Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > სანამ ყველა კარი და დარაბა ჩაირაზება
სანამ ყველა კარი და დარაბა ჩაირაზება

სანამ ყველა კარი და დარაბა ჩაირაზება


23-09-2015, 08:58

 

გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში ახალი, საიუბილეო 170-ე სათეატრო სეზონი გახსნეს. ამ თეატრში ინტენსიურად მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესი, თეატრის ორ სხვადასხვა სივრცეში (დიდი და მცირე სცენა) სპექტაკლებს დგამენ განსხვავებული ესთეტიკის და მსოფლმხედველობის რეჟისორები, ემზადებიან კიდევ ერთი ახალი - ექსპერიმენტული სცენის გასახსნელად, ინტენსიურად წარმოადგენენ სარეპერტუარო სპექტაკლებს და მართავენ პრემიერებს. თეატრს, სტაბილური და თანმიმდევრული ცხოვრების გამო, არ აკლია მაყურებელი, რომელიც მიეჩვია, რომ კვირის კონკრეტულ დღეებში საღამოს საინტერესოდ და შინაარსიანად გატარება თეატრშია  შესაძლებელი. გორის თეატრის ორგანიზებით იმართება კომედიის ფესტივალი, რომლის მსვლელობისას ქალაქში სადღესასწაულო განწყობა სუფევს, ივსება სტუმრებით და გორი საფესტივალო ქალაქის იმიჯს ირგებს. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გამო, გორის დრამატული თეატრი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ, სტაბილურ, თანმიმდევრულ და საინტერესო თეატრად იქცა, სადაც არსებობს სარეპერტუარო პოლიტიკა და მუდმივად ხდება დასის განახლება ახალგაზრდა კადრებით, რომელთა ხილვა მაყურებელს არა მხოლოდ სცენაზე მსახიობის ამპლუაში შეუძლია, არამედ დრამატურგიაში (აქ რამდენიმე დამწყები დრამატურგის პიესა დაიდგა), რეჟისორულ და სცენოგრაფიულ ნამუშევრებში (გორის თეატრის სპექტაკლების პროგრამაში აღმოაჩენ ახალ სახელებს).

170-ე საიუბილეო სეზონი გორის თეატრმა სამხატვრო ხელმძღვანელის სოსო ნემსაძის სპექტაკლით „სეილსმენი“ გახსნა. არტურ მილერის ორმოქმედებიანი ფსიქოლოგიური დრამის „კომივოაჟორის სიკვდილი“ (Death of a Salesman), რომელიც ამერიკული ლიტერატურისა და თეატრის კლასიკად არის მიჩნეული, სცენური ადაპტაცია თავად რეჟისორს ეკუთვნის. პრობლემა, რომელიც არტურ მილერმა გასული საუკუნის პირველი ნახევრის დასასრულს დასვა, დღემდე აქტუალურია. უიღბლო მოგზაურის, გაყიდვების მენეჯერის, ვილის, ტრაგიკულ ისტორიას რეჟისორმა, სოსო ნემსაძემ, ახლებური ჟღერადობა მიანიჭა და ოკეანის გაღმა დატრიალებული სევდიანი ისტორია საქართველოში გაათამაშა. რეჟისორმა ამბავი და სიუჟეტი კი არ შეცვალა და გადმოაქართულა, არამედ ქართველი მაყურებლისთვის ახლობელი და ორგანული გახადა, განხსვავებული აქცენტების დასმით ხაზი გაუსვა ხელმოცარული ადამიანების პრობლემას, კომუნიკაციის დეფიციტს ოჯახის წევრებს შორის, თაობებს შორის განსხვავებული მსოფლმხედველობით გამოწვეულ კონფლიქტს.

