Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > ფსიქოზი 4:48
ფსიქოზი 4:48

ფსიქოზი 4:48


25-02-2012, 00:00

თეა კახიანი

 

საქართველოში არსებულ კულტურულ სივრცეში, ტრადიციულისა და თანამედროვე  ფორმების დაპირისპირების  საკითხზე ბევრს საუბრობენ. ცხადია, რომ საქართველოში ამერიკული ვუდსტოკის მსგავსი არაფერი მოხდება, თუმცა გლობალიზებული მასმედიითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით წახალისებული ღია კულტურული პროცესი გრძელდება. სიახლისა და ცვლილებების მიმართ მუდამ პოზიტიურად განწყობილი ახალი თაობა  ლოგიკურად აღიჭურვა პოსტმოდერნული ხედვით. მთელი ამ კულტურული პროცესის ერთადერთი ბუნდოვანი და გაუგებარი კვანძი,  არსებული ხელისუფლების იმპულსური ჩანართებია, რაც საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილ ნაწილში, ხელისუფლების პრიორიტეტების მიმართ უნდობლობას და ტრადიციული კულტურული ნორმების უმცირესობაში გადასვლის და მისი მარგინალიზაციის შიშს ბადებს. მსჯელობა იმის შესახებ, თუ რამდენად მართებულია ან არა საზოგადოების ამ ნაწილის შიშები, შესაძლებელი იქნებოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა საზოგადოებასთან მეტი დიალოგის შემთხვევაში. ახლა კი მხოლოდ ერთი შეგვიძლია აღვნიშნოთ რომ თვითონ პოსტმოდერნული მსოფლგანცდა  ნონსელექციას გულისხმობს, რაც გამორიცხავს რაიმე სახის პრიორიტეტის არსებობას.  ეს ახალი მსოფლგანცდა, რომელსაც აღმოაჩნდა უნარი შეითვისოს და თავის წიაღში თავიდან აღმოაცენოს ყველაფერი მანამდე არსებული, დღეს  საბოლოო ფორმებს იძენს. სწორედ ამ ნიადაგზე აღმოცენდა ბრიტანელი დრამატურგის სარა კეინის „ფსიქოზი 4.48“–ის ქართული დადგმა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სცენაზე 2012 წლის 9 თებერვალს.

 

ჩანართი სპექტაკლის პროგრამიდან:

არგმანი – თამუნა ჯაფარიძისა

დამდგმელი რეჟისორი – მაკა ნაცვლიშვილი

დამდგმელი მხატვარი – ნინო კიტია

მუსიკალური გაფორმება – გიორგი აფხაზავასი

რეჟისორის ასისტენტი – ნინო ჭავჭავაძე

 

მონაწილეობენ: მარი კიტია, რუსკა მაყაშვილი

 

მცირედი კომენტარი ტექსტის ადვილად აღსაქმელად:

1. (სარა კეინმა) 28 წლის ასაკში მოიკლა თავი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია. ევანგელისტების შვილი იყო, რომლებიც ზნეობრივ ცხოვრებას უქადაგებდნენ, მაგრამ ამავდროულად, მგონი ჟურნალისტებიც იყვნენ და ცხელ–ცხელ „საშინელებებზე“ წერდნენ...

 

 

„მიმართე ლამაზ ტყუილს“

ობიექტური რეალობა ჩვენს თვალწინ მიუახლოვდა 0 გრადუსს ცელსიუსით. ახალმა მდგომარეობამ მიგვანიშნა, რომ ვერავინ იქნება დარწმუნებული თუ კოორდინატთა რომელ სისტემაში მდებარეობს ის. ეს მოხდა იმიტომ, რომ  რეალობის კონტურები გალღვა, განიშალა, განიბნა. ჩვენც გამოგონილ რეალობაში შევცურეთ, სხვა გზა არც გვქონდა და სულ ერთიც იყო... მართლაც რა მნიშვნელობა აქვს გამოგონილია თუ რეალური, მთავარია რომ გრძელდება...შოუ გრძელდება...  ვანოს შოუ, ნანუკას შოუ, დემოკრატიის შოუ...არავინ იცის, არავის სჭირდება იცოდეს, გამოყენებულია თუ არა მათში ერთ–ერთ  ინგრედიენტად ობიექტური რეალობა.

