Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
„საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები“
„საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები“23-12-2015, 13:46 |
თავისუფალი თეატრი არასოდეს ერიდებოდა თამამ და პროვოკაციულ წარმოდგენებს. ეს იყო თეტრი, რომელმაც დაარსების დღიდან დაიწყო ბრძოლა იმ პერიოდის ქართული რეალობის შესაცვლელად. დროთა განმავლობაში ის ჩამოყალიბდა მკაფიოდ გამოხატულ სოციალურ-პოლიტიკურ თეატრად, სადაც სიახლისა და თამამი ექსპერიმენტებისათვის კარი ყოველთვის ღია იყო. პირველივე სპექტაკლებიდან („კომედიანტები“, „ჯინსების თაობა“, „პროვოკაცია“) თეატრმა ერთის მხრივ, გამოკვეთა საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია და მეორეს მხრივ, ღიად დაუპირისპირდა დრომოჭმულ, პოლიტიკურ იდეოლოგიას. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების ცვლის მიუხედავად, თეატრს არასდროს შეუცვლია ძირითადი ორიენტირები და ის მუდამ რჩებოდა არსებული მმართველი ძალის ოპონენტად. თავისუფალი თეატრი დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეატრი საქართველოში, ბევრს დაობენ, თუ რა განაპირობებს ამას. აზრთა სხვადასხვაობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ თეატრის აქტუალობას. სიახლისადმი სწრაფვა ცხადია, ცალსახად არ განაპირობებს ნამუშევრის მაღალმხატვრულ დონეს და შესაბამისად, თავისუფალი თეატრის რეპერტუარშიც გვხვდებოდა და გვხვდება წარმატებული და წარუმატებელი დადგმები, მაგრამ ერთი რამ ცალსახაა, ეს არის თეატრი, რომელიც არ უფრთხის კლიშეებისა და სტეროტიპების დაუფარავ რღვევას, მუდამ ცდილობს ახალი გამომსახველობითი ფორმების ძიებასა, გრძნობს და განიცდის დროს და კონკრეტული დროის ყველაზე მწვავე და მტკივნეულ თემებზე საუბრობს. ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი „საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები“ თავისუფალი თეატრის კიდევ ერთი თამამი ექსპერიმენტია. სპექტაკლი მთლიანად ეფუძნება 1976 წელს იტალიელი რეჟისორის, ეტორე სკოლას ამავე სახელწოდების ფილმს. ინსცენირების ავტორია დრამატურგი ლილე შენგელია. ეს არ არის ერთადერთი და უნიკალური შემთხვევა აღნიშნული თეატრის სცენაზე. მაყურებელს არაერთი დადგმა უნახავს თავისუფალ თეატრში, რომელიც სწორედ კინო ვერსიის სცენურ გარდასახვას წარმოადგენს.(„ძმები“, „მექანიკური ფორთოხალი“, „ხომ ხოცავენ ქანგაწყვეტილ ცხენებს“). თუმცა მსგავსი ტიპის ტენდენცია სცდება მხოლოდ თავისუფალი თეატრის არეალს და ზოგადად, დამახასიათებელ ნიშან-თვისებად იქცა თანამედროვე ქართული რეჟისურისთვის. ძნელია იმაზე საუბარი თუ კონკრეტულად რამ განაპირობა ეს, ან კატეგორიულად იმის მტკიცება, რამდენად კარგ ან უარყოფით ტენდენციასთან გვაქვს საქმე. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ უახლესი დრამატურგია რატომღაც ნაკლებად საინტრესო და აქტუალური აღმოჩნდა თანამედროვე ქართველი რეჟისორებისთვის და იქნებ ამიტომაც გაიტაცა ისინი კონო ვერსიების თეატრალიზებამ. სპექტაკლი „საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები“ ერთი შეხედვით მკაფიოდ გამოხატული სოციალური დრამაა. რეჟისორი უკიდურესი ნატურალისტური ფორმით ცდილობს წარმოგვიდგინოს ყოფიერებაში ჩაძირული ადამიანების ცნობიერების სიმახინჯე. სპექტაკლის მხატვარი თამარ ჭავჭანიძე ქმნის სიდუხჭირეში მცხოვრები ოჯახის საოცრად რეალისტურ დეკორაციას. ნივთები, საგნები, პერსონაჟთა ჩაცმულობა იმდენად შემზარავ ატმოსფერში გხვევს, რომ თითქოს დარბაზში მჯდომი ამ სიბინძურიდან და უწესრიგობიდან წამოსული, შმორის მძაფრი სურნელის ილუზიაში ეხვევი. სცენაზეა ოჯახი, სადაც მაყურებელი ხედავს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ და ამავე დროს საოცრად ერთნაირ ადამიანებს, ისინი განსხვავდებიან ასაკით, სქესით, ორიენტაციით, მაგრამ საერთო აქვთ მთავარი- ბრძოლა არსებობისათვის. რეჟისორი ისეთ მტკივნეულ თემებს ეხება, როგორიცაა სექსუალური უმცირესობების უფლებები, ძალადობა ოჯახში თუ მის გარეთ,უმოტივაციო და უპერსპექტივო ახალგაზრდები.ზღვარს გადასული, აღვირახსნილი ცხოვრების წესი, ადამიანებს შორის დაკარგული და წაშლილი ზნეობის განცდა. ის არ ცდილობს შეალამაზოს, ან თუნდაც დაიცვას რომელიმე მხარე, უბრალოდ, ღიად და დაუფარავად უჩვენებს მაყურებელს ჩვენი საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილის რეალურ ყოფას. პერსონაჟების მხატვრულ სახეებს რეჟისორი მთლიანად მოქმედებით გამოკვეთს. მინიმალიზებულია დიალოგები, გმირები შემოიფარგლებიან რეპლიკებითა და შეფასებებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სპექტაკლში დაკავებულ მსახიობთა დიდი ნაწილი არაპროფესიონალია და მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობლად მრავალრიცხოვანია სამსახიობო შემადგენლობა, რეჟისორი ახერხებს ყველა პერსონაჟის ინდივიდუალიზმის ჩვენებას. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თემურ გვალია, მაია ლომიძე, ტატო გელიაშვილი, სერგო საფარიანი, აშოტ სიმონიანი, რატი ყულოშვილი, პაპუნა ლებანიძე, თამთა ჩუმაშვილი, ნინა კალატოზიშვილი, ქეთი ტატიშვილი, თათა თავადიშვილი, გიორგი ჩაჩუა და სხვები. გამორჩეულ სახეს ქმნის ტატო გელიაშვილი. ის მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენაზეა, ზის სავარძელში და თამაშობს ბებიას, რომლის ერთი შეხედვით არავისთვის საინტერესო და უმნიშვნელო ბუტბუტი, სცენაზე გათამაშებულ მძიმე და ხშირად გულისამრევ სცენებს ირონიზირებულ სიმსუბუქეს სძენს. მინდა, ასევე გამოვყო მაია ლომიძის პერსონაჟი. ის ქმნის ერთგვარ კრებით სახე-სიმბოლოს, ცოლების, რომლებიც დაუსრულებელი ჩაგვრის, უპატივცემულობისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, ვერაფრით აღწევენ თავს ქმრებსა და ოჯახს. მსახიობი თითქოს თავადვე დასცინის მის მიერ განსახიერებულ გმირს, შეიძლება ითქვას გარკვეულ სიბრალულსაც განიცდის მის მიმართ. ეს არის ქალი, რომელიც ყოველი შეურაცხყოფის შემდეგ, შემოიფარგლება მხოლოდ თავგანწირული კივილით, მეზობლებთან გულის მოოხებით.ფიზიკურ ძალადობაზე ასევე ძალადობით პასუხობს ქმარს, მაგრამ რეალურად იმდენადაა შეგუებული არსებულ ყოფას, რომ, არც არასდროს უფიქრია მის შეცვლაზე. მსახიობი თემურ გვალია, ოჯახის თავს, მამას განასახიერებს, თუმცა მას არც პატივს სცემენ და არც უყვართ. ის გაუცხოებულია ოჯახის ყველა წევრთან, ხშირად სვამს კითხვას-„ეს ვინ არის?“, „შენ ვინ ხარ?“ მალავს ფულს, რომელზეც ნადირობს მთელი ოჯახი და საბოლოოდ მხოლოდ საკუთარი სურვილებისა და ვნებების დასაკმაყოფილებლად გადაწყვეტს მის გამოყენებას. ოჯახი მისთვის სრულიად მიღებელი და უცხო ადამიანებისგან შემდგარი სოციუმია. სპექტაკლის ყველა პერსონაჟი აღიქმება როგორც კრებითი სახე-სიმბოლო. შვილები, რომლებიც ზრდასრული ასაკის მიუხედავად ჯერ ისევ მშობლების კისერზე ცხოვრობენ, თავისი ცოლებით, შვილებით, პირადი პრობლემებით. რძლები, რომელთაგან უფროსს საკუთარი უნიათო ქმრისა და სამი მცირეწლოვანის რჩენა უწევს. ხოლო