Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
“ჩემი ჰამლეტი”
“ჩემი ჰამლეტი”19-02-2013, 00:08 |
ნუცა კობაიძე
სპექტაკლის შემდეგ დაცარიელებულ და არეულ საგრიმიოროში შემოდის დამლაგებელი (ქეთი ცხაკაია) და იწყებს ლაგებას. თანდათან ირკვევა, რომ ეს ქალბატონი შეყვარებულია თეატრზე, მან ოთხჯერ სცადა ჩაბარება თეატრალურ ინსტიტუტში, სამწუხაროდ, ოთხჯერვე უარით გამოისტუმრეს ახლომხედველობის გამო. მართალია, მან ვერ მოახერხა სცენაზე თავის წარმოჩენა, მაგრამ თეატრალურ სამყაროს მაინც არ მოსწყდა, მისი სიყვარული იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ თეატრში დამლაგებლად მუშაობას შეუდგა. ამ ამბის თხრობით იწყება მარჯანიშვილის თეატრის სხვენში ბესო კუპრეიშვილის სპექტაკლი – “ჩემი ჰამლეტი”. საგრიმიოროს ლაგების დროს ქეთი ცხაკაიას პერსონაჟი აწყდება სხვადასხვა ნივთებს, რომელთა დაკავშირებასაც ცდილობს შექსპირის პიესებთან – იღებს იატაკზე დაგდებულ თეთრ ცხვირსახოცს და ამბობს: “ილოცე ძილის წინ, დეზდემონა...” შემდეგ დამჭკნარი ყვავილების პატარა თაიგულს მიმართავს – “ოჰ, ყვავილი, ოფელიას ყვავილი...” ამ ეპიზოდიდან კარგად ჩანს, რომ დამლაგებელ ქალს აქ, თეატრში თავისი სამყაროსთვის მიუგნია: მას უყვარს აქაურობა, რეკვიზიტი, ყოველ ნივთს ეფერება, თითოეულის დანიშნულება იცის, ყოველ მათგანს დიდი სინაზით ეპყრობა.
დამლაგებელი შექსპირის წიგნსაც იღებს ხელში, გაისმის მისი სიტყვები: “არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ!..” იცვლება დეკორაცია. საგრიმიოროს სარკე, მაგიდა, სკამი მოულოდნელად სხვა დანიშნულებას იღებენ. დეკორაციას არაფერი ემატება, მხოლოდ რეკვიზიტების განლაგება იცვლება და სწრაფადვე იცვლება მაყურებლის დამოკიდებულებაც.
ბნელდება სცენა და ნათდება სარკე. ამ სარკეში შედის მსახიობი როგორც სხვა სამყაროში. ეს “ჰამლეტის” (პიესის) სამყაროა წარმოდგენილი თოჯინებით, ისინი გაქვავებულები, თვალდახუჭულები, მაგრამ მხედველნი მეტყველი სახეებით ერთმანეთს შესცქერიან. მაყურებლისთვის კი მოულოდნელობის ყველაზე დიდი ეფექტი შეიძლება ის იყოს, რომ ქალი იქცა ჰამლეტად, დანიის პრინცად. უცნაური მოულოდნელობა. ეფექტი მით უფრო ძლიერია, თუ მაყურებელმა არ იცის, რომ ჰამლეტის როლი ქალს სხვა დროსაც, სხვა ქვეყანაში უთამაშია. მაგალითად, სარა ბერნარს, მსოფლიოში სახელგანთქმულ ფრანგ მსახიობს – ვირტუოზული, დახვეწილი ტექნიკითა და არტისტული გემოვნებით გამორჩეულს, ყოველთვის გამაოგნებლად წარმატებულს და თუ ესეც ვიცით, არ შეიძლება ორმაგი მოწიწება არ გაგვიჩნდეს ქეთი ცხაკაიას მსახიობური ამბიციის მიმართ – მან ხომ საკუთარი თავის გაიგივება უნდა შეძლოს დანიის პრინცთან, ამავე დროს პიესის ყველა როლიც თავად უნდა შეასრულოს და თანაც ისე, რომ ყველა პერსონაჟი თოჯინური იყოს. რთული და გაბედული მხატვრული ამოცანაა! თითქმის მიუღწეველი.
