Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
თბილისის თეატრალური ფესტივალი ჩვენთვის
თბილისის თეატრალური ფესტივალი ჩვენთვის15-10-2013, 12:17 |
თეა კახიანი
ისევ 90-იანი წლებიდან დავიწყებ. არ დავარღვევ ბოლო დროის პრაქტიკას ამ ათვლის წერტილით გავზომოთ მიღებული შედეგები, ძრწოლით გამოვთქვათ უკან დაბრუნების შიშები და კიდევ ერთხელ, გარკვეული სიფრთხილით განვიმტკიცოთ ჩვენი, საყოველთაო ევროპული არჩევანი. მართლაც, შეუძლებელია სრული სურათი მხოლოდ დღევანდელობის ფრაგმენტით აღვიქვათ. მაგრამ, ალბათ, უკვე რთულია რომელიმე სტუდენტს ავუხსნათ, რომ სტრელერის, არტოს, ბრუკის თეატრალური გამოცდილების გაცნობა ჩვენთვის ურთულესი, ზოგჯერ შეუძლებელი ამოცანა იყო და უმეტესად ზეპირსიტყვიერებით შემოიფარგლებოდა. არ მინდა სენტიმენტალური ვიყო, მაგრამ შეუდარებელი გრძნობაა, როდესაც მსგავსი ფიგურების სპექტაკლებს ქართული თეატრების სცენაზე ხედავ... ეს ის მომენტია, როდესაც საკუთარ თავს მსოფლიო კულტურის ნაწილად აღიქვამ, გიხარია რომ ის შენთან ერთად არსებობს და პირიქით...
ალბათ, არ შევცდები და არც რამეს გავაზვიადებ თუ ვიტყვი, რომ მთელი ქართული სასცენო ხელოვნების ისტორიაში არ არსებობს ფაქტი იმდენი თეატრალური შედევრის ნახვის შესაძლებლობა ჰქონოდა ქართველ მაყურებელს, რამდენიც თბილისის ფესტივალის ფარგლებში. ეს რაოდენობრივი მაჩვენებელი, უკვე ისეთი მოვლენაა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს კეთილ ნაყოფს. აუცილებლად აისახება მიმდინარე შემოქმედებით პროცესზე, მაყურებლის გემოვნებაზე და აქედან გამომდინარე მთელ თანამედროვე ქართულ თეატრალურ აზროვნებაზე.
სწორედ გრძელვადიანი პერსპექტივის იმედით ვითხოვდი და კვლავაც ვითხოვ გარკვეულ პრივილეგიებს პროფესიონალებისა და სტუდენტებისათვის. მათ არ უნდა სჭირდებოდეთ ნაცნობ-მეგობრობის მექანიზმების გამოყენება ფესტივალზე დასასწრებად. უნდა ვთქვათ, რომ წლევანდელი ფესტივალი ამ თვალსაზრისით შეუდარებლად ღია იყო. მოქმედებდა ფასდაკლებული ბილეთები სტუდენტებისათვის. მაგრამ ამ მადლს მარილი მაინც აკლდა საინფორმაციო უზრუნველყოფის სახით და ეს, პირველ რიგში, უდავოდ საინტერესო საერთაშორისო პროგრამის სპექტაკლებზე მაყურებლის სიხალვათეში აისახა. თუმცა მთავარი მაინც ძირითადი ორიენტირია, რომელიც წელს ნამდვილად ჩვენზე იყო გაკეთებული და არა ვინმე ჩინოვნიკებსა და მათ ცოლებზე. არ მინდა ვინმემ იფიქროს თითქოს რადიკალი მემარცხენე ვიყო და ზემოთ აღნიშნული პირების საზოგადოებრივ-კულტურული თავშეყრის ადგილებზე ყოფნას გაუმართლებლად მივიჩნევდე. უბრალოდ, მინდა ფაქტის კონსტატაცია მოვახდინო და ვთქვა, რომ საქართველოში დღეს, ხელოვნება და მითუმეტეს თეატრალური, ელიტარული არ არის და უახლოეს მომავალშიც ვერ იქნება. ამიტომ ფესტივალის მენეჯმენტის მხრიდან მაყურებლის ელიტარულობაზე ზრუნვა უბრალოდ ფიქციაა და „თეატრში სიარული კარგი ტონია“-ს ვერ გასცდება. მომიტევოს ყველამ, ვინც ჩემს პოზიციას არ დაეთანხმება, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი გარეგნული ვუალის ნაკლოვანებები შიგნიდან ნაკლებად ჩანს და მის დასანახად ოდნავი დისტანცია მაინც არის საჭირო. წლევანდელი ფესტივალის განსაკუთრებულ ღიაობასა და მაყურებლის ინტერესის მაქსიმალურ გათვალისწინებაზე ასევე მეტყველებდა ყველა მნიშვნელოვანი წამროდგენის ორი საჩვენებელი დღე. ამ გადაწყვეტილებამ მომცა შანსი მაქსიმალურად