Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > ხანმოკლე ჩატი თეატრის ახალგაზრდა რეჟისორებთან
ხანმოკლე ჩატი თეატრის ახალგაზრდა რეჟისორებთან

ხანმოკლე ჩატი თეატრის ახალგაზრდა რეჟისორებთან


18-01-2017, 14:10

 

თეა კახიანი: - თანამედროვე ქართულ თეატრზე მაინტერესებს შენი აზრი, მის დღევანდელ სახეზე, პრობლემებზე. იმაზე რაც გაბრაზებთ ან მოქმედების სურვილს გიჩენთ, და ამ ფინანსურად ყველაზე ღარიბ სფეროში დღემდე გაჩერებთ

მიშა ჩარკვიანი: - ვერ მივხვდი შეკითხვას: რატომ ვმუშაობ თეატრში დღემდე, თუ რა არის თანამედროვე ქართული თეატრის პრობლემა?

თ. კ.: - მეორედან დავიწყოთ

მ. ჩ.:- მთავარი პრობლემა რაც თანამედროვე ქართულ თეატრში დღის წესრიგში დგას,  ჩემთვის არის არააკადემიური, დამოუკიდებელი სივრცეების არარსებობა. იმისთვის რომ თეატრი არ მოძველდეს, საჭიროა არსებობდეს ისეთი სივრცეები, რომლებიც ახალგაზრდა არტისტებს მისცემს საკუთარი თავის კვლევის საშუალებას. საჭიროა ადგილი, სადაც ცდა შეიძლება და შეცდომის დაშვება დანაშაული არაა. საჭიროა ბევრი ისეთი ადგილი, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები, მსახიობებთან ერთად შეძლებენ საკუთარ შეცდომებზე ისწავლონ, რაც სკოლის პრაქტიკულად არარსებობის გამო განვითარების და პროფესიონალად ჩამოყალიბების ერთადერთი გზაა. ასევე უმთავრესი პრობლემაა თეატრალური უნივერსიტეტი, რომელიც თავისი მოძველებული და ხშირ შემთხვევაში არაპროფესიონალური სწავლებით, ჩანასახშივე სპობს თანამედროვე თეატრს. უპირველესი პრობლემა არის თეატრალური უნივერსიტეტი, რომელიც არ პასუხობს დროს და თანამედროვე თეატრთან კავშირი არა აქვს, შესაბამისად ის ამზადებს უკეთეს შემთხვევაში მოძველებული ტექნიკის მქონე და უარეს შემთხვევაში არაპროფესიონალ კადრებს, რომლებსაც სხვა არაფერი დარჩენიათ თვითგანვითარების გარდა.

თ. კ.: -  და ეს შეცდომების დაშვების ადგილი რატომ არ შეიძლება იყოს თუნდაც ის ექსპერიმენტული და მცირე სცენები რომლებიც თეატრებში არსებობს? რეალურად რა ხდება? სივრცის პრობლემაა თუ მისი არ დათმობის? თუ ზოგადად ჩვეული სათეატრო სივრცე არ არის პირადად შენთვის მისაღები და უჩვეულო, არატრადიციული სივრცეები უფრო საინტერესოდ გამოხატავს იმ სათქმელს რაც გინდა რომ მაყურებლამდე  მიიტანო?

მ. ჩ.:-  სივრცის დათმობის პრობლემა არასდროს მქონია და ვფიქრობ ეს არაა პრობლემა. სხვა რამეს ვამბობ, აკადემიური თეატრი არის აკადემიური თეატრი და ხშირ შემთხვევაში ექსპერიმენტული სცენა მცირე ზომის სცენას ნიშნავს მხოლოდ.  საჭიროა არსებობდეს ისეთი ადგილები, სადაც ახალი ჯგუფები შეიქმნება და ახლის მცდელობა ექნებათ. შეიკრიბებიან თანამოაზრეები და შექმნიან იდეას, რომელიც განსაზღვრავს მათ მიმართულებას, ფორმებს, ხერხებს, ინტერესებს და მოთხოვნებს თეატრში.

თ. კ.: - მახსენდება თეატრალური სარდაფის მაგალითი,  90-იან წლებში. მაშინაც ზუსტად იგივეს ამბობდნენ, რომ აკადემიური თეატრები არ იყო მათთვის მისაღები გარემო.

მ. ჩ.:-  მაგალითად კიოლნში გერმანიაში, 2012 წელს, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, მერიამ გამოაცხადა ტენდერი ახალგაზრდული დასებისთვის. მათ უნდა წარედგინათ 2 წლის სამუშაო გეგმა და საუკეთესო პროექტს ეთმობოდა ყოფილი ქარხნის შენობა და საკმაოდ დიდი დაფინანსება 2 წლით. თუ ისინი კვლავ წარადგენდნენ საინტერესო პროექტს შენობაც და დაფინანსებაც თვითონ რჩებოდათ კიდევ 2 წლით თუ არა და მათ ადგილს სხვა ახალგაზრდები დაიკავებდნენ.

თ. კ.: - დიახ, მაგრამ ჩვენ კიოლნში არ ვართ. ჩვენი სივრცე და რესურსები შეზღუდულია.

