Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
ლუკას სახარება ფსკერზე
ლუკას სახარება ფსკერზე22-11-2014, 01:57 |
მაქსიმ გორკის პიესას "ფსკერზე" არაფერი საერთო არ აქვს არც კომუნისტურ იდეალებთან და არც პროლეტარიატის დიქტატურასთან. საბჭოთა მწერლის, "სოციალისტური რეალიზმის" ფუძემდებლის, როგორც ძირითადად მოიხსენიებენ ხოლმე 1901/1902 წელს დაწერილმა ამ ნაწარმოებმა თავიდანვე მიიქცია ყურადღება და 1902 წელს დაიდგა კიდევაც მოსკოვის სამხატვრო თეატრში (რეჟისორები კ. სტანისლავსკი და ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკო). კ. სტანისლავსკის იმდენად მოეწონა პიესა, რომ თვითონ სატინის როლს თამაშობდა, რომელიც მიჩნეულია მის საუკეთესო შესრულებად. ამით მხოლოდ იმიტომ დავიწყე, რომ დავანგრიო ის სტერეოტიპი, რაც ამ მწერლის გარშემო არსებობს. და მართლაც სოციალურ-ფილოსოფიური დრამა "ფსკერზე" გამოირჩევა ხასიათთა მრავალფეროვნებით, სახასიათო როლებით, დრამატიზმით და რაც მთავარია სწორი დრამატურგიული აქცენტებით და სრულყოფილი სახეებით. მიუხედავად იმისა, რომ მწერალს არანაირი განათლება არ ჰქონდა მიღებული თავისი შემოქმედების პირველსავე ეტაპზე სვამს ფილოსოფიურ კითხვას იმაზე თუ რა არის ადამიანი, სად არის მისი ადგილი და რა არის არსებითი მისი ცხოვრების მანძილზე. კითხვა, რომელიც აწუხებს ყველა დროის მოღვაწესა თუ შემოქმედს, ამდენად დ. დოიაშვილის არჩევანი სულაც არაა გასაკვირი ჩემთვის. ნაწარმოებში ასახული პრობლემები და საკითხები ყველა ეპოქაში უცვლელია და თავისებური და თანამედროვე ინტერპრეტაციის საფუძველს იძლევა, მაგრამ სამწუხაროდ მათი გადაწყვეტა ძნელად მისაღწევია. მუსიკისა და დრამის თეატრი ხელახლა სვამს ამ კითხვებს და მართლაც რომ ჩაგვაფიქრებს თუ რა არის ადამიანი და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მას, ვინაიდან ადამიანი ადამიანისთვის არსებობს, ისევე როგორც თვით სამყაროც შექმნილია მხოლოდ მის საკეთილდღეოდ. რეჟისორმა და სცენოგრაფმა (გ. უსტიაშვილი) ზუსტად ის გარემო შექმნეს, სადაც ავტორისეულ პერსონაჟებს უნდა ეცხოვრათ - სარდაფი, რომელიც გამოქვაბულს გავს: ჭუჭყი, სიბნელე, სადაც შუქი მხოლოდ ზევიდან ეცემა. ეს მართლაც საზოგადოების ფსკერია და აქაა დაძირული შულერი, ქურდი, მეძავი და სხვა ჯურის "პარაზიტები", ნახევრადადამინები როგორებადაც ისინი ცხოვრებამ აქცია. თვით ამ ღამის გასათევის მეპატრონეებიც: ვასილისა კარპოვნა (ნ. ბუთხუზი) და მიხეილ ივანიჩ კოსტილევი (ზ. ჩიქობავა) ასევე საზოგადოების ფსკერზე არსებობენ, რომლებიც არანაირი მორალურ კანონებს არ ექვემდებარებიან, რომელთა სულებშიც არანაირი ზნეობრივი ფასეულებები არა შემორჩენილი და მთლიანობაში დამანგრეველ და გამანადგურებელ საწყისებს ატარებენ. რაც აქ ხდება სრულიად განცალკევებულია იმ საზოგადოებრივი ცხოვრებისგან, რაც ამ სარდაფს მიღმა ხდება. მ. გორკის რემარკას "კედლის გასწვრივ ფიცარნაგია" (ეწ. Нары) რეჟისორმა შესანიშნავი გადაწაყვეტა მოუნახა - სცენის მარჯვნივ და მარცხნივ გრძელი ხის სკამებია განლაგებული, სადაც სპექტაკლის მოქმედი პირები სხედან და თავის გამოსვლის წინ ჩვენთან ერთად იქ მიმდინერე მოვლენების მაყურებლებიც არიან. მოვლენები კი ელვის სისწრაფით იცვლება. სატინი (დ. ბეშიტაშვილი) -ყოფილი ინტელიგენტი, მსახიობი (კ. კინწურაშვილი)- როგორც სჩანს არც თუ ისეთი წარმატებული, ვასკა-პეპელი (თ. გოგრიჭიანი) - ქურდი, ნასტია (ნ. კალატოზიშვილი) - მეძავი, კლეშჩი (ა. ბეგალიშვილი), ანა ( ბ. გოგორიშვილი) ბარონი (ა. სოლოღაშვილი) ადრე საზოგადოების სხვადასხვა ფენას ეკუთვნოდნენ. ახლა კი მათ ერთი საერთო რამ აერთიანებთ - ცხოვრების მიმართ პასიური დამოკიდებულება. მათ არანაირი უნარი არ გააჩნიათ რაიმე შეცვალონ თავის ცხოვრებაში თუმცა დროდადრო ამის სურვილს მაინც ავლენენ. ანა (ბ. გოგორიშვილი) გამუდმებით მოთქვამს და სურს გამოჯანმრთელება, მსახიობი (კ. კინწურაშვილი) ცდილობს თავი დაანებოს დალევას, მაგრამ არაფერს აკეთებს ამისთვი. მხოლოდ გამუდმებით ცდილობს ლექსის დეკლამაციის დემონსტრირებას, რომელიც რასაკვირველია ალკოჰოლურ ბურანში სრულად დავიწყებული აქვს. პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთადერთი კლეშჩი გამოირჩევა იმით, რომ რაღაცის გაკეთებას ცდილობს, გამუდმებით აკაკუნებს, ხელოსნობს, რითაც ძალიან აბრაზებს კოროსტილოვს, მაგრამ ანას სიკვდილის შემდეგ ისიც ანებებს თავს საქმიანობას და სხვებთან ერთად ლოთობისა და ღრეობის მორევში გადაეშვება. პერსონაჟთა გასხვავებული წარმოშობა სპექტაკლში მათი ქცევებისა და საუბრის ტონის სხვადასხვაობითაა გამოხატული. მსახიობი სხვადასხვა ნაწარმოებების ამინარიდებით საუბრობს, სატინის ტექსტებში სჭარბობს პათეტიკა და უცხოენოვანი ტერმინოლოგია, ლუკას მშვიდი, წყნარი და გულისმაამებელი სიტყვები იმედს უსახავს ყველას. სპექტაკლის მოქმედი პირები გათენებისთანავე ერთად იკრიბებიან და დილის ვარჯიშის მსგავს პანტომიმას გაითამაშებენ. შემდეგ კი ჩვეულ, ყოველდღიურ "საქმეს" შეუდგებიან. ბარონი ბაზარში მიდის, ნასტინკა კითხულობს და თან ცხარე ცრემლებით ტირის, კლეშჩი გამუდმებით აკაკუნებს, კოსტილევი რომელიც მეორე სართულზე თბილად მოკალათებულა, ზევიდან დაჰყურებს ყველას, შენიშვნებს იძლევა და უპატრონო ძაღლებივით ორიდე ლუკმას გადმოუგდებს მათ. არავის სჯერა მსახიობის ავადმყოფობის და მისი "ორგანო-ორგანიზმის" მძიმე მდგომარეობის. სარდაფში პერსონაჟთა აყალმაყალის, აურზაურის ურთიერთდაპირისპირების გარემო სუფევს. ვასკა-პეპელის გამოჩენას ერთგვარი დისონანსი შემოაქვს თითქოსდა უკვე აწყობილი ყოველდღიურ ყოფაში. ყველა მიეჩვია რომ ვასილისა (ნ. ბუთხუზი) სცემს ნატაშას (ა.