დავსწრებოდი საერთაშორისო პროგრამის თითქმის ყველა სპექტაკლს. მათ შორის უნდა გამოვყო ჩემი ფავორიტები: რობერ ლეპაჟის „მთვარის შორი მხარე“, სილვიუ პურკარეტეს „გულივერის მოგზაურობა“ და სრულიად ფანტასტიკური პიპო დელბონოს „ბრძოლის შემდეგ“. აღიარებული კანადელი რეჟისორის რობერ ლეპაჟის შემოქმედება პირველ რიგში ცნობილია უახლესი, შთამბეჭდავი ტექნოლოგიური მიღწევების ხელოვნებასთან ერთგვარი ჰიბრიდით. არსებობს დოკუმენტური ფილმიც, რომელიც ლა სკალაში ვაგნერის განხორციელებას ეხება. ლეპაჟი საოპერო სცენას ერთ უზარმაზარ საინჟინრო კონსტრუქციად აქცევს. მთელი დადგმის ამოსავალი წერტილი ეს კონსტრუქციაა, რომელიც მუდმივად მოძრაობს და ამავდროულად მონუმენტურობის ეფექტს ინარჩუნებს. თბილისის თეატრალურ ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლი „მთვარის შორი მხარე“ ეპიკური, მედიტაციური ტიპის ნამუშევარია. ის, მიუხედავად თემის კოსმოსური მასშტაბებისა, ძალიან პირად, ინტიმურ ადამიანურ პრობლემებს ეხება. რეჟისორი ცდილობს მიუახლოვდეს ჩვენი პიროვნების იმ შემადგენელ ნაწილს, რომელიც მთვარის შორი მხარის მსგავსად ჩვენთვის ყოველთვის გამოცანად დარჩება. ურთიერთობები უკვე გარდაცვლილი დედის ხატებასთან და პრაგმატიზმით სავსე ძმასთან ადამიანების ღრმა და გადაულახავ მარტოობას გვიჩვენებს. თითოეული ადამიანი კოსმოსში უნებლიედ აღმოჩენილი ნაწილაკია, რომელიც მხოლოდ მაშინ ხდება თავისუფალი, როდესაც მიზიდულობის ძალას გადალახავს. ფინალში ლეპაჟის სპექტაკლის მთავარი გმირი, ფილიპი, უმარტივესი ტექნიკური საშუალების, ასე ვთქვათ, „სარკის ეფექტის“ გამოყენებით ქმნის უწონადობაში თავისუფალი მოძრაობის დაუვიწყარ ეფექტს. ივ ჟაკის შესანიშნავი სამსახიობო ნამუშევრის და რეჟისორის მიერ მიზანსცენებისა და დეტალების დამუშავების მეთოდმა მიხეილ თუმანიშვილის პრაქტიკა გამახსენა. ლეპაჟთან, ისევე როგორც თუმანიშვილთან, ნებისმიერი საგანი ან რეკვიზიტი გამოყენების მრავალ უნარს ავლენს და შესაბამისად, მრავალ ენაზე მეტყველებს.
რობერ ლეპაჟის ეს ნაწარმოები სამუზეუმო ექსპონატს გავს, რომელიც თავისუფალია დროისა და სივრცის განზომილებებისაგან. ვფიქრობ, მისი სასცენო ვერსია ბევრად უფრო წარმატებულია, ვიდრე კინოვერსია ამავე სახელწოდებით. მაგრამ მიუხედავად უდავო ღირებულებისა და მისი ნახვის აუცილებლობისა, მაია კლეჩევსკას „მაკბეტის“ მსგავსად, მაინც დგება აქტუალობისა და ხანდაზმულობის საკითხები მათი საფესტივალო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენასთან დაკავშირებით. ჩემთვის უცნობია ფესტივალის საერთაშორისო პროგრამის სპექტაკლების შერჩევის კრიტერიუმები. არ ვიცი რა პრინციპებით ხელმძღვანელობს და ვინ არჩევს კონრეტულ თეატრალურ პროდუქციას. ალბათ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო, მოუხერხებელია იმ ადამიანების რეკომენდაციების გათვალისწინება, ვისაც საბედნიეროდ საშაულება აქვთ იარონ სხვადასხვა ქვეყნების თეატრალურ ფესტივალებზე და ჰქონდეთ ინფორმაცია თანამედროვე სათეატრო პროცესებსა და ტენდენციებზე. ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მაყურებლისთვის ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა უფრო მეტად დავახლოვებოდი უახლეს თეატრალურ სივრცეს, ვიდრე რომელიმე, ჩემთვის საყვარელი რეჟისორის არც თუ ისე წარმატებულ ძველ სპექტაკლს ან თუნდაც, უკვე სამუზეუმო ექსპონატად მოაზრებულ შედევრს.