 

სიმულაკრებად ქცეული პოსტმოდერნული სამყაროს  ცისფერ ეკრანებთან მიმჯდარსა და ილუზიებში მოტივტივე ადამინთა ნაწილს, ზოგჯერ ყურადღებას უფანტავს მეორე ნაწილის დაუცხრომელი და პირველი ნაწილისთვის სრულიად გაუგებარი მისწრაფება დედააზრისკენ, რომლის არ არსებობაც იწვევს „ფსიქოზს 4.48“

 

ეს პოსტმოდერნული მედლის მეორე მხარეა. თუ ადამიანთა ერთი ნაწილი უმტკივნეულოდ უერთდება შოუდ ქცეულ ცხოვრებას, მეტიც შესაძლოა ვერც გრძნობს შეერთების მომენტს, მეორე ნაწილს სრულიად საპირისპირო რეაქცია გამოარჩევს. სარა კეინის ტექსტი ამ მეორე ნაწილის მდგომარეობისა და დამოკიდებულებების გამომხატველია. ორ ნაწილად გახლეჩილი ადამიანი, როგორც სამყარო, სულ მცირე იმას გვახსენებს, რომ ჭეშმარიტება აღარ არის მთელი. ამიტომ, სარა კეინის პერსონაჟის გაორებას, რომელსაც ძალიან ბუნებრივად თამაშობს ორი მსახიობი რუსკა მაყაშვილი და მარი კიტია, ძალიან მყარი თეორიული საფუძველი აქვს.  ლოგიკური და კონცეპტუალურია მიზანსცენა, სადაც  მათი გაერთიანების შეუძლებლობაა წარმოდგენილი. რეჟისორმა თანამედროვე ტექსტი სადაც, არ არის მოხაზული პერსონაჟთა განსხვავებული ხასიათები და რომელნიც გზადაგზა ერთმანეთში გადადიან, დადგა როგორც ერთ ადამიანში არსებული ორი შესაძლო პოლუსის დიალოგი. ამ დიალოგში არ არის გამორიცხული იგულისხმებოდეს ექიმისა და პაციენტის დიალოგი, ქალისა და მამაკაცის საწყისების დიალოგი, სიკვდილისა და სიცოცხლის დიალოგი, ადამიანისა და ღმერთის დიალოგი. ბინარული ოპოზიციების საკითხი ირიბად, მაგრამ მაინც გამოსჭვივის რეჟისორის ხერხში.

 

ფსიქოზი 4:48

 

 

შავი, თეთრი და წითელი

რეჟისორი მაკა ნაცვლიშვილი და მხატვარი ნინო კიტია, მაყურებელს ფსიქიკის შეუცნობელი სივრცის სურათს წარმოუდგენს. შავი „ზადნიკის“ ფონზე, მთელ სცენაზე ჩვეულებრივი თეთრი ბალიშების მცირე პირამიდებია დაწყობილი, მათ უკან აბაზანის კიდეზე წითელ ლაბადებსა და ქუდებში, ერთი პერსონაჟის ორი ნაწილია ჩამომჯდარი, მათ გასწვრივ მარცხნივ, ზემოდან დაშვებულ თოკებს ვხედავთ, რაც მოქმედების განმავლობაში საქანელად, საწოლად და  ბოლოს სახრჩობელად გათამაშდება.

