Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
სიზმრები სინანულისანი
სიზმრები სინანულისანი31-03-2012, 19:58 |
გვანცა გულიაშვილი
”დრო არ არსებობს და მასში გადაადგილება ბიო-ზელდა ბირთვის საშუალებით ხდება...” გენიალური ალბერტ აინშტაინის ამ თეორიას ახალგაზრდა მეცნიერ გამომგონებელი გიორგი გორგაძე რეალობად აქცევს. ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში ილიაუნის თეატრის მოკრძალებულ სცენაზე რეჟისორი ოთარ ეგაძე თვით მეფეს აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა შირვან-შა და შაჰინშა დავით ბაგრატის-ძე IV -ს აბრუნებს.
”სიზმრები სინანულისანი” საბჭოთა კინოლეგენდის ლეონიდ გაიდაის ფილმის ”ივან ვასილისძე იცვლის პროფესიას” გადმოქართულებული ვერსიაა. ფილმი აგებულია მიხეილ ბულგაკოვის პიესის მოტივებზე. ქართულ რეალობაში კი სცენარი ბასა ჯანიკაშვილს ეკუთვნის, თუმცა რეალობა ამ სპექტაკლში მხოლოდ პირობითობაა, რადგან სცენაზე ფანტასმაგორიული კომედია თამაშდება. სპექტაკლის სცენოგრაფია მინიმალისტურ დეკორაციაზეა აგებული: ერთი მოძრავი სცენა, ხან ახალგაზრდა გამომგონებლის სახლს წარმოგვიდგენს- დავით აღმაშენებლის 12 ნომერში და ხანაც მეთორმეტე საუკუნის საქართველოს სამეფო კარს. სცენის სიღრმეში გაჭიმულია მოძრავი კედელი, რომელიც სიმბოლურად გვახსენებს ფრაზას ”კედელი მხოლოდ მოჩვენებაა” და ის ყოველი ახალი სცენის დაწყებისას ქრება და კვლავ ჩნდება. სცენის ზემოდან დამონტაჟებულია მონიტორი, რომელზეც მსახიობი აკაკი ხიდაშელი კითხულობს დავით აღმაშენებლის ”გალობანი სინანულისანიდან” ნაწყვეტებს. მას ენაცვლება კადრები გაიდაის ცნობილი ფილმიდან. ამ მონაცვლეობას კი უშუალოდ სპექტაკლის პერსონაჟები პულტის მეშვეობით ახორციელებენ, რაც ასევე სიმბოლურია. ( სცენოგრაფია გიორგი ურიდიას ეკუთვნის). ახალგაზრდა მეცნიერი მიხეილ გორგაძე (მსახიობი ნიკუშა გიორგაძე) გამუდმებით საკუთარ კომპიუტერს უზის და მტკიცედ სჯერა, რომ დროში მოგზაურობა სავსებით რეალური და შესაძლებელია. მისი მსახიობი მეუღლე (მარი კალატოზიშვილი), გამომგონებლის გატაცებას არაფრად აგდებს და ცნობილ კინორეჟისორზე ცვლის უყურადღებო და მისთვის ესოდენ უინტერესო ქმარს. ახალგაზრდა მეცნიერი აკადემიური სიმშვიდით ხვდება ცოლის გადაწყველტილებას და ბილეთის ფულსაც კი თავად აძლევს. პირველივე სცენიდან ცხადია, რომ ფილმის სრულ ანალოგიასთან გვაქვს საქმე. პარალელების გავლება ამ შემთხვევაში უადგილოა, რადგან სპექტაკლი