Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > რამდენი წლისაა გორში თეატრი?!
რამდენი წლისაა გორში თეატრი?!

რამდენი წლისაა გორში თეატრი?!


14-02-2017, 10:23

ქართულ თეატრს, რომ ძირძველი ტრადიციები აქვს და საუკუნეებს ითვლის, ამაზე კამათი არც ღირს, ვინაიდან არქეოლოგიური გათხრები, წერილობითი დოკუმენტები თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც ათასობით წელს ითვლიან, ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე თეატრალური ხელოვნების არსებობას. მარტო ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის ცნობა გონიო აფსაროსში თეატრის არსებობის შესახებ რად ღირს, ან უდიდესი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უფლისციხე, სადაც თეატრონის ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი ან თუნდაც სტრაბონის წერილი კოლხეთში „მთვარის ტაძარში“ გამართული პანტომიმური საერო სანახაობების შესახებ...

ერთი მხრივ, ქართული თეატრის ისტორიის ტენდენციური გადამწერი საბჭოთა ხელისუფლება იყო, რომელმაც მრავალი ისტორიული ფაქტი მიჩქმალა და ბევრი თეატრის ისტორიის ათვლის წერტილად 1921 წელი გამოაცხადა (საბჭოთა ხელისუფლების დამყარების წელი). ამიტომაც იყო, წლების განმავლობაში, რომ რუსთაველის თეატრის ისტორიას 1921 წლიდან, კოტე მარჯანიშვილის საქართველოში დაბრუნებიდან და მის მიერ რუსთაველის თეატრში განხორციელებული „ცხვრის წყაროდან“ ითვლიდნენ, ვიდრე თეატრმცოდნემ, პროფესორმ ვასილ კიკნაძემ ისტორიული ფაქტების გამოყენებით არ დაასაბუთა, რომ რუსთაველის თეატრის ისტორია არა 1921, არამედ 1879 წლიდან იწყება, როცა ილია ჭავჭავაძის თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა „მუდმივ სცენას“. რუსთაველის თეატრის პირველ სპექტაკლადაც ბარბარე ჯორჯაძის „რას ვეძებდი და რა ვჰპოვე“ დადგმა მიიჩნევა. (პრემიერა: 1879 წლის 5 სექტემბერი; რეჟისორი გ. თუმანიშვილი).

წლების განმავლობაში, ბათუმის თოჯინების თეატრის ისტორიის ათვლის წერტილად 1980 წელს თვლიდნენ, როცა შეიქმნა სახელმწიფო სტატუსის თოჯინების თეატრი ბათუმში (ეს დასი გივი სარჩიმელიძემ მოამზადა). რატომღაც იგნორირებული იყო მე-20 საუკუნის 30-იანი წლების რამდენიმე წლიანი ისტორია, როცა ბათუმში პროფესიული თოჯინების თეატრი არსებობდა „ტიკინების თეატრის“ სახელწოდებით, რომელსაც მსახიობი და რეჟისორი გრიგოლ კოსტავა ხელმძღვანელობდა. წლების მანძილზე 1937 წლიდან ითვლიდნენ ბათუმის დრმატული თეატრის ისტორიასაც და რატომღაც იგნონირებული იყო ქართული თეატრის გამოჩენილი რეჟისორების მრავალწლიანი მოღვაწეობა ადგილობრივ მსახიობებთან ერთად. გარკვეულ პერიოდში, არც კოტე მარჯანიშვილის მიერ შექმნილ თეატრს სახელწოდებით „ქუთაის-ბათუმის მეორე სახელმწიფო აკადემიური დრამა“ მიიჩნევდნენ ბათუმის თეატრის ისტორიის ნაწილად, რომელიც 1928 წელს შეიქმნა.

პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებაში, როცა ყველა თანხმდება, რომ თეატრი მხოლოდ შენობა კი არ არის, არამედ ხელოვნებაა, ცოცხალი პროცესია, სათეატრო ხელოვნების ისტორიის ათვლაც სწორედ იმ დღიდან უნდა დაიწყოს, როცა პირველი სპექტაკლი გაიმართა. ქალაქის თეატრის ისტორიაც ადგილობრივი კადრებით მომზადებული პირველი სპექტაკლიდან უნდა დაიწყოს.

