Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
მე მქვია ზიპო
მე მქვია ზიპო17-03-2023, 17:24 |
ბნელ კუნჭულში, სადაც სინათლის მკრთალი სხივიც ვერ აღწევს ცხოვრობენ ადამიანები. მათი დანახვა ჩვენ საკუთარ თავს ავუკრძალეთ. ასე უფრო უსაფრთხოა. შიში უკარნახებს ადამიანს, რომ ბნელი კუნჭულის მობინადრეთა გრძნობების თანაზიარი არ გახდეს. შეიძლება, რაღაც საშიში გადაგვედოს, ავიკიდოთ, რასაც შემდეგ ვეღარ ჩამოვიცილებთ, რამდენჯერაც არ უნდა დავიბანოთ. ამ კუნჭულში შმორის სუნი დგას, “ისინი” იმდენად განსხვავდებიან “ჩვენგან”, რომ სუნით ვარჩევთ. კუნჭულში შეხედვა ძნელია, მტკივნეულია, ხომ შეიძლება იქ ჩვენც აღმოვჩნდეთ. “არა, ეს მე არ დამემართება. და რომ დამემართოს?”- ამ შეგრძნებით დატოვა მაყურებელი პაატა ციკოლიამ სპექტაკლით “ზიპო”.
პიესა ბნელი კუნჭულის ერთ-ერთ ბინადარზეა, რომელიც მთელი ცხოვრება პირს აღებდა, უნდოდა ყვირილი, მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა. ჩვენ ჩავუწიეთ მის ხმას დისტანციური ჩამრთველით, ზუსტად ისე, როგორც ერთ-ერთ სურათში გაბრაზებული პოლიციელი ამბობს ტელევიზორზე- “ჩაუწიე ეს დედამოტყნული, გამისკდა თავი”. მისი ხმა გვაღიზიანებდა, გვახსენებდა კუნჭულის არსებობას. ზიპოს გრძელი მაისური და დიდი ზომის შარვალი აცვია, მისი სხეული სცენაზე არ იყიდება. ამან შეიძლება მაყურებელი გააბრაზოს. სხეულში ვერაფერს დავინახავთ. ზიპოს სხეული არ ეტყობა და ასეც უნდა იყოს. ის იმ ხმით იწყებს სცენაზე თავისი წარსულის გახსენებას, რომელიც წაართვეს. “თვალები დახუჭე და აიძულე შენი თავი, რომ ამ ხმას უსმინო”- ამ სპექტაკლზე მისულ მაყურებელს არ დახვდება სანახაობა, წარმოდგენა. ბევრს ვერ იცინებს. სცენაზე ისინი ნახავენ გაბრაზებულ გოგოს, რომელიც მათკენ თითს იშვერს, ჩხუბობს, გვამხელს გულგრილობაში. “რატომ ჩაუწიეთ ჩემს ხმას?!”- ეს იკითხება დარბაზში შესვლისთანავე მეგი კობალაძის თვალებში.
ზიპო ბაზრობაზე ყიდის სანთებელებს. მხოლოდ მაშინ ეძახიან, როცა მის დახლთან ვინმე გამოჩნდება. ეს ართობთ ბაზრობაზე მომუშავე გამყიდველებს, კეკლუცობენ უცებ გაჩენილი მოვალეობის გრძნობით, თავსაც იწონებენ მყიდველთან, რომ აი გამყიდველს იცნობენ.
ზიპოს “ოქსტი” წლის გოგონაზე, რომელსაც ჭუჭყიანი თმა და დამწვარი კანი აქვს, საკუთარი თავი ახსენდება. გოგონა სიამაყით უყვება ზიპოს ძმის სანთებელაზე, რომელსაც ტიტველი ქალი ახატია. ამ დროს ზიპო აბსოლუტურ თვითიდენტიფიკაციას ახდენს მასთან და აი ამ მომენტში ბავშვი სვამს გულუბრყვილოდ შეკითხვას- “შენ ბიჭი ხარ, თუ გოგო? თუ ზიპო კაპიტალისტურ სამყაროში ყველაზე დაჩაგრული სეგმენტია, რომელიც ვერ დაეწია უმრავლესობას გაცხოველებულ სრბოლაში, სექსუალური უმცირესობის წევრიცაა. ამ შეკითხვას მიჩვეულია ზიპო, პასუხიც მზად აქვს. არ იბნევა.