შეიძლება ითქვას, რომ ფილმის კოპირებას ახდენს, ნიუანსების დონეზეც კი. დავით გიორგის ძე ყივჩაშვილი ამხანაგობის თავჯდომარე გახლავთ,რომელსაც მსახიობი ზუკა პაპუაშვილი წარმოგვიდგენს. ის საქმიანი ნაბიჯით მოძრაობს სცენაზე, იყენებს ინგლისურ რეპლიკებს, იღლიაში ბლოკნოტ ამოჩრილი და სპორტულ სამოსში გამოწყობილი, სამეზობლოს ჭორ-მართალს არკვევს, თან ლიფტის ფულსა თუ სხვა სამეურვეო საკითხებს აგვარებს და ამაყობს საკუთარი წარმომავლობით. ის ხომ ბაგრატიონთა შთამომავალია, რასაც თავადვე ამტკიცებს და ამის საილუსტრაციოდ, დავით აღმაშენებლის ფოტო სურათით დადის, რათა ყველას უჩვენოს თუ როგორ ჩამოგავს დიდებულ მეფეს. დავით ყივჩაშვილი, ხელისუფლებაზე შეყვარებული, მუდამ საქმიანი და კომიკური ფიგურაა, ისევე როგორც მისი მეგრული წარმომავლობის მეუღლე. ამ შემთხვევაშიც ფილმთან იდენტურობა იმდენად თვალშისაცემია, რომ მონიტორი რომელზეც ნაწყვეტები გადის კარგავს ყოველგვარ დატვირთვას, ყოველი მომდევნო სცენის გათამაშებისას ფილმის კადრები ავტომატურად ილუსტრირდება მაყურებლის ცნობიერებაში. ეს შეიძლება სცენოგრაფიისა და რეჟისორული ჩანაფიქრის ტავტოლოგიადაც ჩაითვალოს. შ.პ.ს. ”ჯანმრთელი კბილის” დირექტორი გურამ გვილავა ახალგაზრდა მეცნიერის მეზობელია, მათ ერთი კედელი ჰყოფთ. ბატონი დირექტორი (დავით ველიჯანაშვილი) პედანტური იმიჯითა და მეგრული აქცენტით შეძრწუნებულია, რადგან მისი ბინა ”გაქურდნენ” და ფულთან თუ სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად მისი საამაყო ჯილდო ”ოქროს ღრანჩიც” ხელს გააყოლეს. მძარცველი კი ზაალ ციციშვილია (მსახიობი დავით გიგოლაშვილი). ტიპური აფერისტი და დაოსტატებული მძარცველი, რომელიც კვალს არასოდეს ტოვებს და წინასწარ მომარჯვებული შავი ხელთათმანით სუფთად ასრულებს ”საქმეს”. ვიდრე დაზარალებულისა და მძარცველის პრობლემა გადაიჭრება ახალგაზრდა მეცნიერის ბინაში გენიალური აღმოჩენა ამოქმედდება და ამხანოგობის თავჯდომარის თვალწინ ჯერ მზიდი კედელი გაქრება, ზაალი მიხეილ გორგაძის ბინაში აღმოჩნდება, ხოლო შემდეგ ორივე ერთად მეთორმეტე საუკუნის საქართველოში გადაინაცვლებენ, სადაც მეფე დავითი თავის გადამწრეთან ერთად მშვიდად მოკალათებულა სამეფო სავარძელში. მეფე დაუპატიჟებელ სტუმრებს ოცდამეერთე საუკუნიდან ეშმაკეულად ჩათვლის და მათ გასადევნად მახვილს შემართავს, თუმცა მოულოდნელად მათზე დადევნებული გამომგონებლის ბინაში ამოყოფს თავს. კვანძი შეკრულია, დროის მანქანა ამოქმედებული.
