Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > „და რაც აქ ნახეთ, სიზმარი იყო“
„და რაც აქ ნახეთ, სიზმარი იყო“

„და რაც აქ ნახეთ, სიზმარი იყო“


13-01-2013, 03:10

 

გიორგი ყაჯრიშვილი

 

დავით დოიაშვილის ერთწლიანი „სიჩუმე“ დრამისა და მუსიკის თეატრში დაირღვა და   წარმატებით დასრულდა. როგორც ჩანს, მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობის“ აგრესიული ფლანგი „ქართული ოცნების“ ფრთის ქვეშ მყოფ ხელოვნების მოღვაწეთ ებრძოდა, მაშინ როცა  ახლად მოსული ხელისუფლება ამ თეატრის  შენობის აშენების და არაშენებულ ვერსიას იხილავდა,  რეჟისორი ღრმა ფიქრებში იყო ჩაფლული და უ. შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პიესას „The Midsummer’s Night“  რთულ ლაბირინთებში გარკვევას ცდილობდა. მაესტროს აჩრდილიც არ აძლევდა მოსვენებას - მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული ეს პიესა - პირველად  1964  წ. რუსთაველის თეატრში, რომელიც „ჩავარდნად“ მოინათლა და მეორედ  1992 წელს მესამე კურსელი სტუდენტისთვის  მოგონებად ისევ რჩებოდა. „მ. თუმანიშვილი ისე შორს წავიდა თავის  „სიზმრებში“, რომ შექსპირის  ზაფხულის ღამის სიზმრები (ბრჭყალების გარეშე ნ.გ.) საკუთარი ეგონა. მაშასადამე, შეგვიძლია დავუშვათ, რომ ის, რაც ჩვენ ვნახეთ თეატრის სცენაზე, ეს რეჟისორის სიზმრებია.“  (ნ. გურაბანიძე, „მიხეილ თუმანიშვილის თეატრი“,   გვ. 371).

 

მუსიკისა და დრამისა თეატრის  სპექტაკლის ავტორმა (რეჟისურა და სცენოგრაფია  დ. დოიაშვილისა) სრულიად სხვა კუთხით და სხვა მიმართულებით დაგვანახა  ეს უკვდავი კომედია და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა სიყვარულზე, ერთგულებაზე,  მიტევებაზე და ღალატის  შედეგად მიყენებულ სულიერ ტრამვებზე.

სიახლე, რაც თავისთავად უნდა სდევდეს მრავალჯერ დადგმულ პიესას, ის რაც მხოლოდ ამ შემთხვევაში  ხდის  წარმოდგენილ სპექტაკლს საინტერესოდ და მნიშვნელოვანად,  სათაურშივე გამოიკვეთა „(შუა) ზაფხული ღამის სიზმარი“ (ადაპტაციის ავტორი  მ. ანთაძე).  ეს არა მხოლოდ შექსპირისეული ვერსიის ზუსტი ადექვატია, არამედ იმის მანიშნებელია, რომ სიცხისგან გათანგულთ ღამეში რამდენჯერმე  გეღვიძება, სულს ვერ ითქვამ და ხშირად ამ გაუსაძლისი სიცხის გამო კოშმარებიც  კი გესიზმრება და მართალაც, რასაც სცენაზე ვხედავდით ძალიან გავს  არარეალურ, ცხოველურ ზმანებას, იმას რასაც ძნელად თუ უსურვებდი ვინმეს რეალურ ცხოვრებაში.

 

დავით დოიშვილის „(შუა) ზაფხული ღამის სიზმარს“  მხოლოდ ეს სიახლე არ აქცევს ამ სეზონის მნიშვნელოვან მოვლენად: თვით პიესის ინტერპრეტაცია, თვითმყოფადი რეჟისორული ხერხების ის ხელწერა, როგორაცაა გადაწყვეტილი მთელი რიგი სცენები და რომელიც მხოლოდ ამ რეჟისორს ახასიათებს,  მოქმედ პირთა ხასიათებისა და ქცევების ახლებური  გააზრება  ცხადია სპექტაკლის ავტორის დიდი ხნის კვლევისა და ნაფიქრის შედეგი უნდა იყოს. 

