Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > "გამარჯობა სცენა!!!"
"გამარჯობა სცენა!!!"

"გამარჯობა სცენა!!!"


14-06-2017, 21:48

ასე ქვია ასტანის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, რომელსაც ყაზახეთის დედაქალაქის მთავრობა და კულტურის განყოფილება უკვე მეხუთედ მართავს. მცირე ისტორიის და დიდი გამოცდილების ფესტივალი წლიდან წლამდე ვითარდება, იხვეწება და ზრდის თავის მასშტაბებს. ფესტივალი, რომლის ლოჯისტიკასაც ძირითადად ასტანის მაქსიმ გორკის სახელობის რუსული დრამატული თეატრი მისი დირექტორის ერკინ კასენოვის (Касенов Еркин) ხელმძღვანელობით ახორციელებს წელს „EXPO 2017 – ASTANA FUTURE ENERGY“ ფარგლებში იმართება, რომელიც ყაზახეთის (და არა მარტო) წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ხუთი წლის წინ ერკინ კასენოვისა და მისი თანამოაზრის თეატრის კრიტიკოსის  ჟაუსბეკ ერკინის (жуасбек еркин) ინიციატივით დაარსდა ფესტივალი „გამარჯობა სცენა“, რომელიც წელს ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა.

    ფესტივალში ყაზახეთის დასებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ დასები ყირგიზეთიდან, რუსეთიდან (სანკტ–პეტერბურგი; ჩელიაბინსკი) და აზერბაიჯანიდან. შარშან ამ ფესტივალს თბილისის გრიბოედოვის თეატრი ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლით „ცხენის ისტორია“ სტუმრობდა. უპრეცედენტოდ გაფართოებულია წლევანდელი ფესტივალის საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოც: სასიხარულოა, რომ ექსპერტთა საბჭოში გაერთიანებულია მხოლოდ თეორეტიკოსები, თეატრმცოდნეები და თეატრის კრიტიკოსები სხვდასხვა ქვეყნებიდან სხვადასხვა გამოცდილებით. მათ შორის, ფესტივალის ერთ–ერთი დამაარსებელი ჟაუსბეკ ერკინი (თეატრმცოდნე, ალმაატის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი); ნინა მაზური (თეატრმცოდნე, დრამატურგი და საერთაშორისო ფორუმის მონოდრამა ვიცე პრეზიდენტი), ანჯელინა როშკა (თეატრმცოდნე, დრამატურგი, პროფესორი, კიშინოვის  თეატრის, მუსიკისა და გამომსახველობითი ხელოვნების აკადემიის დრამატურგიის, თეატრმცოდნეობისა და სცენოგრაფიის კათედრის ხელმძღვანელი) სანია კაბდიევა (თეატრმცოდნე, პროფესორი, ყაზახეთის ხელოვნების ეროვნული აკადემიის თეატრის თეორიისა და ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი), ლაშა ჩხარტიშვილი (თეატრმცოდნე, პროფესორი, თაამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის დირექტორი). ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელობს ყაზახეთის სახალხო არტისტი, ასტანის მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თალგათ თემენოვი, რომელიც წარმატებულად აბალანსებს კრიტიკის ოსტატების გამოსვლებს, მას ექსპერტთა საბჭოში ერთგვარი მოდერატორის ფუქცია აკისრია, რომელსაც ის წარმატებულად ართმევს თავს.

     ფესტივალი საზეიმოდ ასტანის ახალგაზრდულ თეატრში ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ნურკანატ ჟაკიპბაის (НУРКАНАТ  ЖАКЫПБАЙ) სპექტაკლით შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“ გაიხსნა. ასტანის ახალგაზრდული თეატრი ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული კულტურული კერაა ყაზახეთში, რომელიც მუდმივ განახლებას განიცდის. სამხატვრო ხელმძღვანელის ნურკანატ ჟაკიპბაის დამსახურებით, ასტანის ახლაგაზრდული თეატრის დასი უნივერსალური მსახიობებით არის დაკომპლექტებული, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე. ნურკანატ ჟაკიპბაი არა მარტო გამორჩეული რეჟისორია, რომელიც არტისტისგან მაქსიმალურს ითხოვს, არამედ წარმატებული პედაგოგიც. სწორედ მისი აღზრდილების უმრავლესობას წარმოადგენს „ჟასტარ თეატრის“ დასი, რომლებიც გამოირჩევიან დახვეწილი პლასტიკით, გამორჩეული ვოკალური მონაცემებით, გამართული სასცენო მოძრაობითა და მეტყველებით, გარდასახვის განსაკუთრებული ნიჭით.

