Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
გაორებული ჰამლეტი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე
გაორებული ჰამლეტი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე1-03-2013, 11:15 |
გიორგი ყაჯრიშვილი
არ არსებობს პროფესიონალი რეჟისორი, რომელსაც არ ეოცნებოს უ. შექპირის „ჰამლეტის“ დადგმაზე ან არ ეცადოს მისი განხორციელება. თეატრის გრძელმა და ხანგრძლივმა ისტორიამ შემოინახა ამ უკვდავი ტრაგედიის დადგმის უამრავი მაგალითი - სხვადასხვა რეჟისორული გადაწყვეტითა და რაც მთავარია ჰამლეტის როლის განსხვავებული ინტერპრეტაციებით და გენიალურიგანსახიერებით. ჰამლეტი-გიტარით (ვ. ვისოცკი), ჰამლეტი-ქალი (ასტა ნილსონი, სარა ბერნარი, ფატმა გირიკი, ალა დემიდოვა), ჰამლეტი - ბებერი და აშ და აშ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენას უ. შექსპირის „ჰამლეტის“ დადგმის ტრადიცია არ აქვს, თუ არ ჩავთვლთ თვით კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლს უშანგი ჩხეიძის (1925 წ.) მონაწილეობით, რომელიც თავისთავად რუსთაველის თეატრს ეკუთვნის და „თითების თეატრში" ბ. კუპრეიშვილის მიერ განხორციელებულ „ჩემს ჰამლეტს“ მარჯანიშვილის სხვენში - მონოსპექტაკლს ქ. ცხაკაიას მონაწილეობით. თემო კუპრავას სპექტაკლი არ ჩამორჩება ზემო ჩამონათვალს და იგი მრავალ მიგნებასა და ახლებურ ხედვას გვთავაზობს, ზოგჯერ საკამათოს, ზოგჯერ სასიამოვნოს, ზოგჯერ მიუღებელს და ზოგჯერ გასახარსაც. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ მომეწონა ახლგაზრდა დებიუტანტი რეჟისორის სიმამაცე გაერკვეს და მაყურებელს წარუდგინოს თავისი ხედვა იმ კატაკლიზმებისა და უბედურების შესახებ, რომელიც დანიის სახელმწიფოში სუფევს და კერძოდ კი რაც ჰამლეტის თავზე დატრიალდა. ამ ურთულეს და ყველაზე „დახლართულ“ პიესაში ცოტა ვინმემ თუ შეძლო გადაეწყვიტა „ყოფნა არ ყოფნის“ დილემა. ასე მაგალითად რუსთაველის თეატრის რ. სტურუასეულ დადგმაში ჰამლეტი ცოცხალი რჩებოდა და არც „ყოფნა? არ ყოფნის?“ მონოლოგს არ კითხულობდა ... ამდენად თემო კუპრავას მიერ დადგმული წარმოდგენა ორმაგ ინტერესს იწვევდა - რატომ აქ და რატომ ახლა? ნუთუ „ყოფნა არყოფნა“ ისევ აქტუალურია დღეს ამ, ასე პოლიტიზირებულ სამყაროში - რა დგას ამ კითხვის უკან. მხოლოდ ჩვენი თანამედროვის თავის გადარჩენისთვის სწრაფვა თუ თავისუფლებისკენ ჰამლეტისეული ლტოლვა? დამწყები რეჟისორის ერთგვარი სითამამე სადებიუტოდ უ. შექსპირის უკვდავი ტრაგედიის არჩევა მისასალმებელია, თუმცა ავტორისთვის ძალიან სახიფათო. ამ პიესაში ნებსით თუ უნებლიეთ დრამატურგის მიერ იმდენი „ბომბია“ ჩადებული, რომ მასზე „ცხვირის მომტვრევა“ ბევრმა რეჟისორმა იწვნია. თემო კუპრავას მთლად დამწყებ რეჟისორს ვერ უწოდებ. ლევან წულაძის ასისტენტი ამ რეჟისორის ბოლოდროინდელ წარმატებულ სპექტაკლებში: ჯ. ბოკაჩოს „დეკამერონში“ და კოკი მიტანის „ჟოლოს“ დადგმების განხორციელებაში მონაწილეობდა. ეს ტრაგედია შექსპირის მიერ ისეა