Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > ანტივირუსი სახელად “ბეჩავი“
ანტივირუსი სახელად “ბეჩავი“

ანტივირუსი სახელად “ბეჩავი“


23-02-2015, 10:13

 

საუკუნეების განმავლობაში თეატრი სხვადასხვა დანიშნულებას ატარებდა.  რიტუალური საწყისებიდან უმაღლეს ესთეტიკურ კატეგორიამდე. საქართველოში 90-იანი წლებიდან თეატრის თერაპიული მნიშვნელობა გახდა აქტუალური. 90-იანი წლების ბესთსელერი, რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას მიერ განხორციელებული სპექტაკლი, ლ. თაბუკაშვილის „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“, სწორედ ამ ნიშნით იყო განსაზღვრული. როგორც პრესა წერდა სპექტაკლი სულ რამდენიმე თვის განმავლობაში 37 000 ადამიანმა ნახა. ახლად ომგამოვლილი, დამარცხებული ქვეყანა მონუსხულივით უყურებდა ცხოვრებიდან სცენაზე გადატანილ ამბავს მებრძოლი ბიჭების შესახებ და სულგანაბული ელოდებოდა ჰეფიენდს. დღემდე გვახსოვს „ბალადა“  ინდიელ ბელადზე, მსახიობების მიერ სცენიდან ნათქვამი სკაბრეზული ფრაზები, იმ დროს რომ ყურს სჭრიდა და  მაყურებელს ტრანსში აგდებდა. „ნაკოლკები ყელამდე, განდონები ფერადი“ - ასე ღჟერდა სინამდვილე.                                                                                                                                                                                                                                                    

ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ „ბეჩავი“ მოულოდნელი არ ყოფილა. ის აგრძელებს თერაპიული თეატრის პრაქტიკას საქართველოში.  გარდა ამისა აგრძელებს და მეტად ამკვეთრებს  „სამეფო უბნის თეატრის“ ახალი ტალღის გავრცელების მიმართულებას. რამდენიმე წელია ამ თეატრიდან სრულიად არაკონსერვატიული, რადიკალურად განწყობილი, ღირებულებათა განახლების თუ გადაფასების მსურველი ახალგაზრდები „მანიფესტებს“ ქმნიან. მათი იდეები რთულ ოპერაციებს ატარებენ ჩვენი მეხსიერებისა და მენტალობის სისტემებში. დაზიანებული ან ვადაგასული ფაილების აღმოჩენას და იზოლაციას რომ ემსახურება. ეს შინაგანი წმენდის ის აუცილებელი პროცესია ათეული წლების განმავლობაში არაერთხელ რომ უნდა ჩატარებულიყო. დათა თავაძის „ტროელი ქალები“ და  მიშა ჩარკვიანის „ბეჩავი“ თითქოს რეფლექსიური ნაწარმოებებია. ისინი  მომხდარის გაანალიზებაზეა ორიენტირებული. ხილული და უხილავი პრობლემების გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტირებაზე, რის შემდეგაც მათგან გათავისუფლება ხდება შესაძლებელი.     

     

სპექტაკლი სიმღერით იწყება. მხოლოდ ეს არც ფოლკლორია და არც რომელიმე ქართული საგალობელი. ერეკლე დეისაძის „რაც მამას უნდა“ სპექტაკლის უვერტიურაა. ის ზუსტად გადმოსცემს წარმოდგენის იდეას. ყოველი ახალი თაობის კონფლიქტს მამასთან, როგორც არსებულ წესრიგთან, ყოველდღიურად რომ გკარნახობთ როგორ იცხოვროთ. განიხილავს მას აუცილებელ მოვლენად და გვარწმუნებს, რომ ამ კონფლიქტის არ არსებობას სავალალო შედეგები მოჰყვება. ჩემთვის სპექტაკლის წარმატება მისი განზოგადების შესაძლებლობებთან იგივდება. საბედნიეროდ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც თქვენს ნება სურვილზეა დამოკიდებული, ვის ან რას დაინახავთ „მამაში“: კონკრეტულად საკუთარ მამას,  უფრო ზოგადად, არსებულ წესრიგს, დაგროვილ გამოცდილებებსა და ფასეულობებს, თუ კიდევ უფრო მასშტაბურად - ღმერთს, რომელიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ასევე მამაა.  ღმერთზე ფიქრის წინაპირობას  სპექტაკლში არსებული მნიშვნელოვანი ხაზი აჩენს. აქ წარმოდგენილ სამყაროში მამა თან არის და თან არ არის. მისი ეს ეფემერულობა კიდევ უფრო ზრდის მის მნიშვნელობას და მის უძლეველობაზე მეტყველებს.

