Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
„თეატრი არ არის სკანდალი, სკანდალი თავად რეალობაა“
„თეატრი არ არის სკანდალი, სკანდალი თავად რეალობაა“18-07-2018, 16:52 |
2018 წლის პირველი ივლისიდან ათი ივლისის ჩათვლით, დრამატურგების, რეჟისორების, მუსიკოსების და მსახიობების, რა თქმა უნდა მაყურებელთან ერთად, შეხვედრის ადგილი დიღომში, კინოსტუდიის - „ქართული ფილმი“ - მეხუთე პავილიონში გახლდათ, სადაც "ახალი დრამის ფესტივალი" გაიმართა და სადაც ახალგაზრდა ხელოვანები, სპეციალურად, ამ ფესტივალისათვის შექმნილ ექსპერიმენტულ წარმოდგენებს სთავაზობდნენ მაყურებელს. „ახალი დრამის ფესტივალის" მთავარი ღერძი დრამაა, ტექსტი, რომელიც ხუთმა ავტორმა - ლაშა ბუღაძემ, დავით გაბუნიამ, პაატა ციკოლიამ, დათა თავაძემ და ნანა ექვთიმიშვილმა - ფესტივალისთვის დაწერა...“ სოციალურ ქსელში ფესტივალის ორგანიზატორები გვატყობინებენ, რომ მათი ამოცანაა:„შექმნას თანამედროვე, დროს და გარემოს ადეკვატური სახელოვნებო გამოცდილება, როგორც საქართველოში მცხოვრები ავტორებისთვის, ისე აუდიტორიისთვის, რომლისთვისაც ხელოვნება თავისუფალი თვითგამოხატვის, რეფლექსიის და კრიტიკული კვლევის სივრცეა….პოლიტიკა, სოციალური რეალობა, ძალადობა, შიში, ანგარება, ომი, გაუცხოება... - ეს არის ის ამბები, რომლებიც ჩვენს გარშემო ხდება, ამბები, რომლებზეც, ალბათ, ყოველდღე ვფიქრობთ, მერე შეიძლება ვეძებთ გამოსავალ გზებსაც, რომლებიც შესაძლოა სულაც არ იყოს გამოსავალი. - სწორედ ამ თემების გარშემო ტრიალებენ "ახალი დრამის ფესტივალის" ავტორები, რომლებიც აუდიტორიას უფრო ახლოს და შიგნიდან, მათი თანამონაწილეობითა და დიალოგით, სხვადასხვა რაკურსით დაანახვებენ იმ პრობლემებს, რომლებშიც ყოველდღიურად ვიხარშებით.“ ცნობილია, რომ ამერიკელი რეჟისორი რიჩარდ შეხნერი, პერფორმაციული ტრანსფორმაციის (ერთი რეალობის განსხვავებულ რეალობად, რიტუალად, თეატრად ქცევისა და უკუქცევის) რამდენიმე შესაძლო ვარიანტს განიხილავდა: 1. რეალური სივრცის (ანუ სინამდვილე) თეატრად (ანუ სინამდვილე) გარდასახვა განსხვავებული ენერგიების შეხვედრა/გაცვლის მეშვეობით; 2. აბსტრაქტული სივრცის (ანუ სინამდვილე) კონკრეტულ სამოქმედო გარემოდ (ანუ სინამდვილე ) ტრანსფორმაცია პერფორმანსის საშუალებით.[1] ასეთ შემთხვევაში, უმეტეს წილად, წარმოდგენის თემა თანამედროვე პოლიტიკური ან სოციალური პრობლემებია, რომლის ობიექტად გვევლინებიან სრულიად ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, მაგრამ ღრმა სულიერი პროცესების მატარებელი ადამიანები. საზოგადოებაში რეალურად, და რა თქმა უნდა, ირეალურადაც, სცენაზე, გვინახავს პერსონაჟი, რომელსაც, გარემო პირობების გამო, ფსიქიური და ფსიქოლოგიური პრობლემები უჩნდება, რაც გამოიხატება დისოციალური პიროვნული აშლილობით, რომელსაც ახასიათებს მოვალეობათა უგულებელყოფა, სხვათა გრძნობების მიმართ სრული გულცივობა. დიდი შეუთავსებლობაა ინდივიდის ქცევებსა და გაბატონებულ სოციალურ ნორმებს შორის. წინააღმდეგობის მიუხედავად, დასჯის ჩათვლით, ქცევები არ იცვლება. იმედის მსხვრევის მიმართ ტოლერანტობა დაბალია, ასევე, ადვილად გადააბიჯებს ზღურბლს აგრესიული განტვირთვით, ძალადობის ჩათვლით. გამოხატულია ტენდენცია სხვების დადანაშაულებისაკენ ან ახდენს საკუთარი ქცევის რაციონალურ ახსნას, რითაც პერსონა/პერსონაჟი საზოგადოებასთან კონფლიქტში შედის და შესაბამისად ამგვარი თემატიკით შექმნილ პერფომანსებსა თუ წარმოდგენებში არტისტი ადეკვატური პერსონის ნიღაბს „ირგებს.