წერეთელი), ასევე ყველამ იცის ვასილისასა და ვასკას ურთიერთობა, არავის აღელვებს ანას კონვულსიები სიკვდილის წინ. არავის აწუხებს სხვების ცხოვრება, მათ შორის ყველანაირი კავშირი გაწყვეტილია და დროდადრო მხოლოდ არყის დალევა თუ აერთიანებთ, რომელიც ალკოჰოლური ღრეობით, ექსტაზითა და აყალმაყალით თავდება ხოლმე. მათ შორის კონფლიქტი იმითაცაა გამოწვეული, რომ ყოველ მათგანს საკუთარი თავი სხვაზე უკეთესი ჰგონია, თუმცა ასევე ხვდებიან, რომ ზედმეტნი არიან ამ ქვეყანაზე და მათი ცხოვრება უკვე დასრულდა. ვასკა-პეპელი (თ. გოგრიჭიანი) ამ ფსკერზე მცხოვრებთა შორის ყველაზე ძლიერია - "ქურდად ზის" ქვეშევრდომიც შეურჩევია - ბობროვი, რომელიც კვალში დაყვება და იმითაც ბედნიერია რომ "ვასკა აზის", მაგრამ ამ ჯურღმულის ნამდვილი მბრძანებელი ვასილისა კარპოვნაა (ნ. ბუთხუზი) თავის ბრძანებლური ტონით - "ადგათი (стоять!)", სიძულვილით, შურისძიებით და ეჭვიანობით გამსჭვალული. იგი ამ უსახური ბრბოს ნამდვილი გენერალია. დიდი ხანია ქმარს ღალატობს, მხოლოდ ერთი სისუსტე აქვს - ვასკა-პეპელი და მასთან ეს ვნებააღვსილი, სადო-მაზოხისტური სექსუალური სცენები უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს, თუმცა მშვენივრად ხვდება, რომ ვასკას თვალი ნატაშასკენ უჭირავს. დრამატურგი ცდილობს წინ წამოსწიოს ამ ყოფის ფილოსოფიური არსი - ადამიანის არსებობის სახით და ისმის კითხვა - რა უფრო სასარგებლოა - რეალური ცხოვრების სიმართლე თუ დამამშვიდებელი ტყუილი. და სწორედ აქ ჩნდება ლუკა - მოხუცი (გ. გველესიანი), რომელიც ანგელოზივით (კოსტუმების მხატვარი ა. მოსიძე) მოევლინება ამ სარდაფში მცხოვრებლებს და თავისი დამამშვიდებელი ტყუილითა და კეთილშობილური რჩევებით ზოგს იმედს ჩაუსახავს, ზოგს გზას ასწავლის, ზოგიერთს კი პირიქით კიდევ უფრო დაუმძიმებს ცხოვრებას. მისი გამოჩენით ღრმავდება კონფლიქტი სიმართლესა და ტყუილს შორის. გამუდმებითი ზრუნვა ყველა მათგანზე, ტყუილი შეპირებების ასრულება და ლამაზად დახატული მომავალი არც ერთ მათგანს არ უწერია. უფრო მეტიც, ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი მსახიობისთვის ლუკას მიერ მოთხრობილი ისტორია "უბიწო მიწის" შესახებ მას თვითმკვლელობის ნაბიჯს გადაადგმევინებს. ლუკამ იცის რას ნიშნავს სიმართლე და რწმენა- ესაა იმედი და უკეთესობისკენ ლტოლვა. უბრალო კეთილი სიტყვაც, რომელიც ამ რწმენას ჩასახავს და განამტკიცებს ადამიანისთვის ცხოვრების საყრდენი შეიძლება გახდეს. ამიტომაც ურიგებს ლუკა თავის კეთილ სიტყვას მარჯვნივ და