Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > ცეკვაში გამოხატული თავისუფლება
ცეკვაში გამოხატული თავისუფლება

ცეკვაში გამოხატული თავისუფლება


25-06-2018, 17:06

 

კლარნეტისტი ჰენრი, მევიოლინე ჟანი და ჩელისტი ეტიენი. პრემიერა კომპოზიტორ ოლივიე მესიანის თხზულებისა „კვარტეტი ჟამთა აღსასრულის.“ ადგილმდებარეობა - გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკი STALAG VIII-A, 1941 წლის სუსხიანი იანვარი. ეტიენ პასკიე  იგონებს: „გერლიცის ბანაკი, ბარაკი -27 B - ჩვენი თეატრი - გარეთ ღამეა, თოვლი და უბედურება, აქ - საოცრება, ჟამთა დასასრულს სამოთხეში შევყავართ და აღგვამაღლებს ამ საზარელ სამყაროზე“. გავა დრო და დოკუმენტურ ფილმში - „დროთა აღსასრულის კვარტეტი“ - თავად ოლივიე მესიანი ვერბალურად გვიხატავს, თუ როგორ და რანაირ პირობებში დაწერა მან ეს კვარტეტი; როგორ კითხულობდა „წმინდა იოანეს გამოცხადებას“ და, ერთხელაც, როგორ იხილა ფერთა საოცარი კონსტელაცია მზის ჩასვლისას, რამაც განსაზღვრა, მისივე აზრით, ამ კვარტეტის გზავნილი და პოეტიკა. უსმენ მუსიკას და კვარტეტის ფინალი მართლაც სრულად შეესატყვისება მის სათაურს: ბგერა და, ამდენად, დროც პირდაპირ შენს თვალწინ  წამიერი გაჟღერებით ინავლება და ქრება. `მძიმე და სევდიან ფიქრთა მოძალების ჟამს  სხვა რა გზა და გამოსავალი არსებობს, თუ არა მიახლოება ფრინველთა გალობასთან ტყეში, მინდვრებში, მთებსა თუ ზღვის სანაპიროზე? ჩემთვის სწორედ აქ ცოცხლობს მუსიკა~ - ამბობს კომპოზიტორი.

2018 წლის 21 ივნისი. რუსთაველის თეატრის მცირე სცენა. კლარნეტი - ლევან ცხადაძე, ვიოლინო -ალექსანდრე ხატისკაცი, ვიოლონჩელო - სანდრო ჩიჯავაძე, ფორტეპიანო - ირინა ვარდელი;  დარბაზში ჟღერს მესიანის „კვარტეტი ჟამთა აღსასრული,“ რომლის ფონზეც გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მიერ წარმოდგენილი იყო მარიამ ალექსიძის თანამედროვე საბალეტო სპექტაკლის პრემიერა ”STALAG VIII-A,”  რომლითაც ”მოკრძალებით, პატივს მივაგებთ სახელოვანი მევიოლინის კონსტანტინე ვარდელის ხსოვნას!"- წერს დამდგმელი ქორეოგრაფი

