Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
„ტრამვაი სურვილი“ თუმანიშვილის თეატრის სცენაზე
„ტრამვაი სურვილი“ თუმანიშვილის თეატრის სცენაზე26-12-2015, 10:39 |
ტენესი უილიამსის პიესა „სურვილის ტრამვაი“, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ამერიკული დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ღირსშესანიშნავი ნაწარმოებია. ისიც არავისთვის იქნება ახალი თუ დავუმატებ, რომ ამ ავტორის ნაწარმოებებში ყველგან ვხვდებით დრამატურგის მძიმე, მაგრამ სისხლსავსე ცხოვრების დეტალებსა და ფრაგმენტებს - ლაურასა და ტომის ურთიერთობა „შუშის სამხეცეში“, ბლანშის ფსიქიატრიულ სავადმყოფოში მოთავსება (როგორც უილიამსის დის), ლოთი და ინვალიდი შვილები პიესებში „შუშის სამხეცე“ და „კატა გავარვარებულ თუნუქის სახურავზე“ სხვა არაფერია თუ არა მისი ავტობიოგრაფიული ჩანაწერების დრამატურგიული ვერსიები. ამავდროულად მისი პერსონაჟები სიმბოლურ დატვირთავს ღებულობენ, რადგან ისინი 50-იანი წლების ამერიკის ნამდვილი შვილები არიან. „ტრამვაი, რომელსაც სურვილი ჰქვია“ პერსონაჟები ერთგვარი სტერეოტიპებია და იმ ეპოქის დამახასიათებელ ხასიათებს წარმოადგენენ: სტენლი კოვალსკი ჩვეულებრივი პრიმიტივია, ცხოველური, უხეში, ეჭვიანი და ბოროტი, თითქმის ნული ინტელექტით. ბლანში - არისტოკრატულობის პრეტენზიით, ნერვიული, თითქოსდა შემთხვევით მოხვედრილი ამ მკაცრ სამყაროში. სტელა თავის უზრდელი, უხეში და „სალდაფონი“ ქმრის დამჯერი ცოლი. მიტჩიც იმდენად პრიმიტიულია, რომ არ ძალუძს ბლანშის რთული, ფსიქოლოგიურად დანგრეული ნატურის გაგება. შეიძლება ითქვას, რომ პიესის კონფლიქტი სამყაროს აღქმის უხეში მგრძნობიარობისა და არისტოკრატული ზემგრძნობიარობის შეჯახებაში მდგომარეობს. ტენესი უილიამსი წერდა: „ვიცი, როგორც დრამატურგი, თუ რამდენად ძველმოდური ვარ კლასიკური ფორმებისკენ ჩემს მისწრაფებაში, მაგრამ ამის გამო თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ფორმის უგულვებელყოფა თითქმის ყოველთვის არ აკმაყოფილებს მაყურებელს ისე, როგორც მე“. „ნუ მოვკლავთ მეოცნებე ადამიანს“! ეს არის ჩვენი სათქმელი - წერს დამდგმელი რეჟისორი, ქეთი დოლიძე ფესტივალის „საჩუქარი“ კატალოგში, რომლის დროსაც გაიმართა ამ სპექტაკლის პრემიერა. „„სურვილების ტრამვაი“, ტენესი უილიამსის ამ ფსიქოლოგიურმა შლაგერმა ჩემი ყურადღება მიიპყრო მისი სრულყოფილების გამო. ეს არის შეუძლებელი სიყვარულის ისტორია, შეუძლებელი სხვადასხვა ადამიანების ბედისა და მათი ტემპერამენტის სრული შეუსაბამობის გამო. იმის გამოც, რომ გადაულახავი ზღვარია პლებეური, უხამსობაში გადასული არსებობისა და ფაქიზი, დახვეწილი, ფანტაზიით აღსავსე ცხოვრებას შორის. არსებობის