Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
პროცესი და არა პროდუქტი - პრემია „თავისუფალის“ პირველი გამოშვების შესახებ
პროცესი და არა პროდუქტი - პრემია „თავისუფალის“ პირველი გამოშვების შესახებ21-12-2023, 14:14 |
საშემსრულებლო ხელოვნებაში და მათ შორის თეატრალურ ხელოვნებაში, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები შემოდის „პერიფერიებიდან“ ცენტრისკენ და არა პირიქით. მსოფლიო თეატრის ისტორიაში დამოუკიდებელი სათეატრო პროცესი თითქმის ყოველთვის დაკავშირებული იყო (და არის) ახალი ფორმების, ენისა და თვითიდენტობის ძიებასთან. ასეთი ნამუშევრები ცენტრებისგან შორს, „პროვინციებში“ იქმნება და დიდწილად ლაბორატორიული ხასიათი აქვს. სტანისლავსკი ამტკიცებდა, რომ თეატრის ისტორიაში გამოღვიძება-განახლების ყოველი ეტაპი მოყვარულთა დამსახურება იყო და არა სქელკანიანი და დემორალიზებული პროფესიონალების. გროტოვსკი კითხვაზე - საიდან შეიძლება მოდიოდეს სიახლე? - პასუხობდა: „მოყვარულებისგან, რომლებიც პროფესიონალური თეატრის პერიფერიებზე მუშაობენ და ისეთ სტანდარტს ქმნიან ბევრად რომ აღემატება „გაბატონებული“ თეატრებისას“. საგულისხმოა, რომ სიტყვა „თავისუფალი“ ევროპული თეატრის ისტორიაში პირველად მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ორი თეატრის სახელწოდებაში გაჩნდა - ანდრე ანტუანის „თავისუფალი თეატრი“ (Théâtre Libre) პარიზში და ოტო ბრამის „თავისუფალი სცენა“ (Freie Bühne) ბერლინში. ორივე მათგანი პირველი დამოუკიდებელი თეატრების მოძრაობის წევრები იყვნენ და საკუთარი შემოქმედების გამოსახატად განვითარების ახალ სივრცეებს ქმნიდნენ - ძიების, სწავლისა და ძველთან დაპირისპირების (კონფრონტაციის) გზით. მეოცე საუკუნის ათიან წლებში ევროპული დამოუკიდებელი თეატრების ანალოგი გაჩნდა შეერთებულ შტატებშიც, მცირე თეატრების მოძრაობის სახით, რომელთა საქმიანობასთანაც იყო დაკავშირებული ამერიკული პროფესიული თეატრის ჩამოყალიბება-განვითარება. „დასავლეთში“ დამოუკიდებელი თეატრების მოძრაობა განსაკუთრებით გაძლიერდა 1960-იან წლებში, როდესაც ასპარეზზე გამოვიდნენ თეატრის ისეთი დიდი პრაქტიკოსები (და შემდგომში რეფორმატორები), როგორებიც იყვნენ: ეჟი გროტოვსკი, ტადეუშ კანტორი, ეუჯენიო ბარბა, რიჩარდ შეხნერი, პიტერ ბრუკი, ჯულიან ბეკი და ჯუდით მალინა, ჯოზეფ ჩაიკინი თუ სხვ. ყოველმა მათგანმა უგულებელყო მზა კულტურული მატრიცები, მზა კონცეფციები და სრულიად განსხვავებული, უნიკალური თავისუფალი სივრცეები აითვისა, სადაც ახალი ავთენტური ფორმების პოტენციალი იმალებოდა. მათ მიერ შექმნილმა „ალტერნატიულმა თეატრმა“ სრულიად შეცვალა არსებული წარმოდგენები თეატრალურ ხელოვნებასა და მის საზღვრებზე. თანამედროვე ეტაპზე, დამოუკიდებელი თეატრები საშემსრულებლო ხელოვნების ინდუსტრიის ხერხემალს წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ დამოუკიდებელი თეატრის ვითარება ცალკეულ ქვეყნებში ძალიან განსხვავებულია. საქართველოში, ბოლო წლებში, განსაკუთრებით გაძლიერდა დამოუკიდებელი სათეატრო პროცესი. სახეზეა ტენდენცია დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეების, კომპანიებისა თუ არტისტების ზრდისა, რომლებიც საკუთარი შემოქმედების გამოსახატად ახალი ენისა თუ ფორმების ძიებაში არიან და ცდილობენ ორთოდოქსული თეატრალური გამოცდილების გადააზრებას ისეთი თავისუფალი სივრცეების შექმნით, რომელიც მზა კონცეფციებით, პრინციპებითა და წესებით არ იქნება განსაზღვრული. ამ ტიპის საქმიანობა („იატაკქვეშეთში მოღვაწეობა“), ხშირ შემთხვევაში, კონკრეტულ პიროვნებებთან და მათ ენთუზიაზმთან არის დაკავშირებული და ხანგრძლივ პერსპექტივაში მთლიანად სფეროზე ფუნდამენტურ გავლენას ახდენს. სწორედ მათ მხარდასაჭერად დაფუძნდა პირველად საქართველოში პრემია „თავისუფალი“, რომლის მიზანსაც ამ პროცესის წახალისება და მხარდაჭერა წარმოადგენს. პრემია „თავისუფალის“ დაარსება (დამფუძნებელი წევრები: თეა კახიანი, გვანცა გულიაშვილი, თამარ მუქერია) ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, დროული და საჭირო ინიციატივაა, განსაკუთრებით კი ქვეყანაში არარსებული კულტურის პოლიტიკის ფონზე, როდესაც დამოუკიდებელ ხელოვანებს „ხელოვანის სტატუსის“ შესანარჩუნებლად არაერთი წინაღობის დაძლევა უწევთ. ამ მოცემულობაში, დამოუკიდებელი თეატრის შექმნა და შემდგომში მისი შენარჩუნება-ფუნქციონირება უზარმაზარი სირთულის საქმეა, რასაც წარმატებით ართმევს თავს საქართველოში არსებული არაერთი თეატრალური კომპანია. პრემია „თავისუფალზე“ წარმოდგენილმა განაცხადების სიმრავლემ, მათმა ჟანრულმა მრავალფეროვნებამ, ნოვატორულობამ და ინტერდისციპლინარულობამ ნათლად აჩვენა დამოუკიდებელი თეატრალური კომპანიების მნიშვნელობა საქართველოში და მათი საქმიანობის პოტენციური შემოქმედებითი გავლენა სფეროზე. განაცხადები ღია იყო როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო ჯგუფებისთვის, თუმცა, თანამედროვე ეტაპზე, დამოუკიდებელი შემოქმედებითი საქმიანობა თავისუფალია პროფესიონალურად და არაპროფესიონალურად დაყოფისგან, ვინაიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება ორივე მათგანის შემთხვევაში თანაბრად მოდიოდეს. მინდა, გამოვყო პრემია „თავისუფალის“ პირველი (და ისტორიული) გამოშვების გამარჯვებულები ნომინაციებში: „საუკეთესო სპექტაკლი“, „საუკეთესო მსახიობი“ და „საუკეთესო სცენოგრაფია“. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ თითოეულ ნომინაციას მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები ჰქონდა, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში განმსაზღვრელი იყო. ჟიურის გადაწყვეტილებით წლის საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა „ბერსერკები I: მისია“ (რეჟისორი: გიორგი ჯამბურია; თეატრალური კომპანია „ჰარაკი“). აღნიშნული დადგმა, რომელიც სავსეა პოსტ-დრამატული თეატრის ელემენტებით, მნიშვნელოვანი განაცხადია ბოლო წლების ქართულ თეატრში ბევრი თვალსაზრისით. ვფიქრობ, ჰაინერ მიულერის თეატრალური ესთეტიკა, ამ დრომდე, ქართულ თეატრში ყველაზე მძაფრად სწორედ „ბერსერკებმა“ გვიჩვენა. სურათხატების ეპოქაში, სადაც დღითიდღე რთულდება ერთმანეთთან