მიუღწევლის მიღწევის ცდად მიაჩნდა ჰამლეტის როლის ადეკვატური შესრულება უისტენ ოდენს, პოეტსა და დრამატურგს, რომლის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე მხატვრულ აზროვნებაზე, მის “ლექციებში შექსპირის შესახებ” ვკითხულობთ: “უცნაურია, რომ ყველა ცდილობს საკუთარი თავი ჰამლეტთან გააიგივოს, ქალებიც კი – სარა ბერნარმა მოახერხა და ითამაშა ჰამლეტი. სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ სპექტაკლზე მან ფეხი მოიტეხა”. ოდენის “ნიშნის მოგება”, რა თქმა უნდა, რიტორიკული ხერხი იყო და არა ღვარძლიანი ირონია, რათა სტუდენტებისთვის გამოკვეთილად მიეწოდებინა საკუთარი აზრი, რომ შექსპირის “ჰამლეტი” ტრაგედიაა, რომლის მთავარი როლი ჯერ კიდევ ვაკანტური რჩება ანუ აქ როლი ტრაგიკული მსახიობისთვის ცარიელია. ეს 1946-1947 წლებში ნიუ-იორკში წაკითხულ ლექციათა კურსში ითქვა. მას შემდეგ მრავალ ადგილზე მრავალი ჰამლეტი განხორციელდა, დღეს რას იტყოდა ოდენი, არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ყველას თავისი ჰამლეტი ჰყავს. ვფიქრობთ, ამაზე მიუთითებს წარმოდგენის სახელწოდებაც – “ჩემი ჰამლეტი”.
ვინ არის იგი? იმ სახელმწიფოს ტახტწართმეული პრინცი, სადაც ყველაფერი “დალპა”, თუ ფილოსოფიურად მოაზროვნე სტუდენტი, რომელიც სულ ახლახან ჩამოსულა ვიტენბერგის უნივერსიტეტიდან ან იქნებ შურისმაძიებელი, რომელიც კლავდიუსისა და გერტრუდას ეჭვებს აღუძრავს, რომ იგი შეთქმულებას უწყობს მათ, ან იქნებ ჰამლეტი მართლა შეშლილია დარდისგან, რომ მისი აღვირახსნილი დედა თავისი ქმრის მკვლელს, საკუთარ მაზლს ანუ ჰამლეტის ბიძას, გაჰყოლია ცოლად? იგი შეძრული უნდა იყოს ყველაფრით: დედის უზნეობით, მამის მკვლელობით, ბიძის ვერაგობითა და დაუნდობლობით, დანიის სამეფო ტახტის დაკარგვით, რომელიც მას კანონიერად ეკუთვნოდა და ბიძამ წაართვა. აქ გაგიჟებისთვის საკმაო საფუძველია. მაგრამ იგი ნამდვილად არ არის შეშლილი, ასეთად მხოლოდ თავს გვაჩვენებს. მრავალი ინტერპრეტაცია და ადაპტაცია არსებობს პიესის. მრავალი განსხვავებული ჰამლეტი და ოფელია უნახავს მაყურებელს, განსაკუთრებით გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან, როცა დღის წესრიგში დადგა ტრადიციით დამძიმებული ტექსტების გადასინჯვის დრო.
