Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
"წიგნები ხომ საწვავი არ არის?!"
"წიგნები ხომ საწვავი არ არის?!"20-11-2014, 13:39 |
ამიელი ნოტომი ის დრამატურგია, რომელსაც უკვე იცნობს ქართველი საზოგადოება, რუსთაველის თეატრის სპექტაკლიდან "მტრის ნიღაბი". ამჯერად კი ახალგაზრდა რეჟისორი თათა პოპიაშვილი მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე წარმოგვიდგენს ნოტომის "საწვავს". ომის პერიოდი, პროფესორის სახლში დაბინავებული სტუდენტი დანიელი, მისი შეყვარებული მარინა და თვითონ პროფესორი - ეს ის სამი პერსონაჟია, რომლებიც კრავენ "სასიყვარულო სამკუთხედს" და პიესის სიუჟეტს საინტერესოდ ავითარებენ: პროფესორი, რომელიც მარტოდმარტო ცხოვრობდა, მოულოდნელად თავისი ორი სტუდენტის მასპინძელი ხდება. სტუდენტები - მარინა და დანიელი შეყვარებულები არიან და თითქოს მათ სიყვარულს არაფერი უნდა დაემუქროს, მაგრამ სპექტაკლი სწორედ იმაზეა აგებული, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. პროფესორის როლის შემსრულებელი ყველასათვის ცნობილი მიშა გომიაშვილია. სპექტაკლი ყოველთვის წარმატების მოლოდინს ქმნის, როდესაც ასეთი რანგის მსახიობი თამაშობს. ბატონი მიშას თითოეული მიმიკა, მოძრაობა, მეტყველების მანერა და, რაც მთავარია, თვალები, მისი პერსონაჟის ტრაგედიას რომ მოგვითხრობენ - შესანიშნავია. პირველივე წუთიდან იგი შემოდის თუ არა ჩაბნელებულ სცენაზე, ლამპით ხელში, მაყურებელი გრძნობს სიტუაციის სიმძიმეს, ვითარების სირთულეს. იგი 50 წელს გადაცილებულ, დინჯ, გაწონასწორებულ, სევდიან და ამავდროულად იუმორის გრძნობით აღსავსე, საინტერესო ცხოვრების მოყვარულ ადამიანად გვევლინება. მას თავისუფლად შეუძლია დაუმტკიცოს ყველას, თუ როგორი უვარგისია, მაგალითად, ბლატეკის "ობსერვატორიის მეჯლისი", მაგრამ ამ წიგნს იგი ძნელად თუ გაიმეტებდა ცეცხლისთვის. მსახიობი გვიქმნის ილუზიას, რომ ცივ ღუმელთან იგი ხელებს ითბობს. გაყინული პრინციპულად არ იცვამს პალტოს, რადგან პალტოს ჩაცმა სახლში მიუღებელია: "თუ ჩავიცვამ, თავს დამარცხებულად ვიგრძნობ". მსახიობი ახორციელებს მკაცრ პროფესორს, ამავე დროს მოთამაშე ბავშვს, მგზნებარე კაცსა და მარტოსულ ადამიანს. პროფესორისთვის არცთუ ისე ადვილია, დაწვეს მარინასთან, თავის სტუდენტთან, რომელიც დანიელს უყვარს, იგი ყოველანაირად ცდილობს, თავი აარიდოს ახალგაზრდასა და ვნებიან ქალიშვილს, რომელიც გასაქანს არ აძლევს მას. საინტერესოა როგორ იცვლება მას შემდეგ პროფესორი, რაც თავის სტუდენტთან სასიყვარულო ურთიერთობას დაამყარებს: მისი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ უფრო აგდებული ხდება, თითქოს გაახალგაზრდავებული ყინვაში ჟაკეტგახდილი და ღილებშეხსნილი ძალიან თავისუფლად დაბრძანდება და ერთხელაც იღებს ვაშლს, ჭრის, ჯერ თვითონ მიირთმევს, შემდეგ მარინას აჭმევს და ბოლოს დანიელსაც კი სთავაზობს, რომელიც უარს ეუბნება. სემიოტიკურად ამის გაგება მარტივია, რადგან ვიცით ედემის ბაღის ცოდვა და მასთან დაკავშირებული სიმბოლოები. აქ საყურადღებო სხვა რამ არის, იქ ქალმა აცდუნა მამაკაცი, აქ კი ვაშლს პროფესორი აწვდის მარინას, რითაც ხაზგასმულია ცოდვის ორმხრივობა, რაც შეეხება დანიელს, რომელიც უარს ამბობს საცდურზე, უცოდველი რჩება. მრავლისმომცველია ბოლო სცენა, როდესაც მიშა გომიაშვილის გმირი სრულიად ურეაქციოდ უყურებს ძალადობას - გავეშებული ყმაწვილის მცდელობას, გააუპატიუროს