Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > პირადი პოლიტიკურია, ანუ წკიპ და რიკ და FREE*
პირადი პოლიტიკურია, ანუ წკიპ და რიკ და FREE*

პირადი პოლიტიკურია, ანუ წკიპ და რიკ და FREE*


17-04-2017, 20:56

ჩემი თაობის ბავშვობა დაუსრულებელი ომების ქრონიკაა. ომიდან ომამდე და ომში   გვიწევდა თამაში, სწავლა, იდენტობის განსაზღვრა,  სამყაროს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები მოზარდისათვის დამახასიათებელი პრობლემების გადაჭრა. ეს მოცემულობა იყო და არა არჩევანი, ამიტომ ვერაფერს ვცვლიდით და ვცდილობდით ადაპტირებას გარემოსთან, რომელიც გამუდმებული საფრთხის განცდას არასდროს გვავიწყებდა. საკუთარ ძალებსა და სურვილებში გამორკვევას გამუდმებით თან სდევდა გადარჩენისათვის ბრძოლა და ამ პროცესში ჩამოვყალიბდით ზრდასრულ ადამიანებად. თუმცა რამდენად შეძლო ჩვენმა ქვეცნობიერმა ზრდასრულობის გააზრება რთული სათქმელია. ვერ გავლილი და დაკარგული ბავშვობის წლები ერთგვარ ფეტიშად დაილექა და ინფანტილიზმისგან თავის გადარჩენა ბევრმა ვერ შევძელით.

 

თამთა მელაშვილის მოთხრობა „გათვლა“, 2011 წელს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული გახდა. ეს არის  ამბავი ორი ცამეტი წლის გოგოზე და მათი თვალით დანახულ ომზე. ომი, როგორც ყველაზე დიდი სისასტიკე და მისი, ერთი შეხედვით, მივიწყებული მხარე - ქალები.  ომისთვის დამახასიათებელი სისხლიანი სცენებისგან სრულიად თავისუფალ მოთხრობაში, უმძაფრესად არის აღწერილი მთელი ის ბოროტება, რომელიც მას მოაქვს. დაუმარხავი გვამებით, ხრწნის მძაფრი სუნით, შიმშილით და სიკვდილის დაუსრულებელი მოლოდინით.  შვილების გადარჩენისათვის ბრძოლაში სასოწარკვეთამდე გადაღლილი დედებით.

მამების, ძმებისა თუ ქმრების მოლოდინში გასული დღეები, ნარკობიზნესში ჩართული მებრძოლები, მშიერი, სიკვდილისთვის განწირული ჩვილები და პატარა გოგონების იმედად დარჩენილი დავრდომილი მოხუცები. სამყარო, რომელიც ცალსახად შემზარავია და ამ სამყაროში ორი პატარა გოგოს თავგადასავალი, სურვილები, მისწრაფებები, ინსტინქტები, რომელთაც ფარავს მათთვის ომისგან დაკისრებული წარმოუდგენლად მძიმე პასუხისმგებლობები.

 

ავტორი შეგნებულად არ აკონკრეტებს ამბის დროსა და სივრცეს. კონტექსტი გულისხმობს ზოგადად ომს და არა კონკრეტულად, რომელიმე ომს. პერსონაჟთა გვარები საქართველოს ერთ   კუთხესთან არ ასოცირდება, არც დროის განმსაზღვრელი მინიშნებებია. მოთხრობაში ომს  აქვს ერთი კონკრეტული  მნიშვნელობა,  გენდერთან მიმართებაში ზოგადად  ომის ფენომენი  და პატარა გოგონების თვითგამორკვევის პროცესში ომის, როგორც ობიექტური მოცემულობის შემზარავი ძალა.

„გათვლა“ შეფასდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ფემინისტური მოთხრობა თანამედროვე  ქართულ ლიტერატურაში. ის რამდენჯერმე დაიდგა ევროპის სხვადასხვა თეატრში. 2017 წლის ცხრა აპრილს კი (ცხადია სიმბოლურად), თოჯინების თეატრის დაუსრულებელ შენობაში რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა წარმოგვიდგინა თამთა მელაშვილის მოთხრობის ძალიან საინტერესო სცენური ინტერპრეტაცია.

 

ვიდრე უშუალოდ სპექტაკლის შესახებ ვისაუბრებ, მინდა  თანამედროვე ქართულ თეატრში ფემინიზმის, როგორც ასეთის, გააქტუალურებას და შეიძლება თამამად ითქვას, მოდურობას შევეხო.