დაწერილი, რომ ყველა პერსონაჟი ისეთია, როგორსაც ჰამლეტი ხედავს; ამდენად ავტორი ერთი მხრივ ყველაფერს ჰამლეტის თვალით უყურებს, მეორე მხრივ კი საკუთარით. ასე რომ ყველა მაყურებელი ერთდროულად ჰამლეტიცაა და ისიც ვინც მის საქციელს აკვირდება. ვგონებ თ. კუპრავამ მაყურებელიც ამიტომ აიყვანა სცენაზე და მსახიობებთან სულ ახლოს განალაგა. ჩვენ დასაწყისიდანვე მთელ ქმედებაში სრულად ვართ ჩართული და ჰამლეტისა და ოფელიას სუნთქვაც კი გვესმის, არაფერი რომ არ ვთქვათ მათი სულის მოძრაობაზე. (ეს ხერხი არახალია - გვახსოვს რ. სტურუასა და ა. ენუქიძის დ. კლდიშვილის „ირინეს ბედნიერება“, ა. ენუქიძის ფ. დიურენტმატის „ვთამაშობთ სტრინტბერგს“ რუსთაველის თეატრში, იგივე „ჟოლო“ მარჯანიშვილის თეატრში). ეს სიახლოვე თანამონაწილეობას, თანაშეგრძნებასაც გულისხმობს. არჩევანი ჩვენზეა, ვის მხარეს აღმოვჩნდებით. მარჯანიშვლის თეატრის სპექტაკლი ელსინორის კრონბერგის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის სანაპიროზე იწყება, ნატურალური წყლითა და მეთევზეებით - „de mortuis aut bene aut nihil“ - სიტყვები ... სიტყვები ...
სცენის იმ დარჩენილ ნაწილზე რაც წყალს - ზღვას არ უკავია (რამდენადაც მახსოვს 1926 წ. პირველად ვს. მეიერხოლდმა შემოიტანა სცენაზე ნამდვილი წყალი ნავებით) - პირსია, რომელიც მალე მოქმედების მთავარი ადგილი გახდება სამიოდე ამავალი საფეხურით. მასზე ერთადერთი სავარძელი - ალბათ სამეფო ტახტის სიმბოლო დგას. ესაა გზა არსაით - გზა, რომელზედაც მიემართებიან ტრაგედიის პერსონაჟები და რომლის ბოლოშიც ისინი თანამიმდევრულად საკუთარ აღსასრულს ჰპოვებენ - თავიდან ოფელია, ბოლოს კლაუდიუსი და თვით ჰამლეტიც - ორივე! დიახ, ორი ჰამლეტი - სპექტაკლის ავტორის ერთ-ერთი ახალი ხერხი, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. ჰამლეტის (კ. როინიშვილი) პირველსავე გამოსვლას თან ახლავს პირსის კიდეზე უფროსი ჰამლეტის გამოჩენაც, რომელიც მეთევზეებს (ჯ. კილაძე, ნ. დოღონაძე) ისე დააფრთხობს, რომ მის მოკვლასაც კი განიზრახავენ. მხოლოდ თვით ჰამლეტისთვის არაა ეს მოულოდნელი. იგი თითქმის ელოდა კიდევაც მას. სპექტაკლის ტექსტური ქსოვილიდან ჰორაციოს, გილდესტერნის, როზენკრატცისა და სხვათა გაქრობამ განაპირობა ის, რომ რეჟისორი სპექტაკლის სხვა მონაწილეთ აკისრებს მათ მოვალეობას - მეთევზეები სასახლის კარისკაცებიც არიან, მესაფლავენიც და ჰამლეტის ნამდვილი და ყოფილი მეგობრებიც. მამა ჰამლეტის (პ. პაპუაშვილი) აჩრდილი თვით ჰამლეტის ორეულიცაა, რომელიც კრიტიკულ მომენტში ხან ეთანხმება დანიის ახალგაზრდა პრინცს, ხანაც ეწინააღმდეგება მას. ტრაგედიის მთავარი მოქმედი პირის გაორება თვით შექსპირის ტექსტშია. „ყოფნა არ ყოფნაც“ ხომ გაორების ნიშანია, ისევე როგორც მოგონილი სიგიჟე ან ფილოსოფოსობა, ოფელიას სიყვარული და ქალთა მოდგმისადმი სიძულვილი - „არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ“, დედის დანაშაულში მხილება და ფარული „ლტოლვა“ მის მიმართ.