“ ან მეორე ვარიანტად, აბსტრაქტული სივრცის გამოყენების შემთხვევაში ძირითად თემად ორ ადამიანს შორის გაუცხოების არსებობის წარმოჩენა და პიროვნებებს შორის ურთიერთგაგების პრობლემის ჩვენება გახლავთ, ნამდვილ და თეატრში შექმნილ ილუზორულ სამყაროს შორის ზღვარის წაშლის სურვილმა დაბადა არაერთი ექსპერიმენტალური სპექტაკლი და წარმოდგენა. გავიხსენოთ: მალინას „ცოცხალი თეატრი“ - The Living Theatre, ჩაიკინის „ღია თეატრი“ - Open Theatre, ჩინოს კაფე-თეატრი - Caffe Cino და სხვა. საქართველოში, XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იბადება „ready-made“სივრცის გამოყენების სურვილი და ქართული თეატრის უახლოეს ისტორიაში არსებობს ამგვარი სურვილის განხორციელების წარმატებული მცდელობაც, რაც დღესაც, ჩვენს რეალობაში, არა ერთი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ განხორციელებული სპექტაკლი/პერფომანსი ვიცით, რომლებმაც პიესის/ამბის გასაცოცხლებლად სამოქმედო გარემოც შესაბამისად აირჩიეს და აითვისეს „მზა“ სივრცე: სასტუმროს ერთი ოთახი/ნომერი თუ მიტოვებული ქარხნის, პავილიონის, სკოლისა და სარდაფის შენობა. სწორედ, ამგვარი თემატიკით, იპმროვიზაციებითა თუ წინასწარ დაგეგმილი ექსპერიმენტული სანახაობებით წარსდგა „ახალი დრამის ფესტივალი“ მაყურებლის წინაშე, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილის წარმოდგენით - „ANTImedea/ანტიმედეა“ (პიესის ავტორი: ლაშა ბუღაძე; მონაწილეობენ: ლილი ხურითი, ირაკლი გოგოლაძე, ანი იმნაძე, არჩილ ბარათაშვილი, თეა კიწმარიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, უსიტყვო მოწმეები და გულშემატკივრები ანუ ქორო) - გაიხსნა, წარმოდგენით, რომელიც მხოლოდ ერთხელ „გაცოცხლდა“. თავსართ „ანტი-ს“ მნიშვნელობა მკითხველისთვის ცნობილია, რომ იგი გამოიყენება სიტყვის საპირისპირო (მტრული, წინააღმდეგობრივი) მნიშვნელობის აღსანიშნავად. რა სურს ამ შემთხვევაში შემოქმედებით ჯგუფს? „გამოძერწოს“ ანტიგმირის ნიღაბი? მედეას ანტიგმირობა, ჩემთვის, როგოც მკითხველ/მაყურებლისთვის, მისაღებია და რამდენიმე გარემოებითაც აიხსნება, იგი მსხვერპლია ღმერთებისა, ამ შემთხვევაში საზოგადოებისა და გარემოებებისა. მისი სისუსტე კი, დამთრგუნველია მისთვის, თუმცა ეს დაცემა მისი გარდაქმნის წინაპირობაა. მედეა კვდება, როგორც ბრმად შეყვარებული მშვენიერება და ცოცხლდება, როგორც შურისმაძიებელი ბოროტება და „ვინც მას ზოგადად, ანტი-არტი/ანტი-თეატრი უარყოფს ტრადიციულ ფორმებს, იწუნებს ფართოდ მიღებულ მხატვრულ სტანდარტებს და აკრიტიკებს კონკრეტულ ასპექტებს. ამ შემთხვევაში, „ანტიმედეას“ შემქმნელების თამაში შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც თავისუფალი ქმედება, კლასიკური სათეატრო სანახაობისგან რადიკალურად განსხვავებული და ტრადიციულისგან უარყოფილი რომელიც აღიქმება როგორც „ისე, უბრალოდ“ ჩადენილი და ჩვეულებრივი ცხოვრების გარეთ მდგომი, მაგრამ ცხოვრებისეული პრობლემებით აღქმული და შენეულად ანუ მოთამაშის მხრიდან დანახული და განცდილი. ყველაფერი რეალურია და ეს რეალობა, როგორც ცხოვრება გარს ერტყმის მაყურებელს. აღნიშნულ კონკრეტულ გარემოში, მიუხედავად არაკლასიკური სათეატრო სანახაობისა, ადგილისა და დროის ერთიანობის კანონი მოქმედებს. რაც უკვე ძალიან კარგია, რადგანაც ის იკმაყოფილებს რეალობიდან გასვლის, „დამაჯერებელი ფანტასტიკის“ სამყაროში შესვლის მოთხოვნილებებს. სიტუაცია თანამედროვე პოსტმოდერნისტულ ეპოქაში შექმნილი ქაოსურობით, არარეალურობით და გაურკვევლობით მოტივირებული ქცევის ზუსტი ასახვაა, რადგან, ახლა ადამიანები უკვე ვეღარ არკვევენ სად არის და რა არის მათი ნამდვილი (ჭეშმარიტი) სინამდვილე. ამ უკანასკნელის, ვგულისხმობ „ანტიმედეას“ სივრცეში კი, ყველაფერი იმდენად რეალურია, რომ თამაში „ითრევს“ მაყურებელს და მისი სურვილისდა მიუხედავად, იგი არა მხოლოდ მზირალია, არამედ მოვლენაში აქტიურად ჩართულია და მათი ემოცია და რეაქცია გადამდები ხდება არტისტებისთვის. პერსონაჟად გარდასახული მსახიობების ქმედება ისე ნატურალურად არის მოწოდებული, რომ ერთი წამითაც კი, ხელს არ უშლის მაყურებელს გაემიჯნოს რეალობის ამგვარ გარდასახვას.... პავილიონში შესვლამდე, პერფომანსის მომლოდინე საზოგადოებას, რომელიც კარიბჭის გაღებას ელიან, შენობის შიგნიდან, რკინის კარზე მუშტების რტყმის დამთრგუნველი ხმა ესმით, რომელიც, წამიერად ადუმებს ირგვლივმყოფთ და წარმოდგენა იწყება... სივრცე, რომელსაც შემოქმედებითი ჯგუფი გვთავაზობს ცივი და დამთრგუნველია. ეს სპეციალური ზონის