Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > ქალი დრამატურგები თეატრის ისტორიაში
ქალი დრამატურგები თეატრის ისტორიაში

ქალი დრამატურგები თეატრის ისტორიაში


10-01-2019, 13:46

 

„ისტორიის მანძილზე, ანონიმი უმეტესწილად  იყო ქალი“

 ვირჯინია ვულფი

პროფესიული თეატრი და დრამატურგია უკვე 26 საუკუნეა რაც არსებობს, თუმცა პირველი ქალი - დრამატურგის სახელი მხოლოდ ახ.წ. X საუკუნეში გვხვდება. მანამდე, საუკუნეების მანძილზე, დრამატურგია მხოლოდ მამაკაცების საქმიანობა იყო. ზოგადად, პატრიარქალური საზოგადოების თეატრში ქალები ძნელად დაიშვებოდნენ, როგორც შემსრულებლები და როგორც მაყურებლები. როგორც ამბობენ, ძველ ბერძნულ თეატრალურ წარმოდგენებს ქალები არ ესწრებოდნენ, სტუმართა შორის მხოლოდ ჰეტერებს თუ შეხვდებოდით. ამ პრივილეგიას მათ სპეციფიკური საზოგადოებრივი სტატუსი აძლევდა.

როგორც ცნობილია, ბერძნულ თეატრში ქალების როლებსაც მამაკაცები თამაშობდნენ. ანტიკურ თეატრში ქალ მსახიობებს მხოლოდ მცირე თეატრალურ წარმოდგენაში თუ შეხვდებოდით, მაგ: მიმოსში.  თუ მსახიობობა ქალისთვის კიდევ შესაძლებელი იყო, ლიტერატურული საქმიანობა თეატრში, მისთვის მიუღწეველი რჩებოდა. პატრიარქალურ საზოგადოებრივ სარბიელზე ქალის ხმა პრაქტიკულად არ ჟღერდა. მიუხედავად ამისა, ანტიკურობა იცნობს ქალ პოეტებს, მათ შორის კორინას, საფოს შემდეგ ყველაზე ცნობილ ბერძენ პოეტს, კლეიტაგორას, ცნობილს როგორც - „ქალი ჰომეროსი“, პრაქსილას, რომელიც იყო უაღრესად დაფასებული თავის დროში და რა თქმა უნდა ძველ ბერძენ ლირიკოს ქალს - საფოს, კუნძულ ლესბოსიდან, რომელსაც პლატონი „მეათე მუზას“ უწოდებდა. მაგრამ როგორც ჩანს თეატრი უფრო კონსერვატორული იყო.

საინტერესოა როდიდან ფიგურირებს თეატრში ქალის,  როგორც დრამატურგის სახელი?

მე-10 საუკუნემდე ჩვენ დანამდვილებით ამის შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება, რადგან არ გაგვაჩნია ამის დამამტკიცებელი წყაროები. არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა ეპოქაში კაცის სახელს ამოფარებული ანონიმი ქალი დრამატურგები არსებობდნენ.

პირველ ქალ დრამატურგად მიჩნეულია გერმანელი პოეტი ჰროტსვიტა განდერსჰაიმელი, რომელიც ცხოვრობდა მიახლოებით 935-1005 წლებში, ქვემო საქსონიაში. ჰროტსვიტა განდერსჰაიმის მონასტრის მონაზონი იყო, რომელიც ჩრდილოეთ გერმანიაში მდებარეობდა. იგი წერდა პიესებს ლათინურ ენაზე ქალ პერსონაჟებზე, რომლებიც იღებდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას. ზოგადად მისი პიესები ჰაგიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოებები იყო. ჰროტსვიტამ თავისი შემოქმედება სამ წიგნში მოათავსა, მეორე ტომში  (სახელწოდებით - Liber Secundus) გაერთიანდა 6 კომედია, რომლითაც იყო იგი ყველაზე მეტად ცნობილი: “ჰალიკანუსი“, დულციციუსი“, „კალიმაქუსი“, „აბრაამი“, „პაფნუტიუსი“ და „საპიენცია“. მისი ნაშრომები იყო გაერთიანებული საერთო სახელწოდებით - „ანტიტერენციუს“. ჰროტსვიტას პიესები იმ პერიოდში იდგმებოდა თუ არა, ჩვენთვის ცნობილი არ არის. ისინი პირველად 1501 წელს გამოიცა და მე-16 საუკუნის რელიგიურ და დიდაქტიკურ პიესებზე დიდი გავლენა მოახდინა. ამ პიესებს თეატრის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მთელი რიგი მიზეზების გამო: ჰროტსვიტა ჩვენთვის ცნობილი პირველი ქალი დრამატურგია და აგრეთვე მას პირველად შემოაქვს „ფემისნისტური პერსპექტივა“ დრამაში.