მარცხნივ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს რწმენა დიდი ხანია დაკარგეს: მსახიობს, ანას, ვასკას და ნატაშას, ნასტიას და არა ვასილისას და კოსტილევს ან სატინსა და ბარონს. ვასილისასა და კოსტილევისთვის ლუკა სრულიად ზედმეტია. იგი შეგნებულად ხელს უშლის მათი იდეების განხორციელებას, რომელთაც არაფრად არ სჭირდებათ ლუკას ფილოსოფია. ისინი უფრო ჭკვიანები არიან. მშვენივრად ხვდებიან, რომ ლუკა ტყუის, ტყუის თანაგრძნობისთვის ადამიანის სიყვარულით. ლუკას წასვლის შემდეგ თავს იჩენს საყოველთაო კამათი, სადაც სატინი ( დ. ბეშიტაშვილი) ქადაგებს "ტყუილი - მონების და მათი მეპატრონეების რელიგია... სიმართლე - თავისუფალი ადამიანის ღმერთი", თუმცა სატინის სიტყვები ეს მხოლოდ მისი მონოლოგია, მისი ფილოსოფია. იგი არავის არ მიმართავს, ვინაიდან მშვენივრად იცის რომ "ადამიანი უფრო მაღლა დგას ვიდრე ღორმუცელობა", რომ "ადამიანი უკეთესისთვისაა შექმნილი" - მაგრამ ეს ყველაფერი აქ მაცხოვრებელთა გასაგონად არაა ნათქვამი. ეს მაცხოვრებლები მხოლოდ ლუკასკენ მიილტვიან - მისი მარტივი ლოგიკა და მისი სიტყვა სასწაულმოქმედია მათი სულებისათვის. სასიკვდილოდ განწირულმა ანამ პირველად იგრძნო თბილი სიტყვა, ყურადღებით უსმენს ლუკას, რომელმაც დაარწმუნა რომ იქ, იმ ქვეყანაში უკვე აღარ მოუწევს ტანჯვა, ამიტომაც კვდება მშვიდად. ნასტიაც უჯერებს ლუკას, რომელმაც ახალი სათამაშო აჩუქა, რათა ისევ ილუზიებით იცხოვროს, როგორც აქამდე ცხოვრობდა, ილუზიებით, რომელიც კვებავდა მის არსს. ვასკა-პეპელს და ნატაშას იმედს უღვივებს რომ იქ, ციმბირში, სადაც არავინ იცნობს ახალ ცხოვრებას დაიწყებენ, მსახიობს კი უფასო სამკურნალოს გზას ასწავლის სადაც ალკოჰოლიზმისგან განკურნავენ, მაგრამ ლუკას შეპირებულ კეთილ მომავალს აღსრულება არ უწერია, ამიტომაც ასე უცნაურად სტოვებს ამ სარდაფს, ისევე როგორც უცნაურად მოევლინა. ადამიანთა გადასარჩენმა ტყუილმა ვერავინ ვერ იხსნა. აქ მიმდინარე დრამატულ მოვლენებს თავისი განვითარება აქვს და ლუკას მცდელობაც შედეგს ვერ იწვევს. დავით დოიაშვილი არ ღალატობს თავის რეჟისორულ სტილს, როგორც თავის წინა ნამუშევრებში, მან ამჯერადაც შექმნა შესანიშნავი სინთეტიური, მსახიობური სპექტაკლი, მდიდარი და გააზრებული სცენოგრაფიით (მხატვარი გ. უსტიაშვილი), ზონგებით, გამომსახველი და მძაფრი მუსიკით (კომპოზიტორი ნ. რაჭველი), პლასტიკით (ქორეოგრაფი კ. ფურცელაძე) და განათების უზადო ტექნოლოგიით (ი. ნადირაშვილი). განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს მსახიობთა ანსამბლური თამაში: მიხეილ ივანიჩ კოსტილევი (ზ. ჩიქობავა) - მშიშარა, ფარისეველი, ბოროტი, და ისტერიული მეპატრონე, ვასილისა კარპოვნა (ნ. ბუთხუზი) - ყოველგვარ მორალურ კანონებს