Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > "გათვლის" მეორე სიცოცხლე
"გათვლის" მეორე სიცოცხლე

"გათვლის" მეორე სიცოცხლე


20-11-2017, 08:25

გურამ მაცხონაშვილის "გათვლის" მეორე სიცოცხლეს, გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში,  მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, ჰედლაინებში, მორიგ პრემიერად მოიხსენიებენ. თეატრალურ სამყაროში კი ამ დადგმას მოვლენათა იმხელა ჯაჭვი უქმნის კონტექსტს, რომ შეიძლება ინტერპრეტირებისას ყველაფერი მიესადაგოს  "მორიგის" გარდა.  თამთა მელაშვილის წარმატებული ტექსტის ასევე წარმატებულმა სცენურმა ვერსიამ (სპექტაკლი რამდენიმე ნომინაციაშია წარდგენილი პრემია "დურუჯზე") თბილისის თოჯინების თეატრის ჯერ კიდევ მშენებარე კედლები, პრემიერიდან მალევე, დემონსტრაციულად დატოვა. სპექტაკლი მოიხსნა თბილისის თეატრალური ფესტივალის ქართული შოუქეისიდანაც.  შემოქმედებითი პროდუქტის ეს გაუთვლელი მიგრაცია  სამხატვრო ხელმძღვანელების მოხსნა-დანიშვნის ბატალიებმა განაპირობა, თუმცა ამავე პროცესის შედეგად, "გათვლამ" ახალი ნიადაგი იპოვა და წარმატებული ნამუშევრის სიცოცხლისუნარიანობის კიდევ ერთი პოზიტიური მაგალითი შექმნა.   

 

თეა კახიანი - გურამ, რამდენად კმაყოფილი ხარ რომ "გათვლა" დღეიდან აქ დაიწყება, გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში?

გურამ მაცხონაშვილი (რეჟისორი) - მგონია, რომ ეს არის საუკეთესო მოცემულობა, რომელიც შეიძლებოდა საერთო სურათში დამჯდარიყო და მიხარია, რომ პროცესი თვითონ მივიდა აქამდე. ნეგატიური ფონი ჩვენ გავიხადეთ გამოსავლად და მოხდა ის, რაც მოხდა, "გათვლა" შემთხვევით აღმოჩნდა ერისთავის თეატრში. ქალაქში, სადაც დღეს ყველაზე მეტად არის საჭირო ამ თემებზე ლაპარაკი, სადაც მგონია, რომ ვერაფრით შეფუთავ თეატრალურ ტყუილს. ერთი შანსი გაქვს აქ იარსებო ამ სპექტაკლით ან ამ ტიპის სპექტაკლით,  მსგავს თემატიკაზე  და ეს შანსი არის სცენიდან წამოსული მართალი სიტყვა. სხვა შემთხვევაში, ამ კონტექსტში ვერ იარსებებს სპექტაკლი.

თ. კ. - და მაინც შემთხვევითობას ეძახი იმას რაც მოხდა თუ შემთხვევით არაფერი ხდება?

გ. მ. - შემთხვევითობაში ვგულისხმობ, იმას რომ ხელოვნური ჩარევა თითქმის არ ყოფილა, ყველაფერი თავისთავად დალაგდა. მე ძალიან მიხარია, რომ პირველი ნაბიჯი გადადგა ამ ქალაქმა, ამ თეატრის სახით, როცა შემოგვთავაზა, რომ "გათვლისთვის" ახალი სახლი აქ მოგვეძებნა. არც ბევრი მიფიქრია და არც პროცესში დავეჭვებულვარ არც ერთხელ, სწორად მოვიქეცი თუ არა. თან არ  ვთვლი, რომ მესაკუთრე ვარ ამ ყველაფრის, ის პროცესი, რაც დაიწყო, ჩვენ მივუშვით და თავისით შემოედინა ამ სივრცეში და მგონია, რომ კარგია ეს ყველაფერი. 

 

ეკა დემეტრაძე (ნინცოს როლის შემსრულებელი)

თ. კ. - რამდენად რთულია შენი პერსონაჟის ამ ახალ სივრცეში ადაპტირება?