თავის კომედიებში, რომლებიც პროზად არის დაწერილი, იგი ბაძავდა კართაგენული წარმოშობის რომაელ დრამატურგს - პუბლიუს ტერენციუსს და მის მსოფლმხედველობას ქრისტიანულს უპირისპირებდა. ჰროტსვიტას პიესები მსგავსია გვიანდელი პერიოდის „დახურული დრამისა“, რომელიც იწერებოდა არა იმდენად სცენაზე დასადგამად, არამედ საკითხავად. ამ ფორმას ქალი მწერლები კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში იყენებდნენ, თავიანთი თვალსაზრისის გამოსათქმელად.[1]

რენესანსის პერიოდში, მე-15 საუკუნიდან, ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად, იწყება თეატრის ანტიკური ტრადიციების აღორძინებაც. ჯერ იტალიაში, სადაც ხდება ძირითადი ჟანრების აღორძინება, იქმნება სწავლული კომედია და „სისხლიანი ტრაგედია“, აგრეთვე პასტორალური დრამა. შემდეგ ესპანეთში, რომელმაც მისცა თეატრის ისტორიას ისეთი სახელები, როგორებიცაა სერვანტესი, ლოპე დე ვეგა, კალდერონი, ტირსო დე მოლინა და სხვები, და ბოლოს ინგლისში, სადაც რენესანსის დრამატურგიამ განვითარების მწვერვალს მიაღწია. ამ პერიოდის ინგლისში ჩვენ გვყავს ისეთი ავტორები, როგორებიც არიან: შექსპირი, მარლო, ნეში, ჯონსონი და სხვ. ინგლისში დრამატული თეატრი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ხელმისაწვდომი იყო ყველა სოციალური კლასისთვის. მდინარე თემზის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე თეატრებში - „გედი“, „ვარდი“, „კურტინა“ და საყოველთაოდ ცნობილ „გლობუსში“ ათასობით მაყურებელი იყრიდა თავს. ერთ-ერთი ცნობით გლობუსში 1800-მდე კაცი ეტეოდა. თეატრი საყოველთაო ხასიათისა იყო და მიუხედავად იმისა, რომ ის ქალაქის მიჯნებიდან 1576 წლის დეკრეტით იყო განდევნილი, ქალაქის არისტოკრატია სიამოვნებით დადიოდა თეატრში და მფარველობდა მას. სწორედ ამ დროს, იწყებენ ქალები თეატრზე და თეატრისთვის წერაზე ფიქრს. თუმცა, მწერლობა  და განათლება ჯერ კიდევ მხოლოდ მაღალი წრის ქალებისთვის არის ხელმისაწვდომი. ამასთან, პურიტანულ ინგლისში ქალები სცენაზეც არ დაიშვებიან.