სივრცეა, სადაც, დროებით იზოლაციაში, განაჩენის მომლოდინე, არარეგალები იმყოფებიან, რომლებიც, გაერთიანებული ევროპის სასამართლოს კანონიერ თუ უკანონო გადაწყვეტილებას ელოდებიან. „დღეს“ კოლხი ქალის - მედეას - ბედი უნდა გადაწყდეს. ქალისა, რომელიც, სამშობლოში განვითარებული ომის მსხვერპლია, რომელსაც იმედის ნაპერწკალი იასონის გაცნობამ და მისმა დაპირებამ, ევროპა გადაგარჩენს, უმტყუნა. უმტყუნა, რადგანაც, არსებობენ „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“, რომელთა გადაწყვეტილება საბოლოო და არანაირ გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სწორედ, მათ გადაწყვეტილებას ეწირება ყველა, მის ირგვლივ, საკუთარი შვილი თუ „გარეთ მყოფი“ მოქალაქე, სწორედ მათი გადაწყვეტილების შეუცვლელობაში დარწმუნებული ხალხი ვერ ან არ აქტიურობს, ვერ ან არ გამოხატავს ხმამაღლა მის პოზიციას, მხოლოდ მის სივრცეში, მხოლოდ ღია და უკონტროლო სოციალურ ქსელებში ცდილობენ საკუთარი აზრის დაფიქსირებას, რომელსაც ყველა ნახავს და შესაძლებელია მოიწონოს კიდეც, შექმნიან ე.წ. „ლაივს,“ ეცდებიან პირველებმა გააზიარონ, სოციუმს ინტრიგა მიაწოდონ და „იხალისონ“ „ფრენდების“ რეაქციით, მოვლენას ქმედებაში არ ან ვერ გადაზრდიან და ეულად ტოვებენ პრობლემის წინაშე მდგარ ადამიანს, ამ შემთხვევაში ქალს, რომელიც სიმართლის დამტკიცებას ლამობს, რაც მიზეზია მისი „ანტიმეუღლედ“, „ანტიქალად“, „ანტიდედად“ და „ანტიმოქალაქედ“ გადაქცევისა...“მე და ჩემნაირები ახლა შინაგან ემიგრაციაში გადავდივართ, თქვენ გარე ემიგრაციაში“- ეს მედეას, უკაცრავად, ანტიმედეას სიტყვებია და ეს... რეალობაა და ეს რეალობა თითოეული ჩვენთაგანის პრობლემაა, რომელსაც ნიჰილიზმამდე და გრძნობათა ნიველირებამდე მივყავართ. სოციალური სიდუხჭირე, უმუშევრობა, მომსახურების სფეროში შრომითი ექსპლუატაცია და ახალგაზრდობის დაუსაქმებლობა, გაუნათლებლობა და შედეგად დანაშაული...„ლიკა და ოთო მომავალ თანაცხოვრებას გეგმავენ; ახალგაზრდა წყვილის ოცნებები სტანდარტულია: შვილები, სახლი დიდი ბაღით, უზრუნველი სიბერე... თუმცა ამ ყველაფრის მიღწევა შორეული მომავლის საქმეა, მანამდე კი ისინი ყოველდღიურ პრობლემებს უნდა გაუმკლავდნენ. უიმედო მგდომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად წყვილი მათი ურთიერთობისთვის დამანგრეველ გზას ირჩევს. მოვლენები გაუთვალისწინებელ გართულებებს წარმოშობს; მათ საშინელი არჩევანის გაკეთება მოუწევთ“ - ეს პატარა სიუჟეტი დავით გაბუნიას პიესა „მამალოა,“ რომელიც რეჟისორმა მერი ბეროშვილმა „ახალი დრამის ფესტივალისთვის“ გააცოცხლა (მსახიობები: ნატალია გაბისონია, გიორგი შარვაშიძე მხატვარი სოფია შარია. მუსიკა მერი ბეროშვილი და თორნიკე ჯაფიაშვილი). პიესის სახელმა ასოციაციურად ტარიელ ჭანტურიას პოეზიიდან, ერთ-ერთი ლექსის - „გამაღვიძე მამალო“ - სტროფი გამახსენა: „რა იცოდი, ქართული ჯიშის თეთრო მამალო, უნდა თურმე ვნებები მონდომებით მიმალო! გეშინოდა ამ დამწვარ წიფლის კუნძზე წაწოლის (როგორც ერთ დროს ხევსურთა სტუმარ მწერალს - წაწალის...) შენ, ას ათი წიწილის უშურველო მამილო, წალდით თავის წაწყვეტას ელოდები, მამალო!“ „ოდესმე თუ ჩაგიდენიათ რაიმე ისეთი, რასაც ახსნას დღემდე ვერ უძებნით?“ - ეკითხებიან ლიკა (მსახიობი:ნატალია გაბისონია) და ოთო (მსახიობი:გიორგი შარვაშიძე) მაყურებელს. მცდელობა ჩადენილი დანაშაულის გამართლებისა. საქციელი, რომელსაც გამართლება არა აქვს. გადაწყვეტილება და ქმედება, „თამაში,“ რომელიც მკვლელებად აქცევს ლიკას და ოთოს. „მამალოს“ - მარტოხელა, ფულიანი „ბიძის“ გაბრიყვება და დაყაჩაღება. თამაშს „აყოლილი“ და მიუხედავად მსხვერპლად ქცევისა, ერთგვარ დამნაშავედ გადაქცეული მამალო, რომელშიც ერთგვარი აზარტი იღვიძებს და თვითმონაწილე ხდება. სიტუაცია, როცა სეირის არა მხოლოდ მაყურებელნი, არამედ მისი განვითარების “თანაავტორებიც” ხდებიან, რადგანც, ინტრიგის მოყვარული საზოგადოება ნაკლებად ფიქრობს შედეგზე....