აბაზანა, რომელშიც პერსონაჟები საკმაოდ დიდ დროს ატარებენ გაზეთების ფაქტურით არის დაფარული. ეს სწორედ იმ შოუს ნიაღვარია, რომელშიც ჩვენ ყოველდღე გვიწევს ჩაყვინთვა, და რომელშიც სულ უფრო ნაკლებად ირეკლება ობიექტური რეალობა. გარესამყაროდან შემოჭრილი შოუ, ჩვენს თვალწინ გაშიშვლებული თანამედროვე ადამიანის ფსიქიკა და თუნდაც სახჩობელად წარმოდგენილი კავშირი ზეცასთან, აი ამ სამი ცენტრის ურთიერთქმედებაზე აგებს რეჟისორი მთელ სპექტაკლს.

 

პერსონაჟის ერთი ნაწილი ყოველთვის ეწინააღმდეგება მეორეს, ზოგჯერ სუსტად გამოხატულ, ხან კი სამკვდრო– სასიცოცხლო კონფლიქტში რეჟისორის შესანიშნავი მიგნება ისტერიკის ზღვარზე მისული ცრემლიანი სიცილის სცენაა.  ქართული თეატრის ტრადიციის პრიზმაში მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო მრავალწახნაგა ხდება და თითქოს კულტურული მეხსიერების გაგრძელებას წარმოადგენს.

 

 პერსონაჟთა დაპირისპირებისას, უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ,  ხშირად მსახიობების მიერ წარმოთქმული ტექსტები, მხოლოდ ტექსტებად რჩება და რუსთაველის თეატრში დამკვიდრებული მეტყველების სტილით შესრულებულ პოეტურ  პასაჟებს ემსგავსება. რაც მშვენიერი კონტრაპუნქტი იქნებოდა ტექსტში უხვად მოცემულ უცენზურო ლექსიკასთან, ასეთად რომ იყოს ჩაფიქრებული.

 

 „მშვენიერი ტკივილი, ნიშანი იმისა რომ მე ვარსებობ“

მოქმედების განმავლობაში თანდათან იხსნება თვითმკვლელობის მოტივები, დიდი სულიერი ტკივილები,  გამოწვეული პიროვნული მარცხის შეგრძნებით, შოუდ გადაქცეულ რეალობასთან შეუთავსებლობით, იმ  წარმატების საზომი ნარატივის უარყოფით, რომელიც  მავანისთვის ათ მცნებაზე ქმედითი შეიძლება აღმოჩნდეს: „ჩანაფიქრისა და მიზნის განხორციელება

წინააღმდეგობათა გადალახვა და მაღალი მაჩვენებლების მოპოვება

თვითშეფასების ამაღლება საკუთარი ნიჭის წარმატებული რეალიზებით

ადამიანებზე გავლენისა და კონტროლის მოპოვება“...  

 

„ეს არ არის შენი ბრალი“ – ეუბნება ერთი ნაწილი მეორეს, და ეს თითქოს დასამშვიდებლად ნათქვამი სიტყვები, მაშინვე გიჩენს სურვილს გაარკვიო თუ ვისი ბრალია და ვინ არის პასუხისმგებელი სიყვარულის,  სიცოცხლის გაუფასურებაში. თუმცა ისევე როგორც დრამატურგისთვის, ქართველი რეჟისორისთვისაც არ არის მთავარი თემიდას სასწორის მომარჯვება, რადგან თითოეულ ადამიანში არის პოტენციური სისასტიკის, სიძულვილისა და დანაშაულის მარცვალი. თითქოს ახლაც ის დროა, ქრისტესშობამდე, როცა ყოველი ადამიანი ადამისა და ევას პირველი ცოდვით იბადებოდა. თითქოს ახლაც სასიცოცხლოდ აუცილებელია   საკუთარი წვლილის გააზრება, ტანჯვა და გვემა სხვათა ცოდვებისათვის.  „მე ვგუდავდი ებრაელებს გაზის კამერებში, მე ვბომბავდი არაბებს, ვაუპატიურებდი პატარა ბავშვებს, რომლებიც შებრალებას მევედრებოდნენ...“ 