     თუკი ყაზახური თეატრი სახელმწიფო მხარდაჭერისა და მაქსიმალური ხელშეწყობის მიუხედავად გარკვეული შემოქმედებითი პრობლემების წინაშე დგას, ამ მოსაზრებას მთლიანად არღვევს ასტანის ახალგაზრდული თეატრი თავისი დასით და სპექტაკლებით. ასეთი წარმატებული დადგმაა სწორედ შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“, რომელიც ნურკანატ ჟაკიპბაის მიერ წარმოდგენილია როგორც ქუჩის აკრობატული თეატრი ბალაგანი. სწორედ ამ სტილისტიკაში გადაწყვიტა რეჟისორმა მთელი სპექტაკლი და საბოლოოდ წაშალა დროისა და ეპოქის კონკრეტული ზღვარი. საზღვრების მოშლა გამოიკვეთა სცენოგრაფიასა და კოსტიუმებში, რომელიც არ აკონკრეტებს არც დროს და არც მოქმედების ადგილს."გამარჯობა სცენა!!!"

     მაყურებლის თვალწინ შუა საუკუნეების ეპოქის ქუჩის ბალაგანური თეატრი, კომედი დე ლ’არტეს მსგავსი სანახაობა ცოცხლდება,  მოხეტიალე მსახიობები ორგანულად მოედებიან პარტერს და ჟრიამულით იკლებენ დარბაზს. ისინი ეტაპობრივად სცენაზე გადაინაცვლებენ და შექსპირისეულ წარმოდგენას შექსპირული თეატრუს გაგებით – რომ „ცხოვრება თეატრია და ჩვენ ყველანი  მსახიობები ვართ“ – გაითამაშებენ. რეჟისორი შექსპირის ტექსტზე დაყრდნობით, ქალისა და კაცის ურთიერთობის რთულ მექანიზმს გვიჩვენებს. ალბათ ამიტომაც არის დატვირთული სცენოგრაფია საათის მექანიზმებით, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში ბრუნავს და რა თქმა უნდა, წრეზე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პრობლემაც მარადიული. დრო გადის, პრობლემა კი არ იცვლება. ქალისა და მამაკაცის უცნაური ურთიერთობა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობები ასტანელთა სპექტაკლში მხოლოდ პეტრუჩიოსა და კატარინას ურთიერთობის მაგალითზეა ნაჩვენები. სხვა წყვილთა ხაზები სპექტაკლში მეორე პლანზეა გადატანილი. კატარინას როლის შემსრულებელი მადინა ჟუმაბაევა და პეტრუჩიოს როლის შემსრულებელი ადილ ახმეტოვი ნამდვილი ოსტატები არიან. ამ ორი მსახიობის დახვეწილ სამსახიობო ხელოვნებაზე დგას სპექტაკლი და ისინი ვირტუოზულად ასრულებენ პირველი შეხვედრის, ე.წ. გაცნობა–მოთვინიერების ეპიზოდს. სამსახიობო თვალსაზრისით და რეჟისორულად მიზანსცენის აწყობის თვალსაზრისით სპექტაკლის ეპიზოდი ნამდვილი მაღალი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც გამდიდრებულია ნიუანსებით და დეტალებით, რომელიც პერსონაჟთა ხასიათის ყველაზე ღრმა შრეების გამომხატველია.

     ნურკანატ ჟაკიპბაის სპექტაკლში წაშლილია დრო და ერთი კონკრეტული ეპოქა, თუკი მოქმედება ვერონაში ხდება, სპექტაკლში ინტენსიურად ჟღერს ირლანდიური მუსიკა, ხოლო კოსტიუმები პერსონაჟებს ჰოლანდიური შეფუთვით და თანამედროვე კედებით აღჭურვილი აცვიათ, რაც იმას უსმევს ხაზს, რომ ეს ამბავი ყველა ეპოქაში და ყველგან ხდება.

     სპექტაკლი სტილისტიკის თვალსაზრისით შოუს წააგავს. საცირკო, აკრობატულ სანახაობას. ამ სტილისტიკაში რეჟისორი იოლად ახერხებს მისი დასის შესაძლებლობების დემონსტრირებას და არაერთი ფეიერვერკის მოწყობას. ამ სანახაობაში იკვეთება რამდენიმე კარიკატურული პერსონაჟი, რომელთა შორის აღსანიშნავია: დაურენ სერგანზინი (ბონდელო) და ჟანდაუელ ბატაი (გრუმიო).

