Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
თეატრმცოდნის კაპიტულაცია საფესტივალო ომებში
თეატრმცოდნის კაპიტულაცია საფესტივალო ომებში11-12-2018, 16:43 |
სექტემბრიდან თბილისის თეატრალური ფესტივალების მიმოხილვის დასაწერად ვემზადებოდი. პროფესიულად უნდა მივდგომოდი საკითხს. ჯერ თბილისის თეატრალური ფესტივალის შესახებ ვაპირებდი წერილის გამოქვეყნებას, შემდეგ ფესტივალ „საჩუქარზე“ დავწერდი. მთელი საფესტივალო პროგრამის ათვისებას თავიდანვე არ ვგეგმავდი. ეს თითქმის შეუძლებელია ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ თავს სხვადასხვა, ერთმანეთისთვის ზოგჯერ აბსოლუტურად დაუკავშირებელი მოვალეობების შესრულებაში ანაწილებს. გასული წლების მსგავსად, ჩემი პრიორიტეტი საერთაშორისო პროგრამებზე დაკვირვება გახდა. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაწყებიდან მალევე აღმოვაჩინე, რომ დღის განრიგი ყველა უცხოური სპექტაკლის ნახვის საშუალებას არ მომცემდა. ამიტომ რეალობასთან ადაპტაციის გრძნობით რაც შევძელი ის ვნახე. შემდეგ, ვერც დროულად დავწერე მიმოხილვა და ახლა უკვე ორივე ფესტივალის შესახებ ერთ კონტექსტში დავიწყე ფიქრი. ძირითადი აქცენტით იმაზე, რომ მიუხედავად განსხვავებული მენეჯმენტისა და ფორმატისა ისინი ერთ საქმეს ემსახურებიან, როგორმე გაამრავალფეროვნონ ქართული სახელოვნებო სივრცე. რა ხარისხში ახერხებენ ეს ფესტივალები დასახული ამოცანების შესრულებას, მიჰყვებიან თუ არა ჩანაფიქრს, თუ ისევე როგორც მე, ერთი კონკრეტული თეატრმცოდნე, პროფესიულ კომპრომისებზე და პრობლემურ რეალობასთან ადაპტაციაზე გავლით ცდილობენ საკუთარი არსებობის შენარჩუნებას? რა თქმა უნდა პასუხი არასოდეს არის ცალსახა. მაგრამ თუ ვიცით რა იყო ჩვენი მიზანი, თუ რის მიღწევას ვცდილობდით, შევძლებთ მეტნაკლებად მაინც განვსაზღვროთ „რას ვეძებდით და რა ვიპოვეთ“. თანაც თბილისის ფესტივალების ისტორია უკვე საკმარისზე მეტ შესაძლებლობას გვაძლევს ამ თემაზე სალაპარაკოდ. თბილისის თეატრალური ფესტივალის მიერ გამოქვეყნებული მონაცამებით, ქართული სპექტაკლების შოუ ქეისის შედეგად, როგორც კოპროდუქციების ასევე მიწვევების რაოდენობით უდაოდ ლიდერობს ლევან წულაზე და მარჯანიშვილის თეატრი. ვფიქრობ, გამოქვეყნებული ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, რომ მხოლოდ რამდენიმე თეატრმა და რეჟისორმა იცის როგორ გამოიყენოს ფესტივალის რესურსი, როგორ შექმნას საერთაშორისო კავშირები და პერსპექტივები. ფესტივალ „საჩუქართან“ დაკავშირებით ამ კუთხით ვერაფერს ვიტყვი, ფესტივალს მსგავსი ინფორმაცია გამოქვეყნებული არა აქვს. მგონია, რომ ქართულ თეატრალურ სივრცეში თვითდინებაზე მიშვებული პროცესები, მხოლოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს დარგის განვითარებაზე. თეატრების, ფესტივალების, მათი პრობლემებისა და მიღწევების შესახებ კომპეტენტური, ზოგადი სურათის არარსებობა ხელს უშლის სამომავლო ორიენტირების განსაზღვრას. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ რაიმე რეგულაციების მომხრე ვარ და თავისუფლებასთან ყველაზე მეტად ასოცირებული სფეროს ჩარჩოებში მოქცევას ვემხრობი. მაგრამ ფაქტია, კრიტიკული აზრის დეფიციტი განვითარების ყველანაირ პოტენციალს ჩანასახშივე კლავს. ამ დრომოჭმულ პათეტიკასაც რომ თავი დავანებოთ, ადრე თუ გვიან მაინც დავსვამთ კითხვის ნიშნებს ფესტივალების და მათი მიმოხილვის საჭიროებაზე. ალბათ უკვე არავისთვის არის დასამალი, რომ ისეთი კრიტიკული აზრი როგორიც ჩვენ სფეროში აქამდე წარმოიქმნება არ ატარებს განვითარების სტიმულს. უცხოური სპექტაკლების ცალ-ცალკე მიმოხილვასაც არავითარი აზრი არ აქვს, რადგან ფესტივალის დასრულების შემდეგ ქვეყნდება და თან მიმოიხილავს უცხოეთში უკვე კარგა ხნის რეცენზირებულ სპექტაკლებს. აუდიტორიას კი თუ რომელიმე სპექტაკლზე ან შემოქმედებით ჯგუფზე პროფესიული მოსაზრება აინტერესებს თავისი სმარტფონის დახმარებით მარტივად შეუძლია ინტერესის დაკმაყოფილება. მსგავსი გარემოებები გვიბიძგებს ფესტივალების და საკუთარი პროფესიის მიმართ უტილიტარული მიდგომების აუცილებლობა ვაღიაროთ. რეალობაში ადეკვატურად ვუპასუხოთ ფაქტს, რომ ყველაფერი, უცხოური სპექტაკლების ჩვენებიდან დაწყებული მათი შეფასებით დამთავრებული, მხოლოდ იმდენად არის მნიშვნელოვანი და მომხიბვლელი, რამდენადაც გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენი, ქართული თეატრალური ხელოვნების გაჯანსაღება- განვითარებისათვის. თუმცა როგორ უნდა მოხდეს ეს და პირველ რიგში, როგორ უნდა დადგინდეს ფესტივალების ობიექტურად მიუკერძოებელი, ზოგადი სურათი, ვაღიარებ, ჩემთვის ბუნდოვანია. სამწუხაროდ ზოგჯერ მეჩვენება, რომ ერთადერთი გამოსავალი მართლაც კულტურის პოლიტიკის მიერ ნორმად მიღებული მიდგომაა - სტანდარტული გზებით გავზომოთ მიღებული სარგებელი, გამოვიყვანოთ მარტივი ციფრები, პროცენტები, შეფარდებები და ამ სტატისტიკური და არა თეატრმცოდნეობითი საქმიანობით დაკავებულებს გაგვახსენდეს როგორ დაპატარავდა თეატრის და მითუმეტეს მისი მცოდნეობის მნიშვნელობაც და გავლენაც. მანამდე კი, ტრადიციის მიხედვით, ისევ შთაბეჭდილებებს მივმართავ და შევეცდები მათი საშუალებით გადმოვცე თბილისური თეატრალური ფესტივალების ჩემებური სახე. წლევანდელ საფესტივალო განწყობაზე ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებმა შესამჩნევად იმოქმედა. საპრეზიდენტო არჩევნების ფორმატიდან გამოსულმა პროცესებმა თუნდაც საინფორმაციო საშუალებებით, რა თქმა უნდა მარტივად გადაფარა თეატრალური სივრცეც. ამით მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ადამიანის ცხოვრებაზე ერთადერთი გავლენა დღეს აქვს პოლიტიკას. თანაც ეს არის სასიცოცხლო გავლენა და რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, სწორედ მსგავს ეგზისტენციალურ მდგომარეობაზე, თბილისის თეატრალურმა ფესტივალმა თავისი საერთაშორისო პროგრამითაც ილაპარაკა. ფესტივალის თემა ხელისუფლებების მიერ ცუდად ნაწარმოები პოლიტიკის შედეგად გამოწვეული ომები იყო. ადამიანის, მისი შინაგანი სამყაროს თუ საარსებო გარემოს გამანადგურებელი ომი და მისი ინსტრუმენტები, გამომწვევი