Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
"ვალსი ძილის წინ"
"ვალსი ძილის წინ"24-01-2013, 00:53 |
გვანცა გულიაშვილი
”ჩვენს დედებს, ბებიებს და მათ მეგობრებს...” თავისუფალ თეატრში 17 იანვარს პრემიერა ითამაშეს. ”ვალსი ძილის წინ”-ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის რეჟისორი და პიესის ავტორი ავთანდილ ვარსიმაშვილია. მხატვარი- მირიან შველიძე. მოქმედება იწყება და ვითარდება ძველი საგრიმიოროს კედლებში. სცენის სიღრმეში, რამდენიმე, სხვადასხვა ზომის მოძრავი სარკეა განთავსებული, კედლებზე ქართველ მსახიობთა ფოტოები კიდია-სესილია, ვერიკო, ეროსი, სოფიკო სერგო და სხვები. ხუთი მოხუცებული ქალბატონისგან შემდგარი ანსამბლი ”ბაფთიანი გიტარა” ”პაკლონით” ტოვებს წარმოსახვით სცენას და აპარტე ტრიალდება. საგრიმიოროში მოხუცებული ”გოგონები” სიამაყით აღნიშნავენ კიდევ ერთ წარმატებულ კონცერტს და ანსამბლის 10 წლის იუბილეს. ქართულ ტრადიციულ კაბებში გომოწყობილები, ჩიხტიკობებით, არაფრად აგდებენ ჭაღარა თმასა და მოხრილ, დროისგან გადაღლილ სხეულებს და ცეკვა-თამაშით, სიცილ-კისკისით იხსენებენ ტრიუმფის 10 წელიწადს. მიუხედავად მხიარულებისა მათში სევდის მომგვრელი სიცარიელეა, სიცარიელე, რომელიც დროდადრო ახსენებთ თავს. ისინი მოხუცებულთა თავშესაფრის ბინადარნი არიან...
ერთ დროს ცნობილი და წარმატებული მსახიობი ქალბატონები მოხუცებულთა თავშესაფარს შეკედლებიან. მათი სიცოცხლე, ხანგრძლივი და დაუსრულებელი, თითქოს მხოლოდ მოგონებებისა და გარდაუვალი აღსასრულის ნაზავს წარმოადგენს. ელიან სიკვდილს და მათ მოლოდინს სევდის ნიშანიც არ ატყვია, სიცოცხლით სავსე, იმედებითა და ოცნებებით დატვირთულები, ვერაფრით ეგუებიან საკუთარ ასაკს, თუმცა გადაღლილ სხეულებს ჯიუტად სურთ დაუმტკიცონ თავიანთ პატრონებს, რომ აღსასრული არც ისე შორია.
წარმოსახვით გაშლილ სუფრასთან, სადაც მხოლოდ სხვადასხვა ზომის ცარიელი შუშის ქილა დევს, ქალბატონები საზეიმო ვახშამს აწყობენ,საგანგებოდ ამ დღისთვის გადანახული ძველისძველი კონიაკის-”არმანიაკის”(რომელიც ვერ გადაუწყვეტიათ ფრანგულია თუ სომხური) დაგემოვნებასაც გადაწყვეტენ და რაც მთავარია, მოუთმენლად ელიან ანსამბლის პროდიუსერს-ვინმე რობინზონს. მისი დაგვიანება აშფოთებთ, აფორიაქებთ, თითქოს მთელი მათი არსებობა მხოლოდ ამ ერთი ადამიანის ირგვლივ ბრუნვას გავს, ელიან. ის კი არ ჩანს, ამასობაში, რას აღარ გაიხსენებენ, მხიარულსა თუ სევდიან ისტორიებს,იგონებენ უკვე გარდაცვლილ მეგობრებს თავშესაფრიდან და მათ შავ-თეთრ ფოტოებს ცარიელ შუშის ქილებში ათავსებენ.შუშის ქილაში გამომწყვდეული ჯინების მსგავსად, აუხდენელი ოცნებებისა და ადამიანური თავისუფლების ამაო ძიებაში განვლილ წლებს კი, ზუსტად იციან უკან ვეღარაფერი დააბრუნებს... და აი ისიც... რობინზონი ჭრელ ჰალსტუხ-კოსტუმ-სათვალით, ეგოცენტრიზმით სავსე, ენერგიული შეძახილით შემოიჭრება საგრიმიოროში. ის გაცილებით ახალგაზრდაა ვიდრე გამოიყურება, ძნელი სათქმელია უყვარს თუ სძულს საქმე , რომელსაც აკეთებს, იქნებ ორივე ერთად? მაგრამ ერთი ცხადია, მოხუც ქალბატონებს უდაოდ ახარებთ მისი დანახვა, თითქოს იმედი მოდის მათთან რობიზონის სახით და სიცარიელეს ავსებს. ”ძევაჩკი” ასე მიმართავს რობიზონი მოხუც მსახიობებს და ეს ირონიაცაა და კომპლიმენტიც.