Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > ჩემი ფემინური თეატრალური ფესტივალი
ჩემი ფემინური თეატრალური ფესტივალი

ჩემი ფემინური თეატრალური ფესტივალი


25-10-2016, 20:05

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამა წელს სამაგალითოდ კონცეპტუალური იყო. ორგანიზატორებმა მოიფიქრეს და გაიაზრეს საფესტივალო პროგრამის ძირითადი თემა. რამაც განსაზღვრა თუ რა ნიშნით იყო სხვადასხვა სპექტაკლი საფესტივალო პროგრამაში. ეს კი სიახლეა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია განვითარების და სრულყოფილებისაკენ, რომლისაც გვჯერა, რომელიც გვიზიდავს და მოქმედების სტიმულს გვაძლევს. ფესტივალი, როგორც შერჩეული სპექტაკლების და მათი მაყურებლის მასპინძელი, გვთავაზობს ეპიცენტრს, ფიქრისთვის, დისკუსიისთვის, ზოგჯერ სტიმულს თუ ინსპირაციას  თვითგამოხატვის გზაზე.

წლევანდელი საფესტივალო ამბის ცენტრალური ფიგურა ადამიანი გახდა.  გამიზნულმა თემატურობამ გაღიზიანების გარეშე მიმართა მაყურებლის გონება  ადამიანური არსებობის ამაოების, უსუსურობის და დიდებულების გააზრებისკენ. ფესტივალმა შეძლო თითოეული სპექტაკლი თავისი ნარატივის ნაწილად ექცია,  ვარსკვლავები თანავარსკვლავედებად შეეკრა.  ცხადია  ამ ფართო სპექტრში ჩვენი ხედვის კუთხე მხოლოდ კონკრეტულ დიაპაზონზე ვრცელდება.  რამდენიმე სპექტაკლით შექმნილი ჩემეული საფესტივალო ამბავი ქალის სურნელით არის გაჟღენთილი. ოღონდ არა ისეთით თვალის დახუჭვისას რომ გაგახსენდებათ.

„დახ დოთერზ ბენდის“ წარმოდგენით ჩემთვის თანამედროვე ქალის ამბავი დაიწყო. ეს ბენდი უკრაინაში ჩამოყალიბდა 2012 წელს, როგორც  კიევის „დახ თეატრის“ პროდუქტი. პირველად მაყურებელის წინაშე პარიზში გამართულ პერფორმანსზე გამოჩნდა და  ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა. შვიდი ახალგაზრდა მსახიობი ქალი, ვლადისლავ ტროიცკის რეჟისურით, ქმნის ჩვენს კულტურულ მეხსიერებაში არსებული ვიზუალურ-სტერეოტიპული იმიჯების რიგს, რაც მათსავე შიგთავსთან კონტრაპუნქტულია. დოთერსები სხვადასხვა ხასიათის თანამედროვე ქალის პორტრეტებს ქმნიან, უკრავენ მრავალი სახეობის ინსტრუმენტზე და ამავდოულად მღერიან სხვადასხვა სტილისა და მიმდინარეობის მუსიკალურ ჟანრში. რამდენიმე მუსიკალური კომპოზიციით აწყობილი სანახაობისთვის  რთული და არაფრისმომცემია ზუსტი ჟანრობრივი განსაზღვრების მოძებნა. მსახიობებმა  საკუთარ პროდუქტს „ფრიკ კაბარე“ დაარქვეს. ეს სახელი ნაწილობრივ აღწერს მათი სპექტაკლის ესთეტიკას. ის გულისხმობს სერიოზულისა და არასაერიოზულის, ოხუნჯობამდე მისული დამოკიდებულებების ერთობლიობას. შექმნილი ატმოსფერო გაგრძნობინებს  ყველაზე თანამედროვე გარემოს, რომელშიც ადამიანის თვითგამოხატვა მხოლოდ ამ გზით ხდება დამაჯერებელი. მართალი არიან პოსტმოდერნისტები, როდესაც ენის დაშლასა და დანაწევრებაზე საუბრობენ.  ვერც ჩვენს მგრძნობელობას გამოეპარება თუ როგორ ჭრის ყურს სერიოზული მსჯელობა ნებისმიერ თემაზე. ირონიული დამოკიდებულებაც ყველაფრის და ყველას მიმართ ვეღარ იპყრობს ჩვენს გულისყურს. ერთადერთი გამოსავალი სერიოზულისა და არასერიოზულის ზღვარზე ყოფნაა, ნიღბებს შორის არსებული სივრცის აღმოჩენა და გაფართოებაა. ეს არის ახალი ადამიანის სამკვიდრო.  „დახ დოთერზ ბენდის“  წარმოდგენა „ვარდები“გაგაცნობს ამ გარემოში დაბადებულ დღევანდელ ქალს, რომლის სასიცოცხლო ენერგეტიკა სწორედ დღეს  თავის  კულმინაციას აღწევს. მულტიკულტურული სივრცე, კროსჟანრული და სტილური მრავალფეროვნება, ტექსტებისა და რიტმების მოულოდნელი კოლაჟები, სულისშემძვრელი ციტატები სხვადასხვა ენებზე. სხვადასხვა ინსტრუმენტებზე.   და არავითარი კეკლუცობა.