ზიპომ იცის როგორ მოიშოროს თავიდან მამაკაცები, რომლებსაც მასთან სექსუალური ინტერესები აქვთ. ზიპო სილაღითაა დაჯილდოვებული, ასეთ ყოფაშიც კი ახერხებს მარტივი დეტალების დაფასებას. მაგალითად იმის, რომ მესამე სართულზე, სადაც ის ცხოვრობს, ფსლის სუნი არ დგას. “საკაიფო” მატრასი აქვს, რომელიც ვიღაც “მელეხმა” გამოაგდო გარეთ და ერთი თვე ეგდო ხელშეუხებლად. ზიპო ამას ხაზს უსვამს მოყოლისას, რომ არ დავაბრალოთ ქურდობა. თითქოს სულ თავს იმართლებს, მისი არსებობის ლეგიტიმაციას ითხოვს ჩვენგან. “კი, ღირსი ხარ, რომ ისუნთქო; ჰაერი ყველასია.”- ესღა დავუტოვეთ ზიპოს.
ის სიამოვნებას იღებს ზემოთ ნახსენები კუნჭულის აღწერით. “ აი მასაც აქვს სივრცე, სადაც ცხოვრობს”. ქვემოთ ბუღალტერიის კაბინეტია, სადაც “ინტერნეტია და რამე”, ზიპო არცერთ მონაკვეთში არ იცოდებს თავს, პირიქით გვიმტკიცებს, რომ “მერე რა, კუნჭულში საკაიფოდ ცხოვრობს”. ის იმპულსურია, აფთიაქში შუშა ჩაამტვრია სიბრაზისგან, ამის გამო ზიპო დაისჯება და პოლიციის განყოფილებაში მოხვდება. იქ სახასიათოა ფორმიანი, რომელმაც წერა არ იცის და ვიღაც “შევჩენკოს” სთხოვს დახმარებას. განყოფილებაში ერთმა ფორმიანმა იცის მხოლოდ წერა, რომელსაც ჩაბარებული აქვს აქტის გამოწერის პასუხისმგებლობა. “შევჩენკოა მართლა ეს?”- ზიპო პოლიციელთანაც კი ცდის გაშინაურებას, მაგრამ მისი სილაღე ფორმიანისთვის გაუგებარია. “ფორმიანი”- რა სწორი სიტყვაა, ადამიანები, რომლებსაც ფორმა აცვიათ კეკლუცობენ თავისი პატარა ძალაუფლებით და, თუ ამ დომინაციის გამოხატვის საშუალება ეძლევათ, ხდებიან სასტიკები. მშიშარა ფორმიანები, რომლებიც თავს იცავენ გულგრილობით.
