Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > “სულიერი არსებები”
“სულიერი არსებები”

“სულიერი არსებები”


13-12-2012, 13:08

მაკო გოჩაშვილი

ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “სულიერი არსებები”, რომლის რეჟისორიცაა დავით საყვარელიძე, აერთიანებს ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა ადამიანის პირადი სამყარო, პირადი სიამოვნებები, ოჯახი, მეგობრობა, ღალატი, რელიგია, ქართველი ხალხის მენტალიტეტი. ეს ყველაფერი გადმოცემულია ორი ოჯახის ცხოვრების მაგალითზე, რომელთა დაპირისპირებაც თაობიდან თაობაზე გადადის. ყველაფერი თავდაყირაა, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება ხოლმე გამოსავალი. ამ შემთხვევაში კი ამოსავალი წერტილი მოსისხლე მტრების შვილების სიყვარულია, რომელიც ყველაფრის მიუხედავად პოულობს თავის ადგილს. 

ამ სპექტაკლში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფანტასტიკური ელემენტიც იჩენს თავს საგნების სახით. გისაუბრიათ ოდესმე თქვენს სახლში არსებულ საგნებთან? თუ ჯერ არა, გირჩევთ ელაპარაკოთ, რადგან როგორც ჩანს, ხანდახან მათ ჩვენზე მეტი იციან!

მოქმედება გარეგნულად ერთ სივრცეში მიმდინარეობს, რომელიც სისადავითაა სავსე. სცენოგრაფიის ძირითადი ფერი მუქი წითელია, რაც არაჩვეულებრივ კონტრასტს ქმნის მსახიობების შავ სამოსთან. მოქმედების ადგილის ხშირი ცვალებადობის მიუხედავად, სცენოგრაფია არ იცვლება. იცვლებიან მხოლოდ გმირები და მათი ხასიათები. 

ერთი შეხედვით, სპექტაკლი თითქოს სასიყვარულო თემაზე უნდა იყოს აგებული. რუსკა მაყაშვილისა და დათო დარჩიას გმირები – მაიკო და თემიკო საკუთარი სიყვარულისთვის იბრძვიან. ისინი თავიანთი ოჯახების ცოდვებისა და შეცდომების მსხვერპლნი ხდებიან, მაგრამ მაინც ახერხებენ თავისი სიყვარულის დაცვას. 

სპექტაკლში თავს იყრიან თანამედროვე ქართული თეატრის თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ შექმნან განსხვავებული ხასიათისა და სტილის სცენური სახეები.

მარინა კახიანი, თავისი მეტყველებითა და მოძრაობის მანერით, კარგად მოერგო ამ როლს. ჩემი აზრით, სწორედ ასეთი დედის, დედამთილისა და საყვარლის სახის ჩვენება სურდა რეჟისორს. ეს არის ქალი, რომელიც ვნებებსაა აყოლილი. საკუთარი ცხოვრების ყოველ წუთს თამაშსა და თვალთმაქცობაში ატარებს, “ცხვირს ჰყოფს” შვილის პირად ცხოვრებაში, სარგებლობს მოჩვენებითი სტუმართმოყვარეობით შვილის მეგობრებთან; პირფერობს და უამრავ სისულელეს ამბობს; სახლში, პატივისცემისა და მოწიწების ნიშნად, ხელის აწევით ელაპარაკებიან და წინსაფრით დამშვენებული მამაკაცები ემსახურებიან. ჩვიდმეტი წელი, რვა თვე და ექვსი დღეა, რაც რომანი აქვს ძველ მეგობართან, რომელიც თავისი შვილის სიმამრი აღმოჩნდება. გარდა ამისა, ის გვევლინება მოძალადე და ტირან ქალად, რომელსაც საკუთარი სახლის ერთ ოთახში ტყვეც კი ჰყავს გამომწყვდეული და ამ ყველაფრის მიუხედავად, თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. შეიძლება მაყურებელში გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს მისი ლაპარაკის მონოტონურობამ და რობოტულმა ქცევამ. მარინა კახიანი, მოქმედების თავისებური სტილით წარმოაჩენს ისეთი ქალის სახეს, რომელსაც არავისზე ფიქრი არ აწუხებს საკუთარი თავის გარდა. 

