Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > ვინ მოკლა ტრეპლოვი?
ვინ მოკლა ტრეპლოვი?

ვინ მოკლა ტრეპლოვი?


19-09-2017, 14:09

 

ახმეტელის თეატრში დადგმულმა „თოლიამ“ შეგვახსენა, რომ არსებობს მუდმივი თემები, მუდმივი პრობლემები და  უკვდავი დრამატურგია. ა. ჩეხოვის ნაწარმოების მიხედვით ბორის აკუნინის მიერ შექმნილი პიესა პირველად იდგმება საქართველოში, რომელიც ერთდროულად გვაბრუნებს მისი პერსონაჟების განცდებთან და ახლებური კუთხით გვიჩვენებს იმ მოვლენებს, რომელიც სორინის სახლში განვითარდა. პიესების დეტალური შედარების გარეშეც ცხადია, რომ ბ. აკუნინი თავის დრამატულ ნაწარმოებს იწყებს იქიდან, საიდანაც ამბავს ამთავრებს ანტონ ჩეხოვი - კოსტია ტრეპლოვის თვითმკვლელობიდან, მაგრამ იყო თუ არა თვითმკვლელობა, ან ვის ინტერესში იყო მისი მოკვლა - აი  თემა, რომელიც აინტერესებს თანამედროვე ქართველ ავტორს. სპექტაკლის რეჟისორი ვლადიმერ უშაკოვი (ბელორუსია) არ დაკმაყოფილდა მხოლოდ ბ. აკუნინის ტექსტით და ისევ პირველწყაროს მიაკითხა  სპექტაკლის დასაწყისსა და დასასრულში. წარმოდგენა მაშას (მაიკო ვაწაძე)  შემოსვლით იწყება, რომელიც „შავებში“ გამოწყობილი მოგვევლინება - პირობითად შავებში, თუმცა შავები სულაც არ აცვია - ეს ერთ-ერთი რეჟისორული ხერხია - მეტაფორაა იმისა, რომ მაშა წითელი კაბითაც რომ გამოსულიყო მის განწყობასა და ჩაცმულობას მიჩვეული ამ სახლის მკვიდრნი მას მაინც შავ კაბაში აღიქვამდნენ - ის ხომ თავის ცხოვრებას გლოვობს გამუდმებით- „ეს გლოვაა ჩემი ცხოვრების. მე უბედური ვარ.“

ჩემი აზრით, ა. ჩეხოვის „თოლია“ ავტორის თეატრალური მანიფესტია, ისევე როგორც მაგ. ა. სტრინბერგის „ფრეკენ ჟული“ ან ე. ზოლას „ნატურალიზმი თეატრში“ ან ვ. ჰიუგოს „კრონვერკის“ შესავალი („ფრანგული რომანტიზმის მანიფესტი“). „ჩეხოვის დრამატურგიული სისტემა - დრამატული ხელოვნების ახალი სახე - მოვიდა ტრადიციული, რენესანსული თეატრალური სისტემის სანაცვლოდ“ 1

ა. ჩეხოვი „ახალი დრამის“ ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი, ილაშქრებს ძველი თეატრალური ფორმების წინააღმდეგ.  ამას არც მალავს და ლაპარაკობს კონსტანტინე ტრეპლოვის პირით. ილაშქრებს იმდროინდელი სამსახიობო სკოლის წინააღმდეგ - პრიმადონაზე მორგებული დრამატურგია, დეკლამაცია და ყალბი პათეტიკა (მაგ.  ირინა არკადინა- „ეს რომელი პიესიდანაა“- ხშირად შეახსენებენ ხოლმე) სრულიად მიუღებელია ა. ჩეხოვისთვის და ამ პიესის „კომიზმიც“  იმაში მდგომარეობს, რომ ირინა არკადინაც, ნინა ზარეჩნაიაც (ყოველ შემთხვევაში იმ ეტაპზე, როცა პიესაში აღწერილი მოვლენები მიმდინარეობს), კონსტანტინე  ტრეპლოვი  და ბორის ტრიგორინი დიდი ნიჭით ვერ გამორჩევიან, მაგრამ დიდი პრეტენზიებით და ამბიციებით არიან აღსავსე. სწორედ ამ სიყალბეს და გაზეპირებულ ციტატებს, შესრულებულს მოძველებული  მანერით და სიყალბით დასცინის დრამატურგი ნინა ზარეჩნაიას მიერ წარმოთქმული მონოლოგით ტრეპლოვის ძალიან დაბალი ხარისხის პიესიდან: „ადამიანები, ლომები, არწივები და მწყერები ....“ და აშ., და  რაც  ა.  ჩეხოვის სარკაზმისა და სატირის იბიექტი ხდება. თავისთავად გასაგები, რომ „თოლიას“ თამაში სულ სხვა ხერხით - ფსიქოლოგიური თეატრის, „ახალი დრამისთვის“ დამახასითებელი მანერითა და კულტურით უნდა განხორციელებულიყო, რაც ვერ გაიგეს ალექსანდრეს თეატრში (1896 წ.), მიუხედავად იმისა, რომ ნინას ვერა კომისარჟევსკაია თამაშობდა. განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი გახდა ირინა არკადინას როლის შემსრულებელი ა. დუჟიკოვა - „ყალბი, უტვინო, ... საკუთარ თავში შეყვარებულია“  წერდა ჩეხოვი  ამ მსახიობის შესრულებაზე. და მხოლოდ ავტორის უშუალო ჩარევით, მოგვიანებით მოსკოვის სამხატვრო თეატრში კ. სტანისლავსკის მიერ დადგმული  ოლგა კნიპერ-ჩეხოვა ირინა არკადინას როლში გახდა დრამატურგისთვის მისაღები და მოსაწონი.