მიზეზები და შედეგები ან ამ ყველაფერთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული საკითხები აერთიანებდა თითქმის ყველა სპექტაკლს. თითქოს ფესტივალი სხვადასხვა რაკურსში და სხვადასხვა განწყობით გვაჩვენებდა ომის სახეს. მიუხედავად იმისა მოგვეწონა თუ არა რომელიმე სპექტაკლი, გავიზიარეთ და ვაღიარეთ თუ არა მათი მხატვრული ღირებულება, ფესტივალმა მოახერხა კონკრეტული კონცეფციით შეკრული მთლიანობის შექმნა. წლევანდელი ფესტივალის ყველაზე მაღალი სახელები ბროდსკი/ ბარიშნიკოვი გახლდათ. ეს რიგის ახალი თეატრის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლის დასახელებაცაა. საბჭოთა რეჟიმის მიერ დევნილი პოეტის, ნობელის პრემიის ლაურეატის სინამდვილით და ტკივილით სავსე რითმები, მარჯანიშვილის თეატრში, თითქოს დამოუკიდებლად, ყოველგვარი დამხმარე და ვიზუალური გამომსახველობითი საშუალებების გარეშე აღწევდა სასურველ ემოციურ ეფექტს და ანტურაჟად აქცევდა ყველაფერს მიხაილ ბარიშნიკოვის ჩათვლით. ალვის ჰერმანისის წარმოდგენამ გადმოგვცა სისტემისთვის მიუღებელი, თავისუფალი ადამიანის, ადამიანი პოეტის ცხოვრებისეული გაურკვევლობაც და კოსმოსური მასშტაბიც. იგივე თემა, ტოტალიტარული სისტემისთვის დამახასიათებელი, ადამიანის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების შესახებ გააგრძელა სპექტაკლმა „ვეფხვი და ლომი“. ფესტივალმა წარმოგვიდგინა დავით გაბუნიას ტექსტი დოკუმენტურ მასალაზე, რომელიც 1937 წლის მოვლენებს და პაოლო იაშვილის თვითმკვლელობას ასახავს. სპექტაკლი დათა თავაძემ კალსრუეს თეატრში გერმანულენოვან მსახიობებთან დადგა. წარმოდგენა რეჟისორის უკვე ჩამოყალიბებული ხელწერით ხასიათდება. დახვეწილი ესთეტიკა და მძაფრი დრამატიზმი განსაკუთრებით შთამბეჭდავია ფინალურ სცენებში, სადაც მთელი წარმოდგენის იდეური მხარე წვრილ ნაკადად სცენაზე მჟონავი ტალახით ვიზუალიზდება. ეს სიბინძურე, გნებავთ ბოროტება, თანდათან მთლიან სივრცეს იკავებს და სვრის განურჩევლად ყველას.
ქართველი რეჟისორების უცხოური დადგმების თბილისური ჩვენებები თეატრალური ფესტივალის ტრადიციად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის წლევანდელ კონცეფციაში ეს დადგმა იდეალურად ჩაჯდა, ჩემთვის მაინც გაუგებარია რა სარგებლობა მოაქვს ასეთ ჩვენებებს ქართული თეატრალური პროცესისთვის მთლიანობაში. ცალკეული ქართველი რეჟისორების შემოქმედებას ისედაც ვიცნობთ და საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში მათი ჩვენებით იკარგება ჩვენი აუდიტორიისთვის ჯერ კიდევ უცნობი შემოქმედებითი ჯგუფების მოწვევის რესურსი. რამდენიმე დღის წინ, როდესაც ცნობილი ლიტველი რეჟისორი ეიმუნტას ნეკროშუსი გარდაიცვალა, ქართველი მაყურებლის განსაკუთრებული მადლიერება გამოჩნდა ფესტივალის მიმართ, რომელმაც ამ რეჟისორის შემოქმედება საქართველოში ჩამოიტანა. ძალიან არაპროფესიულად ვიტყვი, რომ იქნებ მოსალოდნელი მადლიერების იმედად მაინც გაგვაცნონ კრისტოფ მარტალერის, საიმონ მაკბერნის, ივო ვან ჰოვეს, რომეო კასტელუჩის და სხვების შემოქმედება.