ძიების გზებზე ფრანკო ძეფირელიმ აღმოაჩინა გასაღები, რომლითაც უნდა “გაეხსნა შექსპირი” თანამედროვეთათვის. ეს გასაღები იყო “დაწევისა (დამიწების) და ცხოვრებასთან მიახლოების”, ერთგვარი გაუბრალოების ხერხი. ამ მეთოდით ლონდონში დადგმულმა “რომეო და ჯულიეტამ” წარმოუდგენელი წარმატება მოიპოვა. შემდგომში ძეფირელიმ გულახდილად ჩამოაყალიბა თავისი ადაპტაციების პრინციპები. იგი წერდა: “რატომ უნდა იწყენდეს პუბლიკა შექსპირის სპექტაკლებზე? მე სრულებითაც არ მენაღვლება ტრადიცია, სრულყოფილი დიქცია თუ სტილიზებული მოძრაობები – ყველაფერი, რაც ტიპობრივია შექსპირის დადგმებში! ვის სჭირდება ეს ჩვენს დროში?... ვერ ვიტან, როცა შექსპირი გაქვავებულია სცენაზე, გაყინული. ის ისეთი გენიალურია, რომ მისი პიესების დადგმები სიცოცხლითა და სისხლით უნდა ფეთქავდნენ”. მიუხედავად ასეთი დეკლარაციისა, ძეფირელის მეთოდი მასკულტურის პროდუქტთა ფაბრიკაციის საშუალებად არ ქცეულა მის ხელში, მან კი ადაპტაციის გენიოსის სახელი მოიხვეჭა. ცხადია, რომ “ჰამლეტის” ტექსტს აღარ მოუხდებოდა უშუალობისა და უბრალოების ის გასაღები, რომელიც ძეფირელიმ აღმოაჩინა, ამიტომ პიესის “დამიწებისა და ცხოვრებასთან მიახლოებისთვის” მან თანამედროვე ფროიდიზმის სულისკვეთების შესაბამისი მიდგომა გამოიყენა. როგორც ლიტერატურაშია აღნიშნული, რეჟისორმა ჰამლეტში “დაინახა” უმწიფარი ჭაბუკი, ზრდაშეჩერებული ბიჭუნა, რომელსაც დედის კომპლექსი და კასტრაციის კომპლექსი აწვალებს, არ იცის ქალი, აქვს ჰომოსექსუალური მიდრეკილებები (ლაერტი უყვარს), სძულს მამა და თხზავს მითს მის შესახებ მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ ეს მითი დაამსხვრიოს; სძულს მთელი სამყარო, რადგან ეს სამყარო უფროსებს ეკუთვნით; ოფელია ფრუსტრაციის ტიპობრივი შემთხვევაა, ფორტინბრასი იმედს კი არ განახორციელებს, არამედ ჰამლეტის უკანასკნელ იმედგაცრუებას, იგი ერთი უღიმღამო ოფიცერია... სხვა ადაპტაციებსა და ინტერპრეტაციებს არ შევეხებით, როგორც აღვნიშნეთ, ისინი ბევრია თეატრსა და კინემატოგრაფიაში, ასევე, ტელევიზიასა და ლიტერატურული ესტრადის ფიცარნაგზე – გავიხსენებთ მონოსპექტაკლებს, რომლებიც შეუქმნიათ როგორც მხცოვან, მაგალითად, ინგლისელ ჯონ გილგუდს, ისე ახალგაზრდა, მაგალითად, ვლ.რეცეპტერს, ვლ.ვისოცკის (ეს უკანასკნელნი ახსოვს ძველი თაობის თბილისელ მაყურებელს). ეს მსახიობები მაყურებლის წინაშე წარმდგარან პირისპირ დეკორაციისა და სპეციალური განათების გარეშე... ამგვარი მრავალფეროვნება ზოგადად იმას მოწმობს, რომ გამეორება არ არის ხელოვნების ამოცანა.