 

პაციენტის მდგომარეობისა და მისი მკურნალობის პროცესის აღწერა სპექტაკლში ასეა გადაწყვეტილი: ერთი პერსონაჟი (რუსკა მაყაშვილი) უცვლელ რიტმში იწყებს ამ მშრალი ინფორმაციის მოხსენებას, რა დროსაც მის ჩაქოლვას ბალიშების გააფთრებული შტურმით ცდილობს მეორე (მარი კიტია). რეჟისორის გადაწყვეტა ხაზს უსვამს, თუ რა ფორმალური და უშედეგოა ეს ინფორმაცია „მკურნალობის“ თაობაზე, რადგან „არ არსებობს ამქვეყნად წამალი, რომელიც ცხოვრებას აზრს მისცემდა“

 

სარა კეინის ტექსტი, რომელიც თითქოს ასახავს ერთი კონკრეტული ადამიანის სასოწარკვეთილ სულიერ მდგომარეობას, და რომელსაც მედიცინის ენაზე კონკრეტული დაავადების დეფინიცია მოეძებნება, მთელი თაობის სახელით ლაპარაკობს არ არსებულ აზრზე, ვერ ნაპოვნ რწმენასა და გამოსავალზე. მასში გადმოიცემა რეაქციული  ემოციური მუხტი  გაბატონებული მორალისა და კულტურული ნორმების წინააღმდეგ. ეს არის მდგომარეობა როდესაც კონტრკულტურა იბადება, მასაც საზოგადოების „ჯანსაღი“ ნაწილი გარკვეულ ავადმყოფობად აღიქვამს და რომლის არსებობა და თუნდაც სიკვდილი თავისთავად ნიშნავს გარკვეულ წარმატებას. ამიტომ ძალიან ლოგიკურად და ზუსტად მეჩვენება სპექტაკლის ფინალური განწყობა, რომელიც მოკლებულია ტრაგიკულობას და თითქოს მსუბუქად, თვითმკვლელობის აქტის შემზარავ სურათთან დისტანცირებით ასრულებს წარმოდგენას.  

 

ფსიქოზი 4:48

 

 

მაკა ნაცვლიშვილის „ფსიქოზი 4.48“ ნაპოვნი აქვს სარა კეინის ტექსტის უმთავრესი ძარღვი, სადაც  სიტყვის დანიშნულება არა აზრის მოტანა არამედ შეგრძნებათა და ემოციათა ნაკადის ხორცშესხმაა. ამიტომ სრულიად მეორეხარისხოვნად მიმაჩნია ის ხარვეზები, რაც შეიძლება დავარქვათ სათაურში გამოტანილი რიცხვების 4.48–ის მნიშვნელობის უგულვებელყოფას და ტექსტში არსებული სხვა, ასე ვთქვათ, „გასაღებების“ ვერ შემჩნევას.  

 

აღნიშნული სპექტაკლი ნაწილია მუსიკისა და დრამის თეატრის და პირადად დავით დოიაშვილის შესანიშნავი ინიციატივისა, რაც ხუთი ახალგაზრდა რეჟისორისათვის შემოქმედებითი თვითრიალიზების საშუალებად იქცა. თეატრის მხრიდან სივრცისა და ფინანსური უზრუნველყოფის პირობებში დაიდგა ხუთი სპექტაკლი,  რომელთა პირველი ჩვენება, თეატრმცოდნეებისა და ჟურნალისტების მიერ, წარმოდგენის განხილვით მთავრდება. შემოქმედებითი პროდუქციისა და მედიის ურთიერთობის ეს კარგად აპრობირებული ხერხი,  აუცილებლად გამოიღებს დადებით შედეგებს, როგორც შემოქმედებითი ჯგუფების, ასევე თეატრმცოდნეობის შემდგომი განვითარებისათვის.

 

 

 

 

    


უკან დაბრუნება