 

„(შუა) ზაფხული ღამის სიზმარის“  დრამატურგიული ტექსტი ატარებს გვიანდელი რენესანსის დამახასიათებელი ბუნების  ორ მთავარ თეზას: სამყარო - თეატრია (ისევე როგორც  „როგორც გენებოთში“)   და ცხოვრება -  სიზმარია  (გავიხსენოთ  თუნდაც ასევე რენესანსის ეპოქის ესპანელი დრამატურგის პ. კალდერონის „ცხოვრება სიზმარია“). თეზევსისა და იპოლიტას წინაშე ხელოსნების მოყვარული დასი მათ  ცხოვრების კრიტიკულ სიტუაციას გაითამაშებენ, ხოლო  ის „ყველაფერი რაც ჩვენს წინაშე  ხდება მხოლოდ ცუდი სიზმარი უნდა იყოს და სხვა არაფერი“. 

 

ჩვეული ხერხით შექსპირს ყველაზე საინტერესო ისტორიები (ქრონიკების გარდა) ინგლისის გარეთ გააქვს.  ამ პიესაშიც მოქმედების ადგილი საბერძნეთი - ათენია: თეზევსი და იპოლიტა, ჰერმია, ელენა  და სხვები ძირითადად იმ ქვეყნის მითოლოგიური პერსონაჟები არიან, თუმცა არა მხოლოდ ისინი - ობერონი, ტიტანია, პაკი ინგლისური რენესანსული ფოლკლორიდან არიან შემოყვანილი.  დრამატურგიულ ტექსტში შექსპირის მიერ  ბევრი მოვლენა, მითი თუ სამაგალითო შემთხვევაა  მოხმობილი, რაც უდაოდ  მაყურებლის დიდ განსწავლულობას მოითხოვს. რომაელი მწერლები ოვიდიუსი, აპოლეუსი და სხვები ის ავტორებია,  ვის შემოქმედებასაც ეყრდნობა პიესის ავტორი და ხშირად მიმართავს მათი სიუჟეტებისა და პერსონაჟების ციტირებას. მთლიანობაში მისი ეს  ნაწარმოები, მძიმედ დატვირთული ქვეყექსტებით,  ქვედინებებით  და „შინაგანი ქვეცნობიერით“  უკიდურესად ართულებს მის სცენაზე წარმოდგენას. თუმცა უნდა ავღნიშნოთ რომ ზოგიერი რეჟისორისთვის ეს ერთ-ერთი საყვარელი პიესა იყო.  ასე მაგალითად მ. რეინჰარდტმა იგი 13-ჯერ განახორციელა,  მას გვერდი ვერ აუარეს ვერც  პ. ბრუკმა, ვერც მ. თუმანიშვილმა, სულ ახლახან იგი დ. კრიმოვმა დადგა „დრამატული სკოლის  თეატრის“  ლაბორატორიაში ლია ახიჯაკოვის მონაწილეობით. „ხელოსნები - ეს ჩვენ ვართ, ჰერცოგი და მისი ამალა - მაყურებელი, ხოლო შექსპირის პიესის  ჯადოსნური ზღაპარი ისა, რაც ხანდახან თეატრის სცენაზე ხდება, ის რაც სიყვარულს არასიყვარულად აქცევს, ხოლო ურთიერთის არგაგება - ერთიანობას ბადებს“  - წერს რეჟისორი დიმიტრი კრიმოვი.   