ასეთი, ორი სხვადასხვა ხერხის გამო - სტელა, არანაკლებ ძლიერი ნატურაა, ვიდრე პიესის სხვა გმირები. მიტჩი - ჩეხოვის ზოგიერთი გმირის მსგავსი უხერხემლო ადამიანია, რომელიც ამ თავბრუდამხვევ, „ცოდვიან“ გრძნობას ვერ უძლებს. ამ პიესაში ყველა გრძნობა გაშიშვლებულია, ოცნებების სასაფლაო შეგვიძლია ვუწოდოთ ამ ნაწარმოებს. ქალაქი, საზოგადოება ანადგურებს ინდივიდს და სასოწარკვეთილებამდე მისული ადამიანები სხვა განზომილებაში გადადიან. არარეალურ ყოფაში ეფლობიან. ტენესი უილიამსის ეს კლასიკური პიესა ყოველთვის დიდი გამოწვევაა მსახიობებისათვის და რეჟისორისთვის“ - აგრძელებს ქეთი დოლიძე, რომელიც არ შეუშინდა ამ გამოწვევას და ნოემბრის თვეში თუმანიშვილის თეატრის სცენაზე ვნახეთ სპექტაკლი „ტრამვაი სურვილი“. წარმოდგენისთვის მზადება რთულ წინასაფესტივალო დღეებში მიმდინარეობდა. საკვირველიც კია, როგორ შეძლო რეჟისორმა და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ქეთი დოლიძემ დრო გამოენახა რეპეტიციების ჩასატარებლად. ამის შედეგია, რომ დღეისათვის სპექტაკლი, როგორც პროფესიონალები იტყვიან ჯერ ვერ „გათამაშდა“ კიდეც - სულ მხოლოდ სამიოდე პრემიერაა გამართული. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შემოქმედებითი ჯგუფის დამსახურებაა, რომ თეატრის რეპერტუარს შეემატე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ძალიან სერიოზული ნამუშევარი, რომელიც უდაოდ წარამატებით სარგებლობს მაყურებელთა შორის და ამ თეატრის მთელი კოლექტივის კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა. მიუხედავად იმისა, რომ ავტორის მიერ პიესის ყველა პერსონაჟი ზუსტადაა აღწერილი და დახატული, მაინც უნდა ითქავს, რომ ამ სპექტაკლის თუ კინოვერსიის დამდგმელი თეატრისა და კინოს რეჟისორები მაინც აქცენტებს აკეთებდნენ მთავარი როლების შემსრულებლებზე და მათზე აგებდნენ პიესის განხორციელების კონცეფციას. ასე მაგალითად, ელია კაზანისთვის, რომელმაც „სურვილის ტრამვაი“ სპექტაკლადაც დადგა და ფილმიც გადაიღო, წინა პლანზე სტენლი - მარლონ ბრანდო გადმოიყვანა და ერთგვარად დაჩრდილა ბლანში - ვივიენ ლი, რომელმაც მოგვიანებით ამ როლში „ოსკარი“ მიიღო. გლენ ჯორდანის ტელეფილმში კი ჯესიკა ლანგი- ბლანში პირველობს. იგივე ხდება ვუდი ალენის ფილმში, სადაც ბლანშს ქეით ბლანშეტი ასახიერებს. რასაკვირველია კონცეფციის ასეთი ინტერპრეტაციები რეჟისორთა პრეროგატივაა და ვერც შეედავები. ქეთი დოლიძის მიერ დადგმული წარმოდგენა ბლანშის ტრაგედიის ამსახველია. რეჟისორი შეეცადა ეჩვენებიდა მარტოდმარტო დარჩენილი, სამსახურიდან დათხოვნილი და საკუთარ დასთან გადმოხვეწილი ქალის უკანასკნელი თავისუფალი დღეები ახალ ორლეანში, იქამდე ვიდრე მას