Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
„BEGALUT - უცხოობაში“
„BEGALUT - უცხოობაში“20-07-2018, 17:01 |
თითქოსდა მშვიდი სახლი: ძველებური კარადებით, ბუფეტებით, ქარვისფერი ნოხივით ქვიშით მოფენილი სცენა - სიმყუდროვის, ბედნიერების და უდარდელი ცხოვრების მომასწავებელი უნდა იყოს, მაგრამ უკანა კედლის პანო - მოქრუშული შავღრუბლიანი, ავდარმომასწავებელი ცა უბედურების მოტანის მანიშნებელია (სცენოგრაფი ლევან წულაძე). ეს ის პირველი შთაბეჭდილებაა მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლ „BEGALUT - უცხოობაში“ (შოლომ ალეიხემისა და გურამ ბათიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით) ნახვისას რომ გეუფლება. ლევან წულაძის ეს ექსპერიმენტი ახალი ფორმაა თანამედროვე ქართულ თეატრში - მხოლოდ მუსიკა, პლასტიკა, პანტომიმა და სპექტაკლის ფინალში თ. დოსტოევსკის გრძელი ანტისემიტური მონოლოგი რუსულ ენაზე - „ებრაელები დაღუპავენ რუსეთს და ანარქიის ისინი სათავეში მოექცევიან... დაანგრევენ ეკლესიებს და მოახდენენ ჟიდურ რევოლუციას ...... მოვა ანტიქრისტე და მისი სახე იქნება ებრაელი“, რომელშიაც იხატება სპექტაკლის ძირითადი დედააზრი - მეფის რუსეთის მიერ ებრაული მოსახლეობის დარბევის ტრაგედია. ორი ებრაული ოჯახი: ოჯახის უფროსი - მამა (ბესო ბარათაშვილი) მორიდებული, წყნარი კაცია; დედა (მანანა კოზაკოვა) მოხდენილი, ენერგიული ქალია - ისე წააცლის დასაკლავად გამზადებულ მამალს თავს, თვალსაც არ დაახამხამებს, შვილებზე მზრუნველია - ვერ გაუძლებს შვილის შეურაცყოფას და მის გაუპატიურებას შეაკვდება (ებრაული იავნანას გულისშემძრავ მელოდიაზე ნეკა სეფისკვერაძის შესრულებით); თავაზიანი ქალიშვილები (ნატუკა კახიძე, თეონა ქოქრაშვილი, ანა გრიგილია) კარგად აღზრდილი, ენერგიით, სიყვარულით აღსავსე ახალგაზრდები არიან, ნაადრევ ასაკში მსხვერპლად რომ შეეწირებიან ებრაელი ერის განადგურებას; მეორე ოჯახის მარტოხელა დედა (ბარბარე დვალიშვილი) კეთილია, ორი ვაჟიშვილის (კონსტანტინე როინიშვილი, გიორგი ხურცილავა) პატრონი და აღმზრდელია, რომელიც ერთ-ერთი პირველი ხდება ძალადობის მსხვერპლი. ადამიანი, რომელიც უცხო ერის თვითნებობის შედეგად მომავალი რძლის უბედურების შემყურე, სახლს მიატოვებს, ნივთებსაც ბოხჩით გაიტანს, მაგრამ გზად მიმავალი საკუთარ ნივთებს მათხოვრებს დაურიგებს - უკანასკნელ კაბასაც კი რაც მას მოსავს. ამ ახალგაზრდებს არც ერთს არ უწერიათ ბედნიერება და კეთილი მომავალი: უფროს ქალიშვილს მეუღლეს დააკლავენ, არც ნატუკა კახიძის პერსონაჟს უწერია გაბედნიერება - საქმროს (გიორგი ხურცილავა) წაათმევენ და ავადმყოფს, ყველანაირ უნარდაკარგულის „გადმოაგდებენ“. ამ ოჯახებში ურთიერთპატივისცემა და გაგება სუფევდა - აკი