 

უკიდურეს განზოგადებებს ხელს ქეთი ნადიბაიძის მხატვრობაც უწყობს. კოსტუმები და მინიმალისტური სცენოგრაფია პირობითი და შეიძლება ითქვას კლასიკურია. სცენაზე ერთი დიდი მაგიდა დგას, რომელიც დასაწყისში მომღერალთა სცენაა, შემაღლებული ფიცარნაგი საიდანაც მოკვდავი და უკვდავი მამა ერთად შეგიძლიათ გამოიწვიოთ, შემდეგ ის რედაქციის სამუშაო მაგიდა, ოჯახური სადილების ადგილი, სექსოლოგის ინვენტარი და საქორწილო სარეცელიც გახდება. მაგიდას სამი, „ბურჟუაზიული სულისკვეთების“ ბროლის ჭაღი ანათებს. ერთადერთი რაც ამ სტატიურ დეკორაციაში მოძრაობს განათებაა.   მხატვრობის მაია კლეჩევსკას სპექტაკლთან „ღმერთების დაცემა“ მსგავსება ჰიპერტექსტადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ოჯახი და მის კედლებს, ტრადიციულ ნორმებს ამოფარებული, თითქოს უჩინარი ძალადობა ორივე  შემთხვევაში მთელი საზოგადოების პრობლემათა პანორამულ სურათს წარმოგვიდგენს.

ეს ის დროა, როცა გადავწყვიტეთ ვილაპარაკოთ, მტკივნეულ, მავანისთვის  სასაუბროდ  მიუღებელ თემებზე. გახსნილად, მარტივად, სადად და რაც მთავარია იუმორით. საათისა და ოცი წუთის მანძილზე დიალოგში შევალთ საკუთარ თავთან, ერთმანეთთან, კლეჩევსკასთან, შექსპირთან და ბოლოს ხიჩკოკთანაც. ეს „კულტურული ბულიონი“, ეროვნული, ლიტერატურული, სექსოლოგიური და ფსიქოლოგიური პრობლემების შეზავებით, ისეთი გემოვნებით მომზადდება თქვენს წინაშე და ისეთ ნოყიერ, აქტიურ, ჯანსაღ სიცილს შემოგთავაზებთ, რომ შეუძლებელია თქვენს  ულუფაზე უარი თქვათ, ბოლოს კი ხელოვნებისა და სიცილის სარგებლიანობა არ ირწმუნოთ. ანტივირუსი სახელად “ბეჩავი“   

 

ხერხი რომელიც ასე წარმატებით გითრევთ სცენაზე მომხდარი ამბის პერიპეტიებში, ქართული სათეატრო ტემპერამენტისთვის ორგანულად ქცეული ბრეხტის მეთოდია.  ის ახლა კიდევ უფრო ორგანული მგონია შემოქმედებითი გუნდის მიერ შემოთავაზებულ თემასთან მიმართებაში. რადგან მისი საშუალებით უახლესი მენტალური ისტორიისა და სატკივარის სიყალბის გარეშე თხრობა ხდება შესაძლებელი. ეპიკური თხრობის მანერა, ყველაზე ეფექტური რომ პიროვნულ განცდებთან დისტანცირებითა და ემოციის იზოლაციით ხდება,   გადმოცემის ყველაზე სასურველ ეფექტს ქმნის მოცემულ სათქმელსა და მის წარმომქმნელ დისკურსზე დასაფიქრებლად. მაყურებელი, სიცილისა და იუმორის გავლით აუცილებლად დაიწყებს ფიქრს, დასვამს ან თუნდაც გაიმეორებს კითხვას „რა უნდა მამას“?  პიესა ისეა დაწერილი და სპექტაკლიც ისეა დადგმული, რომ მოქმედი პერსონაჟების გარდა კიდევ ვიღაც არის სცენაზე, ვიღაც ვინც მუდმივ დისტანციას იჭერს წარმოდგენილ ამბავთან და ცდილობს რემარკებისა და კომენტარების საშუალებით თან შეამსუბუქოს, თან ხაზი გაუსვას მომხდარის სასაცილო მხარეებსა თუ ნიუანსებს, პრიმიტიული პაროდირებისა და  დაცინვის გარეშე.   