„ჩვენ ისტორიიდან მე-17 საუკუნეში მცხოვრებ მხოლოდ ერთ ქალ მწერალს ვიცნობთ, დაბალი სოციალური ფენიდან, რომელიც, სავარაუდოდ, მოახლე უნდა ყოფილიყო -  ეს ჯეინ ვაისმანია ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პიესით - „ანტიოქუს დიდი“. [2]

პირველი ქალი რომელმაც ორიგინალური პიესა- „მარიამის ტრაგედია“ გამოსცა, გახლდათ ინგლისელი ელიზაბეთ კერი (1585-1639)“. [3]

1660 წელს ინგლისში სამოქალაქო ომი დასრულდა. მონარქია აღდგა და ინგლისის, შორტლანდიისა და ირლანდიის მეფემ ჩარლზ II-მ, თეატრების ოცწლიანი აკრძალვა გაუქმებულად გამოაცხადა. ასევე გაუქმდა ის აკრძალვებიც, რაც ისტორიულად ქალის თამაშს კრძალავდა სცენაზე, ისევე როგორც თეატრისთვის წერას. ეს პერიოდი ახლად გახსნილი თეატრებისთვის ძალზედ ნაყოფიერი იყო და ქალი დრამატურგებისთვის თეატრების კარი გაიღო. თუმცა, მიხედავად ამისა, ჩვენამდე მაინც მწირმა ინფორმაციამ მოაღწია ქალი დრამატურგების მოღვაწეობის შესახებ.[4]

„პიესები, რომლებსაც ვწერ გამოდის კაცების სახელით და არავინ იცის მათი ავტორი რომ მე ვარ; მე მივმართავ ყველა მოსამართლეს, რომ მათ არ თქვან ჩვენი საუკუნის ყველა კარგი კომედია - კაცების დაწერილია;  ერთადერთი, რასაც ვითხოვ, არის პრივილეგია ჩემი მასკულინური ნაწილისთვის, პოეტისთვის ჩემში“.   

შესავალი, “იღბლიანი შემთხვევა”, აფრა ბენი, 1686

ქალი დრამატურგები თეატრის ისტორიაშიროდესაც ვსაუბრობთ პირველ ქალ დრამატურგებზე, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ბრიტანელ ქალბატონს, სახელად აფრა ბენს, რომლის დაბადების თარიღად მიჩნეულია 1640 წელი, მისი ნათლობის თარიღი. იგი იყო რესტავრაციის პერიოდის ბრიტანელი დრამატურგი, პოეტი მთარგმნელი და მწერალი. მისი ცხოვრების შესახებ უტყუარი ფაქტები არ გაგავაჩნია, რადგან იგი ყოველთვის მისტიკითა და ბურუსით იყო მოცული.ის გახლდათ პირველი ქალი, ვინც თავს მწერლობით ირჩენდა. ამით მან დაარღვია კულტურული ბარიერები და მომავალ მწერალ ქალებს მოქმედების უფრო მეტი საშუალება მისცა. ჩარლზ მეორემიგი ჯაშუშად გაგზავნა ანტვერპენში, რის შემდეგ, ლონდონში დაბრუნებულს ცოტა ხნით მევალეთა ციხეში ჯდომაც მოუწია. ამის შემდეგ იგი იწყებს წერას სცენისთვის. დაწერილი აქვს 19 პიესა. იმ დროში, რომელშიც აფრა ცხოვრობდა, შეგეძლო დარჩენილიყავი ანონიმად და ისიც წერდა პასტორალური ფსევდონისმით ასტრეა.[5]

„აფრა ბენი არსებობდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ჩვენ მისი გამოგონება დაგვჭირდებოდა. თუ შექსპირის უკან იდგა მარლო, მარლოს უკან ჩოსერი, ხოლო ჩორსერის უკან მთელი ლიტერატურული წინაპრების წყება, ვის ტრადიციებზეც იგი გაიზარდა, ქალბატონ ბენს, ისტორიამ პრეცედენტის შექმნა დაავალა: მას უნდა შეექმნა საკუთარი თავი, როგორც პროფესიონალი ქალი დრამატურგი“.[6]

