Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > ჩვენ გველის დიდება!
ჩვენ გველის დიდება!

ჩვენ გველის დიდება!


30-10-2014, 04:27

ბოლო რამდენიმე წელია შემოდგომის თბილისი ხელოვნების საფესტივალო ბუმშია გახვეული. თეატრალური სეზონის გახსნას წინ უსწრებს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, მას მოსდევს  „საჩუქარი“ და თეატრალებისა თუ უბრალო მაყურებლისათის შესაშურად მდიდარია არჩევანი. პარალელურად ყველა მოქმედი თეატრალური დასი ხსნის ახალ სეზონს, რასაც თან ახლავს პრემიერები.  27 ოქტომბერს, ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში რეჟისორ მანანა ბერიკაშვილის სპექტაკლზე მიგვიწვიეს. რეჟისორმა ქრისტოფერ გორის პიესის "ჩვენ გველის დიდება" საკუთარი თარგმანი და ინსცენირება შემოგვთავაზა. უნდა აღინიშნოს, რომ გასული სეზონი განსაკუთრებულად პროდუქტიული იყო მოზარდმაყურებელთა თეატრისთვის, ცხადია, რაოდენობა ყოველთვის მაღალი ხარისხის პირდაპირპროპორციული არ არის და მაინც, აღნიშვნისა და დაფასების ღირსია თეატრის დასისა და ადმინისტრაციის მონდომება.  პრიმიტიულია დამოკიდებულება, თითქოს მოზარდმაყურებელთა თეატრი მხოლოდ ბავშვებისა და ე.წ. „თინეიჯერებისათვის“ არის გათვლილი, თეატრის რეპერტუარში გვხვდება სპექტაკლები, რომელიც ნებისმიერ ასაკობრივ სეგმენტს შეიძლება შესთავაზო, მაგრამ კონცეფცია, რომელიც თეატრის სახელწოდებაშივეა გაცხადებული უდავოდ დომინანტია. შესაბამისად, ეს არის თეატრი, რომელიც ყველაზე მგრძნობიარე, კრიტიკულ, რთულად მოსახიბლ მაყურებელზე აკეთებს აქცენტს.  თაობა, რომელიც არ არის დატვირთული წარსულის შთაბეჭდილებებით, რომელიც ძირითადად სიახლესა და ნოვაციას ელის და თვით წარსულიც მისთვის მხოლოდ თანამედროვეობის პრიზმაშია საინტერესო, ვისთვისაც არ არსებობს ჩაკეტილი სივრცე და განუზომლაად დიდია ნებისმიერ ინფორმაციაზე წვდომის უნარი, უდიდესი გამოწვევის წინაშე აყენებს თეატრს.

ტექნოგენური კულტურის ეპოქაში, სადაც ვირტუალური სივრცე უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს ადამიანებს, ხშირად ჩნდება კითხვა, შეძლებს ხელოვნების ისეთი დარგი როგორიც თეატრია იყოს აქტუალური და საინტერესო. ხოლო თუ, ხელოვნება მომავალი თაობისათვის უინტერესო იქნება, ის უბრალოდ შეწყვეტს არსებობას. „აიპადების“, „აითაჩების“, „აიფონების“ გათიშვა, რომ აიძულო ადამიანებს, რომ შეძლო და ცოტა ხნით მაინც ვირტუალური არეალი სცენით ჩაანაცვლო, დამეთანხმებით უდიდესი ძალისხმევაა საჭირო. და თუ უკვე  ჩამოყალიბებული და თეატრზე შეყვარებული მაყურებლისათვის ეს შინაგანი მოთხოვნილების, ან გნებავთ ეთიკის საკითხია, მოზარდთან მიმართებაში საქმე გაცილებით რთულდება. ერთადერთი და ყველაზე სწორი გზა მათი დაინტერესებაა.

ამდენად თეატრი, რომელიც ბავშვსა და მოზარდს ელის და პირველ რიგში მათთვის ქმნის სპექტაკლს ზედმიწევნითი სიზუსტით უნდა იცნობდეს ყველა იმ ინტერესთა სფეროს, რომლითაც დღეს ცხოვრობს თანამედროვეობა, რადგან არავის შეიძლება ესმოდეს უფრო უკეთ თანამედროვე ეპოქა, ვიდრე ბავშვს, მოზარდს, რომელიც თავად არის ამ ეპოქის შემოქმედი.