ეს რაც შეეხებოდა  ორიგინალურ ტექსტს და თვით პიესის დადგმის ისტორიას. მაგრამ ბორის აკუნინს სულაც არ აინტერესებს ნიჭიერი იყო თუ არა ნინა ან ირინა. მისი მზერა კონსტანტინე ტრეპლოვისკენ არის მიმართული და თუ ჩეხოვის პიესაში ეს პორსონაჟი სულ სცენაზე და ჩვენი ინტერესის საგანი მისი სიცოცხლის ბოლო დღე ხდება,  აკუნინის პიესაში კი ჩვენ მხოლოდ მისი სიკვდილის შემდგომ მოვლენებს ვაკვირდებით, თუმცა აქაც მისი სული თუ აჩრდილი სულ თან დაგვყვება. დიახ, ორივე პიესა კონსტანტინე  ტრეპლოვის ტრაგედიაზეა აგებული პირველ შემთხვევაში სატირისა და კომიზმის ელემენტებით, მეორე შემთხვევაში კი „კრიმინალური კომედიის“ ნიშნებით, შავი იუმორით, ვინაიდან თვით კითხვა - ვინ მოკლა ტრეპლოვი უშუალოდ, ასე ვთქვათ ფიზიკურად ან ვინ აიძულა იგი ჩაედინა თვითმკვლელობა - ორივე პიესის ტექსტსა  და ქვეტექსტებში ამოიკითხება.ვინ მოკლა ტრეპლოვი?

რაც შეეხება ქვეტექსტებს, ცნობილია, რომ ანტონ ჩეხოვი მისი დიდოსტატი იყო. ამდენად მხოლოდ რეჟისორზეა დამოკიდებული როგორ გაიგებს მის ნებისმიერ ფრაზას. ამ მხრივ პიესა „თოლიაც“ ყველაზე მეტადაა „დახუნძლული“ ასეთი ქვეტექსტებით, როგორც სჩანს ბ. აკუნინმაც ამ ქვეტექსტების ამოხსნა დაისახა მიზნად.

თუ „თოლია“ დაწერილია იმაზე, რომ ცხოვრებაში ბევრი რამაა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საწინააღმდეგოდ მიმართული ნებისა და ინტერესების  ბრძოლა“ 2აკუნინმა სწორედ ეს ნებისა და ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლის  „გაშიშვლება“ გადააქცია თავისი პიესის ქვაკუთხედად. მწერალმა  ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლა ჩეხოვის „თოლიას“ პერსონაჟების ბუნება და ხასიათები, ჩამოაცილა მას ჰამლეტიზმის დამღა (თუმცა მთლინად მაინც  ვერა,  რადგან თუნდაც მეორე დუბლში, სადაც ნინა წევს წითელ ხალიჩაზე მას თავს დორნი დასდგომია და ჩასძახებს „რას გაწოლილხარ, როგორც დამხრჩვალი ოფელია!“) და შექმნა ა. კრისტის  („მკვლელობა „აღმოსავლეთ ექსპრესში“)  და ჯ. პრისტლის („სახიფათო მოსახვევი“) ტიპის ახალი პიესა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს „თოლიას“ მეხუთე და მეექვსე მოქმედებად კონსტანტინე ტრეპლოვის სიკვდილის მერე. აქ  საინტერესოა ის  ხაზები, რაც დეტექტიურ განვითარებას აძლევს ახალ პიესას და რაც ბადებს კონფლიქტს ამ ათ პერსონაჟს შორის: ტრეპლოვს  უყვარს ნინა, ნინას უყვარს ტრიგორინი, მედვედენკოს უყვარს თავისი ცოლი მაშა, მაშა კი შეყვარებულია ტრეპლოვში  და არ უყვარს თავისი ქმარი, პოლინა ანდრეევნას უყვარს ევგენი დორნი და ყელში ამოუვიდა თავისი ქმარი  შამრაევი, ირინა არკადინას უყვარს ბორის ტრიგორინი, რომელიც ნინასთან ღალატობს, ამიტომ ირინა ვერ იტანს ნინას.ვინ მოკლა ტრეპლოვი?

