Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
მსოფლიო „დივას“ მასტერ კლასი
მსოფლიო „დივას“ მასტერ კლასი19-12-2013, 00:33 |
გასული სეზონის მიწურულს, თეატრმა „ფაბრიკამ“ (ვისთვისაც ეს სახელი უცნობია, შევახსენებთ, რომ ესაა ახალი ანტრეპრიზა „რობერტ სტურუა პროდაქშენი“) თბილისელ მაყურებელს უჩვენა თავისი პირველი ნამუშევარი - ტერენს მაკნალის „მასტერ კლასი“, ქართულ ვერსიაში „მარია კალასი. გაკვეთილი“. პიესა უფრო საბენეფისოა, ოდნავ ბანალური, დიდი, გრძელი მონოლოგებით, თუმცა ტექსტის შესანიშნავმა თარგმანმა (მთარგმნელი მანანა ანთაძე) და იუმორმა მას ისეთი ელფერი შესძინა, რომ იგი ხალისიანი, კარგად საყურებელი და მოსასმენი, ემოციურად ამაღლებული აღმოჩნდა. ამ დრამატულმა ნაწარმოებმა მრავალი თეატრის სცენა შემოიარა და ბევრი მსახიობის რეპერტუარში დაიდო ბინა. ფანი არდანს (რეჟისორი რომან პოლანსკი), ტ. ვასილიევას (რეჟისორი ვ. შამიროვი) და სხვ. ქართველი შემსრულებელიც დაემატა და სპექტაკლი მთელი სიძლიერით აჟღერდა. უდაოდ წარმატებული აღმოჩნდა რეჟისორ რობერტ სტურუას არჩევანი - ლელა ალიბეგაშვილის მარია კალასის როლზე დანიშვნა. მსახიობი, რომელიც არა მხოლოდ გარეგნობით ჰგავს ამ გენიალურ და მართლაც განუმეორებელ მომღერალს, არამედ ტემპერამენტით, შინაგანი გრძნობათა ბუნებით თითქმის მარია კალასის იდენტურია და ხშირად გეჩვენება, რომ ჩვენს წინ ნამდვილი ბერძენი ქალია, რომელმაც ასამდე როლი განასახიერა და რომელიც პ.პ. პაზოლინიმ თავის ფილმში „მედეა“ მთავარ როლზე მოიწვია.
არ მეგულება არც ერთი რეჟისორი, რომელიც ისე მუშაობდეს და „კითხულობდეს“ პიესას, როგორც რობერტ სტურუა. მან ზუსტად იცის არჩეული დრამატურგიული ნაწარმოებიდან რა არის პირობითად „ზედმეტი“, სად წაცდა დრამატურგს ხელი და რა გამოუვიდა არასცენური და რისი ამოღებაა აუცილებელი, რაც შემდგომში არ ავნებს ნაწარმოებს დასადგმელად. მახსენდება, როგორ მუშაობდა იგი უ. შექსპირი ქრონიკების „ჰენრიხ VI“ და „„ჰენრიხ V“ ქართულ ტექსტებზე, რომელიც რამოდენიმე წლის წინ ჰელმა ჰოლტის საუნივერსიტეტო თეატრმა წარმოადგინა. ერთი კვირის შრომის შედეგად ამ ქრონიკებში დარჩა ის ძირითადი, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო ქართველი მაყურებლისთვის. იგივე მოხდა „მასტერ კლასის“ შემთხვევაშიც. შემოკლდა მონოლოგები, განსაკუთრებით კი საფინალო. პიესას მოეხსნა მელოდრამატულობა, შერჩა ნაღვლიანი მოტივი, მაგრამ ამავდრულიად გაჩნდა იმედისა და მომავლის შეგრძნებაც.
სტურუა ერთგვარად აგრძელებს „ნადირობის სეზონში“ დაწყებულ თემას - შემოქმედი ადამიანის ბედს დღევანდელ საზოგადოებაში. ერთმანეთს უპირისპირდება პირადი ცხოვრება, საყვარელი ადამიანი, მომავალი შვილი და პროფესიული კარიერა, სცენა, მუსიკის სიყვარული, მსმენელი და თუნდაც მსოფლიო „დივას“ ამბიცია. მარია კალასის ჭირვეული, ამბიციური, პრეტენზიული, მაგრამ სამართლიანი და მებრძოლი ბუნება ვლინდება მის ყოველ მონოლოგსა, ფრაზასა თუ საქციელში. თუნდაც მაშინ როცა „ლა სკალას“ დირექტორმა თეატრიდან დაითხოვა: „ფურიასავით გავვარდი ავანსცენის მარჯვენა მხარეს, სულ რამდენიმე მეტრი მაშორებდა იმ ვაჟბატონს და იქ ვიმღერე „il palco funesto“ - „საბედისწერო ეშაფოტი“ - ხელი გავიწოდე თეატრის დირექტორისკენ“.