მანანა ბერიკაშვილის სპექტაკლი-„ჩვენ გველის დიდება“ მისი ფორმითა და შინაარსით ვთვლი რომ სწორედ იმ თაობას მოხიბლავს ყველაზე მეტად, რომელიც ხშირად კარგავს ზღვარს კულტურასა და მასკულტურას შორის და არა უბრალოდ მოხიბლავს, არამედ მისცემს შესაძლებლობას რეალური წყალგამყოფი აღმოაჩინოს,არა დაძალებით, არა მითითებით, მშობლისა თუ მასწავლებლის რჩევით, არამედ სცენაზე შექმნილი დღესასწაულით. ეს არის სპექტაკლი, სადაც მარტივი, ახალგაზრდებისათვის ძალიან ორგანული ენით უკიდურესად მტკივნეული თემები  იშლება და იქვე ჩნდება მათი გადაწყვეტის გზებიც.

სცენის სიღრმეში გამჭვირვალე კარია, რომელიც ხელოვნების სკოლასა და მის მიღმა არსებულ სამყაროს ჰყოფს ერთმანეთისგან, მთავარი სამოქმედო არეალი ასევე გამჭვირვალე პოდიუმის მაგვარი სცენაა და ის უთუოდ მოგვაგონებს სატელევიზიო შოუების ესთეტიკას. ამ ალუზიურ დეტალს სცენოგრაფიაში აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა. ხელოვნების სკოლა ახალ მოსწავლეებს უტარებს გამოცდას, მათ შორის ზოგი კარგად მღერის, ზოგს მხოლოდ ცეკვა აინტერესებს და ზოგიერთი სულაც საზღვაო აკადემიიდანაა მოსული, მაგრამ არსებობს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მახასიათებელი, რაც  აერთიანებთ-მსახიობობის სურვილი, რომელიც მათ წარმოდგენაში მხოლოდ დიდებისა და პოპულარობის სასიამოვნო შეგრძნებად აღიქმება.

ძალიან მალე მათი ახალგაზრდული ჟინი, რომანტიზმი და ინფანტილური კატეგორიულობა იმედგაცრუებით გამუქდება. ყვველა ცალცალკე და ერთად მიხვდება, რომ ხშირად სურვილსა და შესაძლებლობას შორის იმდენად დიდია მანძილი, რომ მისი გადალახვა ადამიანურ უნარებს აღემატება. გარდა ამისა, მათ ხელოვნების სკოლაში მოსვლამდე გავლილი ცხოვრება ხშირად ახსენებთ თავს, ყველა მათგანის უკან ოჯახია, მძიმე და მტკივნეულია მათი მოგონებები ოჯახზე, მშობლებზე და მათთან ურთიეთობაზე. თუ მოსწავლეთა უმრავლესობა ხელოვნების სკოლაში მაინც ახერხებს იზოლირებას საკუთარი მშობლებისაგან, დორის ბინსიქერი დედის მომაბეზრებელ მზრუნველობას ვერც აქ აღწევს თავს. რეჟისორი წარმოგვიდგენს კონფლიქტს, რომელიც სწორედ გადაჭარბებული მზრუნველობის გამო ყალიბდება მშობელსა და შვილს შორის. დედა ცდილობს ყველა დაარწმუნოს საკუთარი შვილის ნიჭიერებაში, უკვე სკოლაში მიღების შემდეგ ყოველდღე ზრუნავს მის კვებით რაციონზე, ერთი შეხედვით გაგიჟებული დედის კლასიკური მაგალითია, მაგრამ ძალიან საინტერესოა ამ ურთიერთობის კულმინაცია, როცა მზრუნველი დედა ფაქტობრივად მოძალადედ იქცევა და ჩათვლის რომ განუზომელი უფლებები აქვს საკუთარ ქალიშვილზე  და ქალი რომელიც თითქოს მზად იყო ყველაფერი გაეღო და დაეთმო საკუთარი შვილის უკეთესი მომავლისათვის ართმევს მას ყველაზე მთავარს არჩევანის თავისუფლებას. დორისის დედას მსახიობი ნათია კუპატაძე განასახიერებს. ის ქმნის ძალიან საინტერესო სახასიათო როლს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი გარდასახვა, როცა უკვე მაყურებლის წინაშე მოძალადე დედის სახე სიმბოლოს წარმოგვიდგენს. დორის ბინსიქერი ახალგაზრდა მსახიობი ანო მაისურაძეა, რომლის ვოკალური მონაცემები გაცილებით აღემატება სამსახიობო შესაძლებლობებს. მის მიერ შესრულებული კარმენის პოპულარული პარტია, გულწრფელი აღტაცების მომგვრელია.