ვფიქრობ, რომ წლევანდელ ფესტივალზე კიდევ ერთხელ გააქტიურდა თანამედროვე თეატრალური ენის საკითხი. რას ენიჭება პრიორიტეტი და როგორი ხერხებით ელაპარაკება  თანამედროვე თეატრი მაყურებელს.  ადვილი შესამჩნევია, რომ სულ უფრო ძლიერდება ფიზიკური და მუსიკალური გამომსახველობა. ის რაც ლინგვისტური ენის მიღმაა. სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე დახ დოთერსების მაგალითიც იმას ამტკიცებს, რომ ადამიანებს  ერთმანეთთან ურთიერთობისთვის ენა (ტრადიციული გაგებით) სულ უფრო ნაკლებად სჭირდებათ. მკვეთრად სპეციფიური უკრაინული ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკალური რიტმების ნაზავის ფონზე ფრანგული, ინგლისური, გერმანული და უკრაინული სიმღერებისა თუ რეჩიტატივების ტექსტებიც აბსოლუტურად გასაგები ხდება.  პირველ რიგში პერფორმერების მიერ შექმნილი ენერგეტიკული ნაკადების, წარმოდგენის ვიდეო-ვიზუალური კოლაჟების შედეგად. წარმოდგენა ზემოქმედებს აღქმის სხვადასხვა ორგანოებზე და არ არის კონცენტრირებული რომელიმე მათგანზე.  ეს გოგონები მკვეთრი ინდივიდუალობით გამოირჩევიან და ძლიერი პიროვნებისათვის დამახასიათებელი შინაგანი თავისუფლებით ასხივებენ. მიკრო ისტორიებად წამღერებული მონოლოგები, უკრაინული კლასიკური პოეზიისა და შექსპირის სონეტების გამოყენებით,  გვიხატავს ქალის მასშტაბურ პორტრეტს. მას აღარ ეშინია წარსული შეცდომების, სისუსტეების, დაუნდობლობის რომელიც მის მიმართ გამოიჩინეს და იმისიც, რაც თვითონ გამოიჩინა სხვების მიმართ.ჩემი ფემინური თეატრალური ფესტივალი

