Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > შევიბრალოთ თუ არა რიჩარდი?
შევიბრალოთ თუ არა რიჩარდი?

შევიბრალოთ თუ არა რიჩარდი?


14-02-2014, 21:25

„თავისუფალ თეატრში“ უილიამ შექსპირის „რიჩარდ მესამის“ განხორციელებას  რამოდენიმე სარჩული უდევს. პირველი მარკეტინგია, რომლის წესებითაც ავთანდილ ვარსიმაშვილი თავისი პროდუქციის პოზიციონირებას რობერტ სტურუას პროდუქციასთან ჭიდილში ახდენს. მეორე - ძალაუფლებისათვის ბრძოლის თემატიკის აქტუალურობა. დამეთანხმებით, ყველა დროისა და სივრცისთვის დამახასიათებელ პრობლემას დღევენდელიც ემატება, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პრემიერ მინისტრის გამოუძიებელი საქმით და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეფრენით - „ყველანი ციხეში“! და მესამე - წელს უილიამ შექსპირის საიუბილეო წელია, მას  დაბადებიდან 450 წელი შეუსრულდა!

რობერტ სტურუას  წარმატებული სპექტაკლების ნუსხიდან არჩეული „კავკასიური ცარცის წრის“ შემდეგ ავთანდილ ვარსიმაშვილი „რიჩარდის“ საკუთარი ვერსიით, ერთი მხრივ, ალუზიის ხერხს მიმართავს, ხოლო მეორე მხრივ, სტურუას მიღწევების ხელშეუხებლობისა და სტერილურობის შესახებ გავრცელებულ  წარმოდგენებს ანგრევს. რეჟისორის გადაწყვეტილება რამოდენიმე კურდღლის ერთდროულად დაჭერის მცდელობას გავს, სადაც მთავარი კურდღელი მაინც მაყურებელია, რომლის მოსაზიდად მსგავსი მარკეტინგული გათვლები, დღეს, ელემენტარულ აუცილებლობასაც კი წარმოადგენს.

 

ამ პიესის განხორციელებისას მარკეტინგული მიდგომების პრიორიტეტი,   მისი თემატიკის აქტუალურობას არ გამორიცხავს. პირიქით, ამ შემთხვევაში პროდუქტის შენაარსი მის შეფუთვას ემთხვევა კიდეც. მაგრამ მთავარი მაინც არც აქტუალურობაა და არც შეფუთვა. ვარსიმაშვილის „რიჩარდ მესამე“ შეუძლებელია განვიხილოთ, როგორც ცალკე აღებული თეატრალური დადგმა. ეს სპექტაკლი, არსებული თეატრალური დისკურსის ქსოვილში იქმნება, ამიტომ, საერთო ჯამში, თეატრალური ესთეტიკის მხრივ ვერ ვიტყოდი, რომ რამე ახალ მოვლენასთან გვაქვს საქმე, პირიქით, ის ტრადიციული თეატრის გზას აგრძელებს. სიტყვისა და ქმედითი ანალიზის საშუალებით ახდენს პიესის შინაარსის რეპრეზენტაციას. ამბავი „რიჩარდის ცხოვრებასა და სიკვდილზე“ ლოგიკური თანამიმდევრობით  გადმოეცემა მაყურებელს.  სხვადასხვა თაობის რეჟისორთა ფარული და არც თუ ისე ახალი შეჯიბრით დაღლილი,  მაგრამ თეატრში მაინც მისული მაყურებელი, მართალია სცენაზე კიდევ უფრო დიდ და მეტად საბედისწერო შეჯიბრის ამბავს ნახავს, მაგრამ მასში იმდენად ცოტა იქნება ახალი ფორმებისა და დამოკიდებულებების ასახვის წილი, ვეჭვობ ამავე თემაზე სოციალური ქსელების კომენტარები უფრო ეფექტურად ჩააფიქრებდა ნებისმიერ მათგანს.

 

გაგიკვირდებათ, სად თეატრი და სად სოციალური  ქსელები (?!) - სინანულით გავიმეორებ, ბოლო დროს სიცოცხლის პულსაციამ საკუთარი თავის გამოხატვა კომპიუტერის ეკრანზე უკეთ შეძლო.  ქართულ თეატრს, ამ პულსაციის ხმაური აკლია. ხმაური, რადიკალიზმი, პროტესტის გრძნობა და ამ ყველაფრის გამოხატვის სითამამე. ყველაფერი ის რაც მთლიანობაში მოძრაობას და სიცოცხლეს ქმნის. თეატრალური ტრადიციების სიმაღლეებიდან იმდენად აკადემიურად ვესაუბრებით მაყურებელს, რომ მას სადაცაა ძილი მოერევა...  არადა ავთანდილ ვარსიმაშვილი „ტიტუს ანდრონიკუსის“, მოგვიანებით კი „პროვოკაციის“ ავტორიც არის! 

