Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > ჩიტის მოტანილი ამბავი
ჩიტის მოტანილი ამბავი

ჩიტის მოტანილი ამბავი


23-01-2014, 00:41

დღეს, როცა თანამედროვე ქართულ თეატრში მოღვაწე რეჟისორების უმეტესობა მაყურებლის წინაშე თავს უცხოური ტექნიკური ეფექტების გამოყენებით იწონებს და არა იდეის, თემის, პრობლემის მისეული ინტერპრეტაციით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ჩიტის მოტანილი ამბავი“ შემოგვთავაზეს, რომელიც რეჟისორმა კოტე მირიანაშვილმა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. (ინსცენირების ავტორიც თავად რეჟისორია). ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩემთვის კოტე მირიანაშვილის სპექტაკლში იყო, ეს არის მსახიობთა ანსამბლი და სევდიანად მოყოლილი კომიკური ამბავი, რომელიც აუღელვებელს არავის დატოვებს. რეჟისორი არ გვეკეკლუცება და გაურკვეველ, ამოუცნობ, თავსატეხ მიზანსცენებზე არ აგებს სიუჟეტს. ამ სპექტაკლში ყველაფერი ნათელი და გარკვეულია. რეჟისორი ქმნის თბილ, ზოგჯერ მისტიკურ ატმოსფეროს და ხატავს სიცოცხლესა და ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანების ცხოვრებას.  კოტე მირიანაშვილისთვის მთავარი თეატრალური ეფექტი ეკრანის უხვი გამოყენება  და ანიმაცია (თუმცა ორივეს იყენებს), ან მოსაბეზრებლად და დამაყრუებლად გაჟღერებული მუსიკალური თემების კასკადი კი არ არის, არამედ მსახიობი... მსახიობი თავისი უნივერსალურობით, მრავალფეროვანი ნიჭიერებით, რომელსაც ავლენს საათნახევრის განმავლობაში.

