Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
"იგი“ მოძრაობის თეატრში
"იგი“ მოძრაობის თეატრში25-04-2017, 20:48 |
2017 წლის 22 აპრილს მოძრაობის თეატრმა მაყურებელს კახა ბაკურაძის სპექტაკლი „იგი“ (ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა „იგი“-ს მიხედვით, პრემიერა გაიმართა 2015 წლის ივლისში) წარუდგინა. როდესაც არატრადიციულ, კლასიკურ დადგმასთან არ გვაქვს საქმე, კიდევ უფრო მძაფრდება მოლოდინი წარმოდგენისადმი, თუ როგორ, რა ხერხებით და რანაირად გადმოგვცემს რეჟისორი ამბავს. იგის „გაუკაცრიელებულ“ და პირველყოფილ სამყაროში თავიდანვე შევყავართ რეჟისორს, როდესაც ვხედავთ შუაგულ დარბაზში იატაკზე მჯდარ ბელადს, ბუნების, ფრინველებისა და აქა-იქ წყლის ხმაურის ფონზე. ირგვლივ, დიდ წრეზე მიმოფანტული „ქვიშა“ ის ადგილია, სადაც ძირითადად ვითარდება მოქმედება. მინიმალისტური სცენოგრაფია, ამძაფრებს იმ შეგრძნებას, რომ ყველაფერი რეჟისორისა და მსახიობების "მარიფათზეა" დამოკიდებული, რამდენად სწორად და გასაგებად წარმოაჩენენ სხეულის ენით იგის ამბავს. დარბაზის სიღრმეში მჯდარი მარიონეტი, მთხრობელად გვევლინება, რომელიც იწყებს პროლოგს და ამ ხერხით კიდევ უფრო ნათელს ხდის ჩვენს თვალწინ გათამაშებული სანახაობის შინაარსს. ნელ-ნელა, ერთ მსახიობს (ბელადს) ემატება გუნდი მსახიობების, რომლებიც ჭერის სიღრმიდან, ბადისებურად დაწნულ თოკებზე ცოცვით ზემოდან ქვემოთ მოდიან. რეჟისორის ეს გადაწყვეტა თავიდანვე თვალშისაცემი ხდება, რადგნან თოკებზე ცოცვით მსახიობები ძალიან ნათლად გადმოგცემენ რომ მოვიდნენ საიდანღაც და ასვე სადღაც ქრებიან. წინასწარ ხვდები, რომ ბელადიც, იგიც და იგის შემდეგ სხვანიც, სწორედ ამ უკიდეგანო სიმაღლესა და სიღრმეში გაუჩინარდება, სიღრმეში, რომელსაც ათასგვარი ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს. რეჟისორი არ მიყვება პირდაპირ ლიტერატურულ ტექსტს, მეტიც, თავდაპირველად სრულიად სხვა ტექსტითა და მოქმედებით იწყება სპექტაკლი და არა წმინდა ლიტერატურული ამბით, რაც მეტ ინდივიდუალიზმს სძენს წარმოდგენას. სპექტაკლში იგის გამოჩენის სცენა, მკვეთრად გამოხატულია და შესაბამისად მაყურებელი ხვდება ვინ არის ამბის მთავარი მოქმედი გმირი. ძალიან მარტივი ქმედებით, დაცემინებით, ჩვენთვის ნათელი ხდება მისი გამორჩეულობა და განსხვავებულობა, რომელიც მისი ტომის სხვა არსებებისთვის მომავალში გამაღიზიანებელი, დამაბნეველი და საშიში ხდება. მსახიობების მინიმალისტური ფიზიკური მოძრაობები, ხან ტანვარჯიშის ელემენტებს წააგავს, ხან ქორეოგრაფიული მონახაზის მცდელობაა და ხანაც უბრალო ფიზიკური მოქმედებაა ყოველგვარი ზედმეტი დატვირთვის გარეშე. დადგმა უფრო სამოყვარულო პერფორმანსის შთაბეჭდილებას ტოვებს ვიდრე პროფესიონალურის, რომ არა მთხრობელის ვერბალური გადმოცემა და მესიჯები (რომლებიც მოქმედებას თან სდევს), მაყურებლისთვის ამბავი დიდწილად ბუნდოვანი იქნებოდა. წარმოდგენის სამიზნე აუდიტორია უბრალო მაყურებელია და არა პროფესიონალებით (მსახიობები, რეჟისორები, კრიტიკოსები), დაკომპლექტებული გუნდი, შესაბამისად „მოუმზადებელი“ მაყურებელი, რომელიც არ იცნობს ლიტერატურულ პირველწყაროს, შესაძლოა მთლიანად აცდეს იმ მთავარ აზრს, რისი გადმოცემაც სურს რეჟისორს და გარკვეული მომენტები შეიძლება გაუგებარიც კი აღმოჩნდეს. აღსანიშნავია იგისა და ნის სიყვარულის სცენა, მსახიობები (იგი - უჩა მჟავია, ნი - ქეთი გიორგაძე) ახერხებენ მაღალი ემოციური შესრულებითა და გამოხატვით, დახვეწილი მოძრაობებით, გადმოგვცენ იგისა და ნის სიყვარულის, შეცნობის, არცოდნისა და ცოდნის შეგრძნებები, როგორ ცხოვრობენ ეს გრძნობები მათში და როგორ ჰპოვებენ გამოხატვას. მათთვის ხომ ყველაფერი ახალი და უცხოა, ისინი