ცხადია, ეს ამოცანა არ დაუსვამთ “ჩემი ჰამლეტის” შემქმნელებსაც. ქეთი ცხაკაიას აქტიორულმა ინდივიდუალობამ, თეატრალური აზროვნების თავისუფლებამ და რეჟისორის ჩანაფიქრთან თანხვედრამ გახადა შესაძლებელი ახალი, განსხვავებული ჰამლეტის დაბადება სცენაზე – ჰამლეტის პერსონაჟის, რომელიც მთლიანად იტევს თეატრს. ეს ხორციელდება არა მარტო გარდასახვათა ფეიერვერკით, არამედ იმ რთული სქემით, რომლის აღმოჩენა შეიძლება ამ გარდასახვაში: ვგულისხმობთ ორმაგ-სამმაგ გარდასახვებს, რომლებსაც ქეთი ცხაკაია ეწევა: პირველი გარდასახვა, რომლის გარეშე არ არსებობს თეატრი და რომელიც სცენის გარეთ ხდება, არის მსახიობის მოვლინება დამლაგებელი ქალის როლში, ეს ქალი და არა ქეთი ცხაკაია, გარდაისახება ჰამლეტად (ორმაგი გარდასახვა ერთ პირში), ორმაგად გარდასახული გარდაისახება თოჯინების გამთამაშებლად (სამმაგი გარდასახვა), რომელიც “თოჯინურად” ასრულებს ანუ თოჯინების მეშვეობით ქმნის გერტრუდას, კლავდიუსის, პოლონიუსის, ლაერტის, ოფელიას, მესაფლავის, როზენკრანცის, გილდენსტერნის მხატვრულ სახეებს (ოთხმაგი გარდასახვა), ანუ გამთამაშებელი გარდაისახება თოჯინად და ასეთი თოჯინა რვაა, ცალ-ცალკე ესენიც ახალი როლები და გარდასახვებია, მაგრამ, ასე ვთქვათ, პარალელური და არა შრეობრივი. შრე ხუთი გამოდის, თუ არ შევცდით, ე.ი ხუთმაგ გარდასახვას განიცდის ერთდროულად მსახიობი, ოდენობით კი – უფრო მეტს, თუ დავუმატებთ მინითეატრში (გონზაგოს მკვლელობის ამბავი) მის მონაწილეობას და ყველაფერს შევკრებთ. რა თქმა უნდა, მაყურებელს ეს არ ამძიმებს, ის არ აანალიზებს ამას, აღიქვამს მსახიობის მომხიბლავ თამაშს და არ ფიქრობს იმ უცნაურობაზე, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. გარდასახვათა ეს ხლართი, რომლის მსგავსიც, არ გაგვიგონია და რომელიც შეიძლება უნებლიეთაც შეიქმნა (შედეგისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს), ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამაში ვხედავთ “ქეთი ცხაკაიას ჰამლეტის” გასაღებსაც და სხვა ჰამლეტთაგან მის განსხვავებასაც.
როგორ უნდა გადმოიცეს არაცოცხალი მასალით (ხით, რეზინით, პლასტმასით და ა.შ) ადამიანთა გრძნობები, განცდები, ვნებანი და ის დიდი ტრაგედია, რომელიც სულ მალე აქ დატრიალდება. მიგნებული ფორმებით, სხეულის დეფორმირებული ნაწილებით, უცნაური მოძრაობებით. ამ თოჯინებს “მიმიკებიც” კი აქვთ, ღიმილისა და ტანჯვის გამომხატველი, თუმცა სახეზე ნაკვთი არ უკრთით. დანიის დედოფალ გერტრუდას სახის “მიმიკას” შუქჩრდილები უცვლის: ყურებამდე გაღიმებული სახე უეცრად შეიძლება ტანჯული ქალის სახედ იქცეს; კლავდიუსს, რომელსაც დრამატურგმა ბოროტი და მზაკვარი ადამიანის როლი არგუნა, დიდი ცხვირი და დიდი ოთკუთხა ყბა