Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > დივერსია ქართულ თეატრში
დივერსია ქართულ თეატრში

დივერსია ქართულ თეატრში


14-02-2022, 02:12

თეატრი,   განსაკუთრებული სიზუსტით ირეკლავს თანამედროვეობას,  ფაქტობრივად, საზრდოობს და ვითარდება იმავე რითმითა და ენერგეტიკით, რომლითაც გაჯერებულია ჩვენი ყოფა და ყოველდღიურობა.  იგი ეთიკისა და ესთეტიკის საშუალებით ახდენს პრობლემებისა თუ  ცვლილებების ერთი მხრივ, უტრირებას და მეორე მხრივ, მხატვრული ფორმების ნაირგვარობით მისთვის სანახაობრივი ხასიათის მინიჭებას. თეატრის როლსა და დანიშნულებაზე საუბარი ამ წერილის მიზანს არ წარმოადგენს და არც იმაზე შევჩერდები, თუ რამდენად ადეკვატურია  ქართული თეატრალური რეალობა  დროის, გამოწვევებისა თუ სინამდვილის მიმართ.  ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკვლევი თემაა და კრიტიკის დანიშნულებაც უპირველესად, ალბათ, დგას ამ ტიპის კვლევებზე. სამწუხაროდ, პროცესების კრიტიკული ანალიზის სიმწირე  არის იმ პრობლემის განმაპირობებელი, რომლთა წინაშეც დღეს აღმოჩნდა ჩვენი სფერო. მცირე ისტორიული ექსკურსიც საკმარისია, რომ უზოგადესი კონტურები გამოვკვეთოთ, რადგან მეტ-ნაკლები სიზუსტით დავინახოთ ყველა ის პრობლემა, რომელთა ერთობლიობამაც წარმოშვა უზარმაზარი მასშტაბის კრიზისი თეატრში. საბჭოთა რეალობაში სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი სფერო პოლიტიკური ქარტეხილების კვალდაკვალ აღმოჩნდა სრულიად არა რელევანტური ფეხი აეწყო დროისა და მის დინამიკაში აღმოცენებული ახალი საჭიროებებისათვის. უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენში ვერ იქცა თეატრი ინდუსტრიად და ბოლომდე საბჭოთა მოდელის ფორმატით განაგრძო არსებობა, ანუ დარჩა დამოკიდებული სრულად სახელმწიფო დაფინანსებაზე. ამან წარმოშვა მთელი რიგი პროცესებისა, რომელთა ერთობლიობამ თეატრსა და თანამედროვეობას შორის, თეატრსა და მაყურებელს შორის გააჩინა უფსკრული. თეატრი, რომელიც არ არის დაინტერესებული მოიზიდოს მაყურებელი, არ არის დამოკიდებული სალაროს შემოსავალზე და მას აქვს ზოგჯერ  ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყნისთვის სრულიად  შეუსაბამო ბიუჯეტი, კარგავს მოტივაციას იყოს საინტერესო, იყოს აქტუალური, იყოს კონკურენტუნარიანი და საბოლოო ჯამში, ის კარგავს რეალურად ფუნქციონირების უნარს, რადგან წყვეტს კომუნიკაციას თანამედროვეობასთან.  მინდა გავიხსენო 90-იანი წლების კატაკლიზმები და  თეატრის ფუნქცია, რომელმაც შეძლო სიბნელის, სიცივის, აბსოლუტური უსახსრობის  პირობებში გაეგრძელებინა თამაში და სწორედ ამ პერიოდში,  ვფიქრობ,  ისე როგორც არასდროს, ქართული თეატრი იყო ახლოს სინამდვილესთან და დროსთან. ამ პერიოდში ჩნდება პირველი დამოუკიდებელი მცირე თეატრები ქალაქში, რომლებიც იწყებენ ანტრეპრიზისა თუ სრულად ბილეთის შემოსავლით არსებობას და ამავე პერიოდს უკავშირდება   დემონსტრაციებიდან სათეატრო სივრცეში შეღწეული რამდენიმე სპექტაკლი-მანიფესტი, რომლებსაც ჰქონდათ, როგორც იდეოლოგიური  დატვირთვა,  ასევე ღირებულება და განსაზღვრეს  ეტაპი ქართულ სათეატრო ხელოვნებაში.