და, ბოლოს... მსხვერპლადაც გვევლინებიან. სწორედ, საზოგადოების ამგვარ „თამაშს“ მივყავართ იმის განცდამდე, რომ „ძალადობას და ბოროტებას ველით ყველგან, ოღონდ, მათში არა. ისინი ხომ ჯერ მხოლოდ ბავშვები არიან, გულუბრყვილოები, მგრძნობიარეები, უბოროტოები. ეს ამბავი თუ ჯერ არ მომხდარა, მალე მოხდება. თუ ეს ჯერ არ არის დოკუმენტური დრამა, მალე გახდება. „ცივსისხლიანი“ არის იმ დაუნდობელი, სასტიკი და ცინიკური მოზარდების ამბავი, ერთ მშვენიერ დღეს ცეცხლს რომ მისცემენ ქალაქს, რომელმაც მათ სიძულვილის ენის გარდა სხვა ენაზე ლაპარაკი ვერაფრით ასწავლა. „ცივსისხლიანი“ პაატა ციკოლიას ახალი პიესა და პერფორმანსია, რომელსაც ავტორი მსახიობებთან, მხატვართან და მუსიკოსებთან ერთად წარმოგვიდგენს იმპროვიზირებულ „LIVE“ ფორმატში. პერფორმანსში ტექსტი, როკმუსიკა, ელექტრონული მუსიკა, მხატვრული ინსტალაცია და მოძრაობა გაერთიანდება ვერბალურ აქტში, რათა წინასწარ დავინახოთ შემზარავი და გარდაუვალი მომავალი“ - გვიანონსებენ ფესტივალის ორგანიზატორები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოსახულების ბალანსის ძიება, მით უმეტეს, თუ ის იმპროვიზირებულ „LIVE“ ფორმატშია მოწოდებული. პაატა ციკოლია ახალგაზრდა რეჟისორთა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც მუდამ ახლისა და ინოვაციის ძიებაში, ცდილობს გაარღვიოს ტრადიციული თეატრალური ფორმები და ქართულ სინამდვილეში შემოგვთავაზოს ისეთი ექსპერიმენტული ფორმით, რომელიც მრავალთათვის მიუღებელი და ხშირ შემთხვევაში, მძაფრი კრიტიკის ობიექტი ხდება. აცოცხლებს პერსონაჟებს, რომლებიც რეალურები, ნამდვილები არიან, რომელთა ურთიერთდამოკიდებულება ის სინამდვილეა, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით სოციუმში: უხეში, დაუნდობელი, ხშირად ბინძური, რომლებიც აღიქმებიან, როგორც გარემოების ცუდი მხარე. ამ შემთხვევაშიც ვაწყდებით ცინიკოს და სასტიკ პერსონაჟებს, მოზარდების სახით, რომელთათვისაც „ყველაფერი სულერთია.“ მათი ეს განწყობა, გარდა ქმედებისა, იმ მუსიკაშიც (მუსიკალური ჯგუფი „ქვემეხი“) გამოიხატება, რომელიც მთელი პერფომანსის მსვლელობისას მათი რიტმი და დინამიკა მახვილივით ჩაესმის ყურსა და გონებას. გარემო, რომელიც მხატვარმა ქეთი ნადიბაიძემ მინიმალისტური და თან ძალიან სივრცული ინსტალაციით შეექმა, თითქოსდა იმ ყველაფრის ალტერნატივაა, რასაც გვთავაზობს მუსიკა და ქმედება. ამ მინისამყაროში ბუდობდს ის სისასტიკე და სიძულვილი, რომელიც მომავალ თაობას დაუნდობლად გადააქცევს და ხელში იარაღს ააღებინებს, რადგანაც მათ მხოლოდ სიძულვილისა და სისასტიკის ენა ესმოდათ და ესმით, ამიტომაც...სჯობს განადგურდეს, ცეცხლმა წაიღოს ყველა და ყველაფერი. პერსონაჟთა განწყობისა და ემოციის გამოხატვა მსახიობებს მომეტებულ ისტერიულ მდგომარეობამდე მიჰყავთ და იკარგება ის გრძნობათა ბუნება, რასაც მოზარდის სულიერი ტკივილი, ფსიქიური დეგრადაცია ჰქვია. ეს ახალგაზრდები, სწორედ ის თაობაა, რომლისთვისაც წესრიგი, კანონიერება და სამართლიანობა უცხოა, მიზეზი კი, ის უფროსი თაობაა, რომლებიც მათ უკან დგანან, რომლებიც XX საუკუნის 90-იანელების თაობას მიეკუთვნებიან, რომლებმაც ომებისა და კრიზისების დაუსრულებელი სერია გამოიარეს და რომლისთვისაც უცხო არაა დაუსჯელობის სინდრომი, შვილსაც ამას შთააგონებს.... მოზარდიც მამიკოსა და მამიკოს ძმაკაცის (ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი) იმედზეა, მათგან სწავლობს მეგობრობის „კანონსა“ და „თინეიჯერის“ ქუჩური ცხოვრების წესს - Omertà-ას ანუ დუმილის ფიცს, სიცილიური მაფიის ერთგვარი კოდექს, რომლის თანახმადაც ყველას ეკრძალება ოფიციალურ ძალოვანებთან თანამშრომლობა. მოვლენა, რომელსაც ჩვენს რეალობაში განვითარებულ ამბავში გადავყავართ, რომელიც კერ კიდევ დაუსრულებელია და ტკივილგაუყუჩებელია, კინო რეჟისორმა ნანა ექვთიმიშვილმა პირველი და თამამად, ვიტყვი, წარმატებული თეატრალური წარმოდგენით შემოგვთავაზა (მსახიობები: ლილი ხურითი, ივა ქიმერიძე, ანასტასია ჭანტურაია, გიგა დათიაშვილი, თეონა ლეჟავა, ანანო მახარაძე, სოფიო ზერაგია, ბექა ხაჩიძე, გიორგი წერეთელი, ლევან სარალიძე, ნიკუშა ბაქრაძე, სანდრო სამხარაძე. თორნიკე გოგრიჭიანი, მაგდა ლებანიძე, სოსო ხვედელიძე, გაგა შიშინაშვილი, პაატა ინაური, ცისია ქუმსიაშვილი, ნინი იაშვილი, ერეკლე დეისაძე). ამბავი, რომელმაც, საზოგადოება შეძრა. 