 

არსებობს მოსაზრება, რომ მსოფლიოში იმდენნაირი ფემინიზმია, რამდენი ფემინისტიცაა.  აქედან გამომდინარე, უკვე აბსურდულია დავა იმაზე, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ფემინიზმს სრულიად განსხავებული მახასიათებლები, ბრძოლის ისტორია და მიზანი აქვს. თუმცა ყველგან და ყოველთვის ის იყო და დღემდე რჩება ქალების უფლებებისა და თავისუფლებებისათვის,სქესთა შორის ბალანსისა და ზოგადად, ქალის როლის განმსაზღვრელ ძალად სამყაროში.  რადიკალური ფემინიზმიდან დაწყებული  მარქსისტული, ლიბერალური თუ ეკოფემინიზმის ჩათვლით დასრულებული, ნებისმიერ შემთხვევაში, მიზნად ქალის თანასწორუფლებიანობას ისახავს, პატრიარქალური კულტურით შექმნილი ღირებულებებისა და ფასეულობების საპირისპიროდ.  ფემინიზმის ისტორია საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება. საწყის ეტაპზე დისკუსიები მხოლოდ პერიოდიკის ფურცლებზე მიმდინარეობდა და ეხებოდა სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებს და მათ გადაწყვეტაში ქალის როლს ზოგადად. მოგვიანებით უკვე დაისვა ემანსიპაციის საკითხიც.  მეოცე საუკუნის დასაწყისში ეს მოძრაობა უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა და მოიცვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც იყო ქალთა განათლების პრობლემა. იმისათვის, რომ ქალის როლი გაზრდილიყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათთვის ადეკვატური განათლების მიცემა უნდა გამხდარიყო პრიორიტეტული. მომდევნო საფეხური უკვე იყო ლიბერალურთან ერთად სოციალური პლანის წინ წამოწევა და სწორედ ამ დროს შეიქმნა პირველი ქართული ფემინისტური გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“, რომელიც 1917-1918 წლების გამოიცემოდა. ქალთა და ზოგადად სამოქალაქო აქტივიზმი საბჭოთა პერიოდში წყვეტს არსებობას და  ნომენკლატურისგან მართულ ფორმალურ საქმიანობად ყალიბდება.  მიზანმიმართულად მიეცა დავიწყებას წარსული გამოცდილება. საჯარო სივრცეში ქართული ფემინისტური ისტორიის არცოდნამ და  ტოტალიტარულმა წნეხმა,  მოგვიანებით კი საბჭოთა მემკვიდრეობამ, რასაც დამატებით ქართულ მენტალიტეტად მონათლული ქალისადმი სრულიად არაჯანსაღი დამოკიდებულება კვებავდა, შექმნა წარმოდგენა, რომელმაც ფემინიზმი დასავლეთიდან ინპორტირებულ და თავსმოხვევულ სენად წარმოუდგინა საზოგადოებას.  ამ მძიმე  სტერეოტიპის რღვევა იწყება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან და ყალიბდება პირველი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად იწყებენ ბრძოლას ქალთა უფლებების დასაცავად.  უნდა აღინიშნოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა სიმრავლე, რომელიც განაპირობა დასავლეთისკენ სწრაფვამ და გრანტებზე ხელმისაწვდომობის ზრდამ, ვერ შექმნა ეფექტურად მუშაობის მოლოდინი საზოგადოებაში.  ხშირია ისიც, რომ თავად ფემინისტურ ორაგიზაციებსა თუ გაერთიანებებს არც ისე მკაფიოდ და სრულყოფილად აქვთ გააზრებული ფემინიზმის არსი და მიზანი. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ფემინისტური მოძრაობა ქართულ სინამდვილეში ცდილობს დაამკვიდროს ქალის, როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის სტატუსი, გაათავისუფლოს ის უკვე აღნიშნული ქართული მენტალობისა და კლიშეებით სავსე შეხედულებების მარწუხებისგან. ამის პარალელურად იწყება კაცის როლისა და დანიშნულების დეკონსტრუქცია და ეს ურთულესი პროცესი ჯერ ისევ დინამიკაში მყოფი, დისკუსიის და დავის საკითხია დღესაც, ამიტომ აქ ვეცდები მსჯელობას კონკრეტული რაკურსი მოვუძებნო და თანამედროვე ქართულ თეატრში ფემინისტური სპექტაკლების სიუხვეს შევეხო.  