 

დავით დოიაშვილის  მიერ შექმნილი ახალი სპექტაკლი,  ისევე როგორს ადრეული  გ. ფლობერის „მაგამ ბოვარი“, პ. უესის „მარკიზ დე სადი “, რ. აკუტაგავას „ ცხოვრება იდიოტისა“, უ. შექსპირის „მეფე ლირი“, ა. ჩეხოვის „სამი და“,  ო.  უაილდის „სალომეა“, უ. შექსპირის „მაკბეth“, ე. როსტანი „სირანო დე ბერჟერაკი“  გამოირჩევა რეჟისორული ნოვაციებით  და არა მარტო თამამი სადადგმო  ხერხები, არამედ იმითაც, რომ იგი გააზრებული და ზუსტად გათვლილია, რათა მაყურებლამდე სწორად მოვიდეს ის სათქმელი რაც პიესის ავტორს,  რეჟისორს  სურს და რატომაც ირჩევს ეს უკანასკნელი ამა თუ იმ დრამატულ ნაწარმოებს თუ თხზულებას სცენაზე წარმოსადგენად. მის პირველსავე სტუდენტურ ნამუშევარში  გამოჩნდა რომ ჩვენს წინ იბადებოდა  დამწყები ნიჭიერი ახალგაზრდა  ხელოვანი,  რომელიც არ უშინდებოდა ექსპერიმენტს, თამამ სვლებს და ჯიქურ მიიწევდა წინ.    გ. ფლობერის „მადამ ბოვარის“  ინსცენირებისას გამოიკვეთა ტექსტთან მუშაობის განსაკუთრებული უნარი და ერთი შეხედვით თითქოს და ადვილი,  მაგრამ უაღრესად  რთული პროზაული მხატვრული სახეების სცენაზე გადატანის ტექნიკის ფლობა, ძიებების სურვილი და სპექტაკლი დაგვამახსოვრდა საოცარი მსახიობური შესრულებით, კინემატოგრაფიული ხერხის თეატრში გამოყენების  შესაბამისობით, გემოვნებითა და სათქმელის გადმოცემის სისრულით; პ. უესის „მარკიზ დე სადი “ - ინვალიდის სავარძელით ავანსცენაზე;  რ. აკუდაგავს „ ცხოვრება იდიოტისა“ უშველებელი მაგიდით სცენაზე და მსახიობური აღმოჩენებით (გ. ნაკაშიძე და სხვ.);  უ. შექსპირის „მეფე ლირი"  დაუვიწყარი ოთარ მეღვინეთუხუცესით  და გაორებული კორდელია-მასხარათი (ნ. მურვანიძე-ზ. სტურუა),  ა. ჩეხოვის „ სამი და“  მიცვალებულითა და პანაშვიდის სცენით სპექტაკლის დასაწყისში;  უ. შექსპირის „მაკბეth“ ვერაგობით აღსავსე,  სრულიად ფანტასტიური ტრაგიზმით, უზადო პლასტიკითა და „ვერტიკალური - ყალყზეაღმართული“  სცენით ფინალში, ხუთი როქსანათი ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკში“ და ა..და ა....

 

„და რაც აქ  ნახეთ,  სიზმარი იყო“

 

 

 

დავით დოიშვილის  სპექტაკლი უცნაური დიზაინის სავარძელში მოთავსებული  პაკის (ა. სოლოღაშვილი), პატარა „ეშმაკუნა“  ბიჭი რობინის შექსპირის  66 სონეტის  ტექსტით იწყება „ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა...“ და სწორედ ამ სონეტის ბოლო ფრაზებით თავდება. ერთგვარად იკვრება მიზეზი იმისა:  „რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა, რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.“  და თითქოს  მისი დადასტურებაა, რომ თეზევსი (კ. კინწურაშვილი) ხელშებორკილ იპოლიტას (ბ. გოგორიშვილი) შემოძღვება - იპოლიტას, რომელიც მართალია  „მახვილით მოიპოვა“, მაგრამ ჯერ მასზე არ უქორწინია და   არც მისდამი განსაკუთრებული ნდობით არაა აღსავსე.   „მშვენიერო“ რამდენჯერმე მიმართავს მას.  მაგრამ ეს უფრო ცინიზმია ვიდრე მოფერება - ეჭვიანობა მისი თვისებაა და განსაკუთრებით სიმკაცრესაც იჩენს მის მიმართ - თეზევსი - კ. კინწურაშვილი თამაშობს დესპოტს, მკაცრს, რაზეც მეტყველებს მისი მწარე გამონათქვამები და  ხმამაღალი ტონი, ხან ყვირილიც კი. ცდილობს არც  საწყალი ჰერმიას (ა. წერეთელი) მიმართ იყოს  მომთმენი  - „ან უნდა მოკვდე ან არა და მთელს სიცოცხლეში შენ მამაკაცის სახსენებელს არ გაეკარო“   - დეკლარირებს, მაგრამ ჰერმიას მამის ეგეოსის - „მაშინ ათენის ძველ კანონებს გამოვიყენებ - შვილი ჩემია, ჩემს ნებაზე უნდა იაროს,..“   „ძალმომრეობა“ ქალიშვილის მიმართ იმდენად აღიზიანებს,  რომ  აქვე ფეხით  შედგება იმ ქვეყნის კანონების წიგნს და სულ მალე კედელსაც კი მიანარცხებს.