პატარა ბავშვებივით შეიცნობენ საკუთარ თავებს და შემდეგ სამყაროს. ამ სცენაში მე, როგორც მაყურებელს დამაკლდა არცოდნიდან გამოწვეული შიშისა და ცოდნიდან მიღებული გრძნობის განვითარება, კიდევ უფრო წინ წამოწევა და ჩაღმავება, ჩემი აზრით, ამბის უბრალოდ გადმოცემაზე მეტად საინტერესო, ამ საკვანძო თემების განვითარება იქნებოდა. სპექტაკლში იგი ჩნდება, როგორც მარტოობა, შინაგანი წინააღმდეგობების მთელი ფეიერვერკი, შემეცნების დაუშრეტელი სურვილი, არცოდნის შიში და შემდეგ გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემის ბედნიერება. იგი, როგორც მოაზროვნე და არა პრიმიტიული, ინსტიქტების დონეზე დარჩენილი არსება, იგი როგორც ბრძოლა და იგი როგორც პროტესტი. ამ ერთ პერსონაჟშია ყველაფერი თავმოყრილი და არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ იგის როლის შემსრულებელი მსახიობი, უჩა მჟავია ახერხებს ამ ყველაფრის გადმოცემას და ჩვენამდე მოტანას, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე ეს თემები, მაინც ზედაპირულად არის დამუშავებული. საინტერესოდ და მარტივად გადმოცემულია სცენა, სადაც იგი სილაზე ხატვას იწყებს და შემდეგ ამ ნახატების ფილოსოფიურ გააზრებას გვთავაზობს მაყურებელს, სადაც ნამუშევარი კი არაა მთავარი, არამედ მისი არსი, როგორ იშლება და როგორ ქრება ყველაფერი, მათ შორის ადამიანი და რა რთულია დატოვო შენი კვალი ისე, რომ ზღვამ ვერ წაშალოს. სქელი თოკებისგან დაწნული ბადე, მთავარი სცენოგრაფიული ნაწილია, რომელიც მაყურებლის ზემოთ, წინა მხარეს არის გადაჭიმული, იგი მრავალ ფუნქციური დატვირთვისაა და ხან საცხოვრებლის, ხანაც მაღალი მთის ფუნქციას ასრულებს, მასზე ჯერ დამარცხებული ბელადი ადის და სადღაც უსასრულობაში იკარგება, ხოლო შემდეგ იგი, რომელიც ბელადის ბედს მხოლოდ იმიტომ იზიარებს, რომ მეტი ცოდნა აქვს, რაც ამ პრიმიტიული, პირველყოფილი ადამიანისთვის იმთავითვე საშიში იარაღი ხდება. საბოლოო ჯამში დადგმა უფრო პერფორმანსია, ვიდრე პროფესიული ქორეოგრაფია, ან სპექტაკლი. მაყურებლისთვის ამბავი ბუნდოვანია, რათქმაუნდა არის ადგილები სადაც იკვეთება მოქმედების არსი და სწორ განვითარებამდე მიდის, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვევლობის შეგრძნებას ტოვებს წარმოდგენა, რაზეა ამბავი, ერთ კონკრეტულ ადამიანზე თუ მასში არსებულ უამრავ გრძნობაზე, ბრბოზე თუ უბრალოდ მარტივ ბანალურ პირველყოფილ ყოფაზე. რომ არა მთხრობელის ტექსტი, კიდევ უფრო გაურკვეველი დარჩებოდა წარმოდგენის ნაწილები. მოძრაობის თეატრში უფრო მეტ მოძრაობას და ნაკლებ სიტყვას ველოდებოდი, მოძრაობას რომელსაც ვერბალიზაცია აღარ დასჭირდებოდა და მხოლოდ ძალიან მოკლე მესიჯებით გვამცნობდა ერთი სცენიდან მეორეზე გადასვლას. ბუნების, ფრინველების და წყლის ხმა გარემოს აღქმას ნამდვილად უადვილებს მაყურებელს და გვაგებინებს სად მიმდინარეობს მოქმედება. წარმოდგენა გაწელილი არ არის, რაც გაძლევს საშუალებას ფეხდაფეხ მივსდიოთ სიუჟეტის განვითარებას. რეჟისორისა და ლიტერატურული პრველწყაროს დახმარებით ხდება კულმინაცია და კვანძის შეკვრა. პერფორმანსი არ მიმდინარეობს ტრადიციულ სცენაზე, მსახიობები თამაშობენ არა ამაღლებულ ფიცარნაგზე, არამედ იმ სივრცეში სადაც მაყურებელია განლაგებული, მათ არანაირი წინაღობა არ აქვთ აუდიტორიასთან, რაც შეიძლება მიზეზია იმისა, რომ მაყურებელი არ განიცდის დისტანცირებას გათამაშებულ ამბავთან, მეტიც, ცოტა „სცენის მტვერსაც“ ყლაპავს და ფიზიკური „თანამონაწილეობით“ უკეთ იზიარებს იგის ამბავს, რომელიც ყველა ჩევნგანის ამბავია, ყველა ადამიანის საწყისი და სასრული, რომელიც აუცილებლად გაფიქრებს იმ „ბანალური“ ამბის არსზე, რაც ადამიანის მოდგმის საწყისს წარმოადგენს.
უკან დაბრუნება |