Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > ჩემი ბავშვი ხარ!
ჩემი ბავშვი ხარ!

ჩემი ბავშვი ხარ!


25-09-2023, 13:12

ხელოვნება   ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკური, როდესაც მათ შორის  მიჯნასა თუ სხვაობაზე გვესაუბრებიან, უნდა ვიცოდეთ, რომ გვაბოლებენ, ან დიდი შიში ალაპარაკებთ. იმ გავლენის და შესაძლებლობების შიში, მხოლოდ ხელოვნებას რომ გააჩნია და შესაბამისად, ყველა დროს ყველა არაკეთილსინდისიერი ხელისუფალი ცდილობს დაიმორჩილოს ხელოვნება და აქციოს  საკუთარი ინტერესის გამტარებლად.  არასდროს დამიწყია წერა ასეთი ბანალური და მოსაწყენი შესავლით, მაგრამ ბოლო დროს ყველა, ვინც აღმოვჩნდით სისტემის წინაღმდეგ ბრძოლაში ჩაბმულები, ვეღარაფერზე ვახერხებთ კონცენტრირებას, გარდა იმ წარმოუდგენელი წნეხისა, რომელშიც დღეს არის ხელოვნება და ამიტომაც ვერაფრით ავუქცევდი გვერდს საერთო კონტექსტს. ვერ ვისაუბრებდი ამ კონტექსტის გარეშე ზუგდიდის თეატრის ძალიან კარგ წარმოდგენაზე.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი  უამრავი დაბრკოლების და წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ შორის ხარვეზებისაც, რომლებზე საუბარსაც არასდროს მოვრიდებივარ , იქცა რეგიონალური მასშტაბის პროდუქტად. დღეს ჩვენ გვყავს ქალქაში ტურისტები, რომლებიც საგანგებოდ ამ ფესტივლისთვის სტუმრობენ თბილისს. ქართული თეატრი პირდაპირი  გადაიქცა პარტიული პროპაგანდის ორგანოდ. სახელმწიფო თეტრების ხელმძღვანელებად ჩვენ ვიხილეთ მხოლოდ პირადი და პოლიტიკური ნიშნით შერჩეული თუ გათავისუფლებული კადრები.   თეატრის კრიტიკის სახელით იკადრეს და თქვეს, რომ თუ ხელისუფლებასთან ვერ ალაგებ საქმეს, არც უნდა იყო თეატრის ხელმძღვანელი.  ამ მოცემულობაში თეატრალური ცხოვრება სექტემბრის თვეში ფესტივალით იწყებს გაცოცხლებას და ყველა ძალით ცდილობს, გათავისუფლდეს  რეჟიმის მარწუხებისგან და მივიდეს მაყურებლამდე.  ესაუბროს,  უამბოს, შესჩივლოს, გააგებინოს მას, რომ ხელოვნების იდეას პოლიტიკურ პროპაგანდამდე ვერავინ დაამცირებს ხანგრძლივად . ეს მხოლოდ მორიგი რთული ეტაპია ჩვენი სფეროსთვის.

ბოლო რამდენიმე წელია თანამედროვე ქართული თეატრი მუდმივ ძიებაშია. ექსპერიმენტით დაწყებული მცდელობები უკვე იძენს მიმდინარეობის სახეს და მაინც, ეს ჯერ მხოლოდ პროცესია, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგს, როცა დიდი განახლება გარდაუვალი იქნება. ამ ფონზე ზუგდიდის, შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლაშა შეროზია დგამს ამერიკელი დრამატურგის, მარშა ნორმანის კლასიკურ დრამატულ ტექსტს-„ღამე მშვიდობისა, დედა.“ პიესა თარგმნა ნინო სურამელაშვილმა.  ფესტივლის ქართული პროგრამის ფარგლებში სპექტაკლს თუმანიშვილის თეატრმა უმასპინძლა.