 

უეცრად იცვლება თეზევსის განწყობა - იგი იპოლიტას ანთავისუფლებს და ეუბნება   „წადი...“   რაც შექსპირისეულ დედანში არსად მოიპოვება. სწორედ აქედან იწყება სპექტაკლის რეჟისორის  ჩარევა დრამატურგიულ ქსოვილში და თანდათან იხვეწება და ცხადდება სპექტაკლის ავტორის მთავარი ამოცანა - მოქმედება ლოგიკურად მიიყვანოს იმ საკრალურ მომენტამდე,  როდესაც   ხელოსნების მიერ გათამაშებული „ყოვლად საცოდავი და კომედია და ყოვლად უღვთო სიკვდილი პირამოსისა და თისბესი“  სცენით ფარდა აეხადოს  იმ სიზმარს, რომელიც ათენის ახლოს მდებარე  უღრან ტყეში გათამაშდა.  

„აღარ  წავიდეთ იპოლიტა? ჰა, ჩემო კარგო“ -  თეზევსი ისევ თავის ამპლუაში, „ როგორია?“  ტონის შეფასებას  მოითხოვს პაკისგან თეზევსი -კინწურაშვილი და  მისი დადებითი ჟესტის შემდეგ  „ეჭვიანი“  კვლავ თოკით ხელშეკრულ იპოლიტას თან გაიყოლებს.

მოქმედების ძირითადი  ნაწილი სწორედ ტყეში  ხდება. ტყეს განსაკუთრებული სიმბოლურ-მეტაფორული დატვირთვა აქვს შექსპირის პიესებში.  ასე მაგალითად: „როგორც გენებოთში“  ჰერცოგი ტყეში მიდის დროს გასატარებლად,  იქვე გარბიან როზალინდა და ცელია; ასევე ტყეში გარბიან ჰერმია და ლისანდრე, აქვე ხდება ობერონის მიერ მოწყობილი სასწაულები „ზაფხულის ღამის სიზმრიდან“;  ტყე ხდება „ორი ვერონელის“  ასპარეზიც; თავის გადამწყვეტ საბედისწერო სიტყვას  იტყვის ბირმანის ტყეც  „მაკბეტში“...