 

რატომ გახდა საინტერესო და ტენდენციური ფემინიზმი, როგორც თემა ქართული თეატრალური ხელოვნებისთვის? რა კონკრეტული საფუძვლები შეიძლება ჰქონდეს ამ მოვლენას? უპირველესად,  ცხადია, ეს არის მხარდაჭერის  გამოხატვა თანამედროვე რეჟისორების მხრიდან და მათი ღია და ცალსახა პოზიცია ქალის და მისი როლის შესახებ. აღსანიშნავია ისიც,რომ გასული წლების სტატისტიკით ფემიციდის წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებლები მივიღეთ. სახელმწიფოს კი არ აქვს მყარად ჩამოყალიბებული კურსი, რომელიც ამ კუთხით თუნდაც გარკვეულ პრევენციას უზრუნველყოფდა. ამდენად, ცხადია, მნიშვნელოვანია, როცა ხელოვნება და ამ შემთხვევაში თეატრი, იღებს ინიციატივას დაიცვას ქალთა უფლებები და ღიად გამოხატოს საკუთარი პოზიცია ქალის როლისა და თანასწორობის შესახებ.

სულ რამდენიმე სპექტაკლის გახსენებაც საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, რომ თანამედროვე ქართული თეატრი აშკარად გაიტაცა ფემინისტური იდეების მხარდაჭერამ.  სამეფო უბნის თეატრში  ჯერ კიდევ 2010 წელს დაიდგა დათო გაბუნიას პიესა „სხვისი შვილები“ დათა თავაძის რეჟისურით. სპექტაკლში აჯანყებული ქალების სახე  თამამად შეიძლება განვიხილოთ ფემინისტური სპექტაკლის შექმნის ერთ-ერთ პირველ მცდელობად ქართულ თეატრალურ სივრცეში. უკვე მოგვიანებით იმავე თეატრში,  იგივე ტანდემი ქმნის ძალიან საინტერესო სპექტაკლს “ტროელი ქალები“. წარმოდგენა დაახლოებით იმავე პრინციპს ეყრდნობა, რომლითაც იხელმძღვანელა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა სვეტლანა ალექსეევიჩმა, რომელმაც ბევრი იმოგზაურა, ჩაწერა ინტერვიუები მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქალებთან და დაწერა ძალიან საინტერესო წიგნი სახელწოდებით: „ომს ქალური სახე არ აქვს.“  

 

გასულ წელს რუსთაველის თეატრში რეჟისორმა დათო საყვარელიძემ, დრამატურგ ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დადგა სპექტაკლი „ლისისტრატე“. წარმოდგენა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. „ლისისტრატე“ არის სპექტაკლი, რომელიც ცდილობს დაეხმაროს საზოგადოებას თვითგამორკვევის პროცესში, ერთი მხრივ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და მეორე მხრივ, თავად ქალების მხრიდან ჩადენილი ძალადობის გასააზრებლად. შესაძლოა ბევრი ვისაუბროთ სპექტაკლში უხვად გამოყენებულ ლოზუნგებსა თუ მოწოდებებზე, თითქოს მხატვრულსა და პუბლიცისტურს შორის წაშლილ ზღვარზე და პლაკატური ფორმით გამოხატულ პრობლემაზე, თუმცა ფაქტი ერთია, სპექტაკლი „ლისისტრატე“ არის  ფემინისტური იდეოლოგიისათვის გამოცხადებული ღია მხარდაჭერა რუსთაველის თეატრის სცენიდან.

 

ფემინისტურ თეატრზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით პაატა ციკოლიას სპექტაკლს „აიიქ“. რეჟისორი ცდილობს ქალის ყველაზე ღრმა და თითქმის ბურუსით მოცული მხარეების წარმოჩენას, მიზეზებისა და გარემოდან ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების შეულამაზებლად ჩვენებას. სპექტაკლი  ერთგვარი მანიფესტია, პირდაპირი მოწოდება, რომ გათავისუფლდე და არ დარჩე მეორე პლანის მოთამაშედ, არ დარჩე კრიმინალად, რომელსაც გამუდმებით ქენჯნის სინდისი განუხორციელებელი სურვილებისა თუ გაუმხელელი ვნებების გამო, სხვა შემთხვევაში ფობიებითა და მანიებით შეპყრობილს სამყაროსთან პირისპირ სრული სასოწარკვეთა გემუქრება.