სვამს მათ სადღეგრძელოს და ვერაფრით მალავს ფორიაქს, თითქოს რაღაც ძალიან მძიმე საქმე აქვს გადასატანი. რომანტიული მოხუცებულებისათვის ის თითოეულის პირადი თაყვანისმცემელია, წარმოსახვის ნაყოფი. მისი არსებობა პატარა გოგოსავით აფორიაქებს ქეთას და 85 წლის ”ანგელოზივით გოგო” ყურებამდეა შეყვარებული ”35 წლის ლაწირაკზე” რობინზონი უსიამოვნო სატელეფონო საუბრის შემდეგ ძალას მოიკრებს და მოხუც მსახიობებს პირდაპირ მიახლის, რომ ანსამბლის რებრენდინგი აქვს გადაწყვეტილი. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი კი როზაა! როზა... ტყავის შარვლით და უამრავი ტატუთი, ვულგარული და სრულიად არამიმზიდველი ფორმებით, გამომწვევად აქნევს ყბებს და ზიზღნარევი იქედნურობით უყურებს მოხუცებს. ის რეალითი შოუ-ამტანის ყოფილი მონაწილეა, ანუ მისთვის ყველა კარი ღიაა, სადაც კი შესვლას მოინდომებს. რობინზონი როზას მონაა, ტყვეა, მაგრამ ბოლომდე ბუნდოვანი რჩება მათი ურთიერთობა, ეს არც სიყვარულია, არც ვნება, სრულიად არაჯანსაღ, არაბუნებრივ დამოკიდებულებას ვხედავთ ქალსა და მამაკაცს შორის. ”ფოლკ-პანკ ჯგუფი”-მაშ ასე, გადაწყვეტილია, როზამ უნდა იმღეროს სოლო, ხოლო მოხუცებულ ქალბატონებს ”ბექებში” მოუწევთ გადასვლა.
დაბნეული და იმედგაცრუებული მოხუცი მსახიობები, დანებებას ასე იოლად არ აპირებენ, ვერც როზას მუქარა და ვერც რობიზონის ცრემლიანი აღსარება, მისი ამბიციებისა და მიზნების შესახებ, მოხუცებულთა გულებს ვერ ააჩუყებს . როზა მათთვის-”აბორტის მსხვერპლი”, ”ვაგზლის ბოზი” და ”ანატომიის კაბინეტიდან გამოპარული ჩონჩხია”, რომელიც აღიარებლ და დამსახურებლ მსახიობთა ბიოგრაფიებს არაფრად აგდებს და მათ დაჩრდილვას ლამობს, ხოლო რობინზონი, ერთდროს მათი ერთადერთი იმედი და გაჭირვების ტალკვესი, მოღალატედ ქცეულა. მას იოკო ლენონს ადარებენ, რომელმაც ლეგენდარული ”ბითლზი” დაშალა და უფრო მეტიც თვით ლავრენტი პავლეს-ძეს, სანდრო ახმეტელის დამხვრეტს. ამდენად, უკიდურესად დრამატული და ტრაგიკულია მოხუც მსახიობთა ემოცია, მათ ხელიდან ეცლებათ უკანასკნელი მიზანი, მათი არსებობის ერთადერთი გამართლება- სცენა, ისევე, როგორც მთელი მათი წარსული ცხოვრების სიმბოლო.
როზა და რობინზონი დაგროვილ ბოღმასა და ზიზღს კი დაცლიან და უკიდურესად გალანძღავენ საბრალო მოხუცებს, მაგრამ ამაოდ, ლამაზად შეფუთულ მზაკვრულ ჩანაფიქრს სისრულეში მოყვანა არ უწერია, ამას ქალბატონები არაფრით დაუშვებენ, მათ დასაკარგი სხვა არც არაფერი აქვთ.
სპეკტაკლის კულმინაციას ხუთი მოხუცი ქალის მონოლოგი წარმოადგენს. ხუთივე მათგანი ბავშვობიდან მოყოლებული იხსენებს ცხოვრების გზას, ტკივილს, რომელიც ფონად გასდევს მათ არსებობას. საინტერესოა რეჟისორული ჩანაფიქრი, როცა მოხუცი მსახიობები მონოლოგისას თეთრ კაბახალათებში, ახალუხების გარეშე დგანან სცენაზე, სიმბოლურად განწმენდის რიტუალს გადიან და ყველა მათგანი ბოლოს მიდის დასკვნამდე, რომ სიცოცხლე, ჯერ კიდევ ღირს! იხსნიან ჭაღარა პარიკებს და იქმნება ილუზია, რომ აღსარებისა თუ ტკივილისაგან გათავისუფლებულნი, ახალგაზრდავდებიან. თიკოსთვის მარტოობაა მთავარი ტკივილი, ქეთასთვის ცხოვრების ერთადერთი სიყვარულის დაკარგვა, მაროს 90 წლის ასაკშიც კი ახსოვს და ტანჯავს მამის ხსოვნა, რომელიც სტალინის რეჟიმმა შეიწირა. ამ შემთხვევაშიც რეჟისორი სიმბოლისტურად გადმოგვცემს პრობლემას- დიდ ემალის ჯამში მოთავსებულ სტალინის ბიუსტს ცეცხლი ეკიდება და მაროს მტანჯველი მოგონებაც მასთან ერთად ჩაიწვება. მაიკოს მხოლოდ კატა ედარდება და სამოთხეშიც კატების გარემოცვას ნატრობს ოდენ. განსაკუთრებით მტკივნეულია თეატრის ყოფილი ბუღალტრის თამუნას ტკივილი, რადგან ის არც, კატაა, არც მამის აჩრდილი, არც ბავშვობის სიყვარული... მოხუცი ბუღალტრის ტკივილი-შვილია...