 

დღეს კი „რიჩარდ მესამე“ ძველი თაროდან ჩამოღებულ ქრონიკას ისე ჰგავს, როგორც არასდროს. ამიტომ მისი შეფასებისას ტრადიციულად ძალაუფლებისათვის ბრძოლის თემატიკიდან დავიწყებ საუბარს. ვიტყვი, რომ აქ ერთმანეთს ძალაუფლებისაკენ სწრაფვაში ეჯიბრებიან, რომ ერთადერთი ღირებულება ძალაა. რომ ყველაფერი დასაშვებია ძალაუფლების გასამყარებლად, მეტი გავლენისა  და მართვის ბერკეტის მოსაპოვებლად. ეს თავისებური აზარტია, რომელმაც ეშხში შესვლა იცის და ეს ყველაფერი ისევ ტრადიციულად! ორივე რიჩარდი, გოგა ბარბაქაძისა და აპოლონ კუბლაშვილის შესრულებით ასეთივე ეშხით მოქმედებს. მათი საშემსრულებლო ტექნიკა განსხვავებულია, პირველი უფრო ინტელექტუალურ ხასიათს ქმნის, მეორე - ემოციურს.  სპექტაკლში დაპირისპირებული მხარეები თითქმის არ არსებობს, ნებისმიერი წინააღმდეგობა უსუსურია რიჩარდის ნების წინაშე. მხოლოდ მან იცის ვის ეკუთვნის სიცოცხლე და ვის აღარ.   რიჩარდი ანაწილებს საჭირო და არასაჭირო ადამიანების ბედს და მათი, გროვებად დაყრილი ცოცხალი ან მკვდარი სხეულების საშუალებით მიიწევს წინ. თითქოს ორ ნაწილად იყოფა ყველაფერი, ერთ მხარეს რიჩარდი დგას, ხოლო მეორე მხარეს მისი აურაცხელი მსხვერპლი. თუმცა, მიუხედავად რიჩარდის ხასიათის სიმტკიცის, ნების სიძლიერისა და მოხერხებულობის ჩვენებისა, აქაც, როგორც რობერტ სტურუას სპექტაკლში რეჟისორი გმირის დეჰეროიზაციას ახდენს, ამ პროცესის უკიდურეს გამოხატულებად, ის, ფინალში, მსახიობების მიერ სრულიად ნატურალისტურად შესრულებულ, დუჟმორეულ მთავარ გმირს წარმოგვიდგენს. სპექტაკლში რიჩარდის მსხვერპლთა მიმართ მაყურებლის თანაგრძნობის გამოწვევა არ არის ჩაფიქრებული, რეჟისორი ცდილობს აღძრას რაღაც ზიზღნარევი გრძნობა გამოყენებული მეთოდების და დამოკიდებულებების მიმართ. ეს განსაკუთრებით ჰასტინგსის (მ.მუმლაძე) მოჭრილი თავით დაუდევრად თამაშსა და მოგვიანებით მისი დეკორის ნაწილად ქცევის სურვილში გამოიხატა.   ასეთი შეუბრალებლობა შეგვიძლია მარტივად ავხსნათ, და მარტივად მივხვდეთ, რომ დღევანდელი მსხვერპლი შესაძლოა ხვალ ახალი რიჩარდი ყოფილიყო და  იქნებ უფრო სასტიკიც... ეს კონცეფცია რუსთაველის თეატრის ვერსიაში მძაფრად იყო გამოხატული.     „თავისუფალი თეატრის“  „რიჩარდში“ კი ეს თითქოს თავისთავად იგულისხმება, როგორც ადამიანების ხილული სახის მიღმა არსებული სინამდვილე.

შევიბრალოთ თუ არა რიჩარდი?