უმცროსი ჯერ ისევ ხორციელი ვნებებისა და სურვილების ტყვეა, ის საკუთარი ფლუიდებით არაერთგზის ხდება თავად ოჯახის წევრების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. შესაძლოა საკამათო და განსჯის საგანი გახდეს მოჭარბებული სიშიშვლე სცენაზე, რომელსაც რეჟისორი საკმაოდ დიდი დოზით წარმოგვიდგენს. ის აშიშვლებს პერსონაჟებს, როგორც ფიზიკურად ისე სულიერად. თუმცა ვულგარულობა, რომელსაც კონკრეტული კონტექსტი აქვს არ გაღიზიანებს. გარკვეულ სცენებში თითქოს მოქმედება დინამიკას კარგავს, ხშირად მეორდება ეპიზოდები და იქმნება განცდა, რომ რეჟისორი პრობლემის უტრირებას ახდენს. ასევე რთულია ცალსახად განისაზღვროს სპექტაკლის ფინალური სცენა. შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ პატარა გოგონას ოჯახიდან გაქცევით რეჟისორი პათეტიკური დასასრულისკენ გადაიხარა. ამგვარი ფინალი დამძიმებულ მაყურებელში იმედის განცდას აღვივებს. მთელი სპექტაკლის განმავლობაში რეჟისორი გვიმტკიცებს, რომ ადამიანთა ზნეობამ დიდი ხანია დაკარგა მნიშვნელობა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ტოვებს იმედს, რომ ჯერ კიდევ ცოცხლობს ჯანსაღი აზრი მომავლის სახით, რომელსაც მხოლოდ გაქცევის გზით შეუძლია თავის გადარჩენა. უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში 430 ათასი სოციალურად დაუცველი პირია. როგორი შემზარავიც უნდა იყოს სტატისტიკა და ციფრები, ჩვენ მაინც ვცდილობთ თვალი ავარიდოთ, წავუყრუოთ და არ შევიმჩნიოთ მათი არსებობა ჩვენ შორის... გასულ წელს, საოცარ მაშტაბებს მიაღწია არა თუ ოჯახში ძალადობის, არამედ ქმრებისა თუ მეგობარი მამაკაცების მიერ მოკლული ქალების რიცხვმა... ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენ გვყავს ქვეყანაში მოზარდები, რომლებიც ვერ ახერხებენ საშუალო განათლების მიღებას... ცივილური სამყარო დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ადამიანი სექსუალური ორიენტაციის გამო არ უნდა იჩაგრებოდეს, ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ ისევ უკიდურესად რადიკალურია, ამ საკითხის მიმართ. აღნიშნული და კიდევ სხვა უამრავი პრობლემა სახელმწიფო სისტემის უსუსურობის გამო არასამთავრობო სექტორის იმედზე დარჩენილი, ფიტავს და ანგრევს ჩვენს საზოგადოებას. ამ ყველაფრის მხატვრული ლუსტრაციაა ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი. დასასრულს, რეჟისორი სოციალურ დრამას ცალსახად პოლიტიკურ კონტექსტს სძენს, ერთ სასოწარკვეთილ, უიმედო,ამაზრზენ და ბოროტებაში ჩაძირულ ოჯახს მეორე ზუსტად მისი მსგავსი ესხმის თავს და ცდილობს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. ხელჩართული ბრძოლა საბოლოოდ კოჰაბიტაციით მთავრდება. სპექტაკლი იწყება და სრულდება სცენით: სივიწროვესა და უწესრიგობაში, პირდაპირ იატაკზე მიმოფანტული პერსონაჟები ღრამა და საფუძვლიან ძილს მისცემიან. ჩნდება განცდა, რომ ყველასთვის კარგად ნაცნობი, თითქმის საკრალური მნიშვნელობის ფრაზა-„როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?“- არასდროს ყოფილა ისეთი რიტორიკული, როგორც დღეს. ალეგორიულ ჩანაფიქრს რეჟისორი კიდევ უფრო მეტ ირონიას სძენს, როცა სცენიდან ისმის „საქართველოო ლამაზო-ს“ სევდიან- პატიოტული მელოდია. მინდა წარმატებები ვუსურვო რეჟისორს, სასიამოვნოა, როცა ახალგაზრდა ადამიანი გრძნობს თანამედროვეობის გამოწვევებს, არ აკეთებს გათვლას ეპატაჟზე და თამამ გადაწყვეტილებას კონკრეტულ მხატვრულ გამომსახველობით ფორმას უსადაგებს.
უკან დაბრუნება |