Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
მათთვის, ვისაც ბიჭად დაბადება უნდოდა
მათთვის, ვისაც ბიჭად დაბადება უნდოდა6-02-2023, 16:43 |
ბავშვობაში გული მწყდებოდა, რომ ბიჭად არ დავიბადე. დროსთან ერთად გავაცნობიერე, სქესთან კი არ მქონდა პრობლემა, უბრალოდ მამაჩემის გახარება მინდოდა, რომელსაც, როგორც გავიგე, ჩემს ნაცვლად ბიჭი ჰყავდა ჩაფიქრებული.
ეს ფლეშბექი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისის მესხიშვილის და თბილისის, სამეფო უბნის თეატრებში ნანახ პრემიერებს უკავშირდება. სხვადასხვა ავტორების და შემსრულებლების სპექტაკლებს შორის იმდენი საერთოა, ჩემთვის, მათი ერთმანეთის გარეშე განხილვა, ერთი მოვლენის ცალი თვალით დანახვას ჰგავს. ორივე სპექტაკლი თანამედროვე უცხოურ დრამატურგიას ეფუძნება და პირველად იდგმება. ორივე კომედიაა, რეჟისორები ქალები არიან, და რაც მთავარია, მათი ძირითადი თემა, მაყურებელთან კომუნიკაციის მთავარი მიზეზი, გენდერული საკითხებია.
მესხიშვილის თეატრში პოლონელი არტისტის ანჟეი სარამონოვიჩის „ტესტოსტერონი“ ნინო მაღლაკელიძემ დადგა, ხოლო სამეფო უბნის თეატრში ისრაელელი ჰანა აზულაი ჰასფარის „სინანულის დღეები“, თათა პოპიაშვილმა. პირველ შემთხვევაში სცენაზე მხოლოდ კაცები დგანან, მეორე შემთხვევაში კი ქალები. ყველაფერი რაც სცენაზე ხდება, მთელი მოქმედების კოლიზია, ორივეგან საპირისპირო სქესს უკავშირდება. მაყურებლის თვალწინ გათამაშებული კონფლიქტების მიზეზებს გენდერული საფუძველი აქვს. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება - “ტესტოსტერონში” კაცების დაპირისპირება ქალებთან ღიაა, “სინანულის დღეებში” კი ერთმანეთთან კონფლიქტის ნამდვილი მიზეზები ქალებს გაცნობიერებული არა აქვთ. ჭეშმარიტად სექსისტური ფრაზა რომ მოვიშველიოთ, ქალებთან საქმე უფრო რთულად არის.
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, დროის თითქმის ერთი და იმავე მონაკვეთში ქალი რეჟისორების დაინტერესება ერთნაირი თემებით შემთხვევითი არ არის. სოცმედიაში ჩართულობით ჩვენ ყველანი ვგრძნობთ თანამედროვე საზოგადოების საჭიროებებს და მათ შორის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად გენდერულ შეუწყნარებლობას ვაღიარებთ. ამ საკითხებზე ქართული თეატრი პირველად არ ფოკუსირდება. თეატრების რეპერტუარებს რამდენიმე ძალიან წარმატებული სათეატრო პროდუქტიც ახსოვს. თუმცა ეს ორი დადგმა პირდაპირობით, პრობლემაზე ორიენტირებულობით და ჟანრისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქითაა გამორჩეული. ვფიქრობ, ორივე სპექტაკლის წარმატება ნიჭიერი შემსრულებლების გარდა, სწორედ მწვავე თემების კომედიის ჟანრთან კომბინაციამ განაპირობა.
გაზომვა რომ შეიძლებოდეს, ჰორმონი ტესტოსტერონი, რომელიც სასიცოცხლოდ გადამწყვეტია მამაკაცის ფუნქციების სრულფასოვანი შესრულებისათვის, დარწმუნებული ვარ, ქუთაისში განსაკუთრებული კონცენტრაციით გამოვლინდებოდა. ეს არის ქალაქი,სადაც ძლიერი სქესის დომინაცია იმდენად მაღალია, რომ გოგო შვილების უმრავლესობა მემკვიდრეობის გარეშე რჩება. სადაც, მასკულინური აღქმით ყველა ქალს მსუბუქი ყოფაქცევა აქვს, დედის, ცოლის, დის და ზოგჯერ დეიდის გარდა. მაყურებელმა, რომელსაც სცენიდან უცხო ქვეყანაში შექმნილი ტექსტი ესმის, შეიძლება შვებით ამოისუნთქოს და გაიფიქროს, რომ პოლონურ ტექსტში რადგან ასეა, გამონაკლისი ქუთაისი არ ყოფილაო, მაგრამ როგორც ქუთაისში დაბადებული და საფიჩხიაზე გაზრდილი ქალი, ამ შვებას გაგიქარვებთ და გეტყვით, რომ ჩემი ქალაქი მთელი თავისი არცთუ შორეულ წარსულში განთქმული ქურდული გაგებით, ქალზე ამგვარ წარმოდგენას კიდევ უფრო ამძაფრებს. სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მესხიშვილის თეატრის გადაწყვეტილება ემუშავა ამ პრობლემატიკის წარმოჩენაზე, არის ძალიან დასაფასებელი და აღსანიშნავი მოვლენა. მნიშვნელოვანია, რომ რეჟისორი მსახიობებთან ერთად პრობლემას პოსტკონვენციური მორალის პოზიციიდან გვაწვდის, რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ არავის ზემოდან არ უყურებს, არავინ არავის ჭკუას არ არიგებს. შემოქმედებითი გუნდი მარტივად და ფაქიზად წარმოაჩენს არსებულს, და ამ არსებულში ადამიანური ბუნების სხვადასხვა წახნაგს. ნინო მაღლაკელიძემ, მაყურებელს თავი, ამავე სცენაზე რამდენიმე წლის წინ დადგმული სპექტაკლით ჟ. სიბლეირასის “ქარი ქრის ვერხვებში” დაამახსოვრა. მან პირადად მე გამახსენა რა მხატვრულ სიმაღლეზე შეიძლება ავიდეს ფსიქოლოგიური მეთოდით როლზე მუშაობის შედეგი. ის არის რეჟისორი, რომელიც ეყრდნობა და წარმოაჩენს მსახიობს. მისი გარდასახვის უნიკალურ შესაძლებლობებს. შედეგად ქუთაისის თეატრის სცენაზე პარტნიორის შეგრძნების და მასალის წვდომის მაღალი ხარისხით გამორჩეული და გაერთიანებული სამსახიობო ანსამბლი ვიხილეთ. დღეს თეატრებში თითზე ჩამოსათვლელია ასეთი დახვეწილი შემოქმედებითი პროცესები, და იმ პირობებში, როდესაც კულტურის პოლიტიკით წახალისებული არ არის რეჟისორების საქმიანობაში პროფესიონალიზმი, მდგომარეობის გაუმჯობესება პერსპექტივაშიც კი არ იგულისხმება.
“ტესტოსტერონში” მესხიშვილის თეატრის არტისტებთან ერთად მოწვეული მსახიობებიც არიან დაკავებული: მათ შორის ლექსო ჩემია (მესხეთის თეატრი), ნიკა ძნელაძე (ოზურგეთის თეატრი), ბათუ დეისაძე და აბელ სოსელია (ქუთაისის თოჯინების თეატრი). 7 ძალიან სიმპათიური, ქარიზმატული მამაკაცი საჩოთირო ვითარებაში აღმოჩნდა. მაყურებელი თვალყურს ადევნებს კონფლიქტით დაწყებულ ურთიერთობაში როგორ თანდათან იხსნებიან გმირები, როგორ გადადის მათი დაპირისპირება პირადი ისტორიების გაზიარებაში, რა დროსაც, მათ შორის, ყველასათვის მოულოდნელი კავშირები ვლინდება. სპექტაკლში მაყურებელი არაერთ დაუვიწყარ სცენას იხილავს. გამორჩეულია მამა, სულხან გოგოლაშვილის შესრულებით, ქალებთან ურთიერთობის მდიდარი გამოცდილების გაზიარება მასტერკლასის დონეზე რომ აჰყავს. მისი იურისტი შვილი (ლექსო ჩემია), განსაკუთრებულად კარგი სცენური მეტყველებით, ამტკიცებს, რომ ცოლის მორჩილი კაცი არ არის. მეორე შვილი, და ჩვენს წინაშე ხელმოცარული სასიძო (აბელ სოსელია), მიღებულ სტრესს გლუკოზის დამატებითი დოზებით უმკლავდება. სიძის მეგობარი (იოანე იმედაძე) ინტელიგენტურად ცდილობს ხოლმე ვითარების განმუხტვას და მთელი ამ კომპანიის ორგანულ ნაწილად ქცევას. ოფიციანტი, ნიკა ძნელაძის შესრულებით, საპირისპირო სქესთან ურთიერთობის ინდივიდუალური მეთოდით და მასში საკუთარი უპირატესობის გრძნობით გვამახსოვრდება. გია საღინაშვილი თამაშობს მამაკაცს, ვისაც საკუთარი განათლების მიუხედავად ღირსების დამტკიცება კუნთის დატოლებით წარმოუდგენია, ხოლო ბათუ დეისაძის როკმუსიკოსი, ქალების გაუმაძღრობასა და უმადურობაზე თავისი ვრცელი მონოლოგით, მოძალადედ ქცეულ მსხვერპლად წარმოგვიდგება.