სოციალური მედიის უზარმაზარი დოზით შემოჭრამ ყოველდღიურობაში, ტაბუირებული თემებისადმი საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულების მკვეთრი ცვლა გამოიწვია. ჩვენ, ფაქტობრივად,   სოციალური სივრცე გვთავაზობს უამრავი  უცხო ოჯახის უმძიმეს ისტორიას და გვინდა ეს თუ არა, ვხდებით თანამონაწილე, ან თუნდაც გამზიარებელი სხვათა  ტრაგედიებისა. ამან, ცხადია, მოაჩლუნგა ჩვენი მგრძნობელობა, ემპათიაც და თითქოს იქცა რუტინულ ყოველდღიურობად. ძალიან შორს წაგვიყვანს იმაზე მსჯელობა, თუ რას აღარ უკავშირებენ სისასტიკის ასეთ მასშტაბურ ზრდას სხვადასხვა ფილოსოფიური თუ რელიგიური თვალსაწიერიდან, ამიტომ ამოვდებ აღვირს ცხენებს და დავუბრუნდები სპექტაკლს, რომელიც გვიამბობს დედისა და შვილის შესახებ. იქნებ ეს მხოლოდ ყველაზე ზედაპირული და პრიმიტიული განსაზღვერბაა ამ პიესის და წარმოდგენის შემთხვევაში.

ადამიანის ინსტინქტთა შორის გამრავლების ინსტინქტი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, რითაც შესაძლებელია სიკვდილთან გამკლავება, რომელიც, ასევე ერთადერთია, რაც გარდაუვლად ვიცით რომ მოგველის. შთამომავლობა, რომლებსაც დავტოვებთ ამ რეალობაში, როგორც მარადიულ ხსოვნას  ჩვენივე არსებობის შესახებ. კაცობრიობის ევოლუციის არც  ერთ საფეხურზე ამ სურვილმა არ დაკარგა ძალა და მნიშვნელობა. არ ვიცი მთვარეზე გადასახლების შემდეგ ისევ იქნება თუ არა აქტუალური გვყავდეს წყლის მიმწოდებელი, დამტირებელი, კუბოს ამწევი, კერიის არ გამციებელი, გვარის გამგრძელებელი, მემკვიდრე თუ სხვა, მაგრამ დღეს, 21-ე საუკუნეში, ელექტრო მანქანით მოსიარულე, ოკეანის გადაღმა ტელეფონით მეგობართან მოსაუბრე და კრეპტო ვალუტით გატაცებული ადამიანი, მისეირნობს და ფიქრობს, რომ ერთ დღესაც მას ეყოლება ბავშვი, თავისი ბავშვი, საკუთარი ბავშვი.