ჩიტის მოტანილი ამბავი

კოტე მირიანაშვილის სპექტაკლი მდიდარია ტიპაჟებით, მხატვრული სახეებით, რომელსაც ოსტატურად ასრულებენ მსახიობები. თანამედროვე ქართულ თეატრში ერთ-ერთი საინტერესო მსახიობი ნინო ბურდული ჩიტის ამპლუაში მოგვევლინა. მთელი სპექტაკლის განმავლობაში (თითქმის) სცენას არ ტოვებს და ჭიკჭიკებს. მას სულ რამდენიმე ფრაზა აქვს სპექტაკლში, როცა ნოდარის დედად გვეცხადება (როგორც წარმოსახვა) და საფინალო ეპიზოდში, როცა ბედიას დეპეშის ტექსტში ცვლილებები შეაქვს. წარმოიდგინეთ რა რთული ამოცანის შესრულება უწევს მსახიობს, როცა უსიტყვოდ მთელი სპექტაკლის განმავლობაში უწევს მოქმედებათა მსვლელობის წარმართვა. ის ერთის მხრივ აფასებს ყველა მოვლენას, რაც სცენაზე ხდება, ამყარებს კომუნიკაციას პერსონაჟებთან, ავითარებს კონფლიქტს და მიყავს ის ფინალამდე. ნინო ბურდული მიმიკით, ჟესტებით, თვალებით, შეფასებებით, შინაგანი განცდით ჩართულია მოქმედებაში. სევდით და ღრმააზროვანი მგრძნობელობითაა დატვირთული მისი ეპიზოდური მოვლინება დედის როლში. ის მხოლოდ მოკლე ფრაზებს ამბობს, მაგრამ საოცარი გრძნობითა და აზრობრივი დატვირთვით. კოლორიტული პერსონაჟები შექმნეს სპექტაკლში დარეჯან ჯოჯუამ (გულსუნდა), ანა ნიკოლაშვილმა (ცვაფია) და ნანა შონიამ (ქვიქვი), მათი გამოჩენა სცენაზე თავიდანვე ღიმილს იწვევს მაყურებელში, ხოლო მოქმედებათა და მოვლენათა მსვლელობის დროს მათ მიერ წარმოთქმული თითოეული ფრაზა მაყურებელი ხარხარამდე მიყავს. ამ მხრივ მაინც გამორჩეულია ნანა შონიას გმირი - ჭორიკანა და ცბიერი ექთანი, რომელსაც მსახიობი მრავალფეროვანი ხერხებით ხატავს და პერსონაჟის უარყოფითი თვისებების მიუხედავად მაყურებელში აგრესიას არ იწვევს. საინტერესო მხატვრული სახეა სპექტაკლში ვახტანგ ახალაძე, ძუნწი გამომსახველობითი ხერხებითაც კი მსახიობი ახერხებს დახატოს მისი გმირი და მაყურებელში თანაგანცდა გამოიწვიოს. სპექტაკლის მნიშვნელოვანი პერსონაჟები ნოდარი (ვანო დუგლაძე) და გვანჯი (სოსო ხვედელიძე) არიან. ახალგაზრდა მსახიობები ამ სპექტაკლის ყველაზე ნათელი წერტილები არიან, სავსენი ერთგულების, სიყვარულის, მეგობრობის უნარით. სოსო ხვედელიძე არაერთხელ გვიანახავს სხვადასხვა თეატრის სცენაზე, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი რამდენიმე მთავარ როლს. ამჯერადაც, მას არ ღალატობს პროფესიონალიზმი და ის ჩვენს წინაშე წარსდგება, როგორც გულწრფელი არტისტი, ტკივილით, განცდით, რეალურობის შეგრძნებით. სოსო ხვედელიძე თითქოს არ თამაშობს გვანჯის როლს, არამედ ის ცხოვრობს სცენაზე ამ პერსონაჟის ხასიათითა და ბუნებით. თავისი ნიჭიერების მრავალმხრივობა გამოვლინა ახალგაზრდა მსახიობმა ვანო დუგლაძემ. შთამბეჭდავია მის მიერ შესრულებული ტორეადორის ეპიზოდი, პლასტიკაში გადაწყვეტილი მიზანსცენა დახვეწილი, ირონიით და იუმორით გაჯერებულია. მსახიობმა ოსტატურად გააცოცხლა დუმბაძის ტექსტი, გაითვალისწინა უამრავი წვრილმანი და ყველა ნიუანსი. რეჟისორმა კოტე მირიანაშვილმა კრეატიულად გადაწყვიტა ზღვაში ბანაობის ეპიზოდი. მსახიობები ვანო დუგლაძე და სოსო ხვედელიძე დიდ რეზინის ბურთებს ახტებიან და მასზე წვებიან, მოძრაობაში კი ილუზია იქმნება, რომ ისინი ბანაობენ. ამ სცენით კოტე მირიანაშვილმა დაადასტურა, რომ რეჟისორისთვის მთავარი ფანტაზიის უნარია და არა ტექნიკური პროგრესის ხარბი ათვისება თეატრში. მან მხატვართან მურმან ბაღაშვილთან ერთად სცენა განტვირთა დეკორაციისაგან. სასცენო სივრცე მხოლოს შირმებს უჭირავს, რომელიც „სიცარიელეს“ ავსებს. მაია სხირტლაძემ კი ხასიათებში პირობითად გადაწყვიტა პერსონაჟთა კოსტიუმები. სპექტაკლში კი დავით მალაზონიას მუსიკა ჟღერს.

 

კოტე მირიანაშვილმა ადამიანების მიმართ სიყვარულით გამთბარი, ჰუმანური იდეალებით გაჟღენთილი სევდიანი კომედია წარმოგვიდგინა. ტოტალური აგრესიისა და ვირტუალური სამყაროს დომინანტობის ეპოქაში თუკი ადამიანებს კვლავ შერჩათ სურვილი ადამიანებთან რეალური კომუნიკაციის, მაშინ კოტე მირიანაშვილის სპექტაკლი უნდა ნახონ კინომსახიობთა თეატრში. 


უკან დაბრუნება