Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
„მარიამ სტიუარტი“
„მარიამ სტიუარტი“25-01-2013, 11:38 |
ნუცა კობაიძე
სპექტაკლი, თითქოს დასასრულიდან იწყება. სევდიანი მუსიკის ფონზე, ჩაბნელებული სცენის სიღრმიდან, სანთლით ხელში შემოდის მოხუცი ელისაბედი (მარინე ჯანაშია), რომელიც განიცდის წარსულს, დარდობს თავის შეცდომას, ხელებზე ეძებს სისხლის ლაქებს, რადგან იცის, რომ ამ ხელებმა მოკლეს „შოტლანდიის უჭკნობი ყვავილი“, მარიამ სტიუარტი. წარმოდგენის მსვლელობისას მოხუცი ელისაბედი პერიოდულად ჩნდება სცენაზე, ტკივილით უყურებს წარსულს. საინტერესოა ორი ელისაბედი ერთ სცენაზე. ერთი, საშუალო ასაკის, მკაცრი, ძალიან ძლიერი, ხოლო მეორე – ხნიერი, საკუთარი ცოდვებით გატანჯული, სუსტი დედოფალი, რომელსაც აღარ უნდა ცხოვრება. იგი გვირგვინს იღებს ხელში და ამბობს: „ო! რა მაცდური ხარ და როგორი მტანჯველი!..“ მარინე ჯანაშია ასრულებს ცხოვრებისაგან დაღლილი, მაგრამ ბრძოლაში დაუმარცხებელი დედოფლის როლს, რომელიც გრძნობს წარსულის შეცდომას, ვერ პოულობს სულიერ სიმშვიდეს და სთხოვს თავის დას, მარიამ სტიუარტს, რომ წაიყვანოს თავისთან. ნანუკა ხუსკივაძე ასახიერებს კაცური მანერების მქონე, მტკიცე დედოფალს. მას ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ იგი დიდი ინგლისის მმართველია. ქალწული ელისაბედი მორალით, სიძლიერით, თავისი ქვეყნის სიყვარულით გამოირჩევა; მას არ უნდა შოტლანდიის დედოფლის ეშაფოტზე აყვანა, მაგრამ გარშემო მყოფნი აიძულებენ: „ო ღმერთო! ეს შენ გინდა, რომ მკვლელად მაქციო, ეს შენ გინდა, რომ შთამომავლობამ საფლავში მაფურთხოს კახპა სტიუარტის მკვლელობის გამო...“ უეცრად გონს მოდის, ღმერთს პატიებას სთხოვს და მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებს შექმნილი ვითარების გამო. ამ ეპიზოდში კარგად ჩანს დედოფლის სისუსტე და ამავდროულად სიმტკიცეც, როდესაც ის პასუხისმგებლობას გაურბის და უფალს ადანაშაულებს, მაგრამ საბოლოოდ მაინც საკუთარ თავზე იღებს ამ მძიმე ტვირთს. ჩემთვის, ნანუკა ხუსკივაძემ განასახიერა ისეთი ელისაბედი როგორიც წარმომედგინა. აქტიორის ყოველი მოძრაობა, მიმიკა, გამოხედვა და ხასიათის სიმტკიცე, ხაზს უსვამს მის სამსახიობო ოსტატობას, რომელსაც იგი უდაოდ მაღალ დონეზე ფლობს.
რაც შეეხება მარიამ სტიუარტს – მარინა კახიანი ამ როლს 15 წლის შემდეგ, ისევ დაუბრუნდა. გოჩა კაპანაძემ თავისი სპექტაკლი აღადგინა. ზოგიერთი რამ, პირველი ვერსიისაგან განსხვავებით, შეცვალა კიდეც. შეიცვალნენ მსახიობები, შეიცვალა რამდენიმე სცენა, მაგრამ მან ძველი სახე მაინც შეინარჩუნა და მთავარი გმირის ორი შემსრულებელიც (ნანუკა ხუსკივაძე და მარინა კახიანი) უცვლელი დარჩა. მარიამ სტიუარტი – თავისუფლებისთვს ბრძოლას შეწირული, ქალური, შეუპოვარი, ვნებიანი, სიყვარულისთვის დაბადებული, უტეხი ნებისყოფის ადამიანია, მაგრამ სანამ მარინა კახიანი შოტლანდიის დედოფლის როლს მოირგებს, მანამდე ის გვეცხადება ჯამბაზის სახით, რომელსაც კახპა ქალივით აცვია, თავზე გვირგვინი ადგას და სახე ნიღბით აქვს დაფარული. წარმოუდგენელია ასეთ კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი იცნო, მაგრამ ამ შემთხვევაში მაყურებელს არ უჭირს მსახიობის ამოცნობა: იგი ცნობს მის ხმის ტემბრს, ტონის ერთფეროვნებას, მიხრა–მოხრას, რომელიც ყველა სპექტაკლში ერთნაირია. სამწუხაროა ამ ფაქტის აღნიშვნა, მაგრამ ეს ასეა; როდესაც მსახიობი გამოდის უკვე დედოფლის როლში, წარმოგვიდგება ძალიან ბევრი გმირი, რომელიც მარინა კახიანს უთამაშია. მაგალითად, გამახსენდა ერთი კვირის წინ ნანახი „სულიერი არსებები“, სადაც მსახიობი ასრულებს XXI საუკუნის ძველბიჭური მანერებით საქმის გამრჩევი მშობლის როლს. ეს ორი სპექტაკლი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება, მაგრამ რატომღაც პერსონაჟები ჰგვანან ერთმანეთს. თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მსახიობი ბოლომდე იხარჯება, მას უყვარს თავისი პერსონაჟი და შოტლანდიის დედოფლის როლიც მორგებული აქვს. მურმან ჯინორია თამაშობს ბერლეის, რომელსაც აკისრია კვანძის შეკვრის ფუნქცია და სპექტაკლის კულმინაციამდე მიყვანა, რაც მას ნამდვილად გამოსდის. იგი ძალიან მოხერხებული, დინჯი, თავდაჯერებული და გაწონასწორებული კანცლერია. როდესაც სცენაზე შემოგორდა ინფანტა მარი, დედოფალ ელისაბედის მასხარა, რომელსაც ნანული სარაჯიშვილი ბრწყინვალედ თამაშობს - აღტაცებული დავრჩი. ის, თითქმის მთელი სპექტაკლის განმავლობაში დაგორავს სცენაზე ხმაამოუღებლად, მაგრამ იმდენად საინტერესოდ თამაშობს, რომ იპყრობს მაყურებლის ყურადღებას. დაბალ, ბორბლებიან სკამზე დამჯდარს, ოქროსფერი სამოსი აქვს გადმოფარებული, გაჩეჩილ თმაზე ადგას გვირგვინი და სევდიანი სახის უცნაური გრიმასით ახერხებს ხმის ამოუღებლად თქვას სათქმელი. სცენოგრაფიასთან (ბექა ჯანაშია) დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ არის სტანდარტული, მარტივი წყობა. ავანსცენაზე დგას ცხენი, ფეხებთან უდევს თავის ქალა, სცენის სიღრმეში ჩანს ორი გილიოტინა და კლავისინი, რაზეც გადაფარებულია ინგლისის გახეული დროშა. აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო მუსიკალური გაფორმება: ზოგიერთი კომპოზიცია თითქოს ამოვარდნილია საერთო განწყობიდან, არ შეესაბამება სცენაზე განვითარებულ მოვლენებს. თუმცა ეფექტურია ის ნაწილი, როდესაც მარიამ სტიუარტი სიკვდილით დასასჯელად, წითელ კაბაში შემოჰყავთ; სწორედ ამ დროს, ხმამაღლა, მთელ დარბაზში შოტლანდიური მუსიკა ისმის, რაც ძალიან ძლიერ ემოციას ბადებს. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ პირველი მოქმედების შემდეგ ხალხმა დაიწყო წასვლა. ეს არ მოხდა იმიტომ, რომ სპექტაკლი იყო უინტერესო. უბრალოდ, წარმოდგენაზე მოსულ საზოგადოებას ეგონა, რომ იგი დასრულდა. ამით, იმის თქმა მინდა, რომ რეჟისორმა პიესის ძირითადი ამბავი დაამთავრა ერთ მოქმედებაში – მოხუცი ელისაბედი მარიამ სტიუარტს ტანზე აფარებს თავის ხალათს, რომელიც მოხურული აქვს და გაჰყავს სცენიდან, რაც ფინალის შეგრძნებას ტოვებს. მეორე მოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ უფრო გაწელილი აღმოჩნდა (მარიამ სტიუარტის თვითგვემის სცენებით), მაინც საინტერესოა. ამ მოქმედებაში ჩვენ ვხედავთ ორ დედოფალს თავისი სუსტი მხარეებით, თავიანთი გრძნობებით, რაც მიუთითებს იმას, რომ ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან. ნანუკა ხუსკივაძე და მარინა კახიანი წარმატებით ძლევენ ამ ურთულეს ამოცანას. სიკვდილის წინ, თითქოს წაბორძიკდება შოტლანდიის დედოფალი, შიში შეიპყრობს და გვირგვინის მოშორების სურვილი უჩნდება. მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი სისუსტეა :“მე, დედოფალი ვარ ინგლისისა და შოტლანდიის...“ ამას ამბობს და ამაყად მიდის სიკვდილთან შესახვედრად. ემოციურია ფინალი, როდესაც სცენაზე სრულიად მარტო დარჩენლი მოხუცი ელისაბედი დადის და ეძებს თავის დას, რომლის სისხლითაც გაისვარა ხელები და რამაც მას დაუნგრია ცხოვრება :–„მარიამ სტიუარტ, ძვირფასო დაო, შენ ისევ აქ ხარ? სად ხარ? მარიამ სტიუარტ!..“ მარიამი შემოდის სცენაზე და მიჰყავს მოხუცი ელისაბედი...
უკან დაბრუნება |