ე.წ. სცენისმოყვარეები იყვნენ პირველები ვინც წარმოდგენებს მართავდნენ ამა თუ იმ ქალაქში.  (მე-19 საუკუნეში არ არსებობდა არც ერთი სტუდია და უნივერსიტეტი, სადაც ახალგაზრდა მსახიობის ან რეჟისორის პროფესიას დაეუფლებოდა). სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, დღემდე გრძელდება ქართული თეატრის ისტორიის გარკვეული პერიოდების უგულვებელყოფა და დამახინჯება. მიუხედვაად იმისა, რომ ქართველმა თეატრმცოდნეებმა, პროფესორებმა დიმიტრი ჯანელიძემ, ნათელა ურუშაძემ, ვასილ კიკნაძემ და სხვებმა დაწერეს ქართული თეატრის ისტორიის ნარკვევები, რომლებიც მეცნიერულად, ფაქტებზე დაყრდნობით ასაბუთებენ ქართული თეატრის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და მოგვითხრობენ ქართული თეატრის წარსულის ცალკეულ პერიოდებზე, რატომღაც დავიწყებას მიეცა და დღესაც ტელევიზიითა და პრესით ხშირად გვესმის, რომ ქართული თეატრის ისტორია გიორგი ერისთავის მიერ 1850 წლის 2 (14) იანვარს თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში განხორციელებული მისივე პიესით „გაყრით“ იწყება. არადა 1850 წლის 2 (14) იანვარი აღდგენილი პროფესიული თეატრის დღეა. (სხვათასორის, არც გიორგი ერისთავს მიუღია სარეჟისორო და სამსახიობო განათლება).გიორგი ერისთავიგიორგი ერისთავი

რატომღაც დღემდე თვლიან, რომ გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის ისტორია 1865 წლიდან წლიდან იწყება, როცა ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა გიორგი ერისთავის  „ძუნწი“ დადგეს. პრემიერა 26 ივლიის შედგა. არადა თეატრალურ ხელოვნებას გორში გაცილებით დიდი ხნის ისტორია აქვს. თანმიმდევრობით, მივყვეთ მხოლოდ ფაქტებს:

თეატრის ისტორიის მკვლევარი ვასილ კიკნაძე წიგნის „ქართული დრამატული თეატრის ისტორია“ პირველ ტომში წერს: „კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესები, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა, თანდათან საქართველოს სხვა ქალაქებშიც ვრცელდებოდა. განსაკუთრებით ქუთაისში, გორში, ოზურგეთში, ზუგდიდში. გავლენის სფერო ვრცელდებოდა სოფლებშიც. ქართლში, სოფელ მეჯვრისხევში (დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემავალი სოფელი - ლ.ჩ.) 1844 წელს უთარგმნიათ შექსპირის „ოტელო“ და დაუდგამთ სცენები, სოფელში თავს იყრიდა თბილისიდან ჩასული არისტოკრატიის წარმომადგენლები[1]. ელისაბედ ორბელიანის მოგონებით: „ამბობდნენ, რომ სოფელ მეჯვირსხევი წარმოადგენდა ძალიან კულტურულ ევროპულ კუთხეს“.[2]

სრულიად განსხვავებულია გორის როლი ქართული თეატრის ისტორიაში. გიორგი ერისთავის ცხოვრობდა მეუღლის ელისაბედის სოფელ ხიდისთავში. სწორედ ამ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები იყვნენ აღდგენილი პროფესიული თეატრის „პირველიმერცხლები“, როცა გიორგი ერისთავმა სოფლად შემოიკრიბა თეატრის მოყვარენი, გამორჩეული არტისტული ნიჭიერებით. გიორგი ერისთავმა სტუდიური მუშაობა გააჩაღა სოფელში და მოამზადა დასი პროფესიული თეატრისთვის. ამიტომაც შემთხვევითი არ იყო, რომ პროფესიული თეატრის ფუძემდებლები სწორედ გორიდან იყვნენ, მათ შორის, ნ. გაბუნია, დ. ერისთავი, ზ. ანტონოვი, გ. დვანაძე, დ. მეღვინეთუხუცესიშვილი, გ. ჯაფარიძე. სწორედ, ამ გუნდის ძალისხმევით, სანამ 1850 წელს გიორგი ერისთავის „გაყრას“ წარმოადგენდნენ დედაქალაქში, პირველი წარმოდგენები გამართეს გორში 1845 წლის 11 ივლისსა და 7 აგვისტოს. დაუდგამთ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია „გამოუცდელობა, ანუ განშორება საყარელთან“. სპექტაკლში მონაწილეობა ავტორსაც მიუღია. თეატრის ისტორიკოსი, პროფესორი ვასილ კიკნაძე წერს: „საერთოდ, როცა წარმოდგენების დადგმის“ შესახებ არ გვაქვს დოკუმენტი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი არ არსებობდა!“[3].