მ. ჩ.:- მე ვფიქრობ საქართველოს, რომელიც სრულიად წამგებიან და უშინაარსო პოპ მომღერლების კონცერტებზე მილიონებს ხარჯავს შეუძლია შექმნას 1 ალტერნატიული სივრცე თბილისში, რომელიც ახალგაზრდების განვითარებას შეუწყობს ხელს. ვთვლი რომ ამ ეტაპზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

თ. კ.: - მე პირადად ვთვლი, რომ ის რესურსი რასაც ჩვენი ღარიბი სახელმწიფო ხარჯავს თეატრზე ხშირად გაუმართლებელიც არის

მ. ჩ.:- კი,  მეც ასე ვფიქრობ. ეს რესურსი უფრო გონივრულად შეიძლება გადანაწილდეს. ყოველწლიურად ამდენი უხარისხო სპექტაკლი არავის არაფერში  სჭირდება. და ცხადია ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს. იგივეს ვფიქრობ ადამიანურ რესურსებზეც.

თ. კ.: - მოდი მეორე მხრიდანაც შევხედოთ მედალს. თუ ოპტიმიზაციაზე და გადარჩევაზე ვსაუბრობთ იქვე იზრდება რისკი თეატრის ელიტურობის. ახლა როდესაც 50-მდე თეატრია ეს რისკი არ არის დღის წესრიგში

მ. ჩ.:- ცხადია რისკი გაიზრდება. თუმცა მე არ ვეთანხმები იმას, რომ თეატრების რაოდენობა უნდა შემცირდეს. მე ვამბობ უნდა შემცირდეს სპეტაკლების რაოდენობა და უფრო მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ხარისხი

თ. კ.: -  ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ გამოსავალი ელიტური თეატრის ჩამოყალიბებაა?

მ. ჩ.:-  მსგავსი რამ ვთვი საერთოდ?! :))))

თ. კ.: - აღნიშნე რომ რისკს ხედავ ასე მოხდეს. არა?

მ. ჩ.:-  კი,  მაგრამ მე არ მითქვამს რომ თანამედროვე თეატრის ხსნას ამაში ვხედავ

თ. კ.: -  არა, ეს არც მე მითქვამს. თუმცა კურსსა და ტენდენციას აღვნიშნავ.

მ. ჩ.:-  სინამდვილეში ყველაფერი უფრო მარტივია: ნაკლები უხარისხო სპეტაკლი, ნაკლები უმიზნო დანახარჯი, მეტი თანხა უფრო საჭირო საკითხებისთვის, რომელიც დღეს დგას ქართულ თეატრში

თ. კ.: - გეთანხმები, რომ სპექტაკლების რაოდენობაზე ისეთი მარათონი, რაც დღეს არის, გაუმართლებელია.

მ. ჩ.:- მე ვამბობ: უნდა გაკონტროლდეს ხარისხი

თ. კ.: - როგორ? :)

მ. ჩ.:-  შეტანილი პროექტით, განმცხადებლის ნამუშევრებით, უკეთესი კომისიებით. ბევრი ხერხი არსებობს ამისთვის

თ. კ.: - კრიტიკაზე რას იტყვი? არის დღეს თანამედროვე კრიტიკა იმ ხარისხის, რომ პროდუქციის ხარისხის კონტროლის თუნდაც შემადგენლად იქცეს?

მ. ჩ.:- არა :)))))

თ. კ.: - გამოდის ხარისხის შეფასების შესაძლებლობაც ბუნდოვანი ხდება

მ. ჩ.:- ცხადია ბუნდოვანი ხდება. იმიტომ რომ არ არსებობს სკოლა თეორიტიკოსებისთვის, ზუსტად ისე როგორც პრაქტიკოსებისთვის.

 

ხანმოკლე ჩატი თეატრის ახალგაზრდა რეჟისორებთან

თეა კახიანი: რა დღეა დღეს?

დათო ჩხარტიშვილი: -  თეატრის დღე :)

თ.კ.: - ქართულის თან :) გადავწყვიტე ამ დღისთვის მიმეძღვნა ინტერვიუ თქვენთან, რეჟისორების ახალ თაობასთან. მეკითხა ქართულ თეატრზე, დღევანდელზე, ზუსტად ისეთზე როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ. რადგან გასაგებია, რომ ყველა თაობა საკუთარ თეატრს ქმნის

დ. ჩ.: -ხო, ყველას თავისი ხედვა აქვს :)

თ. კ.: - თუ შეიძლება გამიზიარე შენი აზრი დღევანდელ ქართულ თეატრზე

დ. ჩ.: - დღეს ქართული თეატრი დაახლოებით ისეთია, როგორი სახელმწიფოც გვაქვს, შეიძლება ოდნავ განვითარებული. ნელი ნაბიჯებით მივიწევთ წინ. მთავარია თეატრების ნაკლებობას არ განვიცდით და არსებობს არჩევანი

თ. კ.: - ფიქრობ რომ ქართულ თეატრს აქვს სათქმელი საკუთარი აუდიტორიისთვის? არის საკმარისად აქტუალური?

დ. ჩ.: - უკეთესობა კარგი იქნებოდა, მაგრამ რაც არის ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ არაა აქტუალური. იმდენი თეატრია, ყველას თავისი მიმართულება აქვს, ზოგი ახლა იღებს ორიენტირს.