გურამ მაცხონაშვილის ინტერპრეტაცია ასევე ეფუძნება ფემინურ საწყისს, რომელიც  მოთხრობაშიც აქცენტირებულია და ვფიქრობ, რეჟისორული ჩანაფიქრით ეს აქცენტი კიდევ უფრო უტრირებულ სახეს იძენს.პირადი პოლიტიკურია, ანუ წკიპ და რიკ და FREE*

ნახევრად დანგრეული, დაუსრულებელი შენობა, გაყინული კედლებითა და სუსტი განათებით, ომით გადაღლილი ქალაქის სამ დღიანი ისტორიის მოსათხრობად იდეალური და ზედმიწევნით ორგანული ლოკაცია აღმოჩნდა.  გარემო, რომელსაც რეჟისორი ქმნის გოგონას, ქალის მიმართ არსებული საზოგადოებრივი დაკვეთის დაუფარავი სარკაზმია. ეს არის ვარდისფერი ტონებით, ბრჭყვიალა ფარდებით, თოჯინებითა და საპატარძლო თეთრი კაბებით შენიღბული ქალური სამყარო. თვალისმომჭრელი ბრჭყვიალისა და კიჩური დეტალების მიღმა იკითხება სტერეოტიპი, რომელსაც ჯერ კიდევ დაბადებამდე ახვევენ თავს გოგონებს, როცა მათთვის სამოსის შერჩევისას აუცილებლად ვარდისფერ ტონებს მიმართავენ.  გაშლილ სივრცეში გათამაშებული დრამა, სადაც თითქოს ყველაფერი ერთ სიბრტყეზეა, მოიცავს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას და მაყურებელს რამდენიმე, სრულიად განსხვავებული რაკურსით უწევს სპექტაკლისათვის თვალის დევნება. ინტერაქციული წარმოდგენა, დინამიური თხრობის მანერით, არც ერთი წუთით არ გაძლევს მოდუნების და ფიქრით სხვაგან გაქცევის საშუალებას. ბოლომდე ხდები ამბის თანამონაწილე, ხან პერსონაჟთა მოძრაობის ტრაექტორიას ცდილობ აედევნო, ხან არ ჩამორჩე პროექტორით სცენური სივრცის მიღმა გაგრძელებულ მოქმედებას, სპექტაკლის მსვლელობა ზოგჯერ დაუსრულებელი შენობის ფანჯრებსაც მიგაჯაჭვებთ და ასე მთელი წარმოდგენის მანძილზე პერსონაჟების დაძაბული და საფრთხით სავსე ისტორიის კვალდაკვალ ხდები იმ კონკრეტული ქალაქის მკვიდრი, რომელიც ომის ბოროტებითაა გარემოცული და თავდასხმის  შიშით მაინც აგრძელებს სიცოცხლისათვის ბრძოლას.

 

ნინცოსა და ცქნაფას თინეიჯერულ ცხოვრებას ომი სრულიად განსხვავებულ პროირიტეტებს უწესებს. ნინცო ლოგინად ჩავარდნილი ბებიიის მოვლითაა დაკავებული. ცქნაფა ჩვილი ძმისათვის საკვების მოპოვებას ცდილობს, ვინაიდან სასოწარკვეთილ დედას შვილის ბუნებრივად გამოკვება არ შეუძლია. მათი მიზნები და სურვილები  განსხვავდება მშვიდობასა და კეთილდღეობაში გაზრდილი თანატოლებისგან და ამ უმძიმესი მოცემულობის მიუხედავად, მათ, როგორც ნებისმიერ ცამეტი წლის გოგონებს, აქვთ საკუთარი თავის ძიებისა და აღმოჩენის ძლიერი სურვილი, იდენტობის განსაზღვრის, ხალისის, თამაშის, ერთმანეთთან შეფარული მეტოქეობისა და მეგობრული მზრუნველობის ინსტინქტები.