ჩვენ გველის დიდება!

განსაკუთრებით საინტერესოა მომავალი მსახიობებისა და მათი რეჟისორის (დავით როსტომაშვილი) ურთიერთობა, ის მათთვის ცხოვრების მასწავლებლად იქცევა. მისთვის უკვე განვლილი ეტაპია, აღტაცებული ამბიცია და ვნებათაღელვა რაც მოსწავლეებს ამოძრავებთ და დაუსრულებლად ცდილობს  მათ დაბრუნებას და დაშვებას მიწაზე, ზოგჯერ ეს მტკივნეულია, სხვა შემთხვევაში შეიძლება ნაკლებად, მაგრამ მთავარი მაინც საზრისია, ცხოვრების საზრისი, რომელსაც ყველა მათგანი აღმოაჩენს და რაშიც სწორედ რეჟისორს მიუძღვის განუზომლად დიდი წვლილი. ის ხელოვნების სკოლის კართან, რომლის იქითაც სისასტიქითა და ძალადობით სავსე სამყაროა თითქოს წინ გადაუდგება, არ გაუშვებს და უკან შემოაბრუნებს მომავალ მსახიობებს და უჩვენებს მათ, რომ მთავარი ამ სცენაზე აქ და ამ წუთას დგომაა, მთავარი იმის კეთებაა რის გარეშეც არსებობა არ შეგიძლია, მოგიტანს თუ არა ეს დიდებას უკვე მეორე ხარისხოვანია, თუკი მართლა გინდა შეუძლებელი არაფერია და უნდა იბრძოლო. იბრძოლო და გაუძლო იმედგაცრუებას, ოცნებების მსხვრევას და ტკივილს, რომელიც ამ ბრძოლას ახლავს თან.

  მინდა გამოვყო სცენა, როცა ერთ-ერთ მოსწავლეს გამჭვირვალე ყუთში ძალით ჩააწვენენ და თოკებით გაყავთ სცენიდან, რეჟისორი თითქოს თავად მოსწავლეების ხელით ასამარებს მათსავე ოცნებებს და ეს გამჭვირვალე ყუთიც ალეგორიულად მიცვალებულის სასახლეს მოგვაგონებს, ამ სცენას წინ უსწრებს რალფ გარსიას დრამატული მონოლოგი, სადაც ის საკუთარ წარსულსა და აწმყოს შორის გაბმულ ბეწვის ხიდს გადის და თვითგამორკვევას ცდილობს.მისი ქმედება და ტექსტი საინტერესო სინთეზია ერთის მხრივ დანიის პრინცისა და მეორეს მხრივ ვენეციელი მხედართმთავრის ერთგვარი შერწყმა, ტკივილისა და პრობლემის სიმბოლიზებული თანხვედრა. ნიკა ნანიტაშვილის პერსონაჟი აღძრავს მაყურებელში თანაგანცდას. ახალგაზრდული ინფანტილიზმისა და  მტკივნეულ იმედგაცრუებით  გამოწვეულ ნიჰილიზმს განასახიერებს მსახიობი, რაც უდაოდ გამოსდის.