რეჟისორის მიერ მსახიობის ზუსტი არჩევანის შესახებ უკვე მოგახსენეთ, რაც შეეხება თვით პიესის არჩევას. ჩემი აზრით სტურუას მხრიდან ძალზე არსებითი მოტივაცია არსებობდა. ცნობილია, რომ ეს რეჟისორი პისკატორისა და ბრეხტის მსგავსად „პოლიტიკური თეატრის“ ფუძემდებელია საქართველოში. „კავკასიური ცარცის წრე“, „ყვარყვარე“, „მეფე ლირი“ ამის მაგალითებია. იგი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების ცხოვრებაში და პოლიტიკურ პროცესებშიც. სრულდებოდა მისი რიგი წინასწარმეტყველებებიც: „სტიქსი“, „პრეზიდენტი...“ და თუნდაც „ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებლები“, სადაც მთავარი მოქმედი პირი ცეცხლის გაჩენის მოლოდინში, იმდენად ძლიერადაა ამ აზრით შეპყრობილი, რომ როდესაც ცეცხლს არავინ გააჩაღებს, თვითონ უკიდებს სახლს ცეცხლს (პარალელი სახეზეა - ექს-პრეზიდენტის მიერ აგვისტოში გაჩაღებული რუსეთ-საქართველი ომი!). თუმცა თავის ბოლო ნამუშევრებში რეჟისორი სტურუა სულ უფრო და უფრო „საკუთარი პერსონის პოლიტიკურ თეატრს“ ამკვიდრებს - „ნადირობის სეზონი“ და ახლა „მასტერ კლასი“ ამის დადასტურებად მიმაჩნია. ჩემი აზრით სწორედ ეს იყო ის მოტივაცია, რის გამოც ხელოვანი ამ პიესას ირჩევდა. მარია კალასის ბედის გამზიარებელისთვის, ხომ სულერთია ვინ გააგდებს თეატრიდან, მისი დირექტორი თუ ქვეყნის კულტურის მინისტრი.
ავტორმა, ტერენს მაკნელიმ პიესას ნამდვილი ამბავი დაუდო საფუძვლად - ერთადერთი გაკვეთილი, რომელიც მარია კალასმა 1972 წელს ჩაატარა. კონსერვატორიის აუდიტორიის კედლები მარია კალასის აფიშებითა და რეპერტუარითაა შემკული, როგორც სჩანს ამისთვის წინასწარ ემზადებოდნენ აქ. ერთ-ერთ მათგანთან მარია კალასის ყველაზე ცნობილი პორტრეტია პიუპიტრზე, რომელიც ერთდროულად მის საფლავსაც მოგვაგონებ პერ ლაშეზის სასაფლაოზე. სცენით ორად გაყოფილი მაყურებელთა დარბაზი აკვარიუმს ჰგავს (მხატვარი მ. შველიძე), სადაც ორივე მხრიდან შეიძლება დაინახო ყველაფერი. ამავდროულად შენს მოპირდაპირე მხარეს სცენაზე მიმდინარე მოვლენებზე სხვა მაყურებლის რეაქციასაც აკვირდები და ერთგვარი სარკის ეფექტი იქმნება. ამ სცენაზე კი მუსიკალური სამყაროსთვის დამახასიათებელი ატრიბუტებია განლაგებული, პიუპიტრები, ალტი, მეტრონომი, როიალი. გარემო, რომელიც ძალზე შინაურია მომღერლისთვის. როილაზე ჭიქა წითელი ღვინოც დგას, თუმცა მარია გაკვეთილის დროს არც კი მიეკარება მას, ვერც სიგარეტს მოწევს ბოლომდე, ყოველივე ეს - ალკოჰოლი და ნიკოტინი ვნებს მომღერალს და მის ხმას - ტყუილად კი არ ამბობდა ამ ყველაფერზე და ცხოვრების ბევრ სხვა სიამოვნებაზე უარს მარია კალასი, მხოლოდ ღმერთისგან ნაბოძები საკუთარი ვოკალური შესაძლებლობების გადასარჩენად - „მუსიკა და მხოლოდ მუსიკა“. ავტორებს (რ. სტურუა, მ. შველიძე) არც საბერძნეთისთვის დამახასიათებელი ფორთოხალი დავიწყებიათ. სცენაზე მოწყობილ „გზას“ არსად არ მივყევართ. რამდენჯერმე შედგება ამ ფიცარნაგზე მარია - ლელა ალიბეგაშვილი, რომელიც არც კვარცხბეგია და არც პოდიუმი. ალბათ უფრო ტრიბუნაა, საიდანაც კალასი სტუდენტებს მოძღვრავს: „მშვენივრად გამოიყურებით, ლამაზი ხართ, მოვლილი ... მაგრამ არ გაგაჩნიათ სახე. სასწრაფოდ მიხედეთ ამას ... რასაც მე ვგულისხმობ ის სახე აქ არავის არა აქვს“ - სახე, ინდივიდუალობა მარია კალასისთვის აუცილებელი და სავალდებულოა. სწორედ ამას ეძღვნება გაკვეთილი, თორემ ისე სიმღერა, ყველა კონსერვატორიადამთავრებულს შესწევს - სოფი დე პალმასაც (ლ. ახალაია), შერონ გრეისაც (ქ. სვანიძე) და ენტონი ქენდოლინოსაც (ა. გოგიტიძე), მაგრამ საკუთარი თავის და „სახის“ პოვნაში კალასი უნდა დაეხმაროს, რასაც წარმატებით აღწევს კიდევაც.