ტყე ხშირ შემთხვევაში და იქ გაქცევა და მასში თავის შეფარება ტრაგიკულიდან გაქცევის სურვილად აღიქმება, იქ ბუნებაში პოულობენ მოქმედი პირები თავშესაფარს  გამოსავლის მოსანახად. ტყეში ხდება პერსონაჟების გარდაქმნა და ძირითადი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ხშირად  იქ  ბოროტი იქცევა  კეთილად,  ერთმანეთს  ურიგდებიან ძმები და მამა-შვილი („როგორც  გენებოთ“), იცვლიან შეყვარებულებს, რათა ნამდვილი ბედნიერება მოიპოვო, („ზაფხულის ღამის სიზმარი“).   ტყეს  შექსპირის  „ზაფხულის ღამის სიზმრიდან“  დიდ დატვირთვასა და მრავალმხრივ მნიშვნელობას ანიჭებდა მ. რეინჰარტი თავის ყველა დადგმაში, სადაც განსაკუთრებით აქტიურობდნენ და „ცელქობდნენ“ ელფები-ფერიები და ტყის სხვა ბინადარნი. პ. ბრუკთან ეს ტყე სრულიად თეთრია, რომელშიც ფერიები ტრაპეციებზე ქანაობდნენ და სხვადასხვა საცირკო ხერხებით ესხმოდნენ თავს  იქ შემოსულ სტუმრებს. დ. დოიაშვილის სპექტაკლში ტყე შავია, შავბნელი, სადაც ხეების ნაცვლას შავი კედლებია აღმართული, რომელზედაც ჰერმია, ლისანდრე (ლევან კახელი), ელენე (ა. ალექსიშვილი) და დემეტრიოსი (გ. ქარსელაძე) საკუთარ  ფიგურებს  ცარცით ხატავენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან სიტყვამახვილობაში, სიყვარულში თუ გარეგნობაში,  ჩხუბობენ კიდევაც. სამწუხაროა, რომ დ. დოიაშვილის სპექტაკლში გაქრნენ ფერიები და ტირანია ფერიათა დედოფალი ამალის გარეშე დარჩა. ამან რასაკვირველია წარმოდგენას დაუკარგა ჯადოსნურობის ელფერი და სიზმარიც ნაკლებად წარმოსახვითი და ნაკლებად ფეერიული გახდა. ფერიათა ცელქობის გარეშე სასწაული უფრო სერიოზულ მოვლენად იქცევა, თუმცა ვგონებ სწორედ ეს იყო დამდგმელი რეჟისორის მიზანიც, რათა წინა პლანზე მოყოლილი ამბების დრამატიზმი გადმოეწია, გაემძაფრებინა იპოლიტას და თეზევსის დრამატული სიყვარული და ხაზი გაესვა ტიტანიას ღალატობრივი და ვერაგული ხასიათისათვის და მეტი სიმძაფრით წარმოეჩინა ის, რაც შეიძლება მოჰყვეს ობერონის  დავალებით პაკის მიერ უეცრად დაშვებულ შეცდომას, განსაკუთრებით  კი  სასწაულის ჩადენის დროს.

 

„და რაც აქ  ნახეთ,  სიზმარი იყო“

 

 

 

აქვე მინდა დავსძინო, რომ სწორედ ელფები - ბოროტი არსებები  და არა კეთილი ფერიები (როგორსაც ტრადიციული ქართული თარგმანი გულისხმობს)  უ. შექსპირს ტყუილად არ შემოჰყავს  მოქმედებაში - ეს ის  ბნელი ძალებია, რომელიც  ნებისმიერ  ადამიანში ბუდობს  და მხოლოდ ქვეცნობიერში  ან სიზმრულ ზმანებაში იჩენს ხლმე  თავს და რომელთა  ზეგავლენასაც  უცილობლად ყველამ უნდა აარიდოს თავი  ცხადშიც  და სიზმარშიც. მათი  ბოროტი „ცელქობა“ ხდება ამ პიესის ქმედებათა საფუძველი და ყველაფერში მხოლოდ  მათი მეფე ობერონი არაა დამნაშავე. პაკი, შესაძლებელია სწორედ ისაა, რომელიც ბოროტმა ელფებმა-ფერიებმა მშობლებს მოსტაცეს და გართობისა და „ბოროტო ცელქობის“ მიზნით სხვას მიუგდეს აღსაზრდელად, რაც ასე ხელეწიფებოდათ ინგლისური პასტორალური ფოლკლორის ელფებს. სავარაუდოდ, ასე აღმოჩნდა იგი ტიტანისა და ობერონის სამსახურში. პაკი, რომელიც ამ გაუგებრობისა თუ სიზმრების ერთ-ერთი „ავტორია“  ელფებთან და ობერონთან ერთად.

 

ჰერმიას, ლისანდრეს. ელენეს, დემეტრიოსის სცენა – სადაც ერთნი ტყეში გარბიან, ხოლო მეორენი  მათ მისდევენ – ორიგინალურად,  მახვილგონიერად და ძალიან „თანამედროვედაა“   გადაწყვეტილი. ელენეს  ჩართვა „სკაიპის“  მეშვეობით, სიხალისეს და მხიარულ განწყობას მატებს წარმოდგენას და გულღია სიცილს იწვევს მაყურებელში. ასევე უაღრესად ზუსტად, ხატოვნად,  ფერწერულად და პლასტიკურადაა შესრულებული ახალგაზრდა  მსახიობთა მიერ ჰერმიას  და ლისანდრეს „სარეცელის“ სცენა,  როდესაც მათ დაღლილებს ერთმანეთის გვერდით ჩაეძინებათ.  ასევე დემეტრიოსის  დევნა ელენეს მიერ „ველოსიპედების“  მეშვეობით.