 

წარსული გამოცდილების გადახედვა საუკეთესოდ წარმოაჩენს თუ რა შეძლო სფერომ მომდევნო წლებში და სურათი, ვფიქრობ, ძალიან სამწუხაროა. როგორც უკვე აღვნიშნე, თეატრებში (და ასეთი ორმოცდაათამდე გვაქვს, რაოდენ უცნაურიც  უნდა იყოს ეს რაოდენობა), ამ წლების განმავლობაში არასდროს დასმულა ხელმძღვანელობისათვის ამოცანა, რომ საკუთარი ძალებით შეექმნათ  თეატრის ფონდი, გამოეყენებინათ დიდი და უნიკალური შენობა-ნაგებობები და დაეტვირთათ ისინი ფუნქციურად, რაც გააძლიერებდა მაყურებლის ინტერესს და არა მხოლოდ წარმოდგენის, არამედ სხვა მრავალი დანიშნულებითაც ეს შენობები გახდებოდა მიმზიდველი განსაკუთრებით, რეგიონის მაყურებლისთვის, რომელიც არ არის განებივრებული კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებით.

 

უსასრულოდ შეიძლება საუბარი პრობლემებზე, რომლებსაც ვაწყდებით  ქართულ თეატრში და  მსჯელობა მათი გადაჭრის თუ მოგვარების გზებზე, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ   დიდი უსამართლობის მომსწრე, როდესაც კულტურის სამინისტრო, არა თუ არაფერს აკეთებს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, არამედ   მიზანმიმართულად ანგრევს სფეროს და ტოვებს მას მნიშვნელობისა და ფუნქციის გარეშე. გასული წლის დეკემბერში დაიწყო სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ კონკურსის თარიღმა თავის დროზე ექვსი თვით გადაიწია და სამინისტროს მხრიდან არაოფიციალურ მიზეზად დასახელდა ფაქტი, რომ ახალი მინისტრი ამ დროის განმავლობაში შეეცდებოდა უკეთ გარკვეულიყო სფეროში არსებულ პრობლემებში. პრობლემებში გარკვევისა რა მოგახსენოთ, არაოფიციალური მოტივები კი უხვად შეინარჩუნა პროცესმა და დღეს სახეზე გვაქვს აბსოლუტურად ფიქციური ხასიათის, გაყალბებებსა და პირად ინტერესებზე აწყობილი საკონკურსო გარემო, რომელიც ატარებს არაპროფესიულ ხასიათს,  პირდაპირი მნიშვნელობით ვნებს და იწვევს თეატრალური ცხოვრების დემორალიზებასა და დეგრადაციას. უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსი, მისი ზოგადი არსითა და დანიშნულებით აპრიორი გულისხმობს თანაბარუფლებიანი გარემოს შექმნას ყველა კანდიდატისათვის და ჩვენ მიერ აღნიშნულ კონკურსში ეს უმთავრესი საკითხი ირღვევა ყოველგვარი განმარტების გარეშე.  ხუთ თეატრში კონკურსს მიღმა დანიშნული სამხატვრო ხელმძღვანელი და ამის პარალელურად რამდენიმე თეატრში ჩაშლილად გამოცხადებული კონკურსი ამის ცხადი მაგალითებია. კონკურსი კონკრეტული კანონითა და დებულებით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ახალი მინისტრი კონკურსამდე ცვლის კანონსა და დებულებას და შეაქვს მასში შენიშვნები, რომლებზე დაყრდნობითაც განუზომლად იმატებს მისი ძალაუფლება წარმართოს პროცესი ერთპიროვნულად, ხოლო სარეკომენდაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია თეატრის მკვლევრებითა და კრიტიკოსებით   უფუნქციო ხდება, თუ არ ჩავთვლით, რომ სწორედ ამ საბჭოს საშუალებით, მინისტრს  ლეგიტიმაცია ეძლევა და ნებისმიერ დროს აქვს უფლება საკუთარი გადაწყვეტილებები საბჭოს  წევრებთან თანამშრომლობით გაამყაროს. რეალურად კი, როგორც უკვე აღვნიშნე, საბჭოს არ აქვს  არანაირ ბერკეტი მინისტრის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. თუკი გადავხედავთ  სამხატვრო ხელმძღვანელების სიას, რომლებიც მინისტრის ხელდასმით  დაინიშნენ თანამდებობებზე, მარტივად აღმოვაჩენთ, რომ  ეს არის ერთი მხრივ,  ჩვენი კულტურისათვის ასე ტენდენციური ავტორიტეტების  ფეტიში  და მეორე მხრივ, კონკრეტული პოლიტიკური ძალის ერთგულებისათვის გადახდილი მადლობა. ცხადია, ჩემი წერილის მიზანი არ არის  საინტერესო შემოქმედებითი