თ. კ. : - თვლი რომ საჭიროა ამდენი თეატრი?

დ. ჩ.: - კი, აუცილებელია კიდეც...

თ. კ.: - ძირითადად რა პრობლემებს ხედავ. რა გიშლის ხელს განახორციელო საკუთარი გეგმები, რომელიც თავისთავად ვგულისხმობ რომ ბევრი გაქვს. მაქსიმალურ გულწრფელობას ვითხოვ ოღონდაც (განსაკუთრებით პრობლემებზე საუბრისას)

დ. ჩ.: - პრობლემები ბევრია: ეს არის ფინანსები, გარემოებები თეატრში, თავისუფლება და მეტი დახმარების ხელი ახალგაზრდებს. პრობლემები არის დადგმის მიღებაში. მხოლოდ რამოდენიმე თეატრია,  რომელსაც მეტ -ნაკლებად ღია აქვთ  კარი

თ. კ.: - თბილისის თეატრებს გულისხმობ?

დ. ჩ.: - ყველას, მაგრამ უფრო თბილისს. და აქ მხოლოდ ჩემ თავზე არ მაქვს საუბარი

თ. კ.: - და ეს ძირითადად ფინანსების დეფიციტს უკავშირდება თუ უნდობლობას მხატვრული თვალსაზრისით?

დ. ჩ.: -მხატვრული თვალსაზრისით ნამდვილად არ ჩამოვრჩებით ახალგაზრდები. თუ ახალგაზრდას არ მისცემ დადგმის საშუალებას ის ეცდება რეალიზაცია მოახდინოს სხვაგან. პოულობს ახალ სივრცეებს და ასე შემდეგ. ნუ გვატყუებენ და ნუ გვაკარგვინებენ დროს...

ყველას მინდა ვთხოვო, თუ წინასწარვე იცით რომ ან ფინანსები არ არის, ან სხვა რამე შესაძლებლობა არ არსებობს რომ დავდგათ, გვითხარით პირდაპირ. დამიჯერეთ, ნამდვილად ჯობია ვიცოდეთ წინასწარ ვიდრე გეხმიანოთ 1 ან 2 თვე და ვკარგოთ ამაში დრო!

თ. კ.: - ამ მოწოდებით დავამთავროთ :) რას იტყვი?

დ. ჩ.: - შენ როგორც თვლი საჭიროდ.

 

 

ხანმოკლე ჩატი თეატრის ახალგაზრდა რეჟისორებთან  

თეა კახიანი: -  როგორი  თეატრი გვაქვს დღეს? ცოცხალი? თუ ოდნავ აუთსაიდერი?

გურამ მაცხონაშვილი: -    ახლა რომ დავუფიქრდი, პირველი ასოციაცია, რომელიც ქართულ თეატრზე მომდის ბებია-ბაბუების ძველ გარდერობებში ჩამდგარი ნაფტალინის სუნია. მეორე - მიტოვებული საბჭოთა შენობები. ნამდვილი ემოციისგან, საჭიროებებისგან და დღევანდელობისგან დაცლილი სივრცე. იმ შენობების მსგავსად თანამედროვე ქართულ თეატრშიც დღემდე დაძრწის საბჭოთა აჩრდილი. და სმარტფონების ეპოქაში მცხოვრები ადამიანი, მგონია, რომ კიდევ უფრო კონტრასტულად და მძაფრად ხედავს იმ ემოციურ და ღირებულებით აცილებას, რომელიც თანამედროვე ქართულ თეატრს და მას აქვთ ერთმანეთთან. ქართულ თეატრს ეშინია თვალი გაუსწოროს დღევანდელობას. იმას, თუ რა სჭირდება ადამიანს, მაყურებელს, ანუ მის მომხმარებელს დღეს, რაზე ოცნებობს, რისთვის იბრძვის, როგორ ეპყრობიან... შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დროის რამდენიმე დადგმაში ნამდვილად დავინახე ადამიანი, როგორც ღირებულებითი სისტემის ცენტრი და რაც მახსენდება, ყველა ასეთი დადგმა ახალგაზრდა რეჟისორს ეკუთვნოდა. მე მინდა, რომ ეს არ იყოს ლამაზი ინტერიერის შენობები, რომლებმაც მთლიანად დაკარგეს აღქმა რა ხდება ექსტერიერში, გარეთ, ქუჩებში რა ხდება. მინდა, რომ სცენაზე და სცენის მიღმა მოქალაქეებს ვხედავდე თავის უფლებებთან ერთად, პასუხიმგებლობებიც რომ აქვთ გააზრებული. ყველა სახელმწიფო თეატრი ვალდებულია დიდი სარკე იყოს. სხვა თუ არაფერი, ის გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან ფინასდება.

თ. კ.: - ეს იმას ნიშნავს, რომ მიგაჩნია ახალგაზრდა რეჟისორების პროდუქტი უფრო ღირებულია ვიდრე ის, რასაც თუნდაც 5-10 წლის წინ ქმნიდნენ?

გ. მ.: - ცალსახად! მაგრამ არასაკმარისია ეს ყველაფერი. ასევე ცალსახად :)

თ. კ.: - წარსულთან დაპირისპირების და  მამათა-და შვილთა შორის წინააღმდეგობის გარეშე განვითარება შეუძლებელი გგონია?