მთავარი განსხვავება ჩეხოვის „თოლიასა“ და აკუნინის ვერსიას შორის ისაა, რომ თუ „ჩეხოვმა მოახდინა დრამის ბელეტრიზირება და თითქმის საერთოდ ჩამოაცილა ჩვეული თეატრალური ეფექტები და მოვლენები“3 აკუნინმა  პირიქით - თავის პიესაში წინ წამოწია სწორედ ეს მომენტები - თეატრალური ეფექტები, მოვლენათა სწრაფი განვითარება, გაამძაფრა პერონაჟთა ურთიერთობა და მაქსიმალურად  დაუპირისპირა ისინი ერთმანეთს.

მაგრამ ახმეტელის თეატრის სპექტაკლში მხოლოდ ეს არაა მთავარი. რეჟისორის მიერ ჩვენს წინაშე წარმოდგენილი სპექტაკლი ფაქტიურად კონოგადაღებაა, სადაც ეკრანზე პროეცირდება დარბაზში შემოსული პირველი მაყურებლიდან დაწყებული ყველაფერი, რაც კი ამ დარბაზში ამ საღამოს ხდება და სპექტაკლის ფინალი ტრეპლოვის მიერ შექმნილი ფილმის „ოსკარით“ დაჯილდოებაა, რაც არა მხოლოდ კონსტანტინე ტრეპლოვის (გიორგი ცხადაძე) ოცნებაა,  არამედ ირინა არკადინას (სოფია სეფისკვერაძე) და  ნინა ზარეჩნაიასი (ვერონიკა კალანდარიშვილი). მაყურებელი ის სტატისტები ვართ, რომლებიც თან ვაკვირდებით ამ ფილმის გადაღებას, განსაკუთრების კი მეორე ნაწილში: დუბლი პირველი, დუბლი მეორე ... დუბლი მერვე  და ქმედებისა და ეკრანზე გადატანილი ნაწარმოების მონაწილენიც. ჩვენ წინაშე თამაშდება საკმაოდ არეული  დეტექტიური ქმედება, რომელსაც ასე მონდომებით აწარმოებს ექიმი დორნი (ანდრია გველესიანი) - მათ შორის ყველაზე ინტელექტუალი, რომელიც თითქოსდა არ უნდა განიხილებოდეს მკვლელის როლში, თუმცა სპექტაკლის ბოლოს მასაც მოუწევს თავის მართლება შეკრებილთა წინაშე. რაც შეეხება შეკრებილებს (თავისთავად ჩვენთან ერთად), ყველა ნინასა და ირინას გარდა სულ სცენაზე არიან და რეჟისორი მათ ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ და ხანაც სცენის უკანა კედელთან ათავსებს და თორმეტი მსაჯულის მსგავსად ყურადღებით უსმენენ გამოძიების თანამიმდევრულობას პირველი დუბლიდან მერვე დუბლამდე, რომელიც ერთი და იგივე ფრაზით იწყება „საათი ჩამორჩება“  და ჭექა ქუხილის ხმით თავდება. დორნის განცხადებამ, რომ კოსტია ტრეპლოვი მოკლულია ნერვიული გარემო შექმნა და ეს პერსონაჟებსაც დაეტყოთ:  ყველა დაძაბული, დაბნეული და ისტერიულიც კია. ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა ნინას, ირინას და ბორის ტრიგორინის (გიგი მიგრიაული)  ქცევებში. რასაკვირველია ყველა თავს უდანაშაულოდ თვლის და „გამოკითხვაშიც“ ცდილობენ ამტკიცონ - როგორ უყვარდათ კოსტია. „ეჭვმიტანილნი“ თანამიმდევრობით იკავებენ მთავარ სცენას და მთხრობელი ხან ნერვიულად, ხან ისტერიულად პასუხობს დორნის შეკითხვებსა და ბრალდებებს. აი, დორნს კი მშვიდად  და აუღელვებლად მიჰყავს გამოძიება. ყოველი დუბლი, რომელსაც თვით კ. ტრეპლოვი აფიქსირებს ვიდეოფირზე იმ რვავე მონაწილის მტკიცებულებებს ეთმობა, სადაც ასე თუ ისე დორნისთვის და მაყურებლისთვის ცხადი ხდება ის მოტივი, თუ რატომ შეიძლება თითეული მათგანი მკვლელი გამხდარიყო. ერთი შეხედვით  ყოველ პერსონაჟს თავისი სიმართლე აქვს, თუმცა აკუნინის მიერ ახლებური  აქცენტირებით  იკვეთება ის, რომ  ყველა მათგანს ჰქონდა სერიოზული საბაბი რევოლვერის  ჩახმახისთვის თითი გამოეკრა. დორნის გამოკითხვით ერთგვარი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს საქმე გვაქვს „მასობრივ ჰიპნოზთან“, როდესაც ყველა ეჭვმიტანილმა გადაწყვიტა აღიაროს  კოსტია ტრეპლოვის მკვლელობა - ან ეს ყოველივე დორნის ზმანებანია, მის ქვეცნობიერში არსებული ვერსიები ან თვით ტრეპლოვის მიერ შექმნილი კინოსცენარი, რომლის მოქმედი პირნიც ამ სახლის მკვიდრნი ან სტუმრად ჩამოსული პერსონაჟები არიან? მაგრამ ერთი კი ცხადია - ყოველივე ეს იმისთვისაა შექმნილი რომ ამ რვა ადამიანმა გამომჟღავნონ, გამოააშკარაონ  ერთმანეთი - თუნდაც არკადინას (სოფიო სებისკვერაძე)  ერთი ფრაზა მიმართული ტრიგორინისკენ -„ნუთუ ოდესმე ხელს გიშლიდი რომ ბიჭებთან და გოგონებთან გართობილიყავი?“  - რა არის ეს თუ არა იმის აღიარება რომ ტრიგორინი, საქვეყნოდ ცნობილი ბელეტრისტი უზნეო პიროვნება  იყო და მხოლოდ არკადინას „კისერზე“ შემომჯნარი თავს ირთობდა თევზაობით,  არც ტრიგორინი (გიგი მიგრიაული)  ჩამორჩება ამ გამოაშკარავებაში - „რამდენჯერ მითხოვია, გამიშვი, ამომასუნთქე, მომეცი სიცოცხლის, სიყვარულის საშუალება ... მე მსხვერპლი ვარ, ობობის მსხვერპლი“,   მედვედენკო (ოთო ჩიქობავა)  სკოლის მასწავლებელი, რომელსც წარმოდგენა არა აქვს არც განათლების სისტემაზე და არც იმაზე რასაც ასწავლის მოსწავლეებს, თუ პოლინა ანდრეევნა (თამარ ბეჟუაშვილი) , რომელმაც მხოლოდ ახლა დაინახა რა კეთილშობილი ყოფილი მისი მეუღლე შამრევი, თუ ნინა ზარეჩნაია, რომელიც თითქოს თანაუგრძნობს ტრეპლოვს სიყვარულსა და შემოქმედებაში, მაგრამ ზურგს უკან ტრიგორინის საყვარელი ხდება და ყველას თანდასწრებით მუხლებზე ჩამოუჯდება მას.