მოკლებული, ხარბი, უზნეო დედაკაცი, მაგრამ ძლიერი და მიზანდასახული, რომელიც ყველა პირობებეში თავის სასარგებლოდ შემოატრიალებს ყოველივეს, ნატაშა (ა. წერეთელი) - ვასილისას მიერ დაჩაგრული, კოსტილევის მიერ შეცდენილი, ნერვიული და ტანჯული, ბუბნოვი (შ. მირიანაშვილი) - მლიქვნელი და ფარისეველი, ვასკა-პეპელი (თ. გოგრიჭიანი) - ქურდი, მკვლელი, უნებისყოფო, ოცნებობს ნატაშასთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყებას, ნასტია (ნ. კალატოზიშვილი) - მეძავი, რომანტიკოსი, ცხოვრობს რომანებით, ოცნებობს სუფთა და ამაღლებულ სიყვარულზე, ბარონი ( ა. სოლოღაშვილი) - ამპარტავანი, არ რეაგირებს სარდაფის მაცხოვრებელთა თავდასხმებზე, მშიშარა, ოცნებობს არისტოკრატიული მდგომარეობის დაბრუნებაზე, სატინი (დ. ბეშიტაშვილი) - ნასამართლევი მკვლელობის გამო, მოფილოსოფოსო, საკუთარ თეორიებში შეყვარებული, ლუკა (გ. გველესიანი) - უცნობი წარმოშობის, ცდილობს ყველას შველას, კეთილი სიტყვით და საქმით, თუმცა უშედეგოდ, მსახიობი (კ. კინწურაშვილი) - ნევრასტენიკი, ალკოჰოლიზმით დაავადებული, აქვს სურვილი გამოჯანმრთელდეს და დაუბრუნდეს სამსახიობო კარიერას, ალეშკა ( გ. ქარსელაძე) - ყოველთვის მთვრალი, კარგ ხასიათზე, თითქოს არაფერი აწუხებს, უნდა მხოლოდ მზე და სითბო, კლეშჩი (ა. ბეგალიშვილი) - ცდილობს კეთილსინდისიერი შრომით დაუბრუნდეს "ნორმალურ" ცხოვრებას, ანას, ცოლის ტრაგედია სულაც არ აწუხებს, მაგრამ ვერაფერს ვერ აღწევს და ლოთდება სხვებთან ერთად, ანა (ბ. გოგორიშვილი) - ცხოვრებისგან დაღლილი და გაწამებული, მომაკვდავი, ყველა თანაუგრძნობს, განსაკუთრებით მსახიობი, საკუთარი მეუღლის გარდა. რეჟისორი დ. დოიაშვილი სპექტაკლში ცალკ-ცალკე გამოყოფს პერსონაჟთა შორის არსებულ სხვადასხვა კონფლიქტს: ვასკა-პეპელი და ვასილისა, ნატაშა და კოსტილევი, ბარონი და ნასტია, კლეშჩი და ანა. ჩვენს წინაშეა ბუბნოვის, მსახიობის, სატინის ტრაგიკული ისტორიები, რომლებიც ცალკ-ცალკე და ყველა ერთდროულად მიმდინარეობს, თუმცა ერთ საერთო კონფლიქტად ვერ იქცევა და არც დრამატურგი ისახავდა მათ გაერთიანებას. რეჟისორისა და სცენოგრაფის მიერ შექმნილი კლეშჩის სიზმარში დაჭერილი თევზი - ზოგად საყოველთაო ოცნება - ამ პერსონაჟებს დროებით ერთად აერთიანებს, მაგრამ სამწუხაროდ სპექტაკლის ბოლოს ამ ოცნებისგან მათ მხოლოდ გამოშიგნული თევზის ხერხემალი და მოგლეჯილი თავი შემორჩებათ. დაიმსხვრა ამ ადამიანთა ოცნება თავისუფლებაზე, განთავისუფლებაზე, ახალი ცხოვრების დაწყებაზე. ანა კვდება, ნასტიას ფეხმძიმობაც ტყუილი აღმოჩნდა. ყველა (მსახიობის გარდა) ისევ აქ რჩება, მაგრამ ახლა მათ ახალი მბრძანებელი - მედვედევი (ტ. ჩახუნაშვილი) და კვაშნია (ე. დემეტრაძე) მოევლინებათ.
უკან დაბრუნება |