Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > „სახეები“ სამეფო უბანში ...
„სახეები“ სამეფო უბანში ...

„სახეები“ სამეფო უბანში ...


19-10-2017, 08:12

 

2017 წლის 3 ოტომბერს, თითქმის ორი საათის განმავლობაში, თამაშობდნენ სპექტაკლს „სახეები“ შოთა რუსთაველის თეატრალური უნივერსიტეტის, დრამის ფაკულტეტის, სამსახიობო მიმართულების,მე-4 კურსის სტუდენტები: ნატალია გაბისონია, ნიკა გოგიძე, ანა-მარია გურგენიშვილი, სოფიო ზერაგია, ლიკა მაისურაძე, ივა ქიმერიძე, ანასტასია ჭანტურაია, ბექა ხაჩიძე.

წარმოდგენა თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. სპექტაკლი მიმდინარეობდა ინგლისური  სუბტიტრებით. რეჟისორი დათა თავაძე. ბილეთის ფასი ათი ლარი.

მაყურებლით გადაჭედილ პარტერსა და აივანზე ქართველებს შორის არაერთი უცხოელი იჯდა.  ყველა განაბული ადევნებდა თვალს ახალგაზრდებს, რომლებიც დარბაზიდან, ჩემოდნით ხელში, რიგრიგობით ადიოდნენ სცენაზე და ენარცხებოდნენ მათ წინაშე აღმართულ მაყურებლისთვის ხილულ, მაგრამ პერსონაჟებისათვის უხილავ „ეგზისტენციალურ“ კედელს - ერთგვარ უცნობ წინაღობას. ყოველი ასეთი მოქმედების შემდეგ, თითოეული ქალი თუ კაცი მარცხნივ გადგამდა ნაბიჯს და იქვე, სცენაზე დაგებული, ოდნავ ამაღლებული ფიცარნაგისკენ მიიქცევდა პირს. მსახიობები ერთ წერტილს აშტერდებოდნენ. იმ კიდეს, სადაც ქალის თეთრი კაბა-პერანგი ეფინა.  ერთგვაროვანი მოქმედებების განმეორებადი ჯაჭვი, სიჩუმე და უარაფრო სცენოგრაფია მომხდარისადმი მაყურებლის ცნობისწადილს უფრო აღვივებდა. ჩვენ და სცენაზე ასული ხელჩანთიანები გაწელილ სიჩუმეში გასუსულები ვიცქირებოდით ერთი მიმართულებით. იქ, იმ კაბის ირგვლივ, კონცენტრირდა, თითქოს ჰაერიც...

რა უნდა ყოფილიყო ის? მკვდარი პერსონაჟი, რომელიც ჩვენსა და მსახიობებს შორის იწვა, თუ უბრალოდ კაბა? ჩვენ, ორივე მხარე (სცენაზე ასული მგზავრები და მაყურებლები) განყენებულად ვიდექით,  ვუცქერდით სიკვდილის თუ თვითმკვლელობის მეტაფორას, რომელსაც დაუნდობელი პროტესტის სახე მიეღო და ასე გამოავლინა თავი ყველაზე უდროო დროს. იქნებ, სწორედ  ის იყოკედელი,  მგზავრები რომ რიგრიგობით შეეჯახნენ?!  კედელმა ისინი არსად გაუშვა...

სპექტაკლის დასაწყისში ეს ხანგრძლივი, ჩუმიეტიუდი, რას არ გვაფიქრებინებს. ხან გამოფხიზლებისკენ მოწოდებად მოგვეჩვენება, ხანაც ცხვირწინ აფრიალებულ სამხილად, უბრალო ფაქტად, რომელიც სცენიდან მოგვახალეს ჩვენივე ეგოცენტრულობის სამხილებლად.

გაშეშებულ მგზავრებს სასიამოვნო გარეგნობის გოგონა გამოეყოფა, პერანგთან მიირბენს, თავზე ჩამოიცვამს. ასე მიძვრება ეს უცნობი ქალი მკვდარი პერსონაჟის ტყავში. სცენაზეჟღურტული გაისმის. პირველი ბგერების გაჩენისთანავე სტატიკა ქრება. მგზავრები ჩემოდნებს მიყრიან,  სცენის სხვადასხვა მხარეს გაიფანტებიან. ყოველ მიზანსცენაში მკაცრადაა განსაზღვრული მთხრობელის ამპლუა. ეს ფამილარული ჟესტი შეგვახსენებს, რომ მომხდარი ფაქტი არც ჩვენ გვეხება და არც მათ - მთხრობელებს. ეს ამბავი ვიღაც სხვისი ისტორიაა, რომელშიც „ვიქექებით“. ასეთი ცინიკური ტრაგიკულობით, ფრაგმენტულად შემოდის ჩვენში გარდაცვლილისა თუ თვითმკვლელი ქალის დრამა.