 

სპექტაკლის მოქმედი გმირები ერთი კაცი, იოსები, იგივე სოსო და სამი ქალია. სამი ქალი ერთდროულად რამდენიმე როლს თამაშობს, ისინი ქოროს, საზოგადოებას წარმოადგენენ და პერიოდულად ამ საზოგადოებიდან გამომავალ როლებს ირგებენ.  სიუჟეტი მარტივია: დედისა და მამიდის მზრუნველობის ქვეშ, უმამოდ  გაზრდილი სოსო, სექსუალური უძლურების დაძლევას ცდილობს. პრობლემა მით უფრო რთული ხდება, რაც მეტად ცდილობს ავადმყოფი მის დამალვასა და გადალახვას. მხოლოდ ერთხელ დაივიწყებს სოსო ყოვლისმომცველ კომპლექსად ქცეულ დაავადებას და საკუთარ, საყვარელ საქმეზე ფიქრით თავდავიწყებამდე გატაცებული, მოულოდნელად გამოჯანმრთელდება.

ცხადია სცენაზე წარმოდგენილი იმპოტენციის აზრობრივი დატვირთვა მხოლოდ სექსუალური მნიშვნელობით არ შემოიფარგლება. მასში თავსდება ყველაფერი, რასაც არ შეუძლია არსებული ნორმების, მიღებული ტრადიციების გაგრძელება. ყველა, ვინც ჩვენში შესისხლხორცებულ სტერეოტიპებში ვერ ჯდება. დათო გაბუნიას ეს პიესა, თავისი ეროვნული სპეციფიკის მიუხედავად, ვფიქრობ არ იქნება მხოლოდ ლოკალური მოხმარების პროდუქტი. ის თავისი არსით გლობალურ თემებს მოიცავს, რომელიც  სხვა ქვეყნების მაყურებელსაც დააინტერესებს.   

რთულია გამოყო, თანამედროვე საზოგადოებისთვის, სცენაზე წარმოდგენილი პრობლემების რომელი ასპექტი უფრო აქტუალური თუ მწვავეა. მამაკაცების უძლურება და გენდერული პრობლემები, ტრადიციული ოჯახისა და ურთიერთობების დრომოჭმულობა, თავისი მარადიული დედა სიმბოლოებისა და სხვა ნათესავების მუდმივი ინტერვენციით შვილების პირად სივრცეში, თუ ღირებულებათა გადაფასების პროცესი, თუნდაც როგორც კრემ სუპის პრიორიტეტი  ჩაქაფულთან მიმართებაში. მსგავს კულინარიულ დუელში, ბოზბაშიცა და ჩიხირთმაც რომ გაგვახსენდება ხოლმე, გემოვნება და ღირებულებები ყველაზე სახიერი და საგრძნობია.

 

მთელი კულტურის ისტორია ღირებულებების ცვალებადობის პროცესს ასახავს. რასაკვირველია მამებს შეუძლიათ კონტრარგუმენტად  მარადიული, უცვლელი და უხრწნელი მაგალითები მოგვიყვანონ, თუნდაც ის, რომ სამყაროს სიყვარული ამოძრავებს. და რომ ჩვენ სიყვარულის ნაყოფნი ვართ.  ცხადია პრობლემა თეთრი წეროსა თუ კომბოსტოს ისტორიების შეთხზვის დრამატულობაში არ არის. არც აღმზრდელობითი და პედაგოგიკური პარადიგმების ავ-კარგიანობას განვიხილავთ. ჩვენ, წინა პლანზე, მხოლოდ მათ ხანგრძლივობასა და ინტენსივობას წამოვწევთ, შედეგად ერთ-ერთი რთული და მომაბეზრებელი დაავადება ინფანტილურობა რომ მოჰყვება. სხვა თუ არაფერი, სამწუხაროა  მშობლებს ვერაფრით რომ ვერ მიუგნიათ ის ადამიანური სამეტყველო ენა, რომელზეც შეძლებდნენ დალაპარაკებოდნენ საკუთარ შვილებს, ყველაფერზე,  მათ შორის სექსზეც. ჩვენს საზოგადოებაში მსგავსი კომუნიკაცია სირთულეს რომ არ წარმოადგენდეს, ალბათ, არც „ბეჩავის“ განხორციელების აუცილებლობა დადგებოდა. დრამატურგი და რეჟისორი თითქოს ფსიქოანალიზის სეანსს ატარებენ. წარსულის გახსენებით, აუცილებელი ტესტირების გავლით ცდილობენ გაარკვიონ ვინ ვართ ჩვენ და რა გვინდა. რადგან ფაქტია, რომ შესაძლოა მხოლოდ ის ვიცოდეთ „რაც მამას უნდა.“  ასე კი პიროვნებებად ვერ ყალიბდებიან.