 

პიესის  და შესაბამისად წარმოდგენის ერთ-ერთი გადამწყვეტი ხაზია ხელოსანთა მიერ სპექტაკლის მზადება და მისი ჩვენება - ოვედიუსისგან შექსპირის მიერ ნასესხები სიუჟეტი პირამოსისა და თესბეს  ტრაგიკული სიყვარულის შესახებ უნდა გაითამაშონ კომშამ (ტ. ჩახუნაშვილი), კოჭამ (ბ. ბეგალიშვილი), სტვირამ (ა. ბეგალიშვილი), კოხტაპრუწამ (ნ. ბერეჟიანი), კნაჭამ (გ. ტორიაშვილი)  და დრუნჩამ (გ. ბახუტაშვილი) - რეჟისორი ყოველი მათგანისთვის პოულობს სახასიათო ტონალობას  და შეფერილობას.  ისინი ექვსნი არიან, ათენის ყმაწვილკაცობა, რომლებიც საკუთარი ინტერმედიით წარსდგებიან თეზევსისა და იპოლიტას საქორწინო ცერემონიალზე. თუ გავითვალისწინებთ,  რომ  შექსპირის ეს პიესაც დიდებულთა საქორწინო ცერემონიისთვის წარმოსადგენადაა  დაწერილი,  ერთგვარად სახეზე გვაქვს თეატრი თეატრში, სადაც  საქორწინო ცერომონიალის დროს მოყვარული მსახიობები საქორწინო ინტერმედიას ასრულებენ. ხელოსანთა როლების შემსრულებელი მსახიობების ცოცხალი იუმორი, პლასტიკა,  გამოკვეთილი ურთიერთგანსხვავებული ხასიათები რეჟისორულად დახვეწილი მიზანსცენების გამო ერთ-ერთი საუკეთესო  სცენებია  სპექტაკლში.

 

პიტერ ბრუკის დადგმის შემდეგ დამკვიდრდა,  რომ თეზევსს და ობერონს, იპოლიტას და ტიტანიას ერთიდაიგივე მსახიობები თამაშობენ. ამ ტრადიციასაც არ აღვევს  დავით დოიშვილი.

მათი სცენა  ფ. შოპენის მელოდიის თანხლებით, ეკრანზე „Just Dream“ იწყება  და  გვახსენებს,  რომ ეს ყველაფერი  მხოლოდ სიზმარია. ობერონი  და ტიტანია ჰაერში დაფარფატებენ ციური „ეტლებით“. რეჟისორი  უხვად იყენებს თანამედროვე სცენის ტექნიკის სა(შუა)ლებებს, ეს იქნება მულტიპლიკაცია  და მულტიმედია, განათების ტექნიკა, სხვადასხვა ტიპის  ამწე-დანადგარები,  სავარძლებს შლაპებითა  ბოლოკაბებით, და მამაკაცის  კუნთიანი  ფეხებითა თუ ქალის ულამაზესი თეთრი წაღებით, რომლებიც სრულად და ზუსტად მიესადაგება პიესის სიუჟეტის და მოქმედების მსვლელობას.

