Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > გამოხმაურება კულტურის ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე
გამოხმაურება კულტურის ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე

გამოხმაურება კულტურის ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე


22-06-2016, 11:58

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა კულტურის ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი, სადაც განსაზღვრა საკუთარი ხედვა, მიზნები და ამოცანები, რომელთა განხორციელებისა და გაანალიზების გზით ხელი უნდა შეეწყოს კულტურის სხვადასხვა სფეროს განვითარებასა და პოპულარიზებას. აღნიშნული დოკუმენტის შექმნის აუცილებლობა განაპირობა, კულტურის სფეროში  ერთიანი ხედვის არქონამ.

დოკუმენტი საჯაროა და ითვალისწინებს საზოგადოების ფართო მასის ჩართულობას სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ცხადია აქ იგულისხმება, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორი, უშუალოდ ხელოვნების სფეროში მოღვაწე ცალკეული პიროვნებები თუ ორგანიზაციები. გამომდინარე აქედან, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ გვეწარმოებინა, მცირე გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, თეტრმცოდნეებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა და თანამედროვე თეატრის მკვლევარებმა.

უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მოცულობით დოკუმენტში  არაადექვატურად მცირეა ინფორმაცია სადადგმო ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებაზე:

 

„ეროვნული დრამატურგიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, დრამატურგებისა და თეატრების წახალისების გზით;

  რეგიონებში არსებული თეატრებისა და დასების განვითარების ხელშეწყობა;

  სადადგმო და სანახაობით ხელოვნებაში საკანონმდებლო-მარეგულირებელი ჩარჩოს

სრულყოფა;

  სადადგმო და სანახაობითი ხელოვნების სფეროს განვითარების მიზნით პროფესიული

კრიტიკისა და კვლევების განვითარების მხარდაჭერა, საარქივო ფონდის დაცვა-გამდიდრება;

  ახალგაზრდა თაობაში სადადგმო და სანახაობითი ხელოვნების სფეროსადმი ინტერესის გაღვივებისა და აუდიტორიის განვითარების ხელშეწყობა (სკოლებში სააბონემენტო სისტემის დანერგვის  მხარდაჭერა,  სამოყვარულო-შემოქმედებით  კოლექტივებში  მონაწილეობის ხელშეწყობა);

  სადადგმო და სანახაობითი ხელოვნების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების განვითარება და მათი  საერთაშორისო  სივრცეში  ინტეგრაციის  ხელშეწყობა,  ქვეყნის  იმიჯისა  და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვან შიდა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის, გასტროლების მხარდაჭერით;“

 

ჩატარებული გამოკითხვის მთავარი მიზანი იყო  გაგვეგო, თუ რამდენად იყვნენ ჩართული დოკუმენტის შემუშავების პროცესში თეატრის კრიტიკოსები და მკვლევარები. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს: ლელა ოჩიაურმა, მაკა ვასაძემ, ლაშა ჩხარტიშვილმა, თამარ ცაგარელმა, თეა კახიანმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა, მარიამ ჩუბინიძემ, გვანცა გულიაშვილმა, მანანა ტურიაშვილმა. ასევე, შევეცადეთ უშუალოდ მათგან მოგვესმინა პროფესიული მოსაზრებები, თუ რა პრობლემებსა და წინააღმდეგობებს ვაწყდებით თანამედროვე თეატრალურ კრიტიკაში და როგორია ამ პრობლემების დაძლევის ხედვა.

აღმოჩნდა, რომ აქტიურად, მხოლოდ ფიქრია ყუშიტაშვილი იღებდა მონაწილეობას კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაში, როგორც თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი. ნაწილობრივ იყვნენ ჩართულები მაკა ვასაძე, რომელიც ორჯერ დაესწრო სამუშაო შეხვედრას და ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც ასევე აწვდიდა სამუშაო ჯგუფს, კვლევებსა და რეკომენდაციებს.  გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის  შემუშავების პროცესზე და აღნიშნულ დოკუმენტს არ იცნობს. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს არ იცნობენ ისინიც ვინც ნაწილობრივ ჩართული იყო პროცესში.

 

ზოგადად მედიის ინტერესიც  პროფესიული, კვალიფიციური კრიტიკის  მიმართ, შეიძლება ითქვას, ძალიან მცირეა. გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ მედიის  ჩართულობა, იქნება ეს ტელე, რადიო თუ ბეჭდური გამოცემა უფრო მაღალი უნდა იყოს, რაც ერთი მხრივ, თავად სათეატრო ხელოვნების და მეორე მხრივ, კრიტიკის განვითარებასა და მის მიმართ ინტერესის გაზრდას შეუწყობდა ხელს. ასევე აღსანიშნავია ფაქტი, რომელიც ვფიქრობთ საშიშ დინამიკას იძენს დროსთან ერთად, ახალგაზრდებს სულ უფრო ნაკლებად უჩნდებათ აღნიშნულ სფეროში სწავლის და დარჩენის სურვილი, რადგან მათთვის არ არსებობს ელემენტარული მოტივაცია.  მოტივაციას, თავის მხრივ, განაპირობებს არა მხოლოდ სურვილი, არამედ მატერიალური ინტერესი, პროფესიული განვითარების პერპექტივა, რასაც თანამედროვე ახალგაზრდები აღნიშნულ სფეროში სამწუხაროდ, მაგრამ აბსოლუტურად ობიექტურად ვეღარ ხედავენ.

 

სახელმწიფოს მხრიდან თეატრმცოდნეობის, როგორც უკეთესი ქართული თეატრის განმსაზღვრელი, უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარებაზე ზრუნვა ვთვლით, რომ უნდა წარმოადგენდეს პრიორიტეტს, ეს კი უმთავრესად მატერიალური თვალსაზრისით მის ხელშეწყობას, ყოველთვიური პერიოდიკის გამოცემას, საერთაშორისო, თუ ლოკალური ხასიათის კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების ჩატარებაში ხელშეწყობას, კვლევების წარმოების და პროფესიული ლიტერატურის თარგმნის დაფინანსებას გულისხმობს. შეუძლებელია ამ ტიპის მხარდაჭერის გაერეშე დარგმა შეძლოს არსებობა და განვითარება.

უნდა ითქვას, რომ კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტში წარმოდგენილი ერთი აბზაცი, რომელიც უშუალოდ თეატრალური კრიტიკის განვითარებისათვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, თავისი მაშტაბით სამინისტროს მხრიდან რეალურად ამ დარგით დაინტერესების პირდაპირ პროპორციულია.

აღნიშნული წერილით, რომელსაც მცირე, მაგრამ ჩვენი აზრით მრავლისმთქმელი გამოკითხვა უდევს საფუძვლად,  ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცადეთ გამოგვეთქვა საკუთარი აზრი, დაგვედასტურებინა მზაობა აქტიური თანამშრომლობისა, მიგვეწვდინა ხმა სამინისტროსთვის, რომელიც ვალდებულია გამოყოს, როგორც ინტელექტუალური ისე მატერიალური რესურსი და გაითვალისწინოს თანამედროვე ქართული თეატრალური კრიტიკის ხვალინდელი დღე.

 


უკან დაბრუნება