მისი გმირის სრულიად საპირისპირო სახეს ჰქმნის თათული დოლიძე. ის განასახიერებს ისეთ ცოლსა და დედას, რომელიც ყოველთვის ოჯახურ ფუსფუსშია გართული. ქმარი გამუდმებით ღალატობს. შვილიც არაა ისეთი დამჯერი, როგორც თვითონ ჰგონია. ჩემი აზრით, რეჟისორს ძალიან კარგად ჰყავს შერჩეული ეს მსახიობები პიესის ამ ორი გმირის განსასახიერებლად. 

 

“სულიერი არსებები”

 

 

სწორედ თათული დოლიძის გმირის ცხოვრებაში ხდება ისეთი ფანტასტიკური ელემენტის შემოჭრა, როგორიცაა საგნების გაცოცხლება. მის საძინებელში არსებული ნივთები უამბობენ საკუთარი ქმრის ღალატის შესახებ და არწმუნებენ, რომ თვითონაც უნდა უღალატოს ქმარს. სცენა საკმაოდ კომიკურია, თუმცა უფრო კომიკურიც შეიძლებოდა ყოფილიყო სარეჟისორო ხელოვნების თვალსაზრისით. ასეთ გაურკვევლობასა და ქაოსში აღმოჩენილ ცოლს, ერთადერთი აზრი უჩნდება, დაურეკოს მეუფეს და ტელეფონით ჩააბაროს აღსარება. 

საგალობლის ფონზე, ხელში სანთლით, სცენაზე გვევლინება თათული დოლიძე. მეუფეს ურეკავს და უყვება იმ აბსურდული სიტუაციის შესახებ, რაც ცოტახნის წინ გადახდა. მეუფეს კი ისეთი კითხვები ებადება, რომ შეუძლებელია დარბაზში მყოფ მაყურებელს არ გაეცინოს. მათი საუბარი მთავრდება სიტყვებით: “მერე გადმოგირეკავთ, გკოცნით!” ეს სცენა პირდაპირკავშირშია დღევანდელ რელიგიურ მდგომარეობასთან. რაც არ უნდა სასაცილო იყოს, ეს ის რეალობაა, საითაც ქართველი საზოგადოება მიილტვის. რეალობა, რომელიც ნელ-ნელა ფესვებს იდგამს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

აღნიშვნის ღირსია სცენა, როდესაც სახლის გულმოდგინედ დალაგების შემდეგ, თათული დოლიძე ახალდაქორწინებული შვილის სანახავად მიდის. ეს ეპიზოდი სამძიმარს უფრო ჰგავს, ვიდრე საქორწინო მილოცვას. თათული გლოვობს, მოთქვამს, მოჩვენებით ცრემლებს აფრქვევს და თან მზითვებს აძლევს შვილს. 

რუსკა მაყაშვილის გმირი – მაიკო, ერთი შეხედვით, მშობლების ნებიერა, პრანჭია, წყნარი გოგოა. სინამდვილეში სულაც არ აინტერესებს მშობლების აზრი ან სახლში არსებული კონფლიქტი. მათთან დაპირისპირების პირველივე წუთიდან გადაწყვეტს სახლიდან გაქცევას. მეგობრებთან ერთად მობილურის ზარების მოსმენით ერთობა და დროს თემიკოსთან ლაპარაკში ატარებს. 

მაიკოს შეყვარებულისა და სპექტაკლის დასასრულს უკვე ქმრის როლს ასრულებს დათო დარჩია. მისი გმირი ერთი უბრალო თბილისელი ბიჭია. არ იცის როგორ მოიქცეს გოგოსთან, რომელიც ძალიან მოსწონს. დედასთან უთანხმოების გამო გაბრაზებული კი ერთადერთ გამოსავალს პოულობს, გამოიკეტოს თავის ოთახში და იტიროს. 

მარტო დარჩენილი შეყვარებულების სცენა სრულიად არაა ინტიმური. მაყურებელს არ ებადება ჭეშმარიტი სიყვარულის განცდა. სასიყვარულო სცენები ხომ ყოველთვის ინტიმით, ვნებითა და სითბოთი უნდა იყოს სავსე. აქ კი, პირადად მე, ასეთი გრძნობა არ დამეუფლა. ეს შეიძლება მსახიობთა თამაშსაც დავაბრალოთ. ამ მონაკვეთში ინტიმის სულ მცირე ელემენტი შემოაქვს დაბრაზში არსებულ სიბნელესა და სცენის კედელზე განათების მეშვეობით გამოსახულ პატარა ბურთულებს. მსახიობთა ნათქვამი ყველა სიტყვა კი უბრალოდ დაზეპირებული ბგერების ნაერთია. 

დავით კვირცხალია ჰქმნის ისეთი კაცის სახეს, რომელსაც არ ადარდებს არაფერი და თავისი პატარა ტვინით ცდილობს საკუთარი საიდუმლოებების დაფარვას. დაუკმაყოფილებელია სექსუალური მოთხოვნილებების თვალსაზრისით. ცხოვრობს ცოლთან ერთად და ამავე დროს, ჰყავს არაერთი საყვარელი. შეუძლებელია, აღნიშვნის გარეშე დავტოვოთ სცენა, როდესაც სახლში მოსულ ელდარს ერთ ოთახში მჯდომი, “მეგობრულად” მოსაუბრე საკუთარი ცოლი და საყვარელი დახვდება. მისი გამომეტყველება ერთ წამში იცვლება, რის შედეგადაც მაყურებლის წინ ჩნდება მგლოვიარე კაცი.

უარყოფით დამოკიდებულებას აღძრავს მაყურებელში დავით უფლისაშვილის გმირი სახელად “ღორო”. ეს პერსონაჟი თავის თავში აერთიანებს მრავალი სახის მქონე ადამიანს, რომელიც შეპყრობილია უაზროდ აკვიატებული აზრებით. ხან იარაღის ხმარებით, ხან სმით, ხან ვითომდა წრფელი სიყვარულით აღსავსე კაცის სახის ჩვენებით გვაბეზრებს თავს. ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამიტოვა სცენამ, როდესაც თავიანთი ბოროტი ზრახვებით ბედნიერი მარინა კახიანისა და დავით უფლისაშვილის გმირები ცეკვითა და ტაშის კვრით ირთობენ თავს. ამ მოჩვენებით მხიარულებას ახლავს აზიური მუსიკა. ეს სცენა ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ სპექტაკლში “სულიერი არსებები” ქორეოგრაფიული, მუსიკალური და მსახიობის ოსტატობის ხელოვნება მეტად უგემოვნოდაა ერთმანეთთან შერწყმული.

ყველაზე სახასიათო როლი ერგო მურმან ჯინორიას. თავდაპირველად ის გვევლინება ტყვედ, რომელიც მაყურებლისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, გამოუმწყვდევიათ ოთახში და დროდადრო ღრიალით გვახსენებს თავს. მას აიძულებენ აკეთოს ის, რაც მის უფროსებს სურთ. ისიც პატარა ბავშვივით ხმაჩაწყვეტილი და უსუსური ემორჩილება მათ მოთხოვნებს. თუმცა, შემდეგ სცენაში მურმან ჯინორია სრულიად საპირისპირო ხასიათის ტყვე-კოტეს წარმოაჩენს. მიზეზი გაურკვეველია, მაგრამ სპექტაკლის მიწურულს გამოჩენილი კოტე თავდაჯერებულია. სწორედ ამ წუთიდან ეფლობა დარბაზი აბსურდულ სამყაროში. მაყურებელი იბნევა და ვეღარ ხვდება სპექტაკლის რომელი პერსონაჟი დგას სცენაზე, ტყვე-კოტე თუ თემიკოს გარდაცვლილი მამა - კუსო. მურმან ჯინორიას ფრაზა: “გაუმარჯოს თქვენს პატარ-პატარა საიდუმლოებებს!” სპექტაკლის ამოსავალ წერტილად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან თითოეული პერსონაჟი თავის საიდუმლოებებით მოცულ სამყაროში მეფობს. 