სპექტაკლი კრებს მთელ სტერეოტიპებს ქალების მიმართ კაცების დამოკიდებულების შესახებ. საბოლოოდ კი თქვენ დაგრჩებათ განცდა, რომ მიუხედავად ფიზიკური ძალისა, პირველობის ამბიციისა და ზოგჯერ გაუგებარი და ცინიკური აგრესიულობისა ჩვენს თვალწინ ჯერ კიდევ უმწიფარი ბავშვები დგანან, ვისი გონება და წარმოსახვა იდეალური ქალის შესახებ მოშიშვლებულ, შემფარებელ და შესაძლოა რძით სავსე მკერდს ვერ სცდებოდეს. სწორედ ასეთი ფეტიშების ვიზუალიზაციაა ფინალი, სადაც მაყურებლისთვის კიდევ ერთ მოულოდნელობად და ერთგვარ სიურპრიზად სცენაზე შემოსული ქალის (სოფო ჩირაძე) უზარმაზარი ფიგურა იქცევა. ის, გროტესკული დიზაინის კაბით, განზრახ უტრირებული და აბსოლუტურად კონტრაპუნქტულია მთელი სპექტაკლის სტილისტურ და მხატვრულ თავისებურებებთან. რეჟისორის დამსახურებაა, რომ ასეთი უკიდურესი პირობითობაც კი სპექტაკლის ქსოვილში ორგანულად არის ჩაშენებული, და ჩემი აზრით, რაღაც თვალსაზრისით, ესთეტიკური და კონცეპტუალური ღირებულებების წონასწორობას ემსახურება.
მესხიშვილის თეატრში წარმოჩენილი პრობლემების კავშირი ბავშვობის პერიოდთან, ინფანტილურობის საკითხთან და ზოგადად აღზრდის თავისებურებებთან სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლში “სინანულის დღეები” თითქოს გაგრძელებას პოულობს. ერთად შეკრებილი დები იხსენებენ მშობლებთან გატარებულ წლებს, უპირისპირდებიან და ააშკარავებენ ერთმანეთს. მათი დაუნდობლობა და სისასტიკე გვაფიქრებინებს, რომ უსიყვარულოდ გაიზარდნენ, როგორც არასასურველი ბავშვები. ხოლო იმ მომენტში, როდესაც 8 გოგოს შვილის დედა, კატო კალატოზიშვილის შესანიშნავი შესრულებით, გაიგებს, რომ მის დას სულ მალე გასაზრდელად ბიჭი შეეძინება, საქციელს კარგავს. მაყურებელი ხვდება, რომ ეს ოთხი და მშობლების მიერ ბიჭის ძიებაში გაჩნდა, და ის ფაქტიც, რომ მათი დედა სახლს არც ერთს არ უტოვებს, მემკვიდრედ ქალის არაღიარებას ადასტურებს. ამ დღეების მთელი სინანულიც, ვფიქრობ, ჩემი ბავშვობისდროინდელი სევდის არ იყოს, ბიჭად არ დაბადებას უკავშირდება. აქაც, პერსონაჟებს შორის ურთიერთობა ფსიქოლოგიური თეატრის მეთოდით არის აწყობილი და უმცირეს ნიუანსებამდე გათვლილი. იაკო ჭილაია თამაშობს მომხიბლავ და ძალიან ეჭვიან ქალს, რომელიც საკუთარი ეჭვების სათავეს მისსავე ვნებებში აღმოაჩენს. მაგდა ლებანიძის პერსონაჟი მსუბუქი ყოფაქცევის, თავდაჯერებული ქალია, ვინც კარგად იცის როგორ მიაღწიოს დასახულ მიზნებს, სალომე მაისაშვილი კი ჯერ კიდევ უცოდველი ქალის როლშია. დამწყები კონორეჟისორი საბოლოოდ კარგი ორგანიზატორიც აღმოჩნდება.
