Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
შავი ზღვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კულტურების გადაკვეთა თურქული ჩაის არომატით
შავი ზღვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კულტურების გადაკვეთა თურქული ჩაის არომატით16-05-2015, 22:03 |
თხელი, გამჭვირვალე ჭიქებით მორთმეული თურქული ჩაი, გვიანი გაზაფხულისათვის არადამახასიათებლად ცივ ამინდს განსაკუთრებით უხდებოდა. ჩაი, თურქეთის ნებისმიერი ქუჩის კუთხეში რომ შეგიძლიათ მიირთვათ, თურქულადაც ისევე ჟღერს, როგორც ქართულად და რუსულად. ასეთი, კულტურულ- ლინგვისტური კავშირების არომატი, თურქეთში ყოფნისას, მთელი გარემომცველი სამყაროს აღქმას გასდევდა. ტრაპზონის ქუჩებში, საარჩევნო პლაკატებსა და დროშებს, შავი ზღვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ბანერები ერეოდა. ფესტივალი, რომელიც წელს მეთექვსმეტედ გაიმართა, 11 ქვეყანას მასპინძლობდა. თურქეთი, ჰონგ კონგი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა, ირანი, დაღესტანი, ჰოლანდია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ყაზახეთი და საქართველო შავი ზღვის ფესტივალის მაყურებელს საკუთარ თეატრალურ ხელოვნებას უზიარებდა. თეატრალური ფესტივალის იდეა მისმა ორგანიზატორებმა საინტერესო, მულტიკულტურული მნიშვნელობის არტეფაქტს დაუკავშირეს, რომელიც „აია სოფიას“ აღმოსავლეთ კედელზე, 1450-1850 წლებს შორის უნდა იყოს ამოტვიფრული. ქვის კედელზე, რამდენიმე შტრიხით შესრულებული ულამაზესი, იალქნებ გაშლილი გემი, მიღებული გულუხვი მასპინძლობისა და უსაფრთხო თავშესაფრის გამო, ტრაპზონის უამრავი სტუმრის მიერ გამოთქმულ მადლიერებას გამოხატავს. ამავე დროს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ გემებს, ტრაპზონში, საკუთარი კულტურული გამოცდილება და ტოლერანტული განწყობილებაც გადმოჰქონდა. „გემის მოტივი“ უდავოდ შესანიშნავი მიგნებაა ტრაპზონის შავი ზღვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მთლიანი მნიშვნელობის წარმოსადგენად. ეს არის თურქი ხალხის კარგად გააზრებული, ისტორიულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მომავალი განვითარების ხედვა. სახელმწიფოებრივი პერსპექტივის დანახვა და მისი ხორცშესხმა გეგმაზომიერი კულტურული პოლიტიკის გატარებით. ფესტივალის მაყურებელიც წლიდან წლამდე იზრდება, როგორც რიცხობრივად ასევე თეატრალური გემოვნების კუთხით. ორგანიზატორები უჩვეულო უშაულობით გესაუბრებიან არსებულ თუ უკვე გადაჭრილ პრობლემებზე. ნელ-ნელა გრძნობ რომ შავი ზღვის ფესტივალი შენიც არის, შენც ქმნი მას, როგორც მოვლენას! ალბათ, სწორედ ასეთი დამოკიდებულება განსაზღვრავს ნებისმიერი, და მით უფრო საერთაშორისო, ფესტივალის წარმატებას! ჩვენმა მასპინძლებმა სიამაყით აღნიშნეს, რომ გასულ წელს, მათ, საქართველოდან რობერტ სტურუა სტუმრობდათ, სპექტაკლით „მარია კალასი, გაკვეთილი“. სუბ-ტიტრებთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად სასწრაფოდ იპოვეს ქართველი სტუდენტი ზვიად თურმანიძე, რომელიც ფესტივალის თანამშრომელი გახდა და წელს უკვე „რკინის თეატრს“ უწევდა კოორდინაციას. ზვიადი 18 წლიდან დამოუკიდებლად ცხოვრობს, ტრაპზონის ტექნიკური უნივერსიტეტის არც თუ ურიგო სტიპენდიით. ესეც განათლების პოლიტიკა და მომავალი წარმატების კიდევ ერთი განმსაზღვრელი დამოკიდებულება. განათლებასთან და მაღალ ჰუმანურ დამოკიდებულებებთან კავშირში უნდა განვიხილოთ სპექტაკლი ჰონგ კონგიდან, რომელიც ყრუ- მუნჯებმა წარმოგვიდგინეს. „სიჩუმის თეატრის“ სახელწოდებით არსებულმა გაერთიანებამ გვაჩვენა „მოგზაურობა ვიზუალური საოცრებების ქვეყანაში“. სპექტაკლის სახელწოდება სრულიად გამოხატავდა რეჟისორის, ბერნარდ ბრეგის, იდეას მაქსიმალურად გამოევლინა მონაწილეთა წარმოსახვა და შესაძლებლობები, გაეხსნა და მაყურებლისთვის ეჩვენებინა მათში არსებული პოზიტიური და უაღრესად ემოციური სულიერი ენერგია. ამ წარმოდგენით სოციალური ტოლერანტობის განცდა თანამედროვე თეატრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ისახება. საინტერესო ქორეოგრაფიული შოუ შემოგვთავაზა რუმინეთის „მიკრობების ცეკვის თეატრმა“, რეჟისორმა და ქორეოგრაფმა ჰუგო ვოლფმა. მან სტუდენტებთან ერთად არტოს სისასტიკის თეატრის ვიზუალიზაცია ვამპირების თემის ქორეოგრაფიული ინტერპრეტაციით მოახდინა. შიშისმომგვრელი იყო სცენა, სადაც სისხლით მოთხვრილი, დანაწევრებული ადამიანის მანეკენები ვამპირ-მოცეკვავეებს სცენაზე ისე შემოჰქონდათ, როგორც კარგად მომზადებულ დეფილეზე. დარწმუნებული ვარ, ამ ნიჭიერი ახალგაზრდების სახელები კიდევ არაერთხელ შეგვხვდება სხვადასხვა ქვეყნების საფესტივალო პროგრამებში. თურქული თეატრის შესახებ ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას შეემატა შესანიშნავი სამსახიობო ანსაბლის მქონე ანკარის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „ცხოველების ფერმა“, რეჟისორი - ბარის ერდენკი. ჯორჯ ორუელის ნაწარმოების პოპულარობის ზრდა თანამედროვე თეატრში პოლიტიკური თეატრის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ფსევდო დემოკრატიის მიმართ მზარდ სკეპტიციზმს წარმოაჩენს. კიდევ ერთი სპექტაკლი, რომლის ნახვის შესაძლებლობა ფესტივალის ფარგლებში მომეცა, ყაზახეთის, ყარაგანდის დრამის თეატრის ეთნოგრაფიული ელემენტების შემცველი„ყარაგიოზი“ გახლდათ. ეროვნულ კოსტუმებში ჩაცმული მსახიობები, ემოციურ-ექსპრესიული თამაშის მანერით, რამდენადაც საინტერესონი იყვნენ კულტურული ეგზოტიკისა და მემკვიდრეობის წარმოჩენის თვალსაზრისით, იმდენად არაფერს გვეუბნებოდნენ მათი ქვეყნის თანამედროვეობაზე. რამაც უკმარისობის გრძნობა და თან ამ ქვეყნის შესახებ მეტის გაგების სურვილი დამიტოვა. ერთადერთი სპექტაკლი, რომელიც შავი ზღვის ფესტივალის პროგრამის მიხედვით ღია ცის ქვეშ გაიმართა, ქართული „რკინის თეატრის“ „სულ სხვა ოპერა“ იყო. შერჩეული სივრცე არაჩვეულებრივად მოუხდა ბრეხტის „სამგროშიანი ოპერის“ მოტივებზე შექმნილ სპექტაკლს. ქართულმა თეატრმა ორი წარმოდგენა ითამაშა. მინდა ორივე სპექტაკლის მსვლელობისას მომხდარ უცნაურ მოვლენაზე გავამახვილო ყურადღება. თურქეთში ადგილობრივები მოლას ლოცვის დროს ნებისმიერი სახის სიმღერასა და ცეკვას წყვეტენ. მუსულმანური რელიგიის მიმართ, მასპინძელ ქვეყანაში, დამკვიდრებული პატივისცემის ეს ფორმა ჩვენს სპექტაკლს ერთგვარ საფრთხეს უქმნიდა. რეჟისორმა დათო ანდღულაძემ დავალება მისცა დასს, მეჩეთიდან წამოსული ლოცვის გაგონებისთანავე გაეჩერებინათ წარმოდგენა. და სწორედ აქ მოხდა ის საოცარი მოვლენა, რაც ზოგჯერ, ხელოვნების საიდუმლო ძალაში გარწმუნებს. რკინის თეატრის ერთმოქმედებიან, ძირითადად მიუზიკლის ტიპის სპექტაკლში, არის რეჟისორის მიერ მოფიქრებული ერთგავრი „ტაიმ აუტი“, როდესაც მოქმედება ჩერდება და მსახიობები ისვენებენ, ასე ვთქვათ, დასვენებას თამაშობენ. ორივე შემთხვევაში მოლას ლოცვა სწორედ ამ მომენტს დაემთხვა. ეს წინასწარ დადგმულ, დროში განსაზღვრულ მიზანსცენას ჰგავდა და უცხო რელიგიის მიმართ პატივისცემის გრძნობას გამოხატავდა. მეჩეთიდან წამოსული მოლას ლოცვის საოცრად მისტიური ხმა ორგანულად ეწერებოდა სპექტაკლში. ეს იყო ნამდვილი კულტურული გზაჯვარედინი, რაც შავი ზღვის თეატრალური ფესტივალის სინერგიამ შექმნა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ერთმა საინტერესო თურქმა ახალგაზრდამ, მუსტაფამ, საკუთარი აზრი გაგვიზიარა. გვითხრა, რომ ეს დადგმა ტრაპზონის თეატრალური გამოცდილებისთვის რაღაც ახალი იყო, რასაც აქვს ძალა შეცვალოს ტრადიციული წარმოდგენა ბრეხტის ნაწარმოებების ინტერპრეტაციაზე. მინდა დავეთანხმო მუსტაფას. ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო შავი ზღვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორებს, ყველა იმ ადამიანს, უკვე ჩვენს მეგობრებს, ვინც ასეთი შესანიშნავი მასპინძლობა გაგვიწია და ბოლოს თურქული ტრადიციის და ფრაზეოლოგიის პირდაპირი თარგმანის თანახმად, ფესტივალში მონაწილეობისათვის, ჩვენს ხელებსა და ფეხებსაც კი მადლობა გადაუხადა. უკან დაბრუნება |