გზის თუ ბიოგრაფიის მქონე ხელოვანების დისკრიმინაცია, ვთვლი, რომ დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგი მათგანის წვლილი ქართული თეატრის ისტორიისათვის, მაგრამ თუკი ვსაუბრობთ ჯანსაღ კონკურენციასა და გარემოზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თანაბარუფლებიანობა, მარტივად მივალთ დასკვნამდე, რომ ეს არის კონკურსი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირეს დიდი გავლენის  მქონე რეჟისორები და ხელოვანები ახალგაზრდა და ჯანსაღი მოტივაციისა თუ საფუძვლიანი ამბიციის მქონე რეჟისორებს და ამ დაპირისპირებაში დასაწყისშივე გაწირეს სფეროს ახალგაზრდული ენერგია და რესურსი არა მხოლოდ წარუმატებლობისთვის, არამედ  ჩაგვრისთვის, რადგანაც უნდობლობის ერთადერთ მიზეზად  დასახელდა მათი გამოუცდელობა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ განახლებისა და რეგენერაციის გარეშე,  ბუნებრივი სელექციის გარეშე, ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი იწყებს ლპობას და კვდომას. ზუსტად ამ სამწუხარო სურათს ვხედავთ დღეს ქართულ თეატრში და ამ პროცესის წარმმართველი არის კულტურის სამინისტრო, რომელიც უფრთხის  ახალგაზრდულ ძალასა და რესურსს და მთელი ძალით ებღაუჭება  „ტიტულოვან“ ხელოვანებს, რომელთაც მარტივად ჩაიყენებს საკუთარი პოლიტიკური თამაშის ფერხულში, რადგან ასეთია მათი გამოცდილება და ზოგადად დამოკიდებულება თანამდებობებისადმი. ცხადია, პროცესი არის პოლიტიკური და სრულიად უადგილოა აქ თავშეკავება ამ კუთხით შეფასებებისაგან.    კულტურის მინისტრი,  რომელიც ვერ იქნება კვალიფიციური და კომპეტენტური ისეთი სპეციფიკური სფეროს მიმართ, როგორიც არის თეატრი, წყვეტს და განკარგავს მოვლენათა მიმდინარეობას პროფესიონალებისა და სფეროს წარმომადგენლების სრული უგულვებელყოფით, რადგან მისი მიზანი არ აროს შემოქმედებითი პროცესების წახალისება და ხელშეწყობა, მისი ამოცანა სრულიად განსხვავებული დისკურსის მატარებელია. საქმე გვაქვს მართვის მოდელთან, როდესაც  ძალაუფლება ცდილობს კონკრეტული სფერო ჩააყენოს მისთვის სასურველი პოლიტიკური პარტიის სამსახურში და მიიღოს გარანტირებული ელექტორატი. მავნებლობა, რომელსაც ვადევნებთ თვალს, ტოვებს სრულიად უპერსპექტივოდ ახალგაზრდა რეჟისორებს, რომელთა პროგრამები და  სტრატეგია რეალურად წარმოადგენს სათეატრო პროცესის განვითარებაზე ორიენტირებულ გეგმებს. გარდა ამისა, ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციის ასეთი ვულგარული დემონსტრირება, სულ მცირე უხერხულობის განცდას მაინც უნდა აჩენდეს სფეროს შიგნით. უნდა წარმოშობდეს პროტესტის ტალღას და ღიად დაპირისპირების სურვილს ცალსახა უსამართლობის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, თეატრალური საზოგადოება დღეს არ თუ ვერ არის საკმარისად კატეგორიული და უფრო მეტიც, ის დანაწევრებულია, რაც  შესანიშნავი მოცემულობაა მინისტრისთვის განაგრძოს საკუთარი მავნებლური პოლიტიკა. თუკი ყველაფერ ზემოაღნიშნულს გავუსწორებთ თვალს, აღმოვაჩენთ და გავიაზრებთ უმარტივეს ამბავს, რომ დღეს ალბათ ისე, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობის ძალა, რადგან ეს არის ერთადერთი, რითაც შეიძლება აღვუდგეთ წინ სისტემურ მავნებლობას. არა ერთხელ აღინიშნა მწერალთა მაგალითი, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ დაუპირისპირდნენ სამინისტროს. დადგნენ ერთად და არ დათმეს გადაწყვეტილებების სფეროს შიგნით წარმართვის უფლება. აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ თეატრი მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკიდან გამომდინარე ძალიან არის დამოკიდებული მრავალ რესურსზე, მარტივად რომ ვთქვათ, თუკი მწერალს შეუძლია საკუთარ საწერ მაგიდას მიუჯდეს და ამაში მას ვერავინ შეუშლის ხელს, იგივე შესაძლებლობა არ აქვს რეჟისორს, რომლის საწერი მაგიდა არის თეატრის შენობა, არის რეკვიზიტი, არის მსახიობი  და უამრავი სხვა დეტალი. შესაბამისად ეს სფერო პროტესტის დროს იჩენს სიფრთხილეს, მაგრამ დღეს, როდესაც დაგვიჩაგრეს დმანისის თეატრის ახალგაზრდა და ძალიან მოტივირებული ხელმძღვანელი ლაშა ჩხვიმიანი, რომელმაც სოფელ-სოფელ იარა და აგროვა თეატრის მაყურებელი, სტრატეგიული თვალსაზრისით, ასე მნიშვნელოვან რეგიონში, რომელმაც მწირი ბიუჯეტით შეძლო და თეატრალური ცხოვრება გააცოცხლა   მივიწყებულ თეატრში. როდესაც ჩაშლილად გამოაცხადეს ქუთაისის თეატრის კონკურსი, სადაც მიშა ჩარკვიანის მიერ წარმოდგენილი ოთხწლიანი გეგმა ზუსტად ეხმიანებოდა დასაწყისში აღნიშნულ მრავალფუნქციური მნიშვნლობით თეატრის შენობების დატვირთვას, ბიბლიოთეკის, ვიდეოთეკის, საგამოფენო სივრცეების შექმნით თეატრის მაყურებლის მოზიდვას და რეალურად ქუთაისში კულტურული ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. როდესაც ასევე კონკურსის ჩაშლის გზით და კულუარული შეხვედრით დავით ჩხარტიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება გამოთიშვოდა  კონკურსს და დავითი არის ახალგაზრდა რეჟისორი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გორის თეატრს და სხვა რომ არაფერი ვთქვათ, დატოვა ერთი, დიახ, ერთი 18 წლის მაყურებელი, რომელმაც საკუთარი გულისტკივილი წერილობით გაავრცელა  და მერწმუნეთ, ასეთი ობიექტურად კრიტიკული ერთი მაყურებელი გადაწონის იმ გადავსებულ პარტერებს, სადაც ვხედავთ ელიტებსა და ელიტებთან დაახლოებულ  საზოგადოებებს, იქნება ეს ფესტივალები თუ სხვა ღონისძიებები, რომლებიც რეალურად არა წარმოდგენის ხარისხისთვის ან ესთეტიკური სიამოვნებისთვის იკრიბებიან, არამედ ადასტურებენ საკუთარ მნიშვნელობას ღირსშესანიშნავ ღონისძიებაზე დასწრებით. დაგვრჩა მხოლოდ ერთი გზა და სიტყვა სიფრთხილე აქ ნაცვლდება სიტყვით სიმხდალე. დღეს დუმილი სიფრთხილეს აღარ ნიშნავს. დღეს ჩვენ თვალწინ თეატრის სრული გაპარტახება მიმდინარეობს. დაცლილია ჰუმანიზმისგან ეს პროცესი და საშიშია ორიენტირები, რომლებიც უკვე აღარ წარმოადგენს  სიახლეს. ასეთ დროს პასუხისმგებლიანი საზოგადოება მიმართავს ერთიანობის ძალას. გამოსავალი  მხოლოდ გაერთიანებაშია.     კონკურსი გაყალბებულად უნდა გამოცხადდეს,  ყველა განსხვავებულ მხარეს მყოფი  თეატრის კრიტიკოსი დადგეს პოზიციაზე, რომელსაც სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლა ჰქვია, უნდა შეწყვიტონ კონკურსში მონაწილეობა რეჟისორებმა, უნდა გაიფიცოს ყველა დასი, რომლებმაც წერილობით მიმართეს სამინისტროს და მათი თხოვნა დარჩა უპასუხო და სოლიდარობის დიდი ძალით უნდა აღვუდგეთ წინ ნგრევას, ჩაგვრას, დისკრიმინაციულ პოლიტიკას, ავტორიტეტების მონობას, პოლიტიკური კუთვნილებით მინიჭებულ უპირატესობებს. ძალმომრეობით მიღებულ რეფორმებს შეუძლებელია დაემორჩილოს თეატრი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ის კარგავს არსებითად მნიშვნელოვანს, იყოს საზოგადოების ნებისმიერი ფენისათვის ხელმისაწვდომი და საინტერესო, ანუ დემოკრატიული.

 

ვწუხვარ, თუ ვერ დავიცავი თავი პათეტიკისგან, როდესაც შიშველი ხელებით გიწევს ანგრიო კლდე, ერთადერთი რასაც შეუძლია გაგამხნევოს არის შენი ხმაურის ექო. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხმა გაისმება. ეს ხმა იქნება  კატეგორიული და უსამართლობის მიმართ შეუგუებელი.

 

მთავარი ფოტო ასახავს სცენას სპექტაკლიდან "ჰეკაბე" რეჟ. მ. ჩარკვიანი

 


უკან დაბრუნება