Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > შექსპირის სონეტები მოძრაობაში
შექსპირის სონეტები მოძრაობაში

შექსპირის სონეტები მოძრაობაში


10-07-2022, 16:47

 

წლებია მოძრაობის თეატრში დავდივარ. ის ყველა სხვა თეატრისგან განსხვავდება გაცხადებული პრიორიტეტით - მოგვითხროს ფიზიკური სხეულის ენაზე. თეატრს აქვს შესანიშნავი, შემოქმედებითი ენერგეტიკით დამუხტული სივრცე და რაც მთავარია ყავს თანამოაზრეთა ერთგული გუნდი. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როცა ქუჩებში მხვდებოდა პოსტერები “მოძრაობის თეატრი აცხადებს ქასთინგს” - წლების მანძილზე მიზანმიმართულმა ძიებამ გამოიღო ცხადი და უკვე ყველასათვის უდაო შედეგი. მოძრაობის თეატრმა შეძლო არა მხოლოდ ფორმალური ფუნქციონირება, არამედ საკუთარი ინდივიდუალური ხასიათის, ფერის დამკვიდრება ქართულ თეატრალურ ლანდშაფტში.

 

ამას ამტკიცებს თეატრის ბოლო პრემიერა “შექსპირი სონეტები”, რომელიც მიმდინარე წლის 2 და 3 ივლისს შედგა. 50 წუთიანი ქორეოგრაფიული წარმოდგენა იმდენად დინამიური, ატმოსფერული, დახვეწილი და გულშიჩამწვდომია, მაყურებლის ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ დადგმაში ცოტაა პირდაპირი კავშირები შექსპირის ტექსტთან, მისი სულისკვეთება მაინც  მთლიანად გამოხატავს იმ ზოგადსაკაცობრიო, მარადიულ პერიპეტიებს გაჩენის დღიდან რომ გვხვდება ცხოვრების გზებზე.

 

“შექსპირის სონეტები” იწყება სცენით, სადაც დომინანტური მანეკენებია. მოქმედების მიმდინარეობისას აქცენტი გადადის ცოცხალ ადამიანებზე, რომლების საბოლოოდ, სამყაროს უმაღლეს ღირებულებად წარმოგვიდგებიან. სპექტაკლის რეჟისორი და ქორეოგრაფი თეატრის დასის წევრი ლაშა რობაქიძეა. მისი ნამუშევარი გადატვირთული არ არის ზედმეტი რეკვიზიტით, განმეორებებით ან დრამატიზმით. წარმოდგენის ეს ზომიერი ბუნება მიუთითებს დამდგმელისა და შემსრულებლების გემოვნებაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის წარმოდგენაში. აქ მოძრაობის სიფაქიზე, დახვეწილობა ამბის თხრობის მთავარი ისტრუმენტია და მას სხვა დამხმარე მაყურებლის გულსა და გონებამდე მისასვლელად არაფერი ჰყავს. ვგულისხმობ დიალოგს, ვერბალურ კომუნიკაციას, რომელიც ტრადიციულად უფრო მარტივად გადასცემს ინფორმაციას, თორემ ცხადია, რომ ფიზიკურ თეატრისთვის და ამ შემთხვევაში “შექსპირის სონეტებისთვის” მუსიკა შეუცვლელი მედიუმია. სპექტაკლში  ორიგინალური  მუსიკა ჟღერს. ავტორები:  სანდრო ნიკოლაძე, მიხეილ ზაქაიძე, დავით კაკულია, ნატა მიხაილოვნა. მათი ნამუშევარი ორგანულად უკავშირდება ვიზუალურ ნაწილს და მასთან ერთად წარმოადგენს ემოციურ, კონცეპტუალურ მთლიანობას და არა მხოლოდ ფონს მოქმედების შესასრულებლად. 

 

“შექსპირის სონეტებში” მოძრაობის თეატრის მსახიობები თავისუფლების, პლასტიკის მაღალი ხარისხით ასრულებენ ქორეოგრაფიულ ამოცანებს და ქართულ სინამდვილეში ამ მიმართულების პერსპექტივაში გვარწმუნებენ. სპექტაკლში მონაწილეობენ: ლაშა რობაქიძე,  ანი თალაკვაძე, მიხეილ ზაქაიძე, თანო ჩხეიძე, კოტე ლიპარტელიანი, მარი ენგურელი, ნანა ბიბილაშვილი. მსახიობებს აცვიათ ტატო გელიაშვილის მიერ შექმნილი კოსტუმები.  ნეიტრალური, უფრო აღმოსავლური სტილისტიკის სამოსი კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს ზედროულობისა და სამყაროს ერთიანობის შეგრძნებასთან.

 

ასევე, აღსანიშნავია სპექტაკლის სცენოგრაფია (კახა ბაკურაძე), თეთრი ჰაეროვანი ფარდების უკანა კედელი მოქმედებაში მონაწილეობს და ხან მსახიობების ჩრდილებს წარმოადგენს ოპტიკური სახეცვლილებებით, ხან სონეტების დანაწევრებულ  ტექსტს გვიჩვენებს, ხანაც ბოლომდე ფრიალებს და ყოველგვარ ზღვარს შლის ხილულსა და უხილავ სამყაროს შორის.

 

ვფიქრობ, “შექსპირის სონეტები” დიდხანს დარჩება თეატრის რეპერტუარში და მონაწილეობას მიიღებს არაერთ საერთაშორისო ფესტივალში.

 


უკან დაბრუნება