გ. მ.: - არა, შეუძლებელი არ მგონია. მაგრამ როცა მაგალითად, "საქართველოს თეატრალური საზოგადოება" საკუთარი სივრცის ქელეხებისთვის გაქირავებას შეეშვება და იქ დამწყებ არტისტებს შეუშვებს, რომ მათ ლეგალურად შეეძლოთ "სისულელეების კეთება", რომ უფრო თამამად შეეძლოთ შეცდომების დაშვება, მერე უფრო გაუადვილდება "შვილების თაობას" მამებთან თანამშრომლობა :)

თ. კ.: - კი მაგრამ სისულელეების კეთების და შეცდომების დაშვების ადგილების დეფიციტს მგონი არ განვიცდით. არ მეთანხმები?

გ. მ.: - გააჩნია, შენ რა ტიპის შეცდომებს გულისხმობ და ადგილად რას მოიაზრებ. თუ მეტყვი, უფრო გამიადვილდება გიპასუხო

თ. კ.: - შემოქმედებითს მხოლოდ )) შენ რამე სხვა იფიქრე?

გ. მ.: - მგონი, გამიჭირდება ბოლომდე დაგეთანხმო. ერთია, როცა გიმართლებს და თეატრი გიწვევს, მეორე - როცა პარტიზანულად იწყებ მოქმედებას მარტო, ან თანამოაზრეებთან ერთად. მაგრამ ხელშეწყობის დეფიციტი თვალშისაცემი მგონია. ინიციატივების არარსებობაზე ვლაპარაკობ "მამებისგან"

თ. კ.: - ნუ ფიქრობ რომ არ გეთანხმები, უბრალოდ მამებზე გაბრაზება სტილად რომ არ გადაიქცეს, უნდა გვესმოდეს რას ვითხოვთ მათგან ან რისი მოცემა შეუძლიათ. მგონი უკვე ის დროა როცა მათ აღარაფერი აქვთ მოსაცემი, ჩვენ კი ვდგევართ და ღია კარს ვამტვრევთ, თან გაბრაზებული სახით )))))))) არასახარბიელო მდგომარეობაში ვართ გეთანხმები

გ. მ.: - მე პირადად, არანაირი მოლოდინი არ მაქვს. მაგრამ არა იმიტომ რომ ვთვლი, არავინაა ვალდებული "მამებისგან", არამედ იმიტომ, რომ შინაგანი მოთხოვნილება არ მაქვს. მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის. ძალიან ბევრ საჭიროებას ვხედავ გარშემო სხვებთან და ყველაზე დიდი პრობლემა ზოგადად, ქართულ კონტექსტში ის მგონია, რომ არაფერს თავის სახელს არ ვარქმევთ

თ. კ.: - შანსი რომ გქონდეს და საამისო ბერკეტები რას შეცვლიდი, როგორ გადაანაწილებდი ფინანსებს? რა იქნებოდა პრიორიტეტი?

გ. მ.: - თანამედროვეობასთან მაქსიმალური დაახლოებაა - საბჭოთა მეთოდიკისა და ლიტერატურის სწრაფი ჩანაცვლება, პროფესორთა გადამზადება, ბევრი გაცვლითი პროგრამა და კოლაბორაციებზე დაფუძნებული ბევრი ინიციატივა იქნებოდა პრიორიტეტი

თ. კ.: - განათლების დეფიციტს აღნიშნავ? თვლი რომ ეს პირველი რიგის საკითხია ჩვენს სფეროშიც?

გ. მ.: - ვთვლი, რომ რაც უფრო დავუახლოვდებით კვლევისას ძირს, მით მეტ შედეგს გამოვადნობთ. ანუ ამ წრეზე სიარულს არათუ ვერ შევწყვეტთ სანამ ძირს არ მივხედავთ, პირიქით. 100 ასეთს უშვებს ყოველწლიურად იგივე თეატრალური და გვემატებიან და ვბევრდებით ამ წრეზე ტრიალისას

თ. კ.: - მაგრამ როგორც აღნიშნე, თანამედროვე თეატრს ახალგაზრდების ხარჯზე წარმატებები აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ რაღაც პოზიტიური პროცესის შედეგს ვხედავთ. თვლი, რომ ეს ცალკეული ინდივიდების პირადი მონდომების საკითხია?

გ. მ.: - დიახ, ძალიან ინდივიდუალური მგონია ეს შედეგი.

თ. კ.: - ხო მაგრამ შეუძლებელი მგონია ერთდროულად ამდენი დამთხვევა

გ. მ.: - თუ ეს "ერთგვარი წარმატება" როგორც წესი, ერთიდაიგივე არტისტებთან მეორდება, აქ სისტემის წარმატებაზე ლაპარაკი მიჭირს. მით უფრო, რომ ყველა მათგანთნ მისაუბრია ამ თემაზე და ყველა სისტემის ნაკლოვანებებზე მიუთითებს

თ. კ.: - რამდენად დამაკმაყოფილებელია თეატრალური კრიტიკის პროფესიონალიზმის ხარისხი?

