Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > ამბავი ერთი მკვლელისა
ამბავი ერთი მკვლელისა

ამბავი ერთი მკვლელისა


9-12-2017, 09:10

მოძრაობის თეატრს აქვს ის სიმყუდროვე, რასაც ბევრ სხვა თეატრში ვერ შეხვდებით. აქ გაგიჭირდებათ ცარიელი სივრცის მოძებნა. უამრავი ნივთი, დარბაზში შესვლამდე, დროში მოგზაურობის განწყობას გიქმნით.

პატრიკ ზიუსკინდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანის „სუნამოს“  ეკრანიზაცია მოხდა 2006 წელს (რეჟისორი ტომ ტიკვერი), რამაც უფრო პოპულარული გახადა ნაწარმოები. იოსებ ბაკურაძემ ქართველ მაყურებელს შესთავაზა სცენური ვერსია - „ამბავი ერთი მკვლელისა“, რომლის პრემიერა 2017 წლის 12 ნოემბერს შედგა მოძრაობის თეატრში.

მინიმალურ სცენოგაფიას (მხატვრები: ბიძინა სიდიანი, კლაუს ჰიპი) და არაჩვეულებრივ მუსიკას (კომპოზიტორები: სანდრო ნიკოლაძე, დავით კაკულია) მივყავართ მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში. მთელი სპექტაკლი ორად გაყოფილი პარტერის შუაგულში - ფიცარნაგზე თამაშდება, რომელიც ლამაზი ქალების სასაკლაოდ - ეშაფოტად გვესახება.

მექანიკური საათის თოჯინები გამოდიან და იწყებენ მოძრაობას, უეცრად დრო ჩერდება და ჭექა-ქუხილის ფონზე ქალს ეწყება მშობიარობა. თავსხმაში ტკივილებისგან დაკრუნჩხულ ქალს ყურადღებას არავინ აქცევს, მარტო დარჩენილს საშოდან თავისი ხელით გამოჰყავს ჩვილი, ნელა ძირს აწვენს და თვითონ უსიცოცხლოდ ეცემა. გარდაცვლილ ქალს გაასვენებენ, ჩვილს კი - გამზრდელი უბეში გაიხვევს და თან წაიყვანს. გზაში უცნაურ მოძრაობებს იწყებს, თითქოს ბავშვი საშინელ ტკივილს აყენებს ძუძუს წოვის დროს და ცდილობს მკერდიდან მოიგლიჯოს, იტანჯება, დიდი ძალისხმევის შემდეგ ჩვილს იშორებს, ტაძარში ტოვებს და გარბის.

შემოდის მღვდელი, სანთელს ანთებს, უეცრად საკმევლის სუნი მთელ დარბაზს მოედება. რეჟისორი ამ ხერხს, სუნის ეფექტს, სპექტაკლის მანძილზე კიდევ რამდენჯერმე იყენებს. მღვდელი (მიხეილ ზაქაიძე) ჩვილს აიყვანს თუ არა ხელში, შეძრწუნებული იწყებს საკუთარი ტანსაცმლის ყნოსვას, თითქოს მსგავსი გახრწნილი სუნი არასდროს შეუგრძნია, საჩქაროდ იხდის. საცვლების ამარა დარჩენილი სასულიერო პირი ჩვილის ფერხთით ეცემა, კოცნის მას და ეწყება ეპილეფსიური შეტევა, ამ დროს ყველასგან მიტოვებულ ჩვილს მოისვრის, როგორც ნაგავს. თვალშისაცემია მსახიობის სხეულზე ორი მოზრდილი სვირინგი: ბეჭებზე ანგელოზის ფრთები, ხოლო მკლავზე ჯვარი. რომელიც ჩემი აზრით, ეპოქიდან და სიუჟეტიდან ამოვარდნილია.

ამბავი ერთი მკვლელისაქალაქში ღრეობაა: ნასვამი ადამიანები ცეკვავენ და ერთმანეთში ირევიან. სიბინძურისა და ჭუჭყის შეგრძნება გვეუფლება. ყველას ნიღაბი უკეთია, გარდა ქერა, ლამაზი ქალისა (ეკა გაბაშვილი). ამ მიზანსცენით ვხვდებით, რომ მოვლენები ლამაზმანის გარშემო ვითარდება, რომელიც პირველი მსხვერპლიც აღმოჩნდება.