სოსო ნემსაძემ მაყურებელსა და ახალგაზრდა მსახიობებით დაკომპლექტებულ დასს დიდი გამოცდა მოუწყო. მან სიუჟეტის თხრობის რთული კონსტრუქცია და დროში გადახლართული დრამატურგიული არქიტექტონიკა აირჩია. მაყურებელიც და მსახიობებიც დროსა და სივრცეში მოგზაურობს ისე, რომ ყველაფერი დაკავშირებული სიუჟეტთან და ამბის თხრობასთან ნათელი და გასაგებია. ეს გზა ურთულესი უფრო მსახიობებისთვისაა, რადგანაც მათ თავიანთი გმირების ხასიათის გადმოსაცემად ტრადიციულად, კლასიკურად თხრობა კი არ უწევთ, როცა გმირის ხასიათი თანმიმდევრულად ვითარდება, არამედ დროსა და სივრცეშია გაბნეული და მაყურებელს ამ განწყობის თავმოყრა უწევს. ამის გამოა, რომ სპექტაკლი საინტერესო სანახავია. სიუჟეტის რთული კონსტრუქცია თხრობას ოდნავ აფერხებს მხოლოდ პირველ მოქმედებაში, როცა საექსპოზიციო ნაწილის ეპიზოდები თამაშდება, რაც ბოლომდე ანაზღაურდება მეორე მოქმედებაში.   

სპექტაკლში ძირითადად, გორის თეატრის ახალი თაობა მონაწილეობს, რომელიც იმედისმომცემი და ძლიერი ძალაა არა მხოლოდ გორის, არამედ ზოგადად ქართული თეატრისთვის. ამ სპექტაკლში კარგად ჩანს ბევრი მათგანის პოტენცია, შესაძლებლობები და პროცესი, თუ როგორ იხვეწებიან, ვითარდებიან და შემოქმედებითად იზრდებიან ისინი. მათ გვერდით დგას გორის თეატრის საშუალო თაობის წარმომადგენლებიც, რომელთა შორის ლიდერი მსახიობი კახა ბერიძეა. სპექტაკლიდან კარგად ჩანს, რომ დასი ერთ ენაზე საუბრობს, მათ შორის, არის სწორი საკომუნიკაციო საშუალებები გამონახული, რაც მაყურებელში ქმნის ანსამბლურობის განცდასაც.

სპექტაკლის ცენტრში მოგზაური, ოჯახის უფროსი და ტრაგიკული პერსონა, ვილი დგას, რომელსაც ახალგაზრდა მსახიობი შოთა ხანჯალიაშვილი ასრულებს. მსახიობი ძალას და ღონეს არ იშურებს პერსონაჟის ხასიათის სწორად და თანმიმდევრულად გადმოსაცემად, თუმცა მას ამ ეტაპზე მაინც აკლია არტისტული გამოცდილება, ოსტატობა, რათა მის მიერ წარმოდგენილი გმირი იყოს უფრო მეტად დამაჯერებელი, ვიდრე არის. გარკვეულ ეპიზოდებში მსახიობს არ ჰყოფნის ხმის განაწილებასთან დაკავშირებული ტექნიკა, როცა მისი გმირი დრამატული პერსონა ხდება, მას არ ჰყოფნის გამოცდილება დრამატულობის სიმძაფრით გადმოსაცემად. როცა მოხუცის ამპლუაში ის ემოციას უმატებს, ვილი კარიკატურულ პერსონაჟს უახლოვდება, რასაც ვერ ვიტყვი ამ გმირის ახალგაზრდობის პერიოდზე. შოთა ხანჯალიაშვილის გმირი სრულ ილუზიაში ცხოვრობს, ახალგაზრდობაში შვილების გაზრდისას დაშვებული შეცდომების შედეგებს სიბერეში იმკის. გულწრფელი და ბუნებრივია მსახიობი ახალგაზრდობის პერიოდში, ხოლო სიბერეში მის გმირს შინაგანად ოდნავ ხელოვნური, ხოლო გარეგნულად ორგანული შტრიხები ავსებს. მთლიანობაში ახალგზრდა მსახიობი ახერხებს ვილის ტრაგიკული პერსონის სახის გახსნას და თანაგანცდის გამოწვევას მაყურებელთა შორის. ვილის კონფლიქტი რეალობასთან, ახალ დროებასა და შვილებთან არასწორ კომუნიკაციასა და ურთიერთობის დეფიციტურობაში ვლინდება. განსაკუთრებით გულწრფელია მსახიობი ახალგაზრდა მამის ამპლუაში, მისი ურთიერთობის სცენები „პატარა“ ბიჭებთან მაყურებელში დადებით ემოციებს აღძრავს. რეალობას მოწყვეტილ გმირს უჭირს გაიგოს და მიიღოს პარალელური რეალობა, უბრალოდ არ შეუძლია, მისი მხოლოდ ცოლს, ლინდას ესმის, რომელიც ხშირ შემთხვევაში მას არ ეთანხმება, მაგრამ მისი ნამდვილად ესმის.