გ. მ.: - იმდენი პრობლემით მოცულებს გვიწევს დღეს ქართულ თეატრში მუშაობა პრაქტიკოსებსაც და თეორიტიკოსებსაც, რომ პროფესიონალიზმსა და ელემენტარულ გულწრფელობას, ინტერესს შორის ტოლობის ნიშანს ვსვამ. საერთოდაც, რეჟისორმა საკუთარ პროფესიონალიზმზე ფიქრში რომ გალიოს ეს დრო უფრო სწორი მგონია :)

თ. კ.: - :) კარგი ტაქტიკური პოზიციონირება გამოგივიდა. გმადლობ  საინტერესო ჩატისთვის

<3

 

ხანმოკლე ჩატი თეატრის ახალგაზრდა რეჟისორებთან 

თეა კახიანი: - რას ფიქრობთ თანამედროვე ქართულ თეატრზე, რა ხდება დღეს ჩვენს სცენაზე თუ სცენებზე? თუ არის ის ისეთი როგორიც დღევანდელ მაყურებელს სჭირდება? მოგწონს თანამედროვე ქართული თეატრი?

ნიკოლოზ საბაშვილი:  - ქართული თეატრი მიყვარს, იმიტომ რომ ჩემია, აი მომწონს თუ არა ამაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა უკეთესს ვისურვებდი. ზუსტი ფორმულა არ მაქვს იმისა თუ როგორი უნდა იყოს ქართული თეატრი, მაგრამ ვგრძნობ რომ მოთხოვნილება უფრო დიდია ვიდრე სახეზე გვაქვს

თ. კ.: -  გასაგებია, გეთანხმები კიდეც. ხელისშემშლელ პრობლემებს დაგვისახელებ?

ნ. ს.: - იმის მიუხედავად, რომ ვგიჟდები ისე მიყვარს ქართული თეატრი და მისი მესვეურები, მინდა ვაღიარო რა პრობლემებსაც ვეხები ხშირად, არასწორი დამოკიდებულება, დილეტანტიზმი, უსახსრობა, თვითგადარჩენა და ასე შემდეგ. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც კეთდება საქმე იმ პროფესიონალი ადამიანების ხარჟზე, რომლებიც სამწუხაროდ უფრო მცირე ჯგუფს წარმოადგენს ვიდრე ძირითადს. და მთავარ პრობლემად მიმაჩნია საკუთარი თავი, სულ მაქვს შეგრძნება, რომ არასაკმარისს ვაკეთებ იმისთვის რაც  ქართულ თეატრს სჭირდება.

თ. კ.: - უფრო კონკრეტულად რომ გვეთქვა კარგი იქნებოდა. რომელ არასწორ დამოკიდებულებას აღნიშნავ? უსახსრობას რაც შეეხება ჩვენი ღარიბი ქვეყანა საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს ჩვენს სფეროში. თვლი რომ ამ თანხების შესაბამისი საქმე კეთდება ?

ნ. ს.: -  მე იმ ადამიანების წრეში ვტრიალებ ვინც უფრო მეტს იმსახურებს. მე არ გეთანხმები რომ საკმარისი თანხა იხარჟება ამ საქმეში, მაშინ ვთქვათ რამდენად უნდა შევაფასოით თეატრი. რა ღირს თეატრი? როცა საქმეს სჭირდება ყველა ამბობს თეატრი ეროვნული ღირებულებააო და რა ღირს ეროვნული ღირებულება ?

თ. კ.: - თეატრი ძალიან ძვირი ღირს

ნ. ს.: - მაგაშია საქმე :D

თ. კ.: - მაგრამ თანამედროვე კულტურის პოლიტიკა სწორედ ეკონომიკური სარგებლის დათვლას აპირებს. ალბათ იცნობ სულ ახლახანს მიღებულ კულტურის პოლიტიკას.

ნ. ს.: - ხო ეგ ჩემი საქმე არაა, მე სურვილებით გელაპარაკები

თ. კ.: - არსებობს აზრი რომ უკეთესი იქნებოდა ოპტიმიზაცია მომხდარიყო. ფინანსები გადანაწილებულიყო იმათზე ვინც განვითარების პოტენციალს ატარებს. ეთანხმები თუ არა ამ მიდგომას?

ნ. ს.: -  ეს ძალიან მტკივნეული თემაა, წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი თამაშგარე უნდა დარჩეს, მიჭირს ჩემი აზრის დაფიქსირება ამ თემასთან დაკავშირებით.

თ. კ.: - მოგვიყევი თუ შეიძლება შენს თეატრზე. როგორც ვიცი ბევრს მოსწონს ის რასაც შენ აკეთებ მიუხედავად იმისა რომ მე მათ რიგებში არ ვარ და ეს ორივემ ვიცით

ნ. ს.: - ეგ კარგია, ჯანსაღი და აზარტულია

თ. კ.: - და მიუხედავდ ამისა შეგვიძლა ვისაუბროთ, თუნდაც ეს ინტერვიუ გავაკეთოთ მგონია რომ ეს ჯანსაღი დამოკიდებულებაა, რისთვისაც გმადლობ. როგორ ფიქრობ ის რასაც დღეს რეჟისორების ახალი თაობა აკეთებს, მათ შორის შენ, მხატვრული თვალსაზრისით ხარისხიანია? შევადაროთ თუნდაც 15-20 წლის წინანდელ მდგომარეობას

ნ. ს.: -  ეს შედარება თქვენი საქმეა, თეატრმცოდნეების და კრიტიკოსების, თუმცა დღეს რომ ძიების პროცესები მიდის ამაშიც არ მეთანხმებით? მე რამდენიმე ახალგაზრდა რეჟისორს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვთვლი რომ ღირსეულად უყურებენ თანამედროვეობის საკითხს.