ვასილ კიკნაძის თქმით, გიორგი ერისთავმა თავად დაიახლოვა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი, ის იკრებდა თანამოაზრეებს და ყველას, ვინც თეატრით ან დრამატურგიით იყო გატაცებული. 1851 წლის 20 მარტს დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი მარი ბროსეს წერდა: „თვადმა გიორგი ერისთავმა წარმადგინეს მე კნიაზ ნამეტნიკთან კარგის რეკომენდაციით და მოახსენეს მის ბრწყინვალებას, რომ შემდგომ მოგზაურობასა მე შევწყვეტ და ვცდილობ ქართული თეატრის განწყობას. ნამესტნიკმა მიბრძანა: ახლა შენ უნდა დარჩე ტფილისში და უშველო გიორგი ერისთავს ქართული თეატრის გამართვაში“.[4]ამ პერიოდის მოღვაწეები, როგორც ვასილ კიკნაძე, სამართლიანად შენიშნავს, იყვნენ „ენციკლოპედისტები. მათ ყველაფერი უნდა ეკეთებინათ. ისინი იყვნენ მრავლამხრივი მოღვაწენი. არ კმაროდა ყოფილიყავი მხოლოდ მსახიობი, ან მწერალი. დრო მოითხოვდა ფართოპლანიან საქმიანობას.“ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილიდიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილიდიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის მრავალმხრივ საქმინობას და იმას, რომ ის დიდი პროფესიონალიზმით უდგებოდა მასზე დაკისრებულ საქმეს, კარგად ჩანს მისივე წერილიდან მარიბროსესადმი.  ის წერდა: „ახლა მე ვწერ ქართულ პიესებს და ვასწავლი წარმოდგენას ჩვენს ახალ აქტიორებს და აქტრისებს“[5]. ამ წერილიდან ჩანს, რომ 1. ის სპექტაკლის დადგმითაც იყო დაკავებული, ანუ შეთავსებული ჰქონდა არა მხოლოდ დრამატურგის, არამედ რეჟისორის ფუნქციაც. 2. რომ პიესის წერისას მუდმივ კომუნიკაციაში იყო არტისტებთან (ანუ ითვალისიწინებდა ადამიანურ რესურსს და არტისტთა შესაძლებლობებს). დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილს დაუწერია პიესები: „კატა აწონე“, „უბედური მოარშიყე“, „ექიმბაში“, „უბედური მოარშიყე“, „გამოუცდელობა, ანუ განშორება საყვარელთან“ და სხვა. „თეატრის რეპერტუარში გაშიფრული არ არის, თუ რომელი პიესა დადგა მან უშუალოდ, მაგრამ ფაქია, რომ იგი მუშაობდა მსახიობებთან.“[6]

1845 წლის ივლისსა და აგვისტოში, გორში გამართულ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის პიესის „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება საყვარელთან“ წარმოდგენას ადასტურებს სხვა მკვლევარებიც: მაგალითად, აბერკი გაჩეჩილაძე წიგნში „ნარკვევევბი მე-19 საუკუნის ქართული დრამატურგიის და თეატრის ისტორიიდან“ (თბ., 1957, გვ.32) წერს, რომ „გორში პირველი წარმოდგენა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის პიესის მიხედვით 1845 წლის მაისსა და აგვისტოში გაიმართა“. ამ მოსაზრებას იზიარებს ისტორიკოსი იოსებ ალიმბარაშვილი, რომელმაც 2016 წელს გამოსცა მონოგრაფია „დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი (ცხოვრება და მოღვაწეობა)“, რომელიც ბევრ ახალ და დაზუსტებულ ცნობას შეიცავს.

პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი ზემოხსენებულ ნაშრომში წერს: „დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი ქართული თეატრის ფუძემდებელს გიორგი ერისთავს ჯერ კიდევ 1844 წლიდან ახლოს იცნობდა. აღნიშნულ წელს გიორგი ერისთავმა ცოლად შეირთო ხიდისთაველი აიგორ ალიხანოვის ქალი -ელისაბედი და ცოლის მამულში დამკვიდრდა“ელისაბედი - გიორგი ერისთავის მეუღლეელისაბედი - გიორგი ერისთავის მეუღლე

ის, რომ 1845 წელს გამართული წარმოდგენები გორში არ იყო ერთჯერადი და სათეატრო პროცესი გარკვეული პერიოდი უწყვეტად მიმდინარეობდა, მოწმობს სხვა წერილობითი წყაროებიც. დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილმა რამდენიმე პიესა დაწერა, რომელთა თარიღები ცნობილია. მაგალითად, მისი „ჩაჩნების ჩვეულება“ 1946 წელს დაიწერა, ხოლო „კატა აწონა“ 1845 წელს. ამბერკი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ავტორს პიესა ამავე წელს უნდა დაედგა. „მკვლევარს არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ, 1880 წლისთვის, როდესაც ეს პიესა ცალკე წიგნად გამოიცა, ავტორს უხერხულობა უგრძვნია, თარიღი 1845 წელი ამოუღია და მის ადგილას წერტილები დაუსვამს, იმ მოსაზრებით, რომ 1880 წელს ბატონყმობა უკვე გაუქმებული იყო და ძველი თარიღის დასმა არამიზანშეწონილად მიუჩნევია“.[8]

პროცესის სისტემატიურობაზე მეტყველებს გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებაში“ (1950; #20) ლიტერატურათმცოდნის, პროფესორ ს. ხუციშვილის სტატიაში მოყვანილი ერთი ფაქტი: „დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის პიესა „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება საყვარელთან“ გორში საშინაო წესით წარმაოდგინეს 1845 წლის 1 და 8 მაისს, 11 ივლისსა და 7 აგვისტოს. წარმოდგენებში მონაწილეობა მიიღო გორელმა თავადაზნაურებმა და მათ შორის ავტორმა“[9] გამოდის, რომ სათეატრო საქმიანობა გორში, შემდგომში აღდგენილი ქართული პროფესიული თეატრის მესვეურებმა დაიწყეს. მათი წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ გიორგი ერისთავმა ისინი თბილისში, ქართული წარმოდგენების გასამართად წაიყვანა. საბოლოოდ, ცნობილია, რომ ყველა გორში დაბრუნდა, მაგრამ 6 წლის განმავლობაში ისინი დედააქალქში მოღვაწეობდნენ.

ამ ისტორიაში მთავარი მაინც ის არის, რასაც წერილობითი წყაროები მოგვითხორბს, რომ გორში 1845 წელს გამართულა წარმოდგენა და ადგილობრივებს დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის პიესა „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება საყვარელთან“ დაუდგამთ. ამ ისტორიულ ფაქტს, არც ქართული თეატრის მკვლევარი გ. ბუხნიკაშვილი უარყოფს. წიგნში „გორის თეატრი 100“ წერს: „ეჭვგარეშეა, თბილისში წარმოდგენის გამართვამდე, გორელი ახალგაზრდები რამდენიმე წარმოდგენას გორშიც გამართავდნენ, ვინაიდან რეპეტიციები გიორგი ერისთავს სწორედ გორში, ხიდისთავში ჰქონდა“.[10] მკვლევარს, ამ მსოაზრების დასტურად მოჰყავს პეტრე უმიკაშვილის მოგონება „ჩვენი თეატრის თავგადასავალი“, რომელიც 1899 წლის „ივერიაში“ გამოქვეყნდა. მოგონებით ირკვევა, რომ ერისთავმა წარმოდგენაში გამოცდილი გორელი ახალგაზრდა არტისტები დააკავა.