საერთოდ, თეატრალურ სფეროს საქართველოში ცრუ ლოიალობა ახასიათებს. კოლეგიალობის და კეთილგანწყობის საფარველში საგულდაგულოდ დამალული ნამდვილი ფიქრები და დამოკიდებულებები ინდულგენციებივით მხოლოდ უკან დაბრუნების იმედით გაიცემა. ამის გამო კრიტიკული აზრი მხოლოდ იატაკქვეშეთში არსებობს საიდანაც სულ უფრო ხშირად ჟონავს წუხილი, რომ ფესტივალის პროგრამა წლიდან-წლამდე ღარიბდება. შესაბამისად ფესტივალი ვეღარ ახერხებს ძველებურად მაღალი მოლოდინის შექმნას. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე სპექტაკლს მაყურებელი აკლდა, მაგრამ ფაქტია წარსულს ჩაბარდა ის აჟიოტაჟი და მღელვარება ფესტივალების მოახლოებას რომ ახლდა. შესაძლოა ამ მოვლენის მიზეზად პროგრამის სიღარიბე კი არა, ის ლოგიკური პროცესი მივიჩნიოთ, რომლის ძალით თბილისური აუდიტორია უბრალოდ მიეჩვია ფესტივალთან ერთად ცხოვრებას. ზედმეტი ეგზალტაციის გარეშე მიყვება ჩამოყალიბებულ ქცევას შეარჩიოს და დაესწროს მისთვის სასურველ ჩვენებას. იქნებ ეს მდგომარეობა სათეატრო კულტურის სიმწიფეზე მეტყველებს და მაშინ მით უფრო მართებთ ფესტივალების ორგანიზატორებს მეტი მონდომებით და პასუხისმგებლობის გრძნობით შეარჩიონ საერთაშორისო პროგრამა. მათი ორგანიზატორული საქმიანობა ხომ თავისთავად მოიცავს გარკვეული ნდობის კრედიტს აუდიტორიის, დამფინანსებლების და ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალების მხრიდან. სამწუხარო და უფრო მეტიც, კატასტროფა იქნება გამოცხადებული ნდობის კლება. ვფიქრობ, ჩვენ სფეროში დიდი ხნის მანძილზე ჩამოყალიბებული უძრაობის მიუხედავად განვითარებაზე და პროგრესზე მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობს. სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო თბილისის თეტარალურ ფესტივალს წელს გამოაკლდა მიმართულება „ნიუ“, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ორგანიზატორების სიამაყის საფუძველი იყო.