თ. კ.: -  რათქმაუნდა  გეთანხმები.

 

 

ხანმოკლე ჩატი თეატრის ახალგაზრდა რეჟისორებთან 

თეა კახიანი: -  რა ხდება დღეს ქართულ თეატრში? რამდენად ასახავს მისი დღევანდელი სახე  რეალობას? ან აქვს თუ არა მას სათქმელი დღევანდელი საზოგადოებისთვის

ნიკა ჩიკვაიძე: - მიმართულებები, რომლებიც განასხვავებს პატარა თუ დიდ თეატრს, არის მეტნაკლებად ინდივიდუალური და არ მეორდება ერთი-მეორეში. ასე ვთქვათ ყველა თავის რელსზეა. ეს მისასალმებელია. ფორმებით, სტილით, მსოფლხედვით, მემგონი გაგვიჭირდება შევადაროთ ისინი ერთმანეთს. ახალი ფორმებით განსაკუთრებით ახალგაზრდა ან დამწყები რეჟისორები გვევლინებიან. მე პირადად ყოველთვის ველოდები და მაინტერესებს რას აკეთებენ ჩემი თაობის მსახიობები და რეჟისორები.

თ. კ.: - რა სჭირდებათ ამ ახალგაზრდებს განვითარებისთვის?

ნ. ჩ.: -  გამოცდილება, ცხოვრება..:))))

თ. კ.: - ჰაჰაა... ეგ უეჭველი! მაგრამ ვფიქრობ კიდევ იქნება რამე.  ის რესურსები რაც თქვენ გაქვთ თუნდაც ლიტერატურა, თარგმანები საკმარისია?

ნ. ჩ.: - ამ მხრივ არ ვართ ფუფუნებაში და მიუწვდომელია ნამდვილად ლიტერატურა, არ ითარგმნება თანამედროვე უცხოური დრამატურგია..ერთი ორი გამოცემა იყო ამის მცდელობა და მგონი შეწყდა ეს პროექტიც

თ. კ.: - ნიკა,  მთავარი პრობლემა რა არის შენთვის. რა გიშლის ხელს იმ მიზნების განხორციელებაში რაც  გაქვს დასახული თეატრთან მიმართებაში?

ნ. ჩ.: -   აი ვერ ვიტყვი ესე თეა, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ვაკეთებ იმას რაც მინდა, რა გამოდის და როგორ ეს სხვა საკითხია. ერთი რასაც ვისურვებდი მეტი ქართული პიესაა და თარგმანი ისევ და ისევ.. და მეტი სიმართლე სცენიდან, რაც ნამდვილად მგონია რომ დეფიციტია.

ისე, სპექტაკლებით უფრო გამომდის ალბათ ლაპარაკი, აი ესე დაუფარავად წუწუნი რაღაცებზე მიჭირს..დღევანდელი მონაცემებით ასე :))))

თ. კ.: - ხო აშკარაა ))) და შეიძლება ყველაზე ჭკვიანური გზაც არის.  კარგი,  აღარ დაგტანჯავ ))

:)

 

ხანმოკლე ჩატი თეატრის ახალგაზრდა რეჟისორებთან 

 

პაატა ციკოლია: - რას ვფიქრობ ქართულ თეატრზე?  მიმაჩნია, რომ ქართული თეატრი დღეს არის გაყალბების და პროფანაციის ასპარეზი. მე მგონია, რომ მეტი არაფერი არ არის ქართული თეატრი დღეს. არავისთვის არ არის. მარტო ამ სფეროს შიგნით გამომწყვდეული, თვითკმაყოფილი, დაკომპლექსებული, უბადრუკი ადამიანების უბადრუკი თავშესაფარია.

თეა კახიანი: - მაგრამ მაყურებელი ჰყავს. ბევრი თუ ცოტა, ასეთი თუ ისეთი...

პ. ც.: - არა, არ ჰყავს. ეგ არ არის მაყურებელი. მაყურებელი არის ის, ვინც სასცენო პროდუქტისთვის მივა თეატრში და არა სხვა რამისთვის. ვინც მიდის იმისთვის, რომ იმ უბადრუკ სივრცესთან იყოს ასოცირებული, ამ ფსევდოპროფესიონალებზე უბედურია. არის შემთხვევითი მაყურებელიც, ფეხი რომ წაუცდათ.

თ. კ.: - სასცენო პროდუქტია ის რაც იქმნება, ცუდი თუ კარგი ეგ სხვა საკითხია

 

პ. ც.: - ცუდია. და ვინც მოდის, არ არის მაყურებელი. რესტორანში, სადაც მოწამლული საჭმელია, თუ მოვიდა ვინმე, ის არ არის მშიერი

თ. კ.: - კარგიც ხომ იქმნება, ცოტა მაგრამ მაინც...

