიცილს ვერ იკავებს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც სრული სერიოზულობითა და დამაჯერებლობით იქცევა, თვითონ მსახიობია, რომელსაც არასოდეს ელევა სახუმარო და საიმპროვიზაციო თემები. 

 

ჯვრისწერის სცენას თან ახლავს პატარძლის ნამღერი უაზრო ბგერები. ამ შემთხვევაში კი საქორწილო მარში. ამ ყველაფერს განმარტოვებული წყვილის პირველი ვახშამი და პირველი ხვევნა-ალერსი მოსდევს. პატარძალი ცეკვითა და კაბის გახდითაც კი ცდილობს ქმრის მოხიბლვას, მაგრამ იმდენად ტლანქი და მოუქნელია, რომ “ახალცოლშერთული” სიცილის გარდა ვერაფერს ახერხებს. ცდილობს, თავი დააღწიოს ამ უჩვეულო სამყაროს და ძალიან მალე თავის ადგილს უბრუნდება კიდეც პარტერში.

ისევ მარტოობა..

ისევ ლოდინი..

ყველაფერი, რაც სულ რაღაც რამდენიმე წამის წინ ჰქონდა, გაქრა. მისთვის აღარც ცოტახნის წინ ვითომ შერთული ქმარი არსებობს და აღარც დარბაზში მჯდომი სხვა რომელიმე მამაკაცი. ყველაფერი ცხადია: მარტოობას არასოდეს მოეღება ბოლო. ერთადერთი დადებითი რამ, რაც არსებობს ალბათ ისაა, რომ ქალს კიდევ შერჩა ძალა, ხანდახან მაინც მიენდოს ოცნებებს, ჩაიცვას თავისი დაძველებული კაბა, ქაღალდისგან გამოჭრას ყვავილები, მოეფეროს ბალიშებით გაბერილ მამაკაცის კოსტიუმებს და იცხოვროს ილუზიებში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მარტოობა ჭკუიდანშემშლელი რამაა.

 

რა შეიძლება ითქვას მსახიობზე? არამგონია სპექტაკლის რეჟისორი და მსახიობი ცუდ შეფასებას იმსახურებდეს. მან ხომ მთელი ერთი საათის მანძილზე შეძლო, მაყურებლის თვალები კაშკაშა სხივით აევსო, მიეცა მათთვის საშუალება, მთელი გულით შეეყვარებინათ ის გარემო, რასაც თვითონ მსახიობი ჰქმინდა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ კი მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ გაბრიელა მუნოზი არ არის უბრალოდ ჯამბაზი. ის სცენური სიცოცხლის შემოქმედია. 

სპექტაკლს არც რაიმე პიესა ადევს საფუძვლად და არც რომელიმე ნოველის მიხედვითაა დადგმული. ეს მხოლოდ ადამიანის მოლოდინისა და იმედების ჯაჭვია, რომელსაც მთელი თავისი სიმძიმით ატარებს მარტოსული ქალი. ეს არის მოგზაურობა მარტოობის, ლოდინისა და იმედების სამყაროში “იმ ერთადერთთან” შესახვედრად, რომელიც არასდროს მოვა. ის ფაქტი, რომ უმარტივესი შინაარსის მქონეა, ჩემი აზრით, მეტ ხიბლს აძლევს სპექტაკლს. უმარტივესი უბრალოდ მარტივს არ გულისხმობს. ეს ჩვენი ცხოვრებაა. თემა, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის ახლო და გასაგებია. 

 

სპექტაკლის მსვლელობისას მაყურებელი და მსახიობი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. უფრო მეტიც, მაყურებელი ჩართულია თვითონ სპექტაკლში. არ აქვს მნიშვნელობა კაცი ხარ თუ ქალი. ნებისმიერი შეიძლება აღმოვჩნდეთ სცენაზე სასიძოს, პადრესა თუ მეჯვარეების როლებში. 

 

სპექტაკლი “იქნებ, იქნებ..” შეიძლება, ერთგვარ ექსპერიმენტადაც ჩაითვალოს. აქ არაა ტექსტი, არაა მუსიკა, განათება და დეკორაცია მინიმუმამდეა დაყვანილი, მსახიობი მხოლოდ ერთია და ძალიან დასაფასებელია ის ფაქტი, რომ ამ ყველაფრის გარეშე ახერხებს, სპექტაკლს მიანიჭოს სასიცოცხლო ენერგია სრულიად უცხო მაყურებელის წინაშეც კი. მისი შესრულების მანერა არის ძალიან რეალური, მგრძნობიარე, ამაღელვებელი, გულის ამაჩუყებელი და ამავე დროს ძალიან სახალისო. ეს არის სპექტაკლი, რომელიც უდიდეს სითბოს გიტოვებს და გაძლევს საშუალოებას, იმოგზაურო ხელოვნების ისეთ მრავალფეროვან სამყაროში, რასაც თეატრი და საცირკო შოუ ქმნის. 

 

 

 

 

 


უკან დაბრუნება