ეფექტურია ჟან-ბატისტ გრენუის შემოსვლა სცენაზე, ვიზუალი და გრიმი მისტიკურობას მატებს მას. რთულია გაარკვიო მსახიობი ქალია თუ კაცი. ამით რეჟისორის ჩანაფიქრი, რომ პერსონაჟი უსქესო არსება ყოფილიყო, უდავოდ გამართლდა. ჟან-ბატისტი ცხოველივით მიიკლაკნება ფიცარნაგზე, სადაც პირველი სამიზნე ელოდება. განათება ილუზიას გვიქმნის, რომ სარკმლიდან ჩამოდის დღის შუქი, ანუ სადღაც მიწისქვეშ ვიღაცები ნადირობენ. დარბაზში ახალი სუნის შეგრძნებები მოდის სურნელთან და მსხვერპლთან ერთად. გარდაცვლილი ქალი დგება და ჟან-ბატისტს თავის ბეჭედს ჩაუგდებს ხელებში, ამით ის მთლიანად უძღვნის თავს მკვლელს.

იწყება ახალი მოქმედება: მოხუცი ბალდინი (ბექა გარსენიშვილი) თავის ლაბორატორიაში ასისტენტთან ერთად (თათა თავდიშვილი) ამზადებს სუნამოებს. პარფიუმერი მოხუცს უტოვებს ცხვირსახოცს, რაზეც დაფრქვეულია მოკლული ქალის სურნელი. მოულოდნელად ბალდინი ახალგაზრდავდება და იწყებს ცეკვას გარდაცვლილის ზმანებასთან. სუნის გასვლასთან ერთად ქალი ქრება და ოსტატიც მხცოვან ასაკს უბრუნდება.

ჟან-ბატისტის მორიგი მსხვერპლი ბალდინის ასისტენტია, იგი გრძნობადაკარგულ ქალს გათოკავს და ჭერიდან დაშვებულ თეთრ ნაჭერში გაახვევს. მუსიკისა და განათების ფონზე, შემზარავი მკვლელობის სცენა კარგად მიგნებული და ძალიან ეფექტურია.

ეშაფოტზე ადის ახალდაქორწინებული წყვილი, ისევ ახალი სუნი იგრძნობა დარბაზში. პატარძალი ამზადებს პირველი ღამის სარეცელს. პარფიუმერი ამ სარეცელზევე დაასრულებინებს სიცოცხლეს. მაყურებელი დაძაბული და გაოგნებული უყურებს, თუ როგორ აზავებს ჟან-ბატისტი მოკლული ქალების სურნელებს ერთმანეთში - რეჟისორმა ნამდვილი ალქიმიური სანახაობა მოგვიწყო: დიდ კოლბაში სხვადასხვა ნარევებით ჩნდებიან ლამაზი ფერის ბურთები, რომლებიც ერთმანეთში ირევიან ისე, რომ თვალს ვერ სწყვეტ მონუსხულივით. ჟან-ბატისტს რაღაც აკლია იმისთვის, რომ სრულყოფილი სუნი შექმნას და აი ისიც - ბოლო სამიზნე ეშაფოტზეა. ამ დროს შეიარაღებული ბრბო ალყაში მოაქცევს პარფიუმერს, რომელიც ხსნის სუნამოს ფლაკონს. მან იცის, რომ სუნით გააბრუებს თავდამსხმელებს და ორგიაც იწყება, რომელიც შესაძლებელია უფრო მოქნილი და შთამბეჭდავი ყოფილიყო, ამის მოლოდინი მაყურებელს გაუჩინა იმ ეფექტურმა მიზანსცენებმა, რომლებიც ახლდა სპექტაკლის მიმდინარეობას.ამბავი ერთი მკვლელისა

პარფიუმერი ფლაკონის ფორმის მახვილს აწვდის მომხიბვლელ წითურ ქალს (მარიამ ბალახაძე), რომელიც მას საკუთარი ხელით ჩაიცემს მუცელში და აი, საბოლოო, სრულყოფილი სურნელიც. რომლის შეგრძნებაზე, ცხოველური არსება გონს მოდის, უჩნდება საშინელი განცდა ჩადენილი დანაშაულებების გამო. გადის ბრბოში და ფლაკონს იცლის თავზე. ამით თავად გამოაქვს საკუთარი თავის განაჩენი - სურნელისგან გონდაკარგული ბრბო ცოცხლად ჭამს ჟან-ბატისტ გრენუის.

ასე დეტალურად მოყვე ამბავი უსიტყვოდ, მხოლოდ მოძრაობით და სათქმელი მიიტანო მაყურებლამდე ისე, რომ ნაწარმოებს არ დაუკარგო ის მომაჯადოებელი იდუმალება, რომელიც მას დედანში აქვს, ძალიან რთულია, მაგრამ ეს შესანიშნავად მოახერხა იოსებ ბაკურაძემ თავის დასთან ერთად. კარგად გააზრებული მიზანსცენებით, მუსიკით, კოსტიუმებით მან სცენაზე დაგვანახვა „გენიალური და საზიზღარი ადამიანებით სავსე ეპოქა“.

 

 

 

 

 

 

 


უკან დაბრუნება