სპექტაკლის დამახასიათებელი ნიშანი ასე ვთქვათ, გააზრებული ზედაპირულობაა.  ეს დადგმა თითქოს ბარელიეფს გავს,  რომელიც სიბრტყიდან მხოლოდ მცირედით არის ამოწეული. სცენაზე აღმართული თეთრი კედელი სიბრტყის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს (მხატვარი მ.შველიძე). ამ კედელზე, როგორც „ვაითბორდზე“ დასაწყისიდანვე ვხედავთ მოქმედი გმირების სახელებს. მარკერ მომარჯვებული მსახიობები რომელიღაც „ვორქშოპის“ მონაწილეებს გვანან, როდესაც მოქმედების განმავლობაში ამ ვაითბორდზე მუდმივად შლიან და წერენ პერსონაჟების სახელებს. შეიძლება ითქვას, აღნიშნული მეთოდით შემოქმედებითმა ჯგუფმა საქმე გაუადვილა  ლიტერატურასთან არც თუ ისე მეგობრულ დამოკიდებულებაში მყოფ თანამედროვე მაყურებელს და  საექსპოზიციო ნაწილში გმირების მარტივად  იდენტიფიკაციაში დაეხმარა მას. თითქმის მთელი წარმოდგენა, მიზანსცენების უმეტესი ნაწილი ავანსცენაზე და ოდნავ დიაგონალურად დამონტაჟებულ პოდიუმზე მიმდინარეობს. ეს კონსტრუქცია, მოქმედების მანძილზე სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, ზოგჯერ მაგიდაა, ზოგჯერ საპყრობილე,  ზოგჯერ კი ცხედრების ჩასაფლავი სივრცე. პოდიუმი  ტრიუმფალური თაღის მსგავს, დიდებისა და ძალაუფლების სიმბოლოსთან მიდის. ეს ძალაუფლებასთან მიმავალი ერთადერთი გზაა. იქ მოხვედრა მხოლოდ უდიდესი ძალისხმევისა და მსხვერპლის ხარჯზეა შესაძლებელი. თუმცა საბოლოოდ, ამ „ტრიუმფალური თაღიდან“ ცხოვრების  მაკიაველისტური ხედვა ისეთივე  ილუზორულ პანორამად იშლება როგორც წარმატებული ცხოვრების სხვა დანარჩენი რეცეპტი.

 

სპექტაკლში არის კონკრეტული მიგნებები, რაც მეტნაკლებად ასატანს ხდის ამ ტრადიციულ თეატრალურ ესთეტიკას. პირველ რიგში სპექტაკლისა და ჩვენი გადარჩენა რიჩარდისა და ლედი ანას დუეტმა შეძლო. ვარსიმაშვილის გადაწყვეტა პიესის ამ მონაკვეთის ახლებურ წაკითხვას და სტურუას სპექტაკლისაგან ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას წარმოადგენს. რეჟისორი ლედი ანას რიჩარდის თანამძრახველად აქცევს. სამწუხაროდ არ ვფლობ ინფორმაციას, თუ სადმე, რომელიმე რეჟისორს მსგავსად გადაუწყვეტია ამ ორი პერსონაჟის ურთიერთობა.  და მგონია, რომ გრძნობის შემოტანა ამ სიბრტყეში ზრდის გმირების მდგომარეობის დრამატიზმს. სტურუას სპექტაკლში ლედი ანა სამგლოვიარო პროცესიის თანხლებით პირველად ჩნდებოდა სცენაზე, ვხედავდით როგორ მოჰქონდათ ჰენრი მეექვსის გვამი ნატურალური ზომის საცხედრით. რიჩარდი არ არსებულ სიყვარულში უტყდებოდა ლედი ანას. ის, კი როგორც მონუსხული მსხვერპლი, ნებდებოდა რიჩარდს. გვახსოვს ან წაგვიკითხავს იმ ხმაურისა და აჟიოტაჟის შესახებ რაც იქვე, ამ საცხედრესთან მომხდარმა სექსუალურმა აქტმა გამოიწვია. დღეს თითქმის შეუძლებელია ასეთი ტიპის სცენით მსგავსი რეაქცია გამოიწვიო. სექსზე მეტად დღეს სიყვარული უკვირთ, ამიტომ  ვარსიმაშვილის გადაწყვეტა, თავისი დაუჯერებლობის ხიბლით, საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება. შევიბრალოთ თუ არა რიჩარდი?  ლედი ანა, ქ.ლორთქიფანიძე, თოკით მოათრევს გარდაცვლილთა ფერფლით სავსე პატარა სკივრს. თოკი ზურგზე გადასდის, თითქოს მხრებზე აწევს ეს ტვირთი. სწორედ ამ ტვირთიანად მოინადირებს რიჩარდი ლედი ანას გულს, და პიესისაგან განსხვავებით ისინი შეყვარებული ბოროტმოქმედები ხდებიან. მაკბეტისა და ლედი მაკბეტის თანამძრახველობას მოგვაგონებენ. თუმცა რეჟისორის მიერ მოფიქრებული მათი  ურთიერთდამოკიდებულების ეს შესაძლო ვარიანტი არ ცვლის პიესის ფაბულას, რიჩარდი სულ მალე მიხვდება რომ მეფობის გასახანგრძლივებლად ელისაბედის (მ. ჯოლოგუა, ა.ალადაშვილი) ქალიშვილი უნდა შეირთოს ცოლად.  ამიტომ ლედი ანას ლედი ანასვე თანდასწრებით გარდაცვლილად გამოაცხადებს. მოწამლული დედოფალი სულს რიჩარდის მხრებზე დალევს, ჩამოეკიდება მას, როგორც ყველაზე ძვირფასი მსხვერპლი და მძიმე ტვირთი. უნდა აღვნიშნო, ლედი ანას შემსრულებელი ქ.ლორთქიფანიძე გარდა გარეგნული და სცენური ხიბლისა ფლობს შინაგანი ენერგიის მართვის არაჩვეულებრივ უნარს, რაც მას ეხმარება არ გადააჭარბოს როლის ყველაზე ექსპრესიული ნახაზის შესრულებისას.