პიესა მრავალ სეგმენტს მოიცავს. მაგალითად სახასიათოა “ტუსოვშიკი”. ზიპო აღმოჩნდება ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე. გადაიპარება. ისევ ფორმიანებთან უწევს საქმის დაჭერა. აქ პიესის ავტორი ირჩევს თხრობის ძალიან სპეციფიკურ ფორმას. ზიპოს ტექსტი არ გვესმის, მხოლოდ “ტუსოვშიკის” პასუხებით ვაგებთ ჩვენს წარმოსახვაში დიალოგს. მეგი კობალაძე ასრულეს ურთულეს დავალებას და სპექტაკლის შუა ნაწილში იცვლის პერსონაჟს. “ტუსოვშიკი” დამცინავი, აროგანტული, სნობი და საშინლად გულგრილია. ისიც გარკვეული ნაწილის სახეა, რომლებიც ამაყობენ გარე უბნელთან კომუნიკაციის უნარით, თავს იწონებენ სამსახურით, “ჩვენ აქ ყველა ვმუშაობთ”- ეს ფრაზა ზიპოსთვის შეხსენებაა იმ უფსკრულის, რომელიც მათ შორის დგას. ზიპო ფესტივალზე გაამხელს, რომ ჰომოსექსუალია, გოგო შეყვარებული ყავს. “მერე რაა, ჩვენთან მოსულა”- სასტიკი ირონიით ამხელს პიესის ავტორი საზოგადოების ნაწილს, რომელიც უმცირესობებისადმი ავლენს პასიურ დისკრიმინაციას. “ტუსოვშიკი” ვერასდროს იქნება შემწყნარებელი, ემპათიური. ის სავსეა გულგრილობით, რომელიც დაბადებამდე კლავს ზიპოს.
სექსუალური შევიწროვება ბუღალტერიის ოთახში სპექტაკლში ვხვდებით ეპიზოდს, სადაც ზიპო ქალების პორნოგრაფიაზე მასტურბირებს. ამ დროს მის სივრცეში შეიჭრება უცხო ადამიანი, ვინმე დათო კანფეტებიდან, რომელიც “სულ ხედავს ზიპოს, თუმცა, ზიპო ვერ ხედავს მას”. “რას აკეთებდი?”- ეს ნიშნის მოგებით დასმული კითხვაა ქალისადმი პატრიარქალურ კულტურაში. ზიპო “აკეთებდა”, რაღაც აკრძალულს, დაუშვებელს, სამარცხვინოს. ამას კარნახობს სოციუმი ზიპოს. მას სურს აითვისოს მასკულინურობა, ამიტომ აცვია ასე “ბიჭურად”. დათოს შემოჭრა აშინებს, უკან იხევს, სხეულს, რომელიც არ უჩანს, კიდევ უფრო მეტად იფარავს, მაგრამ ვეღარაფერს შეცვლის. ის დაინახეს მაშინ, როდესაც იყო ყველაზე შიშველი, მოწყვლადი და მაინც შეძლეს ეს უფორმო სხეული გამხდარიყო მასკულინური მზერისთვის სასურველი საგანი.
მთავარი მოძალადე- დედა ზიპო სახლში აღარ მიდის, რადგან არ უნდა დედის საყვედურების მოსმენა. დედა ზიპოში დანაშაულის გრძნობას აღვიძებს, აბრალებს მამის საფლავის დაკარგვას, უყურადღებობას, უსიყვარულობას. დედა ნათლავს მას უბედურ ქალად და აიძულებს ეს იგრძნოს თავადაც. “შენი ბრალია!”- მიმართვა ზიპოს არაფხიზელ მდგომარეობაში მძაფრად ახსენდება და პასუხობს-“მახინჯი ვარ დედა”. დედისთვის ვერასდროს იქნებოდა ზიპო საკმარისი, ყოველთვის მოუძებნის ნაკლს, შეადარებს ქმარს, რომელიც არ უყვარდა. ისიც მსხვერპლია ჩვენში გამეფებული ძალადობის, რომელიც რა მომენტში იჭრება ადამიანში ვერც კი ვხვდებით.