დამოყვრდნენ კიდევაც, ახლო მომავალში მეორე ქორწილიცაა დაგეგმილი - ერთად აღნიშნავენ ეროვნულ დღესასწაულებს, საზეიმო სუფრებს აწყობენ, ცეკვავენ ლამაზად და თავგანწირვით (ქორეოგრაფი გია მარღანია) და მღერიან (კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე) - თითქოს და უშფოთველია მათი მომავალი: ეს ორი ოჯახი მთელი ერის სახეა, უძველესი ერის, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ ჰპოვა ნავსაყუდელი - არ გააჩნიათ საკუთარი მიწა-წყალი, არც საკუთარი სახელმწიფო აქვთ (შოლომ ალეხემის დროინდელი ებრაელები ჯერ კიდევ სხვადასხვა ქვეყნებში იყვნენ მიმოფანტული) და მხოლოდ სხვა ერების ტოლერანტობის ხარისხზე იყო დამოკიდებული მათი აწმყო. მაგრამ ყველა ერის კეთილგანწყობის იმედი რომ არ უნდა ჰქონოდათ სულ მალე გაცხადდება: თითქოს და სტუმრად მოსული ადამიანები (რუსის გენერალი - გივი ჩოგუაშვილი და მისი ამალა (ეკა ნიჟარაძე, ანკა ვასაძე, ნიკა კუჭავა, გიორგი კიკნაძე), რომელთა გარეგნობაშიც, სიმღერებშიც და ქცევაშიც აშკარად იკითხება რუსული დამპყრობლური სული, მათი ანტისემიტური განწყობა, სხვა ერზე ბატონობის სურვილი: ახალგაზრდა ქალიშვილის თუ მამაკაცთა შეცდენა და პირად ცხოვრებაში ჩარევა, გენერალის თვითნებობა, თუნდაც იძულებით შესრულებული სავიოლინო პარტია ამის დასტურია. ამ ებრაულ ოჯახებში თანდათან ჩნდება „სტუმრებისადმი“ უნდობლობა, ისინი ამაოდ ცდილობენ აბეზარი ჩინოვნიკის (ნიკა კუჭავა) თავიდან მოცილებას და დროებით ისევ მყარდება სიმშვიდე, გრძელდება საქორწილო ნადიმი, ერთად იხსნიან სიძეს (რომელმაც ცოტა ზედმეტი გადაჰკრა) შერცხვენისგან და მეუღლესთან პირველი ღამის მოვალეობის აღსრულებისკენ მოუწოდებენ. თუმცა მშვიდი ცხოვრება დიდხან ვერ გასტანს. რუსული მუსიკითა და ტაშ-ფანდურით შემოსული სტუმრები მალე ამ ებრაელთა სახლებში იჭრებიან: უმცროს ქალიშვილის გზას აუბნევენ, მოსვენებას არ აძლევებ, სიყვარულს და ბედნიერ ცხოვრებას ჰპირდებიან. „სასიყვარულე“ სარეცელზე მასზე ერთდროულად ძალადობს ქალიც და მამაკაციც, მას იქვე მიაგდებენ და პატივაყრილი თვითმკვლელობით ცდილობს ჩამოირეცხოს შეურაცხყოფა. „მომხდური“ რომ მეფის რუსეთია თავისი გენერლით (მეფის ნაცვალი), ჩინოვნიკებითა და მათი „მეძავი“ ქალებით ცხადად იკითხება სპექტაკლში და ერთგვარად ეხმიანება 1845 წელს საქართველოს რუსეთთან მიერთებას და მეფისნაცვლის ინსტიტუტის შექმნას. რეჟისორი უფრო ამძიმებს ამ მოვლენას წარმოდგენაში თეოდორე დოსტოევსკის წერილის იმ ამონარიდით, რომელიც მან ებრაელ ჟურნალისტ არკადი კოვნერს მისწერა. რუსი ჩინოვნიკი (ნიკა კუჭავა) ამ წერილს თითქოს შემთხვევით აღმოაჩენს ძველი გაზეთის ფურცელზე - კითხულობს გამოთქმით, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე - ეს შეგონებაა, მოწოდებაც კი, ასე ვთქვათ მინიშნება დარბევის დასაწყისისა - ბარათაშვილის პეროსანაჟისთვის არაყში ჩამბალი დოსტოევსკის ტექსტის თავზე ჩამოცმაც სრული აღვირახსნილობის დასაწყისია, რასაც მოყვება სახლების გადაწყვა, კვლავ ძალადობა ქალებზე და მამაკაცებზეც და მათი ამოჟლეტა. გურანდა გაბუნას პერსონაჟი სიბერისგან უნარშეზღუდული მოხუცი ქალბატონია. რაოდენ ძნელია სამი საათი აქტიურად ჩართული იყო სასცენო ქმედებაში და არ გქონდეს არც ერთი სიტყვა და არც ერთი რეპლიკა. მისი პირველი გამოჩენა, კლარა ცახანასიანის დაბრუნებას ჰგავს ფ. დიურენტმატის პიესიდან „მოხუცი ქალბატონის ვიზიტი“ - ძვირფას ქურში გამოწყობილი, უამრავი ჩემოდნებით, სადღესასწაულო განწყობით, რომელსაც ოჯახის წევრები, შვილები და შვილიშვილები სიხარულით ხვდებიან. გაბუნიას პერსონაჟი შოლომ ალეიხემის „დარბევიდან“ ოჯახის ბურჯია, იგი წარმოდგენის ერთგვარი ღერძია, ვის გარშემოც ტრიალებს ქმედება - ბებია ყველგან არის - საოჯახო ნადიმზე თუ შვილიშვილის ქორწილში, მწუხრისა და ბავშვის დაბადების დროს. მაყურებელი მის სახეზე და მის მიმიკაში ამოიკითხავს ყოველივე იმას, რაც ამ ოჯახში ხდება. ყურადღებით უსმენს სახლში მიმდინარე კამათსა თუ დიალოგებს, აქტიურად რეაგირებს მათ გადაწყვეტილებებზე და მონდომებით მონაწილეობს ცეკვა-თამაშშიც კი. ჯერ შეპარვით, ნელ-ნელა შემდეგ კი მთელი მონდომებით, ექსტაზით ერთვება საერთო ფერხულში და ახალგაზრდების მიერ ხელში ატაცებული ასრულებს ამ საერთო ზეიმს. მისი ცხოველი რეაქცია მომხდარ მოვლენებზე ზუსტად აირეკლება მრავლისმეტყველ სახეზე. ზოგჯერ მრისხანებით, ზოგჯერ თანაგრძნობით, ზოგჯერ განკიცხვით უმზერს ოჯახის წევრებს - საკუთარ შთამომავლობას; თანაუგრძნობს ახალგაზრდებს „აკრძალულ“ სიყვარულში, ამხნევებს, გზას ულოცავს მათ, მაგრამ ამავდროულად შინაგანად განიცდის პატარძლის მიერ სახლის დატოვებას, რაც მაშინვე აისახება მის ლამაზ, მაგრამ ცრემლიან სახეზე; დასცინის და აბუჩად იგდებს ზოგიერთ უღირს ახალგაზრდას. ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელია გურანდა გაბუნიას მიერ შესრულებული სპექტაკლის ფინალური სცენა - რუსული „დამსჯელი“ რაზმის მიერ განადგურებული ებრაელთა სხეულები იატაკზეა გართხმული - ამ ტრაგედიის შემსწრე, აღშფოთებულ გურანდა გაბუნიას ძალა ეძლევა, სავარძლიდან ფეხზე წამოიჭრება, დარბეულთა ცხედრებს დაუვლის, ტანსაცმელს მიაფარებს, საკუთარი ხელით, ფრჩხილებით თხრის მათთვის საფლავებს, მწარედ დასტირის მიცვალებულებს, ხელში აიტაცებს უსუსურ ბავშვს, რომელსაც მშობლები დაუხოცეს და მის დაწყნარებას ცდილობს ... უამრავი უდანაშაულო მსხვერპლის მიუხედავად ებრაელი ერი გადარჩა, მას მომავალი აქვს.
უკან დაბრუნება |