ამ ბავშვმა, რომელიც ჯერ მხოლოდ ჩვენს ფიქრსა თუ ოცნებაში არსებობს, რომლის საჭიროებასაც უპირველესად სოციუმი გვაიძულებს, რადგან თუ მშობელი არ ხარ, რაც გინდა იყავი, შენი წარმატება მაინც ალმაცერად საცქერია, ჯერ არ იცის თუ რამდენი აქვს ჩვენგან გადასატანი. ყველა ჩვენი განუხორციელებელი სურვილის, პერვერსიული მისწრაფების, არაცნობიერში დალექილი ტკივილის, შეკავებული ყვირილის, სიზმრად ნანახი უცხო ზმანებისა თუ ზღაპრიდან ცხადში გადმოსული ილუზიის სანაცვლოდ უნდა აგოს პასუხი.  და რამდენიც უნდა იხუმრონ ლუი სი ქეიმ და ჯორჯ კარლინმა მშობლების ძალმომრეობაზე, საკუთარ ე.წ. სფიჩებში, ჩვენ მაინც გვაქვს მოთხოვნები და გავიცინებთ, მაგრამ მათზე უარს არ ვიტყვით.  თავი უნდა დაიჭიროს დაბადებიდან ერთ თვეში, კბილი უნდა ამოეჭრას მეექვსე თვიდან, უნდა გაცოცდეს მეცხრე თვეში, ხოლო მეთორმეტე თვეს  უნდა დაგიძახოს-დედა! იქამდე კი ვიდრე გეტყვის ღამე მშვიდობისას, გაივლის ძალადობის ყველაზე შემზარავ გამოცდილებას. გეშინოდეს მზრუნველი ხელის! ჩვენ ჩვენს ბავშვებს, მათ, ვისაც არასდროს ჰქონიათ არჩევანი, დაბადების დღეებზე ვეტყვით-გმადლობ, რომ მე ამირჩიე. და რაკი მე ამირჩიე შენ ივლი მუსიკისა და ცეკვის, ხატვისა და ტანვარჯიშის, უცხო ენებისა და მხატვრული კითხვის წრეებზე. ქანცგაწყვეტილი დაბრუნდები სახლში, შეჭამ შენივე სიკეთისთვის მომზადებულ ბოსტნეულის წვნიანს და სასწრაფოდ შეუდგები გაკვეთილების მომზადებას. მე შენ წაგახალისებ სხვადსხვა ჯილდოებით. შეგაქებ ჩემს სოციალურ გვერდზე, მივიღებ უამრავ კომპლიმენტს, როგორც საუკეთესო მშობელი და მერე რა თუ ეს შენი ჯილდო შენთვის არაფრის მომცემია, სამაგიეროდ ისევ მიირთმევ საჭიროზე მეტ ტკბილეულს და ეზოში ჩასულიც ხშირად   ხარ თალს მიფარებული და მე გპატიობ ამას. ისევე, როგორც ყველა  გატეხილ ღამეს, შენი ავადმყოფობისას განცდილ შიშს, ჩახველებისას ჩემს სხეულზე ათასი ნემსის ერთად შერჭობის განცდას და ასე გაგვაქვს თავი, რუტინაში ჩაკარგულებს, სოციალური ნორმით, მკაცრად დადგენილი ჩარჩოს ფარგლებში, ვართ ყველასათვის მისაღები და ღირსეული დედა-შვილი.  ერთ საღამოსაც, ერთ მორიგ ჩვეულებრივ საღამოს, შენ მეტყვი -ღამე მშვიდობისა, დედა და გამოკრავ სასხლეტს თითს. მაგრამ იქამდე ჩვენ გავიხსენებთ, როგორ არ გვიყვარდა ერთმანეთი, როგორ არ ვუსმენდით, როგორ არ ვზრუნავდით და ისიც კი არ ვიცოდით, რომ ერთ პატარა და მყუდრო ბინაში,  ცხელი შოკოლადის მზადებისას, ორივე ვიყავით სრულიად მარტო. 

მარშა ნორმანის პიესა გვიყვება ამბავს  დედა-შვილის შესახებ. არაფრით გამორჩეულ სასტუმრო ოთახში, რომელსაც  მხატვარი თამარ ჭავჭანიძე ერთფეროვნებისა და დამღლელი უინტერესობის კიდევ უფრო ხაზგასასმელად, ნაცრისფერ ტონში წარმოგვიდგენს. კარგად მოვლილი, დალაგებული და დასუფთავებული ბინა პატარა ტელევიზორითა და დიდი უსიცოცხლობით. სპექტაკლის დაწყებისას თითქმის გაუაზრებლად შემოდის მაყურებელში უსაშველოდ მოწყენილი გარემოს სევდა და შესაძლოა, სურვილიც გაგიქრეს  ბოლომდე დარჩე წარმოდგენაზე, მაგრამ ნანა ბუკიასა და მარინა ბურდულის სამსახიობო ტანდემი დიალოგის პირველივე ფრაზებიდან ბოლომდე სტაცებს პარტერს ყურადღებას და ფაქიზი, ზომიერების განცდით სავსე სამსახიობო ოსტატობით,   ორ პერსონაჟიანი სპექტაკლი ახერხებს არც ერთი წამით არ გაცივდეს დარბაზის ემოციური მუხტი.  შემდგარი როლი არის რეჟისორისა და მსახიობის საერთო ძალისხმევის, დიდი შრომისა და თანამშრომლობის შედეგი და  არასდროსაა ეს მხოლოდ ერთი მათგანის უნარზე დამოკიდებული. ლაშა შეროზია ახერხებს,  ძალიან მძიმე და საფრთხილო თემა ისე აქციოს წარმოდგენად, რომ არც ერთ ეპიზოდში მისხალი პათეტიკაც არ გაეპაროს, არც ერთი ზედმეტად ხმამაღალი შეძახილი. მონოტონურ ტონში მიმდინარე დიალოგი, რომელიც სრულყოფილად გადმოსცემს თავად ტექსტის სულისშემხუთველ ატმოსფეროს.