სასახლის კარზე კი, გლოვის ერთი თვის თავზე გერტრუდა (ე. ჩხეიძე) და კლაუდიუსი (მ. აბულაძე) ქორწინდებიან, აქვეა პოლონიუსი (ა. მახარობლიშვილი) მთელი თავისი ოჯახით. გერტრუდა დაბნეული ჩანს, თითქოს ის რაც ხდება ნაკლებად ახარებს და უფრო ის აწუხებს რატომაა ჰამლეტი ასეთი უცნაური და საიდუმლოებით მოცული: „გულში მაქვს რაღაცა; გარწმუნებ, იგი არ საჭიროებს მწუხარების მოკაზმულობას“ - ამბობს ჰამლეტი დედას გაურკვევლობაში ტოვებს და დედოფალს ისღა დარჩენია, რომ მზრუნველობის ნიშნად თხოვოს მას რომ ვიტენბერგში არ გაემგზავროს. კლაუდიუსიც კვერს უკრავს. პირსზე, მეორე სცენაზე, რომელიც რეჟისორმა და სცენოგრაფმა (კიდევ ერთი მოულოდნელობა - ლ. წულაძე თუ არ ვცდები მეორედ გვევლინება ამ ამპლუაში) ძირითად სცენაზე ააგეს, მიმდინარეობს ორი ჰამლეტის შეხვედრა. ამ შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა ჰამლეტისთვის უკვე ყველაფერი ნათელია და მასში თანდათანობით ღვივდება შურისძიების ალი - „დროთა კავშირი დაირღვა და წყეულმა ბედმა მე რად მარგუნა მისი შეკვრა“ . მსახიობის (კ. როინიშვილი) მიერ „ლექსად“ წაკითხული „ყოფნა არ ყოფნა“, ოფელიასთან სცენა და შემდგომ მოხეტიალე მსახიობის მიერ მოთხრობილი ჰეკუბას ისტორია ჰამლეტს არწმუნებს, რომ დრო დადგა შურისძიებისათვის. იგი სრულად აღიქვამს საკუთარ მარტოობას, უსმენს ამ მსახიობის (ბ. გოდერძიშვილი) დეკლამაციას, მაგრამ ეს სიტყვები ცოტა რამეს თუ ეუბნება. გადაწყვეტილება მიღებულია. განვლილი მოვლენები თითქოს მიგვანიშნებს, რომ ჰამლეტი მზადაა კლაუდიუსის მოსაკლავად, მომენტიც შესაბამისია, იგი მარტოა - ლოცულობს, ჰამლეტს დანაც მოუღერებია, მაგრამ აქ ერთვება მისი მეორე „მე“ - აჩრდილი, რომელიც იარაღს ხელიდან ართმევს, ჯერ შესაბამისი დრო არ დამდგარა, ვინ არ არის მზად? ჰამლეტი, გარემო და სახელმწიფო თუ მაყურებელი? ორივე ჰამლეტი „ქვესკნელში“ უჩინარდებიან, რათა ახალი ძალით შეეებრძოლონ უსამართლობას. აქ ჩვენ არ შეგვიძლია არ დავუბრუნდეთ იმ მთავარ კითხვას, რომელიც ყოველთვის და ყველას აღელვებდა. რატომ არ კლავს ჰამლეტი კლაუდიუსს მაშინვე, როცა კი გაიგებს მის მიერ უფროსი ჰამლეტის მოკვლის ისტორიას ... ისევ გაორება და ირაციონალობა? ეს შექსპირის მეთოდია. სავარაუდოა რომ ჰამლეტი ჯერ მზად არაა ასეთი საბედისწერო ნაბიჯისათვის. მისი მერყეობა ხასიათის თვისება კი არაა, არამედ შექსპირესეული ამოცანა დააბნიოს მაყურებელი. ავტორმა „შემოვლითი“ გზით მიაღწია იმას, რომ დამსწრე