კულმინაცია საკმაოდ დამაბნეველია. კედელზე ომის ამსახველ კადრებს ვხედავთ. ოპერის ჰანგების ფონზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი, ნისლთან შეზავებული მოსაწყენი ლურჯი ფერით ივსება. ამ სცენას მურმან ჯინორია დირიჟორობს. ცოცხლები კვდებიან, მკვდრები ცოცხლდებიან. ეს არის ზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, სადაც ყველა ცოცხალი ადამიანი არ შეიძლება ცოცხლად ჩაითვალოს და ყველა მკვდარი ადამიანი – მკვდრად.

ჩემი აზრით, სრულიად უადგილოა სცენა, როდესაც ვიდეო ჩართვის საშუალებით, კუსო მიმართავს ტყვე-კოტეს, წავიდეს და თავი დააღწიოს ტყვეობას. სცენის სიღრმეში, მაყურებლისკენ ზურგით მდგომი მსახიობების ფონზე, ამჯერად თემიკოსა და მისი მეგობრის დიალოგს ვისმენთ. როგორც მსახიობს, ასევე მაყურებელს ებადება ერთადერთი და უკანასკნელი კითხვა: “ახლა ჩვენ ცოცხლები ვართ თუ მკვდრები?!”

ასეთი აბსურდული დასასრული ალბათ მეტ ინტერესს სძენს სექტაკლს, რადგან მაყურებელი აუცილებლად დაიწყებს იმაზე ფიქრს, თუ სად მოხვდა და რას წარმოადგენდა ის სამყარო, რომელიც დაახლოებით ორი საათის განმავლობაში არსებობდა მის ირგვლივ. 

დავით საყვარელიძის მიერ დადგმული სპექტაკლი “სულიერი არსებები” არ არის მაღალმხატვრული ხელოვნების ნიმუში, მაგრამ თეატრში გართობის მიზნით მისული მაყურებლისთვის საკმაოდ საინტერესო შეიძლება იყოს. ამას, რა თქმა უნდა, მსახიობთა დასიც განაპირობებს. აქ ხომ დღევანდელი თეატრის ზემოთ ხსენებული ცნობილი მსახიობები გვხვდებიან. სპექტაკლში პატარა, მაგრამ სახასიათო როლებს ასრულებენ მსახიობები: ნინო თარხან-მოურავი, ქეთი ხიტირი და თემიკო ჭიჭინაძე. ზოგიერთ მათგანს რამდენიმე როლის თამაშიც კი უწევს, რადგან როგორც უკვე ვთქვი, სპექტაკლში გაცოცხლებული საგნები გვევლინებიან. 

მართალია, წარმოდგენის მსვლელობისას თანდათან მატულობს ახალი დეტალები და ინტრიგა, მაგრამ საკითხავია რამდენად ემთხვევა მსახიობების გრძნობები და ქმედებები ერთმანეთს და რამდენადაა დამაჯერებელი მათი შესრულების მანერა. სპექტაკლი მთავრდება მსახიობთა ერთნაირი ქორეოგრაფიული მოძრაობებით და განცდით, რომ მათი გმირების ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება. ისინი ისევ ისეთ სულიერ არსებებად დარჩებიან, როგორებიც მაყურებელმა იხილა რუსთაველის თეატრის დასის მსახიობთა შესრულებით. 

 

“სულიერი არსებები”

 

 

 


უკან დაბრუნება