მარინა, თუმცა იგი მაინც ვერ გაიმეტებს საყვარელ ქალს ამისთვის, ვერ შეურაცხყოფს მას. პროფესორის ცინიზმი კი მწვერვალს აღწევს, როცა იგი დამცინავად ეკითხება დანიელს, გახდა თუ არა ის რამეს ქალთან. რა ვუყოთ მერე, ომია და ყველაფერი დასაშვებია, ყველაფერი გამართლებულია. ამ სამკუთხედში ყველაზე სიმპათიური დანიელია. იგი დრამატურგსაც უყვარს და კეთილი თვისებებით ამკობს საკუთარ პერსონაჟს, რომელსაც ადეკვატურად ასახიერებს მსახიობი კოკო როინიშვილი: ბუნებრივი და გულმართალი, ოპტიმიზმით აღსავსე ახალგაზრდა, აღფრთოვანებული თავისი პროფესორით. მათ ინტერესთა საერთო სფერო აქვთ - წიგნები, წიგნები და კვლავ წიგნები. მორიდებული დანიელი თანდათან უთამამდება პროფესორს, ჯერ სიგარეტს გამოართმევს, შემდეგ ვისკისაც დალევს მასთან. ცდილობს, რომ არ ჩამორჩეს მას და როგორც ახალგაზრდებს სჩვევიათ, კიდევაც გაუთანაბრდეს უფროსს. ამ მეგობრობის გამო ბავშვური ეიფორიითა და აჟიტირებით დანიელი ცდილობს ხელი მოაწერინოს პედაგოგს დაწინაურებაზე, მაგრამ უარის მიღებისთანავე ხელს ჩაიქნევს, შეწინააღმდეგების გარეშე ბედს შეეგუება. პროფესორი კი მენტორივით არიგებს: "ასეთი შემწყნარებელიც ნუ ხართ, იქნებ ამ ომმა ცოტა შეუწყნარებლობა გასწავლოთ". როგორც ხდება ხოლმე ცხოვრებაში, კეთილშობილი, თბილი და მოსიყვარულე დანიელი სიტუაციის მსხვერპლი აღმოჩნდება: ორი, მისთვის უსაყვარლესი ადამიანი დაუნდობლად უღალატებს მას და დაუმსახურებელ ტკივილსა და ტანჯვას მიაყენებს. რაც შეეხება ანა ქურთუბაძის პერსონაჟს - მარინა ყველაზე მძიმე და რთული გმირია ამ პიესაში. მას ეტრფის ორი კაცი, ის კი უარს არაფერზე ამბობს ოღონდ გათბეს, სწორედ ამ მიზნით პროფესორის სახლში მარტო დარჩენილი, პედაგოგის საძინებელში აღმოჩნდება. მძიმეა სცენა, როდესაც მარინა თავს იმართლებს საკუთარ თავთან, ის ხვდება, რომ დიდ ცოდვაში დგამს ფეხს, მაგრამ ვერ ერევა საკუთარ თავს: "რაც თქვენთან მოხდება ამას სიყვარულთან არაფერი საერთო არ აქვს... თქვენ კი არ გამომიყენებთ, მე გამოგიყენებთ!..". საძინებლიდან გამოსული ქალი ცივ შხაპს იღებს, მან სიცივე ღალატის ფასად დაამარცხა. პროფესორი წვავს ბოლო წიგნს, რაც ხდება მიზეზი იმისა, რომ ქალი მიდის სიკვდილზე, ის მიყვება დანიელს დიდ მოედანზე სასეირნოდ, რომელიც ყოველ წუთს იბომბება. თათა პოპიაშვილისა და ბარბარე ასლამაზიშვილის (მხატვარი) ერთობლივი ნამუშევარი საინტერესო აღმოჩნდა. იგრძნობა, მათი საერთო ხედვა. სცენოგრაფია უბრალო და დახვეწილია, უფუნქციოდ არცერთი ნივთი არ დევს. სპექტაკლის დაწყებამდე, სცენაზე განლაგებული რეკვიზიტებით მაყურებელი უკვე გრძნობს ეპოქას, იმ პერიოდის მდგომარეობას. იქ მისულს, მყუდრო და თბილი გარემო დამხვდა, სადაც სიღატაკისა და სიმდიდრის სუნი ერთად ტრიალებდა... "პროფესორი (ღუმელთან თბილად მოკალათებული ხითხითებს.): აი, ასე უნდა მოახერხო, რომ მარტოდმარტომ შეირგო მშვენიერი ცეცხლის სითბო! (ნეტარებით ამოიკვნესებს.) უკვე ნერვებს მიშლიდნენ ეს ახალგაზრდები. (ხურავს ღუმელის სარკმელს.) ამის შემდეგ ჯერ ერთ სკამს დავწვავ (ნელა ლაპარაკობს, თითქოს სიტყვებსაც ისე ეკონომიურად ხარჯავს, როგორც საწვავ მასალას.) მერე მეორეს. ბოლოს, როცა აღარაფერი დამრჩება დასაწვავი (თვალებს მაღლა აღაპყრობს ღვთიური ღიმილით.), დიდ მოედანზე იმ ორი გვამის მოსაძებნად გავეშურები და იმდენს ვისეირნებ, რამდენიც საჭირო იქნება." - ამელი ნოტომი "საწვავი".
უკან დაბრუნება |