საზოგადოება ხუთი მოქმედება „გარშემო ტრიალის“ შედეგად მიიყვანა ისეთ ფინალამდე, რომელიც შესაძლებელია პირველი აქტის ბოლოსაც კი ყოფილიყო, თანაც ფინალი იმდენად თავზარდამცემია, რომ მაყურებელი ვერ ასწრებს თვითდაკმაყოფილებას კლაუდიუსის სიკვდილის გამო, ვინაიდან მას მაშინვე ჰამლეტის სიკვდილი ემთხვევა. მაგრამ მივყვეთ მოქმედებათა მსვლელობას. ჰამლეტის პირველი მსხვერპლი ყველაზე ახლობელი ადამიანი ოფელია (მ. ნადირაძე) ხდება. მას ვერ შველის ვერც ლაერტის (რ. ოქროპირიძე) გაფრთხილება და ვერ პოლონიუსის მზრუნველობა. ჰამლეტისგან უარყოფილი, დამცირებული, შეურაცყოფილი და მონასტერში გადახვეწილი, ბოლოს ზღვის ტალღებში ჰპოვებს შვებას. რეჟისორმა ოსტატურად, თანამედროვედ ააგო ოფელიას სიგიჟის სცენა „სათაგურში“ გამოყენებული მანიკენთან სექსითა და ზომაზე მეტი სიშიშვლით. ჰამლეტის მთავარი ამოცანა კი - კლაუდიუსის დასჯა ჯერ კიდევ წინაა. სანაპიროზევე დადგმულ სათაგურის სცენაშიც რეჟისორი ახლებურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, განსხვავებულს შექსპირისეული ტექსტიდან - მოხეტიალე მსახიობთა მიერ გათამაშებულ ბაღის სცენაში გონზაგოს დედოფალი-მსახიობი კლავს. ჰამლეტი კი გერტრუდას ჩაშტერებია და მის რეაქციას ყურადღებით აკვირდება. სახეშეშლილ დედოფალს გასაქცევად გამზადებული კლაუდიუსის კივილი გამოფხიზლებს „სანათი“ – „სანათი“ გაჰყვირის პოლონიუსიც .... მაცდურია სასახლის ეს მთავარი მსახური და კლაუდიუსის ჯაშუში - თავიდანვე ცხადდება, მისი პირადი ანტიპატია ჰამლეტის მიმართ, რომელიც სულ მალე ჰამლეტის ხელით თავისივე მოწყობილ - „ჩაწყობილი“ დედოფალის და პრინცის, დედისა და შვილის შეხვედრის მსხვერპლი გახდება.
გერტრუდასა და ჰამლეტის დრამატული შეხვედრა ქარიშხალსა, ჭექა-ქუხილსა და თავსხმა წვიმაში მიმდინარეობს. ისინი ორნი არიან ზღვის სანაპიროზე. გერტრუდა სავარძელში ზის, თავზე ჰამლეტი დასდგომია და საყვედურებით ავსებს და ბრალს სდებს. დედოფალი თავს იცავს, მაგრამ ამაოდ. უსაზღვროა ჰამლეტის რისხვა. წვიმაში მოხვედრილისა და მთლად სველი გერტრუდას სცენა „სულიერ განწმენდას“ ჩამოაგავს. ორივეს ერთნაირი საგვარეულო მედალიონები ჰკიდია, ურთიერთმოგონებების ნიშნად. ბოლოსკენ ჰამლეტი შეძლებს გერტრუდას დარწმუნებას, რომ კლაუდიუსი უნდა მოკვდეს მისი ხელით და ამიტომაც დანას ჩაუდებს ხელში. დანას, რომელსაც მომაკვდავი დედამისი ისევ ჰამლეტს დაუბრუნებს და კლაუდიუსიც მაინც ჰამლეტის ხელით ამ დანით განიგმირება.