აქვს, თვალები კი გადმოკარკლული. ხმა, ინტონაცია, ტემბრი მსახიობს საშუალებას აძლევს შეზღუდული ფაქტურით (ხე მაინც ხეა, თოჯინა კი – თოჯინა) საინტერესო სახეები შექმნას. წარმოდგენაში რეზინის თოჯინებიც მონაწილეობენ - როზენკრანცი და გილდენსტერნი – ხორთუმისცხვირა დიდთვალა არსებები, რომლებსაც ქეთი ცხაკაია ხელებზე ჩამოიცვამს კრივის ხელთათმანებივით და ისე ურტყამს ერთმანეთს, თითქოს კრივში იმართებოდეს შეჯიბრი. გამორჩეულია ოფელია – მშვიდი, ნაზი და ტანჯული; ცოცხალი ადამიანივით მოძრაობს მესაფლავე, მისი მიხრა-მოხრა ადამიანის სიარულის ადეკვატურია. გამომსახველია თოჯინა, რომელიც ჰამლეტს ამცნობს ლაერტთან დუელში გაწვევის ამბავს. იგი ძალიან პლასტიკურია, ამავე დროს სახიერი – თავზე წვრილი ნემსების თმა აქვს, ხოლო გრძელი ყელის ნაცვლად – ზამბარა. ის იგრიხება, გველის ასოციაციას იწვევს იმდენად, რომ თითქოს სისინიც ისმის.
ყოველგვარი ზედმეტი დეკორაციის გარეშე, მარტივად და საინტერესოდ გადმოგვცა სათქმელი მხატვარმა ვახტანგ ქორიძემ. არაფერია სცენაზე მაგიდის, სკამის (შავი ყუთი), სარკისა და უჯრების გარდა, რომლებსაც კუბოს ფორმა აქვთ, მათი მეშვეობით სასაფლაოს სცენა მშვენივრად არის გადმოცემული. საგრიმიორო სარკესაც აქვს სხვა დანიშნულება, ის წარმოადგენს თოჯინების მინითეატრის თეჯირს, რომლის მეშვეობითაც ჰამლეტი სამეფო ოჯახს აჩვენებს სპექტაკლს გონზაგოს მკვლელობის შესახებ.
მუსიკალური გაფორმება (იოსებ ბარდანაშვილი) ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და მნიშვნელოვანი შტრიხია ამ სპექტაკლში, მელოდია თემატურად მიჰყვება სცენაზე განვითარებულ მოვლენებს, ის ახერხებს მაყურებლის მონუსხვას და აიძულებს, იფიქროს იმ პრობლემაზე, რაც სცენაზე ტრიალებს.
ჩვეულებრივი სპექტაკლისგან განსხვავებით, მონოსპექტაკლი უფრო მონოტონური და მინორულია, ნაკლები აქტიურობა და მრავალფეროვნებაა ხოლმე მასში, რაც ამ სპექტაკლს ნამდვილად არ ახასიათებს. ეს, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ქეთი ცხაკაიას უდავო დამსახურებაა. იგი მსახიობია, რომელსაც არ სჭირდება ანშლაგი იმისთვის, რომ სრული დახარჯვით ითამაშოს, სათქმელი ბოლომდე თქვას. სწორედ ამ სპექტაკლში შესრულებული საუკეთესო როლისთვის აიღო მან დურუჯის პრიზი.
წარმოდგენა დასასრულს უახლოვდება, ვბრუნდებით ისევ საგრიმიოროში, ჰამლეტი ისევ მეოცნებე დამლაგებელია, ყველა გარდასახვა დამთავრებულია, ერთის გარდა, თეატრზე შეყვარებული ქალი, რომელიც თვითონ აღმოჩნდა მთელი თეატრი – ქეთი ცხაკაია – ამჯერად დაღლილი და მოდუნებული მიწვება მაგიდაზე და ისევ “თავისი ჰამლეტის” სიტყვებს წაილუღლუღებს: “ამ წარმოდგენას ბოლომდე მივიყვან. სხვა რაღა დარჩა, საუკუნო სიჩუმე მხოლოდ...”
უკან დაბრუნება |