2017 წლის 1 დეკემბერის შემთხვევა, რომლის საქმეც პროკურატურაში დასათაურდა მკვლელობა ხორავას ქუჩის სახელწოდებით. ექვსი თვე გავიდა და საზოგადოებაში ტკივილი ჯერ კიდევ ამოუხსნელ ტკივილად რჩება. დამნაშავე თუ დამნაშავეები ისევ დაუსჯელები არიან. მას თუ მათ გავლენიანი მამიკო/მამიკოები ჰყავს/ჰყავთ. გია ყანჩელის მუსიკით - როცა აყვავდა ნუში - შევყევართ რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილს უკვე განვითარებულ და მომხდარი ისტორიის განხილვაზე, სკოლის მოწაფეები ქართული მხატვრული ფილმის „როცა აყვავდა ნუში“ გმირების ქცევას ახასიათებენ. ფილმი 1972 წელს რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ რეალურ ამბავზე დაყრდნობით გადაიღო. დღეს, 2018 წელია. გარემოება იგივე.... დაუსჯელობის სინდრომი და არ შემდგარი საზოგადოება...კვლავ სისტემის ყრუ რკინის კედელი... ახალგაზრდა მსახიობები რეალობის განცდიდან გამომდინარე, სულ რაღაც, ექვსი თვის წინ, პირადად მათი თუ არა, მეგობრის მეგობრის მკვლელობის ემოციას, ახლა ჩვენს, მაყურებლის, წინაშე აფრქვევენ და არა მხოლოდ, როგორც 51 სკოლის XII კლასის მოსწავლის „ნიღბის“ ქვეშ მყოფები, არამედ, როგორც მოქალაქეები აცოცხლებენ „თინეიჯერთა“ იმ ნამდვილ სახესა და რეალობას, რაც დღესაც მყარად „ფესვგადგმულია“: „კარგი ტიპობა,“ უსამართლობა, პროკურატურის ყალბი გამოძიება, მკვლელების მფარველობის გამო გაბრაზებული მოქალაქეები და ათი ათასობით ადამიანი ქუჩაში. ნანა ექვთიმიშვილმა პერფომანსი ანტიილუზიური და ილუზიური სათეატრო სანახაობის ზღვარზე გაატარა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეჟისორი საკუთარ თავს მოვლენის „შიგნით“ მოიაზრებს. ამიტომაც, ის მიმდინარე ფაქტებს აფასებს,როგორც მონაწილე და არა როგორც შემომქმედი, რაც მიზეზია იმ ძლიერი ემოციისა და განცდის მუხტის გადმოცემისა, რასაც შემოქმედებითი ჯგუფი პავილიონის სივრცეში „აფრქვევს“. ახალი დრამის ფესტივალის ფარგლებში, სპექტაკლებთან ერთად, წარმოდგენილი იყო „ღია სივრცის“ (რეჟისორები მიხეილ ჩარკვიანი და დავით ხორბალაძე) უორქშოფი „ქალაქი- მასალა სათეატრო ტექსტისთვის“. უორქშოფი ორი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველ ნაწილში, მონაწილეები ქალაქის მაშტაბით, სხვადასხვა უბნებში გადაადგილდებოდნენ და აგროვებდნენ ინფორმაციას (ინტერვიუების, ფოტო-ვიდეო მასალის სახით), ხოლო მეორე ნაწილი 2 ივლისს, კინოპავილიონში გაგრძელდა, სადაც მონაწილეებმა და რეჟისორებმა მოპოვებული ინფორმაციების გაანალიზებით შექმნეს სათეატრო ტექსტი. პერფომანსში ახალშექმნილტექსტთან ერთად, გამოყენებული იყო ის ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, ჰიგიენის და ეკოლოგიურ პრობლემებს ასახავს. პერფომანსში ასევე გამოყენებული იყო, ის ტექსტები, რომლებიც მონაწილეებს უორქშოფის დაწყებამდე დაწერეს. ამ ტექსტში მათ უნდა აღეწერათ „რა ჩანს მათი ოთახის ფანჯრიდან, ისე რომ არ გაეხედათ“ . გთავაზობთ რამდნიმე ტექსტიდან ნაწყვეტს: “სადღაც, კორპუსებს შორის, ჟღვინტმოუხოცავი ბავშვები აგვარებენ ერთმანეთში და შესაძლოა წუთი წუთზე გაიშალოს დანა და დაისვას წერტილი, რომელიც აუცილებლად მძიმე იქნება“. (ტატო ჩანგელია) “არის შეჩერებული მშენებლობებიც, რომლებიც წლების განმავლობაში არც ზომას და არც ფორმას არ იცვლიან, მათ შორის არის მშენებარე კორპუსიც, რომელშიც წესით ჩემი ბინაც უნდა აშენდეს, ოდესმე“. (ოთო ლობჟანიძე) „ძალიან კარგი ცხოვრება გვაქვს: ვდგევართ აგერ, მზეშიც, სიცივეშიც..