ეს ორი სპექტაკლი ერთმანეთთან კომბინაციაში კარგად ასახავს გენდერული შეუწყნარებლობის სათავეებს. გვიხსნის, რომ შეუძლებელია პასუხისმგებლობა მხოლოდ რომელიმე ერთ სქესს ეკისრებოდეს, რომ ყველა კაცი ვისაც არასწორი, სტერეოტიპული, დამახინჯებული აღქმები აქვს ქალებზე, დედების უბეში გამოიზარდნენ. და პირიქით, ქალი ვინც ერთი შეხედვით უკმაყოფილოა საკუთარი მეორეხარისხოვანი არსებობით, სინამდვილეში შინაგანად ემორჩილება შემოთავაზებულ იერარქიას და თავადაც ხელს უწყობს სტანდარტული გენდერული როლების და სტერეოტიპების გამყარებას.
თათა პოპიაშვილმა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დადგმული იბსენის “ჰედა გაბლერით” დაიწყო გენდერული თემატიკის კვლევა. ვფიქრობ, მისი “სინანულის დღეები” პრობლემის მიმართ თავისი არასწორხაზოვანი მიდგომით, ზუსტი და შთამბეჭდავი სამსახიობო ნამუშევრებით არის ამ თემაზე შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი. ასევე, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სამეფო უბნის თეატრის არტისტული შესაძლებლობების უწყვეტი განვითარება. რამდენიმე წლის წინ ამ სცენაზე თითქმის მსგავსი ესთეტიკის სპექტაკლები გვხვდებოდა, დღეს კი რეპერტუარში ერთმანეთისგან განსხვავებული პროდუქტი, სამსახიობო ოსტატობის დიაპაზონის გაფართოების, მრავალფეროვანი მაყურებლის ინტერესის დაკმაყოფილების და ახალი შემოქმედებითი მიღწევების წინაპირობაა.
სტატიაში განხილული ორივე სპექტაკლის ვუზუალური მხარე მორგებულია წარმოსაჩენი გმირების ხასიათს. “ტესტოსტერონში” (სცენოგრაფია და კოსტუმები შოთა ბაგალიშვილი, აჩიკო შამახია) სცენაზე მოსაწევი კაბინეტი და დიდი გაშლილი სუფრა ორი თანაბარი სიმძიმის ცენტრია. “სინანულის დღეებში” (სცენოგრაფია ბარბარა ასლამაზის) მნიშვნელოვან ატმოსფეროს ქმნის უცნობი ფაქტურის დიდი თეთრი ეკრანი, რომელზეც “ქენდი” ფიგურები, დისკო მუსიკის ესთეტიკა და გმირების გამოსახულებები ენაცვლებიან ერთმანეთს. ბოლოს ეს დიდი ეკრანი ამ გმირების ბუნების მსგავსად ადგილ-ადგილ გამჭვირვალე ხდება, თითქოს გვიტოვებს სივრცეს სიღრმეში ჩასახედად და გვაძლევს შანსს, რაღაც უფრო მეტი დავინახოთ ვიდრე ზედაპირზეა.
“ტესტოსტერონის” და “სინანულის დღეების” პოტენციური აუდიტორია ვფიქრობ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი იქნება. თბილისსა და რეგიონებს შორის არსებული შესამჩნევი განსხვავება ღირებულებების მიმღებლობის კუთხით, “ტესტოსტერონს” წარმატებაში ხელს ვერ შეუშლის, რადგან ყველა სხვა ტრადიციასთან ერთად, ქუთაისი ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი იუმორის მატარებელი ქალაქია.
და ბოლოს, დღეს, როდესაც გვაქვს სიტყვის თავისუფლება და შეგვიძლია ყველაფერზე ვილაპარაკოთ, აუდიტორიის ყურადღების ფიქსაცია და მისი ინტერესის გამოწვევა საგრძნობლად გართულდა. მასობრივ ციფრულ ინდუსტრიებთან კონკურენციაში, თეატრი მხოლოდ მაყურებლის საჭიროებაზე ორიენტაციით და აღწერილი სპექტაკლებივით მაღალი ხარისხის პროდუქტით შეძლებს რეალურ ფუნქციონირებას.
უკან დაბრუნება |