როდის გახდა ჩემიიძმა მკვლელი? მივადექით საბოლოო კითხვას, რომელიც დამრჩა სპექტაკლის ნახვის შემდეგ. ზიპო დათოს დაუმეგობრდება. მასში ამოიკითხავს საკუთარ თავს. დათო კანფეტებში, ზედა რიგში მუშაობს. ისიც კუნჭულის ბინადარია. დათოს ინტერესი ამ ურთიერთობაში ეაკულაციის მიღწევაა. ზიპო მაინც რჩება ადამიანის კეთილსინდისიერების მორწმუნედ და ფულს დათოს ჩააბარებს, რომელსაც დათოს მეგობარი, ზვიადი გამოიყენებს. “როგორ შევცდი”- ეს ფრაზა ზიპოს ერთადერთი დაჩივლებაა პიესაში. ის არ უბრაზდება დათოს, პირიქით, ეცოდება. “აღარ შეგეძლო ჩემი ტანჯვის ყურება და ამიტომ დამარტყი დანა?”. ზიპო სიკვდილის მერეც კი რჩება გულგრილი ადამიანებისადმი ემპათიური. ის იყო თავიდანვე განწირული, გარიყული, უხმო, უარყოფილი. “ზურგში დანით დავიბადე”, ზიპო პატიობს “ჩემიიძმას” მკვლელობას. უბრალოდ, გული სწყდება საკუთარ თავზე, იმაზე, რომ სუსტ ადამიანთან დაიჭირა საქმე. თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ დათოს სისუსტე, საცოდაობა ერთ დღეს აუცილებლად გადაიქცეოდა ბოროტებად. სპექტაკლის ბოლოს რეჟისორი ადგა სკამიდან და ზიპოს პროტოტიპის ფოტო მაყურებელს სახეში ააფარა. ძალიან ახლოს მოვიდა, ეს თან ფოტო იყო, თან სარკე, რომელმაც ჩვენი გულგრილობა აირეკლა.
სპექტაკლიდან გამოსულს ახალგაზრდა ბიჭების ხმა მომესმა, რომლებიც გააღიზიანა “ცუდმა” სიტყვებმა. მათზე იმოქმედა არა ტრაგედიამ, რომელიც სცენიდან მკვდარმა ზიპომ მოგვიყვა, არა გაცხოველებულმა, საცოდავმა ზვიადიმ, რომელმაც ზიპო დაჩეხა, არა გაშეშებულმა დათომ, რომელიც უძრავად იდგა და უყურებდა მკვლელობას, არამედ ხშირად გამეორებულმა გინებამ. ვფიქრობ ეს ზუსტად აშიშვლებს საზოგადოების პრობლემას, რომელიც მიეჩვია ძალადობას. “მიჩვევა”- იქნებ სწორედ ამან მოკლა ზიპო. დასასრულს მინდა ვისაუბრო მეგი კობალაძეზე, რომელიც თავისი ტემპერამენტით, ენერგიით გაჯადოებს, გატყვევებს. ის ამ სპექტაკლში თამაშობს რამდენიმე პერსონაჟს. მარტო ახერხებს წარმართოს დიალოგი. სურათში “ბიო და დანაშაულის გრძნობა” მსახიობი ზუსტად გადმოსცემს შეშლილობის მდგომარეობას. სხეული ეკრუნჩხება, საკუთარი ტანიდან ცდილობს თავის დაძვრენას. ის ამ ეპიზოდში არ თამაშობს, არამედ ფიზიკურად განიცდის. ეს არის მომენტი, როცა იშლება ზღვარი მსახიობსა და პერსონაჟს შორის. მეგი კობალაძე ახერხებს, რომ შუა სპექტაკლის დროს დალიოს წყალი და დარჩეს ზიპოდ. ამ მოქმედებას, რომელიც არ წერია პიესაში, მეგი ასრულებს ზიპოს სხეულით და წამითაც არ ქმნის მაყურებელში დაბნეულობას თუ უხერხულობას. მეგი კობალაძე ლაპარაკობს იმ ხმით, რომელიც კუნჭულის ბინადრებს მოვპარეთ.
და მაინც, როდის გახდა “ჩემიიძმა” მკვლელი? ვფიქრობ მაშინ, აი იმ მომენტში, როცა ძალადობა გავხადეთ იმდენად ბუნებრივი და მისაღები ჩვენთვის, რომ აღარც კი გვაღიზიანებს.
ფოტო: ანა დავარაშვილი, ჯუდა-ხატია ფსუტური უკან დაბრუნება |