გორის თეატრის ისტორიის საწყისად 1856 წლის 26 ივლისია მიჩნეული, რაც განპირობებულია მხოლოდ ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნებული პატარა ინფორმაციით: „წლეულს, მკათათვეში, გორში უთამაშიათ ქართული წამრმოდგენა „ძუნწი“, კომედია ორ მოქმედებად, თავად გიორგი ერისთავისა. ქართული თეატრის მოყვარულთ წარმოუდგენიათ, სასარგებლოთ ღარიბთა“. ეს არის და ეს. სხვა ცნობა წარმოდგენის შესახებ არ არსებობს. იმის გამო, რომ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის მიერ დადგმული (რაც ფაქტებით დასტურდება) მისივე პიესის პრემიერა არ გაშუქებულა პრესაში, ვფიქრობ, ამის გამო, ისტორიული ფაქტის უგულვებელყოფა არის არაპროფესიონალიზმი და საკითხისადმი არასწორი მიდგომა. ამიტომაც, გორში ინტენსიური სათეატრო ცხოვრება, რომელსაც ადგილობრივები ედგნენ სათავეში იწყება 1845 წლის ივლისიდან იწყება და დღემდე ამ ტრადიციას ღირსეულად აგრძელებს გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი. საბჭოთა პერიოდის მკვლევარები არ უარყოფდნენ, რომ პირველი წარმოდგენა გორში 1845 წელს გაიმართა. ამის მიუხედავად, გორის თეატრის ისტორიის საწყისად 1856 წელი მიიჩნეოდა იმ მოტივით, რომ ამ წლიდან იწყება უწყვეტი, ინტენსიური თეატრალური პროცესი, რაც საბჭოთა იდეოლოგიით იყო ნაკარნახევი და არაპროფესიული მიდგომაა ზოგადად ისტორიისადმი. ასე რომ არ იყოს, არც გიორგი ერისთავის თეატრს უარსებია ექვს წელზე მეტი თბილისში და მაშინ, რატომღა ვზეიმობთ 1850 წლის 14 იანვარს აღდგენილი ქართული პროფესიული თეატრის დღედ?!

გორში, თეატრის მოღვაწეების მიერ წამოწყენული საზოგადეობრივად უმნიშვნელოვანესი ინიციატივა უნიკალური მაგალითია ჩვენი თანამედროვეობისთვისაც, ვინაიდან სწორედ რეგიონში მომზადდა ძალა, რომელმაც შეძლო აღედგინა ქართული პროფესიული თეატრი. ამ იდეის სულისჩამდგმელები, უკლებლივ ყველანი გორიდან დედაქალაქში გაემგზავრნენ და გახდნენ ავტორები ისტორიული მოვლენის. მათ თბილისში ექვსი წელი იმოღვაწეს და ისევ გორში დაბრუნდნენ. ეს ფაქტიც, რომ რეგიონი, ამ შემთხვევაში გორი, იყო საქართველოს კულტურული (და არა მარტო) ცხოვრების ერთგვარი მოტორი, გიორგი ერისთავის თანამოაზრეთა გუნდის მნიშვნელოვანი ინიციატივაც ცხადყოფს.

ასე, რომ ქალაქი გორი გვევლინება, მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის მნიშვნელოვან სათეატრო ცენტრად და შესაბამისად, გორის თეატრიც ზუსტად 172 წლისაა და მისი ისტორიაც 1845 წლიდან უნდა ავითვალოთ, როცა ადგილობრივი პროფესიონალების მიერ პირველი სპექტაკლი გაიმართა, მით უმეტეს, მაშინ, როცა ამ მოვლენის შემოქმედნი აღდგენილი ქართული თეატრის ავტორებიც იყვნენ 1850 წელს.

 



[1]ვ. კიკნაძე, ქართული (დრამატული) თეატრის ისტორია, თბ., ტ. 1., 2003., გვ. 89.

[2]ე. ერისთავი, მოგონებები, ლიტერატურული მუზეუმი, #6307/114.

[3]ვ. კიკნაძე, ქართული (დრამატული) თეატრის ისტორია., ბ., 2003., ტ.1., გვ. 688.

[4]კ. ანდრონიკაშვილი, გიორგი ერისთავის რეჟისურის საკითხისთვის, (თეატრალური ინსტიტუტის სამეცნიერო შრომები, ხელნაწერი, 1953., # 10.)

[5]კ. ანდრონიკაშვილი, გიორგი ერისთავის რეჟისურის საკითხისთვის, (თეატრალური ინსტიტუტის სამეცნიერო შრომები, ხელნაწერი, 1953., # 10.)

[6]ვ. კიკნაძე, ქართული (დრამატული) თეატრის ისტორია., ბ., 2003., ტ.1., გვ. 124.

[7]ი. ალიმბარაშვილი, დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ., 2016. გვ. 178.

[8]ი. ალიმბარაშვილი, დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ., 2016. გვ. 183.

[9]გაზეთი „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1950., #20.

[10]გ. ბუხნიკაშვილი, გორის თეატრი 100., თბ. 1965. გვ. 13. 


უკან დაბრუნება