კომუნიკაცია, რეჟისორმა, სრულიად არაჩვეულებრივ სამსახიობო ანსამბლთან ერთად (მისიის ადამიანები: მათე ხიდეშელი, ბექა ხაჩიძე, სოფიკო გვიმრაძე, ნინი იაშვილი, გიორგი რაზმაძე, თემო რეხვიაშვილი, გვანცა ენუქიძე, სანდრო თედიაშვილი), შემოგვთავაზა ახალი ენა წარსულთან, ერთმანეთთან და სხვა ადამიანებთან საკომუნიკაციოდ. სპექტაკლში, ნათლად ჩანს მრავალთა მიერ წარმოებული პროცესის მნიშვნელობა, რომ თავისუფლების მოპოვება რევოლუციურ ბარიკადებზე დგომით შეუძლებელია - ეს ევოლუციური პროცესია და მისი მიღწევა მხოლოდ ხანგრძლივი მუშაობით შეიძლება. ამ ტიპის დადგმის ადრესატი არასდროს არის მასობრივი აუდიტორია, არამედ ისინი „ვინც იცის გაუკვალავ გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმის განუმეორებელი გემო“. ქართულ თეატრში მნიშვნელოვანი განაცხადი აღმოჩნდა პრემიაზე წარდგენილი კიდეც ერთი სპექტაკლი - ფილიპ რიდლის „ფიწალი დისნეი“ (ჯგუფური ნამუშევარი; თეატრი ათონელზე), რომელმაც გაიმარჯვა ორ ნომინაციაში: „საუკეთესო მსახიობი“ და „საუკეთესო სცენოგრაფია“. „ფიწალი დისნეი“ Devised Theatre-ის ჩემთვის ცნობილი პირველი მაგალითია საქართველოში, რომელიც გულისხმობს სპექტაკლის შექმნის ერთობლივ პროცესს, როდესაც ანსამბლი აერთიანებს კონცეფციას, საერთო ენას და ქმნის ნამუშევარს ჯგუფურად. თანამონაწილეობისა და თანაშექმნის საუკეთესო მაგალითი გვაჩვენეს პროექტში დაკავებულმა არტისტებმა - მსახიობებიდან დაწყებული (სანდრო სამხარაძე, სოფიო ზერაგია, ნიკუშა ბაქრაძე, ლაშა მებუკე), მხატვრითა (თამრი ოხიკიანი) და მუსიკოსებით (გიორგი გიგაშვილი და ნიკალა ზუბიაშვილმა) დამთავრებული. სპექტაკლში წარმოდგენილი სამსახიობო ოსტატობის/შესრულების მართლაც შთამბეჭდავი მაგალითებიდან (სანდრო სამხარაძე, სოფიო ზერაგია, ლაშა მებუკე) მაინც გამოირჩა ერთი, ფენომენალური შესაძლებლობების მქონე მსახიობი, ნიკუშა ბაქრაძე, რომელმაც პრისლის როლში სამსახიობო ოსტატობის უმაღლეს საფეხურს მიაღწია. მის მიერ შესრულებულმა როლმა დააკმაყოფილა ყველა ის კრიტერიუმი (და გასცდა კიდეც მათ), რასაც პრემია „თავისუფალის“ ნომინაცია „საუკეთესო მსახიობი“ ითვალისწინებდა (სამსახიობო ოსტატობა - სამსახიობო დიაპაზონი, გამომსახველობითი ხერხები, პერსონაჟის განვითარება და თანმიმდევრულობა, პარტნიორთან ურთიერთობა, ფიზიკური მომზადება და სასცენო მოძრაობა; მსახიობი, როგორც მოქალაქე და არა როგორც მასალა; პროფესიის მიმართ დამოკიდებულება). პრემია „თავისუფალზე“ წარმოდგენილ განაცხადებს შორის კი „ფიწალი დისნეის“ სცენოგრაფია უკონკურენტო აღმოჩნდა. თამრი ოხიკიანის მხატვრობა ერთდროულად აერთიანებდა ორიგინალობასა და ინოვაციას, ვიზუალურ ესთეტიკას, პრაქტიკულობა/ფუნქციონალურობასა და კონცეპტუალურობას. რომ შევაჯამოთ, „ფიწალი დისნეი“ ეს არის მაღალი სტანდარტის, გემოვნების და პროფესიისადმი დამოკიდებულების საუკეთესო მაგალითი, საითკენაც ვუსურვებდი ქართულ თეატრს განვითარებას. პრემია „თავისუფალს“ კი ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და დასამახსოვრებელ მოგზაურობას!
უკან დაბრუნება |