ვფიქრობ თემა, რომელსაც რეჟისორი მ.ბერიკაშვილი წარმოგვიდგენს, იყო არის და იქნება აქტუალური, მთავრი ამ შემთხვევაში გამომსახველობითი ფორმები და ის საურთიერთობო ენაა რომელსაც რეჟისორი ირჩევს. გაცილებით ადვილია პრობლემის გააზრებაში დაეხმარო ადამიანს მაშინ, როცა კომუნიკაციის საშუალებად მისთვის გასაგებ ენას ირჩევ. ეს არის სპექტაკლი-მუზიკლი, სადაც ბევრია შოუს ელემენტი, სიმღერა, ცეკვა, რაც სიმსუბუქეს და დინამიურობას სძენს წარმოდგენას და შესაბამისად  საინტერესო და იოლად აღსაქმელი იქნება ბავშვებისა და მოზარდებისათვის, ხოლო მეორეს მხრივ პრობლემა რომელზედაც სპექტაკლია აგებული გარკვეულ კითხვის ნიშნებს დაბადებს მათში და იქნებ გამოსავლისა და ძიების პროცესშიც აღმოჩნდეს დამხმარე.

სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის. აკომპანიმენტი ხშირად ჩრდილავდა მსახიობთა ვოკალურ შესაძლებლობებს, სიმღერის ტექსტი უმეტესად მაყურებლამდე ვერ აღწევდა, რაც თითქოს გარკვეულ ტექნიკურ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ბარბარა სტრეიზანდისა და ლაიზა მინელის მუსიკალური თემები(თუნდაც ძალიან მცირე ეპიზოდებში) იმ თაობის მაყურებლისათვის, რომელსაც აბოლუტურად განსხვავებული მუსიკალური გემოვნება აქვს მსუბუქად რომ ვთქვათ გაუგებარი შეიძლება დარჩეს, როგორც სჩანს რეჟისორი საკუთარი ახალგაზრდობის დროინდელ პოპ-დივებს ვერ შეელია, ან იქნებ სცადა გარკვეული ეკლექტიკა შემოეტანა წარმოდგენაში. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორმა შეძლო წარმოდგენის მთელი კონცეფცია მოზარდი თაობისათვის ყველაზე ორგანული და მარტივი ენით აეხსნა.ჩვენ გველის დიდება!

სპექტაკლის  ქორეოგრაფია არჩილ სოლოღაშვილი. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ტანგო, სადაც აქცენტირებულია არა უშუალოდ ქორეოგრაფიული მხარე, არამედ ის საკვანძო და მტკივნეული თემები, რომელსაც წარმოდგენაში ვხვდებით და ცხადია, ამ ყველაფრის ცეკვით, როგორც გამომსახველობითი ფორმით წარმოჩენა კიდევ უფრო მეტ ექსპრესიას სძენს სცენას.

ზოგადად პრემიერის თამაში უდიდეს მღელვარებას იწვევს, თუნდაც ძალიან გამოცდილ სამსახიობო შემადგენლობაშიც და ცხადია, ახალგაზრდა და ნაკლები გამოცდილების მქონე არტისტებისათვის კიდევ უფრო რთულია ამ ბარიერის გადალახვა. სამსახიობო შესრულების მანერას ეს მღელვარება აშკარად ეტყობოდა. მსახიობები რიგ შემთხვევებში კარგავდნენ დამაჯერებლობას, თუმცა აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი რომ უდიდესი შრომა იგრძნობა მათ ნამუშევარში. გარდა ამისა, მინდა გამოვყო ნინო ლეჟავას, სოფიო ებრალიძისა და ნინო ანდრიაძის პერსონაჟები. ისინი ხელოვნების სკოლის პედაგოგებს განასახიერებენ. ამ შემთხვევაში, ხედავ თუ როგორ ზუსტად იცის მსახიობმა საკუთარი პროფესიის უმნიშვნელოვანესი დეტალებიც კი და ქმნის როლს გააზრებული დამოკიდებულებით, იცის როდის, როგორ და რატომ უნდა გააკეთოს, ალბათ ეს უკვე წმინდა პროფესიული მიდგომაა საქმისადმი, რაც თავისთავად, ცხადია, ნიჭთან ერთად გამოცდილებასაც მოაქვს.

დასასრულს, მინდა ვუსურვო წარმატება მოზარდმაყურებელთა თეატრს და მაყურებელს ვურჩევ ნახოს სპექტაკლი, რომელიც დიდებას თუ არა, სიამოვნებას ნამდვილად მოგიტანთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


უკან დაბრუნება