ჰამლეტის ინგლისიდან დაბრუნების შემდგომ გერტრუდა (ე. ჩხეიძე) ადგილის ვერ პოულობს - მწარედ ახსოვს ჰამლეტის სიტყვები და მასზე საკუთარი განცდა - „მაგ სიტყვებით გული ჩემი ორად გაგლიჯე“. მარტოა თავის ფიქრებთან და ჩადენილ ცოდვებთან, ოიდიპოსის მსგავსად „თვალები აეხილა“ და საკუთრ თავზე იყრის ჯავრს - ბღუჯა-ბღუჯა იჭრის და იგლეჯავს თმას, შიშვლდება და საკუთარი ხელით ისერავს გულ-მკერდს. ვნება თვითგვემაში გადადის. იმის ნაცვლად, რომ მეუღლესთან ლოგინში ნებივრობდეს, როგორც უწინ, საკუთარი სხეული მასში სიძულვილს აღძრავს. ავხორცობამ და საკუთარი მაზლისკენ ავადმყოფურმა ლტოლვამ გამოუსწორებელი შეცდომები ჩაადენინა და გერტრუდა მზადაა პასუხი აგოს. საბედისწერო ორთაბრძოლაში ჰამლეტი თვალთმაქცობს (რაც არ შეესაბამება მის ბუნებას) ორთაბრძოლაში ხილაბანდს იხსნის, ეს კი გერტრუდას აღტაცებას იწვევს. გერტრუდა - ე. ჩხეიძე თითქოს შეგნებულად მიდის თვითმკვლელობამდე, კლაუდიუსის მიერ ჰამლეტისათვის სასმისის მეორე შეთავაზებისთანავე ხვდება, რომ შესაძლებელია ეს მისი შვილისთვის სასიკვდილო აღმოჩნდეს და თავის თავზე იღებს დარტყმას. მხდალი კლაუდიუსი - მ. აბულაძე კი ვერ ახერხებს ჯეროვანი წინააღმდეგობის გაწევას და ჰამლეტის პირველსავე მოქნეულ დანას ეწირება. მისი მზაკვრობის შედეგად იხოცებიან ყველანი, დამნაშავენიც (გერტრუდა, პოლონიუსი) და უდანაშაულონიც (ოფელია, ლაერტი, ჰამლეტი). შექსპირი ერთნაირად სჯის ყველას ვინც კი ამ ამბის ლოგიკა განაპირობა - მამა ჰამლეტი - ჰამლეტი - კლაუდიუსი - გერტრუდა - ოფელია - პოლონიუსი - ლაერტი. რეჟისორიც მხოლოდ ამ პერსონაჟებზე აკეთებდა აქცენტებს, მისთვის აღარ არსებობს არც ფორტინბრასი და სხვანი. თუ სპექტაკლის სცენოგრაფია იწვევს სასიამოვნო და ქმედების შესაბამისობის გაცდას, ჩემი აზრით ამას ვერ ვიტყვით მხატვრის (ნ. სურგულაძე) მიერ შესრულებულ კოსტუმებზე: საფრანგეთიდან დაბრუნებული ლაერტი საჰარაგამოვლ ჯარისკაცს ჩამოგავს, კლაუდიუსის კოსტუმი და მისი ქურქი სრულიად არაადექვატურად მიმაჩნია, ისევე როგრც პოლონიუსის თანამედროვე კოსტუმი და ლაბადა. სამაგიეროს ქალთა ჩაცმულობა - გერტრუდას ყველა სცენაში და ოფელიას კაბა სიკვდილის წინ სასიამოვნო გამწყობას ტოვებს.
მარჯანიშვილელთა სპექტაკლი ერთი კაცის, პრინცის ისტორიაა, რომელიც იმ ქვეყანაში აღმოჩნდა სადაც „დანია საპყრობილეა“. მომაკვდავი ჰამლეტი სავარძელს - სამეფო ტახს მოიქნევს და უფსკრულში გადაუძახებს - ტახტს, რომელიც ამდენი ცოდვის საბაბი გახდა და რომლის დაკავებაც მას არ ეღირსა.
უკან დაბრუნება |