 

 სპექტაკლისგან მიღებული ასოციაციები მრავალმიშვნელოვანია. გაკვირვებასაც კი იწვევს იმ განზოგადებათა შესაძლებლობები რაც დრამატურგმა დათო გაბუნიამ, ერთი შეხედვით მხოლოდ  სექსოლოგიური ხასიათის პრობლემის მიღმა წარმოაჩინა. სამეფო უბნის თეატრის აღნიშნული პროდუქცია გვარწმუნებს, რომ თანამედროვე ქართული დრამატურგიის არსებობას და მის განხორციელებას ჯანსაღი და თანამედროვე თეატრალური პროცესისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

 

ერთ-ერთი გამომცემლობის რედაქტორი, სოსო (გაგა შიშინაშვილი) 30 წლისაა.  მზრუნველი დედისა და მამიდის მიერ აღზრდილი, განათლებული, ეტიკეტის პატივისმცემელი ადამიანია. ოდნავ მოუქნელი ფიზიკური აღნაგობით და ინტელიგენტური თავდაჭერილობით.  აგვისტოს ცხელ დღეს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მაშინ, როდესაც კითხულობს ერთ-ერთი ჟურნალის სტატიას სათაურით „რამდენად მაგარი მაჩო გიწევთ ლოგინში“  მოულოდნელად აღმოაჩენს საკუთარ პრობლემას. სოსო სექსუალურად უძლურია. ამ აღმოჩენაზე უარესი მაშინ ხდება, როდესაც სოსოს საზოგადოერივად დადგენილი ბედნიერი, შემდგარი ადამიანის იმიჯის მორგებას სთხოვენ. მან უნდა შექმნას ოჯახი, მოიყვანოს ცოლი და გააჩინოს შვილები. ერთი ვაჟი და ერთი ქალი. საცოლეც არსებობს - დედისა და მამიდის მიერ საგანგებოდ შერჩეული ნათია, რომელიც ჩაქაფულს საუცხოოდ ამზადებს. დაპირისპირებული მხარეები გამოკვეთილია. მოულოდნელად  სოსოს წინააღმდეგ  მთელი სამყარო აღმოჩნდება: დედა და მამიდა, საცოლე ნათია, ლესბოსელი თანამშრომელი, რომელიც სოსოს მიერ მოფიქრებული გეგმის შესრულებაზე უარს იტყვის,  სექსოლოგი, რომელსაც დახმარება არ შეუძლია და გარდაცვლილი მამაც კი, რომელიც სიზმარში გამოეცხადება და პირადი ბედნიერების მისეულ ხედვას  განსახორციელებელ ამოცანად დაუსახავს. 

 

რაც უფრო მეტია სოსოს მიმართ საზოგადოების ემოციურ- ფსიქოლოგური ზეწოლა მით მეტად ავადდება ის. დრამატურგი გვთავაზობს გამოვიკვლიოთ სოსოს დაავადების მიზეზები. რეგრესიულ სცენებში, „ფლეშბექებში“ ვხედავთ რამდენიმე მომენტს სოსოს ცხოვრებიდან, რომელთაც შეიძლება მისი დაავადება გამოეწვია. სოსო პატარაა, როდესაც მშობლების სექსუალურ აქტს, „მამის მიერ დედის მოხრჩობას“  შეესწრება, მამა სახლიდან გავა და სწორედ ამ დროს მოხდება კატასტროფა, ავტოავარიაში იღუპება. ან სცენა როდესაც სოსოს დაბადების დღეზე მოსული უფროსი ნათესავები გადაწყვეტენ საჩუქარი გაუკეთონ, ქალებში წაიყვანონ ის. სოსო ატირდება. ან  სკოლაში, თინეიჯერების შეჯიბრი, თუ ვის უფრო მეტი სექსუალური სიმწიფე და გამოცდილება აქვს.  ეს ყველაფერი ცალ-ცალკე და ერთად თრგუნავს სოსოს.