ფსიქოლოგიურ კლინიკაში მოათავსებენ. რეჟისორმა ერთგვარად გადაუხვია ავტორისეულ რემარკებსა და ქვეტექსტებს და მაყურებელი მხოლოდ პიესის ფინალში ხვდება, რომ ბლანშს ფსიქიური პრობლემები გაუმძაფრდა ამ სახლში მოხვედრის შემდგომ. მთელი სპექტაკლის მსვლელობისას ბლანში ნინელი ჭანკვეტაძე ჯანმრთელი, მოვლენათა ადექვატურად აღმქმელი პიროვნებაა, მაგრამ საკუთარი უცნაურობებით, ხანდახან ჭირვეულობით, საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მყოფი. მისთვის სრულიად უცხო და გაუგებარ გარემოში მოხვედრამ მძიმე კვალი დაასვა მის ფსიქიკურ მდგომარეობას. სტენლის მიერ მასზე ძალადობა კი ის უკანასკნელი მუხტი აღმოჩნდა, რამაც საბოლოოდ დაანგრია მისი ფსიქიკა. ბლანშ დიბუას ჩამოსვლა ახალ-ორლეანში საზეიმო, ემოციურია, რომელიც სიხარულის მომტანი უნდა იყოს ამ სახლის მცხოვრებთათვის - დისა და სიძისთვის. მის ჩაცმულობაში იგრძნობა „ელიტარული“ ქალის პრეტენზიულობა, ხაზგასმული ელეგენტურობა და თუ გნებავთ ფუფუნების პრეტენზია - გარეგნულად მაინც. თავზე ძვირფასი შლაპა, რომელიც ასე ძალიან მოსწონს მის დას სტელას, ლამაზი ვარცხნილობა ხაზს უსვამს მის კეკლუც ხასიათს. ბლანშის (ნ. ჭანკვეტაძე) და სტელას (ი. გიუნაშვილი) შეხვედრა ძალიან ემოციურია და აქვე, მათ ჩაცმულობაში (კოსტუმების მხატვრები: ლალი ბადრიძე, მარიამ ქორიძე) უკვე იკვეთება დების ხასიათთა განსხვავება: ბლანში ყოველთვის სადღესასწაულო ჩაცმულობაშია, თითქოს საზეიმოდ გამოწყობილი, სტელა კი მოკრძალებული თეთრი პერანგით და შავი ქვედაბოლოთი. მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე ერთგულად მიჰყვება რეჟისორის მიერ შემოთავაზებულ სქემა-მიმართულებას და წარმოგვიდგენს ინტელიგენ, ფსევდოარისტოკრატ ქალბატონს, რომელიც საზოგადოების თვალების ასახვევად, ყალბი სამკაულებით, სხვადასხვა ფერის ჩაცმულობებით და იმიტირებული ბეწვეულით იწონებს თავს. ის ამავდრულიად ნაზი ადამიანია. ვერ იტანს უხეშობას, ხმაურს. ამ მხრივ კი ეს ორსართულიანი სახლი გამორჩეულია. სტელასა და სტენლის საცხოვრობელი ხმაურის, აურზაურისა და მეუღლეთა მუდმივი დაპირისპირების ადგილია. აქ ნამდვილი, ახალ-ორლეანური ცხოვრება სჩქეფს: გამუდმებითი ჯაზური მუსიკით (მუსიკალური გაფორმება ანი მურღულია), პოკერის თამაშით, ლოთობით, ერთმანეთთან დაპირისპირებით, გაწევ-გამოწევით, აურ-ზაურით და შემდგომ მეგობრების თუ ცოლ-ქმრების შერიგებით. სპექტაკლის მხატვარმა (მამუკა ტყეშელაშვილი) სასიამოვნო სათამაშა გარემო შექმნა. დეკორაცია და თითქმის ყველა აქსესუარი ერთ ფერშია გადაწყვეტილი და მხოლოდ აქა-იქ ბლანშის ჭრელა-ჭრულა მოსასხამები და შარფები თუ არღვევს ამ „ერთფეროვან იდილიას“. გარემო ნაცრისფერია, უღიმღამო, უფერო, ისევე