სპექტაკლის თანმიმდევრობა, როგორც უკვე, არაერთხელ აღინიშნა, ზუსტად მიჰყვება ფილმის სიუჟეტს, ამიტომ მაყურებლისათვის, ვისაც ეს ფილმი უნახავს (ასეთი ალბათ დარბაზში ბევრია ) ცოტა დამღლელი და მოსაწყენია, თუმცა სპექტაკლის სწრაფი ტემპორიტმი და კომიკური სცენები გარკვეულად ანეიტრალებს ამ მხარეს. რუსთაველის თეატრის მსახიობი ზუკა პაპუაშვილი, უდავოდ, წამყვანი პერსონაჟია სპექტაკლში და არა მხოლოდ ცენტრალური გმირის გამო, არამედ შესრულების მანერითა და ოსტატობით. ის ერთნაირად საინტერესოდ ქმნის, როგორც მომაბეზრებელი ამხანაგობის თავჯდომარის სახეს, ისე დიდ ქართველ მეფეს, რომელიც კიდევ უფრო დიდ გაუგებრობაშია მოხვედრილი. აღსანიშნია, დავით ველიჯანაშვილისა და დათო გოგოლაშვილის კომიკური სახეებიც. მსახიობი კახა გოგიძე კი ყველაზე საინტერესო და სასაცილო ფიგურაა: კინორეჟისორი კაშნეთი და მაგარი ”ელი”-თ მოსაუბრე, ზომიერი მანერულობითა და კომიკური ინტონაციებით, უდავოდ, იწვევს დარბაზის აყოლიებას. ახალგაზრდა და შედარებით გამოუცდელ მსახიობთა სისუსტეებს, ერთგვარად, ფარავს ზემოთ ჩამოთვლილი სამსახიობო შემადგენლობა და კომედიური სიმსუბუქეც მათ სასიკეთოდ მუშაობს, თუმცა უნდა ითქვას, რომ დამწყებ მსახიობთა ოსტატობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ამას მოყვარული მაყურებლის თვალიც ადვილად ამჩნევს. ბუნდოვანია და დამაბნეველი სპექტაკლის მხატვრული მხარე, მსახიობთა კოსტიუმები, დედოფალი გურანდუხტი უგვირგვინოდ და უჩიხტიკოპოდ, სრულიად არადამახასიათებელი კაბით შემოდის სცენაზე სეფე ქალებთან ერთად, მათი ვიზუალი ადრე შუასაუკუნეების ევროპულ სამეფო კარს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე 12 საუკუნის საქართველოს. იქნებ სიმბოლურიცაა, მაგრამ უთუოდ შესამჩნევი მეფე დავითის თავზე თხელი რგოლი, რომელიც სავარაუდოდ გვირგვინს წარმოადგენს და სულაც არ ჰგავს ქართველთა უდიდესი მონარქის სამეფო ატრიბუტიკას. სპექტაკლის კონცეფციასა და აქტუალობაზე ძნელია საუბარი, თითქოს არის მცდელობა, თანამედროვეობასა და წარსულს შორის პარალელებით მოხდეს ჩვენი რეალობის ირონიზირება, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ბოლომდე მიიღწევა. მხოლოდ კომიკური დიალოგებით და სუსტი შეფასებებით ბუნდოვანი რჩენა სპექტაკლის ქვეტექსტი, ან იქნებ სულაც არ აქვს სპექტაკლს ღრმა ქვეტექსტი და მოხოლოდ მაყურებლის გართობა-გახალისებაა მთავარი სათქმელი?! სუსტია ქორეოგრაფიული მხარეც, მეფე დავითის სპა, რომელიც როკვით ცდილობს წარმოადგინოს ეშმაკეულთან ბრძოლა ხშირად, სრულიად გაურკვეველი მოძრაობებით, სცენაზე უკონტექსტო შემოვარდნებით შემოიფარგლება. დროის მანქანა კვლავ უნდა ამოქმედდეს, მეფე სასახლეს, ხოლო ამხანაგობის თავჯდომარე საკუთარ სახლს უნდა დაუბრუნდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ისტორია სავალალოდ შეიცვლება. საბედნიეროდ, გამომგონებელი მეფის ბეჭედს დაალომბარდებს, გასაღებს გააკეთებს და მანქანაც ამოქმედდება. განსაკუთრებით პათეტიკურ-კომიკურია ფინალური სცენა: დავით მეოთხე არყის ჭიქით ხელში ახალგაზრდა მეცნიერთან ერთად საქართველოს სადღეგრძელოს წარმოთქვამს და უკან მეთორმეტე საუკუნეში გადაინაცვლებს. ბოლო დროს, ხშირად საუბრობენ თანამედროვე მაყურებლის გემოვნებაზე, რომელიც თეატრისგან მხოლოდ გართობას და სიცილს მოელის, ეს მაყურებლის უფლებაა, მას სურს განიტვირთოს და ამაში დასაძრახიც არაფერია. ”სიზმრები სინანულისანი” სწორედ ის სპექტაკლია, რომელიც ბევრს აცინებს თანამედროვე მაყურებელს, თუმცა მისი მხატვრული ღირებულება აკადემიური და მით უფრო, წარსული შთაბეჭდილებებით დატვირთული პუბლიკისათვის მხოლოდ ცხადი სინანულის მომგვრელი იქნება.
უკან დაბრუნება |