დრამატული სპექტაკლების გარდა თბილისის საერთაშორისო ფესტივალი დიდი ხანია გვთავაზობს არავერბალურ, ქორეოგრაფიულ და საცირკო წარმოდგენებს. ამჯერად მის პროგრამაში ცირკი ელუაზი მოხვდა „ცირკოპოლისით“, სანახაობა ურბანული ქალაქის სივრცითი და ინტელექტუალური ჩარჩოების წინააღმდეგ არის მიმართული და ქალაქის მექანიკურ სტრუქტურებთან დაპირისპირებაში ადამიანის ფიზიკურ და სულიერ გათავისუფლებას ემხრობა. წარმოდგენა 2013 წელს არის დადგმული და მისი თუნდაც ტექნიკური შესაძლებლობები 2018 წლისათვის უკეთესის სურვილს ტოვებს. ომის და დაპირისპირების თემაზე საფესტივალო პლატფორმას ამყარებს „საბრძოლო ხელოვნება ცეკვის ენით“ ციაო ლიანის თეატრის შოუ. ის უფრო მეტი იუმორითა და სიმსუბუქით გვაჩვენებს აღმოსავლური ბრძოლის კულტურას და მსოფლხედვას, ვიდრე ცნობილი მულტფილმი „კუნგ ფუ პანდა“. ინტერნეტის საშუალებით, გავარკვიე, რომ ეს წარმოდგენა ციაო ლიანის კომპანიის ბოლო ნამუშევარია, თუმცა არა საუკეთესო. „სახლი საზღვარზე“ პოლონელი ხელოვანების მიერ საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შესახებ მომზადებული პროექტია. იაროსლავ სიეჯკოვსკიმ თანამოაზრეებთან ერთად იმუშავა ომის შედეგად დაზარელებულ ოჯახებთან, ადამინებთან და ეცადა მათი ტკივილი და გამოცდილება სახელოვნებო პროდუქტად ექცია. ეს პერფორმანსი პირველად გორში, ერისთავის თეატრის ეზოში გაიმართა და ჩემთვის მასში ყველაზე საინტერესო, არა თვითონ შემოქმედებითი პროდუქტი, არამედ განსხვავებული ეროვნების, კულტურის, განათლების, პროფესიის, სოციალური მდგომარეობის ადამიანების თანამშრომლობის პრეცედენტი იყო. ხელოვნება, კონკრეტულად კი თეატრი კომუნიკაციის მიზეზი და შედეგი ერთდროულად აღმოჩნდა. ამ კომუნიკაციის წყალობით ჩვენს ქვეცნობიერში ჩარჩენილმა ომმა ზედაპირზე გადმოინაცვლა და უცნაურად ხელშესახები გახდა.
ფესტივალმა სპექტაკლების ამ ერთობლიობით ჩვენი უახლესი ისტორიის ფრაგმენტები წარმოგვიდგინა. რომელზეც, უდაოა, თითოეულ მაყურებელს საკუთარი გამოცდილების და მზაობის შესაბამისი შთაბეჭდილება შეექმნებოდა. მე კი საკუთარი თავი და საზოგადოება მწერალთა სახლის ფიტულებთან გავაიგივე, რომლებიც უბრალოდ იდგნენ, შუშის თვალებით აკვირდებოდნენ მოვლენებს, ტრაგიკულს, ადამიანების ბედის განმსაზღვრელს, მაგრამ ვერაფერი აღიქვეს, ვერაფერს მიხვდნენ, ვერაფერი ისწავლეს. დღემდე არ ვიცით ვინ ვინ არის, ვინ რა ჩაიდინა, პრეზიდენტების და პრემიერმინისტრების მიმართაც კი, რიგით მოქალაქეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. და ისევე როგორც მე, თეატრმცოდნე, ჩემ პროფესიას ვღალატობ და პერიოდულად კაპიტულაციას ვაცხადებ, ასევე სხვებიც, ამჯობინებენ ფიტულებად დარჩნენ, ფსევდო ლომებად და ვეფხვებად, და ფსევდო მოქალაქეებად.
თუ თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა სპექტაკლების შემაკავშირებლად კონკრეტული თემა აირჩია, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კულტურული მრავალფეროვნების და მათ შორის დიალოგის წარმოჩენაზე გააკეთა აქცენტი. ჩემი წლევანდელი „საჩუქარი“ სულ რამდენიმე სპექტაკლისაგან შედგა, ეს არის ნორვეგიული „იოკაი“, სარდინიული „მაკბეტი“, რუსული „უმზითვო“ და მულტიეთნიკური „სიმულაკრი“. ყველა ეს წარმოდგენა კლასიკისა და თეატრალური ტრადიციების სინთეზს ქმნის თანამედროვე გამომსახველობით ფორმებთან და მგრძნობელობასთან.