 

პარალელურად რეჟისორი საზოგადოების როლის ძალიან საინტერესო ფორმით ჩვენებას ცდილობს. ქორო, რომელიც სწორედ სტერეოტიპებით დამძიმებულ ადამიანებს, სოციუმს წარმოგვიდგენს, ერთგვარი კრებითი სახეა იმ ფსევდოღირებულებებისა და ყალბი ფასეულობების, რომელთაც ცამეტი წლის, სიცოცხლით სავსე გოგონების სურვილები და მისწრაფებები სურთ როგორმე საკუთარ კალაპოტს დაუქვემდებარონ. ეს ის საზოგადოებაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია რას იტყვის ხალხი, რომელიც ეკლესიის წიაღისკენ მიუთითებს ჯერ კიდევ თვითგამორკვევის პროცესში მყოფ პატარა გოგონებს და გამუდმებით ჩასაფრებულია მათში ბოროტისა და მიუღებლის აღმოჩენაზე. ეს არის საზოგადოება, რომელსაც შენივე სურვილის საწინააღმდეგოდ, გამუდმებით „გული შესტკივა“ შენზე და რეალურად მის წუხილს განსხვავებულის, სიცოცხლის, თავისუფლების მიმართ შიში წარმოადგენს და არასდროს გაპატიებს, თუ თავს მისცემ უფლებას ამოვარდე მათთვის მისაღები და დაშვებული ნორმებისგან.

 

ნინცო, რომელსაც მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ეკა დემეტრაძე განასახიერებს ქმნის ლამაზი, ერთი შეხედვით, ნაადრევად ზრდადასრულებული და უკვე ქალური ფორმებით „შეიარაღებული“ თინეიჯერი გოგოს სახეს. მის იდენტობას, დამოკიდებულებას, გადარჩენისათვის ბრძოლის ფორმას თვალისმომჭრელი კოსტუმი მკვეთრი აქცენტით უსვამს ხაზს. ნინცომ, ჯერ კიდევ ცამეტი წლისამ, უკვე იცის, რომ მისი მთავარი კოზირი მომხიბვლელობა და ქალური შარმია, ამიტომ არც ერიდება არსებობისათვის ბრძოლაში ამ კოზირის გამოყენებას. ეკა დემეტრაძე ძალიან საინტერესო პერსონაჟს წარმოგვიდგენს, მისი ხასიათის განვითარების პროცესში მსახიობი, გარდა დამაჯერებლობისა, მაყურებელში სიყვარულის, თანაგრძნობის და სიბრალულის განცდას ერთდროულად აღძრავს.

 

რადიკალურად განსხვავებულია ნინცოს უახლოესი მეგობრის, ცქნაფას სახე. ის ჯერ ისევ პატარა გოგოა, მოკრძალებული, დათრგუნული, შეშინებული და მაინც არა მხოლოდ საკუთარი, არამედ დედისა და ჩვილი ძმის სიცოცხლის გადასარჩენად თავდაუზოგავად მებრძოლი. მისი იდენტობა ჯერ ისევ ბუნდოვანია, კეპითა და მოკლე შორტებით სულაც არ ჰგავს თამამ და ლამაზ მეგობარს. ხშირად აბნევს და აღიზიანებს კიდეც ნინცოს თავისუფლება. ის ვერ აძლევს მეგობრისგან განსხვავებით, თავს უფლებას, რომ ეკლესიაში გალობა და ლოცვა თავსმოხვეულ დოგმად აღიაროს და მორჩილებით იღებს „კეთილისმოსურნე“ უფროსების რჩევებს. ცქნაფას როლს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ანიკო ცეცხლაძე ასრულებს და ვთვლი, რომ ის ქმნის პატარა ტრაგიკული გოგონას სახეს, რომელიც ძალიან დიდხანს ემახსოვრება  მაყურებელს.

 

სპექტაკლის ქოროს წარმოგვიდგენენ თოჯინების თეატრის მსახიობები: მარიკა ძაგნიძე, ნინო ნატროშვილი, ნათია ხმიადაშვილი, ნინო პაპიაშვილი, მაია სულხანიშვილი, მანანა წიკლაური, ნათია შეშაბერიძე.

 

განსაკუთრებით საინტერესოა ქოროს გამძღოლი ქალის თეა კიწმარიშვილის რამდენიმე სრულიად განსხვავებული ამპლუა სპექტაკლში. ის ერთნაირი გულწრფელობით თამაშობს მოძველბიჭო, ნარკობიზნესში ჩართულ ტიპსა და შიმშილით სიკვდილისთვის განწირული ჩვილის დედას. ხასიათთა უკიდურესი განსხვავებულობა ძალიან მკაფიოდ უსვამს ხაზსს თეა კიწმარიშვილის, როგორც ძალიან საინტერესო და ჭკვიანი მსახიობის უნარებს.