სანამ ყველა კარი და დარაბა ჩაირაზება

ახალგაზრდა მსახიობს ღირსეულ პარტნიორობას უწევენ ცოლების როლში სოფო მაიერი (ლინდა) და ანა ჩოგოვაძე (ლინდა ახალგაზრდობისას), ორივე მსახიობი რეალისტურია, გულწრფელი და ადეკვატური კონკრეტულ სიტუაციებში, თუმცა ხასიათებით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული. სოფო მაიერის გმირი ღრმა შინაგან სევდას დაატარებს და მსახიობი ზედმეტი გამომსახველობითი საშუალებების გამოყენების გარეშე, ხატავს ტრაგიკული ქალის პერსონას, რომელსაც ისევე ტკივა და უხარია, როგორც ჭეშმარიტ, მეორე ნახევარზე უზომოდ შეყვარებულ, ერთგულ მეუღლეს. განსაკუთრებით ემოციურია მისი საფინალო მონოლოგი, რომელიც დატვირთულია ცხოვრების ტრაგიზმით. რაც შეეხება ანა ჩოგავაძის ლინდას, მსახიობი ახალგაზრდული ტემპერამენტით სავსე და ოჯახზე უზომოდ შეყვარებული, ოდნავ ეგოისტი ქალის მხატვრულ სახეს ძერწავს ხისტად, ზედმეტი გამომსახველობითი საშუალებების გამოყენების გარეშე. საინტერესოდ და თანმიმდევრულად ხატავენ ბიფის და ჰეფის მხატვრულ სახეებს ზაზა თედელური და გიორგი ელიზბარაშვილი. ისინი ერთდროულად, სპექტაკლის მსვლელობის სხვადასხვა ეპიზოდში ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერსონაჟებს თამაშობენ. მათ შორის ზღვარი მკვეთრია და დამაჯერებელი. ისინი არიან გულწრფელები და ორგანულები. მათ არ აქვთ არც ერთი ყალბი ეპიზოდი სპექტაკლში. ხასიათებით ოდნავ განსხვავებული პერსონაჟები არიან ბიფი და ჰეფი, მაგრამ მათ ერთი საერთო აქვთ: უნიათოები და უპერსპექტივოები არიან, რომლებმაც დიდი დრო დაკარგეს საკუთარი ადგილის ძიებაში. ამ ტრაგიზმს განსაკუთრებული პროფესიონალიზმით და დახვეწილობით ზაზა თედელური გვიჩვენებს. ბუნებრივია მისი გაღიზიანებაც. ოდნავ თბილი და მოსიყვარულე შვილის ამპლუას ირგებს გიორგი ელიზბარაშვილი, რომელსაც მიუხედავად გმირის უარყოფითი თვისებებისა, მაინც პოზიტიურ ემოციებს აღძრავს მაყურებელში. სამსახიობო ოსტატობის სიმაღლეზე დგას კახა ბერიძე, რომელიც სპექტაკლში ვილის მეზობლის, ჩარლის როლს ასრულებს. მას მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი აქვს სპექტაკლში, ამის მიუხედავად, თვალნათლივ წარმოაჩენს გმირის ხასიათს მთლიანობაში, ამ პერსონაჟის შინაგანი განცდების დრამატურგიას. მისი გარეგნობა მატყუარაა (კოსტიუმითა და გრიმითაც მსახიობი დაშორდა თავის რეალურ ამპლუას), ბუზღუნა და მდიდარი მოხუცი სინამდვილეში სიკეთით სავსე პერსონაჟია, რომელიც მთელი ცხოვრება ეხმარება ვილის და უხანგრძლივებს პარალელური სამყაროს არსებობის შეგრძნებას. საინტერესო სახეები შექმნეს სპექტაკლში მერაბ ჭანკოტაძემ, ზვიად მაღალაშვილმა, ლევან ჯამბრიშვილმა, თეკლა მარჯანიშვილმა, ნათია ოთინაშვილმა.