ე. დ. - ადაპტირება რათქმაუნდა რთული იყო, რამდენადაც ზოგადად რთულია დაფიქრება თვითონ ნინცოს პერსონაჟზე, 13 წლის გოგოზე, რომელიც თავისი გოგოური სურვილებით, ომის დროს ცხოვრობს. ჩვენ ყველას გვახსოვს ის ომი, წინა ომი და იმის წინა ომიც, ჩვენ ფაქტიურად გავიზარდეთ ომებში და ჩვენთვის ეს ძალიან ნაცნობი და მტკივნებულია.  ამ თვალსაზრისით ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ეს სპექტაკლი, მითუმეტეს გორში. ეს სივრცე მგონია, რომ ძალიან მოუხდა სპექტაკლს. თითქოს ეს სივრცე და ეს სპექტაკლი  ერთმანეთისთვის არის შექმნილი.

 

ანიკო ცეცხლაძე (ცქნაფას როლის შემსრულებელი)

თ. კ. - როგორ გრძნობს შენი პერსონაჟი ამ თეატრში თავს?

ა. ც. - ეს სივრცე ძალიან ემოციურია ჩემთვის და საინტერესო. მგონია რომ აქ ბევრად უფრო სავსე იყო სპექტაკლი, სათქმელიც უფრო მეტად მქონდა. კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგად გრძნობს ჩემი პერსონაჟი აქ თავს. უკეთესადაც კი.   

 

დათო ჩხარტიშვილი (ერისთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი)

თ. კ. - როგორც ვიცით შენი გადაწყვეტილება იყო "გათვლის" აქ გადმოტანა. შედგა პირველი პრემიერა დათო ჩხარტიშვილის სამხატვრო ხელმძღვანელობის პირობებში. რა პროცესს დაედო სათავე ამ სპექტაკლით ერისთავის თეატრში?

დ. ჩ. - იმედი მაქვს, თანამედროვე თეატრისკენ აღებულ მიმართულებას დაედო სათავე.  მინდა რომ ყველას ყურადღება რეგიონზე კონცენტრირდეს, საინტერესო ახალგაზრდა თაობა რეგიონებში და რეგიონებისთვის შემოქმედებითი დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.  აქ, გორში მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო უნდა შეიქმნას ექსპერიმენტებისთვის, ძიებებისთვის, ახალი გამომსახველობითი ხერხების ფორმირებისთვის. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ მტკივნეულ, აქტუალურ თემებზე, გვინდა ვესაუბროთ ყველას. თეატრი არ არის დაწერილი ან დაზეპირებული ტექსტი, თეატრი პირველ რიგში არის გრძნობა. თუ სპექტაკლი ემოციურ დონეზე ახდენს გავლენას ესე იგი ყველაფერი გამოვიდა. სწორედ ეს შემთხვევაა "გათვლა". მიხარია, რომ უკვე სამი სპექტაკლია ჩაშვებული, ერთის პრემიერა შედგა, ორს ველოდებით. მაქსიმალურად ბევრი ექსპერიმენტია საჭირო. თუმცა ეს ისეთი რამეა, გაამართლებს თუ არა არ ვიცით. მაგრამ პროცესი საინტერესოა, მცდელობაა რომლის შედეგს ველოდებით.

თ. კ. - მთავარია გეზი აღებულია, გააზრებულია სარეპერტუარო პოლიტიკა. როგორ ფიქრობ, მაყურებელი რამდენად არის მზად ამ ექსპერიმენტებისთვის?

დ. ჩ. - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რა მემკვიდრეობაც აქ დამხვდა, მაძლევს სრულ თავისუფლებას ვაკეთო ექსპერიმენტები და ყველაფერი ის, რაც მინდა. ამისთვის მაყურებელიც მზად არის. ეს თითოეულ ნაბიჯზე იგრძნობა!

 

მაყურებლის მზაობა და განწყობა, იმ დღეს, თბილისის სადგურში მეც გადამეყარა, ახალგაზრდების რამდენიმე ჯგუფის სახით, გორში, "გათვლაზე" რომ მოდიოდნენ. სხვა საკითხია საქალაქო ტრანსპორტი როგორ მუშაობს და რა სირთულეები უნდა გადალახოს სპექტაკლზე დასწრების არაადგილობრივმა მსურველმა (გზაში, "გათვლის" ფინალიც კი შეიძლება გაგახსენდეთ), მაგრამ ჩვენ ხომ ჯერ მხოლოდ სურვილსა და მზაობაზე ვლაპარაკობდით ?!          


უკან დაბრუნება