ახალი, 2012 წლის პროდუქცია წარმოადგინა რუმინეთის ეროვნულმა თეატრმა „რადუ სტანსამ“. ჯონათან სვიფტის სატირული ნაწარმოები „გულივერის მოგზაურობა“ რეჟისორმა სილვიუ პურკარეტემ შესანიშნავ სასცენო წარმოდგენად აქცია. რეჟისორის მიერ გამოყენებულია ჩრდილების, პანტომიმისა და თოჯინების თეატრის ხერხები, მოქმედების მანძილზე მთლიანად ათვისებულია მთელი სასცენო სივრცე. რეჟისორი ძირითადად ეყრდნობა სვიფტის ნაწარმოების მეოთხე თავს, სადაც ადამიანის მსგავსი იაჰუს შთამომავლების სიბილწეა წარმოდგენილი. პურკარეტეს დადგმა გულისხმობს, გათვითცნობიერებულ მაყურებელს, რომელმაც უკვე იცის „გულივერის მოგზაურობის“ შინაარსი და ახლა მხოლოდ მისი ვიზუალური რეპრეზენტაცია შეიძლება აინტერესებდეს. რეჟისორი და მსახიობები წარმოგვიდგენენ ბრწყინვალედ შესრულებულ სცენებს, სადაც კითხვებს ადამიანის რაობის შესახებ სრულიად არაოპტიმისტურად პასუხობენ. არც თავის დამშვიდების და გამოსავლის პოვნის საშუალებას გვიტოვებენ.
არ არსებული გამოსავალი კლაუსტროფობიულ სივრცეში შიზოფრენიად იქცევა პიპო დელბონოს სრულიად სულისშემძვრელ სპექტაკლში „ბრძოლის შემდეგ“. ეს წარმოდგენა არავითარ ტრადიციულ გამომსახველობით ხერხებში არ თავსდება. მისი ფორმა, ისევე როგორც შინაარსი გადის ყოველგვარი, ჩვენთვის ნაცნობი საზღვრებიდან. ერთადერთი რასაც თეატრის თეორეტიკოსები შეიძლება ჩავეჭიდოთ არის გვატარისა და დელიოზის შიზოანალიზი. პოლიტიკური და კულტურული რეპრესირების შემდეგ სურვილისა და ნების კვლავწარმოება ნიჰილიზმითა და შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის თითქმის უკვე აუხდენელი ოცნებაა. დელბონოს სპექტაკლში მთავარი მოქმედი პერსონაჟი ისტორიისა და პოზიტივისტური ფილოსოფიის კონტექსტიდან ამოვარდნილი თანამედროვე ადამიანის სულიერი და ფიზიკური ენერგიაა. თითოეული მიზანსცენის, ხმის, მუსიკის, ჟესტის, მოძრაობის დანიშნულება სპექტაკლში ამ ენერგიის გამონთავისუფლება, გადმოცემა და ჩვენი გრძნობის ორგანოების მიერ, მისი ყველა დონეზე შეგრძნებაა. ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ ამ არამატერიალურ სუბსტანციას, ეს წარმოუდგენელი მიღწევაა! სპექტაკლი შეიძლება არტოს ტერმინით -აღსარებით განვსაზღვროთ, რომელიც გადატანილი ტკივილების, გაცრუებული იმედების, ჩადენილი დანაშაულებების და უხერხულობამდე მისული გულწრფელობის ნაერთია. მაყურებელთა დარბაზში მჯდომი რეჟისორის მიერ მიკროფონში წაკითხული ტექსტის ზუსტი ინტონაციები, ირონიული დამოკიდებულება პოლიტიკური კონიუნქტურის და მგრძნებარე პატრიოტიზმის მიმართ, სოციალური უთანასწორობის კარიკატურული არსი, ნაციონალური ნიღბები, ქვეცნობიერში არსებული კადრები, ღვთაებრივი მუსიკა და სრულიად თავისუფალი, ექსცენტრული ცეკვა ეს არის მასალა რომელიც თავისი ფრაგმენტებით ქმნის ახალ, სრულიად განსხვავებულ ენერგეტიკულ პროდუქტს „ბრძოლის შემდეგ“.
სამწუხაროდ ჩემი ყურადღების მიღმა დარჩა ქართული სპექატაკლების პროგრამა, რომელიც კარგი საშუალებაა ერთად გაეცნო რეგიონული თეატრების სპექტაკლებს, ანალიზი გაუკეთო ქართულ თეატრალურ შემოქმედებით პროცესს მთლიანობაში. ასევე, ვერ მოვახერხე დავსწრებოდი იმ შეხვედრებს, რომელიც ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო პროგრამაში მონაწილე შემოქმედებით ჯგუფებთან გაიმართა. თუმცა, დასახელებული სპექტაკლებით მიღებული შთაბეჭდილება იმდენად დიდია, რომ ფესტივალის მისიას ჩვენს წინაშე შესრულებულად ვთვლი, მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა მის ორგანიზებაში და გამოვთქვამ იმედს, რომ მსოფლიოსთან ჩვენი კულტურული ინტეგრაციის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება! უკან დაბრუნება |