 

მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ვიზიტის სცენა აჩვენებს თუ როგორ იფანტება სიყვარულით მოძრავი სამყაროს ხატი. ჩანს იმ იდეალის სიყალბე რომელზეც ბავშვობიდან აღვიზარდეთ. სინამდვილეში ჩვენი მამების პირველი „სიყვარული“ სწორედ ასეთი „მსუბუქი ყოფაქცევის ქალი“ იყო. წარმოდგენის ფოკუსში ექცევა სიყვარულთან სრულიად დაშორებული სექსი, როგორც  საზოგადოებრივი მდგომარეობის განმტკიცებისა და პიროვნული თვითშეფასების ამაღლების პირობა. ამრიგად გვიჩნდება ეჭვი, რომ  სიყვარულის ნაცვლად სამყაროს სექსი ამოძრავებს. თანაც სტერეოტიპებთან მიბმული სექსი, „რამდენად მაგარი მაჩო გიწევთ ლოგინში“ გეკითხებათ სექსოლოგი  ცირა ურიდია. 

სპექტაკლის ცენტრალური პერსონაჟი, სოსო, რომელიც დრამატურგის ჩანაფიქრის მიხედვით პიესის ბოლომდე ამავე პერსონაჟად რჩება, ყველაზე წინააღმდეგობრივი ხასიათის მატარებელია. გიგა შიშინაშვილი ზომიერი გამომსახველობით და მაქსიმალური გააზრებით ქმნის ტიპიური ობივატელის სახეს, რომელსაც საზოგადოებასთან კონფლიქტში შესვლას მდორე, ტყუილებით სავსე ცხოვრება ურჩევნია. ერთადერთი, რაც მას რეალურად აღიზიანებს გრამატიკული შეცდომებია. ერთადერთი, რაც მას რეალურად უყვარს ლიტერატურაა. ეს არის ის, რაც მას პიროვნული გადარჩენის შანსს აძლევს.   როლის განვითარების პროცესში მსახიობი ახერხებს დამაჯერებელი იყოს გულგრილობაში, რითაც ყველაფერი იწყება, პანიკაში, რომელშიც მას არასასურველი პერიპეტიები აგდებს, კულმინაციურ აფექტშიც, რომელიც მისი უკურეაქციაა და ფინალურ თავდავიწყებაშიც, რომელიც მისი ამაღლება და უხეშად რომ ვთქვათ გამარჯვებაა.

     

დედისა და მამიდის მიერ სოსოსათვის თავსმოხვეული საცოლე, ნათია (კ. კალატოზიშვილი), როგორც აღვნიშნეთ, ჩაქაფულს  საუცხოოდ ამზადებს. ის, კარგად გათავისებული ტრადიციულობით, თითქოს განწირულია იმედგაცრუებისათვის. მსახიობი ქმნის ორდინალური ქართველი მეოჯახე გოგოს სახეს, რომლის თვითრეალიზაციის მასშტაბი და ინტერესთა არეალი არასოდეს გასცდება ოჯახის და შეიძლება სამზარეულოს კარსაც. სწორედ ასეთი გოგონები ქმნიან ასევე ორდინალური ქართველი ვაჟების  საჭიროებას, რომლებიც თანდათან ყველა ფუნქციას კარგავენ გარდა გამნაყოფიერებლისა. მათი ამოცანაა ცოლს ერთი ბიჭი მაინც გააჩენინონ, რომელსაც დროთა განმავლობაში  თამადობას და ბოზებში სიარულს ასწავლიან. ნათია ფიქრობს, რომ ასეთი ცხოვრება უსაფრთხოა, მყარი და ბედნიერების მომტანი. ამიტომ მას სწორედ ის უყვარდება ვის დედასა და მამიდასაც სარძლოდ მოსწონთ. მოსწონთ მისი კულინარიული უნარები და კარგად დაცული ქალიშვილობა. მაგრამ ქართული ოჯახური ბედნიერების რეცეპტის სრულად დაცვით გათხოვების შემდეგ აღმოჩნდება რომ ყველაფერი რიგზე არ არის. კატო კალატოზიშვილი თავისი პერსონაჟის უკიდურეს იმედგაცრუებას შესანიშნავი ოსტატობით წარმოგვიდგენს. ამ პერსონაჟის კულმინაციურ სცენამდე - პირველ ღამემდე, სექსუალური თავშეკავებულობით და ორთოდოქსული მორჩილებით დახასიათებული გმირი მყისიერ ცვლილებას განიცდის. ექსცენტრული და  ვნებიანი ქალი ხდება, რომელიც თავს აღარ მოიტყუებს. ირონიულია, რომ ნათიას პერსონაჟთან ერთად კატო კალატოზიშვილი სექსოლოგის, ცირა ურიდიას როლს ასრულებს, პროვინციული მანერების, არაკვალიფიციური ექიმი ჩვეულებრივი თაღლითია, მატყუარა, რომელსაც საკუთარ პაციენტებზე არანაკლები პრობლემები აქვს.               

