Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
„თუ ხვალინდელი დღე არ დადგება“
„თუ ხვალინდელი დღე არ დადგება“14-08-2018, 16:15 |
![]() ბოლო დროს წესად იქცა უცხოელი რეჟისორების მოწვევა ქართულ თეატრში. ეს გზა ახალი ხედვის და მუშაობის მრავალფეროვანი მეთოდების შემოტანის მცდელობაა, თეატრალურ პროცესებზე ფართო დაკვირვების შესაძლებლობაც, ქართული და უცხოური პრაქტიკების, თეატრალური გამოცდილების, მათი სიმბიოზის თუ გადაკვეთის წერტილების გაცვლის და შედარების საშუალებაც. მსგავსი ინტერკულტურული გარემოს განვითარებას საერთაშორისო ფესტივალები უწყობს ხელს. ფაქტია, რომ ყოველ ფესტივალს სხვადასხვა თეატრში დადგმული ახალი სპექტაკლი და ახალი შემოქმედებითი ურთიერთობები მოყვება. ეს წერილიც ასეთივე შემთხვევას ეხება: ფოთის რეგიონული თეატრალური ფესტივალის მონაწილე ბელორუსი რეჟისორი ანდრეი საუჩანკა მესხეთის (ახალციხის) თეატრმა მიიწვია და შედეგად 2018 წლის ივნისში, მესხეთში პრემიერა გაიმართა. წარმოადგინეს თანამედროვე ბელორუსი დრამატურგის დმიტრი ბოგოსლავსკის პიესა „თუ ხვალინდელი დღე არ დადგება“. ერთმოქმედებიანი დრამა ტრადიციული ყოფითი რეალიზმის ფორმით მოგვითხრობს თანამედროვე ადამიანების გაუცხოების, ნიჰილიზმის, მარტოობის პრობლემაზე, ურთიერთობების კრიზისზე და გარემოზე სადაც ცივი ზამთარი და ლომით სამტვრევი ყინულია. მშობლების უცხოეთში გამგზავრების შემდეგ უნარშეზღუდულ ბაბუასთან მარტო დარჩენილი ანტონი დეპრესიისგან უბნის მეეზოვესთან შემთხვევით ნაცნობობას გამოჰყავს. ერთი შეხედვით რეალისტურ დრამაში დრამატურგი იყენებს მეტაფორებს, სიმბოლურ ენას, რომელიც გარემოს და პერსონაჟების ხასიათებს აღწერს. პიესის ამ მახასიათებელს კიდევ უფრო ამძაფრებს რეჟისორი ანდრეი საუჩანკა, როდესაც სპექტაკლში შემოჰყავს ახალი პერსონაჟი, ყინულის გოგონა. ის ცნობილი ზღაპრის გმირის, ყინულის დედოფლის ალუზიას ქმნის და ამით აფართოებს, ამსხვრევს რეალიზმის ჩარჩოებს. რეალიზმის, რომლიდან გაქცევა პიესის თითოეული გმირის მისწრაფებაა და რომელსაც რეჟისორი სპექტაკლის მკაფიო მხატვრული გადაწყვეტით გადაულახავ და არარელევანტურ ამოცანად მიიჩნევს. ეს მხატვრული გადაწყვეტა სცენოგრაფიის კონცეფციაში ვლინდება. ანდრეი საუჩანკა მაყურებელს მბრუნავი სცენის შუაგულში სვამს, მოქმედების მანძილზე სცენა ბრუნვას იწყებს და მაყურებლის თვალწინ იცვლება მოქმედების ადგილიც, სცენის მოძრაობა ჩვენს თვალწინ შლის მინიმალისტური დეკორაციით შექმნილ სასცენო პანორამას, ქმნის ადამიანური არსებობის ღრმა სევდით გაჯერებულ ატმოსფეროს, რომელიც ტორშერით განათებული უძრავი მოხუცის უსიტყვო პროტესტში, აგურით ნაშენები ყრუ კედლის საზღვრებში, მშობლებისგან გაუცხოებული ახალგაზრდების დაბნეულობაში ვითარდება და იკიდებს ფეხს. მოძრავი სცენით სიმბოლურად ვუერთდებით მარადიულ წრებრუნვას, რომელიც ამბივალენტურ კატეგორიებს შორის გადებულ ხიდს გავს და გვკარნახობს ვიცხოვროთ არა მომავლის ან წარსულის დროით, ბედნიერების ან უბედურების მოლოდინით, არამედ ვიცხოვროთ მათ მაკავშირებელ საზღვარზე. ვიყოთ რეალისტები, აღმოვაჩინოთ დღევანდელი დღე, დღევანდელი სურვილი, ოცნება და ამ ოცნებაში დაბადებული გრძნობა. „ეს სპექტაკლი არის მათთვის ვინც გრძნობს“ - ამბობს რეჟისორი სპექტაკლის წინასიტყვაობაში. ამ გზავნილით, თავიდანვე ცხადი ხდება სცენაზე განვითარებული ამბის და მისი ძირითადი კონფლიქტის არსი, მისი მიზეზ-შედეგობრიობა. პიესა და შესაბამისად სპექტაკლი გვაჩვენებს თანამედროვე ოჯახის მოდელს და მისი წევრების შინაგან მდგომარეობას. აქ მომხდარი დაპირისპირება სცდება მარტივი კატეგორიების საზღვრებს, ცუდ და კეთილ ადამიანებად დაყოფის ცდუნებას. პიესის კონფლიქტი ადამიანებს შორის კი არა, ადამიანების შინაგან სამყაროში ვითარდება. ნაწარმოებით შექმნილი მშობლის, ან შვილის ხატი სწორხაზოვანი განსაზღვრებების გარეშე მოგვითხრობს თანამედროვე ადამიანების შინაგან კრიზისზე. ამიტომაც ანტონის მამის ისტერიული სატელეფონო კონტაქტი შვილთან, მასთან კომუნიკაციის მცდელობა, მოვალეობის შესრულების აქტი კი არ არის, არამედ თანამედროვე ურთიერთობის ჩამოყალიბებული ფორმაა, რომელიც ხშირად შეუთავსებელია ადამიანური მგრძნობელობისათვის. უკან დაბრუნება |