 

სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ერეკლე დეისაძეს. სევდიანი და ბავშვური გულწრფელობით, ხალისით გამთბარი ინტონაციები, ელექტრონული ინტერპრეტაციები ერთგვარი მცდელობაა მუსიკის ენით მაყურებლისთვის კიდევ უფრო მარტივად აღსაქმელი გახდეს ომში ჩარჩენილი პატარა გოგონების თავგადასავალი.

 

რეჟისორული ჩანაფიქრი დრამატურგიული თხრობის მთლიანობას  ექსპერიმენტის ფორმას სძენს და წარმოგვიდგენს სცენებს, რომლებსაც პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ ნახატები.  სპექტაკლის კომპოზიცია, რომელიც დანაწევრებულ ეპიზოდებად ერთიანდება საბოლოოდ მაყურებლისთვის  ძალიან მძიმე და შემზარავი ისტორიის  მსუბუქი, არადამთრგუნველი ფორმით გადმოცემას ახერხებს.

 

ნინცო და ცქნაფა იბრძვიან ომში, რომელიც სხვისი თუ საკუთარი მკვდრების გვამებს ახვედრებთ ყოველდღე და ამასთანავე, ებრძვიან სოციუმს, რომელიც საკუთარი წესებით თამაშისკენ მოუწოდებს მათ და ამ ფორმით ცდილობს თავად გოგონები აქციოს გვამებად - სურვილებისგან, მისწრაფებებისგან, ძიების უნარისგან დაცლილ სხეულებად.

 

„უცნაური მოდერნისტული მუზეუმი“, რომელსაც გურამ მაცხონაშვილი ქმნის სცენაზე, იტევს პატარა გოგონების ვარდისფერ სამყაროს, სურვილს და ოცნებას, როგორმე გადაურჩე ომს და „აქ არ ჩაკვდე“ და ტყუილს, დანაშაულს, სიცოცხლის რისკის ფასად გაღებულ მსხვერპლს.  პირადი პოლიტიკურია, ანუ წკიპ და რიკ და FREE*

რეჟისორის მხრიდან საბავშვო სათამაშოების სპექტაკლის რეკვიზიტებად გამოყენება ერთი მხრივ,  ნოვაციაა ქართულ თეატრალურ სივრცეში და მეორე მხრივ, აქვს ძალიან ღრმა და საინტერესო შინაარსი. ეს არის ერთგვარი სარკასტული მინიშნება ჩვენი, უკვე ზრდადასრულებული და მაინც ინფანტილურ სამყაროში ჩარჩენილი ქვეცნობიერის.

 

მინდორი, რომელიც დანაღმულია, აუცილებლად მიიღებს მსხვერპლს. თავგანწირვა კი სამწუხაროდ ყოველთვის ვერ აღწევს დასახულ მიზანს.  ბავშვობა, რომელიც ომიდან გეძახის შეუძლებელია ჯანსაღად სიცოცხლის გაგრძელების უნარს გიტოვებდეს. ფიზიკურად გადარჩენის შემთხვევაშიც კი გადარჩენილი არ გქვია, მზის მიმართულებით ქაღალდის თვითმფრინავებად ქცეული გარდაცვალების მოწმობები ბუმერანგებად გიბრუნდება უკან და მთელი ძალით პირდაპირ სახეში გაყრის ომისგან დამწვარი ბავშვობის ფერფლს.

 

არავისთვის წარმოადგენს სიახლეს, რომ თეატრი არის რიტუალი. ეს არის პროცესი, რომელიც მაყურებელს  გათამაშებული მოქმედების არა უბრალოდ თვითმხილველად, არამედ თანამონაწილედ აქცევს, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყოველი დეტალი, დიალოგებიდან დაწყებული, მოქმედებებისა, თუ სცენოგრაფიული გადაწყვეტების ჩათვლით იყოს მაქსიმალურად დაწმენდილი და სუფთა, დაცლილი ხელოვნურობისგან. ერთი შეხედვით სულ უმნიშვნელო უხარისხო თუ ზერელე დეტალიც კი საკმარისია იმისთის, რომ გამოეთიშო მედიტაციის პროცესს, როცა პერსონაჟების თავგადასავალს საკუთარ დრამად აღიქვამ. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ სპექტაკლში „გათვლა“ იყო გარკვეული ხარვეზები, რაც უამრავ გარე ფაქტორთანაც არის დაკავშირებული, მცირე ბიუჯეტი ხშირ შემთხვევაში რეჟისორებისგან დიდ კომპრომისს მოითხოვს, რომ აღარაფერი ვთქვა მსახიობებზე, რომელთაც გაყინულ სივრცეში უწევდათ თამაში ძალიან ლამაზი და საინტერესო, მაგრამ უთხელესი კოსტუმებით და მაყურებელიც ყველა იმ ტკივილთან ერთად, რომელსაც პერსონაჟები განიცდიდნენ, გრძნობდა მსახიობების გაყინულ სხეულებს, თანაუგრძნობდა მათ და ცხადია ეს დისკომფორტი თავისდაუნებურად ვნებდა იმ რიტუალურ პროცესს, რომელზეც უკვე მოგახსენეთ.