 

მკვლელობათა სცენები,  ალბათ,  ცალკე განხილვას იმსახურებს. ორიგინალურია მეფე ედვარდის (კ.გოგიძე)  მკვლელობის სცენა, სადაც რეჟისორი მოულოდნელობის ეფექტს მიმართავს. მეფეს ტრაპეზის დროს გონება ეკარგება, ვხედავთ როგორ შვებით ამოისუნთქებს დამსწრე საზოგადოება როდესაც წარმოიდგენს, რომ მეფე მოკვდა, მაგრამ ედვარდი ფხიზლდება და მშვიდად აგრძელებს ჭამას. სწორედ ამ დროს ყველა უსიტყვოდ ხვდება რა იქნებოდა უპრიანი და   სასურველი აქტიც ხორციელდება,  ედვარდს საკუთარი ჩანგლით მოუღებენ ბოლოს. ამ სცენაში რეჟისორი სპეც ეფექტს იყენებს, რითაც პირის ღრუში გაჩრილი ჩანგალი მკვლელობის დამაჯერებელ იარაღად წარმოგვიდგება. მართალია სცენა ორიგინალობით გამოირჩევა და უხეში დამოკიდებულების სასურველ დემონსტრაციას ახდენს, მაგრამ  მგონია, რომ საბოლოო ჯამში ის ზედმეტად ტექნიკური ხასიათისაა. ლედი ანას მკვლელობის სცენის გარდა, რომელიც ყველაზე ფაქიზად გაკეთებული მკვლელობის სცენაა მთელ სპექტაკლში, თითქმის ყველა სხვა დანარჩენი,  თავისი  მრავალჯერ განმეორებული, პოლიეთილენის პარკით მსხვერპლთა დახრჩობით, გარდაცვლილთა თავზე, ადამიანის არარაობისა და მტვრად ქცევის შეუქცევადობის გამომხატველი  ტალკის ჰაერში გაფანტვით და სავსე ჭიქებიდან სისხლის კედელზე შესხმით ოდნავ კარიკატურულ იერს ატარებს და რა დასამალია, ღიმილის მომგვრელსაც.

 

„თავისუფალი თეატრის“ სცენაზე წარმოდგენილ ბარელიეფში სიღრმის დეფიციტზე ე.წ. „ფლეშბექის“ შეუძლებლობაც მეტყველებს.  აქ არ იგრძნობა, რომ ინტრიგების ხლართვის, ადამიანების მონუსხვის უნაკლო უნარ-ჩვევებისა და ნებისმიერი საშუალებით მიზნის მიღწევის მზაობის მიღმა, ხეიბარი რიჩარდის ბავშვობა დგას, რომლის ამ ქვეყნად გაჩენა დედასაც არ გახარებია. რიჩარდის დედა (თ.კორძაძე) ოდნავ  ჭკუიდან შემცდარ მოხუცებულს თამაშობს, რომელმაც თავისი გონებასუსტობა თავდაცვის იარაღად გამოიგონა. მას არ სურს გაიაზროს საყვარელი შვილების სიკვდილის ამბავი. მხოლოდ რიჩარდის საზარელი სახის და მისი წარმატების წინაშე ვეღარ იცავს თავს, ვეღარ ცხოვრობს ილუაზიაში. რიჩარდი ხომ მისი რჩეული არ იყო. პიესაში არსებული, დედის ხასიათის და ბუნების გასახსნელი ის ნიშანი, რომ მას უბრალოდ არ უყვარდა საკუთარი შვილი,  რიჩარდის დანაშაულებათა პირველად და ყველაზე ღრმა მიზეზადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.   ყელზე მარყუჟშემოხვეული იორკის ჰერცოგინია უსასტიკესად წყევლის შვილს, რომელსაც მარყუჟის მეორე ბოლო უჭირავს. თითოეულ სიტყვაზე ვიწროვდება მარყუჟი და თითქოს საკუთარი წყევლის, საკუთარი შვილის ხელით ან მიზეზით აღესრულება. მაგრამ თავისთავად საინტერესოდ მოფიქრებულ მიზანსცენაში არ იკითხება ის აშკარა მიზეზ-შედეგობრიობა რომელიც დედის სიყვარულის გარეშე გაზრდილ რიჩარდსა და მის შემდგომ მოღვაწეობას შორის არსებობს.  მითუმეტს, რომ რიჩარდი საკუთარ თავს დედის მსგავსად მიიჩნევს, და ლოგიკურადაც, შეუძლებელია  ანგელოზის ფრთის ქვეშ ურჩხული გამოზრდილიყო. ამიტომ მგონია, რომ დედის მხატვრული სახე მეტ გაშლასა და ამოცნობას მოითხოვს.   