ძალიან კარგი ცხოვრება გვაქვს ( რესპოდენტი ერთ-ერთი გარემოვაჭრეა. ვაგზლის მოედნიდან) უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე (პოსტდრამატული) თეატრი, ამსხვრევს იმ მყარად დამკვიდრებულ სტერეოტიპს, რომელიც უკვე დაწერილი და კლასიკად ქცეული პიესის დადგმას გულისხმობს. თეატრი ლიტერატურის მუზეუმი არ არის და იმისათვის, რომ ის არ იქცეს მკვდარ მოცემულობად, აუცილებელია მოხდეს სათეატრო აზროვნების განახლება. მთლიანობაში, შემოქმედებითმა ჯგუფმა შექმნმა, ერთგვარი ცხელი ქალაქის ქრონიკები, რომელიც მუდმივად მოძრაობაშია (გარეგნულად) თუმცა, პრობლემები უძრავად დგანან დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანების მხრებზე. პიესის კითხვა -“ღამის სტუმარი“ ფესტივალის ფარგლებში მოეწყო პიესის „ღამის სტუმარი“ კითხვა (დრამატურგი დათა თავაძე). პიესა აფხაზეთის ომის და ზოგადად - ომის პრობლემაზეა, უფრო სწორად იმ პოსტტრამვულ მდგომარეობებზე, რომლებსაც ის ადამიანებზე ახდენს. ავტორი ტექსტზე მუშაობის განმავლობაში ესაუბრა ომის მონაწილე კაცებს და მათ შვილებს (ბიჭებს). პიესაში ომიდან დაბრუნებული მამის და მის შვილს (ბიჭი) შორის გაჩენილ გაუცხოვებას, მარტოსულობასა და უმწეობის განცდებს შეეხება. მთავარი პრობლემა დრამატურგმა, იმ სულიერ ტრამვებზე დასვა, რომელიც ომის განმავლობაში მიიღო გმირმა. ავტორის მიერ ნაჩვენები ამბავი, სამწუხაროდ ჩვენთვის - ყველასთვის ნაცნობია (ყველაში ვგულისხმობ მსოფლიოს), რადგან თითქმის არ მეგულება ადამიანი ვისაც, პირდაპირ ან ირიბად მაინც, არ შეხებია მსოფლიოს ყველა დიდი ბოროტება - ომი. ამასთანავე, ავტორმა იპოვა „ფაქიზი“ ენა - რომელიც, მტკივნეულ და ემოციურ თემებზე წონასწორობის დაცვით საუბრობს. „მშობლები ბავშვებს მატარებლის ფანჯრებში აძვრენენ, შემთხვევით ხალხს უგდებენ, იმედი აქვთ, რომ თან წაიყვანენ, გადაარჩენენ. ერთი მოხუცი ქალი ჩამოდის მატარებლიდან და ადგილს უთმობს უცხო გოგოს, შვილი ეხვეწება ამ ქალს, რომ დარჩეს, არ ჩამოვიდეს მატარებლიდან, ამ ქალს შვილი ბოლოჯერ ხედავს მატარებლის ფანჯრიდან, როცა მატარებელი უკვე დაძრულია, ის ქალი ზურგით მიდის, მატარებელს არ უყურებს, დედამისის ზურგს ხედავს ბოლოჯერ“. პიესა, ახალი დრამი ფესტივალისთვის დათმობილ კინოპავილიონში, ავტორმა, დათა თავაძემ მსახიობ კახა კინწურაშვილთან ერთად წაიკითხა. მიუხედავად იმისა, რომ პავილიონის სივრცე მოცულობითია, ავტორმა და მსახიობმა შეძლეს ინტიმური გარემოს შექმნა, ამ ატმოსფეროს შექმნისას განწყობას ასევე ქმნიდა ყვითელი ფერის ნათურა, რომელიც დარბაზში ენთო. დრამატურგმა, აქამდე არაერთხელ გააზრებული თემა (იქნება ეს კინოში, თეატრში, თუ ლიტერატურაში) ახალი თვალით, „სხვა თვალით“ შეახედა მაყურებელს. რა ხდება მას შემდეგ, როცა ყველა იძინებს, და მოდის „ღამის სტუმარი ?“ ან როცა თაობებმა, ერთმანეთში საკომუნიკაციო ენა დაკარგეს? ტექსტი ნარატიულ ტალღასთან ერთად ბადებს კითხვებს, რომელთა რიცხვიც იმდენი შეიძლება იყოს, რამდენი მოგონება და შთაბეჭდილებაც არსებობს ომზე, ბოროტებაზე, და უმთავრესი - სულიერ მარტოობაში მყოფ ადამიანზე. რომან პავლოვსკის ლექცია. ფესტივალის მრავალფეროვნების შექმნაში მონაწილეობდა აგრეთვე, პოლონელი თეატრის კრიტიკოსი, თეატრ „TR ვარშავას“ (TR warszawa) მხატვრული ხელმძღვანელის მოადგილე რომან პავლოვსკი. ლექცია იმ ცვლილებებს შეეხებოდა, რომელიც პოლონურმა სათეატრო აზროვნებამ განიცადა, მეოცე საუკუნის უკანასკნელი ათწლეულიდან დღემდე. თეორეტიკოსი შეეხო ყველა იმ პუნქტს, რომლის განახლებაც აუცილებელი იყო. პირველ რიგში ეს იყო აკადემიური სივრციდან გამოსვლა და ალერნატიული სივრცეების მოძიება. ეს აუცილებელი იყო რადგან „ აკადემური თეატრი არ აღმოჩნდა მზად იმ ცვლილებებისთვის რის წინაშე თეატრი აღმოჩნდა. თეატრის გადასარჩენად თეატრიდან გაქცევა მოგვიწია“ აღნიშნა მან. “TR ვარშავას” განახლება მას შემდეგ დაიწყო, რაც რეჟისორი ჯევოზ იაზინა( GrzegorzJarzyna) მიიწვიეს. მან მისცა ბიძგი სხვა თეატრებსაც, რომ აკადემიზმისა და იერარქიებისაგან თავი დაეღწიათ და ექსპერიმეტების გამოყენებით, ახალ რელსებზე გადასულიყვნენ. ცვლილებები შეეხო სათეატრო ტექსტს, რომელსაც რეპეტიციების განმავლობაში ქმნიდნენ მსახიობებთან ერთად. თეატრში არაპროფესიონალი მსახიობები მოყვანას და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. თეორეტიკოსმა მსმენელს შესთავაზა ერთგვარი მანიფესტი, სადაც შეაჯამა ის მეტამორფობა რაც კლასიკური, დრამატული სათეატრო აზროვნებიდან პოსტდრამატულ თეატრამდე გაიარა პოლონურმა(და არამარტო) თეატრმა. “ 1. ოდესღაც, დრამა ქმნიდა თეატრს. ახლა პირიქითაა, თეატრი ქმნის დრამას. 