ისეთი ცხოვრობა, როგორიც მას ჰქონდა ნებისმიერი ეპოქისთვის ექსტრაორდინალური იქნებოდა, მაგრამ მე-17 საუკუნეში მცხოვრები ქალისთვის, რომელიც არც მდიდარი იყო და არც წარჩინებული, ეს გაუგონარი რამ იყო. იგი ხანგრძლივ და სახიფათო მოგზაურობაში იყო ველურ დასავლეთში, ინდიელებთან, ჩართული იყო მონების აჯანყებაში. აგრეთვე, იგი იყო „ფემინისტი“, რომელიც იცავდა ქალთა უფლებებს, იბრძოდა მათი განათლებისთვის და უფლებისთვის თავიანთი სურვილისამებრ დაქორწინებულიყვნენ. რა გასაკვირიც არუნდა იყოს, იგი იყო პირველი, ვინც საუბრობდა სექსუალურ თავისუფლებასა და თანასწორობაზე ქალებსა და კაცებს შორის. მან საბოლოოდ აიძულა რესტავრაციის პერიოდის დომინანტური მასკულინური ლიტერატურა მისი შემოქმედება თანასწორად ეღიარებინა. [7]

იგი ყველაზე კარგად დაამახსოვრდათ ინგლისელი მწერლის ვირჯინია ვულფის ესეთი - „საკუთარი ოთახი“: „ყველა ქალს ერთად უნდა მიეტანა თაიგულები აფრა ბენის საფლავზე, რომელიც დიდი სკანდალის შედეგად, მაგრამ ნამდვილად ღირსეულადაა დაკრძალული უესტმინსტერის სააბატოში[8]. რადგან ამ ქალმა მოუპოვა დანარჩენებს უფლება, აელაპარაკებინათ საკუთარი გონება. სწორედ ეს ქალი იყო - თავისი საეჭვო რეპუტაციითა და ამურული ისტორიებით, ის ვინც შესაძლებელი გახადა ჩემთვის ამ საღამოს დარწმუნებით გითხრათ - საკუთარი გონების წყალობით შეგიძლიათ წელიწადში ხუთასი ფუნტი იშოვნოთ!“ [9]

როგორც ვხედავთ, ბრიტანეთში ქალთა დრამატურგიას დიდი ისტორია აქვს და ისინი ამ ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ.

 

ქალთა დრამატურგია თანამედროვე მსოფლიო თეატრში სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას იძენს. თუ ქალთა დრამატურგიის ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავრწმუნდებით, რომ გენდერული დრამის განვითარებას უდიდესი დაბრკოლებების გადალახვა მოუწია. თუნდაც ელემენტარული უფლების მოსაპოვებლად ქალებს თავგანწირული ბრძოლა სჭირდებოდათ, ხოლო მათი საქმიანობა საზოგადოებას ყოველთვის გამომწვევად, ეპატაჟურად მიაჩნდა. ქალებს ბევრი რამის დათმობა უწევდათ სამწერლო თვითგამოხატვის თავისუფლების მოსაპოვებლად, მაგრამ ეს ამად ღირდა.

 



[1]BrockettOscar, Hildy Franklin, History of the Theatre, 9th ed. 2003, გვ. 77

[2]Female playwrights through the ages,https://17percent.wordpress.com/2012/03/14/female-playwrights-through-the-ages/, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული - 14.03.2012

 

[3]Female playwrights through the ages,https://17percent.wordpress.com/2012/03/14/female-playwrights-through-the-ages/, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული - 14.03.2012

[4] First 100 Years: The Professional Female Playwrights, http://www.juggernaut-theatre.org/first-100-years-the-professional-female-playwright/,უკანასკნელად იქნა გადამოწმებული - 01.05.2004

[5]Behn, Aphra (1640?–1689)", Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, 2004

[6]First 100 Years: The Professional Female Playwrights, http://www.juggernaut-theatre.org/first-100-years-the-professional-female-playwright/,უკანასკნელად იქნა გადამოწმებული - 01.05.2004

[7]First 100 Years: The Professional Female Playwrights, http://www.juggernaut-theatre.org/first-100-years-the-professional-female-playwright/,უკანასკნელად იქნა გადამოწმებული - 01.05.2004

[8]უესტმინსტერის სააბატო - წმ. პეტრეს სახელობის ეკლესია უესტმისტერში, ლონდონი, უესტმისტერის სასახლიდან დასავლეთით. ტრადიციულად აქ ტარდება მონარქთა კორონაციისა და დაკრძალვის ცერემონიები.

[9]თარგმანი - სამნიაშვილი ლელა


უკან დაბრუნება