პ. ც.: - გამონაკლისებით ვერ ვიმსჯელებ ზოგად სურათზე. და კარგი რა არის, ამისთვის კრიტერიუმები არ არსებობს, რადგან მთელი პროცესი მკვდარია. ტოტალური გაყალბებაა ქართული თეატრი. მიზეზი არის ის, რომ მაყურებელს საერთოდ არ აქვს ფუნქცია ქართულ თეატრში. მაყურებელს არ აქვს არავითარი ძალა და გავლენა ქართულ თეატრალურ პროცესზე. არადა, მაყურებელი არის ობიექტური ხედვის უდიდესი კომპონენტი. მის გარეშე დანახვა უბრალოდ შეუძლებელია. და მის ძალას განაპირობებს მისი სიმრავლე და სუბიექტური ინტერესი

სანამ ქართული თეატრალური პროცესი 98%-ით არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული (რაც საზოგადოებრივი სახსრებია, ცხადია, მაგრამ საზოგადოების ინტერესებში სულაც არ იხარჯება), მანამ ექნება იმ 2%-ის ადექვატური ფასი ქართველი თეატრალებისთვის და იმ 2%-ის შესაბამისი გავლენაც მაყურებელს.

თ. კ.: - მაყურებლის ინტერესში შენ დიდ და ღირებულ ცნებებს დებ

პ. ც.: - სხვა მეტ-ნაკლებად ობიექტური საზომი არ არსებობს. სპორტი რომ იყოს, გამარჯვებული და დამარცხებული მაინც იქნებოდა და საერთაშორისო ასპარეზობებში მაინც გამოჩნდებოდა რამე.

მაყურებელი არის ჭრელი და ყველა ღირებულებას იტევს. დარწმუნებული ვარ, რომ ცოცხალი ადამიანი და ცოცხალი საზოგადოება, რომელიც ყოველდღიურად არის ჩართული ყოფიერების სირთულეებში, ბევრად უფრო ადექვატურია ფასეულობებისა და ღირებულებების მიმართ, ვიდრე საკუთარ კაფსულაში გამოკეტილი, ტაშს და კაპიკებს დახარბებული ფსევდოპროფესიონალი

თ. კ.: - მაგრამ ამავდროულად თეატრი მასობრივ გემოვნებაში ვერ ჯდება. და არც უნდა ჩაჯდეს

პ. ც.: - რა შუაშია მასობრივი გემოვნება? შეიძლება არსებობდეს თეატრი ერთი მაყურებლისთვის, ერთისთვისაც. აქ ლაპარაკია მაყურებელზე, როგორც ფენომენზე.

თ. კ.: - პროცენტებზე საუბრობდი...

პ. ც.: - ჯამში, ყველანაირი მაყურებელი უკვე საზოგადოებას შეადგენს და კრავს სიჭრელისაგან ძალას და გავლენას. დღეს ქართულ თეატრში ძალიან ბევრს, კრიტიკულად გადამწყვეტ ან მნიშვნელოვან სიმრავლეს არ აინტერესებს ნამდვილი მაყურებელი. ეშინია მათი. ამიტომ გვეჩვენება ყველას, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვაკეთებთ რაღაცეებს და ერთმანეთისთვის ვლაპარაკობთ, რადგან სასწორზე რომ საკუთარი ყოფიერება უდევს, ისეთი მაყურებელი არ გვიყურებს

თ. კ.: - თუმცა, არის თეატრები სადაც ბილეთს ვერ იყიდი

პ. ც.: - მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლისებია, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, მთლიან სურათს არ ცვლის. ძირითადად კი მაყურებელი იდიოტი გვგონია. აბა ვყოფილიყავით დამოკიდებული თუნდაც 35%-ით მაყურებელზე. აბა ყველა თეატრს დასდგომოდა მწვავედ დაფინანსების საკითხი თუ ბილეთებს ვერ გაყიდდა.

თ. კ. : - ვფიქრობ, რასაც შენ ამბობ დამღუპველია

პ. ც.: - რა არის დამღუპველი? აი, ხომ ხედავ, გეშინია. შენც გეშინია მაყურებლის კონტროლის. გგონია, რომ ამ სფეროში უფრო ადეკვატური ხალხია, ვიდრე გარეთ ის ხალხი, ვინც მუშაობს და ოჯახს ზრდის

თ. კ.: - ღია ბაზარზე თეატრის დადება არის დამღუპველი

პ. ც.: - 35% არის ღია ბაზარი? ამაზე უფრო მძიმედ სუფსიდირებული ბაზარი ვერ წარმომიდგენია. თან სხვა კორექტირების მეთოდი არ არსებობს. რაგბი რომ იყოს, ერთმანეთს შეხვდებოდნენ და ანგარიში აჩვენებდა ვინ უკეთესია.

თ. კ.: -  რეიტინგებთან რამე შეხება გქონია? ყველაზე მაღალი რეიტინგი ინდურ სერიალებს აქვს. ეს არის დღევანდელი ბაზარი. მარკეტინგულად თუ გინდა მიუდგე ეგ უნდა გაითვალსწინო კიდეც. მაყურებლის პრეფერენციები.