     „ჭირვეული მორჯულება“ კატეგორიულად ემიჯნება საბჭოურ, მონუმენტურ დეკორაციას და სცენოგრაფი განტვირთულ სივრცეს–ქალაქის ცარიელ მოედანს გვთავაზობს, სადაც არტისტები ავსებენ ყველაფერს. ბალაგანური თეატრის ჟანრი მხოლოდ ფინალში კატარინას მონოლოგისას იცვლება, რომელიც დრამატულ ჟანრში შეუმჩნევლად გადადის და ერთგვარი შეგონების ფუნქციას ატარებს, რომელიც შინაარსობრივად რეზიუმეა მთელი სპექტაკლის.

     ფესტივალის მეორე დღე ბაქოს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „ომი“ დაეთმო. სპექტაკლის ასაკობრივი ზღვარი +16 წლამდეა და შვედი დრამატურგის ლარს ნურენის პიესის მიხედვით ბახრამ ოსმანოვმა დადგა. ჩემთვის ამოუხსნელი დარჩა ამ დადგმის მოტივი და მიზანი, იმის გამო კი არა, რომ ომი არ არის აქტუალური თემა, ან ძალადობა ოჯახში, არამედ იმ რეზულტატის გამო გამიჩნდა ეს კითხვა, რაც სცენაზე ვნახეთ. იმდენად ჩამოუყალიბებელი იყო რეჟისორის კონცეფცია, თუ რა პრობლემაზე აკეთებს აქცენტს რეჟისორი, რომ ეს კითხვა სავსებით ლოგიკურად დამებადა. ბახრამ ოსმანოვის სპექტაკლი დინამიკისა და შინაგანი რიტმის გარეშე ხისტად და ემოციის გარეშე მსახიობთა მიერ წაკითხული ტექსტია მხოლოდ, თუნდაც მხატვრული დეკლამაციის გარეშე. შიგადაშიგ წამოიყვირებდნენ ხოლმე მსახიობები ტექსტებს, ისიც შინაგანი მოტივაციის, ემოციური მოუმზადებლობისა და მიზეზების გარეშე. მაყურებელთან აზერბაიჯანელმა მსახიობებმა სრული კედელი აღმართეს და კომუნიკაცია გაწყვიტეს. თანამედროვე ფსიქოლოგიური დრამა ცივად და ყოველგვარი რაციონალური გააზრებისა და ემოციური გამოსმახველობითი საშუალებების გარეშე გათამაშდა, რომელმაც მაყურებელი სცენიდან დასმული პრობლემის მონაწილე ვერ გახადა.

      იდეაში მეტაფორული სცეოგრაფია ჰქონდა ჩაფიქრებული სევინჯ გასანოვას, რომელმაც სპექტაკლში სამი პლანი: სახლი, ეზო და აბსტრაქტული (მეტაფორული) პლანი შემოგვთავაზა. სამიდან მხოლოდ ყოფითი სცენოგრაფიის დეტალები იყო ფუქნციურად  დატვირთული, რასაც ვერ ვიტყვი მესამე მეტაფორაზე – ფოტოს თუ ნახატის  ცარიელ ჩარჩოებზე, რომელიც არ გათამაშდა.  ლოგიკას და მხატვრულ კანონზომიერებას მოკლებული იყო სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება (მუსიკალური გამფორმებელი ირადა მურადოვა); სპექტაკლის მუსიკალური პარტიტურა, როგორც კონტრაქპუნქტი, ისე მიყვებოდა სპექტაკლის ეპიზოდებს. ამას ემატებოდა მსახიობის სიცივე და უემოცობა, რომელმაც ვერაფრით ჩამრთო სპექტაკლის მსვლელობაში. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, გამიჩნდა შეკითხვა: რა კრიტერიუმებით არჩევს საფესტივალო წარმოდგენებს ფესტივალის საორგანიზაციო გუნდი, სპექტაკლის თამატიკის, თეატრის ავტორიტეტის, თუ სპექტაკლის მხატვრული ხარისხის გამო."გამარჯობა სცენა!!!"