თითქოს დღევანდელი ქალი  თავისი შესაძლებლობებით  გავს დედოფალს ჭადრაკის დაფიდან, რომელსაც სურს თამაში მისი სიკვდილისთანავე მთავრდებოდეს. ეს არ არის ფემინისტური მოძრაობებით თავსმოხვეული ამპარტავნული სურვილები.  უფრო ფართო სოციალური ძვრების ორგანული გამოვლინებაა, პატრიარქალური საზოგადოების დასასრულზე რომ მიგვანიშნებს.  ამიტომაც გრეგოჟ ბრალის „ალუბლის ბაღის პორტრეტებში“ რანევსკაიას უმოქმედობა და ამით ალუბლის ბაღის დაკარგვა თითქოს ძველი სამყაროსგან, კულტურისგან გათავისუფლებას ნიშნავს. ამ რაკურსიდან ძალიან ლოგიკური ჩანს ტრადიციული,  მოგონებებით სავსე მამულისა და ლოპახინის გაერთიანება და რანევსკაიასგან მათი დისტანცირება. გრეგოჟ ბრალი, „თხის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, დგამს ჩეხოვის პიესის მხოლოდ მესამე მოქმედებას, როგორც ნადიმს, კარნავალს კატასტროფის წინ. აღნიშნავს ცვლილებას, რომელიც არავინ იცის რას მოიტანს მომავალში. წარმოდგენას მთლიანად მუსიკალური ინტონაცია განსაზღვრავს. ამ გამორჩეული პოლონური თეატრის განსაკუთრებული სტილი, მუსიკის, მოძრაობისა და ენერგიის ერთიანობაზეა დაფუძნებული. თბილისის თეატრალური ფესტივალის პროგრამაში, ორი წლის წინ ამავე კომპანიის  „ლირის სიმღერები“ იყო წარმოდგენილი, რომლის უნიკალურმა საშემსრულებლო ტექნიკამ  განსაკუთრებული ადგილი იპოვა ქართველი მაყურებლის თეატრალურ მეხსიერებაში. ალბათ ამიტომაც, „ალუბლის ბაღის პორტრეტების“  მიუზიკლთან მიახლოებული ტონალობა (კომპოზიტორები გაი პირსონი, მაჩიეი რიხლი) ვერ აღმოჩნდა ამ კომპანიის მიმართ არსებული მოლოდინის შესატყვისი.  თუმცა რეჟისორმა აღნიშნა, რომ ის მუშაობს შექსპირის „ჰამლეტზე“, რომელშიც ქართული პოლიფონური ნაწარმოებები იქნება გამოყენებული. ეს კი ჩვენთვის ძალიან იმედისმომცემად და დამაინტრიგებლად ჟღერს.

თანამედროვე თეატრალური ენის არავერბალურ ხასიათს თბილისის თეატრალური ფესტივალის წლევანდელი პროგრამა მნიშვნელოვნად უსვამს ხაზს. მასში წარმოდგენილი სპექტაკლების უმრავლესობა ტექსტზე არ იყო დაფუძნებული. როგორც აღვნიშნეთ,  პრიორიტეტი ფიზიკურ და მუსიკალურ თეატრს ერგო. „მხედრებსა და ბაჭენებულ ცხენებზე“  ბრიტანული თანამედროვე ხელოვნების ცენტრის „სთილ ჰაუზის“ ქორეოგრაფიული წარმოდგენა,  ღია ცის ქვეშ, ურბანულ სივრცეში გაიმართა. რეჟისორისა და ქორეოგრაფის დენ კანჰემის ჩანაფიქრი ღიად უპრეტენზიოა და ექვსი ქალი მოცეკვავის და მუსიკალური ბენდის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის გართობის ფარგლებს არ სცდება.   რეჟისორს  ბევრი არ უფიქრია იმაზე, რომ  მაყურებელი შესაძლოა გართობის სხვა მეთოდებს ანიჭებდეს უპირატესობას. და  უკეთესად მოძრაობდეს შინაურულ წვეულებებზეც კი...     წლევანდელი საფესტივალო პროგრამით კიდევ ორი ქორეოგრაფიული წარმოდგენა გაიმართა: ადიტი მანგალდასის ცეკვის კომპანია - დრიშტიკონის ცეკვის ფონდი,  სპექტაკლით „შიგნიდან“ და ნორვეგიული თეატრალური კომპანიის  თანამედროვე ცეკვა „წყლად გადაიქეცი“ კარი ჰოას ქორეოგრაფიით. სამწუხაროდ ამ დადგმებზე ვერაფერს ვიტყვი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ მქონდა მათი ნახვის ბედნიერება.

დიდი ხანია მაქვს განცდა, რომ ცხოვრებაც და ხელოვნებაც საწყისებს უბრუნდება, დროს სადაც არ არსებობს წესები და მათი ათასნაირი კომენტარები. ტექნოლოგიებით ამოვსებულ სინამდვილეში,  ციფრული ურთიერთობის ფორმებსა და კულტურას ყოველ წამიერად ვსწავლობთ, ვხვეწთ და ვიდრე ძველი კულტურიდან  ამ ახალ კულტურაში შევაბიჯებთ თავს სასტარტო მდგომარეობაში ვგრძნობთ. არ ვაჭარბებთ და არ გვეჩვენება, ჩვენს წინაშე თვალუწვდენელი, უსასრულო ჰიპერტექსტების ველია.  მისი მომხმარებლის სიხარბე ცვლის დროის აღქმას და რეალური, გრძნობადი, ხელშესახები ხდება ვირტუალური არსებობა. სავარაუდოდ ეს არის კარი მომავალში, რომელსაც ოფისების და ჰიპერმარკეტების გავლით, დაღლილი, განაწამები და ფერმკრთალი სახეებით ვაღებეთ.  პოლონური თეატრი „კტო“ამ ადამიანებს პერეგრინუსებს არქმევს, თბილისის საერთაშორისო  თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ისინი თბილისის ქუჩებშიც გამოჩნდნენ. უტექსტო და განსაზღვრული ტრაექტორიით მობორიალე პერეგრინუსებთან სამწუხაროდ მე ვერ გადავიკვეთე.  თუმცა პოსტერებზე აღბეჭდილმა მათმა უსქესო ნიღბებმა   ორი განზომილებიდანაც შეძლეს ჩემთან ემოციური კომუნიკაცია. 