პ. ც.: - მაყურებელი არის ჭრელი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. და არის ძალიან კრიტიკული.  ის, ვინც გულწრფელად მზად არის მოვიდეს და ყურადღება დაგითმოს ამ დროში, ამ სამყაროში. დაგითმოს 2 საათი. ფულზეც კი არ არის ლაპარაკი. ამ უმნიშვნელოვანესი კომპონენტის გავლენის გარეშე სრულიად უკონტროლოა ეს პროცესი. ავისა და კარგის გამრჩევი არ არსებობს

თ. კ.: - ასე რომ იყოს, მაშინ არ იარსებებდა სათეატრო კრიტიკა. უბრალოდ არ იქნებოდა საჭიროება. მაყურებელი თანამონაწილედ, თანაშემოქმედად, ყველაფრად წარმომიდგენია, დამკვეთის გარდა. ეს აქსიომატურია ჩემთვის

 

პ. ც.: - შენ ახლა უკვე ხელოვნების ცალკეული ნიმუშის წიაღში შეხვედი. როცა ერთ კონკრეტულ ნაწარმოებზე ლაპარაკობ, ჰო, მაგრამ როცა თეატრალურ პროცესზე ლაპარაკობ, ეგ აქსიომა არ აქსიომობს.

თ. კ.: - მე ვსაუბრობ შემოქმედების პროცესზე.  მისი დამკვეთი მაყურებელი და მაყურებლის პრეფერენციები ვერ იქნება. არ ვიცი შეიძლება განსხავებულ რამეებზე ვლაპარაკობთ. ეს არ არის ასეთი საუბრების ფორმატი.

პ. ც.: - მე ახლა გადამწყვეტ სისტემურ პრობლემაზე გელაპარაკე. მეტზე არაფერზე. და ეს არის საბჭოთა მემკვიდრეობა, როცა გაყალბება იყო ამოცანა, როცა ხელოვნების იმიტაცია იყო სწორედ ამოცანა, თავისუფლებისაგან გაქცევა იყო ამოცანა, თავისუფლების გამორიცხვა იყო ამოცანა.

და ისევ იქ ვართ... ამდენი სახელმწიფო თეატრი არის მარაზმი! თანამედროვე დროში, არავითარი კულტურის კერები ესენი არ არიან, უკულტურობის შეიძლება. და იმიტომ არსებობენ, რომ ყოველთვის ინახავდა მათ პარტია, და დღესაც ინახავს.  ინახავს დღესაც!

 

ხანმოკლე ჩატი თეატრის ახალგაზრდა რეჟისორებთან

თეა კახიანი: - რას ფიქრობ თანამედროვე ქართულ თეატრზე?

მაკა ნაცვლიშვილი: - იგულისხმება ახალგაზრდების მიერ შექმნილი თეატრი თუ ზოგადი სიტუაცია ქართულ თეატრში?

თეა კახიანი: - როგორია საერთო სურათი, რა არის დომინანტი?

მ. ნ.: - ჩემი აზრით საშინელი სურათია, ვერ ვიხსენებ თანამედროვე თეატრზე რა  მოგიყვე. მახსენდება მხოლოდ ახალგაზრდა რეჟისორების ჯარი რომლებსაც თეატრში დადგმის საშუალება არ აქვთ, უკაცრავად რომ პირველ რიგში რეჟისორები გამახსენდა

 

თ. კ.: - ალბათ ლოგიკურია რომ რეჟისორები გაგახსენდა

 

მ. ნ.: - შენც ახალგაზრდა რეჟისორებს ალბათ იმიტომ ეკითხები, რომ ამ მხრივ სიტუაცია არ შეცვლილა. არ ვიცი რა გეგმა აქვთ სათეატრო ხელოვნების კანონმდებლებს და მარეგულირებლებს, მაგრამ რეჟისორის (ახალგაზრდა, დამწყები)  შტატი სანამ არ ექნება თეატრს რა უნდა მოხდეს საინტერესო მანამდე

 

თ. კ.:- მაგრამ  მაინც გამოჩნდნენ ახალი სახეები და საგრძნობია, რომ ეს ის ძალაა ვისაც შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს ჩვენს სფეროში, როგორც მხატვრული ასევე ორგანიზაციული  თვალსაზრისით.

 

მ. კ.: - მახსოვს აზრი იკითხეს რას შევცლიდი თეატრში (აზრის გათვალისწინება უნდოდათ) და რათქმაუნდა ამ თემაზე ვილაპარაკე. პასუხი ასეთი იყო: - იმდენი სახელმწიფო თეატრია ამით ძალიან გაიზრდება სახელფასო ბიუჯეტიო.

არ მინდა ისე გამოჩნდეს, რომ ჩემს შემთხვევაში რამით უმადური ვარ, პირიქით, ძალიან მადლიერი ვარ რომ არასოდეს მქონია   ეს პრობლემა. რობერტ სტურუამ რომ ჯგუფი გააკეთა 8 წლის წინ ან ის, რომ დოი ეხმარება ახალ თაობას ცალკეული შემთხვევებია.  ხოლო ზოგადად, ჩემი აზრით, არ არსებობს პროცესი.  ყველა ახალგაზრდა რეჟისორს ტაშს უნდა უკრავდნენ. დღეს ვინც ახერხებს რაიმე დადგას,  ეს გმირობის ტოლფასია!  საშინელი პროტესტი მაქვს ამ თემაზე.

 

 

 


უკან დაბრუნება