როგორც სახლის პატრონის სტელას ცხოვრება. ორსართულიანი სახლის მიღმა შემინული კაფეა, სადაც ხშირად თავს იყრის ახალგაზრდობა, რომელიც ჯაზის მელოდიით ტკბება და საცეკვაო საღამოებს ატარებს. იქიდან დაბრუნებულ, გალეშილ სტენლის ძალიან აღიზიანებს მის სახლში „შემოჭრილი, უმადური არისტოკრატი“, რომელიც მის ვისკის მიირთმევს და მისი აბაზანით სარგებლობს. კონფლიქტი ამ ორ, სრულიად განსხვავებულ პიროვნებათა შორის გარდაუვალია. ნინელი ჭანკვეტაძის ბლანში მხოლოდ მიტჩთან (თემურ გვალია) თუ გრძნობს თავს მშვიდად და ბედნიერად, მაგრამ ეს წუთებიც დროებითია და ხანმოკლე. მიტჩი ფიზიკურად ძლიერი მაგრამ სულიერად სუსტი აღმოჩნდა. მას არ შესწევს უნარი ბლანშის ხსნა-გადარჩენისთვის. თემურ გვალიას პერსონაჟი ადვილად მოექცა მეგობრის გავლენის ქვეშ, ვერ დაარღვია გამეფებული სტერეოტიპები, ვერ შეებრძოლა გარემოს, რომელმაც ბლანში გაწირა და ფსიქიატრიულ სავადმყოფოში გამოკეტა. ნიშანდობლივი და ამაღელვებელია საფინალო სცენა, როდესაც ბლანშის წასაყვანად ექიმი მოვა: ბლანში - ნ. ჭანკვეტაძე ჯერ ვერ ხვდება რატომ მოაკითხეს, თითქოს სხვაში ერევა ექიმი, მაგრამ მალე ხვდება რაც ელის. ამ დროს კი მას გარს არტყია ის საზოგადოება, რომელიც სრულიად გულგრილად, პასიურად და ერთგვარად ნიშნის მოგებითც კი ხვდება ამ ფაქტს, საზოგადოება, რომელმაც იგი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. სტენლი (იმედა არაბული, ვანო დუგლაძე) თავისთავად ძალიან ტრაგიკული პიროვნებაა. ყველაფერმა იმან, რაც გადაიტანა იგი ტირანად, მოძალადედ აქცია. ამიტომაა იგი ასეთი ნერვიული, უხეში, მტარვალი საკუთარი ცოლის მიმართაც კი და თავისათავად გასაგებია რატომ ვერ შეეგუება იგი ბლანშის ამ სახლში დარჩენას. ნატურით რეალისტი, წარსული ცხოვრებით გატანჯული სტენლი ვერ გადაიტანს ბლანშის მოჩვენებით სიმშვიდეს, რაფინირებულობასა თუ პოზიტიურობას. იგი იმდენად ვერ იტანს ცოლის დას, რომ მის პირად ცხოვრებაშიც კი ერევა და მომავალს უნგრევს, ჩაუშლის ქორწინებას. არაბულისა და დუგლაძის სტენლი ერთნაირად უხეშები არიან, ერთნაირად ძალადობენ ბლანშზე, ერთნაირად უყვირიან და სცემენ სტელას. იმედა არაბულის სტენლი უფრო ცინიკოსია ვიდრე დუგლაძის პერსონაჟი, უფრო მეტად თავდაჯერებულია. სტელა - ირინა გიუნაშვილი დამჯერი და მოსიყვარულე მეუღლეა, იძულებულია ბევრი რამ აიტანოს რადგან უყვარს სტენლი და ოჯახის დანგრევა არ სურს, მითუმეტეს რომ ბავშვს ელოდება, მაგრამ აქ მომხდარი მოვლენები მაინც სამუდამო კვალს დატოვებს მის ცხოვრებაში. ბლანშ დიბუა წაიყვანეს - კარტის თამაში გრძელდება, მიტჩიც ისევ არიგებს კარტს, ისევ ისმის მატარებლის ხმაური და ჯაზური მუსიკა.
უკან დაბრუნება |