ქმედება სამ პლანში მიმდინარეობს: ჩვენ ერთდროულად ვხედავთ მარია კალასს - კარიერა დასრულებულ უდიდეს მომღერალს, მიტოვებულ ქალს და სიმღერის მასწავლებელს, რომელიც ახლა მთელი მონდომებით ცდილობას კონსერვატორიის საუკეთესო სტუდენტებს გადასცეს ის ოსტატობა, რასაც ზედმიწევნით ფლობს. ლელა ალიბეგაშვილი ერთნაირი წარამტების თამაშობს ამ სამ პიროვნებას, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა ის, თუ როგორ გადმოგვცემს მსახიობი, ტრაგიკული ბედის ქალის - მარია კალასის პირად ისტორიას. თუ მაგალითად მასწავლებლის როლში იგი უხეშია, მკაცრი, მომთხოვნი და ცინიკური, თუმცა ამავდროულ;ად იუმორით საკუთარი თავის მიმართ, ონასისთან წარმოსახვითი საუბრის დროს იმ მოგონებების ფონზე, რომელიც მას ეუფლება, მისი მომხიბვლელობა იმატებს, მოსიყვარულე, თბილი და ალერსიანი ხდება. დიდი ემოციითა და ექსპრესიით თამაშობს მსახიობი მასთან განშორების სცენას და იმის აღიარებას, რომ მათ შვილი არ ეყოლებათ. და ამ ორთა შორის ბრძოლაში იმარჯვებს კალასი-მომღერალი, რომელიც უარს ვერ ამბობს სასცენო მოღვაწეობაზე. კედელზე აკრული ლელა ალიბეგაშვილი მისტირის დაკარგულ სიყვარულს, მაგრამ ბედნიერია, რომ სცენაზე ისევ შეძლებს გამოსვლას. და ასე, მთელი სპექტაკლის განმავლობაში მსახიობი ცვალებადობს, რათა გამოკვეთოს ეს სამსახიობა, რაც პიესის ავტორმა და რეჟისორმა მის გმირს მიანიჭეს.
ჩანთაგადაკიდებული, შავ მკაცრ სამოსში გამოწყობილი მარია კალასი ჩქარი ნაბიჯით შემოდის საკლასო ოთახში და იწყება გაუთავებელი პრეტენზიები: გათბობა, განათება, ბალიში და აშ. იგი თითქოს საკუთარ თავს ამზადებს, რომ ძალზე მომთხოვნი და სასტიკი იყოს. და სულ მალე ამის საშუალებს ეძლევა - პირველი სტუდენტი და პირველი რისხვა, რომელიც ამ ახლგაზრდა სოპრანოს თავს დაატყდება. მეტოქის - საზერლენდის გახსება, საკუთარი შესრულებით ტკბობა, მოგონებები, მოგონებები, შურისძიება. ჩვენს წინ ცოცხლდება მარია კალასის - საწყალი ბერძენი გოგონას ცხოვრება და ბრძოლა წარმატების მისაღწევად. ლელა ალიბეგაშვილს ჰყოფნის ნიჭირება და გრძნობათა ბუნების სიღრმე, მსახიობური ტაქტი, რომ კალასის ცხოვრების განსაკუთრებული მომენტები ერთმანეთისგან განსხვავებულად, პალიტრის სხვადასხვა ფერთა გამით წარმოგვიდგინოს, რათა არც გადაგვღალოს, არც მოგვაწყინოს და არც თავი შეგვაცოდოს. სტუდენტების მიერ შესრულებული არიები მასში ბევრ მოგონებებას აღძრავს - და ისევ არც თუ იშვათად საკუთარი ხმით თვითტკბობას მიეცემა.