სასცენო მოქმედებისა და დრამატული ტექსტის დისონანსი მაყურებელისთვის შინაგანად დანაწევრებული თანამედროვე ადამიანის პორტრეტს გამოძერწავს. ჩვენ ვხედავთ წარსულით გაწბილებულ ქალს, მუდმივად კონკრეტული მდგომარეობის არჩევის აუცილებლობის წინაშემდგომსა და დამარცხებულს თავისსავე არჩეულ აწმყოში. გამუდმებულმა ხელისმოცარვამ ქალი გამოფიტა, დააცარიელა. დავრდომილი, სასიკვდილო სარეცელზე გაშოტილისთვის, ახალგაზრდობაშივე ყველაფერი სულერთი გახდა, ყოველი მოვლენა ერთმანეთს გაუთანაბრდა... ამიტომ, სიკვდილი მის „ტერფებს შეუცოცდა“ და იქ სამუდამოდ დარჩა... 

მისი მოსალოდნელი გარდაცვალება გაუცხოებს გმირის დრამისგან. დანებებული ქალი ტრაგიკული აღარ გეჩვენება სასიკვდილო სარეცელზე. იმასაც კი გაიფიქრებ, რა ტყუილად მისჩერებოდი მის კაბა-პერანგს ამბის დასასრულის დასაწყისში. ახლა, ყურადღების ღირსიც არ გგონია, სანამ სცენაზე არ  გამოჩნდება მისი უფროსი და, მგზავრთაგან ერთ-ერთი მთხრობელი ქალი, და მკვდარი ქალის თანამგრძნობად  გაქცევს. კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაგმენტი მთლიან სურათში ჩაჯდება და მისი ამგვარი დასასრული ნამდვილად გვგვრის ქალის გაქრობით გამოწვეულ ნაღველს.„სახეები“  სამეფო უბანში ...

მთხრობელი ქალის ნაამბობი თანაცხოვრების ეპიზოდი მაყურებლის თვალწინ  უპრინციპო ადამიანის, არაფრისკენ მიმავალი ავტობიოგაფიის მქონე ქალის სახესძერწავს.  რატომღაც უმცროსი დისგან განსხვავებით, ის არასდროს სნეულდება. მუდამ ჯანმრთელი და საღსალამათია. მთხრობელი ქალის ექსპრესიული მონოლოგი თავისმართლების პედესტალიდან იატაკზე ჩამოენარცხება, უმცროსის სიკვდილისთანავე. ის ვეღარ გამოასწორებს ნამოქმედარს.  ვეღარ დაუბრუნებს გარდაცვლილ დას წართმეულ სიცოცხლეს - პიროვნულობას. სცენაზე, მიწაზე გართხმული მგზავრების, გახშირებული სუნთქვა ისმის.უფროსი და მოწყვეტით ეცემა, თითქოსთანმდევ უგნურებაში ჩაინთქა. გვერდით, შემკრთობი კითხვა გაისმის - რას ჩამოჰგვანან ეს სახეები, რომელთაგან ზოგი, სპექტაკლის მსვლელობისას, დედის ხატებას დაეძებს, ზოგი სიყვარულს, ზოგიც -  ვინაობის ამოცნობას ცდილობს?...

ეფემერული სინამდვილისგან თავის დაღწევის მსურველ სახეებს, მშობლიურთან  უზიარებლობის, მისი შეუგრძნობლობის მარადიული ტკივილი ტანჯავთ.

ნიჭიერი სტუდენტებისგან შემდგარი დასი მაყურებელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, სათქმელის ტემპერატურა დუღს. მიუხედავად იმ განცდისა, რომ სცენაზე გათამაშებული  ფრაგმენტებისსიუჟეტური ხაზიგაბნევს, მაინც უყურებ და ინტერესით ელოდები. საწყისი ამბავი თვალსა და ხელს შუა ქრება და უფროსი დის ალუზიების შემდგომი  მიზანსცენებიდან  სრულიად ახალი ამბები აღმოცენდება, საწყისისგან განკერძოებული. ამ ეტიუდებში განაჩენივით გაისმის ყოველი გმირის გენეტიკურ კოდში გამჯდარი არსებობის აბსურდი. ფინალურ ეპიზოდებში ეს ავადმყოფობა მათივე სიცოცხლის აგონიად წარმოგვიდგება. პიესის სათქმელი ალბათ ისაა, რომ ამ გარემოს პირმშოც გაუგებრობას მსხვერპლად შეწირული მშობლის გზას დაადგება.  მისი მარადიული ამპლუა, არაფრისკენ მავალი გენეტიკა, ისეთად დარჩენას უქადის, როგორიც მისი წინამორბედი იყო. საბოლოოდ, მაინც ჩნდება შეკითხვა, სცენაზე გათამაშებული მონოლოგების აგონიური ღვარცოფი სხვადასხვა პერსონაჟთა თვითგამორკვევის დაგვიანებული პროცესია, თუ კონკრეტული უბიწო გოგოს ტრაგედიაა, რომლიც კაბასაც დასაწყისში მივჩერებოდით და რომელიც, როგორც საფინალო მიზანსცენაშია, სოფლის ავტობუსის „სანაქებო“ მძღოლს გააყოლესუკეთესი მომავლის იმედით შეგულიანებულმა მშობლებმა?!...