ნორვეგიული მიმოდრამის თეატრმა „კრამპლ“ ჟაკ ლეკოკის თეატრალური სკოლის გამოცდილებით, ფანტაზიის, იუმორისა და ირონიისაგან შექმნილი ეტიუდებით წარმოგვიდგინა ამბავი ადამიანურ ყოფაზე, მის ყოველდღიურობაზე. საგანგებოდ პატარა ზომის, ფაქიზად და თან სახელდახელოდ შექმნილი საგნები, რეკვიზიტები და სპექტაკლის მთელი დეკორაცია განსაკუთრებულ ხიბლს და ატმოსფეროს აყალიბებდა სცენაზე. აქცენტი გადაჰქონდა ერთი შეხედვით გულუბრყვილო და ოდნავ სასაცილო პერსონაჟებზე, რომელთა მოძრაობა და ქცევა ბავშვური თამაშის და ზრდასრულობის მელანქოლიური სერიოზულობის ზღვარზე ვითარდებოდა. ზოგადად ყოველი სახელოვნებო პროცესი და ყოველი თეატრალური დადგმა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ თუ დავსვამთ სტატიის შესავალში აღნიშნულ კითხვებს, მაგალითად რა სიახლე გვაჩვენა ამა თუ იმ წარმოდგენამ ისეთი, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ქართულ სათეატრო ხელოვნებაზე, ხელი შეუწყოს მის განვითარებას, პასუხი არაერთმნიშვნელოვანი და ამ შემთხვევაში ნეგატიური იქნება. ისიც გასაგებია, რომ საფესტივალო პროგრამებში შესული სპექტაკლების აბსოლუტური უმრავლესობა თან ახალი და თან შედევრი რთულია იყოს. გასათვალისწინებელი ისიცაა, რომ თითოეული დადგმა გამოხატავს იმ კონკრეტული გარემოს, სოციუმის, კულტურული სივრცის კონტექსტს სადაც ეს წარმოდგენა დაიბადა და ჩვენი აღქმა და საჭიროებები შესაძლოა სულაც არ ემთხვეოდეს მას. სწორედ ამიტომ ფესტივალების ორგანიზატორების, ხელმძღვანელების პასუხისმგებლობა პროგრამის შერჩევის და მათთვის მინდობილი რესურსების ეფექტურად გამოყენების კუთხით წარმოუდგენლად დიდია.
ხოლო თუ ფესტივალის მიმართ მთავარი მოთხოვნები უბრალოდ კულტურულ დიალოგზე და ჩვენი ქვეყნის მიმართ ტურისტული ინტერესის გაზრდაზეა მიმართული, მაშინ სპექტაკლებზე თეატრმცოდნეების მოწვევა და მათთვის ადგილების გამოყოფის მუდამ პრობლემატურ საკითხზე ენერგიის ხარჯვა არ ღირს. ამ თემაზე, ისევ არაპროფესიულად, მაგრამ ძალიან გულწრფელად ვიტყვი, რომ პირადად მე ძალიან დავიღალე მუდმივად სხვის ადგილას ჯდომის უხერხულობით. თავმოყვარე ფესტივალი უნდა ახერხებდეს აკრედიტებული თეატრმცოდნეებისთვის ადგილის უზრუნველყოფას, ახერხებდეს უფრო კულტურულ კომუნიკაციას მათთან. სხვა შემთხვევაში, მომავალში ვარჩევ არ გავიწვალო თავი ისედაც მგონი უკვე არაფრისმომცემი მიმოხილვების წერით, შევარჩიო ჩემთვის სასურველი სპექტაკლი და რიგითი მაყურებლის მსგავსად ავიღო ბილეთი.