ასე რომ კოსტიას მკვლელობა აღიქმება არა როგორც მისი დასჯის მცდელობა, არამედ აღიქმება იმით, უშლიდა თუ არა იგი ხელს რომელიმე მათგანს საკუთარი გეგმების განხორცილებაში:  ნინას იმიტომ, რომ იარაღიან ტრეპლოვს შესაძლოა ბორის ტრიგორინისთვის ესროლა ეჭვიანობის ნიადაგზე; მედვედენკოს -  გალოთებული მაშას დასაცავად რომ ტრეპლოვის სიყვარულისგან ეხსნა;  მაშას, საკუთარი თავისუფლებისთვის და აქედან გაქცევისთვის, რომელიც ნინაზე ეჭვიანობდა და  ტრეპლოვი არც აქცევდა ყურადღებას; შამრაევს (მამუკა მაზავრიშვილი), საკუთარი შვილის დასაცავად, რომელსაც ტრეპლოვმა თავ-გზა აუბნია  და მერე ნინასთან საუბარში შეურაცყო კიდევაც;  ტრიგორინს, რომელმაც არკადინას გავლენის ქვეშ ( „ქალი ძაღლით“ ასე უწოდებს ამ კავშირს ნინა)  მაინც შეძლო ნინასთან რომანის გაბმა (შვილიც კი ჰყავდა მასთან); და ბოლოს თვით დორნი, ის როგორც ცხოველთა დაცვის საზოგადოების წევრი ვალდებული იყო შური ეძია ტრეპლოვზე, რომელმაც ჯერ თოლია მოკლა, შემდგომ მამალი და ძაღლი;  და ამ ყველაფერს ლაიტმოტივად გასდევს არკადინას პათეტიკური მოთქმა: „ჩემი საწყალი, ჩემი საწყალი ბიჭი. მე ცუდი დედა ვიყავი, ძალიან გატაცებული ვიყავი ხელოვნებით და საკუთარი თავით - დიახ, საკუთარი თავით ... ჩემო ძვირფასო, უიღბლო შვილო ... “

ნინა ზარეჩნაიას და ირინა არკადინას დაპირისპირება სახეზეა. თეორიულად, ჩეხოვის მოსაზრებით ირინა არკადინა წარმოდგენის თეატრის მსახიობია, ხოლო ნინა ზარეჩნაია კი განცდის თეატრის. რეჟისორი ვლადიმერ უშაკოვი სარგებლობს ამ მოსაზრებით და ახმეტელის თეატრის სპექტაკლში  არკადინას შემოსვლისთვის  ირჩევს მონოლოგს, რომელსაც ტატიანა დორონინი (ასე გამოკვეთილად პათეტიკური და წარმოდგენის თეატრის  მსახიობი) კითხულობს მონოლოგს გიორგი ნატანსონის ცნობილი ფილმიდან „უფროსი და“ - გიყვართ თუ არა თეატრი ისე როგორც მე?“ - ირინა არკადინას (სოფია სეფისკვერაძე)  ეს შემოსვლაც „თეატრალურია“, მაყურებელთა დარბაზში ჩამოსვლა, მათთან გაბაასება ხაზს უსვამს მის  გრძნობათა ბუნებასა და მისი ხასიათის თვისებას. წარმოაჩენს მას, ჯერ მსახიობს და მერე დედას, რომელსაც თეატრი ურჩევნია საკუთარ შვილსაც კი.

ნინა ყოველთვის ცდილობს თავი აარიდოს არკადინასთან შეხვედრას, ემალება კიდევაც. არც ირინაა აღფრთოვანებული მისი ხშირად გამოჩენით სორინის (ნუგზარ ყურაშვილი)  სახლში. რეჟისორი და მხატვარი (მარიკა კვაჭაძე)  ხაზს უსვავენ ამ დაპირისპირებას. მათი ჩაცმულობაც კი ამას მეტყველებს: მათ ყოველთვის ერთაირი ფერის კაბები აცვით - დასაწყისში და ბოლოში თაფლისფერი, ხოლო სპექტაკლის შუა ნაწილში წითელი კაბა თეთრი აპლიკაციებით, თუმცა ისინი  სულ სხვადასხვა ადგილას არიან მიბნეული, თუ ირინა ამ აპლიკაციით  მკერდის სილამაზეს უსვამს ხაზს, ნინა ზარეჩნაის ეს აპლიკაცია (ჯვარის ფორმის) თითქმის სასქესო ორგანოზე მიუბნევია. მთლიანობაში პერსონაჟთა ჩაცმულობა ახალმოდურია - პოლინა (თამარ ბეჟუაშვილი)  და ილუშას, მაშას და მედვედენკოს  კლასიკურთან მიახლოებული, ტრიგორინსა და ტრეპლოვს თინეიჯერული -  „პიჟონური“.  (სხვათაშორის ჩეხოვის ტრიგორინს კუბოკრული შარვალი აცვია, რაც იმ დროისთვის სწორედ რომ  „ულტრათანამედროვედ“ აღიქმებოდა).ვინ მოკლა ტრეპლოვი?