ახალს არაფერს ველით, როცა სცენაზე დედისა და შვილის დრამა უნდა გათამაშდეს, მაგრამ მოულოდნელად შვილი დედას უცხადებს, რომ რამდენიმე საათში ის თავის მოკვლას აპირებს და როგორც დედას, ისე მაყურებელს, ამ დროს უჩნდება განცდა, რომ პერსონაჟი ცდილობს  ყურადღების მიქცევას, რომ ის გათამამებული ბავშვივით იქცევა, ან სულაც ხუმრობს, რადგან სრულიად შეუსაბამოა ამ განაცხადთან მისი ემოციური მდგომარეობა. (მარინა ბურდული) ჯესი დინჯად და თანმიმდევრულად უხსნის დედას თუ როგორ უნდა განაგრძოს რუტინული წესრიგით ცხოვრება მისი წასვილის შემდეგ და ძალიან გვიან და ძნელად იჯერებს(ნანა ბუკია) თელმა, რომ საკუთარ დამჯერ და მზრუნველ შვილს რეალურად აქვს გადაწყვეტილი სუიციდი.

პიესის დრამატურგიას თითქმის უცვლელად მიჰყვება რეჟისორი და წარმოდგენის განვითარების კვალდაკვალ პერსონაჟები ერთმანეთს უმხელენ ან უფრო ზუსტად , თავზე ამხობენ მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგუბებულ წყენას. მაყურებელი ისმენს მარტოობითა და უსიყვარულობით, უამრავი იმედგაცრუებით დაღლილი ორი ადამიანის ისტორის, რომლებსაც თან არანაირი დანაშაული არ მიუძღვით ერთმანეთის წინაშე და თან  ყველაფერში დამნაშავენი არიან. დედა, რომელსაც არასდროს უფიქრია  რა ტანჯავდა მის შვილს და შვილი, რომელიც ერთ საღამოს მიხვდა, რომ არაფერი აკავებს ამქვეყნად. მშობლების უსიყვარულობის, როგორც ჩვეულებრივი მოცემულობის აღქმამ, მასაც დაუკარგა სიყვარულის  მიმართ რწმენა და თუ მას დედისთვის ეს აქვს სასაყვედურო, თავად მისი ვაჟი, სწორედ დანგრეული ოჯახის მსხვერპლია. 

საბოლოოდ ორივე სასტიკად იმეტებს ერთმანეთს სიმართლისთვის. თავად სიმართლე კი ორივესთვის სხვადასხვაა და რეალურად ეს არ არის მსხვერპლის და მოძალადის დიალოგი,ეს ორი ცხოვრება წართმეული ადამიანის აღიარებაა. აქ არა თუ სიყვარულის სიმცირეა, არამედ შეუძლებლობა და ამ შეუძლებლობის ობსესიური მზრუნველობით შენიღბვა.

