Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
პროფესიული თეატრალური კრიტიკის წევრთა ღია წერილი სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით
პროფესიული თეატრალური კრიტიკის წევრთა ღია წერილი სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით31-01-2022, 10:45 |
2021 წლის ბოლოდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაიწყო სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსები. აღნიშნულმა პროცესმა გამოავლინა რიგი ტენდენციები, რომელიც წერილის ავტორი კრიტიკოსებისთვის წარმოადგენს რეგრესულ ნაბიჯებს და იწვევს მავნებლურ შედეგებს სფეროს განვითარების თვალსაზრისით. სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზე დაკვირვებამ რამდენიმე კატეგორიის პრობლემა გამოავლინა.
რიგ შემთხვევაში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ერთპიროვნულად ნიშნავს პირებს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. რიგ შემთხვევაში იმართება კონკურსები, რიგ შემთხვევაში კი განუსაზღვრელი ვადით იწელება საკონკურსო შედეგების გამოცხადება. გაუმჭვირვალეა პროცედურა და მისი ვადები. უცნობია რომელი კვლევისა და არგუმენტების საფუძველზე ინიშნებიან კონკურსის გარეშე და ასევე უცნობია, რის საფუძველზე ეზღუდებათ გარკვეულ რეჟისორებს კონკურსში მონაწილეობა. უცნობია, კონკურსის ჩაშლის მიზეზები. მაგალითად: სამინისტრომ ყოველგვარი განმარტების გარეშე ჩაშლილად გამოაცხადა გორის გიორგი ერისთავის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი, რის შედეგადაც აღნიშნულ თეატრში მუშაობის გაგრძელების საშუალება აღარ მიეცა დავით ჩხარტიშვილს, რომლის 4 წლიანი ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრის შემოქმედებითი წარმატება აღიარებულია ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოებით. ასევე, მინისტრმა ერთპიროვნულად, დასაბუთების გარეშე, დანიშნა 4 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. უცნობია, მიმდინარე კონკურსებში წარდგენილი კანდიდატების ვინაობა და მათი პროგრამები. ასევე უცნობია პროფესიონალთა სარეკომენდაციო საბჭოს მუშაობის შედეგები, რეკომენდაციები.
სახელმწიფო თეატრების ადმინისტრაციული და ფინანსური მოწყობა რეგულირდება კანონით თეატრის შესახებ. რომელშიც სხვა მრავალთან ერთად გაწერილია თეატრების მმართველი მენეჯმენტის დანიშვნის პროცედურა. კანონის სისუსტეზე მიუთითებს პროფესიული წრეების და პროფესიული აზრისთვის მინიჭებული სუსტი როლი, რაც მთლიანობაში ზღუდავს სფეროს დემოკრატიულ და თავისუფალ განვითარებას. ასევე ზღუდავს თეატრების დამოუკიდებლობას რიგ საკითხებთან მიმართებაში. 2021 წლის დეკემბრის დებულება კი კიდევ უფრო ამცირებს პროფესიონალთა სარეკომენდაციო საბჭოს სამოქმედო სივრცეს და ჩინოვნიკებს უზრდის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების უფლებას. ამის დასტურია დებულებაში არსებული მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის მიხედვითაც „ სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად“. აღნიშული ცვლილებების საფუძველზე ჩაშლილად გამოცხადდა კონკურსი გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრში. საბოლოოდ შედეგად მივიღეთ სავარაუდოდ პარტიული მსოფლმხედველობის და პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება, რომელზეც გავლენა ვერ მოახდინა სარეკომენდაციო საბჭომ. აღნიშნული გადაწყვეტილება მთლიანად გამორიცხავს კონკურსანტის პროფესიული მიღწევებისა და წარდგენილი პროგრამის ანალიზს. შესაბამისად , მიგვაჩნია, რომ ახალი დებულება ზღუდავს თეატრების თავისუფლებას, განვითარებას და სფეროს მჭიდროდ აკავშირებს პოლიტიკურ და პარტიულ დღის წესრიგთან. დებულება აკნინებს პროფესიონალთა ჩართულობას და პროფესიონალიზმის მნიშვნელობას სფეროს მართვის პროცესში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დებულება საგანგაშო ტენდენციების გამაძლიერებელია და ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელი.
პროცესში არ ისმის და უცნობია სარეკომენდაციო საბჭოს ამჟამინდელი წევრების პოზიცია და როლი აღნიშულ ქაოსურ და მავნებლურ პროცესთან მიმართებაში. მწვავდება სფეროს შიგნით არსებული ღირებულებრივი და პრინციპული შეუთანხმებლობა. გააზრებული არ არის საბჭოს პასუხისმგებლობა სფეროს წარმომადგენელთა მიმართ, მიმდინარეობს კულუარული კომუნიკაცია, რაც კლავს ღია, პრინციპებზე და სტრატეგიაზე შეთანხმებულ ერთიან ხედვას.
წერილის ხელმომწერთათვის ეჭვგარეშეა, რომ უახლოეს მომავალში აუცილებელია:
საინიციატივო ჯგუფი სამომავლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს თეატრის შესახებ კანონის იმგვარად დახვეწას, რომ გაძლიერდეს თეატრების დამოუკიდებლობა და პროფესიონალთა გავლენა სფეროს განვითარების პროცესში.
ხელმომწერნი: გვანცა გულიაშვილი სოფო კილასონია სოფო ნადიბაიძე თამარ შუკაკიძე ანა კვინიკაძე თამარ ცაგარელი თეა კახიანი ტატო ჩანგელია
უკან დაბრუნება |