    მესამე საფესტივალო  სპექტაკლი მაქსიმ გორკის სახელობის ასტანის რუსულმა დრამატულმა თეატრმა ცნობილი ტაჯიკი რეჟისორის ბარზუ აბდურაზაკოვის რეჟისურით წარმოადგინა. სპექტაკლი სახელწოდებით „მანქურთი“, რომლის ინსცენირების ავტორიც თავად რეჟისორია, ჩინგის აითმატოვის ნაწარმოების გარდა სხვა ავტორების ნაწარმოებებსსაც აერთიანებს, რომელიც მანქუთების მითის შესახებ მოგვითხრობენ. ტაჯიკი რეჟისორის ხელწერა, დადგმის მანერა და სათეატრო კულტურა საგრძნობლად განსხვავდება ყაზახურ თეატრში დამკვიდრებული პათეტიკური, ყალბი და ტრადიციული სტილისტიკისაგან. შესაბამისად, რუსული თეატრის ყაზახი მსახიობები განსხვავებულ, შედარებით თანამედროვე საშემსრულებლო მანერით მუშაობენ.

     გორკის თეატრის წარმოდგენა რამდენიმე თვალსაზრისით და ფაქტორით არის საინტერესო. ერთი მხრივ, თემის აქტუალობით (პარადოქსია, როცა მანქურთის თემა აქტუალურია 21–ე საუკუნის საზოგადოებისთვის, ვინაიდან რელიგიური ფანატიზმი და ვირტუალური რეალობა საგრძნობლად ცვლის ადამიანის ბუნებას), ხოლო მეორე მხრივ საინტერესოა გამოსმახველობითი საშუალებების იმ დოზით და ფორმით გამოყენება, რომელსაც ბარზუ აბდურაზაკოვი მსახიობებს სთავაზობს და უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობები ამ სტილისტიკაში, როგორც თევზები წყალში, ისე გრძნობენ თავს.

     პირობით–გროტესკული, კარნავალურ–ბრეხტისეული თამაშის სტილი კარგი საშუალება აღმოჩნდა სამშობლო და რწმენა დაკარგული ადამიანის ტრაგედიის გადმოსაცემად. რეჟისორი ბრხეტისეულ აპარტეს პრინციპს არაერთხელ მიმართავს და მაყურებელს ამცნობს პლაკატურად და ტრაფარეტულად იმ შეგონებებს, რომელიც გადაგვარებულ, დამონებულ ადამიანს უკავშირდება. თანამედროვე თეატრის, უფრო სწორად საბჭოთა ავანგარდის პრინციპებით დადგმულ სპექტაკლში ინტენსიურად ვხვდებით სცენურ მეტაფორებს და არტისტულ ექსცენტრულობას. სხვათასორის, რუსული თეატრის მსახიობები ზუსტად გრძნობენ რეჟისორის მიერ შეთავაზებულ ჟანრს, თამაშის მანერას და ხერხს, რომელიც პოსტმოდერნულ სათეატრო ესთეტიკაში ლოგიკურად თავსდება. გროსტესკულობა ამ საზოგადოების (შესაბამისად დადგმისაც) ხასიათის გადმოსაცემად გამოყენებული წარმატებული და მთავარი ხერხია, რასაც ემატება მსახიობთა მიერ კარგად ათვისებული მანერული მეტყველება და მოძრაობა. სერგეი მაშტაკოვის მანქურთი კი ყველაზე ფსიქოლოგიური, ყოფითი და რეალური პერსონაჟია გროტესკულ პერსონაჟებს შორის, რომელსაც ასე წარმატებით ხატავენ დიმიტრი მაშტაკოვი, ალექსანდრე კორჟენკო, ალექსანდრე ლუკაშევიჩი, მარია ბანდიშევა და დანილა ხომკო. ისინი ზუსტად გრძნობენ ჟანრს და გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით.

    გორკის თეატრის „მანქურთი“ ყაზახური თეატრის საინტერესო ნამუშევარია, რომელიც დადგმის კულტურით და სტილისტიკით, ასევე მხატვრული დონით განსხვავდება სხვა ნამუშევრებისაგან, თუმცა რეჟისორის მიერ გამოყენებული ხერხები უკვე ევროპული თეატრის კლასიკაა.

    ფესტივალი „გამარჯობა სცენა“ ბევრ სიურპრიზს პირდება არა მხოლოდ მაყურებელს, არამედ აზიური თეატრით დაინტერესებულ პროფესიონალებს.

 

 

 


უკან დაბრუნება