უნდა ითქვას, რომ ერთმანეთში გარდამავალი როლები საკუთარ შინაგან ლოგიკას ატარებს. აქ არ ხდება როლების მექანიკური მონაცვლეობა, როგორც ხშირად ვხედავთ სცენაზე. იაკო ჭილაიას დედა, მოგვიანებით მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ხდება, მაგდა ლებანიძის მამიდა, ამავდროულად  სოსოს ლესბოსელი თანამშრომელია და კატო კალატოზიშვილის ნათია, სოსოს საცოლე და სექსოლოგია. მსახიობები განსხვავებული როლების შესრულების დროს ახერხებენ იპოვონ ისეთი მაკავშირებელი ძაფები, რომლებიც ხასიათების განვითარების და მრავალფეროვანი ასოციაციების წარმოქმნის შესაძლებლობას იძლევა. 

 

დედა, წარმოდგენილი მთელი თავისი უკიდურესი ქართული მახასიათებლებით, პიროვნულის უარმყოფელი და საკუთარი შვილის ცხოვრების დამგეგმავი, კოსტუმის ცვლილების გარეშე განასახიერებს მსუბუქი ყოფაქცევის ქალსაც. მაყურებლისთვის ერთგვარი მოულოდნელობის და უხერხულობის ეფექტს ქმნის მსუბუქი ყოფაქცევის ქალად ქცეულ დედასთან შვილის ვიზიტი. ცხადია სპექტაკლი შეგვიძლია განვიხილოთ რამდენიმე დონეზე. მასში დავინახოთ არაცნობიერში მიმდინარე პროცესის სახიერი ვიზუალიზაციის ნიშნები, ის რაზეც ზოგადად დგას ხელოვნება როგორც ასეთი. ცხადია ვერ ვიტყვით და ვერ დავასაბუთებთ რამდენად განძრახული ან გააზრებული ჰქონდა დრამატურგს და შემდეგ შემოქმედებით ჯგუფს ამ ხასიათთა ერთმანეთთან თავსებადობის და შერწყმის ასპექტები. თუმცა შექმნილი პროდუქტი კონკრეტული კვლევის და ანალიზის სურვილს გვიჩენს. რადიკალურად განსხვავებული, თითქმის ბინარული ოპოზიციების, დედისა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალის ამგვარ ასოცირებაში პიროვნების დეცენტრაცია, ერთი „მეს“ არ არსებობა იკითხება. ერთ ადამიანში შეიძლება არსებობდეს დედაც და მსუბუქი ყოფაქცევის ქალიც. მსახიობი ერთნაირი ტემპერამენტით თამაშობს ორივე როლს, თითქოს ხაზს უსვამს, რომ ამ სოციალური ნიღბების მფლობელი შეიძლება ერთდროულად იყოს ადამიანი. ეს შეგრძნება კიდევ უფრო მძაფრდება თუ ფროიდის ფსიქოანალიზსაც გავიხსენებთ. მოზარდის გაუცნობიერებელი სექსუალური ლტოლვა დედისადმი და მასთან არადამაკმაყოფილებელი კომუნიკაცია ვიზუალიზირებულია სპექტაკლში, მხოლოდ აქ მოზარდის ნაცვლად „ზრდასრული“ სოსოა წარმოდგენილი.