ჩემი ბავშვი ხარ!დედა ვერ ახერხებს შვილის შეჩერებას და მის ფრაზებში ერთმანეთშია გადახლართლი, როგორც შვილის სიბრალული, ისე საკუთარი თავის შეცოდება და ბოლომდე გაუგებარია, რომელი უფრო ძლიერია.  როგორი შემაძრწუნებელიც უნდა იყოს, დედა საკუთარ თავს გლოვობს იმ შვილის წინაშე, რომელიც გაუსაძლისი მარტოობისა და ვერასდროს ნაპოვნი საკუთარი თავისგან გარბის. „ ჩემი ბავშვი ხარ“! თელმას ეს განწირული ამოძახილი ბოლომდე ამხელს მშობლის მესაკუთრე ბუნებას.  ჩვენ, ოდესღაც, ფიქრსა და ოცნებაში ნანატრი ბავშვები, სწორედ რომ საკუთარი შეუმდგარი და დაუკმაყოფილებელი ცხოვრების შესალამაზებლად მოვავლინეთ.  ისინი  ძველი სახლის მონგრეულ კედელზე აკრული კიტჩური პეიზაჟივით ავაფარეთ სინამდვილეს და არასდროს დაგვიშვია, რომ ამ პლაკატებს რაღაც  სტკიოდათ და სტანჯავდათ.  ეს რაღაც, მათ უკან მონგრეული, ჩვენი ცხოვრების კედლები იყო.

„მე ის ვარ, რაც შენი ბავშვისგან დადგა,“ ყველა შვილის პასუხივით ისმის ეს ფრაზა სცენიდან, ძალიან მკაფიოდ, სამაგიეროდ  მიზანმიმართულად იკარგება დედის პატიების მუდარა.

ზოგადად სუიციდი, როგორც თემა პიესისა თუ წარმოდგენისთვის, ვთვლი, რომ განწირულია შეფასდეს, როგორც  მანიპულაცია. გარდა ამისა, ფსიქოლოგები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ამ მოვლენის ტირაჟირების დაუშვებლობაზე. „ სუიციდი გადამდებია“, ეს ცნობილი სლოგანია, რომელიც ყველა ხელოვანსა თუ რიგით ადამიანს გვაფრთხილებს, უნებლიედ არ აღმოვჩნდეთ ვინმესთვის წამახალისებელი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ყველაზე მარტივად მოწყვლადნი არიან ამ საკითხთან მიმართებაში. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ ასაკობრივი შეზღუდვის ნიშანი დაიტანონ სხვა დროს აფიშაზე. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ საერთოდ არ დავწერდი ამ სპექტაკლზე, რომ არა ძალიან ზუსტი და ფაქიზი აქცენტები და თემის მიმართ უკიდურესი სიფრთხილე რეჟისორის მხრიდან. უკვე აღვნიშნე და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ლაშა შეროზიამ შეძლო მოეტანა ამბავი მაყურებლამდე ისე, რომ არც ემოცია განელებულა და არც გადამლაშებისგან მოგვრილ უხეხულობას მოუცავს დარბაზი. ეს კი პიესის თემიდან გამომდინარე, რეჟისორის დიდი გამარჯვებაა. უდიდესი პატივისცემა მსახიობებს ჩემგან, რომლბმაც აჩვენეს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო და უამრავი შესაძლებლობის (ზოგჯერ, სამწუხაროდ, გამოუყენებელი შესაძლებლობისაც), მქონე მსახიობები.  დიდი ენთუზიაზმით, პასუხისმგებლობითა და სიყვარულით დგანან და თამაშობენ მაყურებლისთვის. 

ამ ადამიანების პროფესიულ ცხოვრებას, მათთვის ფარულად და მათი უგულვებელყოფით წყვეტს ვიღაც, სადღაც, სამინისტროს შენობის, რომელიღაც კაბინეტში  და შეუძლებელია ამ ყველაფერზე ჯანსაღად მოაზროვნე, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, არ გქონდეს პროტესტი.

ვულოცავ ზუგდიდის თეატრს ძალიან საინტერესო სპექტაკლს და ვუსურვებ, რომ იმაზე მალე, ვიდრე დღეს ეს წარმოგვიდგენია, თეატრი იყოს  დამოუკიდებელი, მიმზიდველი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის და მუდმივად დამფასებელი იმ თაობის, რომელმაც სიცოცხლე მიუძღვნა ქართულ დრამატულ ხელოვნებას. ამას  მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა ერთიანობის იდეას გავიაზრებთ და მჯერა, სამართლიანობისათის ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს.


უკან დაბრუნება