 

ობერონი და ტიტანია  კი კვლავ გამუდმებით კამათსა და ურთიერთპაექრობაში არიან. ერთმანეთს  ბრალს დებენ თეზევსთან და იპოლიტასთან ღალატში და საწყენ და შეურცმყოფელ სიტყვებს არ იშურებენ ერთმანეთისთვის. ობერონი - კინწურაშვილი შურისძიების სურვილითაა შეპყრობილი.  მაცდური,  მკაცრი თეზევსისგან განსხვავებით იგი ახლა ტიტანიას წინააღმდეგ ხრიკებს იგონებს, ცდილობს ხიფათი აჰკიდოს და ჯადოსნობის გზით სურს დაიმორჩილოს, შეურაცხჰყოს ისე, რომ მხოლოდ მანვე შესძლოს ტიტანიას ხსნა. ისე შეაყვაროს „გინდ ლომი იყოს, გინდ დათვი,  მგელი ... „მანამ მე თვითონ სხვა წამლით არ მოვხსნი ჯადოს“.  ობერონს აღიზიანებს  ტიტანია - ბ. გოგორიშვილის მედიდურობა, თვითდაჯერებულება, რომელიც ჯადოს გამოყენების შემდეგ  სულ მალე  დაიმსხვრევა. წამლით მოწამლული იგი სახედარს შეიყვარებს და ჩვენს თვალწინ ტიტანია - ბ. გოგორიშვილი იცვლება - ახალგაზრდა,  ვნებიან  შეყვარებულ  ქალად გარდაიქმნება, რომელიც ამ სახედართან იყოფს სარეცელს  და გამოღვიძების შემდეგაც  ვერ თმობს „შემთხვევით“ აღმოჩენილ სიყვარულს და ჩუმად, მიპარვით, ამბორით ემშვიდობება „ვირის თავს“, რომელთანაც მთელი „ღამე“ გაატარა - „რა უხამსი სიზმარი ვნახე, თითქოს დიდყურა სახედარი შემყვარებოდეს“ - უმხელს თავის ზმანებას ფერიების მეფეს. ობერონმა საწადელი აისრულა, დასაწყისში მაცდური ღიმილი ისევ დასთამაშებს სახეზე, მაგრამ სულ მალე ყოველივე ეს  მაინც  მოგვრის  თვალზე ცრემლს.

 

„და რაც აქ  ნახეთ,  სიზმარი იყო“

 

 

 

ტიტანია - დედოფალი საკადრისად  დაისაჯა,  რომელიც ახლა მხოლოდ იმას განიცდის, რომ ვერ გაუგია თუ „ ...ხალხის ჯგროში ვინ გამრია, ამიხსენი ეს თამაში“.

ობერონის ზრახვები ამით არ დასრულებულა, ბოროტების გარდა მას სიკეთეც ჩაუფიქრებია: ტყეში დაბნეულ, გულუბრყვილო და უიმედოდ შეყვარებულ ელენეს სურს დაეხმაროს და პაკის მეშვეობით ისევ ჯადოსნურ სასმელს მიმართავს. პაკი შეცდომებს შეცდომები ემატებადა, იგი გრძნობს ამას მაგრამ უკვე გვიანაა. ლისანდრე და დემეტრიოსი უზომოდ და უაზროდ არიან ელენეში შეყვარებულნი, ხოლო ჰერმია, ორივესგან უარყოფილი ალკოჰოლითა და აბებით იქარვებს სევდას.

შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმრის“ მთავარი პერსონაჟები თავისი არსით, ქვეცნობიერად ძლიერ სექსუალურ მუხტს ატარებენ. თვით იდეა იმისა, რომ ტიტანიას სახედარი, მამაკაცის სექსუალურობის სიმბოლო  შეუყვარდება, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს აპოლეუსის „ოქროს ვირის“ ისტორიას, სექსუალურ დატვირთვას აძლევს ამ პიესას. რეჟისორმა დ. დოიაშვილმა გვერდი არ აუარა ამ მუხტს და  როგორც უკვე აღვნიშნეთ ჩვეული სითამამით გვიჩვენებს როგორ ეუფლება დემეტრიოსი ღვინისგან გაბრუებულ ჰერმიას როიალის თავზე.  ყოველგვარ რომანტიზმს მოკლებული ეს სცენა შესაძლებელია სულაც არ ყოფილიყო ამ სპექტაკლში, მაგრამ ეს ის ჯილდოა, რომელსაც ჰერმია გაიღებს, იმ სიმართლის სანაცვლოდ, რომ ლისანდრე ცოცხალია და დემეტრიოსს  ის არ მოუკლავს:

ჰერმია - „მაშ, ლისანდრე ცოცხალი არის?