სპექტაკლის სცენოგრაფმა თამარ გურგენიძემ დეკორაცია ერთდროულად პირობითად და რეალისტურად გადაწყვიტა. სცენაზე რამდენიმე ოთახის კარია, მათ შორის კედლები არ არის აღმართული, ამიტომ მაყურებელი წარმოსახვით იოლად ხვდება, რომ მოქმედება სხვადასხვა სივრცეში მიმდინარეობს. ამ პრინციპს არც მსახიობები არღვევენ და დიალოგისას ოთახიდან ოთახში შესაბამისად, ოდნავ აწეული ხმის ტონით წარმართავენ. ფერადი და დიზაინით განსხვავებული ოთახთა კარები ამ სახლის მაცხოვრებელთა განსხვავებულ მსოფლმხედველობას გამოხატავს. ხასიათების შესაბამისად შერჩეული კოსტიუმები მხატვრის სათეატრო აზროვნების მასშტაბსა და ღრმა ცოდნას უსვამს ხაზს.სანამ ყველა კარი და დარაბა ჩაირაზება

სოსო ნემსაძე მეტაფორული ენით მოსაუბრე რეჟისორადაც გვევლინება. ამ მხრივ გამორჩეულია ორი მეტაფორა: - დარაბა და მანქანა, რომელიც, როგორც დეკორაციის ნაწილი სოფიტებს ზემოთ არის ჩამოკიდებული. სპექტაკლის მსვლელობისას ისინი სცენოგრაფიის ყველაზე სტატიკურ ნაწილს წარმოადგენენ, ხოლო ფინალში მხატვრულ დატვირთვას იძენენ, მთავარი გმირის ცხოვრების და სულიერი მდგომარეობის გამომხატველ ნაწილებად იქცევიან. ვილის გარდაცვალებისას დარაბა, როგორც ფანჯარა მისი ცხოვრებისა, იკეტება და ასევე ფინალში ინთება მანქანის შუქებიც, როგორც ვილის სიკვდილთან მიახლოების მეტაფორა, რომელიც გმირს გზას უკვე საიქიოში უნათებს. 

სოსო ნემსაძის სპექტაკლში ერთი კონკრეტული ოჯახის მაგალითზე თამაშდება ის რთული, წინააღმდეგობებით, გაუგებრობებით, არაკომუნიკაბელურობით გამოწვეული რეალობა, რომელიც ზოგადად დგას ოჯახსა და სახელმწიფოში. თუკი ვილის ოჯახს მოვიაზრებთ, როგორც სახელმწიფოს პატარა მოდელს და გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ ზოგჯერ მთავარი პრობლემა ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაციის დაფიციტშია. ვილის მიერ ერთხელ დაშვებული შეცდომა საბედისწერო აღმოჩნდება ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის დეფიციტის გასაჩენად, იმედების გასაცრუებლად და სასოწარსაკვეთად. ამ დროს კი გამოსავალი რეალობის მძაფრი შეგრძნებაა და არა მისგან გაქცევა, როგორც ვილის შემთხვევაში, რომელიც თვითმკვლელობით ასრულებს ცხოვრებას. რეჟისორიც ყველა კარს კეტავს და მიგვანიშნებს, რომ ასეთ შემთხვევაში გამოსავალი აღარ არსებობს! ამიტომაც, დროზე უნდა ვეცადოთ სიტუაციაში კარგად გარკვევას, სანამ ყველა კარი და დარაბა ჩაირაზება. 


უკან დაბრუნება