 

მაგდა ლებანიძე თამაშობს მამიდას, რომელიც სოსოს გარდაცვლილი მამის ჩანაცვლებას ცდილობს. მის როლში იკვეთება  მამაკაცური საწყისის გააქტიურება, რომელიც არა მხოლოდ ამ პერსონაჟის, არემედ მთლიანად ქალური ბუნების ტრანსფორმაციაზე მიუთითებს. ქალები აღარ არიან სუსტი არსებები, რომელთაც დაცვა და მზრუნველობა სჭირდებათ. პირიქით, ისინი ლიდერებად, პროცესების წარმმართველებად არიან წარმოდგენილნი, უნებურად მატრიარქატის რეინკარნაციასაც რომ წინასწარმეტყველებენ. ამიტომ ბუნებრივი და ლოგიკური გვეჩვენება მამიდასთან ასოცირებული მაგდა ლებანიძის მეორე როლი, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის თანამშრომელი, რომელმაც საკუთარი სექსუალური გემოვნება და სურვილები ბევრად უფრო მარტივად და თავისუფლად განსაზღვრა ვიდრე სოსომ.ანტივირუსი სახელად “ბეჩავი“

 

სიბრალული შეგიპყრობთ ფემინიზებულ საზოგადოებაში მოხვედრილი სოსოს გამო. ის კონფლიქტშია გარესამყაროსთან და საკუთარ თავთან. უჭირს ახლებურ სივრცეში ორიენტირება, საკუთარი თავის განსაზღვრა და განმტკიცება. ეძებს გამოსავალს და უკიდურეს სასოწარკვეთამდე მიდის. ვფიქრობ, რომ დრამატურგიული კულმინაცია სწორედ მაშინ დგება, როდესაც მთავარი გმირი საკუთარ თავში იმდენად ამხედრდება მოძალადე გარშემომყოფთა წინააღმდეგ, რომ ხიჩკოკისეული სისასტიკით გაუსწორდება მათ. ასეთი კულმინაცია, რომელიც რეალურად არ ხდება და მხოლოდ გმირის შინაგან სამყაროში მიმდინარეობს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზოგადების შესაძლებლობას გვაძლევს. ყოველი ხილული პრობლემა უხილავი მიზეზებით იწყება და ასევე უხილავ დაგაწყვეტას მოითხოვს.   

         

ის, რამაც ეს წარმოდგენა შექმნა, არის ფორმის და შინაარსის მთლიანობა. „ბეჩავი“ გამოირჩევა სკრუპულოზურად დამუშავებული შინაარსით და კარგი ტექნიკური შესრულებით. რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი მინიმალისტური ჩარევით, იდეალურად მარტივი მიზანსცენებით გადმოგვცემს ზუსტ დამოკიდებულებებს, მთავარ განწყობას და ამბავს იმის შესახებ თუ როგორ უნდა ვიყოთ პიროვნებები, როგორ განვთავისუფლდეთ ყველაფრისგან რაც ამაში ხელს გვიშლის. თანაც დიდაქტიკისა და პრეტენზიულობის გარეშე, მსუბუქად და იუმორით. 

პირველი არა ვარ ვინც აღნიშნავს, რომ ამ თეატრის მსახიობები როლის შესრულების, მეტყველების განსაკუთრებული სინამდვილით გამოირჩევიან, მათი სცენური მეტყველება არ არის მანერული და მაქსიმალურადაა დაახლოებული ყოფით სამეტყველო ენასთან. ეს ორგანულობა განსაკუთრებულ ელფერს და ბუნებრივ ატმოსფეროს ქმნის სცენაზე და სცენასა და მაყურებელს შორის. ეს ელექტრო- მაგნიტური ველი გულგრილს არ დაგტოვებთ, ის აუცილებლად შეეხება თქვენს სამყაროს.

 

და ბოლოს, დასაწყისში აღნიშნული თერაპიის ყველაზე მთავარი ტესტი, სპექტაკლში მოულოდნელად შემოტანილი ვაჟას ლექსის  კონნოტაცია. დაჭრილი არწივის და სასქესო ორგანოს „ვეღარ ადგომის“ თითქოს ძალიან უხეში პარალელი, ეროვნულ თავმოყვარეობას თუ შეგილახავთ და იუმორის გრძნობას გაგიქრობთ, მაშინ გილოცავთ, დიაგნოზი დასმულია, ეს წარმოდგენა თქვენზეა.   


უკან დაბრუნება