პროგრამის ზერელე გადაკითხვაც კი საკმარისია გენდერული საკითხების აქტუალობაში დასარწმუნებლად. ტომას ოსტერმაიერის მიერ რაინერ ვერნერ ფასბინდერის ცნობილი ფილმის „მარია ბრაუნის ქორწინების“ სცენური ინტერპერეტაცია და  ტადაში სუძუკის იაპონური ადაპტაცია ევრიპიდეს პიესისა „ტროელი ქალები“კიდევ უფრო აძლიერებს ჩემი  საფესტივალო ამბის ფემინურ ელფერს.

ძლიერი ქალის თემა ყოველთვის საინტერესო იყო ლიტერატურისა და ხელოვნებისათვის, თუმცა თითქმის ყოველთვის მისი ხასიათის განმსაზღვრელი გრძნობა იყო. შვილის, სამშობლოს,  პარტნიორის სიყვარული ხშირად მისი მოქმედების მთავარი ღერძი ხდებოდა. დღევანდელი მისი საქციელი კი უფრო ცნობისმოყვარეობით არის მოტივირებული და დაახლოებით საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრილი ალისას მდგომარეობას მაგონებს ან პირველყოფილ ქალს, რომელიც ისევ მზად არის ცნობადი ხის ნაყოფი გასინჯოს და სხვებსაც უწილადოს.  ინიციატივის უნარი  ქალების პასუხისმგებლობას ზრდის და მათ მრავალ შესაძლებლობას ავლენს. ჩვენს სინამდვილეში, ეკონომიკურმა და სოციო-კულტურულმა  ფაქტორებმა ქალთა ემანსიპაცია, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად აქცია. ამ შეუქცევადმა პროცესმა  ქართული ოჯახის და საზოგადოების თანამედროვე სახეც განსაზღვრა. მსჯელობის საგნად აქცია მანამდე ტაბუდადებული თემები. უარყოფილი ოჯახური ძალადობა, რეპროდუქტიულობასა და მეძავობას შორის აღმოჩენილი  სექსუალობა,  ერთი მხრივ, ქალების  პიროვნულ გათავისუფლებას უწყობს ხელს და მეორე მხრივ,  კითხვის ნიშანს სვამს მთლიანად ოჯახის ინსტიტუტის საჭიროებასთან დაკავშირებით.  

ამ პროცესით გამოწვეული შიშები ბოლო დროის ერთ-ერთ გახმაურებულ საქმესთან მიმართებაში ყველაზე უკეთ გამოიკვეთა. მაგდა პაპიძის საქმის ირგვლივ თვეების განმავლობაში მიმდინარე საერთო სახალხო მღელვარებამ გამოააშკარავა თუ როგორ ეშინია ჩვენს საზოგადოებას თავისუფალი და მითუმეტეს, ასოციალური ქალის. ქალის რომელსაც შესაძლოა აღარ ჰქონდეს დედური ინსტინქტი. კონკრეტულმა  დანაშაულმა უფრო ფართო კონტექსტი შეიძინა  და  საზოგადოებას მანამდე არსებული ფუნდამენტური ღირებულებების რღვევა დაანახა. რათქმაუნდა მეცნიერებას არ დაუდგენია კავშირი ემანსიპაციასა და დედური ინსტინქტების დაქვეითებას შორის, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებას ასეთი წინათგრძნობა აქვს და ცდილობს მსგავსი მაგალითების მარგინალიზებით, საყოველთაო სიძულვილის გამოვლენით გადაირჩინოს საკუთარი თავი.