”ნაწარმოებში დროის ტრანსფორმაცია გამოხატულია, როგორც მუსიკალური, მხატვრული, კონკრეტული, აბსოლუტური, დაუსრულებელი, კოსმიური, საკრალური და ამავე დროს ისტორიულ -ფილოსოფიური ჟამი. ვეცადე ქორეოგრაფიაც გამოსულიყო ერთგვარი დროის მისტერია და ყოველი ნაწილი ერთმანეთში გამჭოლი პრინციპით ავაგე. გიორგი ალექსიძის მინიატურა „ფენიქსი“ დადგმაში უცვლელად შევიტანე. თხზულების მეორე ნაწილზე მის მიერ მისადაგებული ქორეოგრაფიული სტილი და ხელწერა ჩემი ქორეოგრაფიის საფუძველიც და იმპულსიც გახდა. ალექსიძისეული ქორეოგრაფიული ილეთები კრისტალებად დავშალე და მუსიკის მსგავსად, კალეიდოსკოპური პრინციპით, კონტრასტულ, გარდამავალ ფერთა ელემენტემის გამოყენებით, მოვახდინე მათი ვარირება და კომპოზიციების აგება. იოანეს გამოცხადების მეათე თავით შთაგონებული მუსიკალური იდეები ილანდება ქორეოგრაფიულ სახოვანებებშიც.”- ვკითხულობთ სოციალურ ქსელში მარიამ ალექსიძისეულ ჩანაწერს. გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტი"გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტი"დავამატებდი, რომ  მისთვის, როგორც დამდგმელი ქორეოგრაფისთვის, მთავარია აზრისა და ემოციის პლასტიკური გამოხატულების სიზუსტე, ამ აზრის ფორმულირებაში სხეულის მოძრაობის ”ექსპერიმენტებით” შეპყრობილმა ქორეორაფმა მოძრაობას ახალი თვალით და ახალი რაკურსიდან შეხედა, მერე თავის წარმოდგენაში მოცეკვავეების სხეულები მისეული ტექნიკის მექანიკაში მოაქცია და სივრცეში თავისუფალი ქმედების, იმპროვიზაციისა თუ ვარდნის საშუალება მისცა, რომლის მეშვეობითაც მაყურებელი იმ წრე-ბრუნვაში მოაქცია რასაც ინტელექტუალური და  ექსპრესიონისტული ცეკვის ტრადიციები ჰქვია, სადაც მოცეკვავეების სკულპტურული გამომსახველობა, ინდივიდუალური თუ ჯგუფური პორტრეტები, მოძრაობის ელემენტები და დრამატული რიტმი უდავოდ ”გააქანებს” მხილველს იმ სამყაროსკენ, რასაც ცის კაბადონი და სილაჟვარდე ჰქვია, სადაც შეუზღუდავი თავისუფლებაა და რომლის უსაზღვრო ემოციაზეც ერთ დროს ტერენტი გრანელი წერდა: ”რაოდენი თავისუფლებაა, საოცარო ფრინველო, შენს მოძრაობაში! განუსაზღვრელი ექსტაზი სივრცეთა შთანთქმისა, ერთდროულად ყველგანყოფის სურვილი. თავისუფლება დიახაც ჰგულისხმობს ყოვლისმომცველობას და შენ უთუოდ ჰფლობ მას სივრცეში, რომლის სინაკლებესაც მომეტებულად განვიცდი მე, როგორც პატიმარი....სივრცეების პატარა ბინადარო, შენ მხოლოდ მშვენიერი სიმბოლო ხარ იმ თავისუფლების, ამ ბნელ საკანში რომ იწყო აღმოცენება.” წარმოდგენაში - STALAG VIII-A- მოცეკვავეთა  ტემპო-რიტმით, ჟესტებითა და პლასტიკური სახეებით, მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის ურთულესი მოძრაობებით მუსიკა ერთგვარად ხილვადი ხდება. როგორც ცნობილია, ოლივიე მესიანი სწავლობდა ჩიტების გალობას და მათ "პლანეტის უდიდეს მუსიკოსებად"  მიიჩნევდა. ჩიტები ფრანგი კომპოზიტორისთვის  ბუნების სულის ასახვა გახლდათ. მესიანი აკვირდებოდა ფრინველებს, მათ ქცევას, ფირზე იწერდა მათ ხმებს, შემოქმედებითად ამუშავებდა. მისი ნაწარმოებები გამოირჩევა უჩვეულო რიტმებით, ფერებითა და სხვადასხვა საკრავთა ტემბრის ნაირფეროვანი შეხამებით. ქორეოგრაფმა მარიამ ალექსიძემ, სწორედ რომ, ამგვარი უჩვეულო და ფერადი ”თავისუფალი სივრცე” შექმნა, ”განძარცვული” ყოველგვარი სცენოგრაფიისგან. მის  მონათხრობში მხოლოდ სხეულის ენაა, მოძრაობიდან წამოსული ემოციაა, მოცეკვავეთა ჟესტებსა და ქმედებაში  იგრძნობა სინატიფე, გრძნობა, რომლებიც, ამავდროულად, ერთგვარ კონტრასტს ქმნიან წარმოდგენის დრამატულ და ემოციურ ნაწილთა შორის. ბალეტის სიუჟეტური ქარგა არაჩვეულებრივი დინამიკურობითა და ექსპრესიით ვითარდება, რაც მარიამ ალექსიძის, როგორც ქორეოგრაფის ინტელექტზე მეტყველებს. მან, არა მხოლოდ, გააგრძელა ქორეოგრაფ გიორგი ალექსიძის სტილი თუ ხელწერა, არამედ, მისეული ტექნიკა განავითარა და მაყურებლის წინაშე წარსდგა მოდერნ-ბალეტის იმ ინოვაციებით, სადაც იგრძნობა სხეულისა და გრძნობის თავისუფლება. „მჯერა, რომ ჩიტების მაგალითი დამეხმარა არ დამეკარგა თავისუფლება. მხედველობაში მაქვს კონსტრუქციული თავისუფლება, რომელიც მეძლევა ჩემი თავის ფლობით პატივს ვცემდე სხვას და მეხმარება შემოქმედებაში განვახორციელო აღფრთოვანება სამყაროს წინაშე.“ (ოლივიე მესიანი) გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასმა მელოდია ვიზუალში გადმოიტანა, მოსმენილსა და ნანახში ერთდროულად  სიმკაცრისა და თავისუფლების კონტრასტიცაა და მუსიკისა და ცეკვის უნისონიც, წარმოდგენის ვიზუალურ-ვერბალური (ცეკვითა და მუსიკით) აქტით ხვდები, რომ „სიხარული ჭეშმარიტად არსებობს... უხილავი ხილულზე მეტად არსებობს, მწუხარების მიღმა სიხარულია, ხოლო საშინელების გადაღმა მშვენიერება“ - ოლივიე მესიანი.

 

ფოტო: ზურაბ ცერცვაძის

 

 

 

 

 

 

 

 


უკან დაბრუნება