ბილეთს კი ნამდვილად შევიძენდი ალესანდრო სერას „მაკბეტზე“ და დიმიტრი კრიმოვის „უმზითვოზე“. ორივე ეს სპექტაკლი თავისი ესთეტიკით, იდეური გზავნილებით და მნიშვნელოვანი მხატვრული ღირებულებით აუცილებლად გვეხმარება სამყაროს უკეთ გაგებაში, ახდენს ჩვენს ტრანსფორმაციას სულიერ და ინტელექტუალურ დონეზე. რომ არა წლევანდელი „საჩუქარი“ წარმოდგენა არ მექნებოდა, რომ იტალიის შემადგენლობაში არსებობს უნიკალური სარდინიული კულტურა თავისი თვითმყოფადი თეატრალური ტრადიციით. ამ ტრადიციებზე ამოზრდილი „მაკბეტი“ საოცრად მისტიური ატმოსფეროთი გვიყვებოდა ადამიანის თავისუფლების ილუზორულობაზე, ცდილობდა დაგვენახა ჩვენი ცხოვრების ირგვლივ აღმართული უხილავი ბარიერები, რომელთა დამსხვრევის მცდელობა თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული. თანაც, წარმოდგენის კონცეფცია სრულ ჰარმონიაში იყო შექსპირისეული ტექსტის განზომილებებთან, რომელიც ადამიანურ სასრულობაშიც კი იძლევა ამაღლების შესაძლებლობას. ფესტივალის პროგრამას წელს დაუბრუნდა დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორია. ა. ოსტროვსკის „უმზითვო“ რეჟისორმა თავისი უნიჭიერესი სამსახიობო ანსამბლით, ჩვეულებისამებრ, სუპერ თანამედროვე ფორმითა და კონცეფციით წარმოგვიდგინა. კლასიკურ რუსულ ტექსტში ირონიულად და ამავდროულად ძალინ დიდი გულისტკივილით გაიშალა თანამედროვე ადამიანების ურთიერთობები, რომელშიც ღირებული არაფერია დარჩენილი. წრფელი ოცნებები, გრძნობები და სურვილები კი პლიუს ფონოგრამაზე შესრულებული ჰიტის მსგავსად ადვილად სიმულირდება. ფესტივალის ფარგლებში კულტურათაშორისი დიალოგის საუკეთესო მაგალითი იყო სპექტაკლი „სიმულაკრი“. ნორვეგიელი რეჟისორის, ალან ლუსიენ ოიენის დადგმა არგენტინელი და იაპონელი მოცეკვავეების შეხვედრის ამბავს მოგვითხრობს. სპექტაკლში კაბუკის და ფლამენკოს ფრაგმენტებით ადამიანების განსხვავებული ისტორიები და ხასიათები ითხზვება. მთელი წარმოდგენის რიტმი მიუხედავად ესპანური ცეცხლოვანი ჩანართებისა მდორე და მედიტაციურია, ითხოვს მაქსიმალურად სერიოზულ მიდგომას, რაც ვფიქრობ სემანტიკურად უკავშირდება სპექტაკლის სახელწოდებას და უცერემონიოდ სიმულაკრულია. საინტერესოა, რომ „საჩუქარმა“, წელს, დროულ ინიციატივას დაუდო საფუძველი. ფესტივალმა გადაწყვიტა საკუთარი საინფორმაციო არხის შექმნა, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით აბსოლუტურად შესაძლებელი და გამართლებულია. სამწუხაროდ ვერ გამოვდგები ფესტივალის მიერ გადაცემული ინფორმაციის ექსპერტად, მაგრამ თვითონ ინიციატივა მისასალმებელი და სხვა ფესტივალების მიერ გასაზიარებელია. ვფიქრობ, წლევანდელმა საფესტივალო რუკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კონკურენცია სასარგებლო და აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი მოვლენაა. შემდგომი განვითარებისათვის უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელია შედეგების მიუკერძოებელი გაზომვა და სამომავლო ორიენტირების ეფექტური დაგეგმვა. მთავარია მთელ ამ პროცესში რამდენად გვეყოფა ნება და ძალა მეტი მოვთხოვოთ ფესტივალების ორგანიზატორებს, დამფინანსებლებს და რა თქმა უნდა საკუთარ თავებს. რაშიც პირადად მე დარწმუნებული აღარ ვარ. უკან დაბრუნება |