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს პიესა ძალაუფლებისთვის მებრძოლთა თავზე წასაკითხ წყევლად გამოდგება, რომელიც შესანიშნავად განხორციელებული  მხატვრული სახის, მარგარეტის (ს. ჭულუხაძე)   წინასწარმეტყველებასავით აუცილებლად ახდება. თითქოს ეს დადგენილი სტრუქტურაა, თავისი დასაწყისით, განვითარებითა და დასასრულით. ერთგვარი სახემძღვანელოც მომავალი რიჩარდებისათვის, რომლებმაც შესაძლოა კარგად იციან საკუთარი არჩევანის ფასი, ზუსტად იციან, რომ თუ სამოთხეში ვერ შევლენ, ჯოჯოხეთში აუცილებლად შეგრიალდებიან!    რასაკვირველია, აქ არ არის საუბარი მორალსა და დიდაქტიკაზე, არც  შექსპირი წერდა იმაზე თუ როგორი არ უნდა ყოფილიყო მმართველი, მას ადამიანის  ასეთი შინაგანი კონსტიტუციის მდგომარეობა და დამანგრეველი შედეგები  აინტერესებდა. რას ნიშნავს, როდესაც საკუთარ თავში არაფერია აკრძალული, როდესაც სიკეთისა და ბოროტების კატეგორიები აღრეულია, როდესაც სამართლიანობა სუსტების მიერ ძლიერების შესაჩერებელ იარაღად არის მიჩნეული,  რას ნიშნავს, როდესაც ასეთი დაწყევლილი ხარ?!  ამ აზრებთან ერთად, მოულოდნელად სიბრალულის გრძნობა  ჩნდება  და  ფინალში როდესაც, სტურუას გრანდიოზული, ლამის კონტინენტური შეჯახების მსგავსი სცენის ნაცვლად, „თავისუფალი თეატრის“ სუსტად განათებულ სცენაზე მარტო დარჩენილ, დაბეჩავებულ, ცრემლმორეულ რიჩარდს ვხედავთ, ერთადერთი რაც ნერვებს გვიშლის სწორედ ეს, საიდანღაც  ჩვენში  გაჩენილი ადამიანური სიბრალულის გრძნობაა... თავისი თანმდევი კითხვით, შევიბრალოთ თუ არა რიჩარდი? თუ ამას ვერ შევძლებთ იმას მაინც მივხვდებით, რომ  საბოლოო ჯამში, ჩვენსა და რიჩარდს შორის განსხვავება მხოლოდ მასშტაბშია.

 

და კიდევ, მართალია ამჯერად  რეჟისორული კონცეფცია გახდა უმთავრესი განხილვის საბაბი, მაგრამ  სპექტაკლის ნახვამდე არანაკლებ ინტერესსა და მოლოდინს ამა თუ იმ როლში უკვე ცნობილი სახეების და უბრალოდ  ჩვენი მეგობრების ნახვა იწვევდა. საბედნიეროდ, მიღებულ შედეგთან დაკავშირებით მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, „თავისუფალ თეატრს“ ყავს ძლიერი სამსახიობო ანსამბლი, რომელთაც ამ სპექტაკლით  აჩვენეს, რომ ნებისმიერი სირთულის ამოცანას შეუძლიათ თავი გაართვან. შეუძლიათ გამოიწვიონ ინტერესი და რაც ყველაზე სასურველია, შექმნან და დაამკვიდრონ თავიანთი სტილი, რაც ვიმედოვნებ, რომ ჯერ კიდევ წინ არის!

                                                                                              


უკან დაბრუნება