Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიმართვა
თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიმართვა26-03-2013, 09:50 |
ფრანგულიდან თარგმნა ირინა ღოღობერიძემ
მიმართვა მსოფლიოს თეატრებს
უხსოვარი დროიდან ხელისუფლებამ კომედიანტებს დაუმორჩილებლობა დააბრალა და თავ–თავიანთი ქვეყნებიდან გააძევა.
დღეს, დასია თუ მსახიობი– ყველა რაღაც მოედნის, თეატრისა თუ მაყურებლის ძიებაშია და ამას კრიზისს ვაბრალებთ. ამგვარად, ხელისუფლება მშვიდად არის და აღარ აკონტროლებს მათ, ვინც თავიანთ აზრს ირონიითა და სარკაზმით გამოთქვამენ.
სულ სხვა იყო იტალიაში, აღორძინების პერიოდში. მმართველებს უჭირდათ კომედიანტების მოთოკვა, რადგან მათ დიდძალი მაყურებელი ჰყავდათ.
ყველამ იცის, რომ მსახიობთა დიდი გაძევება კონტრრეფორმაციის ხანას უკავშირდება. თეატრების დახურვის ბრძანება სწორედ იმ დროს გამოიცა და, უპირველეს ყოვლისა, წმინდა ქალაქის, რომის თეატრებს შეეხო. 1697 წელს მოქალაქეთა უკიდურესად კონსერვატიული ნაწილისა და სამღვდელოების გავლენიანი წარმომადგენლების ზეწოლით პაპმა ინოჩენტე XII ბრძანა დაენგრიათ თეატრი ტორდინონი, სადაც, მავანთა თქმით, ამორალური პიესები იყო წარმოდგენილი.
სწორედ კონტრრეფორმაციის ხანაში კარდინალმა კარლო ბორომეომ, რომელიც იტალიის ჩრდილოეთის მმართველი იყო და თავი „მილანის შვილთა“ მხსნელად მიაჩნდა, უპირობოდ გამიჯნა ხელოვნება, როგორც სულიერი აღზრდის უმაღლესი ფორმა და თეატრი, როგორც ამაოებისა და უმეცრების გამოხატულება. თანამოაზრეებისადმი მიმართულ წერილში, რომელსაც მიახლოებით ვციტირებ, კარდინალი ამბობდა: „ყველაფერი ვიღონეთ, რომ ამოგვეძირკვა ეს შხამიანი მცენარე. ცეცხლს მივეცით უხამსი ტექსტები, რათა ისინი ადამიანთა მეხსიერებიდან ამოგვეშალა, ვდევნეთ და გავაძევეთ ყველა, ვინც ამ ტექსტებს ბეჭდავდა და ავრცელებდა. მაგრამ, ვიდრე ჩვენ ვთვლემდით, სატანა სხვა, უფრო ცბიერ ხრიკებს გვიწყობდა. თვალით ნანახი ხომ გაცილებით ძლიერ ვნებს სულს, ვიდრე წიგნში ამოკითხული! რაოდენ უფრო ძლიერად ზემოქმედებს ჩვენს ახალგაზრდებზე სიტყვა, რომელიც ხმითა და შესაფერი მიხვრა–მოხვრითაა წარმოთქმული, ვიდრე მკვდრადშობილი და წიგნებში დაბეჭდილი. სწორედ ამიტომ უნდა განვდევნოთ ჩვენი ქალაქებიდან თეატრის ხალხი, განვდევნოთ ისე, როგორც ავი სულები გაგვიდევნია!“
კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ იმედად მესახება ის, რომ ჩვენსა და განსაკუთრებით კი თეატრალური ხელოვნების შესწავლის მსურველი ახალგაზრდების წინააღმდეგ მომართული კუდიანებზე ნადირობა შობს კომედიანტების ახალ თაობას, რომელიც უკიდურეს დევნაშიც კი წარმოუდგენელ გამოსავალსა და სარგებელს გამოძებნის ახალი თეატრის შესაქმნელად.
დარიო ფო
დრამატურგი, კომპოზიტორი, რეჟისორი ნობელის პრემიის ლაურეატი, 1997
უკან დაბრუნება |