 

გურამ მაცხონაშვილის „გათვლა“ მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  „13 თიბათვისა“ იყო სპექტაკლი, რომლის შთაბეჭდილებებიც დიდი ხნის მანძილზე არ მტოვებდა და სწორედ იქ აღმოვაჩინე, რომ  გურამ მაცხონაშვილი არის რეჟისორი, რომელსაც აქვს უნარი მძიმე და მტკივნეულ თემებს, ტრაგედიებს, პრობლემებს შეეხოს და გვიჩვენოს არა დამთრგუნველი, არამედ გამოსავლის მაძიებელი რაკურსით, რაც ვფიქრობ, რომ მისი ძალიან საინტერესო და მკვეთრად ინდივიდუალური ხელწერაა.

 

დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი ფემინისტური იდეების მხარდაჭერისაკენ მიმართული ქართული თეატრალური პროცესის ფენომენს. ცალსახად დადებითია ის ფაქტი, რომ თეატრი, ასე აქტიურად ერთვება ქალთა უფლებებისა და თავისუფლებებისათვის ბრძოლაში, თუმცა ვერაფრით გამოვრიცხავთ, რომ გულწრფელი სოლიდარობის  მიღმა გარკვეული მერკანტილური ინტერესი არსებობს და ფემინიზმის აქტუალობამ თეატრალურ პროცესში შესაძლოა სპეკულაციის ხასიათიც მიიღოს. თუკი ეს არის თემა, პრობლემა და საკითხი, რომელიც ქმნის კარგად გაყიდვად პროდუქტს, რატომაც არა? ნებისმიერი რეჟისორისთვის იქცევა საინტერესო და მიმზიდველ თემად. ალბათ, სწორედ აქ არის საჭირო ზუსტად და საფუძვლიანად გვესმოდეს, რომ თვითმიზნურობა ყველაზე მეტად ვნებს პროცესს და მხარდაჭერის ნაცვლად  შესაძლოა მივიღოთ სრულიად არასასურველი სურათი, როცა პრობლემა ბანალურ, გაცვეთილ ელფერს იღებს და რომანტიზების არეალს ვერ სცდება.

 

ნახეთ სპექტაკლი „გათვლა“. დაწრმუნდით, რომ არ არსებობს  მოვლენა, შემთხვევა, ფაქტი ცხოვრებაში, სადაც მამაკაცი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქალი, რომ დიდი ხნის წინათ ფიზიკურ ძალაზე დამყარებულმა პატრიარქალურმა ფილოსოფიამ საბოლოოდ ამოწურა თავი და დღეს სიმშვიდესა თუ ომში, სიყვარულში, სექსში, მეგობრობაში, ყოფიერების უკიდურესი ბანალურობიდან დაწყებული, ყველაზე მაღალი ფასეულობებით დასრულებული სქესი აღარ წარმოადგენს ძალთა გადანაწილების ამოსავალ წერტილს. პირველ რიგში ჩვენ, გოგონებს, ქალებს უნდა გვესმოდეს და გვჯეროდეს, რომ არ ვართ მეორე პლანის მოთამაშეები, გვაქვს უფლებები და ვალდებულება ვაგოთ პასუხი საკუთარ სურვილებსა თუ მისწრაფებებზე. ქვეყანაში, რომელიც სელექციური აბორტის მხრივ მოწინავე ადგილს იკავებს, ჯერ ისევ ძალიან ბევრია ამ კუთხით სამუშაო და ერთი სპექტაკლი, ერთი წერილი, ერთი სწორად და გააზრებულად გაგზავნილი მესიჯიც ღირებული და მნიშვნელოვანია.

 

 

* - ფართოდ გავცრელებული ფემინისტური სლოგანი.


უკან დაბრუნება