დემეტრიოსი - ვთქვათ, რომ გითხარი - რას მპირდები სამაგიეროდ.

ჰერმია - ჯილდოს!...“

 

„და რაც აქ  ნახეთ,  სიზმარი იყო“

 

 

 

პაკი -ა. სოლოღაშვილი მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენაზეა. მან ერთგვარად შეითავსა ფილოსტრატეს - თეზევსის დღესასწაულების გამგებლის ფუნქციაც და ბერძნული თეატრის დამახასიათებელ პროტოგონისტად გვევლინება. იგი იწყებს და ასრულებს წარმოდგენას. ეშმაკისეულ კოსტუმში გამოწყობილი, ხან გორგოლაჭიანი ციგურებით მოგვევლინება, ხან სიგარეტს გაგვიბოლებს თვალწინ და ხან კი სათვალითა და მიკროფონით გამოგვეცხადება. იგი ტიტანიას მსახურიცაა და ობერონის დავალებებისა და სურვილების აღმსრულებელიც, მათი გაუთავებელი კამათის  „განტევების ვაციც“. პაკი-სოლოღაშვილი მაცდურიცაა, მომხიბლავიც, სასაცილოც, კეთილიცა და გულუბრყვილოც და არც ცელქობასაა მოკლებული; „გადავიფრენ მთებს  და ველებს, გზას მინდვრებზე გავიგრძელებ...“ ოსტატურად დახვეწილი სცენები თავის აპოგეას აღწევს საფინალო ნაწილში, სადაც ხელოსანი-მსახიობები წარმოდგენას გამართავენ შემაღლებულ ფიცარნაგზე დიდი ეკრანის წინ. მათ პაკი წარადგენს და აქ იწყება ნამდვილი „სახისმეტყველება“ - მულტიპლკაციური ხერხებით და მსახიობთა დიდი ოსტატობით, მთვარის შუქზე, ლომის ღრიალში  ჩვენს, თეზევსის და იპოლიტას, სასიყვარულო კვარტეტის თვალწინ გათამაშდება „თეატრი თეატრში“, რომლის დროსაც  „სპექტაკლის მონაწილე მაყურებელთ“  სახეზე ნათლად ამოვიკითხავთ იმ გუნება-განწყობას და განცდებს, რაც ნანახმა და გაგონილმა გამოიწვია თვითეულის სულში.  ვერც ერთი მათგანი ვერაა გულგრილი - იპოლიტა ადგილს ვერ პოულობს, მოგონებები და განვლილი ცხოვრების ეტაპები და შეცდომები სცენაზე ნანახში იდენტიფიცირდება. ჰერმია, დემეტრიოსი, ელენე და ლისანდრე საკუთარ თავს და საკუთარ ისტორიებს შეიცნობენ.  მხოლოდ ერთია მშვიდად, გარგნულად მაინც - თეზევსი.  მხოლოდ ერთ მომენტამდე, ვიდრე სცენაზე ისევ წითელი სისხლით მოსვრილი მანტია არ გამოჩნდება -„ამ შენს  მანტიას  სისხლი ატყვია“.

მაგრამ სულ მალე ისევ გონს მოეგება „აბა, თქვენი ... ცეკვა გვაჩვენთ, ეპილოგს მოეშვით“ და კვლავ შოპენის მელოდიებზე ცეკვავს ახალგაზრდობა - „ეს ორი კვირა გადაბმულ ლხინსა და დროსტარებას  უნდა დავუთმოთ.“  თეზევსი -კინწურაშვილი  ხელახლა  შეუკრავს ხელებს იპოლიტას-გოგრიშვილს, გრძელ თოკს გამოაბამს და  „მშვენიერს“ ისევ გზას გაუყენებს.

„და რაც აქ  ნახეთ,  სიზმარი იყო“  გვაუწყებს პაკი  და იგავ-არაკის დასასრულის ცნობილი ხერხით ასრულებს წარმოდგენას:

„რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,

 მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.“

 

 

 

      

 


უკან დაბრუნება