სპექტაკლის სცენოგრაფია მინიმალისტურია: მხოლოდ მრავალფუნქციური კარები, საგრიმიორო და საწერი მაგიდა და რაც არც თუ უმნიშვნელო - წითელი სისხლისფერი ხალიჩა და მწვანე ფარდა სცენის  მარჯვენა კუთხეში ... „სისხლის ლაქები მწვანე ხალიჩაზე“.

ნინო როტას მუსიკა კინოფილმიდან „ორკესტრის რეპეტიცია“ და ჩარლი ჩაპლინის „დიდი ქალაქის ჩირაღდნებიდან“ პერიოდულად ახალისებს წარმოდგენის დაძაბულ გარემოს და ღირსეულ აკომპანიმენტს უწევს პერსონაჟების ქმედებას.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად სპექტაკლის ხანგრძლივობისა და ზოგიერთი გამეორებებისა თითქმის ყველა სცენა დინამიური, ცოცხალი და ემოციურია. ძნელია გამოყო რომელიმე მსახიობის თამაში, ვინაიდან სახეზე გვაქვს სრული ანსამბლურობა, შეთანხმებული თამაში და პარტნიორის ზუსტი შეგრძნება. მაგრამ არის მაინც რამოდენიმე ღრმად ემოციური და „გულშიჩამწვდომი“ პასაჟი: პირველ ნაწილში ნინასა და ტრეპლოვის საუბარი ნინა ზარეჩნაის (ვერონიკა კალანდარიშვილი)  აღსარება და გამომშვიდობებაც კი -„მე თოლია ვარ, არა ასე არა. მე მსახიობი ვარ!“  და ტრეპლოვის (გიორგი ცხადაძე)  თითქმის უკანასკნელი სიტყვები: „მე მარტოსული ვარ, ცივა და ვიყინები!“ პირველი დუბლი ნინას (ვერონიკა კალანდარიშვილი) და დორნის (ანდრია გველესიანი), ნინას ნერვიული მონათხრობი იმაზე თუ როგორ ეჭვიანობდა ტრეპლოვი ტრიგორინზე და როგორ ვერ იტანდა მას და მის შემოქმედებას,

ირინას (სოფიო სებისკვერაძე)სცენა და „ოსკარის“ შობა, რომელიც მერე ტრიგორინს უნდა დარჩენოდა, ირინასა და ტრიგორინის(დუბლი მეექვსე) და ბელეტრისტის - გიგა მიგრიაული -  უკანასკნელი ემოციური   გაბრძოლება ირინა არკადინას გავლენისგან გათავისფლებისათვის, მედვედენკოს (ოთო ჩიქობავა) მონოლოგი (დუბლი მეორე) და რასაკვირველი ტრეპლოვისა (გიორგი ცხადაძე)  და არკადინას ბოლო ფინალური (ახალი კი უკვე ჩეხოვის „თოლიიდან“) სცენები. ურთულესია ჩეხოვის პერსონაჟების განსახიერება ქართულ სცენაზე, თუნდაც განსხვავებული გრძობათა ბუნებისა და ტემპერემენტის გამო და არც აკუნინის პერსონაჟების თამაში აღმოჩნა ადვილი, მაგრამ ჩვენ ვნახეთ სპექტაკლი, სადაც ყველა მსახიობმა ერთმანეთზე უკეთესად გაართვა თავი დაკისრებულ როლს. რეჟისორულ  მიგნებად უნდა ჩაითვალოს სპექტაკლის ფინალი და ერთგვარი „შეკვრა“ იმისა, რაც ამ საათნახევრის განმავლობაში ვიხილეთ. ეკრანზე პროეცირებული კინოფილმის კადრებია: ტბაში ჩაძირული თოლია - ნინა ზარეჩნაი და რაღაც ურჩხულის მსგავსი ბედის განგება თუ „როკი“, (ტრეპლოვისა თუ ტრიგორინის სახით),  რომელიც სორინის სახლს მოევლინა მათ დასაღუპად.

 

1. ზინგერმანი. ბ. „ჩეხოვის თეატრი და მისი მსოფლიო მნიშვნელობა, მ.,1988, გვ. 58

2.  ზინგერმანი. ბ. „ჩეხოვის თეატრი და მისი მსოფლიო მნიშვნელობა, მ.,1988, გვ. 278

3. ზინგერმანი. ბ. „ჩეხოვის თეატრი და მისი მსოფლიო მნიშვნელობა, მ.,1988, გვ. 16

 


უკან დაბრუნება