2. ავტორი არ არის, თეატრის ერთადერთი შემოქმედი. 3. ტექსტი აღარ არის თეატრის ერთადერთი სამშენებლო მასალა. 4. თეატრი არ არის მხოლოდ ლიტერატურის დასადგმელი ადგილი. ის ავტონომიური ერთეულია. 5. ლიტერატურა აღარ არის თეატრის ერთადერთი მოტორი. ეს მოტორი შეიძლება იყოს მუსიკა, ბიოგრაფია, ფილმი და სხვადასხვა წყაროები. 6. თეატრი არ წარმოადგნს რეალობას, ის თავად არის რეალობა. 7. თეატრში დადიან ქალები და გეები, ამ ორი სოციალური ჯგუფის გვერდის ავლა, თეატრისთვის იქნება თვითმკვლელობა. 8. თეატრის პოლიტიკურობა - ეს არ ნიშნავს თეატრის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, ეს არის მაყურებლის მოზიდვა ცხოვრებაში ჩასართავად. 9. კომედია აღარ არის ახალგაზრდების საყვარელი რამ, ის ბურჟუაზიის საყვარელი რამ არის, იმიტომ რომ, ისინი ამაში ხედავენ თვითდამკვიდრების საშუალებას. 10. თანამედროვე სალაპარაკო ენა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შეიქმნას თანამედროვე დრამა. საჭიროა კრეატიულობაც. 11. პრემიერა - ეს არ არის სპექტაკლზე მუშაობის დასასრული, ეს არის ერთი ეტაპის დასასრული. 12. თეატრი არ არის პროდუქტი, მაყურებელი არ არის კლიენტი, მსახიობი არ არის გამყიდველი. 13. თეატრი არ არის სკანდალი, სკანდალი არის თავად რეალობა.“ თეორიულ ანალიზთან ერთად, მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ენახა ნაწყვეტები, ახალგზარდა თაობის რეჟისორების მიერ განხორციელებული სპექტაკლ-პერფომანსებიდან. ერთ-ერთი მათგანი იყო, ანა კარასინსკას (Anna Karasińska) კომედია „ეველინა ტირის“. რეჟისორისთვის ეს პირველი თეატრალური დადგმა იყო, რომელსაც მაყურებლების და კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დადგმაში ოთხი მსახიობი მონაწილეობს - სამი მათგანი პოლონური თეატრის ვარკვლავია, ისინი თამაშობენ სტუდენტ მსახიობებს, რომლებსაც ვარსკვლავობა სურთ, ხოლო მეოთხე, რომელსაც ასევე ვარსკვლავობა სურს, დრამის ფაკულტეტის სტუდენტია. ჰომოსექსუალების ცხოვრებას, თანამედროვე ტექნოლოგიებს და პიროვნების მარტოსულობას შეეხებოდა პიოტრ ტროჟანის (Piotr Trojan) დოკუმენტური სპექტაკლი “Grind/r” (აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ჰომოსექსუალ ადამიანებს ერთმანეთის გაცნობის საშუალება აქვთ). სპექტაკლი დაფუძნებულია რეალურ შეხვედრებსა და საუბრებზე, რომელიც რეჟისორს ქონდა. წარმოდგენაში არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ. მთლიანობაში, თეორეტიკოსმა შექმნა სურათი, იმ თეატრალური პროცესებისა და ცვლილებებისა, რომელსაც პოლონური თეატრი განიცდის. „ზიპო“ - ტექსტი და რეჟისურა - პაატა ციკოლია ნამდვილი ამბის მიხედვით შექმნილი სპექტაკლ-პერფომანსი შესთავაზა მაყურებელს რეჟისორმა პაატა ციკოლიამ. „ზიპო“ ზედმეტ სახელია გოგოსი, რომელიც ნავთლუღის ბაზარში ვაჭრობს და ღამეს იქვე, ერთ-ერთი შენობის მესამე სართულზე ათევს. ავტორის მიერ შექმნილი ტექსტი სინთეზურია, ემოციური და ინდივიდუალური ხელწერის მატარებელი. იგი გვიხსნის ერთი მხრივ გოგონას ფაქიზ სულს და სევდას, რომელიც გარსივით აკრავს მის ცხოვრებას „დაბადებამდე დამარტყეს დანა, ზურგში დანით დავიბადე“ და მეორეს მხრივ დაუნდობელ გარემოს, რომელშიც ის ცხოვრობს და სადაც ის არც არავის აინტერესებს. „ზიპო“ კრებითი სახეა იმ ადამიანების, რომლებსაც მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ, რომლებმაც „მამის საფლავი დაკარგეს“ და სახლში ავადმყოდი დედა ელოდება, რომლებსაც სიცოცხლე სწყურიათ, რომლებსაც უყვართ, და რომლებიც სახელმწიფოს არ აინტერესებს, რადგან არაპრივილიგირებული ფენიდან არიან. (“ პოლიციელი - ვის რაში ჭირდება შენი ტელეფონი, შე მახინჯო, მისამართი ჩაწერე და წადი, თავი დამანებე! / აუაუაუ აღარ შემიძლია უკვე, მოაწერე ხელი და წადი, გააჯვი, თავი დამანებე.