აღნიშნული დისკურსის ნაწილია პაატა ციკოლიას  მიმართულების აღმნიშვნელი სახელწოდების მქონე დადგმა „აი იქ“, რომლიც პრემიერაც ფესტივალის მიმდინარეობისას მუსიკისა და დრამის თეატრში  შედგა. რეჟისორის გადაწყვეტილებით ქალის ახალი სახე იმდენად შემზარავია, რომ ძალაუნებურად იმეორებს ძველ, ზემოთ აღწერილ სქემას. თითქოს გამოხატავს კოლექტიური ქვეცნობიერის  შიშებს და არატიპიურად მოაზროვნე ქალების მარგინალურ პორტრეტებს ქმნის.    სარეჟისორო ხერხების არადამაჯერებლობამ,  ექსპერიმენტის თვითმიზნურობამ თუ უკვე მობეზრებულმა ეპატაჟურობამ არაფრისმომცემი აქტის შეგრძნება დამიტოვა. ამ სპექტაკლის მაყურებელი  დაახლოებით იგივეს იგრძნობს რასაც საცობში  დიდი ხნის ყოფნისას ვგრძნობთ ხოლმე: თავიდან გაღიზიანდები, მერე გაგეცინება, ბოლოს კი სულერთი იქნება ყველაფერი, ნანატრ შეხვედრაზე დაგვიანებაც კი.

ჩემი ფემინური თეატრალური ფესტივალი

ეს სპექტაკლი ჩემთვის ორ ძირითად პრობლემას წარმოაჩენს:  პირველი, თანამედროვე ხელოვნების მიდრეკილებას „უკანა ეზოებისკენ,“ სადაც ყველა გამოყენებული ნივთი, არასაჭირო ინფორმაცია და საკანალიზაციო ჭებია თავმოყრილი და მეორე, ქართული სათეატრო სურათის წარმატებული ექსპორტისათვის არასახარბიელო პირობებს.

შორს ვარ აზრისგან, რომ ხელოვნებაში რაიმეს ასახვა არ შეიძლება,  მთავარია როგორ არის ეს გაკეთებული.   კარგი იქნება ვაღიაროთ, რომ  მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ მაგალითად დეფეკაციის პროცესის ხელოვნების რანგში აყვანა. ნაკლებად რჩეულებმა კი სჯობს  გოეთეს რჩევები გაითვალისწინონ ახალგაზრდა მწერლებისათვის და ნუ შეეცდებიან ახტნენ საკუთარ თავზე მაღლა.  ფესტივალების ორგანიზატორებმა კი იქნებ მეტი იფიქრონ ქართული თეატრის საექსპორტო სახეზე. ვფიქრობ,  არც თუ ისე  საჭიროა მოწვეულ უცხოელ სტუმრებს ქართული სათეატრო პროცესის სირთულეების მთელი დიდებულება ვაჩვენოთ. ამას მხოლოდ ქართული სათეატრო კრიტიკა თუ იმსახურებს.       

და ბოლოს, ქალებსა თუ კაცებს, თუ უკვე დამკვიდრებულ საშუალო სქესს, საქართველოში არსებობის და დამოუკიდებლობის 25 წელს გვახსენებენ სამეფო უბნის თეატრში, პრემიერით „პრომეთე. დამოუკიდებლობის 25 წელი“. დათა თავაძის ახალი სპექტაკლი, მისი დასისთვის დამახასიათებელი  გამომსახველობით, ჩვენი მეხსიერების გააქტიურებას ცდილობს. ცდილობს კონცენტრირება მოახდინოს  ჩვენს მიღწევებზე და მარცხზე დამოუკიდებლობის მანძილზე რომ შეგვემთხვა.  ფსევდო პატრიოტიზმის გარეშე გველაპარაკოს თავისუფლების მარადიულ პარადოქსზე, რომელიც საკუთარ თავში თავისუფლებაზე მეტ  შეზღუდვას მოიცავს. და გვახსენებს ტკივილნარევ  გრძნობას, რომელიც  თავისუფლების სასიცოცხლო აუცილებლობის გაცნობიერებისას  ჩნდება. ინტელექტუალური თავსატეხებივით მოფიქრებულ და ოდნავ გაწელილ  მიზანსცენებში დღევანდელობა და მუდმივობა ორგანულად არის გადაჟაჭვული. სპექტაკლი თითქოს სწვდება მომავალი არსებობისათვის საჭირო განწყობებსა და იმედებს, რომლის მერე არც სულერთია და არც ისეთი მოსაწყენია ყველაფერი.       


უკან დაბრუნება