პიესა მონოსპექტაკლის, ტრაგიკომედიის ჟანრს უნდა განეკუთვნებოდეს, თუმცა სხვა მოქმედ პირთა ადგილი და დანიშნულება საკმაოდ მნიშვნელოვანია. აკომპანიატორი ებრაელი მენი (დ. დარჩია) გარეგნობით ძალიან მოგვაგონებს არისტოტელე ონასისს - მარია კალასის ბოლო სიყვარულს. ამ მსგავსების ხაზგასმა ჩემი აზრით რეჟისორს იმიტომ დასჭირდა, რომ ქვეცნობიერად თუ ცნობიერად მარია კალასი ჯერ კიდევ ისევ შეყვარებულია და გამუდმებით ონასისს ელაპარაკება და მასზე ფიქრობს - სულაც შესაძლოა ყველა მამაკაცი არის აგონებს. ამას ის სცენაც მეტყველებს, სადაც მარია-ალიბეგაშვილი აკომპანიატორთან ერთად ცეკვას ასრულებს ან თუნდაც პირველი გამოსვლა, როცა მენი მარიას საფლავს ყვავილეთ შემკობს. დ. დარჩიას მენი მორჩილი, ყურადღებიანი და ცხადია მარია კალასის თაყვანისმცემელია. მის ყოველ ჟესტში, მიმიკაში თუ რეპლიკასა და დიალოგში ხაზგასმულია ამ დიდი მომღერლისადმი პატივისცემა, თაყვანისცემა და სიყვარულიც კი. ამავდროულად იგი რაინდიცაა, რომელიც მეგზურობას უწევს ამ რთულ პედაგოგიურ ასპარეზზე და მარიას საიმედო დასაყრდენია. ამ ორ შემოქმედთა თანხვედრა - მთელი სპექტაკლის განმავლობაში ღირსეული გაკვეთილი მისცენ მომავალ თაობას - სახეზეა.
სცენის მუშის - დ. უფლისაშვილის მიერ განსახიერებული თითქმის უტექსტო როლი, სრულიად გამაოგნებელ ეფექტს აღწევს. მსახიობი ახერხებს ისეთი სახის შექმნას, რომელიც თითქოს სულ სცენაზე და არც არის. გრძნობ, რაოდენ სულმოუთქმელად და გაფაციცებით ადევნებს თვალს ამ უდიდესი მომღერლის ყოველ სიტყვასა და ქმედებას. რაოდენ დიდია მოწიწება და ტალანტისადმი პატივისცემა - ის რაც ამ მსახიობის გამოხედვასა და მოძრაობა-ჟესტიკულაციაში აისახება. კალასისთვის არაა ადვილი სტუდენტებთან ურთიერთობა, მისი დაძაბული პოზა მიუთითებს, რომ თვითონაც საკმაოდ დაძაბულია, ხან ფორთოხალს აიღებს ხელში, ხან განათება აწუხებს. მაგრამ თუ პირველ სოპრანოს (ლ. ახალაია) შემთხვევაში ორივე ადვილად „გაუძლებს გამოცდას“, მეორესთან (ქ. სვანიძე) კონფლიქტი გარდაუვალია და ღებულობს კიდევაც მისგან უმძიმეს დარტყმას. - „ვერ გიტანთ. სიმღერა აღარ შეგიძლიათ და გშურთ იმ ახალგაზრდების, ვისაც შეუძლია“ ... სულ არ მინდა თქვენსავით ვიმღერო“. კალასი - ლელა ალიბეგაშვილი ამ ნერვიული ტირადის შემდეგ სდუმს... სდუმს დიდხანს, სახეზე სასოწარკვეთა ატყვია, მაგრამ „მარია კალასივით ვერავინ იმღერებს. მხოლოდ სესილია სოფია ანა მარია კალაგეროპულო მღერის როგორც მარია კალასი“ - და მთავრდება მარია კალასის კიდევ ერთი შედევრი - მისი გენიალური გაკვეთილი. არ შეძლება არ აღინიშნოს ის უდიდესი შრომა, რაც რეჟისორმა ახალბედა მსახიობებთან ჩაატარა - სპექტაკლის დანარჩენი მონაწილენი - ლ. ახალაია, ქ. სვანიძე ა. გოგიტიძე შესანიშნავად ართმევენ თავს ვოკალური პარტიებს (მუსიკალური გაფორმება და ვოკალის რეპეტიციები ვიოლეტა ჩაპლინსკაიასი) და მასთან ერთად დრამატულ როლებსაც. არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ მთლიანობაში ვნახეთ სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული სპექტაკლი, ემოციური, ამაღლებული, ვირტუოზული მსახიობური და ვოკალური შესრულებით.
უკან დაბრუნება |