“) გოგონასადმი უხეში და გულგრილია სახელმწიფო და საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობს, თუმცა ამ ყველაფრის მიღმა, არის მისი სულიერი მხარეები, როგორც „ქარის შიგნითა მხარე“, რომელიც შეყვარებულია („ზიპოს გოგო უყვარს. გოგოს თავისუფლება. FREE აწერია გადახოტრილ თავზე და ფოტოებში უფრიალებს ფერადი კაბები“). პრემიერია „ბათუმის მონოპიესების ფესტივალზე” გასულ წელს შედგა. მონოსპექტაკლში მსახიობი მეგი კობალაძე მონაწილეობს. მის მიერ გაცოცხლებული ზიპო, რომელსაც შავი ფერის კეპი და მუქი მწვანე მაისური აცვია, ატარებს ყველა იმ ნიუანსს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე. მისი წვრილი ფეხების, წელის და ხელების მიღმა, ცხოვრობს „ძლიერი სქესი“, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის. სიყვარულისთვის ვერ.. სპექტაკლის სცენოგრაფიული ნაწილი, რეჟისორმა, მინიმალურად „დაწრიტა“ დეკორაციისაგან, სცენაზე ჭერიდან მთელ სიგრძეზე დაშვებული, თეთრი ფერის ფარდაა წარწერით „ზიპო“ - რომელიც დაახლოებით ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, გარდაცვლილებისთვის მიტანილ ყვავილის ლენტებზე, რომ წააწერენ ხოლმე მის სახელს. სცენის მეორე მხარეს თეთრი ფერის მატრასია, რომელზეც ზიპოს ხან ძინავს, ხან მასტურბირებს, ხან სექსი აქვს. მსახიობებისაგან ზურგით, კედელზე, არის მცირე ზომის ორნამენტი, რომელიც ვერცხლისფერია, უსწორმასწორო ზედაპირი აქვს, სცენოგრაფიულ კომპოზიციას კრავს და დაახლოებით შემდეგნაირ ქვეტექსტს ატარებს- “ ნაგლეჯი ბურჟუაზიის მოკძალებული ხიბლისა ანუ სახელწიფოში გამეფებული სოციალური უთანასწორობა“ . მსახიობთან ერთად სცენაზე არის რეჟისორიც, იგი პიესის ტექსტიდან ნაწყვეტებს კითხულობს და ასევე მუსიკალურად აფორმებს წარმოდგენას. განათება, რამდენიმე ყვითელი ფერი ნათურისგან შედგება, რომელიც არ იცვლება სპექტაკლის განმავლობაში. ყვითელი ფერის ნათება, არეკლილი ვერცხლისფერი კედლის ორნამენტზე, რომელიც სცენის კუთხეშია, მთლიანობაში ქმნის განწყობას - რომელსაც კონტრასტული ქვია. შემოთავაზებული სცენოგრაფიული გადაწყვეტა ირონიულია - თეთრი ფერის და ყვითელი ნათების ატმოსფეროში თამაშდება შემზარავი ამბავი - ამბავი, რომელიც არის რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული, ხოლო რეალობა, თავის მხრივ, სასტიკი. მსახიობ მეგი კობალაძე - სიფრიფანა სხეულით, გამოკვეთილი მეტყველებით და პლასტიური მოძრაობებით აცოცხლებს გმირს - რომელიც ერთდროულად ტრაგიკულიცაა, სასაცილოც, შეუპოვარიც და მთავარი - სიცოცხლისმოყვარული. არტისტი ყველაზე მთავარს - გმირის სულიერ მხარეებს ხსნის - რასაც ემოციური ბალანსის დაცვით ახერხებს, ისე რომ თვალწინ მთლიანი სურათი იშლება. „ზიპო“ მსხვერპლია. მისი დაცვა სახელმწიფომ ვერ/არ შეძლო.( გოგონას დანით ჭრიან ერთ-ერთი შელაპარაკების დროს.) გმირი სიკვდილისწინა მონოლოგში ამბობს: „უცებ თბილი სისხლი წამოვარწყიე და მივხვდი, რომ დამთავრდა. მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. -დედა მაპატიე მამის საფლავი დავკარგე - დედა მაპატიე ვერასოდეს გაიგებ ჩემს ამბავს -დედა მაპატიე“ მთლიანობაში შემოქმედებითმა ჯგუფმა შექმნა მხატვრულად გამართული პერფომანს-სპექტაკლი, რომლის მთავარი კონცეფცია ასე შეიძლება ფორმულირდეს: სახელმწიფო, რომელიც მოქალაქეს ვერ უქმნის ვერც დაცულობის განცდას, ვერც სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივას. სისტემა, რომელიც არ სვამს კითხვებს და კმაყოფილდება მშრალი ფაქტებით, გადახდილი ჯარიმებით. ზიპო იმ ქალაქიდანაა, სადაც მუდამ „გაურკვეველ“ ვითარებაში ხოცავენ ბავშვებს, გეებს, ტრანსგენდერებს და სხვა სოციალურ უმცირესობაში მყოფ ადამიანებს. „უყურეთ ამ გოგოს, გოგოს სახელად ზიპო! ტანი ტკივილისაგან კი არ დაკრუნჩხვია . თავის შეყვარებულს ეხვევა დაგრეხილი ხელებით.“
უკან დაბრუნება |