გამოსახვის ფორმა, რომლიც რეჟისორმა დათა თავაძემშესთავაზა მაყურებელსჩვენი თეატრალური სინამდვილისთვის უცხოცაა და ნაცნობიც, დამაფიქრებელიც და ზოგჯერ კი იმდენად ჩახლართული, რომ ერთი ნახვა აღსაქმელად თითქოს არ კმარა. ემოციურობის თვალსაზრისით, სპექტაკლი აოგნებს... გიჭირს ახსნა, რამ გამოიწვია ნანახის მიმართშენი შეგრძნებების აშკარა დუალურობა.

ყოველი პერსონაჟი გამორჩეულად საინტერესო სახეა. რთულია, თითქმის ორი საათი, უწყვეტი სასცენო მოქმედების პარალელურად იმეტყველო. თითქოს, ერთდროულად ორ ეწიუდში თამაშობ.  მაყურებელს ასეთი პოზიციიდან უნდა მიაწვდინო შენი „სახის“  ხმა. იმ ატმოსფეროში უნდა ამყოფო, რაშიც ახლა თავად ხარ. ამ ამოცანას მართლაც ღირსეულად გაართვა თავი სტუდენტურმა დასმა.

განსაკუთრებულ სიმპათია დაიმსახურა სპექტაკლის საწყისმა მიზანსცენამ -სადგურში. გამორჩეული იყო „უფროსი დის“ ვრცელი მონოლოგი, თანმხლები უწყვეტი „ანტურაჟით“, რომელშიც მთელი დასი მონაწილეობდა. სპექტაკლის იმ ნაწილში, სადაც სნეული ცოლ-ქმრის მიზანსცენა, ჩნდება, დასაწყის მოვლენასთან კავშირი იკარგება, ამ ეტიუდიდან, თითქოს, ახალ ისტორიაში შევაბიჯეთ, რომელიც უკვე გათამაშებული სცენების კალეიდოსკოპში ერთ-ერთ „თალსაჩინო“ ადგილი დაიკავა. ამ ეპიზოდით ვრწმუნდებით, რომ  მემკვიდრეობითი დაავადება დაუძლურებული, მიუსაფარი სულია. ყოველ მონათხრობს თავისებური ხერხით მიჰყავს მაყურებელი ამ აზრამდე. სპექტაკლის ფინალისკენ მეხის გავარდნასავითაა, ავტობუსის მძღოლის, ახალგაზრდა გოგონასა და მშობლის საოცრად დინამიური და ტექნიკურად რთულად შესასრულებელი ეპიზოდი.  მიუხედავად იმისა, რომ მსახიობებს პლასტიკურად რთულად განსახორციელებელი ამოცანა დაუსახა რეჟისორმა,  არცერთი სიტყვა არ დაკარგულა. თავზარდამცემად ვიბრირებდა ყოველი შეფასება, რომელიც სცენიდან დარბაზში ისმოდა. ძლიერ სარკასტულად ამოტივტივდა პასუხიც კითხვაზე - ასეთად რამ აქცია თანამედროვე  „სახეები“?  დარბაზში მსხდომებს შინ დაბრუნებულმა სცენარისტმა განგვიცხადა: ყოველი შელამაზებული სიმახინჯე  შორეული წარსულიდან წარმოსდგება, იმგვარი შორეულიდანაც კი, როცა „ნო“-ს ნიღაბი შეიქმნა, როცა ადამიანში გაჩნდა მოთხოვნა ნაღდი გამომეტყველება მუდმივი ღიმილით ჩაენაცვლებინა. რა გასაკვირია, რომ ამპლუას შევეჩვიეთ?! ჩვენ ხომ შეგნებულად წავიფარეთ მომღიმარი პირისახე ნამდვილ ჰაბიტუსზე...

პ.ს. უმჯობესია, როცა სპექტაკლამდე ეცნობი კონკრეტული ავტორის შემოქმედებას, თუცა, ზოგჯერ პირიქით ხდება...„სახეები“  სამეფო უბანში ...

 ასეთ დროს გიორმაგდება ნანახის ამოხსნის სურვილი. მისი ღრდინამდე აღქმა გინდება. როგორც იაპონელები იტყვიან, კონკრეტული მოცემულობით ნაგრძნობი „მონო- ნო- ვარე“ (საგანთა მომხიბვლელობა) გამიმძაფრდა.  მიდიხარ პირველწყარომდე და შენს თვალწინ ხეანის (IX – XII საუკუნეები) ეპოქის ფესვებიდან ამოიზარდება მისი ნატიფი სამყაროც. 

კიდევ რამდენი „რიც“  (იაპონური მანძილის საზომი ერთეული) არ უნდა აშორებდეს მე-20 საუკუნის დიდი იაპონელი ავტორის იასუნარი კავაბატას მონათხრობისგან ნანახს, უნდა ვაღიაროთ, რომ მან მოახერხა, თუნდაც მისი ესთეტიკისგან სრულიად გაუცხოებულ მაყურებელს, შეაგრძნობინოს სცენაზე მონათხრობი ისტორიების „ვაბი - საბი“  (შეუმჩნევლის, ჩვეულებრივის, შეულამაზებელი უბრალოების მშვენიერება).

 

 

 

 


უკან დაბრუნება