იქნებ ბანალურიცაა რეჟისორის მხრიდან სპექტაკლის ფინალში თამუნასათვის შვილის დაბრუნება, მაგრამ ტკივილისაგან გათავისუფლების ერთადერთ ხსნას, გმირი შვილის დაბრუნებაში ჰპოვებს და მაყურებელიც ბანალურად თვალცრემლიანი, თანაგანცდითა და ემოციით სავსე უკრავს ტაშს.
აქტუალობის თვალსაზრისით, სპექტაკლი უდავოდ იმსახურებს დადებით შეფასებას. თითქოს რეჟისორი ცდილობს მაყურებლამდე მიიტანოს მოხუცებული ადამიანის სამყარო, რომელიც ერთის მხრივ ისეთივე სათუთია, როგორც ბავშვის, მაგრამ მეორეს მხრივ სრულიად დაცლილი ბავშვური სილაღისაგან, ეს უკვე ტკივილებითა და გაცნობიერებული შეცდომებით გადატვირთული უსუსურობაა. სიმბოლისტური გადაწყვეტებით, გასული საუკუნის მელოდიებით იშხნელების რეპერტუარითა თუ თუნდაც ტრადიციული სამოსით, რომელიც ამ შემთხვევაში ასაკს უფრო უსვამს ხაზს ვიდრე წარმომავლობას, რეჟისორი აშკარად ქმნის სევდის მომგვრელ რეტროსპექტივას. სპექტაკლში თავისუფალი თეატრის თითქმის ყველა მსახიობი ქალი თამაშობს და მხოლოდ ერთი მამაკაცი. თიკო კორძაზე, ქეთა ლორთქიფანიძე, მარიამ ჯოლოგუა, მაიკო დობორჯგინიძე, თამუნა ნიკოლაძე,(მათი სახელები პერსონაჟების სახელების იდენტურია) სალომე ჭულუხაძე, ნათია კვაშალი და კახა მიქიაშვილი. საშემსრულებლო მანერის თვალსაზრისით პირველ მოქმედებაში თითქოს იყო გარკვეული პრობლემა დამაჯერებლობის თავალსაზრისით, თუმცა საპრემიერო ჩვენების ფარგლებში მაინც რთულია ამაზე მსჯელობა. დროის ინტერვალი გარკვეულწილად ამდიდრებს და ავსებს მსახიობის შესაძლებლობებს პერსონაჟთან ურთიერთობაში.
ეს არის სპექტაკლი, რომელიც ალბათ დიდხანს დარჩება თეატრის რეპერტუარში და მსახიობებსაც მიეცემათ საკუთარ მოხუცებულ გმირებთან უფრო მეტად დაახლოებისა და ჩაღრმავების საშუალება. გამოვყოფდი თიკო კორძაძის საშემსრულებლო მანერას, ის თანაბარი სიზუსტით ახერხებს კომიკური თუ ტრაგიკული ხასიათის მაყურებლამდე მიტანას. მისი პერსონაჟი საოცარი იუმორის გრძნობითა და ხშირად თვითირონიითაც გამოირჩევა. მონოლოგში კი გმირის სრულიად განსხვავებული, ტრაგიზმით აღსავსე ბუნება იხსნება და მსახიობის დამაჯერებლობა აშკარად აღწევს მაყურებელში თანაგანცდის გამოწვევას. ასევე აღსანიშნავია კახა მიქიაშვილის პერსონაჟი. სახასიათო ჟანრი, მისთვის დამახასიათებელი სპეციფიურობით დიდ სიფრთხილეს ითხოვს მსახიობისგან, სულ მცირე გადამეტებაც საკმარისია, რათა სატირა იაფფასიან მდარე იუმორს დაემსგავსოს, ვფიქრობ მიქიაშვილი ახერხებს წონასწორობის შენარჩუნებას და მისი მანერულობა მოზომილი და პერსონაჟისადმი ერთგვარი თანაგრძნობის მატარებელია. ”ვალსი ძილის წინ” არის სპექტაკლი, რომელიცროგორც რეჟისორი ამბობს ეძღვნებათ დედებს, ბებიებსა და მათ მეგობრებს... უკან დაბრუნება |